[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / პრაქტიკული სახელმძღვანელო

რა უნდა ვიცოდეთ დაჯარიმების ახალი პრაქტიკის შესახებ

აქციების პარალელურად, „ქართული ოცნება“ აგრძელებს რეპრესიული კანონმდებლობისა და საპოლიციო ძალების გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ. შეკრების დროს გზის გადაკეტვისთვის 5000 ლარიანი ჯარიმა, რომელსაც ხელისუფლება მასობრივად იყენებს, არღვევს ადამიანის უფლებების საბაზისო პრინციპებს და არაკონსტიტუციურია. სანქციის ოდენობის არაპროპორციულობის მიღმა, „ქართულმა ოცნების“ მიერ ჯარიმის დაკისრების ახალი პროცედურის შემოღება ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში სამართლის უზენაესობა არ არსებობს და მთელი ადმინისტრაციულ-ბიუროკრატიული აპარატი პროტესტის დასუსტების უკანონო ამოცანაშია ჩართული.

მას შემდეგ, რაც 7 თებერვლის ცვლილებების საფუძველზე, დემონსტრაციების მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის გამო სამართალდარღვევის ოქმის შედგენა, ანუ „ჯარიმების დაწერა“, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს-ს) გადაიბარა და დაჯარიმება სასამართლო განხილვის გარეშე გახდა შესაძლებელი, მოქალაქეთა მონათხრობზე დაყრდნობით, რამდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა:

  • სამართალდამცავების ჯგუფები გაუფრთხილებლად მიდიან მოქალაქეების სახლებში და აბარებენ საჯარიმო ქვითარს, რასაც უფრო მეტად დემონსტრაციული დაშინებისა და პანიკის დათესვის დანიშნულება აქვს;
  • მოქალაქეებს პოლიციის სხვადასხვა განყოფილებიდან ურეკავენ შსს-ის თანამშრომლები და ატყობინებენ, რომ ისინი დაჯარიმებულები არიან. სთავაზობენ საჯარიმო ქვითრის აღებას განყოფილებაში, ან მის გამოგზავნას;
  • მოქალაქეებისთვის დაჯარიმების შესახებ არ უცნობებიათ არც ზეპირად და არც წერილობით, თუმცა მათ მიმართ გამოწერილი სამართალდარღვევის ოქმი გამოჩნდა ისეთ ბაზებში, როგორებიცაა ge ან video.police.ge.

ამ დოკუმენტში, შევეცდებით ვუპასუხოთ დაჯარიმების პროცესის ირგვლივ არსებულ ძირითად შეკითხვებს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, თუმცა ასევე, ვაცნობიერებთ, რომ შესაძლოა, ეს ნორმები პრაქტიკაში განსხვავებულად იქნეს გამოყენებული მათი არაკეთილსინდისიერი განმარტების, ან უბრალოდ საკანონმდებლო მოთხოვნების უგულებელყოფის გამო.

  1. რის საფუძველზე გვაჯარიმებენ?

შსს მოქალაქეების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (ასკ) იყენებს. ამ კოდექსის საფუძველზე წარმოებული სამართალდარღვევის საქმეში თქვენ არ ხართ ბრალდებული და თქვენ წინააღმდეგ არ გამოდის პროკურორი, არამედ შსს-ს თანამშრომლები. სამართალდამრღვევად ცნობის შემთხვევაში, მოქალაქე სისხლის სამართლის წესით მსჯავრდებული არ არის და, შესაბამისად, არც ნასამართლევად ჩაითვლება.

ბოლო პერიოდში დაჯარიმებული მოქალაქეების დიდი ნაწილი ასკ-ს 174 პრიმა მუხლის საფუძველზე ჯარიმდება. ეს მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას იმ წესების დარღვევისთვის, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების გამართვას  არეგულირებს. ამ წესების ნაწილი კი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონშია მოცემული.  ასკ-ს 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა (მათ შორის, 5000 ლარიანი ჯარიმა) “გზის ხელოვნურად გადაკეტვისთვის”.[1]  

  1. რა ქმედებისთვის გვაჯარიმებენ?

დემონსტრანტების წინააღმდეგ მასობრივად გამოყენებული ჯარიმები ფორმალურად რუსთაველის გამზირის „ხელოვნურ გადაკეტვისთვის” არის დაკისრებული. ხშირად, მოქალაქეები მიუთითებენ, რომ იმ დღეს, როდესაც შსს მათ სამართალდარღვევის ჩადენას ედავება, „უკვე გადაკეტილ რუსთაველზე“ მივიდნენ, მათ შორის, მას შემდეგ, რაც გამზირზე პოლიციის მანქანები იყვნენ განლაგებული და სატრანსპორტო მოძრაობას თავად ზღუდავდნენ.

