საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აფასებს ბოლო წლებში სახელმწიფოს მხრიდან ადიგენის მუნიციპალიტეტის მცხოვრები ქართველი მუსლიმების საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტებს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფო არსებითად ხელყოფს მუსლიმი თემის უფლებებს, ახდენს მათი სოციალური საჭიროებების იგნორირებას და ქმნის სოციალური კონფლიქტის გაღვივების რისკს.
როგორც ცნობილია, 2018 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობის განკარგულებით საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელში არსებული არასასოფლო-სამეურნეო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებიც მუსლიმი თემის მართლზომიერ მფლობელობაში იყო და თემის წევრები სათიბ-საძოვრებად იყენებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიწის ნაკვეთების მართლზომიერ მფლობელობის დამადასტურებელი სამართლებრივი დოკუმენტები გააჩნდა, სახელმწიფო უწყებებმა ყოველგვარი მოკვლევისა და შეფასების გარეშე უგულებელყვეს მოსახლეობის სამართლებრივი ინტერესები და ნაკვეთები საპატრიარქოს საკუთრებაში გადასცეს. მოსახლეობამ სახელმწიფო უწყებების ქმედებები სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლო მხოლოდ ერთი მოსარჩელის შემთხვევაში აღმოჩნდა შედეგიანი, სხვა პირები კი საარსებო რესურსის (მიწა) გარეშე დატოვა.
2022 წლის თებერვალში კი საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ ყადაღა დაადო სოფელ დერცელში და სოფელ მოხეში მცხოვრები არაერთ ოჯახის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, რის შემდგომაც ოჯახებს შეეზღუდათ მიწის განკარგვის უფლება. თბილისის საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ქონებაზე ყადაღის დადების საფუძველი გახდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიება, რომელიც შეეხება ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში დასაქმებული პირების მხრიდან მიწის სპორადული რეგისტრაციის ფარგლებში სავარაუდოდ ჩადენილ სამოხელეო დანაშაულს. გამოძიების პროცესში ამ დრომდე არ გამოვლენილა მუსლიმი თემის მიერ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი, უფრო მეტიც, მათ საგამოძიებო ორგანოს წარუდგინეს ყველა ის სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მათი წინაპრების მიერ მიწის ნაკვეთების მართლზომიერი ფლობისა და კანონის საფუძველზე საკუთრების უფლების მოპოვების ფაქტებს. თუმცა, ამის მიუხედავად ქონებას კვლავ ყადაღა ადევს და არსებობს სახელმწიფოს მიერ ქონების ჩამორთმევის რისკი.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრები ქართველი მუსლიმები ძირითადად მესაქონლეობას მისდევენ და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სათიბებზე და საძოვრებზე ხელმისაწვდომობა. ადიგენის მუნიციპალიტეტის რელიეფის გათვალისწინებით სათიბ-საძოვარი მიწების რესურსი სოფლებში ისედაც სათიბ-საძოვრებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევაში შესაძლოა ადგილობრივებს მესაქონლეობაზე უარი თქმა და საცხოვრებელი ადგილების მიტოვება მოუწიოთ.
