[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

შესაძლებელია თუ არა საქართველოს "ბელარუსიზაცია"?

მალხაზ სალდაძე, ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი კორეაში, ასისტენტ პროფესორი

ჯერ 2023 წლის, და შემდგომ, 2024 წლის გაზაფხულზე, საქართველოს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ, რომელსაც საბოლოოდ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ეწოდა, და რომელიც საბოლოოდ ხმაურიანი ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და საერთაშორისო კრიტიკის ფონზე საქართველოს პარლამენტმა მაინც მიიღო, ეჭვები დაბადა საქართველოს დემოკრატიული განვითარების პერსპექტივის შესახებ. საერთაშორისო და ქართულ მედიაში, „ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკულად განწყობილ საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა კითხვა, ხომ არ ხდება „საქართველოს ბელარუსიზაცია?“ ნებისმიერი კითხვა თავისთავად ლეგიტიმურია, მით უფრო, თუ საქმე დემოკრატიული პროცესის შეზღუდვას და ამის საკანონმდებლო ჩარჩოების უზრუნველყოფას ეხება. იმის გასაგებად, თუ რას ნიშნავს „ბელარუსიზაცია“ და შეიძლება თუ არა ამ ტერმინის გამოყენება საქართველოს შესაძლო არასასურველი სამომავლო განვითარების მიმართ, უპრიანია გადავხედოთ იმას, თუ რა განსაკუთრებული მახასიათებლები ჰქონდა დემოკრატიისგან უკუსვლას ბელარუსში და შეიძლება თუ არა იმავეს დანახვა საქართველოში.

1994 წლის 10 ივლისს ბელარუსებმა პრეზიდენტად აირჩიეს გოროდეცის კოლექტიური მეურნეობის თავმჯდომარე და ბელარუსის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ალექსანდრე ლუკაშენკო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლუკაშენკომ დიდი სხვაობით გაიმარჯვა - მან ხმების 80,1% დააგროვა. მას შემდეგ ბელარუსს მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში არ ჰქონია საშუალება სხვა მმართველი ჰყოლოდა და მას, როგორც „ევროპის უკანასკნელ დიქტატურას“, ისე ვიცნობთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბელარუსი ყოველთვის არ ყოფილა ავტორიტარული რეჟიმი. დამოუკიდებლობის პირველ წლებში ძალაუფლება ეკუთვნოდა უმაღლეს საბჭოს სტანისლავ შუშკევიჩის ხელმძღვანელობით და სახელმწიფო საპარლამენტო სისტემას ეფუძნებოდა. მხოლოდ 1994 წლის მარტში მიიღეს კონსტიტუცია, რომელმაც შემოიღო პრეზიდენტის პოსტი. ეს ცვლილება უპირველეს ყოვლისა იმით იყო განპირობებული, რომ საბჭოთა პერიოდის ცენტრალიზებულ და ეფექტიან მმართველობას ნაჩვევ ბელარუსელებს გაუჭირდათ მიეღოთ მრავალპარტიული და ხანგრძლივი გადაწყვეტილების მიღების პროცესით დახასიათებული საპარლამენტო სისტემა. 1990-იანი წლების ბელარუსის საზოგადოებას „ძლიერი ხელის“ და კარგი „სახალხო“ ადმინისტრატორის ნოსტალგია დაეუფლა და ამ მიმართულებით უფრო ადრე გადაიხარა, ვიდრე რუსეთი. სწორედ ამ დროს, გამოჩნდა ალექსანდრე ლუკაშენკოც, ვისაც მიუღებლად მიაჩნდა კონტროლისა და ბალანსის ის დემოკრატიული სისტემა, რომელიც საშუალებას არ იძლეოდა საზოგადოებრივ მოთხოვნებზე სწრაფი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებები მიემართა. ბელარუსმა ხალხმაც თავისდა საუბედუროდ, არჩევანი მასზე გააკეთა.

