[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / პრაქტიკული სახელმძღვანელო

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქება - დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისათვის

ლაშა ქავთარაძე 

დამიანებს,ვენ შორის არსებული განსხვავებები კი არ გვყოფს, არამედ ჩვენივე უუნარობა, ეს განსხვავებები ვაღიაროთ, მივიღოთ და ვიზეიმოთ.

ოდრი ლორდი -

ამერიკელი ფემინისტი მწერალი და აქტივისტი

2005 წელს ყველაზე დიდმა ყოველდღიურმა გაზეთმა დანიაში, Jyllands-Posten-მა, ისლამის თემაზე 12 კარიკატურა დაბეჭდა. ერთ-ერთ კარიკატურაზე გამოსახული იყო ისლამის დამაარსებელი მოციქული მუჰამედი, რომელსაც თავზე ხელყუმბარის ფორმის თავსაფარი ეხურა. მღელვარება და საპროტესტო აქციები, რაც კარიკატურების გამოქვეყნებას მოჰყვა სხვადასხვა ისლამურ ქვეყანაში, თვეების განმავლობაში გაგრძელდა და რამდენიმე არაბული ქვეყნის ელჩის დანიიდან გაწვევითა და არაბულ ქვეყნებში დანიური პროდუქციის ბოიკოტით დასრულდა. მალევე გაირკვა, რომ იმავე რედაქტორმა ორი წლით ადრე იესო ქრისტეს მსგავსი ტიპის კარიკატურების დაბეჭდვაზე უარი თქვა, იმ მოტივით, რომ გამოსახულებები ქრისტიანთა გრძნობებს შეურაცხყოფდა (Fouché, 2006).

ერთი წლის თავზე გაზეთის რედაქტორმა ოფიციალურად მოიხადა ბოდიში მუჰამედის კარიკატურის გამოც (Watt, 2006), თუმცა დაპირისპირება, რომელიც დანიაში ეთნიკური და რელიგიური უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფებს შორის წარმოიშვა, წლების განმავლობაში გაგრძელდა. ამ დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ფრონტის ხაზი კი გაზეთის ფურცლებზე გადიოდა. როგორც სოციალური კვლევების დანიური ეროვნული ცენტრის მკვლევრები აღნიშავენ, კარიკატურების გამოქვეყნებიდან 5 წლის შემდეგაც კი, წამყვან გაზეთებში გრძელდებოდა „მუსლიმებისა და ისლამის ნეგატიური კუთხით წარმოჩენა და დასული იყო ისეთ თემებამდე, როგორიცაა ექსტრემიზმი, ტერორიზმი და შარიათი, მაშინ, როდესაც პოზიტიური ქმედებები და კრიტიკული საკითხები, მაგალითად - რასიზმი და მუსლიმთა დისკრიმინაცია, თითქმის გაქრა მედიაში“ (Jacobsen et al., 2012). შედეგად, დანია დღემდე მიიჩნევა ქვეყნად ევროპაში, სადაც ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის ნიშნები ჯერ კიდევ იოლი ამოსაცნობია. მაგალითად, ქვეყანაში მოქმედებს ე.წ. „გეტოების კანონი“, რომლის მიხედვითაც, ამა თუ იმ საცხოვრებელ არეალში მხოლოდ კონკრეტული რაოდენობის არადასავლეთევროპული წარმოშობის მცხოვრებს შეუძლია იქირაოს ან იყიდოს ბინა, ემიგრანტების დიდი რაოდენობით კონცენტრაციის თავიდან ასაცილებლად (Seemann, 2021).

დანიის ეს კონკრეტული მაგალითი ცხადყოფს, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ერთი თემის გაშუქებამ მედიაში კონკრეტული სოციალური ჯგუფების თუ მთლიანად საზოგადოების ცხოვრებაზე. თავისთავად ცხადია, რომ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობებისთვის არახელსაყრელი გარემოს შექმნა კომპლექსური სოციალურ-პოლიტიკური საკითხია, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ამ გარემოს შექმნაში მედია განსაკუთრებულ როლს ასრულებს.

