საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კიკიბოს მოსახლე ქართველი მუსლიმი გლეხების მიწების საქართველოს საპატრიარქოსთვის გადაცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი წარადგინა. მოსარჩელეები დავობენ კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლების სავარაუდო დარღვევაზე.
2018 წელს, საქართველოს მთავრობამ საქართველოს საპატრიარქოს უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელი კიკიბოს 7 ჰექტრამდე საძოვარი მიწები, რომლებსაც ადგილობრივი გლეხები ათწლეულის განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და იყენებდნენ. გადაწყვეტილების მიღებაში ჩართულმა ადმინისტრაციულმა ორგანოებმა არ გამოიკვლიეს სოფელი კიკიბოს საძოვრებზე ადგილობრივი მოსახლეობის მართლზომიერი მფლობელობის ფაქტი. ასეთი მოკვლევის ჩატარების ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან და სასამართლო პრაქტიკიდან, რომელიც მიწის მართლზომიერი მფლობელის ინტერესებს საკუთრების უფლების მსგავსად იცავს.
სოფელი კიკიბოს გლეხების საკუთრების უფლების დასაცავად სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეროვნულ სასამართლოების წინაშე აწარმოებდა საქმეს, რაც, ერთ-ერთი მოსარჩელისთვის წარმატებით დასრულდა, და მან შეძლო მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწაზე უფლების აღიარება. თუმცა, თითქმის იდენტური გარემოებების მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა უარი თქვეს დანარჩენი ოთხი მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ ოთხი მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, ექსპერტმა ვერ შეძლო ზუსტი საზღვრების დადგენა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ასეთ დროს, ადმინისტრაციულ ორგანოებს ევალებათ დაეხმარონ მართლზომიერ მფლობელებს მიწის ზუსტი საზღვრების დადგენაში.
სოციალური სამართლიანობის ცენტრს მიაჩნია, რომ, ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო გადაწყვეტილებითა და ეროვნული სასამართლოების მიერ საქმის არასრულყოფილი განხილვის შედეგად, დაირღვა ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი პუნქტით დაცული საკუთრების უფლება. მოსარჩელეებს, როგორც მართლზომიერ მფლობელებს, ჰქონდათ სოფელი კიკიბოს საძოვრების საკუთრებაში რეგისტრაციის ლეგიტიმური მოლოდინი. თუმცა, საქართველოს საპატრიარქოსთვის ამ მიწების გადაცემით, შეუძლებელი გახდა განმცხადებლების ლეგიტიმური მოლოდინის რეალიზება.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე ხაზს უსვამს, რომ ადიგენის რეგიონში სასოფლო-სამეურნეო მიწების სიმწირის პირობებში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის სოფელ კიკიბოს საძოვრები ქმნის მოსახლეობისათვის საბაზისო საარსებო წყაროს. ამის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში სრულად იქნა უგულებელყოფილი ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური ინტერესი სოფელში არსებული ერთადერთი საძოვარი ტერიტორიით სარგებლობაზე და უპირობო უპირატესობა მიენიჭა საქართველოს საპატრიარქოს ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილებას.
გასათვალისწინებელია ასევე ადიგენის მუნიციპალიტეტის კულტურული და რელიგიური კონტექსტი, სადაც სოფელ კიკიბოს მახლობლად მდებარე სოფლებში ჭელაში (2013 წელი), მოხეში (2014 წელი) და ადიგენში (2016 წელი), ბოლო წლებში ქართველი მუსლიმი თემის დევნის მძიმე გამოცდილებები დაგროვდა. ამ პირობებში, საქართველოს საპატრიარქოსთვის სოფელი კიკიბოს საძოვარი მიწების გადაცემა ავლენს ადგილობრივი ეპარქიის მიმართ ჭარბი პოლიტიკური ლოიალობის ნიშნებს.
ინსტრუქცია