საქართველოში მსგავსი მდგომარეობა 1990-იან წლებში, ცხადია, იყო, ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე რთული აღმოჩნდა იმ რეალობასთან შეგუება, რაც დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, სამოქალაქო ომებისა და მასობრივი გაღატაკების ფონზე დადგა. თუმცა აქ, ძლიერი ადმინისტრაციული ძალაუფლების ცენტრის ნოსტალგია არ გაჩენილა. პირიქით, ე.წ. საზოგადოებრივი დაკვეთა ასეთი ცენტრის აღმოცენების საფრთხეს ვერ ეგუებოდა. მართალია, ედუარდ შევარდნაძის მმართველობა საპარლამენტოდან შერეულ საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლით დასრულდა, თუმცა პოლიტიკური სისტემა, ერთი მხრივ, არც სუპერსაპრეზიდენტო იყო, და, მეორე მხრივ, ქვეყანა გეოგრაფიულადაც ორცენტრიანი გახდა, ასლან აბაშიძის რეჟიმით ბათუმში, რამაც ასახვა საქართველოს პარლამენტის ორი პოლუსის ირგვლივ ჩამოყალიბებულ მრავალპარტიულობაშიც ჰპოვა. შესაძლოა, საქართველოს საზოგადოების ოდნავ გადახრა სწრაფი და ეფექტიანი ადმინისტრაციული გადაწყვეტილებების უნარიანი ცენტრალიზებული და სუპერსაპრეზიდენტო სისტემისკენ „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ წლებში დავინახოთ, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობას ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა, თუმცა ეს პერიოდიც ხანმოკლე იყო და 2004-2007 წლებით შემოიფარგლება. სააკაშვილის მმართველობის დანარჩენი წლები (2007-2012) „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობასა და საზოგადოებას შორის დაპირისპირების და შექმნილი პოლიტიკური სისტემის კონსერვაციისთვის ბრძოლის პერიოდი იყო. ამ წლებში საქართველოს საზოგადოების დაკვეთა ძლიერი და ცენტრალიზებული ძალაუფლების ცენტრის კონტურებში რომ დავინახოთ, მთლად ზუსტი არ იქნებოდა და მით უფრო, სრულიად უზუსტო იქნება ბელარუსის განვითარებასთან ტოლობის ნიშნის დასმა. საქართველოს საზოგადოებისთვის ძლიერი და ყოვლისმომცველი სახელმწიფო, როგორიც საბჭოთა კავშირი იყო და როგორიც დღევანდელი ბელარუსი, ანდა რუსეთი არიან, მიუღებელი ჩანს, თუმცა ისიც უნდა ვიკითხოთ, რამდენად შორს შეტოპეს ასეთი სახელმწიფოს შექმნისთვის საქართველოს წინა თუ ამჟამინდელმა ელიტებმა?

ალექსანდრე ლუკაშენკომ იმთავითვე აჩვენა ძალაუფლების ისეთი წყურვილი, რომელიც მის წინაშე არსებულ ყველა ბარიერს ნთქავდა, მათ შორის იმას, რასაც პრინციპებს ვუწოდებთ და საჯაროდ გაცხადებულს ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი ერიდება დაარღვიოს. მიუხედავად საპრეზიდენტო დაპირებისა, არ დაეშვა თავის გარემოცვაში კორუფცია, მის პირველივე მხილებაზე ლუკაშენკომ იერიში მიიტანა დამოუკიდებელ პრესაზე და პარლამენტზე, რომელსაც ევალებოდა მსგავსი საზედამხედველო ფუნქციების მქონე ინსტიტუტების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. 1994 წლის დეკემბერში, ლუკაშენკოს გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე თვეში, ბელარუსის უმსხვილეს საგამომცემლო კომპანიას, „დომ პეჩატის“, თორმეტი დამოუკიდებელი გაზეთის ბეჭდვა აეკრძალა. ამის მიზეზი „თეთრი ზოლების“ პროტესტი იყო, როდესაც ლუკაშენკოს გარემოცვაში არსებული კორუფციის მამხილებელი საპარლამენტო მოხსენების დაბეჭდვის აკრძალვის პასუხად ამ გაზეთებმა თავისი ნომრები ცარიელი სვეტებით დაბეჭდეს. გაპრეზიდენტების მომდევნო წელს ლუკაშენკომ იერიში პარლამენტსა და სასამართლოზე მიიტანა.

