[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / შეფასება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ცხინვალში მიმდინარე გაძლიერებულ ანექსიურ პროცესებს აფასებს

ბოლო კვირებში ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში განვითარებული პროცესები, მათ შორის, ახალი ე.წ. სახელშეკრულებო ურთიერთობები ცხინვალსა და მოსკოვს შორის, 23 ივნისს de facto პრეზიდენტის პოსტიდან ალან გაგლოევის გადადგომა და ამ პოზიციაზე არაადგილობრივი პირის დანიშვნა, აჩვენებს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ რეგიონის ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკა ახალ, უფრო ღია და აგრესიულ ეტაპზე გადავიდა. თუ 2008 წლის ომის შემდეგ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში საკუთარ კონტროლს აღიარების პოლიტიკით, სამხედრო წარმომადგენლობით, უსაფრთხოების სფეროს დაქვემდებარებისა და ფინანსურ-ეკონომიკური დამოკიდებულების მექანიზმებით ამყარებდა, დღეს ეს პოლიტიკა უკვე დე ფაქტო ინსტიტუტების უშუალო საკადრო და ადმინისტრაციულ მართვაში გადაიზარდა.

ეს უკანასკნელი გამოვლინდა ჩრდილოეთ ოსეთიდან, რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და ადმინისტრაციული სივრციდან, მარატ კამბოლოვის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრად დანიშვნით, რომელიც 23 ივნისს de facto პრეზიდენტის პოსტიდან ალან გაგლოევის გადადგომის შემდეგ, უკვე საპრეზიდენტო ვალდებულებებს ითავსებს. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2026 წლის 9 მაისს ცხინვალსა და მოსკოვს შორის რიგით მესამე ხელშეკრულება გაფორმდა ე.წ. „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ“, რომელმაც წინა ორი ხელშეკრულების შემდეგ ოსურ-რუსული ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ხელშეკრულების მიხედვით, ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები, ასევე სახელმწიფო და მუნიციპალური სამსახურის თანამდებობები მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში. სწორედ ამის შემდეგ გახდა შესაძლებელი რომ რუსეთს თავისი კანდიდატურა წამოეყენებინა სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, და მეტიც ცხინვალში ამბობენ, რომ არაუგვიანეს 21 სექტემბრისა საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის შანსებიც არსებობს, რის შემდეგაც სწორედ კამბოლოვი შესაძლოა გახდეს პრეზიდენტი.

ჩრდილოეთ ოსეთის წარმომადგენელი მარატ კამბოლოვი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ალან გაგლოევის განკარგულებით 17 ივნისს დაინიშნა. განკარგულებას წინ უსწრებდა „პარლამენტის“ მიერ 16 ივნისს კამბოლოვის კანდიდატურის სრული მხარდაჭერა. მისი დანიშვნა ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისიდან განიხილებოდა, და მის კამბოლოვის კანდიდატურაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე დღის წინ ყოფილი „პრემიერ-მინისტრი“ ძამბოლატ ტადტაევი გადადგა. ხოლო 2026 წლის მაისში ის გაგლოევის სახელმწიფო მრჩევლად დაინიშნა.

ამ მოვლენების შემდეგ მალევე, 23 მაისს კი ალან გაგლოევი de facto პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, თითქოს და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ახალი სამსახურის დაწყების გამო, de facto პრეზიდენტის პოსტზე მისი მოვალეობის შემსრულებელი კი მარატ კამბოლოვი გახდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, საკადრო ცვლილებები ცხინვალში რეგიონის რუსეთში შესაძლო შესვლის და გაერთიანების საკითხს არ უკავშირდება.

უნდა ითქვას, რომ ალან გაგლოევის გადადგომას ძირითადად პოზიტიური რეაქციები მოყვა ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტაში. მაგალითად, ერთიანი ოსეთის წარმომადგენლის აცამაზ ბიბილოვის თქმით, ალან გაგლოევის გადადგომა ერთადერთი სწორი ნაბიჯი იყო, რადგან მისმა რეჟიმმა ცხინვალი ეკონომიკური კოლაფსისკენ წაიყვანა: განვითარების პროგრამები შეჩერებული იყო, რუსეთის ინვესტიციების აღსრულება წლიდან წლამდე იდებოდა, ფასები ადგილზე რადიკალურად გაიზარდა. მისი თქმით, გაგლოევმა ვერც ერთი წინასაარჩევნო დაპირების შესრულება ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მედიაც წლების განმავლობაში წერდა ალან გაგლოევისა და მისი ოჯახის წევრების შესაძლო დანაშაულებსა და კორუფციულ ინტერესებზე.

