[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

მოვუწოდებთ პროკურატურას არ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა მეგი დიასამიძის წინააღმდეგ

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება მეგი დიასამიძის დაკავებისა და მის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების ფაქტს და მიიჩნევს, რომ პროკურატურამ არ უნდა დაუშვას 23 წლის სტუდენტი ქალის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

8 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, „ქართული ოცნების“ შტაბთან ძალადობრივი ჯგუფები აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც დაშავდა რამდენიმე აქტივისტი და ჟურნალისტი.

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე – სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

10 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 8 სექტემბერს მელიქიშვილის გამზირზე მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა, მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე 23 წლის სტუდენტი, მეგი დიასამიძე.

როგორც მოგვიანებით მეგი დიასამიძის ადვოკატმა განაცხადა, მას 9 საათის განმავლობაში არ ეძლეოდა ადვოკატთან კომუნიკაციის საშუალება. მისი თქმით, დიასამიძეს მთელი პერიოდის განმავლობაში ხელები ზურგს უკან ჰქონდა შეკრული და „მიუხედავად იმისა, რომ ითხოვა ბორკილების მოშვებას ან ხელების წინ გადმოტანას, მას დამცინავი ტონით ეუბნებოდნენ, რომ ნაკლები ემოძრავა და ხელები აღარ ეტკინებოდა.”

სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მეგი დიასამიძის მიმართ გამოძიება დაიწყეს, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ან განადგურებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი უნდა გამოიწვიოს. მნიშვნელოვან ზიანი ამ მუხლის მიზნებისთვის სახეზეა, თუ ნივთის ღირებულება 150 ლარს აღემატება.

სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკით, განადგურება უკავშირდება ნივთის იმგვარ მდგომარეობას, როცა იგი სრულიად უსარგებლო ხდება გამოსაყენებლად ან აღარ არსებობს, ხოლო დაზიანების დროს ნივთი კვლავ სახეზეა, თუმცა არა პირვანდელი სახით და მისი აღდგენა შესაძლებელია.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კახი კალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერა: “რუსული ოცნება“, იშლება, ქართული ოცნების შტაბის წევრები მალევე შლიან და ნათლად ჩანს, რომ ბანერი დაზიანებული არ არის.

ხაზგასასმელია, რომ ბანერის დაზიანებისთვის პასუხისმგებლობას, სპეციალური კანონი ითვალისწინებს, რომელიც უშუალოდ მიემართება სააგიტაციო მასალას, რაც სრულად გამორიცხავს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას აღნიშნული ქმედებისთვის და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ბრალის აბსურდულობას და აქტივისტის “სამაგალითოდ დასჯის” პოლიტიკურ დაინტერესებას.

კახა კალაძის საარჩევნო ბანერი საარჩევნო კოდექსის მიხედვით სააგიტაციო მასალად ითვლება. კერძოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, სააგიტაციო მასალა არის პლაკატი, დროშა და ნებისმიერი სხვა მასალა, რომლებზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი (მე-2 მუხლი ჰ7 პუნქტი)

ამავე კოდექსით წესრიგდება უკანონოდ ჩამოხსნილი, ჩამოხეული, დაფარული ან დაზიანებული საარჩევნო პლაკატებისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის წესიც. საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას სამართალწარმოება ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი (93-ე მუხლის, მე-4 პუნქტი).

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის, საარჩევნო კოდექსი პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ ითვალისწინებს, თუ ბანერი დაზიანდა, ხოლო როგორც გავრცელებულ კადრებში ჩანს ბანერი არ დაზიანებულა და მისი გაწმენდა მალევე მოხერხდა, რაც გამორიცხავს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასაც კი.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ობიექტურად დადგინდება, რომ ბანერის დაზიანებას ადგილი ჰქონდა, სისხლისსამართლებრივ დევნის დაწყების საფუძველი მაინც არ არსებობს და შესაბამისი ნორმის საფუძველზე, შესაძლოა მოხდეს პირისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახით მაქსიმუმ 1000 ლარის ოდენობით დაკისრება. (93-ე მუხლის მე-4 პუნქტი).

თუმცა სახდელის დაკისრებისთვის ასევე მნიშვნელოვანია შეკრების მონაწილის ქმედება ასევე შეფასდეს გამოხატვის თავისუფლების ფარგლებიც. საქართველოს კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიხედვით, გამოხატვის თავისუფლება მოიცავს არა მხოლოდ სიტყვიერ ან წერილობით განცხადებებს, არამედ სიმბოლურ ქმედებებსაც, რომელიც მათ შორის შეიძლება გამოიხატოს სწორედ ბანერზე წარწერის განთავსებაშიც, რაც ვერ ჩაითვლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის უფლებებში ჩარევად, ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო.

სისხლის სამართალი გამოიყენება, როგორც უკანასკნელი საშუალება (ultima ratio) და მხოლოდ მაშინ, როცა სხვა, უფრო მსუბუქი სამართლებრივი რეაგირება (მაგ., ადმინისტრაციული სანქცია) არ არის საკმარისი. სისხლის სამართალი არის "სახელმწიფოს ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი", რომელიც ამოქმედდება მაშინ, როცა ქმედებას მაღალი საზოგადოებრივი სახიფათო ხასიათი აქვს და მის ქვეშ პასუხისმგებლობა გამართლებულია, თუ ქმედება არღვევს ფუნდამენტურ ინტერესებს (სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საკუთრება, სახელმწიფოს უსაფრთხოება). ამ შემთხვევაში კი ქმედების შინაარსისა და შედეგის გათვალისწინებით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება თეორიულადაც დაუსაბუთებელი ჩანს. მით უფრო, რომ აღნიშნული ქმედება გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებებით სარგებლობის კონტექსტში გამოვლინდა და სახელმწიფო ვალდებულია ეს გარემოებები აუცილებლად მიიღოს მხედველობაში.

