საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
“მედიის რეფორმირება ეთნიკური უმცირესობების საკითხების გაშუქების კუთხით, დაღმავალ ესკალატორზე აღმა სიარულს უტოლდება”
ოჟი ფლერას (Augie Fleras)
2014 წლის აღწერის მონაცემებით, ყველაზე მსხვილ ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფებს საქართველოში აზერბაიჯანელები (233 000) და სომხები (168 100) შეადგენენ. მოსახლეობის 1%-ზე დაბალია რუსების, ოსების, უკრაინელების, იეზიდების, ბერძნებისა და ასირილების რაოდენობა. ენობრივი თვალსაზრისით, ეთნიკური უმცირესობების ყველაზე ფართოდ გავრცელებული ენა აზერბიჯანულია. მთელს საქართველოში ამ ენაზე 231 000-ზე მეტი ადამიანი საუბრობს. მას მოსდევს სომხური, რომელიც მშობლიური ენაა საქართველოში მცხოვრები 145 000-მდე სომეხისთვის. რელიგიურ აღმსარებლობას თუ დავაკვირდებით, ყველაზე ფართოდ გავრცელებულ უმცირესობას მუსლიმები შეადგენენ (10,7%), სომხური-სამოციქულო ეკლესიის წევრთა წილი კი 2%-ზე მცირედით მეტია.
მნიშვნელოვანია დასაწყისშივე აღვნიშნოთ, რომ მრავალფეროვნების სისტემური გააზრებისთვის საჭიროა გავცდეთ დემოგრაფიულ სტატისტიკას და დომინანტური და არადომინანტური ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ურთიერთმიმართებას ჰოლისტურად შევხედოთ. პროპორციული კონტექსტი მნიშვნელოვანია, თუმცა სისტემური მრავალფეროვნების მხარდამჭერების მთავარი ფოკუსი იმაზეა, თუ, ერთი მხრივ, როგორ აღიქვამს უმრავლესობა უმცირესობას საკუთარ დომინანტურ პრივილეგიებთან მიმართებაში და რამდენად გრძნობს კონკრეტული უმცირესობის ჯგუფი (არ აქვს მნიშვნელობა რამდენი ადამიანისგან შედგება ის), რომ ის ერთიანი საზოგადიოების ნაწილია. უმცირესობების შესახებ რიტორიკა მყარად ფესვგადგმული საზოგადოებრივი მითებით საზრდოობს. მაგალითად, კოვიდპანდემიის პირობებში როგორც მუსლიმ, ისე სხვა რელიგიურ უმცირესობებს უარი ეთქვათ კომენდანტიის საათზე შეღავათების დაწესებაზე თემის მნიშვნელოვანი დღესასწაულების დროს, მაშინ როდესაც, მთავრობის გადაწყვეტილებით, შობისა და აღდგომის დღეებში მართლმადიდებელი მრევლისთვის შეზღუდვები დროებით შემსუბუქდა. უფრო შორს რომ წავიდეთ, გაგვახსენდება ქართველი მუსლიმი თემის მიმართ რელიგიური დანიშნულების სივრცეების გახსნასთან დაკავშირებული დაპირისპირებები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში (ნიგვზიანი (2012), წინწყარო (2012), ჭელა (2013), ქობულეთი (2014), მოხე (2014), ადიგენი (2016), ბუკნარი (2021)). კვლავ ეს თემა რომ გავაგრძელოთ, გავიხსენოთ მუსლიმთა ან სხვა რელიგიური უმცირესობების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვასთან და ისტორიულ და კონფესიულ მესაკუთრესთან მათი დაბრუნების პრობლემური და დისკრიმინაციული პოლიტიკა. აღნიშნული მოვლენების მიღმა ხაზი უნდა გაესვას ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სისტემური დისკრიმინაციის პრაქტიკებს, რაც უმცირესობების დაბალ პოლიტიკურ რეპრეზენტაციას და მონაწილეობას, საჯარო სამსახურში მათ მკვეთრად ასიმეტრიულ დასაქმებას, განათლების უფლებაზე აშკარად უთანასწორო