კამბოლოვის დანიშვნა არ შეიძლება შეფასდეს როგორც ჩვეულებრივი საკადრო ცვლილება ან ადგილობრივი პოლიტიკური კრიზისის ტექნიკური გადაწყვეტა. მოსკოვმა ამ გზით ცხინვალის დე ფაქტო მმართველობითი სისტემის შიგნით საკუთარი ადმინისტრაციული კადრი პირდაპირ დანერგა, რაც ცხადყოფს, რომ რუსეთი აღარ კმაყოფილდება რეგიონზე არაპირდაპირი კონტროლით. რუსეთი ამგვარად გადადის ცხინვალის რეგიონის უშუალო მმართველობის დონეზე, სადაც ნაკლებად ენდობა ადგილობრივ ელიტებს და პოლიტიკურ კლანებს, და საკუთარ კადრს მიავლენს.

ეს განვითარება კი რუსეთის თანმიმდევრული ანექსიური პოლიტიკის შედეგია, რაც წარმოადგენს რუსეთსა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმს შორის 2008, 2015 და 2026 წლებში დადებული ე.წ. ხელშეკრულებების გაგრძელებას. ამ ხელშეკრულებების ანალიზი აჩვენებს რუსეთის ერთიან, თანმიმდევრულ და ეტაპობრივ ანექსიურ ლოგიკას.

2008 წლის 17 სექტემბრის ე.წ. „მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულება იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციისა და ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ შექმნილი სამართლებრივი ჩარჩო. მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების ტექსტში ფორმალურად აღიარებულია სამხრეთ ოსეთის „სუვერენიტეტი“, „ტერიტორიული მთლიანობა“ და ურთიერთობები „მეგობრობისა“ და „ურთიერთდახმარების“ მიდგომა, რეალურად ეს ხელშეკრულება ქმნიდა რუსეთის სამხედრო, უსაფრთხოების, სასაზღვრო და პოლიტიკური გავლენის სამართლებრივ საფუძველს. ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამხედრო ინფრასტრუქტურისა და სამხედრო ბაზების განთავსების შესაძლებლობას, სახელმწიფო საზღვრის ერთობლივ დაცვას, ორმაგი მოქალაქეობის საკითხების მოწესრიგებას, დოკუმენტების ურთიერთაღიარებას და ეკონომიკური სისტემების დაახლოებას. ამ ნორმებით, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე საკუთარი სამხედრო-პოლიტიკური ყოფნა არა დროებით უსაფრთხოების ღონისძიებად, არამედ გრძელვადიან რეჟიმად აქცია.

2015 წლის 18 მარტის .. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებხელშეკრულებამ ეს პროცესი კიდევ უფრო გააღრმავა. თუ 2008 წლის დოკუმენტი ფორმალურად „თანამშრომლობის“ ენას იყენებდა, 2015 წლის ტექსტი უკვე ღიად საუბრობდა „ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სივრცის“ ფორმირებაზე. ამ ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაცია იღებდა სამხრეთ ოსეთის ე.წ. თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის დაცვას. განსაკუთრებით საგანგაშოა დებულება, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ორგანოების ცალკეული ქვედანაყოფები შეიძლება შესულიყვნენ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების ორგანოების შემადგენლობაში.

2015 წლის ხელშეკრულებაში ინტეგრაციის ლოგიკა მხოლოდ სამხედრო და უსაფრთხოების სფეროებით არ შემოიფარგლებოდა. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა საბაჟო ორგანოების ინტეგრაციას, მოქალაქეობის მიღების გამარტივებულ რეჟიმს, სოციალური და საპენსიო უზრუნველყოფის სისტემების ჰარმონიზაციას, ასევე, განათლების, ჯანდაცვის, კულტურისა და ადმინისტრაციული ურთიერთობის რუსულ სტანდარტებზე გადაყვანას. ამით მოსკოვი ქმნიდა ისეთი დამოკიდებულების სისტემას, რომელშიც ცხინვალის რეგიონი ფორმალურად შეიძლება ინარჩუნებდეს დე ფაქტო ინსტიტუტებს, მაგრამ მისი პოლიტიკა, ფინანსები, უსაფრთხოება, სოციალური ადმინისტრირება და საზოგადოებრივი სერვისები რუსეთის ფედერაციის სამართლებრივ და მმართველობით სივრცეში ექცევა.