1995 წელს, პრეზიდენტად არჩევიდან ერთი წლის შემდეგ, ლუკაშენკომ ბელარუსის საზოგადოებას სახელმწიფო სიმბოლოებისა და საპრეზიდენტო უფლებამოსილების შესახებ რეფერენდუმი შესთავაზა. სიმბოლოების საკითხი გულისხმობდა ე.წ. ნაციონალისტური სახელმწიფო ჰიმნის, გერბისა და დროშის ცვლილებას საბჭოთა პერიოდის სიმბოლიკაზე, ასევე რუსული ენისთვის სახელმწიფო ენის, ბელარუსულის თანასწორი სტატუსის მინიჭებას, ხოლო საპრეზიდენტო უფლებამოსილების ცვლილება გულისხმობდა პრეზიდენტისთვის უმაღლესი საბჭოს, ანუ პარლამენტის დათხოვნის და რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ინტეგრაციის პოლიტიკის გატარების უფლების მიცემას. ამ ინიციატივას ლუკაშენკოს საპარლამენტო ოპოზიცია წინააღმდეგობით შეხვდა და 11 აპრილს პარლამენტის შენობაში შიმშილობაც გამოაცხადა. ამის პასუხად, ლუკაშენკომ ბრძანება გასცა პარლამენტში გამაგრებული დეპუტატები შენობიდან იძულებით გაეყვანათ. სრულიად ცინიკური მიზეზით, თითქოს პარლამენტის შენობა დანაღმული იყო და ძალოვნებს მასში მყოფი პერსონალის და დეპუტატების ევაკუაციის ბრძანება ჰქონდათ, ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით და ცემა-ტყეპით 1995 წლის 12 აპრილის ღამეს დაშალეს.

რეფერენდუმი დაგეგმილად ჩატარდა და 1995 წლის 14 მაისს ბელარუსების თითქმის 84%-მა ხმა მისცა სახელმწიფო სიმბოლიკის და რუსული ენის სტატუსის ცვლილებას, ხოლო თითქმის 78%-მა პრეზიდენტის უფლებამოსილების გაზრდას. ამგვარად, ბელარუსის საზოგადოებამ სრული კარდ ბლანში მისცა ალექსანდრე ლუკაშენკოს ავტორიტარიზმის შენებისთვის და სოციალურ-ეკონომიკური სტატუს-კვოს გამყარებისთვის, რის შიშსაც რუსეთში მიმდინარე საბაზრო ეკონომიკური რეფორმების თანმდევი სოციალური განშრევების პროცესი ბადებდა.

