საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, ნიკოლოზ მანაგაძის მიმართ 7 ივნისს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას დაზარალებულს დაუყოვნებლივ მისცეს საქმის მასალებზე წვდომა და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება.
შემთხვევიდან ოთხ თვეზე მეტის გასვლის შემდეგაც საბაზისო ინფორმაცია გამოძიების შედეგების თაობაზე დაზარალებულისთვის ხელმიუწვდომელია. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა[1] დაზარალებულს აძლევს უფლებას, მიიღოს საქმის მასალები. ამ დრომდე დაზარალებულს და მის ადვოკატს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ, 23 ივლისს მოგვეცა, თუმცა არა ასლების გადმოცემის, არამედ საგამოძიებო უწყებაში გაცნობის გზით. 2024 წლის 9 სექტემბერს ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას კვლავ მივმართეთ საქმის გაცნობის და ასლების გადმოცემით მოთხოვნით. ნიშანდობლივია, რომ პროკურატურა საქმის მასალების გაცნობაზე ფორმალურად უარს არ გვეუბნება, თუმცა პრაქტიკაში სხვადასხვა საფუძვლით კვლავ ჭიანურდება დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის საკითხი. საქმის მასალებზე წვდომის თვითნებურად შეზღუდვა შესაძლოა იმით აიხსნას, რომ საქმეზე ეფექტიანი გამოძიება არ მიმდინარეობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს ჩატარებული საჭირო საპროცესო-სამართლებრივი ღონისძიებები დამნაშავეების დასაიდენტიფიცირებლად.
ჩვენთვის ხელმისაწვდომი ინფორმაციით, დევნა არ დაწყებულა ნიკოლოზ მანაგაძეზე თავდამსხმელი არც ერთი პირის მიმართ. 23 ივლისს საქმის მასალების გაცნობის საფუძველზე, ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები იმ დროისთვის არ იყო ჩატარებული. შესაბამისად, არ იყო გადადგმული ყველა გონივრული ნაბიჯი დამნაშავეების დასადგენად და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომების გასატარებლად. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ ვფლობთ ინფორმაციას, ჩატარდა თუ არა ჩვენ მიერ მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, ძალადობრივ ინციდენტში მონაწილე პირების ვინაობის დადგენა და მათი გამოკითხვა.
ნიკოლოზ მანაგაძის საქმე Human Rights Watch-ის სპეციალურ ანგარიშშიც[2] მოხვდა, როგორც საქართველოში ხელისუფლების კრიტიკოსებზე პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის ერთ-ერთი ინციდენტი. მსგავს დანაშაულებზე სახელმწიფოს არაეფექტიანი რეაგირება ახალისებს ძალადობას და აშკარად მიანიშნებს, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია პოლიტიკური ნება იმისა, რომ პასუხისმგებელი პირების დასაჯოს. არაეფექტიანი გამოძიების პარალელურად, შემაშფოთებელია ისიც, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაზარალებულის ინფორმირებას ბაზისურ დონეზეც კი არ უზრუნველყოფენ საქმესთან დაკავშირებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ძველი თბილისის რაიონულ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს:
[1] სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "თ" ქვეპუნქტი
[2]HRW- Georgia: Violent Attacks on Government Critics. ხელმისაწვდომია: https://cutt.ly/5eSdDTnx
ინსტრუქცია