საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებებით გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვები წარმოადგინეს. მთავრობის შეფასებით, შერიგებისა და ნდობი აღდგენის მიმართულებით სახელმწიფოს ძირითადი მიღწევები სხვადასხვა პროექტის წარმატებით იზომება. მათ შორის დასახელდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ბიზნეს პროექტები (2020-2021 წლებში 11 პროექტი), ნდობის აღდგენის მიმართულებით სამოქალაქო პროექტები და მონაწილეების მაღალი დაინტერესება (ამავე პერიოდში 100 პროექტი), აფხაზეთთან ბოლო თვეებში მიმოსვლის რეჟიმის ნორმალიზება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისთვის უწყვეტი უფასო ჯანდაცვის მომსახურების მიწოდება (ამავე პერიოდში 1400 პაციენტი), ოკუპირებული რეგიონებიდან საქართველოს უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების გასამმაგებული რაოდნეობა, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ცხედრების გადმოცემის მზარდი შემთხვევები (ამავე პერიოდში 27 პირი), აფხაზეთისთვის გადაცემული დახმარებების (ამავე პერიოდში 4 მილიონი) გამოცდილება.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკა მომავალ წლებში მნიშვნელოვან სიახლეებს განიცდის და ის მათ შორის მოიცავს, თემთა შორის დიალოგსა და ნდობაზე მიმართული სამუშაოების გაძლიერებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული სიკეთეების მიწოდების გაზრდას, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების (მანამდე კი გალისა და ახალგორის განვითარების) მხარდაჭერას, დარგობრივ სექტორალურ თანამშრომლობას, საერთო ეკონომიკური პროექტების წახალისებას, გლობალურ ბაზრებზე ამ რეგიონებში წარმოებული პროდუქტის გატანის ხელშეწყობას, საქართველოში და საზღვარგარეთ განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის დაშვებას და გამყოფი ხაზის გარშემო მცხოვრები ადამიანების სოციალური მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებას.
ეს მიზნები და ამოცანები მნიშვნელოვანი და ღირებული ჩანს, მაგრამ რამდენად აქვს ამ ამოცანებს ერთი მხრივ განხორციელების პოტენციალი, მეორე მხრივ კი, კონფლიქტის ტრანსფორმაციის პროცესში რეალური და არსებითი როლის შესრულების რესურსი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
კონფლიქტების ტრანსფორმაცია არსებითად მიზნად ისახავს კონფლიტის გამოწვევი სტრუქტურული მიზეზების ცვლილებას. ის ცდილობს არა მხოლოდ კონფლქტის არდაშვების მინიმალური მიზნის მიღწევას, არამედ გარდაქმნის იმ სისტემებს, სტრუქტურებს, ურთიერთობებსა და წარმოდგენებს, რომლებიც წარმოშობენ ძალადობას და უსამართლობას. შედეგზე ორიენტირებული ეს მიდგომა ყურადღებას ამახვილებს მშვიდობის მშენებლობის შესაძლებლობებზე ადგილობრივ კონტექსტში და არა გარეშე, საერთაშორისო ჩართულობაზე. მას პოლიტიკური განზომილება არ აქვს და კონფლიქტის გამოცდილების მქონე საზოგადოებებს შორის დიალოგის, ურთიერთდამოკიდებულებების ცვლილების და საერთო ინტერესებისა და დღის წესრიგების შენების ხანგრძლივ პროცესს მოიცავს. ანუ კონფლიქტის ტრანსფორმაცია კონფლიქტის გამოცდილებების მქონე საზოგადოებების გარდაქმნას გულისხმობს და მისი მიზანი არა მხოლოდ ამ თემებს შორის ნდობის და შერიგების მშენებლობაა, არამედ მათი სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.
