[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის  ცენტრმა თემურ ქათამაძის საქმეზე სასამართლო მეგობრის  მოსაზრება წარადგინა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა თბილისის საქალაქო სასამართლოს თემურ ქათამაძის (ოფიციალური სახელი: გაფფარ ილმაზი), საქართველოში საერთაშორისო დაცვის მინიჭების   საქმეზე სასამართლო მეგობრის მოსაზრება (Amicus curiae) წარუდგინა.

დოკუმენტი მიმოიხილავს თემურ ქათამაძის საქმის ინდივიდუალურ გარემოებებს, თურქეთში ადამიანის უფლებათა მდგომარეობას და მის საქართველოდან გაძევების შემთხვევაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, ასევე თვითნებური და დისკრიმინაციული დევნის რისკებს. სასამართლო მეგობრის პოზიციაში წარმოდგენილია თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების უახლესი ანგარიშები და შეფასებები. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სათანადო ყურადღებით შეისწავლოს რელევანტური საერთაშორისო და ადგილობრივი სამართლებრივი სტანდარტები და საქმის გარშემო შექმნილი პოლიტიკური კონტექსტი.

თემურ ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია. ის თურქეთში მომუშავე ეთნიკური ქართველების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის,[1] “ჩვენებურების”, მოქმედი წევრი, ერთ-ერთი ლიდერი და აქტივისტია.[2]

თემურ ქათამაძე საქართველოში 2012 წელს ჩამოვიდა და მას შემდეგ ქვეყანა არ დაუტოვებია. 2019 წლამდე ის ქვეყანაში სამუაშაო ვიზით იმყოფებოდა, თუმცა 2020 წელს ვიზის გაგრძელებაზე უარი მიიღო. საქართველოში ცხოვრების პერიოდში თემურ ქათამაძემ სამჯერ სცადა (2012, 2015, 2019 წლებში) საქართველოს მოქალაქეობის მოპოვება, თუმცა სააგენტომ მას ყველა ჯერზე უარი უთხრა. საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ ის იმედოვნებდა, რომ მოქალაქეობას სასამართლოს დახმარებით მიიღებდა. ამ საკითხზე დავას თბილისის საქალაქო სასამართლო 2019 წლიდან განიხილავს, თუმცა ამ დრომდე შედეგი არ დამდგარა.

მთელი ამ დროის განმავლობაში თემურ ქათამაძის საქართველოდან გაძევების საკითხი დღის წესრიგში არასდროს დამდგარა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ის ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციებში აქტიური მონაწილეობის გამო ადგილობრივმა პოლიციამ თვითნებურად და უკანონოდ ადმინისტრაციული წესით დააკავა და 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, იზოლატორიდან გათავისუფლებისთანავე, რამდენიმე წუთში, პოლიციამ ხელახლა დააკავა საიმიგრაციო წესების  დარღვევის გამო.[3]

საქმის მასალები აჩვენებს, რომ თემურ ქათამაძეზე თურქეთის დაკავების ორდერი აქვს გაცემული. თემურ ქათამაძე მიიჩნევს, რომ მისი დაკავების ორდერი შესაძლოა საქართველოში გიულენის  მოძრაობის წევრებთან მეგობრობას უკავშირდებოდეს. მიუხედავად იმისა, რომ თემურ ქათამაძე მოძრაობის წევრი არასდროს ყოფილა, თურქეთში გიულენის მოძრაობის წევრების მიმართ დევნისა და შევიწროების არაერთი ფაქტი არსებობს, რაც აჩვენებს, რომ აღნიშნული რისკები რეალურია და საჭიროებს სასამართლოს მხრიდან სათანადო შესწავლას.

ჩვენს მიერ წარდგენილი სასამართლო მეგობრის მოსაზრების თანახმად, საქმის განხილვის დროს მნიშვნელოვანია სასამართლომ სათანადოდ შეაფასოს:

  • თემურ ქათამაძის მიმართ თურქეთში გაცემული დაკავების ორდერი და სათანადოდ გამოიკვლიოს მისი დაკავების მოთხოვნის საფუძვლები. მიუხედავად თემურ ქათამაძის არაერთი მიმართვისა, მან თურქეთის რესპუბლიკიდან მისი საქმის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღო, მიგრაციის დეპარტამენტმა კი მისი დაკავების შემთხვევაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები სათანადოდ არ შეაფასა და რატომღაც მიიჩნია, რომ მას თურქეთის რესპუბლიკაში დაკავების შემთხვევაშიც კი საფრთხე არ ემუქრება. მიგრაციის დეპარტამენტს არ შეუფასებია შესაძლო პოლიტიკური მოტივით დევნის შესაძლებლობა. სასამართლომ საკითხის სრულყოფილი შესწავლისთვის უნდა უზრუნველყოს თურქეთის რესპუბლიკიდან ინფორმაციის გამოთხოვა და შეაფასოს დევნის რისკები;
  • თურქეთის სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა, ასევე ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობის წევრთა მიმართ თვითნებური სისხლისსამართლებრივი დევნა და მართლმსაჯულების ბაზისური გარანტიების არარსებობა;
  • თემურ ქათამაძის სოციალური კავშირები საქართველოსთან, მათი კავშირი მის იდენტობასთან, პროფესიულ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან და მისი ისტორიული სამშობლოდან გაძევების შემთხვევაში ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რომელიც იდენტობისა და სოციალური კავშირების დაცვასაც მოიცავს) დარღვევის რისკები;
  • მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ ასევე გაითვალისწინოს, რომ განაცხადის ზოგიერთ ნაწილთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ეჭვის განმცხადებლის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი. აღნიშნული პრინციპი ასახავს იმ გარემოებას, რომ განმცხადებლისთვის სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს თავისი განაცხადის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოპოვება, ხოლო საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე უმართებულო უარმა შესაძლოა მძიმე შედეგები გამოიწვიოს. მიუხედავად იმისა, რომ მტკიცების ტვირთი თავშესაფრის მაძიებელს ეკისრება, ხშირად მას არ შეუძლია თავისი განცხადებების დასაბუთება დოკუმენტური ან სხვა სახის მტკიცებულებების წარმოდგენით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო გაითვალისწინებს წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებას და უზრუნველყოფს საქმის სამართლიან და ობიექტურ განხილვას.

სასამართლო_მეგობრის_მოსაზრება_-_თემურ_ქათამაძის_საქმე_1742206147.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“