საქართველოში, როგორც ამ პერიოდში, ისე გვიან, პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები ცვლილებების მიმართულებით მიდიოდა და არცერთ მმართველ ელიტას არ გასჩენია ცდუნება საზოგადოებისთვის პოპულისტური დღის წესრიგი შეეთავაზებინა, რომელშიც სახელმწიფოს ადმინისტრაციული სისტემა ისევ შეასრულებდა სოციალური სიკეთეების და მატერიალური რესურსების გადანაწილების როლს და განვითარების გზა საბჭოთა წარსულისკენ შემოეტრიალებინა, რაც მოხდა ბელარუსსა და რუსეთში. მსგავსი მოთხოვნა არც საზოგადოებაში დაბადებულა. მიუხედავად მაღალი სოციალური ფასისა, რასაც საქართველოს საზოგადოება შევარდნაძის ან სააკაშვილის მმართველობისას ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებში იხდიდა, არ აღმოცენებულა არცერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პლატფორმა, რომელიც საბჭოთა წარსულზე აპელირებით და ნოსტალგიით საზოგადოებას პოპულისტურ, ანდა ნამდვილად მემარცხენე პოლიტიკურ დღის წესრიგს შესთავაზებდა. ცხადია, ლუკაშენკოს პოპულიზმი მემარცხენეობასთან ტოლობას არ გულისხმობს, მაგრამ სოციალური გარანტიების და გვიანი საბჭოთა ეპოქის სოციალური სტაბილურობის ელემენტებით ის ხიბლავდა ბელარუსის საზოგადოების კონსერვატიულ ცენტრს. თავისთავად საინტერესოა, რატომ არ გამოვიდა საქართველოში მსგავსი შემობრუნება? ეს არ აიხსნება იმით, რომ საქართველოს საზოგადოებას სტაბილურობა არ სჭირდება, ანდა იმდენად ოპტიმისტურია, რომ ხანგრძლივი ტურბულენტობის მიღმა ბედნიერ მომავალს ხედავს. უფრო იმით, რომ ბელარუსის საზოგადოებას ჰქონდა მოთხოვნა დაემუხრუჭებინა თავისთვის სახიფათოდ აღქმული ცვლილებები, რომლებიც მან 1990-იანი წლების რუსეთში დაინახა. რუსეთთან კულტურულმა, ლინგვისტურმა, სოციალურმა კავშირებმა, რომლებითაც ბელარუსი მასთან გაცილებით ახლოს იყო, ვიდრე ბალტიის საზოგადოებები, თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ბელარუსებს ქვეყანა „უცნობი“ დასავლეთისკენ არ დაეძრათ და კაპიტალისტური „შოკისთვის არ გაეწირათ“. რუსეთთან საერთო ბედის აღქმამ, მასთან ზიარად გამოცდილმა მმართველობის ფორმის ნოსტალგიასთან ერთად, ბელარუსებს რუსებთან ერთობის დაკარგვის შიშიც დაუმატა, და ამ ყველაფრის ფონზე შესაფერისი ლიდერის, ლუკაშენკოს გამოჩენამაც პროცესი შესაბამისი მიმართულებით წაიყვანა. ამ ყველაფრის საპირისპიროდ, საქართველოს საზოგადოებას არ ჰქონია რუსეთთან ბედის თანაზიარობის განცდა, ამიტომ, მიუხედავად 1990-იანებში პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესების მსგავსებისა, რუსეთში მომხდარი სოციალური კატასტროფის მასშტაბის შიშით საქართველოში არ დაბადებულა რეფორმების კონსერვაციის, დამუხრუჭების, თუ საბჭოთა ინერციით ცხოვრების სურვილი. უფრო მეტიც, საქართველოში რუსეთისგან სხვაობის განცდამ იმძლავრა. სამოქალაქო ომში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეცესიონისტურ ომებსა და შემდგომში, საქართველოს საქმეებში რუსეთის ჩართულობისგან თავის დაღწევის სურვილმა საქართველოს მმართველი ელიტები დასავლეთისკენ წაიყვანა. ამიტომაც, საქართველოში დამოუკიდებლობის წლებში ჩატარებული არცერთი რეფერენდუმი ბელარუსულის ანალოგი არ ყოფილა. სულ ორი რეფერენდუმი ჩატარდა. პირველი იყო 2003 წლის რეფერენდუმი საპარლამენტო ადგილების რაოდენობის შემცირების შესახებ და მეორე, 2008 წლის პლებისციტი ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანების შესახებ. არცერთ მმართველ ჯგუფს საქართველოში არ გასჩენია სურვილი თუ არა შესაძლებლობა მაინც, საზოგადოების ფრუსტრაცია იმისთვის გამოეყენებინა, რომ ძალაუფლების პერსონალიზაცია და უზურპაცია მოეხდინა. ლუკაშენკოს ეს გამოუვიდა და ამის საშუალება მას ბელარუსის საზოგადოების რუსეთზე ფსიქო-კულტურულმა დამოკიდებულებამ მისცა.

