საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ბოლო წლებში გაიზარდა იმ მკვლევართა რიცხვი, რომლებიც ნეოლიბერალურ ქვიარ პოლიტიკას მისი სადამსჯელო და საპოლიციო აქტივობებში ჩართულობისა და კარცერული სისტემის გაძლიერების პროცესის ნაწილად ქცევის გამო აკრიტიკებს. ამგვარი კრიტიკა ეფუძნება, დასავლეთში მიმდინარე ე.წ. რევერსიულ პროცესს, რომელმაც ჩაგრული ქვიარ ჯგუფები დღესდღეობით ჩაგვრის პოტენციურ მხარდამჭერებად აქცია, რომელიც სწორედ სისხლისსამართლებრივი მართლმსაჯულების მხარდაჭერის ფორმით გამოიხატება. აღნიშნული გულისხმობს სამართლის რეფორმის და მასთან თანამდევი სადამსჯელო აპარატის გაძლიერების იმგვარ ტენდენციას, რომელმაც სადამსჯელო პოლიტიკის რაკურსი შერჩევითი სამართლის მექანიზმებით მჩაგვრელ ინდივიდებზე გადაიტანა, რომელიც თავის მხრივ, სასჯელს ყველაზე მოწყვლად–შავკანიან, ტრანსგენდერ, სექს–მუშაკ, ღარიბ, მუსლიმ, მიგრანტ ადამიანებს ანუ „საძულველ სხვას“ უქვემდებარებს.
საქართველოს რეალობაში, ამგვარი კრიტიკა შესაძლოა ნაადრევიც არის, თუმცა გლობალიზებულ ეპოქაში, როდესაც პოლიტიკა ყოვლისმომცველი ხდება და ის ჩვენდაუნებურად აღწევს ძალაუფლებრივ ინსტიტუციებსა და აქტივიზმის დღის წესრიგში, ვფიქრობ, შორს არ ვართ იმისგან, რომ ამგვარი კრიტიკის საჭიროება მომავალში, თუმცა post factum დადგეს. ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულების აღმოფხვრის პროცესში, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავაკვირდეთ პოლიციის, როგორც დანაშაულის აღკვეთის, უალტერნატივო სუბიექტად ფორმირების პროცესს, რომელიც მართლმსაჯულების სისტემასა და სასჯელს ზიანისა და უსამართლობის ბუნებრივ და ერთადერთ ანტიდოტად აქცევს. ამგვარად, ციხის კარცერული ლოგიკა უსაფრთხოებას დევიანტი ჯგუფის იზოლაციით უზრუნველყოფს, რაც „უსაფრთხო სივრცის“ ჰომოგენურ ფანტაზიას წარმოადგენს იმის შესახებ, თითქოს, მას შეუძლია საჯარო სივრცე უსაფრთხოდ, ხოლო ციხე დანაშაულის პრევენციისა და დამნაშავის რესოციალიზაციის უპირობო მექანიზმად აქციოს.
დანაშაულის პრევენციის გაპოლიციურების თანამდევი რისკების დასახვით, წინამდებარე სტატია კარცერული აქტივიზმის წინმსწრები კრიტიკის მცდელობაა, რომელიც საქართველოში უკვე ერთადერთი და უალტერნატივო დისკურსი ხდება და სწორედ, მისი ერთადერთობა ქმნის ჰომოფობიასთან ბრძოლის გაპოლიციურების, სადამსჯელო პოლიტიკად ქცევის არსებით საფრთხეებს, რომელიც რეპრესიული ძალებით და ქვიარ სხეულების დისციპლინირების საშუალებით, ისევ მოწყვლად ჯგუფებზე ასახვის საფრთხეებს წარმოშობს. ვინაიდან, დანაშაულის აღმოფხვრის მიმართ არაპრევენციული სადამსჯელო პოლიტიკა გამორიცხავს დანაშაულის იმგვარ მიზეზებთან შეპირისპირებას, რომელიც ჩაქსოვილია სოციო–ეკონომიკურ მოწყვლადობასთან, განათლების სისტემის მოშლასთან და სხვა მრავალ ფაქტორთან, დანაშაულთან ბრძოლის სადავეების პოლიციისა და კარცერულობისთვის ხელში ჩაგდების მოთხოვნა, სწორედ იმგვარი ხაფანგია, რომელმაც მარტივად შეიძლება ჩაახშოს რადიკალური წინააღმდეგობის ბაზისები.
აღნიშნული საფრთხეების თვალსაჩინოდ წარმოდგენისთვის, სტატიაში პრობლემის ბაზისად ორი მნიშვნელოვანი საკითხი მომყავს, ერთი მხრივ, „ჰომოფობიის“ ინდივიდუალიზების, მისი აპოლიტიკურ დამოკიდებულებად ქცევის კრიტიკა და მეორე მხრივ, ინდივიდუალიზებულ ჰომოფობიაზე დაფუძნებული სამართლის აქტივიზმის, როგორც წინააღმდეგობის ერთადერთი ფორმის კრიტიკა. სტატიაში ხაზს ვუსვამ, რომ ამგვარ აქტივიზმს, უალტერნატივოდ სახელმწიფოს ვიწრო და ზედაპირული, წინასწარ განსაზღვრული დღის წესრიგის ადგენს, რომელიც უალტერნატივო იმის გამოც არის, რომ ის ჩვენი ბრძოლის არეალს ჩვენგან დამოუკიდებლად განსაზღვრავს, ხოლო ჰომოფობიის შინაარსის ინდივიდუალიზებას ჩვენი ყურადღება ჩაგვრის სტრუქტურებიდან ჩაგვრის აგენტებზე გადააქვს, რაც ჩვენს ბრძოლას შეუძლებელს ხდის სისტემური ტრანსფორმაციისთვის.
ამგვარად, ჰომოფობიისთვის ინდივიდუალური ბრალის და მასზე დაფუძნებული ინდივიდუალური სასჯელის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და სახელმწიფოს პოლიციური აპარატისა და კარცერულობის როგორც დანაშაულის გამანეიტრალებელი ერთადერთი გზის კრიტიკა დღევანდელობაში უპირობოდ უნდა შემოვიყვანოთ.
ამასთან, დასაწყისშივე მინდა სტატიის მთავარი დათქმა გავაკეთო - ტექსტი ემსახურება, არა კონკრეტული პირების მიერ ჩადენილი ჰომოფობიური თუ ტრანსფობიური დანაშაულების ინდივიდუალური ბრალეულობის გამორიცხვას, არამედ, ამგვარი დანაშაულის პრევენციაში სახელმწიფოს როლის კრიტიკულად დასახვას და შესაბამისად, სწორედ მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის მოთხოვნის აუცილებლობას. ამიტომ, ტექსტი არა მეინსტრიმ ქვიარ აქტივიზმისგან (მეინსტირმ აქტივიზმს, მეტწილად ენჯოიზებული აქტივიზმის აღსანიშნად ვიყენებ) დისტანცირებულ კრიტიკად უნდა აღვიქვათ, არამედ თვითკრიტიკადაც, რომელიც მოგვემართება ყველას, ვინც აღნიშნულ პროცესში სხვადასხვა ფორმითა და დღის წესრიგით ვართ ჩართულები.
ინსტრუქცია