მნიშვნელოვანია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ახალი შეიარაღებული კონფლიქტების გამოცდილება არ გვქონია და ხელისუფლებამ ძალის გამოყენების პოლიტიკაზე უარი თქვა. უნდა ითვას, ისიც, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის მნიშვნელობა დისკურსულ დონეზე კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, თუმცა, ის ამ მიმართულებით მუშაობას წინა ხელისუფლების პარადიგმებით, ინსტრუმენტებით და მეთოდებით აგრძელებს და ამ მცდელობებს მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სოციალური შედეგები არ მოუტანია. ჩვენი კონფლიქტებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი და მინიმალური შედეგებიც კი, რომელიც კონფლიქტის რეგიონებთან გადაადგილების თავისუფლების რეჟიმების შექმნას, ვაჭრობას, თავისუფალი ეკონომიკური ურთირეთობების შექმნას, ადგილობრივ პოლიტიკურ ელიტებს შორის დიალოგის მდგრადი გამოცდილებების არსებობას, კონფლიქტის ადგილებში საერთაშორისო აქტორების მუშაობის გაუმჯობესებას უკავშირდება, ამ დრომდე მიუღწეველი რჩება.
ამის საპირისპიროდ ჩანს, ე.წ. საზღვრის კვეთის გამო დაკავებების, ჰუმანიტარული კრიზისების, კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციის მძიმე გამოცდილებები, რომელიც პოლიტიკურად გადაუწყვეტელი რჩება. ამ პირობებში სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ურთიერთობები კიდევ უფრო იზოლირებული და ანტაგონისტური რჩება.მკვეთრად სუსტია თავად ქართულ საზოგადოებაში კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მიმართული სამუშაოები - ეს იქნება კონფლიქტების ისტორიის კრიტიკული რეფლექსირება და მისი ასახვა პოლიტიკურ როტირიკაში თუ ფორმალური განათლებისა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში, აკადემიური, კვლევითი და ანალიტიკური მუშაობის ინსტიტუციური მხარდაჭერა კონფლიქტების თემაზე, კონფლიქტის გამოცდილების მქონე ჯგუფებთან (დევნილები, გამყოფი ხაზის სიახლოვეს მცხოვრები ომით დაზარალებული მოსახლეობა) ტრანფორმაციული სოციალური და საგანმანათლებლობა მუშაობა, თუ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკურად ოსი და აფხაზთი თემების გაძლიერება და რეპრეზენტაციის გაზრდა. არაფერი რომ არ ვთქვათ ომით დაზარალებული სოფლების ამ დრომდე მძიმე სოცილურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე და მიტოვებულობის ძალიან მძიმე განცდაზე ადგილზე. შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოების შიგნით მუშაობის მნიშვნელობა თითქმის გამქრალია შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის ხედვებიდან.
ცხადია, რუსეთის ფაქტორი და დე ფაქტო რეჟიმების რუსეთზე ჭარბი პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დამოკიდებულა ართულებს კონფლიქტის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფოს მუშაობის შესაძლებლობებს. თუმცა, მაშინ როცა კონფლიქტის ტრანსფორმაციაზე მიმართული ახალი ნაბიჯებისა და მცდელობების გამოცდილება არ ჩანს ხელისუფლების მხრიდან, მათ წარუმატებლობაზე მსჯელობაც კი რთული გამოდის.
აღნიშნულ საკითხებზე შეფასებები კონფლიქტის თემაზე პოლიტიკური და აკადემიური მუშაობის გამოცდილების მქონე ექსპერტებს - პაატა ზაქარეიშვილს, ნათია ჭანკვეტაძეს და გიორგი კანაშვილს ვთხოვეთ. წინამდებარე სტატიაში სწორედ მათთან ჩაწერილ ინტერვიუებს წარმოგიდგენთ.