1996 წელს ალექსანდრე ლუკაშენკომ მეორე რეფერენდუმი დააანონსა, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდიდა მის საპრეზიდენტო უფლებამოსილებებს და ისევ ცვლიდა სახელმწიფო სიმბოლიკას. შეთავაზებულ ცვლილებებს შორის ყურადსაღებია ის, რომ პრეზიდენტის განკარგულებებს ეძლეოდა კანონის ძალა, პრეზიდენტს ეძლეოდა სახელმწიფო საკუთრების გაყიდვის პრეროგატივა, დაბრუნდა სიკვდილით დასჯა და ბელარუსის დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა საბჭოთა არმიის მიერ ნაცისტებისგან ბელარუსის გათავისუფლება, ნაცვლად საბჭოთა კავშირისგან ბელარუსის გამოყოფის დღისა. დამოუკიდებელი ბელარუსის შექმნისას ჩამოყალიბებული სისტემის ნარჩენმა საკონსტიტუციო სასამართლომ ლუკაშენკოს წინააღმდეგობა გაუწია ქვეყანაში ასეთი ცვლილებები განეხორციელებინა. სასამართლოს უმაღლესი საბჭოს ოპოზიციური დეპუტაციაც აჰყვა, თუმცა ამ საქმეში რუსეთის მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ჩერნომირდინი და დუმის სპიკერი გენადი სელეზნიოვი ჩაერივნენ და ლუკაშენკოს მოწინააღმდეგეები უბრალოდ მოატყუეს. დაპირდნენ, რომ რეფერენდუმს მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი ექნებოდა. საბოლოოდ, ლუკაშენკოს შეთავაზებულმა საკითხებმა ბელორუსების ყოვლისმომცველი უმრავლესობის მხარდაჭერა მიიღეს: დამოუკიდებლობის დღე - 90%; პრეზიდენტის ძალაუფლება - 88%; საკუთრების გაყიდვის შეზღუდვა პრეზიდენტის პრეროგატივით - 84%; სიკვდილით დასჯა - 82%. ლუკაშენკოს ეს გამარჯვება ვერ დარჩებოდა საკონსულტაციო ხასიათის და იგი მალევე გახდა სავალდებულო. შესაბამისად, ბელარუსმა კონსტიტუციონალისტებმა ეს დღე ბელარუსის „სამართლებრივ ჩერნობილად“ მონათლეს. ლუკაშენკოს ახლა თითქმის აბსოლუტური მმართველობა აქვს. იგი დგას პოლიტიკური და პირადი ძალაუფლების ვერტიკალური სტრუქტურის სათავეში და აკონტროლებს ხელისუფლების აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო შტოებს. ის პირადად ნიშნავს და ათავისუფლებს არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მინისტრებს, არამედ ადგილობრივ ადმინისტრატორებს ყველა დონეზე. პარლამენტი ლოიალური, მორჩილი და უძლურია. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამზადებს კანონმდებლობას, რომელსაც პარლამენტი მორჩილად ამტკიცებს. ლუკაშენკო გამოსცემს განკარგულებებს და ბრძანებებს, რომლებსაც კანონის ძალა აქვთ. ის ნიშნავს ქვეყნის თითქმის ყველა მოსამართლეს, უზენაესი სასამართლოდან უზენაეს ეკონომიკურ სასამართლომდე და რეგიონულ პალატებამდე, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს თორმეტი წევრიდან ექვსს. მას ასევე აქვს კონსტიტუციური უფლებამოსილება, დანიშნოს და გაათავისუფლოს ყველა რაიონული და სამხედრო მოსამართლე. ასეთ სისტემაში ინდივიდუალურ და კოლექტიურ მოთხოვნებზე რეაგირება „ზემოდან“ ხდება და ქვემოდან წამოსულ ინდივიდუალურ სტიმულებზე მგრძნობელობა, როგორც წესი, დაბალია. საჯარო სექტორი ძალაუფლების ცენტრზეა დამოკიდებული როგორც სტატუსურად, ისე მატერიალურად. ამ სისტემაში, საზოგადოებრივი მოთხოვნის ისეთ სპეციფიკურ სფეროს, რასაც წესრიგი ჰქვია, თანხმობის შემკვრელი ინდივიდუალურ კმაყოფილებათა ჯაჭვი კი არ ქმნის, არამედ ძალაუფლების ცენტრის ირგვლივ სტრუქტურირებული ძალოვანი რგოლების ერთობლიობა, რომლის ინდივიდუალური წევრებიც, ისევე როგორც ყველა სხვა საჯარო ინსტიტუტის წარმომადგენელი თავისი სტატუსით, პრესტიჟით და კეთილდღეობით, ამ ძალაუფლების ცენტრზეა დამოკიდებული. ამ სისტემაში არაფერი განსაკუთრებულად ბელარუსული და ლუკაშენკური არ არის, ნებისმიერი ავტორიტარიზმი ასე მუშაობს და, ცხადია, იგი ასევე შეიძლება ამუშავდეს საქართველოშიც.