ხელმისაწვდომობას, მათი კულტურული და რელიგიური უფლებების სუსტ აღიარებას და დაცვას უკავშირდება. ტოლერანტობის ფასადურობაზე მსჯელობს სოციოლოგი და რელიგიის მკვლევარი სოფო ზვიადაძე, როდესაც ის საუბრობს “ტოლერანტობის ოპტიკური ილუზიაზე” საქართველოში იმ რეალობის დასახასიათებლად, რომელიც შეეხება ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მიმართ როგორც სახელმწიფოს, ისე საზოგადოებისა და მედიის დამოკიდებულებას. ავტორს მაგალითად მოჰყავს საქართველოში აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელთა 2021 წლის დასაწყისში გავრცელებული პეტიცია ნოვრუზის დასვენების დღედ გამოცხადების შესახებ, რასაც საქართველოს მთავარობამ გულგრილობით უპასუხა. როგორც სტატიის ავტორი ამბობს, “სახელმწიფომ ვერ დაინახა ეთნიკურად და რელიგიურად ყველაზე დიდ თემში, საქართველოს აზერბაიჯანელებში მიმდინარე ახალი პროცესი, როდესაც აზერბაიჯანული თემი თავად ცდილობს განსაზღვროს ადგილი საქართველოში, როგორც პოლიტიკურ ერთობაში. ხოლო საკუთარ კულტურას და ტრადიციებს იყენებს არა უმრავლესობისგან გასამიჯნად და იზოლაციისთვის, არამედ ცდილობს მასთან ჰარმონიული თანაცხოვრების გზები მოძებნოს. ამის საპირისპიროდ, წლების განმავლობაში გრძელდება უმცირესობათა კულტურის არა რეალური დაცვა და გაძლიერება, არამედ კალენდარში გამოყოფილ დროს ოფიციალური მილოცვა ან სახალხო დღესასწაულების კარნავალურობით და ქართული სცენარით აღნიშვნა”.
სოფო ზვიადაძეც აღნიშნავს და მნიშვნელოვანია გავიმეორეთ, რომ მითები და ისტორიის სახელმძღვანელოები, რომლებიც ქართულ ტოლერანტობაზე მისანიშნებლად იქმნება ხოლმე, ხშირად კარგავენ კავშირს და რელევანტურობას აწმყო დროსთან მიმართებით, რაც ტოლერანტობის ამ მითის კრიტიკულ გადააზრებას ითხოვს. კულტურულ უმრავლსობაში შიში იმისა, რომ მიწას, რელიგიას და ეთნიკურ იდენტობას გვართმევენ, ნაციონალისტური განწყობების ძლიერ მამოძრავებელ ფაქტორად რჩება. ეს ღელვა კვალს ტოვებს არა მხოლოდ ნეოკონსერვატიულ ჯგუფებში, არამედ მოსახლეობის ნეიტრალურ ნაწილშიც. ამის პარალელურად, ვხედავთ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების აღიარების ფრაგმენტულ მცდელობებს მედიისა თუ პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, რაც უმცირესობების ინსტიტუციური დისკრიმინაციისა და გამოტოვების რეალობას ძირეულად ვერ ცვლის.
მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ უმცირესობების ჯგუფების აღქმა განვითარებულ საზოგადოებაში პოლიტიკური პროცესის გარდა, სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია. შეიძლება ითქვას, რომ ამ ორივე განზომილებას თანაბარი მნიშვნელობა აქვს საბოლოო მიზნის მიღწევის საქმეში, რაც გულისხმობს მდგრადი ინკლუზიური გარემოს შექმნას და, რაც ასევე მნიშვნელოვანია, უმრავლესობის წარმომადგენელთა ცნობიერების ამაღლებას იმ პასუხისმგებლობებზე, რაც მათ ამგვარი ინკლუზიური გარემოს მშენებლობაში ეკისრებათ. ეს ნიშნავს მედიას, რომლის თითოეული მამოძრავებელი რგოლი სისტემურად იაზრებს მის შეუცვლელ როლს ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის საქმეში.