საქმე იმაშია, რომ არც შსს და არც სასამართლო მხედველობაში არ იღებს, მაინც როგორ, რა გარემოებებში გადაიკეტა გზა და მონაწილეობდა თუ არა „დასაჯარიმებელი“ პირი ამ პროცესში. სასამართლოს განმარტებით, „ხელოვნურად გზის გადაკეტვაში მონაწილედ მიიჩნევა პირი, რომელიც შესაძლოა ამგვარი ქმედების დაწყების პროცესში არ იღებდეს მონაწილეობას, თუმცა მოგვიანებით უერთდება აქციის მონაწილეთა იმ რაოდენობას, რომელიც საკმარისი არ არის გზის გადასაკეტად.“[2]

  1. ვინ გვაჯარიმებს?

7 თებერვლამდე მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, გზის გადაკეტვისთვის ოქმს შსს ადგენდა, რომელიც შემდგომ სასამართლოს წარედგინებოდა. სასამართლო ადგენდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს და ასევე, განსაზღვრავდა შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელს (მაგ., ჯარიმა, ადმინისტრაციული პატიმრობა). სასამართლო ასევე უფლებამოსილი იყო, ეთქვა, რომ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია და შეეწყვიტა წარმოება. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსამართლე ადგენდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, თუმცა სამართალდამრღვევს მხოლოდ „სიტყვიერ შენიშვნას“ უცხადებდა, რაც ნიშნავს, რომ პირს დარღვევა „ეპატია“ მცირე მნიშვნელობის გამო.

  1. როდის ჩაითვლება ჯარიმა ჩაბარებულად?

ბოლო დღეებში მოქალაქეებმა აღმოაჩინეს, რომ მათი ჯარიმები გამოქვეყნდა ისეთ ვებ-გვერდებზე, როგორიცაა video.police.ge-ზე  ან protocols.ge-ზე, რამაც დაბნეულობა გამოიწვია. გაჩნდა შეკითხვა, ითვლება თუ არა ასეთი გამოქვეყნება ჯარიმის ჩაბარებად და, შესაბამისად, როდიდან აითვლება ჯარიმის გადახდის ან გასაჩივრების ვადა. 

ჩვენი შეფასებით, რომელიც მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ანალიზს ეფუძნება, ტელეფონზე დარეკვა, ან რომელიმე პორტალზე დოკუმენტის ატვირთვა არ ნიშნავს ჩაბარებას ორი ძირითადი მიზეზის გამო:

კერძოდ, აქციის მონაწილეების მიერ შედგენილი სამართალდარღვევის ოქმების ჩაბარებაზე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი წესი ვრცელდება:2

  • საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, პირს ეგზავნება მისამართზე (ფოსტის გამოყენებით).
  • საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება, თუ მას ჩაიბარებს ამავე მისამართზე მცხოვრები სრულწლოვანი ოჯახის წევრი ან თავად ადრესატი.
  • თუ რაიმე მიზეზით პირმა საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაიბარა (მაგლაითად, ადგილზე არ დახვდა არც თავად და არც ოჯახის წევრი), დოკუმენტი ბრუნდება ფოსტაში. ამ მომენტიდან, მინიმუმ 30 და მაქსიმუმ 60 დღეში, ამავე მისამართზე პირს ხელახლა ეგზავნება ქვითარი.
  • საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ მეორედ მიტანის შემთხვევაში პირი ან მასთან მცხოვრები სრულწლოვანი ოჯახის წევრი უარს განაცხადებს მის ჩაბარებაზე.
  • იმ შემთხვევაში, თუ პირმა ან მისმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაიბარა (რადგან არც მეორეჯერ იყო ადგილზე), ფოსტა დოკუმენტს უბრუნებს შსს-ს, რომელმაც ის საჯაროდ უნდა გამოაქვეყნოს. ამ შემთხვევაში, საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ჩაითვლება მისი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
  1. კანონმდებლობით არ არის დადგენილი გზის გადაკეტვისთვის ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი და ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს ჯარიმებს რუსთაველის გამზირზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების გამოყენებით უწერენ, ეს ქვითრები არ არის ე.წ. „ვიდეოჯარიმა“, რომელთა pge-ზე გამოქვეყნება განთავსება ოფიციალურად გამოქვეყნებად შეიძლება ჩაითვალოს ვებ-გვერდები video.police.ge და protocols.ge მხოლოდ ჯარიმების გადამოწმებას ემსახურება. კანონმდებლობის თანახმად, „საჯაროდ გამოქვეყნების“ კონტექსტში განიხილება მხოლოდ შსს-ს ოფიციალური ვებ-გვერდი, ანუ police.ge (ვრცლად იხ., მომდევნო ქვეთავში).

5. სად ვიპოვო და როდის ჩაითვლება ჯარიმა საჯაროდ გამოქვეყნებულად?

