[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

მიწა, რომლითაც ადიგენში მუსლიმი მოსახლეობა სარგებლობდა, საპატრიარქოს გადაეცა

ავტორი: დათო ფარულავა


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოსა და დერცელის მუსლიმი მოსახლეობა მათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწების დაბრუნებას მოითხოვს, რომლებიც სახელმწიფომ საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადასცა. 8 ჰექტარამდე მიწა, რომელსაც ადგილობრივები სათიბად 1990-იანი წლებიდან იყენებდნენ, სამღვდელოებას ისე გადასცეს, მუსლიმი მოსახლეობისთვის არც კი შეუტყობინებიათ.

მოსახლეობა ამბობს, რომ ნაკვეთებს ვერ დათმობენ, რადგან სოფელში ისედაც მიწების სიმწირეა, მესაქონლეობა კი მათი შემოსავლის ძირითადი წყაროა. ადგილობრივი სამღვდელოება, რომელიც ამ ტერიტორიაზე სამონასტრო კომპლექსის აშენებას გეგმავს, მოსახლეობის წუხილს არ იზიარებს და ამბობს, რომ მუსლიმები ტყუიან. მათ ნაკვეთზე ეკლესიის მშენებლობა უკვე დაიწყეს.

მიწების დასაბრუნებლად მოსახლეობამ სასამართლოში ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მათ ინტერესებს სასამართლოში EMC იცავს.

***

თავდაპირველად, მართლმადიდებელმა ეკლესიამ ქონების ეროვნულ სააგენტოს 78 346 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საპატრიარქოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის მოთხოვნით 2018 წლის მარტში მიმართა.

წერილში პატრიარქის ქორეპისკოპოსი იაკობი ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციას მოითხოვდა შემდგომში მათთვის გადაცემის მიზნით. იგი ასევე უთითებდა, რომ მიწის ნაკვეთი სამეურნეო საქმიანობისთვის სჭირდებოდათ. მისი თქმით, ნაკვეთზე X-XI საუკუნის ისტორიული ტაძრის ნანგრევები მდებარეობს. საპატრიარქომ ახალი ეკლესიის აშენება ტაძრის ნანგრევებიდან რამდენიმე მეტრში დაიწყო.

შედეგად, საქართველოს მთავრობის 2018 წლის 28 მაისის განკარგულებით, ტყის ფონდიდან ამოირიცხა 1 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და 7 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

საბოლოოდ, ორივე ნაკვეთი საპატრიარქოს საკუთრებად 2018 წლის სექტემბერში დარეგისტრირდა.

აჭარელი მუსლიმები ამ სოფლებში მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მმართველობის პერიოდში ჩამოასახლეს, ამჟამად კი აქ რელიგიურ უმრავლესობას წარმოადგენენ. მეტიც, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ამ სოფლებში ქრისტიანი მოსახლეობა საერთოდ არ ცხოვრობს. სადავო მიწის ნაკვეთები, რომლებსაც მოსახლეობა მრავალი წელია, საძოვრებად და სათიბად იყენებს, სოფელ ქვაბიჯვრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ქვაბიჯვარი მოსახლეობისგან დაცლილია, ამიტომ ეს ტერიტორია სოფელ კიკიბოს მიუერთდა. ის ფაქტი, რომ მოსახლეობა ამ მიწებით მართლზომიერად სარგებლობდა და გადასახადებს ბიუჯეტშიც იხდიდა, გადასახადების გადამხდელთა სიებითაც დასტურდება.

მიუხედავად ამისა, მათ მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მაშინ შეიტყვეს, როცა, ერთ დღესაც, ნახეს, რომ ნაკვეთის ირგვლივ შემოსაღობად ბოძებს ასობდნენ.

2018 წლის ნოემბრიდან, სოფლის რამდენიმე მოსახლემ საჯარო რეესტრს მათ მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა, თუმცა განცხადებები არ დაკმაყოფილდა: საჯარო რეესტრმა ზედდება დაადგინა, რადგან მათ მიერ მოთხოვნილი მიწები უკვე საპატრიარქოსთვის იყო გადაცემული.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მარტის წერილში მითითებულია, რომ "განცხადების წარდგენის პერიოდში, სააგენტოს მიერ განხორციელდა უძრავი ნივთის ადგილზე მოკვლევა და არ დადგინდა ფიზიკური პირების მხრიდან მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების ფაქტიურის სარგებლობის ფაქტი". ამის საპირისპიროდ, სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ მათთვის ნაკვეთებთან დაკავშირებით არავის არაფერი უკითხავს.