ზემოთ აღნიშნულ სოფლებში მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეზღუდვა მოსახლეობის აღქმაში უკავშირდება ადიგენის მუნიციპალიტეტში ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ რელიგიურ დევნას, რომელსაც სოფელ ჭელაში (2013), სოფელ მოხესა (2014) და სოფელ ადიგენში (2016) ადგილობრივი მუსლიმი თემის უფლებების უხეში დარღვევა მოჰყვა. მოსახლეობით თქმით, ადგილობრივი ეპარქია ადიგენის მუნიციპალიტეტში მაღალი გავლენით სარგებლობს და მუნიციპალური ხელისუფლება ხშირად ამ გავლენების გამო ვერ ახერხებს სეკულარული, კანონის უზენაესობაზე და თანასწორობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ამ რეალობაში ადგილობრივ მუსლიმებში განცდა, რომ ისინი მეორეხარისხოვან მოქალაქეებად არიან დანახულები მაღალია. მით უფრო, რომ ეს ასიმეტრია და იერარქიები ჩანს არა მხოლოდ ენაში და სიმბოლოებში, არამედ კონკრეტული უფლებებითა და სოციალური სიკეთეებით სარგებლობის პროცესში და მატერიალიზებულია. ცხადია, რომ ეს კონტექსტი ნეგატიურ გავლენას ახდენს რელიგიური უმცირესობების უფლებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე მთლიანობაში, და ამავდროულად მძიმედ აისახება თემთა შორის ურთიერთობაზე, რომელიც ისედაც ეკომიგრანტებით დასახლებული, მაინც სუსტი თემთა შორისი კავშირების და ტრადიციების მქონე სოფლებში ტრავმატული გამოცდილებითა და მეხსიერებით არის დამძიმებული. ცხადია, ჩვენ ვხედავთ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემის მცდელობას აღადგინონ კეთილმეზობლური ურთიერთობა და ჩვენ ამას განსაკუთრებულ მნიშვნელობასა და ღირებულებას ვანიჭებთ, თუმცა სახელმწიფოს უსამართლო გადაწყვეტილებების ჯაჭვი, რეალობისა და სოციალური განწყობების არსებითი გაუმჯობესების შესაძლებლობას ვერ ქმნის.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი ქვემოთ წარმოადგენს ადგილობრივი მუსლიმი თემის საკუთრების უფლების შეზღუდვის უკვე ტენდენციის მქონე ფაქტების მიმოხილვას და კიდევ ერთხელ მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს მიიღონ სათანადო ზომები, რათა შემდგომში თავიდან იქნეს აცილებული მუსლიმი თემის საკუთრების უფლების შეზღუდვის ფაქტები და მათთვის სამართლიანი, თანასწორი და ინკლუზიური სოციალური და უფლებრივი გარემო შეიქმნას ადიგენის მუნიციპალიტეტში.
ზოგადი სოციალური კონტექსტის მიმოხილვა
სოფელი დერცელი ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის ადმინისტრაციულ ერთეულის შემადგენლობაში შედის. 2014 წლის მონაცემებით, სოფლის მოსახლეობა 225 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მუსლიმია. სოფელი ადიგენის მუნიციპალური ცენტრიდან 17 კილომეტრით არის დაშორებული. ამასთანავე, ზამთრის პერიოდში, დიდთოვლობის გამო სოფლელი ხშირად იკეტება და მუნიციპალურ ცენტრამდე გადაადგილება შეუძლებელი ხდება.
მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა არის სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა. შესაბამისად, მოსახლეობისთვის მიწას განსაკუთრებული მნიშველობა აქვს. ადგილობრივების განცხადებით, მიწის რესურსის გარეშე სოფლის დაცლა გარდაუვალია, ერთ-ერთი ადგილობრივის მიხედვით, მოსახლეობას რჩება განცდა, რომ “უნდათ სოფლის დაცლა და ამიტომაც გვართმევენ მიწებს. არ ვიცი, რატომ ან ვისთვის, მაგრამ მათ ჩვენი სოფლის დაცლა უნდათ”. კიდევ ერთი ადგილობრივი მიხედვით, “ჩვენ გვეუბნებიან, რომ აქ თქვენი ადგილი არ არის.”
ადგილობრივ მუსლიმ მოსახლეობაში ძლიერია გარიყულობის და უცხოობის განცდა, რომლის გამომწვევ მიზეზებზე საუბრის დროს, ორი ძირითადი საკითხი იკვეთება: (1) ადგილობრივ მუსლიმ და ქრისტიან მოსახლეობას შორის არსებული ურთიერთობები და (2) ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისადმი ხელისუფლების გულგრილი და უთანასწორო დამოკიდებულება.