ქართული მედიის კონტექსტი
უმცირესობების რეპრეზენტაცია მედიაში, უპირველესად, საზოგადოებრივი მაუწყებლის პასუხისმგებლობაა, რომელიც შინაარსობრივი ვალდებულებების მუხლებით განისაზღვრება. მაგალითად, მაუწყებლის შესახებ კანონის მე-16 მუხლში ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია სათანადო პროპორციით განათავსოს უმცირესობის ენაზე, უმცირესობების შესახებ, და უმცირესობების მიერ მომზადებული პროგრამები. ამ ეტაპზე ასე გამოიყურება საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ უმცირესობების ინფორმაციული საჭიროებების გათვალისწინების პოლიტიკა. (1) პირველი არხის ვებ-გვერდი საინფორმაციო სააგენტოს პრინციპით მუშაობს 7 ენაზე (ქართული, აფხაზური, აზერბაიჯანული, სომხური, ოსური, რუსული, ინგლისური). (2) დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვება მოამბე 21:00 საათზე სინქრონულად ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე, რომლის მიღებაც მომხმარებლებს შეუძლიათ სათანადო დეკოდერის (ე.წ. სეტ-ტოპ ბოქსების) მეშვეობით. (3) სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მუშაობს ინტერნეტ ტელევიზია და რადიო. (4) მზადდება საინფორმაციო გამოშვებები სომხური და აზერბაიჯანული ინტერნეტ ტელევიზიისთვის, რომელიც დღეში რამდენჯერმე გადის. (5) სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მზადდება გასართობი, კულტურული, შემეცნებითი და საბავშვო გადაცემები. მნიშვნელოვანია მაუწყებლის პროექტის ტელე-სკოლის როლი უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მცხოვრებთა შორის ქართული ენის სწავლების საქმეში. ამ მიზანს ტელე-სკოლის ერთ-ერთი მიმართულება “ჩვენი ქართული ენა” ემსახურება. ეფექტური საკომუნიკაციო ინიციატივაა ახალი ამბების გავრცელება სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე WhatsApp-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით, რომელიც 2019 წლის აგვისტოდან ამოქმედდა. იმის მიუხედავად, რომ უმცირესობების რეპრეზენტაციის გაზრდაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებენ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ინიციატივას, იქვე იშველიებენ კვლევებს, რომლებშიც ჩანს, რომ უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ინფორმაციის მიღების პრიორიტეტულ წყაროდ მაინც ტელევიზია, ახლობლები და მეგობრები რჩებიან. სახალხო დამცველი, მის 2020 წლის ანგარიშში იმოწმებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერვე ამავე წლის დეკემბერში ჩატარებულ კვლევას “ქვემო ქართლი და სამცხე - ჯავახეთი - ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ტელემაყურებელთა კვლევა”, რომელშიც ვკითხულობთ, რომ სატელევიზიო არხების ვებგვერდებით ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები გამოკითხული უმცირესობის მხოლოდ 4-5% იღებს ინფორმაციას, მაშინ როდესაც ტელევიზიით ინფორმაციის მიღების რაოდენობა ქვემო ქართლშიი 76%-ს, სამცხე-ჯავახეთში კი - 82%-ს უტოლდება. დაბალია საინფორმაციო გვერდებით ინფორმაციის მიღების პრაქტიკა და ის 6-10%-ს უტოლდება დასახლებულ რეგიონებში. ამ კვლევების ფონზე, საინტერესოა დაისვას კითხვა, რატომ ირჩევს საზოგადოებრივი მაუწყებელი საკუთარ ვებ-გვერდს და WhatsApp-ს მრავალფეროვნების პოლიტიკის განხორციელების დომინანტურ პლატფორმებად?
სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოკვლევებში მითითებულია, რომ საინფორმაციო ბადის იმგვარი განაწილება, როდესაც უმცირესობებისთვის მხოლოდ ერთი კონკრეტული დროა (21:00) გამოყოფილი დღის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მოსასმენად, ქმნის ე.წ. “ინფორმაციულ გეტოებს”, რაც აძლიერებს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობების ექსკლუზიას დომინანტური ჯგუფებისგან. ეთნიკური უმცირესოებისთვის განკუთვნილი მოკლე საინფორმაციო მიმოხილვების ზედაპირული სტრქტურა და შინაარსი, ასევე არასტაბილური საეთერო სიხშირე, როდესაც არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული დროები დღის განმავლობაში უმცირესობების ენებზე მომზადებული საინფორმაციო გამოშვებების მოსასმენად, დამაბრკოლებელ ფაქტორად იქცა პანდემიის დროს ინფორმაციის სრულყოფილად მიღების თვალსაზრისით ქვემო ქართლში, სადაც კოვიდით ინფიცირების დინამიკა გამოირჩეოდა გავრცელების სისწრაფით და მასშტაბებით. სოციალური სამართლიანობის ცენტრის 2020 წლის კვლევა, რომელიც დააკვირდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 2020 წლის მარტში მომზადებული მასალების შინაარს და სტრუქტურას, ხაზს უსვამს რომ ეთნიკური უმცირესობებისთვის პანდემიის აფეთქების პირველ ფაზაში მიწოდებული ინფორმაცია იყო დაგვიანებული, არასიღრმისეული და არასტაბილური.
იმავე მაუწყებლის კანონში იმასაც ვკითხულობთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებლის ვალდებულებაა უმცირესობების მიერ ინფორმაციის მომზადების და გავრცელების ხელშეწყობა. მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც, წამყვანებსა და პროდიუსერებს შორის მათაც ვხედავთ. უფრო სიღრმისეულად თუ შევხედავთ, უნდა დავინტერესდეთ რეალურად რა მასშტაბით მონაწილეობენ უმცირესობების წარმომადგენელი თანამშრომლები საინფორმაცი ბადის, ახალი ამბების, რეპორტაჟების შექმნის პროცესში? რამდენად აისახება მედია ორგანიზაციაში მუშაობა, უმცირესობების შესახებ მაუწყებლობის ხარისხისა და შინაარსის ზრდაზე?
უმცირესობებით დასახლებულ რამდენიმე რეგიონში მუშაობს სათემო მედიაც, რომლებიც უნიკალურ გამოცდილებას ქმნის ადგილობრივი თემის გამოწვევებისა და ყოფის ასახვისა და თემთა შორისი დიალოგის მხარდაჭერისთვის. თუმცა აღნიშნულ მედიებთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია დაფინანსების არამდგრადობა, რაც მათი მუშაობის მასშტაბზე და ეფექტიანობაზე ასევე აისახება.
ერთია რა კეთდება უმცირესობების ინფორმაციით უზრუნველყოფის კუთხით, და მეორეა, როგორ აღიქვამს ამას თავად უმცირესობის თემი. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მეინსტრიმული ქართული მედიის ნდობის კრიზისზე მიუთითებს მედიის განვითარების ფონდის 2018 წლის კვლევა, რომელშიც წერია, რომ მეინსტრიმულ მედიასაშუალებებს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების დასახლებულ რეგიონებში გამოკითხულთა მხოლოდ 28.3% ენდობა (სრულიად ან ძირითადად). რაც შეეხება ინფორმაციის მიღების სიხშირეს, როგორც კვლევის ანგარიშშია მითითებული, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად იღებს ოსი რესპონდენტების 83.9%, ქისტების 80.5%, ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენლების 51%, სომხების 21.4% და აზერბაიჯანელების 13.7%. აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ინფორმაციას თითქმის ყოველდღიურად ეთნიკური უმცირესობების სწორედ ის წარმომადგენლები ეცნობიან, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე მაღალია. კვლევის შედეგად დასტურდება, რომ, ზოგადად, საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიღების ძირითად წყაროს საქართველოს სატელევიზიო არხები (47.4%) წარმოადგენს, რაც ეთნიკურობის ჭრილში შემდეგნაირადაა წარმოდგენილო: ოსი - 63.9%, ქისტი - 45.4%, ურბანული მცირე ეთნოსების წარმომადგენელი - 54.5%, სომეხი - 28%, აზერბაიჯანელი - 32.1%. ისევ იმავე კვლევას თუ მოვიშველიებთ, სადაც მითითებულია, რომ უმცირესობები ქართული არხების გვერდის ავლით ხშირად მოიხმარენ რუსულენოვან მედიასაც, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა ენობრივი ბარიერი იყოს. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის ახალი კვლევის “ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სოციალური ექსკლუზია (გარიყვა)” თანახმად, ეთნიკური უმცირესობების 63% ცუდად ან ძალიან ცუდად ცნობს ქართულ ასოებს და კითხულობს ქართულ სიტყვებს. საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების 60%-ს, მათივე შეფასებით, ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთან კომუნიკაცია, ხოლო ქართული ლიტერატურის კითხვა და ტექსტის შინაარსის გაგება ძალიან ცუდად ან ცუდად შეუძლია გაცილებით დიდ უმრავლესობას, ანუ 84%-ს.