მართალია, ვამბობთ, რომ იმ პერიოდში, როდესაც ბელარუსმა ძალაუფლების უზურპაციის ეს გზა განვლო, საქართველო სულ სხვა გზით მიდიოდა, და რუსეთიც კი რამდენიმე წელიწადში „დაეწია“ თავის უმცროს ძმას, მაინც მართებულია ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა, მსგავსი რამ მოხდეს საქართველოში დღეს, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, როგორც ამას ბევრი ანალიტიკოსი ამბობს? მოკლედ რომ ვთქვათ, უმოკლეს პერსპექტივაში და „ქართული ოცნების“ პირობებში მსგავსი რამ გამორიცხულია. პირველ რიგში იმის გამო, რომ 1990-იანი წლების შოკის მდგომარეობა საქართველოში არ არის. „ქართული ოცნების“ ოპონენტები არ არიან დემორალიზებულები ამ უკანასკნელის ირგვლივ სოციალურად და სიმბოლურად მოტივირებული მასების საყოველთაო მხარდაჭერით. მართალია, „ქართული ოცნება“ ცდილობს საზოგადოების პოლარიზაციის გზით კრიზისები ხელოვნურად შექმნას და მოდერნიზაციის შოკის უკვე გადავლილი სოციალური და კულტურული ეფექტით უკმაყოფილო ჯგუფები დააორგანიზოს, მაგრამ ეს არ ქმნის იმ კრიტიკულ მასას, რამაც ლუკაშენკოს ორ რეფერენდუმზე მისცა ქვეყნის ისტორიული სვლის გეზის ცვლის და თავისი, როგორც კრიზის მენეჯერის, ძალაუფლების სახალხო მანდატით გამყარების საშუალება.

მეორეც, საქართველოს პოლიტიკურ სისტემას სულ სხვა სახის გამოწვევა აქვს, ვიდრე ბელარუსისას. საქართველოს შემთხვევაში საქმე ის არის, რომ ძალაუფლების უზურპაციის გარკვეულ ხარისხს, სახალხო მხარდაჭერის არარსებობის შემთხვევაში, ფინანსური რესურსით მანიპულირებული კორუმპირებული პოლიტიკური ელიტები უზრუნველყოფენ. არაფორმალური მმართველობა, რაზედაც წლებია საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები და „ქართული ოცნების“ შიდა ოპონენტები საუბრობენ, ერთი მხრივ, სისტემის შიგნით მოთამაშეებს, რაც არ უნდა დიდი პოლიტიკური მადა ჰქონდეთ, არ აძლევს იმის საშუალებას, რომ ძალაუფლება სრულად დაისაკუთრონ. ქართული ოცნების არცერთ პრემიერს არ ჰქონია იმხელა ძალაუფლება, რომ პოსტზე დარჩენილიყო. ამავე დროს, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ასახიერებს ამ არაფორმალური კორუფციული მმართველობის სისტემას, არანაირ ფორმალურ თანამდებობას არ ფლობს (თუ არ ჩავთვლით 2023 წლის ბოლოდან დაკავებულ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის თანამდებობას). ამ შემთხვევაშიც, ერთი პირის მიერ ძალაუფლების სრულ მითვისებაზე საუბარი რთული იქნება, ვინაიდან, როცა ადამიანს ფორმალური თანამდებობის გარეშე აქვს სურვილი სახელმწიფოს ადმინისტრაციული რესურსები აკონტროლოს, მასზე ლეგიტიმური უფლების გარეშე, ამ სურვილის აღკვეთა ყოველთვის შეუძლია სხვა პირს, რომელსაც მსგავსი ლეგიტიმაცია აქვს.

შეგვიძლია გავიხსენოთ მექსიკის ინსტიტუციურ-რევოლუციურ პარტიაში მომხდარი მსგავსი შიდა რევოლუცია, როდესაც 1934 წელს პრეზიდენტმა ლაზარო კარდენასმა დაასრულა ყოფილი პრეზიდენტის პლუტარკო ელიას კალესის ექვსწლიანი არაფორმალური მმართველობა როგორც პარტიაში, ისე ქვეყანაში. ასეთ შორეულ წარსულში და სხვა კონტინენტზე რომ არ წავიდეთ, ყოფილ საბჭოთა ყაზახეთში ყოფილმა პრეზიდენტმა ნაზარბაევმა ვერც მოასწრო არაფორმალური მმართველობის დაწესება მას შემდეგ, რაც პოსტი დატოვა (2019 წ.) და გადადგომიდან სამი წლის თავზე მისმა მემკვიდრემ ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა რეალური პრეზიდენტობა მოიპოვა (2022 წ.). მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებაში“, და არა მხოლოდ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ამბიციური პრეტენდენტი ჯერ არ დაპირისპირებია, ამის სამართლებრივი და პოლიტიკური ჩარჩოები ბუნებრივად არსებობს და, შესაბამისად, თეორიული შანსიც არის, რაც ბელარუსის შემთხვევაში სრულიად სხვაგვარადაა.