როგორც ითქვა, გზის გადაკეტვისთვის მოქალაქეების დაჯარიმების უფლებამოსილება შსს-ს ახლახან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებებით მიენიჭა. აქამდე ჯარიმის დაკისრება სასამართლოს მიერ ხდებოდა და ამიტომ შსს-ს მიერ საჯარიმო ქვითრის ჩაბარებისა და საჯაროდ გამოქვეყნების საკითხი რელევანტური არ იყო.

7 თებერვლის შემდეგ, შსს-ს მიერ „ჯარიმების გამოწერის“ პრაქტიკაში გამოკვეთილი ტენდენციები აჩვენებს, რომ რეალურად არ არსებობს წესი ან პრაქტიკა, რომლითაც მსგავსი ჯარიმების გამოქვეყნება მოხდება; არ არსებობს არც შესაბამისი ტექნიკური ინფრასტრუქტურა.

კანონმდებლობით, ყველა შემთხვევაში, როდესაც საუბარია საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებაზე, შესაბამის ორგანოებს, აქვთ ვალდებულება, შეიმუშაონ საჯარიმო ქვითრის გამოქვეყნების წესი და საჭიროებისამებრ, შესაბამისი პორტალი. ამის საფუძველზეა შექმნილი რამდენიმე სხვადასხვა ვებგვერდი, მაგალითად, police.ge-ის კონკრეტული ველები. საქართველოს შს მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N534 ბრძანების თანახმად, ფოსტის მიერ უწყებისთვის დაბრუნებულ საჯარიმო ქვითარს შსს დაუყოვნებლივ აქვეყნებს საჯაროდ, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – „www.police.ge“-ზე „საჭირო ინფორმაციის“ ველში.[3] თუმცა, ეს დათქმა, ამავე ბრძანების თანახმად, შეეხება მხოლოდ კონკრეტულ დარღვევებს, რომელზეც შსს-ს აქვს ე.წ. „ვიდეოჯარიმის“ გამოყენების უფლებამოსილება. გზის გადაკეტვისთვის ჯარიმა ამ კატეგორიას არ განეკუთვნება და ამიტომ ვერც ეს წესი იქნება გამოყენებული.

ამიტომ, ახლა ასეთი მოცემულობაა: იმ შემთხვევაში, თუ საჯარიმო ქვითარს მისამართზე ორჯერ ვერ ჩაიბარებთ და ის ფოსტით შსს-ს დაუბრუნდება, იგი ვალდებულია ქვითარი საჯაროდ გამოაქვეყნოს, თუმცა დადგენილი არ არის არც მისი გამოქვეყნების წესი და არც ადგილი.

შესაბამისად, თქვენი ჯარიმის ისეთ პორტალებზე გამოქვეყნება, რომლებიც საამისოდ არ არის გამიზნული (video.police.ge-ზე  ან protocols.ge) ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ თქვენ მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც თქვენ ჯერ არ ჩაგბარებიათ და, შესაბამისად, ასეთი გამოქვეყნება სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობს: არ დაწყებულა გადახდის და გასაჩივრების ვადების დინება.

  1. როგორ უნდა მოვიქცეთ საჯარიმო ქვითრის ჩაბარების შემდეგ?

მას შემდეგ, რაც საჯარიმო ქვითარს პირველ ან მეორე ცდაზე ჩაიბარებთ, ან ვერჩაბარების შემდეგ, ის რაიმე წესით (რომელიც ჯერ დადგენილი არ არის) საჯაროდ გამოქვეყნდება:

  • სამართალდარღვევის ოქმი უნდა გავასაჩივროთ ზემდგომ ორგანოში, ამ შემთხვევაში, შსს-ში, ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.[4]
  • შსს-ს აქვს მაქსიმუმ 30-დღიანი ვადა იმისთვის, რომ საჩივარი განიხილოს.[5]
  • ჩაბარებული დადგენილება, 10 დღის ვადაში შეგიძლიათ გაასაჩივროთ საქალაქო სასამართლოში, რომელსაც ასევე განხილვის 30-დღიანი ვადა აქვს.
  • ამ პერიოდში, ჯარიმის გადახდის ვადა შეჩერებულია და ის განახლდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოს დადგენილებას ჩაიბარებთ.
  • გაითვალისწინეთ ისიც, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრება არ აჩერებს ჯარიმის გადახდის ვადას.[6]

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის მიხედვით, ასეთად ჩაითვლება გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა მაშინ, როდესაც შეკრების მონაწილეთა რაოდენობა მანიფესტაციის სხვაგვარად ჩატარების შესაძლებლობას იძლევა.

[2] თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2025 წლის 6 თებერვლის დადგენილება საქმეზე N4/962-25.  

[3] შს მინისტრის 2017 წლის 31 მარტის N534 ბრძანების „ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევის ფაქტზე საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი ნაწილი.

[4] იქვე, 273-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

[5] იქვე, 276-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.

[6] იქვე, 272-ე მუხლის მე-4 ნაწილი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“