საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება უკანასკნელი დღეების განმავლობაში საპროტესტო აქციის მონაწილეების ქუჩებში და სახლებთან დაკავების შემთხვევებს და მიიჩნევს, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები აჩენს ეჭვს, რომ მათი განყოფილებაში გადაყვანის რეალური მიზანი დემონსტრაციებში მონაწილეობის გამო მათი დასჯაა და არა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირება.
როგორც მედიაში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, გასული დღეების განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის, ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა და სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე. ხოლო ექიმი რამაზ ზოსიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთაგან არცერთი პირი პოლიციას უშუალოდ საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას არ დაუკავებია, ისინი ქუჩაში, საპროტესტო აქციის დასრულების შემდეგ, ან მომდევნო დღეებში მათი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს დააკავეს.
კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაკავება
კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი სამართალდამცავებმა 2024 წლის 9 დეკემბერს, ნუცუბიძის ქუჩაზე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის საფუძვლით დააკავეს. პოლიციის თანამშრომლები განმარტავდნენ, რომ კ. ჩახუნაშვილი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას, ხოლო დაკავებული პირი უთითებდა, რომ იგი ავტომობილით გადაადგილების დროს შეაჩერეს, მას წინ საპატრულო პოლიციის ავტომობილი, ხოლო უკან კრიმინალური პოლიციის კუთვნილი ორი ავტომობილი გაუჩერეს, რის შემდგომაც გადმოვიდა ავტომობილიდან და დააკავეს.
კოტეს ადგილსამყოფლის შესახებ მისმა ახლობლებმა რამდენიმე საათის განმავლობაში არაფერი იცოდნენ. მისი მანქანა მიტოვებული იპოვეს და მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ იგი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს.
აღსანიშნავია, რომ კ. ჩახუნაშვილი, 2024 წლის 28 ნოემბრიდან მონაწილეობას იღებს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებში და როგორც იგი მედიასთან აღნიშნავდა, 9 დეკემბერს დაკავებამდე, იგი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოსაკითხად დაიბარეს, ხოლო მას შემდეგ, რაც პოლიციის განყოფილებაში მისვლაზე უარი განაცხადა და გამოკითხვა მაგისტრი მოსამართლის წინაშე ითხოვა, იგი დააკავეს.
ვატო ბჟალავას დაკავება
რონდელის ფონდის მკვლევარი ვატო ბჟალავა 2024 წლის 12 დეკემბერს, აბაშიძის ქუჩაზე დააკავეს. ამ შემთხვევაშიც პოლიციის თანამშრომლები უთითებდნენ, რომ აბაშიძის ქუჩაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საეჭვოდ მიიჩნიეს ვატო ბჟალავა, შეაჩერეს იდენტიფიცირების მიზნით, თუმცა მან პოლიციის თანამშრომლებს არ გადასცა პირადობის მოწმობა და შეაგინა. ვ. ბჟალავას განმარტებით, იგი აბაშიძის ქუჩაზე ძაღლთან ერთად მიდიოდა, საკვების საყიდლად შევიდა სუპერმარკეტში და გამოსვლისთანავე, მას მიუახლოვდა სამი სამართალდამცავი, რომლებმაც მოსთხოვეს პირადობის მოწმობა, გადაცემის შემდეგ უთხრეს, რომ ტელეფონზე გაეთიშა ე.წ. ლაივი და განუმარტეს, რომ იყო დაკავებული. ვ. ბჟალავას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლებმა ძმასთან დაკავშირებისა და ძაღლის მისთვის დატოვების შესაძლებლობაც კი არ მისცეს.
ადმინისტრაციული წესით დაკავებამდე ერთი დღით ადრე, პოლიციის თანამშრომლებმა ვ. ბჟალავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოჰკითხეს.
რამაზ ზოსიაშვილის დაკავება
2024 წლის 12 დეკემბერს დააკავეს ექიმი რამაზ ზოსიაშვილიც; სამართალდამცავებმა იგი ჯერ პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით ხელწერილით გაათავისუფლეს. როგორც დაკავებული ექიმი აღწერს, იგი ავტომობილით მართვის დროს, საპატრულო პოლიციამ ორთაჭალაში შეაჩერა, ზედაპირულად დაათვალიერეს, აღმოუჩინეს ფარანი, რომელიც კანონსაწინააღმდეგო ნივთად მიიჩნიეს, გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დააწერინეს ახსნა-განმარტება და შემდგომ ხელწერილით გაათავისუფლეს. რამაზ ზოსიაშვილი აქტიურად მონაწილეობს საპროტესტო აქციებში და მისივე თქმით, 12 დეკემბერს აქციაზე ყოფნის დროს, პარლამენტის წინ განთავსებულ ნაძვის ხეს ფარანს ანათებდა.
ნიკო მანაგაძის დაკავება
2024 წლის 14 დეკემბერს, ღამით, კოსტავას ქუჩაზე სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე და მისი მეგობარი დააკავეს.