პაატა ზაქარეიშვილი:
ჩემი აზრით, სახელმწიფო მინისტრის მიერ გაჟღერებული შერიგებისა და ჩართულობის ახალი პოლიტიკა წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და პრინციპულად არ არის ორიენტირებული არსებითად შეცვალოს სტაგნაციის პერიოდში არსებული ვითარება. საჯაროდ წარმოდგენილი ტექსტები ატარებენ ფორმალურ ხასიათს და მცდელობაც კი არ არის შეინარჩუნონ ქართულ პოლიტიკაში ჩამოყალიბებული მემკვიდრეობითობისა და თანმიმდევრულობის ზოგადი პრინციპები მაინც.
დამაფიქრებელია მუდმივი ხაზგასმა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება აპირებს დიალოგი გამართოს მხოლოდ თემთა შორის დონეზე და მხოლოდ მოქალაქეებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. ასევე წინდაუხედავ პოზიციად მიმაჩნია, ექსკლუზიურად გალისა და ახალგორის რაიონების განვითარებისთვის ცალკე პოლიტიკის წარმოება. ასეთმა წინდაუხედავმა მხარდაჭერამ შეიძლება კონტრ-შედეგი გამოიღოს და რათა არ დაუშვან ახალგორისა და გალის რაიონის ქართული მხარის მეტი ინტეგრირება დანარჩენ ქართულ საზოგადოებაში, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებმა კიდევ მეტად არ განახორციელონ ამ რაიონების იზოლაცია და რაიონების მოსახლეობისგან დაცლის პოლიტიკის ხელშეწყობა.
რაც შეეხება შედეგების გაზომვის საკითხს. ვფიქრობ, შედეგების გაზომვა საკმაოდ რთული ამოცანაა ასეთ ხელოვნურად დახურულ თემაში, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარება. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს შერიგების პოლიტიკის განხორციელების გამჭვირვალეობა და ანგარიშვალედებულება. ხელისუფლების წარმომადგენლები, საექსპერტო საზოგადოებას, რეგულარულად უნდა აბარებდნენ ანგარიშს კონკრეტულ დროის მონაკვეთში გაწეული სამუშაოს თაობაზე. ჩემი გამოცდილებით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საქმიანობას არავითარი საიდუმლო სეგმენტი არ გააჩნია, შეიძლება გავიზიაროთ ხელისუფლების სურვილი, რომ ასეთი ანგარიშების წარმოდგენა მიმდინარეობდეს დახურულ ფორმატში და ანგარიშების მნიშვნელოვანი ფრაგმენტების პუბლიკაცია არ ხდებოდეს პრესაში. ანგარიშების წარმოდგენის შედეგად, მიზანშეწონილი იქნებოდა საექსპერტო საზოგადოებას განეხორციელებინა რეგულარული შეფასება, რომელიც იქნებოდა ასევე დახურული პრესისთვის და მხოლოდ სამსახურეობრივი მოხმარებისთვის იქნებოდა გამოყენებული, როგორც ხელისუფლების, ისე საექსპერტო საზოგადოების მხრიდან. ასეთი რეგულარული შეხვედრების დროს, ხელისუფლებას უნდა ქონდეს აღებული პრინციპული ვალდებულება, საექსპერტო საზოგადოებიდან დასმულ ნებისმიერ კითხვას უპასუხონ გულწრფელად და უაპელაციო ნდობის პირობებში.
ნათია ჭანკვეტაძე:
დღეს ქვეყანაში მოქმედებს სტრატეგია „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, მისი სამოქმედო გეგმა, რომელსაც აქვს გაწერილი კრიტერიუმები. საინტერესოა, რომ როცა ამ კრიტერიუმებს შეხედავ, მათი ნაწილი ნამდვილად შესრულებადია და წესით კონკრეტულ პროგრესსაც უნდა გულისხმობდეს. თუმცა, რეალურად თუ ვისაუბრებთ ისეთ ინდიკატორებზე როგორიცაა: თავისუფალი გადაადგილება, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოება, ჯანდაცვასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა, დევნილების საცხოვრებლით დაკმაყოფილება და/ან მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ვნახავთ, რომ ეს ინდიკატორები არაა სათანადოდ შესრულებული. თუ ვსაუბრობთ ინდიკატორებზე, რომლებიც ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ურთიერთაღქმისა და ურთიერთდამოკიდებულების პოზიტიურად ცვლილებას უნდა ასახავდეს აქ უფრო მძიმე ვითარებაა, რადგან ფაქტობრივად პროგრესი არ ჩანს. მეტ-ნაკლებად ვახერხებთ, არსებული სოციალური კავშირების შენარჩუნებას, რომელიც ორივე რეგიონში თაობების ცვლილების ფონზე საკმარისი ნამდვილად აღარ არის.