რაც შეეხება, მესამე და ყველაზე ახალ ხელშეკრულებას - 2026 წლის 9 მაისის .. „მოკავშირეობრივი ურთიერთქმედების გაღრმავების შესახებ ხელშეკრულება ამ პროცესის თვისებრივად ახალ საფეხურს წარმოადგენს. დოკუმენტი უკვე აღარ შემოიფარგლება უსაფრთხოების, თავდაცვის ან ფინანსური დახმარების საკითხებით. ის მიზნად ისახავს ერთიანი ეკონომიკური სივრცის შექმნას, კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაო ძალის თავისუფალ გადაადგილებას, სამართლებრივი ნორმების ჰარმონიზაციას, საკუთრების რეჟიმების დაახლოებას, შრომითი და სოციალური კანონმდებლობის უნიფიკაციას, ენერგეტიკული, მათ შორის გაზსატრანსპორტო, სატრანსპორტო, საკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების ეტაპობრივ გაერთიანებას. ამგვარი ნორმები სცდება თანამშრომლობის ჩვეულებრივ ჩარჩოს და წარმოადგენს ოკუპირებული ტერიტორიის ეკონომიკური, ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული შთანთქმის მექანიზმს.

განსაკუთრებით საგანგაშოა 2026 წლის ხელშეკრულების ის დებულება, რომლის მიხედვითაც ერთი მხარის მოქალაქეებს შეუძლიათ დაიკავონ სახელმწიფო და მუნიციპალური თანამდებობები მეორე მხარის სახელმწიფო და მუნიციპალურ ორგანოებში. ეს ჩანაწერი ქმნის სამართლებრივ-პოლიტიკურ საფუძველს იმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები პირდაპირ დაინიშნონ ცხინვალის დე ფაქტო მმართველობით სტრუქტურებში. სწორედ ამ ნორმის პრაქტიკული შედეგია მარატ კამბოლოვის დანიშვნა ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამგვარად, 2026 წლის ხელშეკრულება უკვე არა მხოლოდ ინტეგრაციის დეკლარირებაა, არამედ მმართველობითი ძალაუფლების გადაბარების შესახებ დეკლარაციული ქმედება.

ამგვარად, ხელშეკრულებების ანალიზი ცხადჰყოფს, რომ რუსულ-ოსური ურთიერთობების დინამიკა ბოლო 18 წლის განმავლობაში სამხრეთ ოსეთის რუსეთში სრული ინტეგრაციისკენ იყო მიმართული: 2008 წელს რუსეთმა ხელშეკრულებით სამართლებრივი ფასადი შეუქმნა სამხედრო ოკუპაციას; 2015 წელს მან უსაფრთხოების, სამხედრო, საბაჟო, სოციალური და ადმინისტრაციული სფეროების ინტეგრაცია დააჩქარა; 2026 წელს კი გადავიდა პოლიტიკური და მმართველობითი ინსტიტუტების პირდაპირი ათვისების ეტაპზე. ამ პროცესში „მოკავშირეობის“, „სტრატეგიული პარტნიორობის“, „ოსი ხალხის გაერთიანების“ და „ინტეგრაციის“ რიტორიკა გამოიყენება როგორც ანექსიის ენა.

კამბოლოვის დანიშვნა ამ დინამიკაში გარდამტეხი მოვლენაა. იგი აჩვენებს, რომ მოსკოვი აღარ ენდობა მხოლოდ ადგილობრივ დე ფაქტო ელიტებს და იწყებს მმართველობის საკვანძო რგოლების საკუთარი პოლიტიკური და ადმინისტრაციული კადრებით შევსებას. გარდა იმისა, რომ ამ ნაბიჯით რუსეთმა სრულად დაიწყო სამხრეთ ოსეთის უშუალო მმართველობის მითვისება, ამავდროულად, ეს ნაბიჯი შეიცავს დემოგრაფიულ, ქონებრივ და სოციალურ რისკებსაც, რადგან საკუთრების, შრომის, საჯარო სამსახურისა და თავისუფალი გადაადგილების ახალი რეჟიმები ქმნის საფუძველს რუსეთის მოქალაქეების, კაპიტალისა და ინსტიტუტების უფრო მასშტაბური შემოსვლისთვის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ნიშანდობლივია, რომ ე.წ. “ჰარმონიზაციის” და გავლენების გაძლიერების პროცესს აფხაზეთი უფრო მეტად უწევს წინააღმდეგობას, ხოლო ცხინვალის რეგიონში არსებული პროექტი არ აღმოჩნდა საკმარისი ამ დინამიკის შესაჩერებლად.