ამ შემთხვევაშიც, პოლიციის თანამშრომლები უთითებენ, რომ ნ. მანაგაძე არ დაემორჩილა მათ კანონიერ მოთხოვნას. ნ. მანაგაძის ადვოკატის განმარტებით კი, კოსტავას ქუჩაზე ჩასაფრებულმა პირებმა, რომელთა ნაწილსაც ნიღაბი ეკეთა, ნიკო მანაგაძე უკანონოდ დააკავეს, ჩასვეს ავტომობილში და დიღმის სამმართველოში მიიყვანეს. ძალოვნებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, რის გამოც მათი სამართალდამცავებად იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. გზაში, პოლიციის თანამშრომლები ნ. მანაგაძეს ეუბნებოდნენ რომ იგი პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
აღსანიშნავია, რომ ნ. მანაგაძე დაკავებამდე ერთი დღით ადრე პოლიციაში გამოკითხვაზე დაიბარეს, რაზეც მან უარი განაცხადა და მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა ითხოვა. ნიკოს თქმით, დაკავების შემდეგ, ნიღბიანებმა ავტომობილში ჰკითხეს მას, თუ რატომ არ მივიდა განყოფილებაში და “რატომ აწვალებდა” პოლიციელებს.
ზემოთ აღწერილ ყველა შემთხვევაში, სამართალდამცავები უთითებენ, რომ დაკავებულები ,,პოლიციის შესახებ“ კანონის შესაბამისად იდენტიფიცირების ან ზედაპირული დათვალიერების მიზნით შეაჩერეს, თუმცა, კომუნიკაციის დროს დაკავებულებმა პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დაემორჩილნენ კანონიერ მოთხოვნას, რის გამოც პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეების დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს. ამის საპირისპიროდ, ყველა დაკავებული განმარტავს, რომ ისინი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ქუჩაში შეაჩერეს და იდენტიფიცირების შემდგომ დააკავეს. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენიათ.
ამასთან, ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებიდან სამ შემთხვევაში (მანაგაძე, ჩახუნაშვილი, ბჟალავა), დაკავებულები საგამოძიებო უწყებების მიერ იყვნენ დაბარებული დემონსტრაციებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში და სამივე მათგანმა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაკითხვა არჩია. ეს გარემოება, ისევე როგორც ნიკო მანაგაძესთან პოლიციელების კომუნიკაციის ღია შინაარსი („რატომ არ მოხვედი?“ „რას გვაწვალებ“) აჩვენებს რომ სამართალდამცავები, შესაძლოა, ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკას იყენებდნენ „ურჩი“ აქტივისტების დასასჯელად, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი უფლებით გამოიკითხონ მაგისტრი მოსამართლის წინაშე და ამგვარად, სათანადოდ დაიცვან საკუთარი უფლებები.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავება წარმოადგენს უკანასკნელ საშუალებას, რომელიც შეიძლება პოლიციის თანამშრომლებმა გამოიყენონ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის აღსაკვეთად, როცა ამოწურულია ზემოქმედების სხვა ზომები, პიროვნების დასადგენად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შესადგენად, თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ მისი ადგილზე შედგენა შეუძლებელია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის დროულად და სწორად განხილვისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილების აღსრულების უზრუნველსაყოფად. იმ შემთხვევაში თუ მსგავსი აუცილებლობა არ იკვეთება, პოლიციის თანამშრომლებს არ აქვთ დაკავების უფლება და მათ მიერ გამოყენებული იძულების ეს ზომა უკანონოა.
განსახილველ შემთხვევებშიც, სწორედ უკანონო დაკავების ნიშნები იკვეთება, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის თანამშრომლები ფორმალურად დაკავებულების მხრიდან ადმინისტრაციული გადაცდომის ჩადენაზე უთითებენ, არცერთ საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა დაკავებულების მხრიდან რაიმე გადაცდომას. ფაქტობრივად დაკავების ყველა შემთხვევაში მტკიცებულების სახით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხოლოდ პოლიციის ორი თანამშრომლის ჩვენებას წარმოადგენს, ხოლო თავად აქტივისტები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენას უარყოფენ. შესაბამისად, ობიექტური მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, კიდევ უფრო მყარდება ეჭვი, რომ სამოქალაქო აქტივისტებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უსაფუძვლოდ აკავებენ.
დაკავებულ აქტივისტებში არსებობს განცდა, რომ საცხოვრებელ ადგილებთან პოლიციის მხრიდან მათი მიზანმიმართული და წინასწარ ორგანიზებული დაკავების მიზანი პროტესტის მონაწილეების დასჯა და დაშინებაა. პოლიციის ამგვარი ქცევა მოქალაქეებში აჩენს განცდას, რომ ისინი არა მხოლოდ შეკრების ადგილას, არამედ სხვა დღეებში საცხოვრებელ სივრცეებშიც არ არიან დაცულები და საპოლიციო დევნამ და კონტროლმა შეიძლება ტოტალური ფორმები მიიღოს.
განზრახ უკანონო დაკავება დასჯადია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე მუხლით და დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა მაშინ, როდესაც სამართალდამცავები სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე აკავებენ პირს. მნიშვნელოვანია, რომ უკანასკნელ პერიოდში გამოვლენილი აქტივისტების დაკავების შემთხვევები სათანადოდ იყოს გამოძიებული პროკურატურის მიერ და კონკრეტული პოლიციელების ქცევას სათანადო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს.
სამწუხაროა, რომ არსებული სასამართლო სისტემა ვერ ახერხებს დააკმაყოფილოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს საბაზისო პირობებიც კი და მოქალაქეების უსაფრთხოებას, თავისუფლებას და სხვა უფლებებს სათანადოდ დაიცვას საპოლიციო თვითნებობისგან და რეპრესიისგან. ამ დრომდე აქციებზე ან აქციებთან დაკავშირებით დაკავებული 500-მდე პირის საქმეზე სასამართლოს პრაქტიკულად არცერთი ადამიანის მიმართ არ შეუწყვეტია ადმინისტრაციული წარმოება, რაც სასამართლო კონტროლის არარსებობასა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის დისფუნქციონირებას აჩვენებს.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
ინსტრუქცია