მუსლიმების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გამოვლენილი კონფლიქტების შემდეგ დრო გავიდა, მეზობელ სოფლებში თემთა შორისი ურთიერთობა მაინც არ არის სათანადო. არსებობს განცდა, რომ ადგილობრივი ქრისტიანი მოსახლეობა მუსლიმებს მტრად და საფრთხედ აღიქვამს. ადგილობრივი მუსლიმი თემისთვის განსაკუთრებით ტრამვული 2013-2014 წლებში სოფელ ჭელაში მინარეთის მოჭრისა და სოფელ მოხეში ისტორიული მეჩეთის დემონტაჟის საკითხი, რაც ადგილობრივების დაკავებითა და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებით დასრულდა. აღნიშნული კონფლიქტების საპასუხოდ, სახელმწიფოს არ გაუტარებია თემთა შორისი ნდობისა აღდგენისა და კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისთვის საჭირო პოზიტიური სპეციალური ღონისძიებები. ამ პროცესში სახელმწიფოს მკვეთრად ნეგატიური და არაობიექტური პოზიციების გამო (ორივე სოფელში აშკარად ჩანდა პოლიციის ნეგატიური როლი მუსლიმი თემის უფლებების დარღვევის პროცესში, რაც ასევე დადასტურდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებით - მიქელაძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე), მნიშვნელოვანია სახელმწიფომ მის მიმართ ნდობის აღდგენისა კლიმატის შექმნაზე ასევე იზრუნოს. თუმცა, მუსლიმების აზრით, ადგილზე მშვიდობის შენარჩუნება ხდება, ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობის დათმობის ხარჯზე და საბოლოოდ მათ არ აქვთ განცდა, რომ ისინი სამართლიან საზოგადოებაში ცხოვრობენ.
კიკიბო-დერცელში ადგილობრივი გლეხებისათვის მიწის ნაკვეთების ჩამორთმევა
2018 წელს ცნობილი გახდა, რომ მაღალმთიან სოფლებში კიკიბოსა და დერცელში (აღნიშნული სოფლები მდებარეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში.სოფელ დერცელში მოსახლეობა 255 ადამიანს შეადგენს, კიკიბოში კი 53-ს.) მცხოვრებ ხუთ ოჯახს მათ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია შეეზღუდათ და ნაკვეთები საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, საკუთრების უფლებით გადაეცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას. ამ სოფელში მცხოვრები ოჯახები არიან იმ ქართველი მუსლიმების შთამომავლები, რომლებიც მე-19-მე-20 საუკუნეში ადიგენის რაიონის სოფლებში ჩამოასახლეს და სოფლის რელიგიურ უმრავლესობას წარმოადგენენ. მათი შემოსავლის ძირითადი წყარო ტრადიციულად მესაქონლეობაა, რომლისთვისაც სადავო მიწის რესურსები გადამწყვეტია. კერძოდ, ისინი ზამთრის პერიოდში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის საკვების მოსამარაგებლად სადავო მიწის ნაკვეთს იყენებენ, რომელიც ერთადერთი ტერიტორიაა სათიბი დანიშნულებით გამოსაყენებლად. აღნიშნული მიწები ოჯახებს სახელმწიფოს მიერ გადაეცა 90-იან წლებში და გარდა იმისა, რომ ოჯახები ფლობდნენ მიწების მართლზომიერ სარგებლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს, ისინი აგრეთვე იხდიდნენ შესაბამის გადასახადებს სახელმწიფო ბიუჯეტშიც. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წელს ეს მიწები (8 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი) ჯერ სახელმწიფოს საკუთრებად დარეგისტრირდა, შემდგომ კი უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ ეკლესიას. აღსანიშნავია, რომ მიწების გასხვისების პროცესში არ მომხდარა მოსახლეობის ინფორმირება, მიწების ადგილზე დათვალიერება. არც მარეგისტრირებელ ორგანოს, არც სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ გამოუკვლევია მიწის ფაქტობრივი და სამართლებრივი მდგომარეობა, ხომ არ იყო ამ მიწით დაინტერესებული ვინმე, ხომ არ იყი მიწა მართლზომიერ მფლობელობაში ან/და თვითნებურად დაკავებული. სადავო მიწებს დღემდე გარეგანი დათვალიერებითაც კი ეტყობა დამუშავების კვალი, აშკარაა, რომ ამ მიწებს წლების მანძილზე სახნავ-სათიბად იყენებდნენ. ნიშანდობლივია, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, ასევე საქმის კურსში იყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან მიწებით სარგებლობის შესახებ, თუმცა გასხვისების პროცესში რაიმე რეაგირება მოსახლეობის ინტერესების დასაცავად არ მოუხდენია.