ამ პროცესებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. რუსეთისა და ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები ვერ ქმნის საერთაშორისო სამართლებრივ ვალდებულებებს საქართველოსთვის და არ ცვლის ცხინვალის რეგიონის სამართლებრივ სტატუსს, როგორც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიისა. თუმცა მათი პრაქტიკული შედეგები მძიმეა: ხელშეკრულებებით ძლიერდება რუსეთის ეფექტური კონტროლი რეგიონზე, მცირდება ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური არჩევანის სივრცე, იზრდება რუსეთის სამხედრო, ეკონომიკურ და ადმინისტრაციულ ჩართულობა რაც ქმნის ფაქტობრივი ანექსიის სიტუაციას. მით უფრო, რომ ცხინვალში არა ერთხელ დასმულა რეგიონის რუსეთში გაერთიანების საკითხი.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ მიმდინარე პროცესები უნდა შეფასდეს არა როგორც იზოლირებული საკადრო ცვლილება, არამედ როგორც რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ინსტიტუციური შთანთქმის გაგრძელება. 2026 წლის ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა ერთად ქმნის ახალ რეალობას, სადაც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო მმართველობა სულ უფრო მეტად იქცევა რუსეთის ადმინისტრაციული სისტემის დანამატად. ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთის ოკუპაცია არ არის გაყინული მდგომარეობა. ის არის ცოცხალი, განვითარებადი და ეტაპობრივად გამწვავებადი ანექსიური პროცესი, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან და საერთაშორისო პარტნიორებისგან პრინციპულ და კოორდინირებულ პასუხს მოითხოვს.

ამ ფონზე, საქართველოს ხელისუფლების, საერთაშორისო პარტნიორებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმების რეაქცია უნდა იყოს მკაფიო, დროული და პრინციპული. აუცილებელია, რომ ეს პროცესები საერთაშორისო დონეზე შეფასდეს როგორც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ფაქტობრივი ანექსიის გაღრმავებ. საქართველოს სახელმწიფომ უნდა გაააქტიუროს დიპლომატიური, სამართლებრივი და პოლიტიკური მუშაობა ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე, რათა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე ინტეგრაციული და ანექსიური პოლიტიკა მკაფიოდ განიმარტოს, როგორც ოკუპაციის და ამჯერად უკვე ანექსიური რეჟიმის გაძლიერება.

სამწუხაროდ, ქართული ოცნების ხელისუფლებას არ გაუკეთებია საგანგებო განცხადება, თუ რა გეგმით აპირებს მიმდინარე პროცესებზე რეაგირებას და რა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას გეგმავს აგრესიული ანექსიური პოლიტიკის საპასუხოდ. ქართული ოცნების პარტიამ პარლამენტში ჩააგდო სპეციალური რეზოლუციის მიღების საკითხიც, რომელიც ცხინვალსა და მოსკოვს შორის 9 მაისს გაფორმებულ ახალ შეთანხმებას უკავშირდებოდა.

უნდა ითქვას, რომ „ქართული ოცნების“ მიერ 2008 წლისა ომისა და შემდგომი მოვლენების პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების შედეგად, რაც მათ შორის, 2025 წელს შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შეფასებებში გაფორმდა, ცხინვალის მიმართულებით ხელისუფლების პოლიტიკა კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა.

ამასთან ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გაუაზრებელი სამშვიდობო პოლიტიკისა და ქვეყნის იზოლაციის გამო აკრიტიკებენ და რუსეთთან ურთიერთობების დათბობის და აგრესიული ანტიევროპული პოლიტიკის ფონზე, მათი საგარეო და სამშვიდობო პოლიტიკის მარცხზე უთითებენ (გიორგი გახარიას, გიგა ბოკერიას, პაატა დავითაიას, გრიგოლ გეგელიას, ხატია დეკანოიძის, თეონა აქუბარდიას განცხადებები).

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

  • მკაფიოდ და საჯაროდ შეაფასოს 2026 წლის ე.წ. ხელშეკრულება და კამბოლოვის დანიშვნა როგორც რუსეთის ანექსიური პოლიტიკის ახალი ეტაპი;
  • გაააქტიუროს დიპლომატიური მუშაობა ევროკავშირთან, გაეროსთან, ეუთოსთან, ევროპის საბჭოსთან და სხვა საერთაშორისო მექანიზმებთან, რათა საკითხი დადგეს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მძიმე ქმედება;
  • მოითხოვოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ყველა ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმების არაღიარება და დაგმობა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან;
  • გააძლიეროს ადამიანის უფლებათა მონიტორინგი ოკუპირებულ რეგიონში, განსაკუთრებით საკუთრების, გადაადგილების თავისუფლების, სოციალური უფლებების, მოქალაქეობის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ადგილობრივი მოსახლეობის პოლიტიკური მონაწილეობის მიმართულებით;
  • შექმნას თანმიმდევრული და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დეოკუპაციისა და შერიგების პოლიტიკა.

ამავე თემაზე

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“