ცხადია, პრობლემის ანალიზი აქ არ სრულდება. აუცილებელია დაისვას კითხვა ენობრივი ბარერის გარდა, სხვა რა ფაქტორები აიძულებს საქართველოში მცხოვრებ უმცირესობებს არჩევანი რუსულ არხებზე გააკეთონ. საინტერესოა ვიკვლიოთ, გვაქვს თუ არა შინაარსობრივი გაუცხოების პრობლემაც: ისმენენ თუ არა უმცირესობები იმას, რაც მათ აინტერესებთ და აწუხებთ? ხედავენ თუ არა ისინი საკუთარ თავს ამ ამბებში ან აირეკლავენ თუ არა ტელესახეები მათი თემის წარმომადგენლებს?
ამ სამაგიდო კვლევის მიზანია შეგახსენოთ, რომ მრავალფეროვნების ცნება სცდება ნორმატიულ ჩარჩოს და გულისხმობს მის სისტემურ, კომპლექსურ გააზრებას. კვლევაში წარმოდგენილია რამდენიმე საერთაშორისო მედიასაშუალების (BBC, Reuters, FOX, CNN, Vox Media) მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზი. ანალიტიკურ ჩარჩოდ ვიყენებთ ე.წ. სისტემური აზროვნების მოდელს (Systems Thinking Model), რომელიც ადაპტირებული მეთოდია ისეთი თემებისა და გარემოებების ასახსნელად, რომელთაც არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვთ და მყარად არის ფესვგადგმული საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებსა თუ ცნობიერებაში. მრავალფეროვნება, უდავოდ, მიეკუთვნება ასეთ თემებს. სისტემური აზროვნების მოდელი, ერთი მხრივ, გვეხმარება ნათლად გამოვკვეთოთ მედია მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული აქტუალური პრობლემები და, მეორე მხრივ, შევქმნათ ამ პრობლემების მოგვარების ზოგადი ჩარჩო.
ხაზი უნდა გავუსვათ, რომ დასავლურ მედიაპრაქტიკას არ განვიხილავთ, როგორც უნივერსალური მიდგომების კრებულს. მიზანი უფრო დისკუსიის წახალისებაა მრავლაფეროვნების კომპლექსური იდეის გარშემო, რასაც უნდა მოჰყვეს მრავალფეროვნების პოლიტიკის გადამოწმება და მათი მორგება კონკრეტული კონტექსტის შესაბამის გამოწვევებსა და საჭიროებეზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს სამაგიდო კვლევა შეზღუდულია ამ მიდგომების სრულყოფილ ანალიზში, რაც განპირობებულია იმით, რომ კვლევა არ მოიცავს სიღრმისეულ ინტერვიუებს მედიაორგანიზაციების მენეჯერებთან, სტრატეგიების ავტორებთან, მრავალფეროვნების და ინკლუზიის სპეციალისტებთან, და თავად უმცირესობების თემის წარმომადგენელ მედია პროფესიონალებთან. ეს ინტერვიუები მოგვცემდა საშუალებას გაგვეგო მრავალფეროვნების მხარდჭერის პროგრამების რეალური ძალა და შედეგი. კვლევა შემოიფარგლება მხოლოდ დოკუმენტებში გაწერილი გამოცდილების მიმოხილვით, რამაც ბიძგი უნდა მისცეს მრავალფეროვნების სისტემურ გადააზრებას მედიაპროფესიონალების წრეში.