"ამ სოფელში 12-14 ჰექტარი სახნავ-სავარგული მიწაა. ძირითადად მესაქონლეობის დარგია განვითარებული. შემოსავლის წყარო აქ მეტი არაფერი არ არის, სხვა სამსახური აქ არ გამოიძებნება. ჩემი ჩათვლით, არავის აზრადაც არ მოსვლია, ეს მიწები დაერეგისტრირებინა. როცა გაიგო მოსახლეობამ, რომ ამ მიწას ვიღაც სხვა ეპატრონებოდა, როცა შემოღობვა დაიწყეს, - ხალხი დაფაცურდა თავიანთი დოკუმენტებით, 1995-96 წლების მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლებიც ყველას თაროზე გვქონდა შემოდებული", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები დავით ბერიძე, რომელიც თანასოფლელებთან ერთად ეკონომიკის სამინისტროს წინააღმდეგ ერთ-ერთი მოსარჩელეა.

მისი თქმით, მოსახლეობა მზად არის, 1 ჰექტარი მიწა, რომელზეც ძველი ეკლესიის ნანგრევებია განთავსებული, საპატრიარქოს დაუთმონ, თუმცა დანარჩენი ნაკვეთების დათმობა არ შეუძლიათ ბერიძისთვის ასევე გაუგებარია, რატომ არის სახელმწიფოსთვის საპატრიარქოს სამეურნეო ინტერესები მათ სამეურნეო ინტერესებზე უპირატესი.

"ეკლესიის აშენება უნდათ? მთელი მრევლი, ყველა წავალთ და თითო ქვას ყველა დავდებთ. რამხელა ტერიტორია სჭირდებათ, ერთი ჰექტარი? გჩუქნით, ბატონო. მაგრამ, მთელი ამხელა ტერიტორია რაში სჭირდება ეკლესიას?! ეს გვაოცებს. არავისთვის არაფერი უკითხავთ - არც მეპატრონე ყავს თუ არა, მიღება-ჩაბარების აქტი აქვს თუ არ აქვს… რაში სჭირდება ერთ მონასტერს 15 ჰექტარი მიწა?!", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები შუქრი მიქელაძე.

იგი აღნიშნავს, რომ მუსლიმი მოსახლეობის შევიწროება მას შემდეგ დაიწყო, რაც ადიგენში მუსლიმ მოსახლეობასა და ზარზმის მონასტრის წინამძღვარს, ნიკოლოზ გეწაძეს შორის კონფლიქტი წარმოიშვა.

თავის მხრივ, ნიკოლოზ გეწაძე ამბობს, რომ მუსლიმი მოსახლეობა იტყუება, როცა სათიბი მიწების სიმწირეზე საუბრობს და დასძენს, რომ მიწები, რომლებითაც მოსახლეობა სარგებლობდა არა მათი, არამედ სახელმწიფოსია.

"რასაც ისინი იყენებენ სათიბად, არ არის მათი, არის სახელმწიფოსი. თითოეულ ოჯახს გააჩნია ჰექტარი და 2000 კვ.მ. და იმას იყენებს, როგორც თავად მოუნდება, მაგრამ დანარჩენი, გინდ მთაში და გინდ - ბარში, არის ყველა სახელმწიფო მიწა. იტყუებიან, რა თქმა უნდა. თივა იმდენი აქვთ, ულოპებათ და ვერც ხმარობენ, ხშირად. ჩვენს მონასტერს იქ მეტი არაფერი მიწა არ გააჩნია", - ამბობს ნიკოლოზ გეწაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუსლიმების მიმართ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული პოლიტიკა სიახლე არ არის. 2013 წლიდან ადიგენის მუნიციპალიტეტში მუსლიმი თემის უფლებების შეზღუდვის ფაქტებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო. ადგილობრივების თქმით, მათი დისკრიმინაციისა და მარგინალიზაციის პოლიტიკა, ხელისუფლებაზე ადგილობრივი სამღვდელოების გავლენის შედეგია, რომელიც რეგიონში ისლამური ისტორიის წაშლას და დათრგუნვას ცდილობს.

ამის ნათელი მაგალითია სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები, როცა სადავო ნაგებობის ირგვლივ 2014 წელს დაწყებული დავა სამღვდელოების მოთხოვნის შესაბამისად გადაწყდა. სადავო გახდა ნაგებობა, რომელიც, მუსლიმების მტკიცებით, მეჩეთია, საპატრიარქოს მტკიცებით კი - ეკლესიის ქვებით არის აგებული. სახელმწიფო კომისიამ, რომელსაც სადავო ნაგებობის წარმომავლობა უნდა დაედგინა, ორწლიანი მუშაობის შემდეგ მუშაობა დაასრულა, თუმცა ნაგებობის წარმომავლობა არ შეუსწავლია.

ადგილობრივმა სამღვდელოებამ მუსლიმებს, რომლებიც ე.წ. სადავო ნაგებობასთან პროტესტის ნიშნად ლოცულობდნენ, ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა. როგორც მოხის ერთ-ერთი მკვიდრი იხსენებს, ნიკოლოზ გეწაძე ნანგრევებთან მიახლოების შემთხვევაში "ფეხების დამტვრევით" დაემუქრა.