სახელმწიფო უწყებების ქმედებების გამო ადგილობრივი მუსლიმი თემი იძულებული გახდა მიემართა სასამართლოსთვის და ედავა საკუთრების უფლების დარღვევაზე. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მათ სასამართლოს წარუდგინეს მიწის მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, 2019 წელს პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა დავის კონტექსტი, მიწის სარგებლობის საუკუნოვანი ტრადიცია, არსებული სპეციალური კანონმდებლობა და ფორმალურად შეაფასა დავა, მიუთითა, რომ მიწის ნაკვეთები არ იყო რეგისტრირებული მოსარჩელეებზე, თავდაპირველად დარეგისტრირდა სახელმწიფო საკუთრებად, შესაბამისად მას შეეძლო ამ ნაკვეთების სურვილისამებრ გასხვისება. 2021 წელს კი სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ერთი მოსარჩელის ნაწილში სარჩელი დააკმაყოფილა და მას დაუბრუნა სადავო მიწის ნაკვეთი, სხვა მოსარჩელეების ნაწილში კი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებლად ძალაში დატოვა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კი საქმე განსახილველადაც არ მიიღო, რის გამოც მუსლიმი თემი სოციალური სამართლიანობის ცენტრის დახმარებით საკუთრების უფლების დარღვევაზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოში აგრძელებს დავას.
სასოფლო-სამეურნეო მიწებით მრავალწლიანი და მართლზომიერი სარგებლობის ტრადიციის მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთადერთი და საარსებოდ მნიშვნელოვანი რესურსის - მიწის ჩამორთმევა არის უკანონო და უსამართლო პრეცედენტი, რამაც საკუთრების უფლების შელახვასთან ერთად გამოიწვია რელიგიური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესება, მათი სოციალური მოწყვლადობა, გაუცხოება, გაამწვავა თემთა შორის ურთიერთობები და კიდევ ერთხელ აჩვენა სახელმწიფოს მანკიერი პოლიტიკა სამოქალაქო თანასწორობის და ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით.
სოფელ დერცელში გლეხებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვა
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე იცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ დერცელში მცხოვრები რამდენიმე მუსლიმი ოჯახის სამართლებრივ ინტერესებს. მითითებული ოჯახებს საკუთრებაში აქვთ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც სათიბ-საძოვრებად იყენებენ. ოჯახებს მიწის ნაკვეთები სახელმწიფოს მიერ საკუთრებაში ჯერ კიდევ 90-იან წლებში გადაეცათ. საკუთრებაში გადაცემის ფაქტი არა ერთი სამართლებრივი დოკუმენტებით დასტურდება. თუმცა, მიმდინარე წლის 28 თებერვალს ოჯახებმა მიიღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოშია წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება).