რაც შეეხება ინდიკატორების შეფასებასა და ვინ უნდა შეაფასოს, საკმაოდ რთული საკითხია, რადგან, შერიგებისა და მშვიდობის მშენებლობის მიმართულებით შეიძლება ინდიკატორი იყოს შერიგება, ან ურთიერთმისაღებ ხელშეკრულებამდე მისვლა და ეს შეიძლება არ მოხდეს დეკადები, თუმცა ის რომ არსებული სტრატეგია უნდა იცვლებოდეს და პასუხობდეს კონტექსტს, ეს ძალიან მარტივი საკითხია. აქვეა, ინდიკატორების საკითხი, როცა სტრატეგია რელევანტურია და პასუხობს მოცემულობას, შესაბამისად პროაქტიულად დაგეგმილია სამოქმედო გეგმა და შესაბამისად რეალისტურია ინდიკატორები. რაც შეეხება ინდიკატორების შეფასებას, ვფიქრობ, რომ მხოლოდ მინისტრის აპარატის შიდა რესურსებით შეფასება არ არის საკმარისი და არ ქმნის განწყობას, რომ რამე კეთდება და პროგრესი მიიღწევა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმის ინდიკატორების როგორც შემუშავების, ისე შეფასების პროცესში სამოქალაქო საზოგადოება, ექსპერტები, აკადემია აქტიურად იყვნენ ჩართულნი და უფრო ინკლუზიურად და გამჭვირვალედ წარიმართოს პროცესი.
გიორგი კანაშვილი:
შერიგებისა და ნდობის აღდგენის პოლიტიკის შედეგიანობის გაზომვა არაა მარტივი საქმე და ხშირად, პოლიტიკური ძალების მიერ სხვადახვანიარად ინტერპრეტირდება. არც ე.წ. საექსპერტო წრეებისა, თუ ანალიტიკური წრეების შეხედულებებია ჰომოგენური. თუმცა, უმეტესად პროგრესიც და რეგრესიც, განსაკუთრებულად დახვეწილი ინსტრუმენტების გარეშეც იგრძნობა ხოლმე.
მაგალითად, ჩვენს კონტექსტს რომ გავცდეთ, დნესტრისპირეთში ბოლო წლებია აშკარა პროგრესი იგრძნობა. სრულიად შეუფერხებლად ხდება ადამიანთა გადაადგილება, სასწავლო პროცესზე ყველას საკუთარ ენაზე აქვს წვდომის უფლება, ლიდერები პერიოდულად ხვდებიან, არასამთავრობო ორგანიზაციები თანამშრომლობენ ერთმანეთთან ( და ამას არ მალავენ). კიდევ მრავალი ასეთი ამბის მოყოლა შეიძლება.
სამწუხაროდ, მიუხედავად ხელისუფლების მოყვანილი მაგალითებისა, ამ მასშტაბის პროგრესი ჩვენს კონფლქიტებში არ შეინიშნება. ალბათ, მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებისთვის, აუცილებელია დაბალსებული, შერეული ჯგურის შექმნა, რომელიც სახელმწიფოს, პოლიტიკური აქტორებისა და სამოქალაქო სექტორის გარკვეული ნაზავი იქნებოდა; შეიმუშავებდა კრიტერიუმებს, რომელთა საშუალებითაც გაიზომებოდა პროგრესი; რაც შემდგომ აისახებოდა პოლიტიკის გადახედვაზე.
