[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ეთნიკური უმცირესობები / კვლევა

შიშველი შრომა - არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები სოფლის მეურნეობაში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  29

გამოცემის წელი:  2022

მკვლევრები: 

შიშველი_შრომა_1681122732.pdf

ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის სახელმწიფო მნიშვნელოვან ინვესტიციებს ახორციელებს. საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიული ხედვები წინა წლებშიც და ახალ 2021-2027 წლების ციკლშიც, მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით, ითვალისწინებს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს აგროსასურსათო სექტორში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სურსათის უვნებლობასა და სოფლად სიღარიბის დაძლევას. 2021-2027 წლების სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის მიხედვით, „2012 წლიდან საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი და ქვეყნისთვის უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებისთვის,[1]“ რომლის მიზანიც ქვეყნის მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობაში ყოველწლიურად ასეულობით მილიონი ლარის ინვესტირება ხდება და ჭარბი სუბსიდირება ხორციელდება, ამ დარგის რენტაბელურობას რიგი ექსპერტები ეჭვით უყურებენ[2]. კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველია ისიც, რომ გაზრდილი მხარდაჭერის მიუხედავად, სოფლის მეურნეობის დარგში ეკონომიკური ზრდა მთლიანი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს ჯერ კიდევ ათჯერ ჩამოუვარდება.[3] აღსანიშნავია, რომ სოციალური სახელმწიფოს და თანასწორობის პრინციპებიდან გამომდინარე და სტაბილური ეკონომიკური განვითარებისთვის, სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და მის განვითარებაზე პროაქტიული მუშაობა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რადგანაც საქართველოს მოსახლეობის 41% ჯერ კიდევ სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული და ზოგიერთი რეგიონისთვის ის ეკონომიკის წამყვან დარგს წარმოადგენს[4], ხოლო ქვეყნის სამომხმარებლო კალათის 80% იმპორტირებული საქონელია[5].

როდესაც სოფლის მეურნეობისა და სიღარიბის თანაკვეთაზე  ვმსჯელობთ, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ცენტრსა და რეგიონებს შორის ისედაც არსებული ღრმა ეკონომიკური უთანასწორობა. ცხოვრების დონის მიხედვით, მნიშვნელოვანი განსხვავებებია სოფლის და ქალაქის ტიპის დასახლებებს შორის. მაგალითად, 2018 წელს სოფლად მცხოვრებ შინამეურნეობებთან შედარებით, ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების საშუალო თვიური შემოსავალი 19.0%-ით მაღალი იყო. იმავე წელს, აბსოლუტური სიღარიბე სოფლად 23.1%-ს და ქალაქად − 18.0%-ს შეადგენდა.[6] ცენტრსა და რეგიონებს შორის უთანასწორობა ჩანს საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარების ხარისხშიც, რაც ცხადია, მძიმე გავლენას ახდენს რეგიონების განვითარების შესაძლებლობებზე. მაგალითად, გზების, საჯარო ტრანსპორტის, ელექტროენერგიისა და სხვა ენერგო საშუალებების გაუმართავი სისტემები პირდაპირ ახდენს გავლენას სოფლის მეურნეობაში ჩართული გლეხებისა და ფერმერების ყოველდღიურობაზე.   

ამასთანავე, ჯერ კიდევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სოფლის მეურნეობის შიგნით არსებული ეკონომიკური  უთანასწორობები. გარდა კოოპერატივებისა, სოფლის მეურნეობის სამინისტრო არ განმარტავს, თუ რას ნიშნავს მცირე და საოჯახო მეურნეობა, თუ ფერმერი[7]. სოფლის მეურნეობაში განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებად არიან დანახულნი ქალები, შშმ პირები და ეთნიკური უმცირესობები, რომლებიც ხშირად ვერ ფლობენ მიწას, ან ვერ სარგებლობენ არსებული პროგრამებით. FAO-ს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია აღნიშნული ჯგუფების საჭიროებების უკეთ დანახვა და მათი გადაჭრისთვის სპეციალური ნაბიჯების გადადგმა.[8] 2021 წლის Human Development İndex (HDI) მიხედვით, საქართველოს, პანდემიის კრიზისის მიუხედავად, ძალიან მაღალი მაჩვენებელი აქვს (0.802). თუმცა, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისა და რეგიონების მიხედვით უთანასწორობების დათვლის შედეგად, მაჩვენებელი 12-ით მცირდება და ჩამოდის 0.706 ქულამდე[9].

ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების შედეგად, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები უფრო სტრუქტურირებული, ერთიანი და გამჭვირვალე გახდა[10]. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფარგლებში შექმნილმა სოფლის განვითარების სააგენტომ, გარკვეულწილად გააერთიანა ყველა პროგრამა და სერვისი, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს მცდელობებს, სოფლად რეალური კეთილდღეობის შექმნის მიზნით[11].

ამ დოკუმენტის მიზანია, დასვას კრიტიკული კითხვები და დააკვირდეს სოფლის მეურნეობაში სახელმწიფოს პროგრამებს და ინვესტიციებს იმ ლინზით, რომელიც შესაძლოა სამინისტროს და შესაბამისი უწყებების ყურადღების მიღმა რჩება. ერთ-ერთი ასეთი საკითხი სოფლის მეურნეობაში დასაქმებული არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების საჭიროებებია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის აქტიური მუშაობა არადომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ რეგიონებში აჩვენებს, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გლეხები ხშირად ვერ სარგებლობენ სოფლის მეურნეობაში არსებული პროგრამებით და პროექტებით, ისინი ხშირად საუბრობენ მიწის რესურსების უსამართლო და დისკრიმინაციულ გადანაწილების გამოცდილებაზე მათ სოფლებში, რომელიც 90-იან წლებსა და ასევე უახლესი წლების პრივატიზების ფრაგმენტული და უკონტროლო პროცესის შედეგია. ეთნიკური უმცირესობების სოფლებში სარწყავი წყლის სისტემები ხშირად გაუმართავია და მწვავე ტვირთად აწვება ადგილობრივებს. ამ ჯგუფებისთვის შეზღუდულია სოფლის მეურნეობის ახალ პროგრამებზე და  ცოდნაზე ხელმისაწვდომობაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, უმცირესობების წარმომადგენლები თვითორგანიზებით, საკუთარი შრომითა და მეურნეობის წარმოების ტრადიციული მეთოდებით აგრძელებენ მუშაობას და ქვეყნის მასშტაბით რიგი პროდუქტების წარმოების მაჩვენებლით ლიდერობენ კიდეც. მაგალითისათვის, 2018 წლის მონაცემებით საქართველოში კარტოფილის მოსავლის ყველაზე მასობრივი მწარმოებელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონია, ხოლო, რძის პროდუქტებისა და მეცხოველეობის კუთხით ყველაზე პროდუქტიული რეგიონი ქვემო ქართლი იყო.[12]  

ამ ყველაფრიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დავსვათ კითხვები, თუ როგორ მუშაობენ სოფლის მეურნეობის უწყებები ეთნიკური ჯგუფების მხარდაჭერისთვის, როგორ ნაწილდება სახელმწიფო და საერთაშორისო ინვესტიციები რეგიონების მიხედვით, როგორ ეხმარება სახელმწიფო იმ დარგებს, რომელშიც ეთნიკური უმცირესობები არიან ჩართულნი. ასევე, საინტერესოა, თუ ძირითადად რომელი სოციალური ჯგუფები იღებენ მხარდაჭერას სახელმწიფოსგან, მცირე ფერმერები თუ დიდი ბიზნესმენები, როგორ ყალიბდება პრიორიტეტული მიმართულებები სოფლის მეურნეობაში და როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, ამა თუ იმ პროგრამის დაფინანსების შესახებ.

სოფლის მეურნეობის გაზრდილი მხარდაჭერის და ინვესტიციების ფონზე, მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ თუ რამდენად სამართლიანად, ინკლუზიურად და თანაბრად ჩადის აღნიშნული რესურსები უშუალოდ გლეხებამდე და ფერმერებამდე სხვადასხვა რეგიონის მიხედვით და რამდენად ხელმისაწვდომია ამ პროგრამებში და პროექტებში მონაწილეობა სხვადასხვა ჯგუფისთვის.   

შიშველი_შრომა_1681122732.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027 https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/27243

[2] საქართველოს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/

[3] საქართველოს სოფლის მეურნეობა 2012-2019 წლების ძირითადი ტენდებციები https://transparency.ge/sites/default/files/sakartvelos_soplis_meurneoba.pdf

[4] იქვე

[5] საქართველოს სოფლის მეურნეობა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ნაწილია https://forbes.ge/saqarthvelos-sophlis-meurn/

[6] საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027 https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/27243

[7] https://www.fao.org/3/ca9822en/CA9822EN.pdf

[8] იქვე

[9] Georgia ranks high on Human Development Index https://www.undp.org/georgia/press-releases/georgia-human-development-index

[10] სიღრმისეული ინტერვიუ ექსპერტთან, ინტერვიულ N1.

[11] სოფილის განვითარების სააგენტო http://www.rda.gov.ge/ge/static/chvenshesakheb

[12] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური https://www.geostat.ge/ka/modules/categories/93/regionuli-statistika

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“