არანაკლებ მნიშვნელოვანია გამოვკვეთოთ კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც ამ სამაგიდო კვლევის განზოგადებას და ქართულ რეალობაზე მორგებას გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს. კვლევაში განხილული მედიასაშუალებების უმეტესობას საკმაოდ სოლიდური ფინანსები აქვს, რომლის დიდი წილი სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის. კომერციულ მედია არხებს ქართულ ბაზარზე მრავალი სხვა გამოწვევა აქვთ, რომლის გადალახვის ფონზე, ისეთი დიდი ინიციატივების განხორციელება, რომლებზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, შესაძლოა არარეალისტურად გვეჩვენოს, თუმცა მთავარი მაინც მუშაობის მოდელებია, რომელიც მედიამრავალფეროვნების სისტემურ ცვლილებას უკავშირდება და მისი ელემენტები ქართული კონტექსტისთვის ღირებულია.
ანალიტიკური მიდგომის ჩარჩო - სისტემური აზროვნების მოდელი და მისი შესაბამისობა მედიის კვლევასთან
სისტემური აზროვნების მოდელის (Systems Thinking) ზუსტი ქართული განმარტება არ არსებობს, თუმცა შინაარსობრივად, ის მოვლენების, სიტუაციების, საზოგადოებების, ორგანიზაციების, ინსტიტუტებისა და ინდივიდების კომპლექსურ, მრავალშრიან ანალიზს გულისხმობს. სამყაროში, სადაც სოციალური ქსელებისა, თუ სწრაფად განვითარებადი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დამსახურებით, საზღვრები სულ უფრო კარგავს მნიშვნელობას და ყველაფერი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, მნიშვნელოვანია ვიფიქროთ, რამდენად აისახება ეს სინერგიები ადამიანების ყოველდღიურობაზე. როგორც მაიკლ გუდმანი ამბობს, “სისტემური აზროვნების მოდელი ითვალისწინებს მოვლენების წრიულ რიტმს, ასევე სტრუქტურების/ინსტიტუტების როლს იმ საარსებო პირობების შექმნაში, რომელშიც ვცხოვრობთ… ეს მოდელი გვეხმარება იმის გაცნობიერბაში, რომ ჩვენს ქმედებებს შესაძლოა გართულებები მოჰყვეს, რომლის შესახებაც ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.” ის რასაც გუდმანი ამბობს, თავისუფლად შეიძლება მოერგოს ჩვენს ყველა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას და არჩევანს, ისევე როგორც გაცილებით მსხვილმასშტაბიან გადაწყვეტილებებს, რომელთაც კოლექტიური ინსტიტუტები იღებენ. სისტემური აზროვნება, ანალიზის ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით, მოვლენებს არ უყურებს, როგორც ცალკეულ ნაწილებს. პირიქით, სისტემური ხედვა გულისხმობს რაც შეიძლება მეტი და კომპლექსური ჯაჭვების გამოკვეთას, და ამ ნაწილების ერთ მთლიანობაში დანახვას. ანალიზის ეს მოდელი აღიარებს რომ მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ ნაწილების ურთიერთკავშირის, ინტერაქციის ფონზე იბადება და ვითარდება.