პაატა ზაქარეიშვილი:
სრულიად გაუმართლებელია ქართული ოცნების ხელისუფლების მხრიდან დეპოლიტიზირებული დიალოგის გამართვის მიზანშეწონილობაზე მუდმივი პედალირება. ასეთი დამოკიდებულება მკაფიოდ მიუთითებს, რამდენად არაკვალიფიცირებული და უცოდინარია დღეს არესებული ხელისუფლება კონფლიქტების ტრანსფორმაციის წარმართვის მიმართულებით. თბილისი სოხუმსა და ცხინვალს მის მიერ შემუშავებულ, კარგად დავარცხნილ პროგრამებს და პროექტებს სთავაზობს, რომლებიც არასიცოცხლისუნარიანები არიან და თანაც მიუღებელია აფხაზური და სამხრეთ ოსური საზოგადოებებისთვის, როგორც მათთან შეუთანხმებელი და არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წინადადებები. ქართული მხარე ბრმად კი არ უნდა სთავაზობდეს აფხაზურ და ოსურ თემებს მათი მოთხოვნილებების შეუსაბამო წინადადებებს, არამედ დაწვრილებით უნდა სწავლობდეს ამ საზოგადოებების მნიშვნელოვან გამოწვევებს, მოთხოვნილებებს და საფრთხეების განცდებს და ამ თემებზე უნდა აფუძნებდეს თავის პოლიტიკას. ხოლო ასეთი საკითხების განხილვა უნდა ხდებოდეს მხოლოდ დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადენლებთან და არა ჰიპოთეტურ საზოგადოებებთან, რომლებსაც არანაირი ინსტიტუციონალური და სტრუქტუირებული სისტემა არ გააჩნიათ. კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებთ აფხაზურ და სამხრეთ-ოსურ მხარეებს - ძალის არგამოყენების გარანტიების შესახებ ორმხრივ ტექსტებზე მუშაობაა. ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა სწორედ ასეთი საკითხების გათავისებით და მათში ყველა მხარისთვის თანაბრად მისაღები ინტერესების ჩამოყალიბებით უნდა იყოს დაკავებული.
ნათია ჭანკვეტაძე:
მთავრობა ამბობს რომ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან დიალოგისთვის მზად არის, თუმცა არ აკონკრეტებს, კერძოდ ვისთან/რომელ ჯგუფებთან და სწორედ ეს ქმნის გაუგებრობას. ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს დიალოგის პლატფორმები აქვთ, მართალია, მათი მხოლოდ მცირე ნაწილია განგრძობადი, მაგრამ მაინც. მაგალითად, სხვადასხვა პროფესიული ჯგუფები, ახალგაზრდები, ა.შ. ხვდებიან ერთმანეთს. პრობლემაა რომ არ საუბრობენ პოლიტიკური ელიტები. ხშირად ვისმენ, რომ აფხაზებსა და ოსებს არ უნდა ველაპარაკოთ, რადგან ოკუპირებულები არიან და არ აქვთ ავტონომია, ნება, თუმცა აქვეა, ის ამბავიც რომ არც რუსეთს უნდა ველაპარაკოთ, რადგან ოკუპანტია. ამ მიდგომით გაუგებრობაში ვამყოფებთ ჩვენ თავს და ძალიან ბუნდოვანს ვხდით ვის უნდა ველაპარაკოთ, რა ფორმატებში და რატომ. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური დიალოგის ფორმატების შექმნა მარტივი პროცესი არ არის და რა თქმა უნდა, დისკუსიის საგანია რა კონკრეტული, ახალი ფორმატი უნდა/შეიძლება შეიქმნას და ვინ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ვფიქრობ, საქართველოს კონტექტსში აუცილებელია აფხაზ და ოს პოლიტიკურ ელიტასთან საუბარი, თუმცა არანაირად არ უნდა გადავვარდეთ ილუზიაში რომ რუსეთი ამ პროცესებიდან დისტანცირდება და არ ჩაერევა. შესაბამისად, დიალოგის ფორმატის შექმნას რისკების გათვლა სჭირდება, ამ რისკებს კიდევ დაზღვევის კონკრეტული გეგმა, ამ საქმიანობას კი დრო, ენერგია, ადამიანური, ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი.