საქმის გამოძიების ფარგლებში, საქმის ზედამხედველმა პროკურორმა, 2022 წლის 15 თებერვალს შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის ან გამოძიების შეწყვეტამდე ყადაღა დაედოს ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს. მიუხედავად იმისა, რომ საგამოძიებო ორგანო და პროკურატურა არ უთითებენ იმ ოჯახების მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რომელთა საკუთრებაშიც არის ყადაღადადებული ქონება, განჩინების მიხედვით, სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან პროკურატურის მიერ წარდგენილი მასალები ქმნიდა ვარაუდს, რომ მათ საკუთრებაში არსებული ქონების მიმართ სავარაუდოდ ჩადენილია დანაშაული (მესამე პირების მხრიდან) მიზანშეწონილია ქონებაზე ყადაღის დადება, რათა თავიდან აიცილონ ქონების შემდგომი რეალიზაცია.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ისე, რომ არ შეუფასებია ქონებაზე ყადაღის დადების საფუძვლიანობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ ჩვენი საჩივრის განხილვამდე ორი დღით ადრე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ქონებაზე ყადაღის დადებას შესაძლებლობად მიიჩნევს (სათანადო დასაბუთების გარეშე ) იმ პირის ქონებაზე, რომელსაც ბრალდებულის სტატუსი არ გააჩნია და ქონების კეთილსინდისიერი შემძენია. ამავე დროს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ქონებაზე ყადაღის დადება განუსაზღვრელი ვადით და სახელმწიფო დაავალდებულა შექმნას გარკვეული პერიოდულობით ქონებაზე ყადაღის საჭიროების გადახედვის რელევანტური სამართლებრივი მექანიზმები. მიუხედავად იმისა, რომ საჩივრის წარდგენის დროს ჩვენ მივუთითეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე და დერცელში მცხოვრები გლეხების კეთილსინდისიერება რეგისტრირებული ქონების მიმართ, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გაითვალისწინა საკონსტიტუციო სასამართლოს მითითებები და ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება.
ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰქმნის მუსლიმი თემისთვის ყადაღადადებული ქონების შემდგომში სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამორთმევის რისკს, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახებს დანაშაული არ ჩაუდენიათ და წლების განმავლობაში ფლობდნენ მითითებულ მიწის ნაკვეთებს. მიწის ნაკვეთების მუსლიმი თემის საკუთრებაში მიწის ნაკვეთების არსებობა მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შეეზღუდებათ მესაქონლეობისთვის მიწის გამოყენების შესაძლებლობა. სახელმწიფოს ამგვარი ქმედება კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუსლიმი თემის უფლებებისა და საჭიროებების იგნორირების პრაქტიკას და დაძაბულობის ახალი კერის შექმნას უწყობს ხელს.
გამოვლენილი შემთხვევების სამართლებრივი შეფასება:
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის მუსლიმი თემით დასახლებულ სოფლებში საკუთრების უფლების შეზღუდვის გამოვლენილი შემთხვევები წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში თვითნებური და დაუსაბუთებელ ჩარევას. სახელმწიფო უწყებები კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველობით უგულებელყოფენ მუსლიმი თემის უფლებას ჰქონდეს საკუთრება სასოფლო-სამეურნეო მიწაზე და განავითაროს საკუთარი მეურნეობა. საკუთრების უფლება აღიარებულია და ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციის მე-19, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკუთრების უფლებისა და მისი შეზღუდვის ნაწილში არაერთხელ აღუნიშნავს, რომ საკუთრების უფლება უმნიშვნელოვანესი ძირითადი უფლებაა. საკუთრება არის ინსტიტუტი, რომელიც სახელმწიფოს ეკონომიკურ საფუძველს წარმოადგენს. საკუთრების უფლების დაცვა [..] დემოკრატიული, სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფოსათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, ერთი მხრივ, საკუთრების, როგორც ინსტიტუტის კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ხოლო, მეორე მხრივ – მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ უფლების შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მიზნის მიღწევის არა მხოლოდ გამოსადეგ, არამედ ყველაზე ნაკლებად მზღუდავ, თანაზომიერ საშუალებასაც. შეზღუდვა რომ თანაზომიერად და შესაბამისად, კონსტიტუციურად ჩაითვალოს, უპირველეს ყოვლისა, უნდა არსებობდეს ლოგიკური კავშირი დასახულ ლეგიტიმურ მიზანსა და გამოყენებულ საშუალებას შორის. [1]
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ საკუთრების უფლებასთან ერთად ჩვენი კონსტიტუცია აღიარებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას, როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე რესურსს. ამასთან, კონსტიტუციით გაცხადებულია, რომ საქართველო არის სოციალური სახელმწიფო. სახელმწიფო ზრუნავს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის, სოციალური თანასწორობისა და სოციალური სოლიდარობის პრინციპების განმტკიცებაზე. სახელმწიფო ზრუნავს ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე, საარსებო მინიმუმითა და ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, ოჯახის კეთილდღეობის დაცვაზე. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია. საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქართველოს მოქალაქეებს, განურჩევლად მათი ეთნიკური, რელიგიური თუ ენობრივი კუთვნილებისა, უფლება აქვთ ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე შეინარჩუნონ და განავითარონ თავიანთი კულტურა.
