საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
1.1. ნაშრომის მიზნები და გამოყენება
წინამდებარე სტატია ეხება ოკუპაციის დაფუძნების, მიმდინარეობისა და დეოკუპაციის საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს. სტატია განიხილავს ოკუპაციის სამართლის ცალკეულ ცნებებსა და ნორმებს და მათ პრაქტიკაში გამოყენების საკითხებს. აღნიშნული მსჯელობა დაკავშირებულია საქართველოს ოკუპირებული რეგიონების სამართლებრივი სტატუსისა და მათზე მოქმედი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის დადგენისა და გავრცელების საკითხთან.
სტატიის მიზანია სრულფასოვნად გააანალიზოს ტერიტორიის ოკუპაციის სამართლებრივი ელემენტები და გამოიყენოს ისინი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებთან მიმართებით. კვლევა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მიმოიხილავს, განმარტავს და აზუსტებს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებულ ცალკეულ სამართლებრივ ასპექტებს, რაც გამოსადეგი შეიძლება იყოს არაერთი აქტორისთვის, მათ შორის, სახელმწიფო ორგანოებისათვის, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, კონფლიქტის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის, დარგის ექსპერტთათვის და აკადემიური წრეებისთვის, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და ამ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
სტატიის გამოყენებისას მნიშვნელოვანია მიეთითოს, რომ რიგ შემთხვევებში კვლევა აღწერს, თუ რა სამართლებრივი რეჟიმები შეიძლება გავრცელდეს ოკუპაციის ცალკეულ სიტუაციებში, თუმცა, შესაძლოა, ეს ყოველთვის არ იყოს რელევანტური საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, რადგან ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა ოკუპაციის სამართლის კონკრეტული კონცეფციების საქართველოს რეალობაში გამოყენების შესაძლებლობას.
1.2. კვლევის მეთოდოლოგია
კვლევის ფარგლები შეზღუდულია მხოლოდ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (კერძოდ, მისი ქვედარგის ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის) მიმოხილვით და არ ეხება ძალის გამოყენების საერთაშორისო სამართალს. შესაბამისად, ნაშრომში არ არის განხილული შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების კანონიერების, ან თავად ოკუპაციის კანონიერების საკითხი. წინამდებარე სტატია დაფუძნებულია იმ მოცემულობაზე, რომ ტერიტორიის ოკუპაცია არის ფაქტობრივი გარემოება, რომლის დადასტურების შემთხვევაში მოქმედებას იწყებს სპეციალური საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმი. აქედან გამომდინარე, კვლევის მეთოდოლოგიის შერჩევისას სტატიის შინაარსი შემოიფარგლა მხოლოდ ოკუპაციის საერთაშორისო სამართლის ცალკეული ნორმების ანალიზით და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების კონტექსტთან მათი მისადაგებით.
სტატიის დასამუშავებლად ჩატარებული კვლევისას გამოყენებულ იქნა როგორც აკადემიური წყაროები, ისე სხვადასხვა საერთაშორისო თუ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებები, საერთაშორისო შეთანხმებები, საერთაშორისო ორგანიზაციების აქტები, საქართველოსა და უცხო სახელმწიფოთა ეროვნული კანონმდებლობა და სხვადასხვა ოფიციალურ ორგანოთა არასამართლებრივი დეკლარაციები.
სტატიის მეთოდოლოგია მოიაზრებს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი კვლევის ჩატარებას, შესაბამისად, ნაშრომში ვერ შეხვდებით შეიარაღებული კონფლიქტის სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ სხვა განზომილების განხილვას.
ინსტრუქცია