საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გუშინ, 14 დეკემბერს, საპროტესტო აქციიდან დაბრუნების დროს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, აქტივისტი ნიკოლოზ (ნიკო) მანაგაძე დააკავეს.[1] კოსტავას ქუჩაზე ჩასაფრებულმა პირებმა, რომელთა ნაწილსაც ნიღაბი ეკეთა, ნიკო მანაგაძე უკანონოდ დააკავეს, ჩასვეს ავტომობილში და დიღმის სამმართველოში მიიყვანეს. ძალოვნებს სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, რის გამოც მათი სამართალდამცავებად იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, მანაგაძის დაკავება რამდენიმე საათით ადრე პოლიციის განყოფილებაში სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სტატუსით გამოკითხვაზე უარის თქმას უკავშირდებოდა. დაკავების შემდეგ ნიღბიანებმა ავტომობილში ჰკითხეს ნიკოს, თუ რატომ არ მივიდა განყოფილებაში და “რატომ აწვალებდა” მათ. ძალოვნებმა ნიკოს ასევე ჩამოართვეს პირადი ნივთები და წაიყვანეს დიღმის სამმართველოში.
ნიკო მანაგაძეზე ზეწოლა განყოფილებაშიც გაგრძელდა, სადაც რამდენიმე პირი ეკითხებოდა: „რას აპროტესტებ?“, „როდემდე უნდა იარო აქციებზე?“ და ა.შ. ნიკო მანაგაძემ სამმართველოში მიყვანამდე მოითხოვა ადვოკატთან დაკავშირება, რაზეც დათანხმდნენ და დაკავშირების მიზნით მობილური ტელეფონის დაუბრუნეს, თუმცა როგორც კი ნიკომ ტელეფონის PIN კოდი მოხსნა, ხელში წვდნენ და გამორთმევა სცადეს. პირველ ჯერზე ნიკომ ტელეფონის დაბლოკვა მოახერხა, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ, უკვე სამმართველოში ყოფნის დროს, განყოფილების თანამშრომლებმა მაინც მოახერხეს პაროლის მოტყუებით მოხსნა და მისი წართმევა. მობილურის დალუქვამდე დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში კოდმოხსნილი ტელეფონი სხვა ოთახში ჰქონდათ გატანილი და, შესაბამისად, უცნობია, ამ დროის განმავლობაში ნიკოს ტელეფონში დაცულ რა ინფორმაციაზე ჰქონდათ წვდომა პოლიციელებს.
სამართალდამცავები ნიკო მანაგაძეს 14 დეკემბერს მისი დაკავების დროს პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და მათ მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავებიან,[2] თუმცა, ასეთ ფაქტებს მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია და აშკარად დაუსაბუთებელია. ხაზი უნდა გაესვას იმასაც, რომ როგორც აღინიშნა, დაკავების მომენტისთვის დამკავებლების ვინაობა მანაგაძისთვის აღქმადი არ იყო და მას ვერ ეცოდინებოდა, რომ ნიღბიანი პირები პოლიციელები იყვნენ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო დღეების განმავლობაში, გახშირდა ნიღბიანი კერძო პირების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმა.
ნიკო მანაგაძის დაკავება აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო, რადგან კანონმდებლობით, გამოკითხვა ნებაყოფლობითია და დაუშვებელია გამოსაკითხი პირის იძულება ინფორმაციის გაცემის ან მტკიცებულების წარმოდგენის მიზნით.[3] ნიკოს 14 დეკემბერს პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ და სატელეფონო ზარიდან დაახლოებით 1 საათის ვადაში მოსთხოვეს განყოფილებაში გამოცხადება, რაც, ცხადია, არ არის გონივრული ვადა ადვოკატთან დაკავშირებისა და განყოფილებაში გამოცხადებისთვის. შესაბამისად, ნიკომ გადაწყვიტა უარი ეთქვა საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე და, კანონმდებლობით მინიჭებული უფლების შესაბამისად, სასამართლოში დაკითხულიყო. სატელეფონო საუბრის დროს, მოთხოვნის მიუხედავად, ნიკო მანაგაძეს არ განუმარტეს რომელ საქმესთან დაკავშირებით იბარებდნენ მოწმედ და უთხრეს, რომ „ყველაფერს ადგილზე გაიგებდა“. გარდა დაკავებისა, აგრეთვე უკანონოდ მოხდა მისი მობილური ტელეფონის განბლოკვა და პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა.
ნიკო მანაგაძის ინტერესებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი 2024 წლის აპრილიდან იცავს, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ირაკლი კობახიძისთვის შეკითხვით მიმართვის შემდეგ მას, სავარაუდოდ, ქართული ოცნების პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა.[4] მის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი დანაშაული შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუძიებია. ამ ფაქტის შემდეგ ნიკო მანაგაძეზე გრძელდება ზეწოლა სხვადასხვა ფორმით, რამდენჯერმე განხორციელდა სატელეფონო ზარებით მუქარა და სახლთან დახვედრით დაშინება.
აღსანიშნავია, რომ უკიდურესად პრობლემური ფორმით მოქალაქეების დაკავების შემთხვევები ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე დაფიქსირდა[5] და ადამიანების ქუჩიდან აყვანა და რამდენიმე საათით გაუჩინარება უკვე ტენდენციად იქცა. მოქალაქეების უკანანო დაკავებების ეს შემთხვევები პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების სისტემურ პრაქტიკას ქმნის, რომელიც დროულ რეაგირებას და ეფექტიან გამოძიებას საჭიროებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ნიკო მანაგაძის ინტერესების დაცვას და მისი უფლებების დარღვევის ამ ეპიზოდზე, ისევე როგორც პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებასა და მისი პირადი ცხოვრების ხელყოფასთან დაკავშირებულ დანაშაულზე რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურას უახლოეს დღეებში მიმართავს.
[1] რადიო თავისუფლება - აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/peBqWEJY
[2] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 173.
[3] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 113-ე მუხლი.
[4] სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადება - „თსუ-ს სტუდენტის ნიკოლოზ მანაგაძის ჯგუფური ძალადობის საქმის გამოძიება ფორმალური და არაეფექტიანია“. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/3eBqFbEh
[5] რამდენიმე დღის წინ მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი საპროტესტო აქციაზე მისვლამდე, საკუთარი მანქანიდან დააკავეს. Ნიკოს მსგავსად, მის დაკავებასაც უსწრებდა წინ გამოკითხვაზე დაბარება.
[6] რადიო თავისუფლება - აქტივისტი ნიკო მანაგაძე დააკავეს. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/peBqWEJY
ინსტრუქცია