დასკვნა
ზემოთ აღწერილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღებული სამართლებრივი ვალდებულებების მიუხედავად, სახელმწიფო არ ითვალისწინებს საკუთრების უფლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომის ინტერესებს და უგულებელყოფს ადგილობრივი თემის სასიცოცხლო სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს აქვს ვალდებულებაც და შესაბამისი რესურსიც დეტალურად გამოიკვლიოს მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის პროცესში სხვა პირთა მხრიდან მართლზომიერი ფლობისა და სარგებლობის ფაქტები, აღნიშნულს განზრახ არ აკეთებს. სახელმწიფო უწყებების ამგვარი ქმედებები კი ადგილობრივ მოსახლეობას ართმევს მატერიალური შემოსავლის მიღების, თავის რჩენის შესაძლებლობას და აიძულებს მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრებას. ცხადია, ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ ამ სოფლებში ზოგადად არსებულ მძიმე სოციალურ რეალობას და მიტოვებულობის განცდას, თუმცა ცხადია, რომ ქართველი მუსლიმი თემის სამოქალაქო, პოლიტიკური და სოციალური უფლებების განგრძობადი დარღვევა მათ მატერიალურად ორმაგად მოწყვლად მდგომარეობაში აქცევს და კულტურული იერარქიზების მძიმე სიმბოლურ კონტექსტსაც უქმნის.
ცხადია, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტში ამ გადაწყვეტილებების ჯაჭვის განხილვა რთულია, რელიგიური შინაარსის მქონე კონფლიქტებისა და თემთა შორისი დაძაბულობის კონტექსტის გარეშე, და ის კიდევ უფრო ართულებს უფლებების დარღვევის სოციალურ შედეგებს და სახელმწიფოს განსაკუთრებულ სიფრთხილეს სთხოვს. კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს, რომ ჩვენთვის აშკარაა, რომ ადგილობრივი ქრისტიანი და მუსლიმი თემი ცდილობს კეთილმეზობლური ურთიერთობების აღდგენას და ეს სოციალური მონაპოვარი დასაფასებელია, თუმცა სახელმწიფოს უსამართლო გადაწყვეტილებების ჯაჭვი, მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესების შესაძლებლობას არ ქმნის. ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეაჩეროს მუსლიმი თემის უფლებების ნეგატიური ხელყოფა, რაც ბოლო წლების კონფლიქტების დროს პოლიციის აშკარა უკანონო მოქმედებებში და თვითმმართველობის მხრიდან თანასწორობის პრინციპების უგულებელყოფაში ჩანდა, ახლა კი უკვე საკუთრების უფლების დარღვევის ტენდენციაში ჩანს და მიიღოს პოზიტიური ზომები თემთა შორისი ნდობის აღგდენის, კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციისა და სახელმწიფოს მიმართ ნდობის გარემოს შენებისთვის.
[1] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება №2/2/558 საქმეზე ილია ჭანტურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
ინსტრუქცია