აქვე აღსანიშნავია, რომ თავად სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლი პრობლემურია. ის ორ ერთმანეთისგან განსხვავებულ ქმედებას “განადგურებასა” და “დაზიანებას” გაუმართლებლად ათანაბრებს ერთმანეთთან, მათ ფართო ფორმულირებას აძლევს და აშკარად არაპროპორციულ და უსამართლო სასჯელებს (თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთიდან ხუთ წლამდე, ჯგუფურად ჩადენის შემთხვევაში კი სამიდან ექვს წლამდე) ითვალისწინებს. „მნიშვნელოვანი ზიანის“ ცნება სისხლის სამართლის კოდექსში 2006 წელს განისაზღვრა და მაშინ დამკვიდრდა 150-ლარიანი ზღვარიც, რომელიც მას შემდეგ აღარ შეცვლილა. ცხადია, რომ ბოლო თითქმის 20 წლის განმავლობაში ნივთებისა და საგნების საბაზრო ღირებულება მკვეთრად შეიცვალა. თუმცა ეს არ ასახულა სისხლის სამართლის კოდექსში და არც მისი გამოყენების პრაქტიკაში, რაც მოქალაქეების ღირსებისა და თავისუფლების ხელყოფის გამარტივებულ და თვითნებურ ინსტრუმენტებს აძლევს სახელმწიფოს.

ამასთან მეგი დიასამიძის დაკავების მანერა, მისთვის დაცვის უფლების რეალიზაციის შეზღუდვა არსებითად არღვევს როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ისე საერთაშორისო სტანდარტებს. ასეთი მიდგომა კიდევ ერთხელ ადასტურებს პროცესის რეპრესიულ და პოლიტიკურად მოტივირებულ ხასიათს.

ასევე გასათვალისწინებელია მსგავს შემთხვევებზე რეაგირების შერჩევითი და უსამართლო პრაქტიკა. ჯერ კიდევ გასულ საარჩევნო პერიოდში სოციალურ ქსელებში გავრცელდა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების დაზიანებული საარჩევნო ბანერების არაერთი კადრი, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა არავის დაკისრება. მათ შორის, გასული წლის გაზაფხულის აქციების დროს ე.წ “ტიტუშკების” მიერ მოხდა არა ერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ოფისისა (რომელთა ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც კი ჰქონდა) და ორგანიზაციის წარმომადგენლების სახლების დაზიანების არა ერთი ფაქტი, თუმცა მომხდარზე პოლიციას რეაგირება არც კი მოუხდენია. ეს გამოცდილება ცხადყოფს შერჩევითი სამართლის პრაქტიკას, რომელიც წინააღმდეგობაშია სამართლის უზენაესობის პრინციპთან და სამართალდამცავი ორგანოების ვალდებულებასთან, იყვნენ ნეიტრალური პოლიტიკური პროცესის მიმართ.

ბოლო დღეებში ქალი აქტივისტების მიმართ, ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდის ლიდერების მხრიდან გაჟღერებული კომენტარები, აჩვენეს რომ მეგი დიასამიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, შეიძლება სწორედ დაშინებას და დევნას ისახავდეს მიზნად და მას პოლიტიკურთან ერთად, გენდერული კონტექსტიც აქვს. ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში მეგი დიასამიძე “ ნაც აქტივისტად და ტიტუშკად მოიხსენია. კალაძემ აქციაზე შეკრებილ მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა რომ იქ ქალი არცერთი არ არის და რაღაც სხვა ჯიშია”. ხელისუფლების ლიდერების სექსისტური და დამამცირებელი კომენტარები ქმნის მტრულ გარემოს ქალი აქტივისტებისთვის, რაც არა მხოლოდ კონკრეტული პირების, არამედ ზოგადად ქალების პოლიტიკური მონაწილეობის თავისუფლებას ზღუდავს და საჯარო სივრციდან მათ განდევნას ისახავს მიზნად.

მიუხედავად იმისა, რომ 8 სექტემბერს აქციის მონაწილეებზე ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა, სადაც კარგად ჩანან სავარაუდო მოძალადე პირები, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე მხოლოდ ორი პირი დააკავა.

მეგი დიასამიძე 23 წლის ახალგაზრდა ქალია შუახევიდან, რომელიც 2023 წელსაც აქტიურად აპროტესტებდა “რუსული კანონის” მიღების პირველ მცდელობას საქართველოში. მას შემდეგ მეგი მონაწილეობდა არა ერთ აქციაში სხვა ბევრ ახალგაზრდასთან ერთად.

მეგი დიასამიძისთვის ამ ეტაპზე ბრალი ჯერ არ წაუყენებიათ, შესაბამისად სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდეს საქართველოს პროკურატურას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მეგი დიასამიძის მიმართ დაწყებული გამოძიება და არ დაუშვას მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

მეგი დიასამიძის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება შექმნის სახიფათო პრეცედენტს, რომლის მიზანიც აშკარაა, რომ ემსახურება არა სამართლებრივი წესრიგის დაცვას, არამედ მოქალაქეთა პოლიტიკური აქტივიზმის შეზღუდვასა და რეპრესიას. საქართველოში ადამიანის უფლებათა კრიზისმა უმძიმესი ფორმები მიიღო და ქვეყანაში ყოველდღიურად იზრდება ძალადობის, საპოლიციო თვითნებობის, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების რაოდენობა, რაც ავტორიტარიზმისკენ აგრესიული შემობრუნების კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“