[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ბათუმის პროტესტების დაუღალავ მედროშეს, თემურ ქათამაძეს!

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობს უცხადებს ბათუმის პროტესტების დაუღალავ მედროშეს, თემურ ქათამაძეს. ჩვენთვის აშკარაა, რომ მუჰაჯირების ღირსეული შთამომავალი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია ცდილობს საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და რეინტეგრირებას სამშობლოში, ქართული ოცნების მხრიდან პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.  

2025 წლის 11 იანვარს, საღამოს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, „სტიკერების გაკვრის საქმეზე“ საპროტესტო აქციის 12 მონაწილე დააკავეს და მათ შორის იყო თემურ ქათამაძე. 14 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის (პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე, მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. როგორც 11 იანვრის აქციის მონაწილეები ამბობენ, თემურ ქათამაძის აფრიალებული დროშა შემთხვევით სხვა ადამიანს მოხვდა მხარზე, რაც მისი დაკავების მიზეზი გახდა.

16 იანვარს, თემურ ქათამაძე სამტრედიის იზოლატორიდან გაათავისუფლეს და გათავისუფლებისთანავე, რამდენიმე წუთში, ის პოლიციამ ხელახლა დააკავა საიმიგრაციო წესების სავარაუდო დარღვევის გამო.  

შსს-ს განცხადებით, გადამოწმების შედეგად დადგინდა, რომ თემურ ქათამაძე საქართველოში არალეგალურად იმყოფებოდა, რის შემდგომაც  გატარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ზომები და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის  64-ე მუხლით მოხდა მისი დაკავება. ეს მუხლი საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საფუძვლებს განსაზღვრავს. ბუნდოვანია, პოლიციამ რა კონკრეტული საფუძვლით მიიჩნია მიზანშეწონილად თემურ ქათამაძის სწრაფი დაკავება. 

ადგილობრივი აქტივისტის, ციალა ქათამაძის განცხადებით, მაშინ, როდესაც ის, სხვა დაკავებულებთან ერთად, ადმინისტრაციული წესით ჰყავდა პოლიციას დაკავებული, მასთან ოთახში შესულმა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უფროსმა თემურ ქათამაძეზე დაიმუქრა: სულ რომ ვერაფერი, მაგ "თურქს" მაინც გავაგდებ ქვეყნიდანო.” ციალა ქათამაძის პასუხად კი, რომ თემურ ქათამაძე თურქი კი არა, ქართველი მუჰაჯირი იყო, ირაკლი დგებუაძეს უთქვამს: “ეგ არის თურქი და თურქეთი, ჩვენი ქვეყნისთვის რუსეთზე დიდი მტერიაო!” 

თემურ ქათამაძის პირველი თვითნებური დაკავება, დროებითი მოთავისების იზოლატორებიდან გამოსვლის შემდეგ მისი განმეორებითი მყისიერი დაკავება და მასთან დაკავშირებით ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის შოვინისტური და დისკრიმინაციული განცხადება პოლიციის მხრიდან თემურ ქათამაძის დევნის აშკარა გამოხატულ ინტერესზე მიუთითებს. საპოლიციო რეჟიმი წინააღმდეგობაში ჩართულ მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება და ცდილობს გამოიყენოს ყველა მექანიზმი მათი დასჯისთვის და შევიწროებისთვის. 

ამასთან, ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადება მუქარისა და დევნის მიღმა მძიმე სოციალურ კონტექსტსაც შეიცავდა. ის ქართველი მუჰაჯირების თემის მიუღებლობისა და მარგინალიზაციის ნიშნებს ატარებს. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლებს ესმოდეთ ის მძიმე და ტრავმული ისტორიული პროცესები, რომელიც მუჰაჯირებმა გაიარეს და პატივს სცემდნენ და მხარს უჭერდნენ მუჰაჯირების მცდელობას - შეინარუჩუნონ კავშირი და მიჯაჭვულობა საქართველოსთან, ირაკლი დგებუაძემ შოვინისტური და თურქოფობიული ენა გამოიყენა.

თემურ ქათამაძის მიმართ გამოყენებული სიძულვილის ენა და მისი თვითნებური დევნა, ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევების ჯაჭვში ერთ-ერთია. შეგახსენებთ, რომ სწორედ ამ პოლიციელმა მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და დირექტორს მზია ამაღლობელს, შეაგინა, შეაფურთხა და თვითნებურად დააკავა. ამ ბრალდებებისა და საჩივრების მიუხედავად, მას ამ დრომდე არ აქვს შეჩერებული უფლებამოსილება.

მედროშე თემურ ქათამაძე (გაფფარ ილმაზი) მუჰაჯირების შთამომავალია. 150 წლის წინ, მისი გვარის წარმომადგენლები ქობულეთის სოფელ ხინოდან წავიდნენ თურქეთში, ორდუს პროვინციაში და ფაცას რაიონში ჩასახლდნენ. თემურ ქათამაძე სკოლის ასაკიდან სწავლობდა ქართულ ენას და კულტურას, ეცნობოდა საქართველოს ისტორიას,  დაამყარა მჭიდრო კავშირები ნათესავებთან საქართველოში და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ხშირად სტუმრობდა საქართველოს. საბოლოოდ, 2012 წლიდან, აქ ცხოვრობს. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერ არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა. იგი ამჟამად თურქეთის მოქალაქეა.  „დაუღალავი მედროშე“ – ასე იხსენიებენ ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები 54 წლის თემურ ქათამაძეს, რომელიც დაკავებამდე ყოველდღე აქციაზე იდგა საქართველოს დროშით ხელში და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მებრძოლ აქტივისტებს აძლიერებდა. 

ჩვენ კიდევ ერთხელ სოლიდარობას ვუცხადებთ თემურ ქათამაძეს, ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილს და მზად ვართ, მას სამართლებრივი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ. 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

სტიკერების გაკვრის საქმეზე დაკავებულები

https://batumelebi.netgazeti.ge/news/558252/ 

ისტორია: 

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/556844/?fbclid=IwY2xjawH3FW5leHRuA2FlbQIxMAABHSsbnNk-4IwnaMtSXjT3KxCDHjjMNnEoFJrmc54INPSd5EVVGssxdNbD6w_aem_FggwAFvoFAkkL_HKwXAXXQ 

დაკავება 11 იანვარს. 

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/558129/?fbclid=IwY2xjawH3GDRleHRuA2FlbQIxMQABHcYGI3wuxvpgm7lXwuFBMXyTY5VjpYO3yLZ89eKU3rYYNPcmCBwUX63v3g_aem_fRzE0aPK-xl4immiol0dkQ

ლაშა ორაგველიძის ინტერვიუ. ქათამაძის დროშა შემთხვევით სხვა ადამიანს ხვდება მხარზე. 

https://www.facebook.com/batumelebi/videos/920598026850631

ხელმეორედ დაკავება სამტრედიაში

https://batumelebi.netgazeti.ge/slideshow/558987/?fbclid=IwY2xjawH3HkJleHRuA2FlbQIxMQABHaD-jRveJ8S31lmU_2l_Ucn5-yXW0aZ3uirIjhx4YaUKAvioTa7inGXIkg_aem_KJ2fzOG-ocvq5883aerrcA 

შსს განცხადება ხელახალ დაკავებაზე

https://ajaratv.ge/article/144594 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“