მესამე, საქართველოში, ბელარუსისგან განსხვავებით, ძალიან ძლიერია დასავლური პოლიტიკური ვექტორი და პროდასავლურობა დიდწილად განაპირობებს ძალაუფლების ლეგიტიმაციასაც. რამდენადაც აბსურდულად არ უნდა ჟღერდეს, „ქართული ოცნების“ ლიდერები, მიუხედავად დასავლელი პარტნიორების მხრიდან მიღებული კრიტიკისა და გაფრთხილებისა, ჯიუტად იმეორებენ თავიანთი აუდიტორიისთვის განკუთვნილ მანტრას, რომ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მიუხედავად ყოველგვარი ლოგიკის მიღმა დგომისა, ამ „მესიჯის“ ლოგიკა იმაში მდგომარეობს, რომ თავისივე ამომრჩეველი, რომლის ბირთვი კონსერვატიულია, მაგრამ არა პრორუსული, დაარწმუნოს თავის პროდასავლურობაში.

მეოთხე, საქართველოში, ბელარუსისგან განსხვავებით, არ არის პოლიტიკური მმართველის ან ფიგურის პიროვნების კულტი, გარკვეული დათქმებით, რაზეც ქვემოთ მოგახსენებთ. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ამაზე თავად არაფორმალური მმართველობის სისტემა ზრუნავს. ბიძინა ივანიშვილისთვის საშიშია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ველზე საყოველთაო სახალხო მხარდაჭერის საფუძველზე რომელიმე პოლიტიკური ძალის ანდა ფიგურის იმდენად გაძლიერება, რომ მისი ძალაუფლება მასზე დამოკიდებული არ იყოს. ერთადერთი ფიგურა, ვისი ავტორიტეტიც ივანიშვილის რესურსის და გავლენის მიღმაა, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქია. თამამად შეიძლება ითქვას, თუ საქართველოში ვინმეს პიროვნების კულტი არსებობს, ეს მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურია. შესაბამისად, დიდია მისი პირადი გავლენაც სახელმწიფოსა და პოლიტიკაზე, რომელიც ხშირად იყო მთავრობების მიმართ ანტაგონისტური. ბოლო წლებში „ქართული ოცნების“ კონსერვატიული შემობრუნების და რუსული გავლენისადმი გახსნის პარალელურად, ეკლესიის პოზიცია მმართველი პოლიტიკური პარტიის და მისი ლიდერის მიმართ იმდენად მკვეთრი აღარაა. ძალიან რთულია ეკლესიასა და საერო ძალაუფლების ცენტრებს შორის სრულიად გაუმჭვირვალე ურთიერთობებში რამე დინამიკის განჭვრეტა, მაგრამ აქ შეგვიძლია ივანიშვილისვე ტერმინოლოგიით „ურთიერთობების დალაგება“ დავინახოთ, ვინაიდან, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ცენტრებისგან, მაგალითად, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი მრავალგზის დაშლილი ნაციონალური მოძრაობისგან, მცდელობისდა მიუხედავად (მამა გიორგი მამალაძის საქმე და ე.წ. სუსის კრებსების საქმე), პატრიარქის ფიგურის დისკრედიტაცია მან ვერ შეძლო.