როგორ უკავშირდება ეს მედიამრავალაფროვნებას? წარმოვიდგინოთ რუტინული სცენა: მასალის მომზადებისას ჟურნალისტი იწყებს საკითხის მოკვლევას. ინფორმაცია, რომელიც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ არის კონკრეტულად მისთვის, კონკრეტულად იმ დროს ხელმისაწვდომი ინტერნეტში ან ორგანიზაციის არქივში, ხშირად იმით განისაზღვრება რა ინფორმაციას ინახავს საცავი, რა სიტყვებს გამოიყენებს საძიებო ოპერაციის დროს, რა ენაზე გადაწყვეტს ამ ინფორმაციის მოძიებას, ვის დავუკავშირდება რჩევისთვის, ან დაუკავშირდება კი ვინმეს საერთოდ. სისტემური აზროვნების მოდელის მიხედვით საინტერესო იქნებოდა იმის ცოდნაც, რამდენად აცნობიერებს ეთნიკური, ან რომელიმე სხვა უმრავლესობის წარმომადგენელი ჟურნალისტი სხვადასხვა აქტორებისა და გარემოებების გამო ხელოვნურად შექმნილ პრივილეგიებს, რომლებიც მას უმცირესობების წარმომადგენელთან მიმართებაში დომინანტურმა სისტემებმა განუსაზღვრეს. ფიქრობს თუ არა ის ამაზე, როდესაც მრავალფეროვნების თემებზე მუშაობს? და თუ ფიქრობს, როგორ აისახება ასეთი თვითრეფლექსიები ამბის გაშუქებაზე? გადაწყვეტილებათა ეს ცალკეული რგოლები ერთობლიობაში ქმნის ჯაჭვურ სინერგიას, რომელიც ფართო ხედვის კამერით აჩვენებს მრავალფეროვნებისადმი მედიის მგრძნობელობისა და ცოდნის ხარისხს. ზოგჯერ, და შეიძლება ითქვას, რომ უმეტესწილად ამ სინერგიის არსებობისა და, მით უფრო, მისი გავლენის შესახებ არაფერი ვიცით. პრობლემა მაშინ დგება, როდესაც ამ სინერგიის გავლენას ვერ ვამჩნევთ, ან ვამჩნევთ, და გამიზნულად უგულებელვყოფთ.
სისტემური აზროვნების მოდელი სამედიცინო ინსტრუმენტის ფუნქციას ასრულებს, რაც ექიმებს დიაგნოზის დასმაში ეხმარება. ის გვაძლევს სწორი კითხვების დასმის საშუალებას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებამდე. თავად ცნების ავტორის, ბარი რიჩმონდის განმარტება კიდევ უფრო ნათელს ხდის ამ მოდელის არსს: სისტემური აზროვნება გვაძლევს საშუალებას ერთდროულად დავინახოთ ხეები და ტყე. ამისთვის საჭიროა ერთი თვალი ერთს მივაპყროთ, მეორე კი - მეორეს (რიჩმონდი, 1994). ხშირად, როცა მედიას, ან ისეთ კონკრეტულ საკითხებს იკვლევენ, როგორიცაა უმცირესობების საკითხების გაშუქება მედიაში, დაკვირვების ობიექტი ხდება კონკრეტული შემთხვევა ან კონკრეტული პრობლემა, რომელსაც უმცირესობები აწყდებიან, რასაც მოჰყვება რეკომენდაციები და გაიდლაინები, როგორც ერთგვარი რეცეპტი პრობლემის განეიტრალებისთვის. სისტემური აზროვნების მოდელის გამოყენებისას კი ყურადღების ფოკუსში ექცევა არა, მაინცდამაინც, კონკრეტული შემთხვევები ან სოციალური ჯგუფები, არამედ პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემები, რომლებიც გავლენას ახდენს უმცირესობების ყოველდღიურობაზე. ამ სამაგიდო კვლევის მიზანი, გარკვეულწილად, ასეთი კომპლექსური კვლევების წახალისებაც არის მედიამრავალფეროვნების კვლევისა თუ მონიტორინგის სფეროში.
მომდევნო თავებში განვიხილავთ მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის სტრატეგიებს, რომლებსაც დღეს წამყვანი საერთაშორისო მედიის არხები მიჰყვებიან. გარდა ამისა, სტრატეგიების მიმოხილვის ფონზე შევხედავთ რამდენად შესაძლებელია მათი მორგება ქართული მედიის კონტექსტზე. ბოლო, შემაჯამაბელი თავი დაეთმობა რეკომენდაციებს, როგორც ბიძგს მრავალაფეროვნების სისტემური გააზრებისთვის.
ინსტრუქცია