გიორგი კანაშვილი:
აღნიშნული მიდგომა სრულიად გაუგებარია და დრო, ჩემი აზრით, ამ მიდგომის კონტრპროდუქტიულობას აჩვენებს. ყველა სხვა კონფლიქტში, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ იქ სადაც პოლიტიკური ელიტები არ საუბრობენ საქმე ცუდად, ან ძალიან ცუდადაა და პირიქით.
ამ თვალსაზრისით მაინცდამაინც შორს გახედვა არაა საჭირო - აგერაა ყარაბაღის კონფლიქტი. მეორეს მხრივ გვაქს კვიპროსისა და მოლდოვის განსხვავებული, ბევრად დადებითი მაგალითები. აქ პირიქით, მხარეები მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებებისა საუბრობენ და შესაბამისად გარემოც ბევრად პოზიტიურია.
ალბათ გულუბრყვილობა იქნება იმისა წარმოდგება, რომ დიალოგი კონფლიქტები სწრაფ გადაწყვეტამდე მიგვიყვანს. თუმცა, შესაძლოა თვითონ ამ პროცესმა, მნიშვნელოვნად გაუადვილოს ცხოვრება მოსახლეობას კონფლიქტის ზონებში. პრინციპში, ჩვენივე გამოცდილება გვკარნახობს ამას - პერიოდები როდესაც ქართველები და აფხაზები, ქართველები და ოსები, ერთმანეთში საუბრობდნენ (ვგულისხმობ ლიდერებს), რთულად თუმცა გარკვუელ შედეგებს წარმოშობდნენ.
სამწუხაროდ, დღეს პრინციპში არ მიდის სერიოზული მსჯელობა და ფიქრი ამ საკითხებზე. ქართული ოცნების ლიდერთა უმრავლესობას არც ცოდნა და არც პოლიტიკური გამბედაობა არ გააჩნიათ, ამ თემების წამოსაწევად.
პაატა ზაქარეიშვილი:
მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ფორმალურად აკრიტიკებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკას კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით, პრაქტიკულად, უკრიტიკოდ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვას, რომელიც ეყრდნობა „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“, რომელიც მიღებულია 2010 წლის 27 იანვარს. ეს სტრატეგია ასევე არასიცოცხლისუნარიანია. გამოირჩევა ზედაპირულობით და ფორმალურობით. იგი კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავდა; გამორიცხავდა კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას და მიზნად ისახავდა „გამყოფი ხაზებით განცალკევებული“ მოსახლეობის შერიგებასა და მათ შორის ნდობის აღდგენას. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსი უნდა განხილულიყო რუსეთის საოკუპაციო ჯარების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანისა და დევნილების დაბრუნების პროცესების პარალელურად.
დეოკუპაციის პოლიტიკისა და შერიგებსა და ნდობის აღდგენის პოლიტიკების თანადროული განხორციელება სრულიად შესაძლებელია. დეოკუპაცია ეხება რუსეთის ნეოიმპერიულ პოლიტიკას და მასზე უნდა მუშაობდეს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. ხოლო, შერიგებსა და ნდობის აღდგენის პოლიტიკები არის საქართველოს შიდა სახელმწიფო საკითხები და მასზე უნდა მუშაობდნენ შესაბამისი დარგობრივი უწყებები, პირველ რიგში შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატი, იუსტიციის სამინისტრო, შსს და დანარჩენი სამინისტროებიც. ამ ორი პროცესს შორის გადაკვეთა შეიძლება მოხდეს იქ, სადაც დღეს ისინი კვეთავენ ერთმანეთს, ანუ მთელ პროცესს ფორმალურად მართავს საგარეო საქმეთა სამინისტრო, არაფორმალურად უსაფრთხოების სამინისტროსთან თანამშრომლობით. შერიგების სახელმწიფო მინისტრის აპარატი დღეს დღეობით გადაქცეულია საგარეო სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტად. საჭიროა ამ ორი მიმართულების ინსტიტუციონალური დაშორიშორება.