იმამი, რომელიც ადგილობრივ თემთან ერთად ისტორიული შენობის წინ ლოცვას აგრძელებდა, სრულიად საქართველოს სამუფტო სამმართველომ პოზიციიდან გაათავისუფლა და ხელფასი შეუწყვიტა. აღსანიშნავია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გადაწყვეტილებით, მუსლიმი თემისთვის გადახდილი თანხების ძირითადი ნაწილი სასულიერო პირების ხელფასებზე იხარჯება, რაც, მუსლიმი მრევლის განმარტებით, მათი სასულიერო პირების კონტროლის იარაღია.

სახელმწიფომ მუსლიმებს სოფელში ახალი მეჩეთი აუგო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილობრივების მოთხოვნას არ წარმოადგენდა. ისინი, პროტესტის ნიშნად კიდევ დიდხანს ლოცულობდნენ ღია ცის ქვეშ, სადავო ნაგებობის წინ, თუმცა უშედეგოდ. სახელმწიფომ ტერიტორია შემოღობა და მისი კონსერვაცია მოხდა.

თუმცა, კონფლიქტს არც ფიზიკური ანგარიშსწორების გარეშე ჩაუვლია. 2014 წლის 22 ოქტომბერს, როცა მუსლიმი მოსახლეობა ნაგებობის დემონტაჟს წინ აღუდგა, პოლიციამ მუსლიმებს სცემა და 14 პირი დააკავა.

2013 წლის ზაფხულში სოფელ ჭელაში მეჩეთთან ახლადაშენებული მინარეთი შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში მოხსნეს. სამართალდამცველებმა მუსლიმებს სცემეს და 21 პირი დააკავეს. მუსლიმების თქმით, მინარეთის მოსახსნელად ხელმოწერების შეგროვება ადგილობრივმა სამღვდელოებამ დაიწყო.

მინარეთის წინააღმდეგ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი კოპაძე იყო, რომელიც ადგილობრივი სამღვდელოების რეზიდენციაში მუშაობდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში იგი "ქართულმა ოცნებამ" მაჟორიტარად წარადგინა. დღეს კოპაძე პარლამენტის წევრია.

2016 წლის აპრილში მოხის სკოლის მუსლიმი დირექტორი თემურ ბერიძე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სკოლას ხელმძღვანელობდა, ერთი წლის განმავლობაში ორი გაფრთხილების მიღების მოტივით გაათავისუფლეს. ადგილობრივები მიიჩნევდნენ, რომ მის გათავისუფლებას სხვა მიზეზი ჰქონდა და წინასწარ იყო დაგეგმილი. თემურ ბერიძის ნაცვლად მოხის საჯარო სკოლის დირექტორად ნათია რეხვიაშვილი დაინიშნა, რომელიც 2014 წელს სოფელში მიმდინარე აქციების დროს ისლამოფობიური რიტორიკით გამოირჩეოდა და ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო შენობის მუსლიმებისთვის გადაცემის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებში.

სწორედ, რეხვიაშვილს უკავშირდება კიდევ ერთი კონფლიქტი სოფელ მოხეში. 2016 წლის მიწურულს მოხის სკოლის მეთორმეტეკლასელ მუსლიმ გოგონას დირექტორმა სკოლაში თავსაფრის მოხსნა მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილებას მუსლიმი მოსწავლეების პროტესტი მოჰყვა. განათლების სამინისტროს აუდიტის სამსახურმა დისკრიმინაციული მოპყრობა არ დაადგინა და მიუთითა, რომ სკოლას ასეთი აკრძალვის დაწესების ლეგიტიმური საფუძველი აქვს. 2018 წელს მუსლიმი მასწავლებლები დირექტორის მხრიდან დისკრიმინაციულ მოპყრობაზე ალაპარაკდნენ.

მოვლენათა ეს ციკლი ადიგენის მუნიციპალიტეტში სამღვდელოების გავლენებზე მიუთითებს, რომლის წინაშეც სახელმწიფო საქართველოს მუსლიმი მოსახლეობის ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს.

მოსახლეობამ მიწების საპატრიარქოსთვის გადაცემა ეკონომიკის სამინისტროში ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა, თუმცა უშედეგოდ. ეკონომიკის სამინისტროს მტკიცებით, მიწების საპატრიარქოსთვის დარეგისტრირების დამაბრკოლებელი რაიმე ფაქტობრივი გარემოება არ არსებობდა და სადავო ნაკვეთებზე სხვა პირთა უფლებები არ დასტურდებოდა.

ამჟამად, კიკიბოსა და დერცელის მაცხოვრებლებს სასმართლოს იმედი აქვთ. მათ სარჩელი 2019 წლის აგვისტოში შეიტანეს, რომლითაც ტრადიციულად მათ სარგებლობაში არსებული მიწების დაბრუნება სურთ.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“