1990-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც საქართველოში მედიაპლურალიზმი, შეზღუდულად, თუმცა მაინც ჩნდება, საზოგადოებაში მედიის როლის ლიბერალურ დემოკრატიებში არსებული გაგება იკიდებს ფეხს. ამ გაგების არაერთი კრიტიკის მიუხედავად, მათ შორის, კომერციალიზაციისა და ელიტიზმის გამო, მის უპირატესობაზე საუბრისას სამ მთავარ ასპექტზე ამახვილებენ ყურადღებას: ინფორმაციის გავრცელების თავისუფლება გარეშე ჩარევებისაგან დამოუკიდებლად, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ფარგლებში სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინება და ინდივიდების, ჯგუფებისა და მთლიანად საზოგადოების დაცვა მედიის მავნე ზეგავლენისაგან (Keller, 2011). წინამდებარე გამოცემა ამ სამიდან განსაკუთრებით ბოლო ასპექტზე შეჩერდება, ვინაიდან მიზნად ისახავს, რომ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების მედიაში გაშუქების დამხმარე სახელმძღვანელოს ფუნქცია შეასრულოს.

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქების მნიშვნელობაზე საუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით მსჯელობას ზოგადად მედიის როლზე, საზოგადოების ჰარმონიულ თანაარსებობაში (Social cohesion). საზოგადოების ჰარმონიული თანაარსებობის ცნება გულისხმობს, რომ ერთ სივრცეში თანამცხოვრებ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს სჭირდება ერთგვარი შემკვრელი, შემაკავშირებელი ღირებულებითი ორიენტირები, რომლებიც მათ დაეხმარება, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეძლონ ერთიან საზოგადოებად არსებობა და სხვა საზოგადოებებისაგან საკუთარი თავის განსხვავებება (Jakubowicz, 2007). ამ თვალსაზრისით გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საჯარო სივრცის ცნებას, რომლის ფარგლებშიც ყალიბდება სწორედ ამგვარი შემაკავშირებელი ღირებულებითი ორიენტირები და რომლის გაჩენასა და განვითარებაშიც განსაკუთრებულ როლს ასრულებს მედია (Habermas, 1991). თუმცა მედიასა და მედიის როლზე საუბრისას, განზოგადებების ხარჯზე, ზოგჯერ ნაკლები ყურადღება ეთმობა უშუალოდ ჟურნალისტების ყოველდღიურ რუტინულ საქმიანობას. რეალურად კი, სწორედ ჟურნალისტების მიერ ყოველდღიურად მიღებული გადაწყვეტილებები, თუ რა და როგორ გააშუქონ, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ზოგადად მედიის მუშაობასა და მის გავლენაზე საზოგადოებაში. ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს სარედაქციო პოლიტიკისა და ზოგადად მედიის სისტემების მნიშვნელობას. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მედიასისტემები, სარედაქციო პოლიტიკა და ცალკეული ჟურნალისტური პრაქტიკა ერთიანობაში ქმნის მედიებს ისეთებად, როგორებიც არიან.

ამიტომაც, ჟურნალისტიკას ხშირად ისტორიის პირველ ვერსიასაც უწოდებენ. რა თქმა უნდა, სხვა ფაქტორები, როგორიცაა მედიასაშუალებების სარედაქციო პოლიტიკა, ზოგადად ქვეყანაში არსებული მედიასისტემები და მედიის ეკონომიკური მდგრადობა უკიდურესად მნიშვნელოვანი ფაქტორებია საზოგადოებაზე მედიის გავლენების გასააზრებლად. თუმცა, სწორედ ცალკეული ჟურნალისტების ყოველდღიური რუტინა განსაზღვრავს დიდწილად, თუ რა განწყობები იარსებებს ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯგუფებისადმი, რა ღირებულებების გამტარი იქნებიან მედიასაშუალებები და როგორ აისახება ეს განწყობები და ღირებულებები ამ ჯგუფების კეთილდღეობაზე. საჯარო სივრცის მასობრივი გაციფრულებისა და სოციალური მედიის გავლენის ზრდასთან ერთად კი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ცალკეული ჟურნალისტების მიერ ეთიკური და საზოგადოების ჰარმონიული თანაარსებობისაკენ მიმართული საქმიანობა. შესაბამისად, წინამდებარე სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი სოციალური პრობლემების ინდივიდუალიზაციისა და ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებზე აქცენტირების წინააღმდეგია იდეურად, თუმცა, ამავე დროს, იმ დადებით ცვლილებებზეც მიუთითებს, რომელთა მოტანაც ეთიკური თვალსაზრისით მაღალი სტანდარტის მედიაპრაქტიკას შეუძლია.

ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობასა და მედიას შორის ურთიერთმიმართება არ უნდა განვიხილოთ უნივერსალურ გამოცდილებად, რომელიც ყველა საზოგადოებისთვის ერთნაირია. პრობლემები, რომელთა წინაშეც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები აღმოჩნდებიან ხოლმე მედიის დამსახურებით თუ მედიის გამოყენებით, შესაძლოა, გარკვეულწილად თანხვედრაში იყოს, სხვადასხვა ქვეყნის შემთხვევას თუ განვიხილავთ. მაგალითად, ამ ჯგუფების რეკონსტრუქცია მედიაში ისეთი დიქოტომიების შუქზე, როგორიცაა „ჩვენ“ და „ისინი“, „ადგილობრივი“ და „ჩამოსული“, „შინაური“ და „უცხო“, „მეგობარი“ და „მტერი“ - საყოველთაოდ გავრცელებული პრაქტიკაა. ეს კი გამომდინარეობს ადამიანების ბუნებრივი მიდრეკილებიდან, იოლად გამონახონ საერთო ენა ადამიანებთან, რომლებთანაც უფრო იოლად ახერხებენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას. მიუხედავად ამისა, სხვადასხვა საზოგადოებაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების მედიასთან ურთიერთობის სხვადასხვა ასპექტი განსხვავებული სიმწვავით დგას. მაგალითად, თუკი ამერიკულ მედიაში ამ თემაზე დებატები უფრო ხშირად რასობრივ კონტექტში განიხილება, ევროპის რიგ ქვეყნებში (მაგ., საფრანგეთი, შვედეთი, დანია და ა.შ.) უფრო მეტად ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან ემიგრაციის კონტექსტი იძენს ხოლმე მეტ სიმწვავეს. შესაბამისად, წარმოუდგენელია ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული გამოცდილებების უაპელაციოდ ქართულ რეალობაში გადმოტანა.

საქართველოში, სადაც ისტორიულად არაერთი ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს, ამ ჯგუფების ჰარმონიული თანაარსებობა დომინანტურ ეთნიკურ და რელიგიურ ჯგუფებთან, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა როლს შეასრულებენ მედიის წარმომადგენლები ამ ჰარმონიული საჯარო სივრცის ჩამოყალიბებაში. სწორედ აქედან გამომდინარე, საჭიროდ მივიჩნევთ ჟურნალისტებისათვის დამხმარე სახელმძღვანელოს შექმნას, რომელიც, ერთი მხრივ, დამწყებ თუ პრაქტიკოს ჟურნალისტებს დაეხმარება საკუთარ საქმიანობაზე რეფლექსიაში და, მეორე მხრივ, თავს მოუყრის იმ ორიენტირებს, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ეთიკური და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ჟურნალისტიკა.

ზოგადად, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებული ჯგუფებისა და მედიის ურთიერთმიმართებაში სამი ასპექტი შეიძლება გამოიყოს:

  • ვინ აშუქებს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ თემებს?
  • რას აშუქებს მედია ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ?
  • როგორ აშუქებს მედია ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებს?

ვინ საუბრობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საკითხებზე მასმედიაში, აქვთ თუ არა წვდომა ამ ჯგუფებს მედიაზე, მონაწილეობენ თუ არა ამ ჯგუფების წევრები მათ შესახებ მედიაპროდუქტების მომზადებაში, ხდება თუ არა მათი მედიარეპრეზენტაცია ეკრანებსა და პრესის ფურცლებზე და დომინანტ ჯგუფს მიკუთვნებული ადამიანები ხომ არ მიიწერენ ცოდნას უმცირესობების პრობლემებზე - სწორედ ამას შეეხება ზემოთ გამოყოფილი ასპექტებიდან პირველი, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო მედიის პრაქტიკა მიმოხილული აქვს სალომე აფხაზიშვილის, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიერ გამოცემულ პუბლიკაციაში, „სისტემური მედიამრავალფეროვნება“.

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია, რომ ამ სამი ასპექტიდან ბოლო ორს შეეხოს და თავი მოუყაროს საბაზო ინფორმაციას, რომელიც ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებულ საკითხებში იოლად გარკვევაში დაეხმარება. სახელმძღვანელო პრაქტიკული ხასიათისაა და აქცენტს აკეთებს კონკრეტული თემების ანალიზზე, არსებული მედიაპრაქტიკის გათვალისწინებით, თუმცა ნებისმიერი პრაქტიკის ფუნდამენტი თეორიული ცოდნაა, რის გამოც შემდეგ ქვეთავში მოკლე თეორიული ინფორმაციაც იქნება გადმოცემული. ამ თეორიულ მიმოხილვას კი მოჰყვება იმ განსაკუთრებით პრობლემური საკითხების განხილვა, რომლებიც ქართულ მედიაში გვხვდება.

ეთნიკურ_და_რელიგიურ_უმცირესობებთან_დაკავშირებული_საკითხების_გაშუქება_1702398721.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“