[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / განცხადება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ადიგენელი გლეხის მიწის საპატრიარქოსთვის გადაცემა უკანონოდ ცნო

EMC სასამართლოში იცავს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელში მცხოვრები ქართველი მუსლიმი გლეხების ინტერესებს. სოფლის საძოვარი მიწები, რომელსაც ისინი წლების განმავლობაში მართლზომიერად და კეთილსინდისიერად იყენებდნენ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ და მთავრობამ მოულოდნელად საპატრიარქოს გადასცა საკუთრებაში. ეს გადაწყვეტილება ისე იყო მიღებული, რომ ადგილობრივი გლეხების მიერ წლების განმავლობაში მიწით სარგებლობის პრაქტიკა, მათი უფლებადამდგენი დოკუმენტები და შესაბამისად მათი სოციალური ინტერესი და უფლება სრულად იყო უგულებელყოფილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ.

რამდენიმეთვიანი სასამართლო განხილვების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ერთი მოსარჩელის მიმართ, რომლის საკუთრებაში არსებული მიწის ზუსტი იდენტიფიკაცია შესაძლებელი გახდა ექსპერტიზით, აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საძოვრების გასხვისებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნო.

EMC აგრძელებს ბრძოლას ზემდგომ სასამართლოში სხვა გლეხების ინტერესების დაცვისთვის.
ადგილობრივი გლეხებისთვის ეს საძოვრები ეკონომიკური ცხოვრების ბაზისური რესურსია და მათთვის მიწის რესურსზე წვდომას სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ამიტომ, დაზარალებულმა გლეხებმა ჩვენი დახმარებით მათი საძოვრების თვითნებური გასხვისების გადაწყვეტილებები სასამართლოში გაასაჩივრეს.
სოფლის მიწების სხვა კერძო პირებისთვის საკუთრებაში გადაცემის პრაქტიკა ხშირად უგულებელყოფს ადგილობრივების სოციალურ ინტერესებს და უფლებას ჰქონდეთ წვდომა სოფლის მიწაზე, რომელიც მათი ცხოვრების და გადარჩენის სასიცოცხლო რესურსია. ამ ინტერესის უგულებელყოფა კი სახელმწიფოს ამგვარ პრაქტიკას თვითნებურს და ანტისოციალურს ხდის.
ამ თვითნებობას, დამატებით, კულტურული და რელიგიური კონტექსტი და მნიშვნელობა ეძლევა, მაშინ როცა მათი გადაცემა საპატრიარქოსთვის ხდება. მით უფრო, ადიგენის მუნიციპალიტეტში, სადაც სოფელ კიკიბოსა და დერცელის მეზობლად მდებარე სოფლებში - ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი) ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები და მეხსიერება არსებობს. ადგილობრივი ეპარქიის მიმართ კი ჭარბი პოლიტიკური ლოიალობა და ადგილობრივ პოლიტიკაში მისი გაუმართლებელი ჩარევის ნიშნები ჩანს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“