მეხუთე, ივანიშვილი და ლუკაშენკო ერთი თაობის ადამიანები არიან, პირველი ამჟამად 68 წლისაა, მეორე კი - 70-ის. ორივე მხცოვან ასაკში შედის და მემკვიდრეობის დატოვებაზე ზრუნვა მოუწევთ. აქაც, განსხვავება მმართველობის ფორმიდან გამომდინარეობს, სიმბოლურობის მეტი ტვირთი აქვს ლუკაშენკოს, ვინაიდან ხალხისგან არჩეულის მანდატი აქვს, და ნაკლები ივანიშვილს, ვინაიდან მისი მმართველობა, როგორც ჩვენს ყურს აჩვევენ, „ტექნიკურია“. ლუკაშენკოს მეტად მოუწევს იმის დაცვა, რაც დაიწყო, კერძოდ, ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაცია. ივანიშვილს, მსგავსი პასუხისმგებლობა არ დააწვება და მეტი მანევრულობის შესაძლებლობა ექნება, თუკი ამის საშუალებას საერთაშორისო პარტნიორები და პოლიტიკურად უფრო მომწიფებული, სამართლებრივი და გამჭვირვალე სახელმწიფოს დამკვეთი ამომრჩეველი მისცემენ. ამ მხრივ, ივანიშვილისთვის უფრო ანგარიშგასაწევი, სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორები იქნებიან. ივანიშვილი საკუთარი საზოგადოებისგან იზოლირებულია და მასთან კონტაქტი არ აქვს. როგორც ჩანს, მისი მართვის სტილი განპირობებულია იმ ინფორმაციით და ანალიზის კულტურით, რითაც მას თავისი ანალიტიკოსები და შიკრიკები (ესეც საკითხავია, ვინ არიან) აწვდიან. ამ წრეებით გარშემორტყმული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ივანიშვილი თავისი წარმოდგენით „სწორად დანახული“ პოზიციებისა და ინტერესების აწონ-დაწონვითაა გატაცებული. ამ თამაშში სიმბოლური კომპონენტი, ანუ ის, რაც ევროპისთვის და დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია, მისთვის შეუმჩნეველი ანდა უმნიშვნელოა. ეს სახიფათოა, და შეიძლება ითქვას, უფრო საშიშიც კია იმათთვის, კერძოდ კი, პრემიერებისთვის და არჩეული დეპუტატებისთვის, ვისი ხელითაც ამ საერთაშორისო პარტნიორებთან „ალაგებს“ ურთიერთობებს. თუკი აქამდე ივანიშვილის ხელდასმული მთავრობები მეტნაკლებად ახერხებდნენ დემოკრატიულ დასავლეთსა და მის ავტორიტარულ ოპონენტებს შორის ურთიერთობებში ბალანსის დაცვას, წლევანდელი საკანონმდებლო და ეკონომიკური ინიციატივების შემდეგ ეს ბალანსი არადემოკრატიული ბანაკის სასარგებლოდ ირღვევა. ამიტომ საკითხავი რჩება რა მემკვიდრეობას ტოვებს ივანიშვილი მმართველი პარტიისთვის იმ პირობებში, როდესაც მისი მხარდამჭერების ბირთვიც კი, როგორც ზემოთ ვამბობდი, დემოკრატიული დასავლეთისკენ იმზირება.

და ბოლოს, ისევ ასაკის თემა რომ გავაგრძელოთ, როგორც ლუკაშენკოსთვის, ისე ივანიშვილისთვის მმართველობის ხანდაზმულობიდან გამომდინარე - პირველი ოცდაათი წელია მართავს, მეორე კი თორმეტი - ძალიან რთული იქნება თავიანთი რეჟიმებისთვის პოზიტიური იმიჯის შეძენა. პოზიტიური განწყობა ნებისმიერ მთავრობას პირველი წლების განმავლობაში მიჰყვება. ლუკაშენკოს სახე ბელარუსში არ შეცვლილა, მაშინ როდესაც ივანიშვილის „ქართული ოცნების“ სახეები მუდმივად იცვლებიან, თუმცა საზოგადოების თვალში ამ ნიღბების მიღმა ივანიშვილი ილანდება და მისი სახეც უკვე გაიცვითა. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს სახეების წარმოების თვალსაზრისით მეტი მოქნილობის შესაძლებლობა აქვს, რეალურად მისი რესურსი წლებთან ერთად იწურება. საზოგადოება მისით იღლება და 2024 წლის პროტესტები, მათ შორის, ამის ნიშანია. ისევე როგორც მთავრობის მხრიდან უხეში ძალის ჩვენება არის იმის ნიშანი, რომ რეჟიმს სხვა რესურსი არ რჩება, გარდა რეპრესიისა. ეს უკანასკნელი ასპექტი საქართველოს და ბელარუსს გარკვეულწილად ერთმანეთს აახლოებს, თუმცა მანამდე აღნიშნული განსხვავებები არ უნდა დაგვავიწყდეს, არც შესაბამისი ცვლილების პოტენციალი.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“