ხელისუფლებას არ გააჩნია დეოკუპაციის პოლიტიკა. დეუკუპაციის პოლიტიკა ჩაანაცვლა არაღიარების პოლიტიკამ, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, პირველ რიგში აშშ, ევროკავშირი და მსხვილი რეგიონალური სახელმწიფოები, რომლებსაც გავლენა აქვთ მეზობელ ან პოლიტიკურად და ეკონომიკურად მათზე დამოკიდებულ სახელმწიფოებზე.
ნათია ჭანკვეტაძე:
ხშირად ამბობენ, რომ დეოკუპაციისა და კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიმართულებით მუშაობა კი არ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან, პირიქით, სინქრონში მოვიყვანოთ. ამ მიდგომას ვეთანხმები, თუმცა როცა გამიჯვნაზე ვლაპარაკობ, არ ვგულისხმობ ორ ცალ-ცალკე პროცესს, რომელსაც ერთმანეთთან კვეთა არ აქვს. ჩვენ უნდა გავიაზროთ, რომ დეოკუპაციის პროცესი მიემართება რუსეთს, თუმცა, იგი ასევე მიემართება აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებს, რომლებიც კულტურულად და სოციალურად რუსეთს კი არ უახლოვდებიან, უკვე ერწყმიან. შესაბასამისად, დეოკუპაცია არ არის მხოლოდ რუსეთის სამხედრო ძალის გაყვანა ამ ტერიტორიებიდან და მისი როგორც კონფლიქტის მხარის პოზიციის გაუქმება, დეოკუპაცია აუცილებლად გავა ღირებულებათა სისტემის ცვლილებაზე. რაც შეეხება კონფლიქტის ტრანსფორმაციის პოლიტიკას, ეს არის უშუალოდ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებსა და შიდა საზოგადოებებზე გათვლილი მიდგომა. რა იცის ქართულმა საზოგადოებამ აფხაზებისა და ოსების შესახებ, ვინ არიან ეს საზოგადოებები, რა გვაერთიანებს და რა გვაშორებს ერთმანეთისგან - აი, ამ აკითხების ირგვლივ შენდება კონფლიქტ(ებ)ის ტრანსფორმაციის ხედვა. როცა ვსაუბრობთ დეოკუპაციის სტრატეგიაზე კრიტიკულად უნდა შევაფასოთ ეს სტრატეგია რამდენად მოიცავს იმ საკითხებს, რაც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონტექსტისა და ურთიერთობების გაუმჯობესებას სჭირდება.
გიორგი კანაშვილი:
თეორიულად ეს ორი პროცესი ერთმანეთს ხელს უნდა უწყობდეს. პრაქტიკაში ერთი მეორეზეა დაქვემდებარებული; დეოკუპაცია აშკარად შერიგებაზე და ნდობაზე უფრო აღმატებულ სიკეთეთ ითვლება. არადა, ჩემი აზრით, პირიქით უნდა იყოს.
რა თქმა უნდა, უმნიშვნოვანესია რუსეთის ფაქტორი. თუმცა, ბევრი არ/ვერ ფიქრდება, რამ გახადა შესაძლებელი ოკუპაცია. შემთხვევით იმან, ხომ არა რომ რუსეთს ადგილზე კონფლიქტისთვის ნოყიერი ნიადაგა დახვდა შემზადებული?!
ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების დეოკუპაციის პოლიტიკა, თვისობრივად ერთი და იგივეა. მას საფუძვლად ერთი და იგივე მოსაზრებები უდევს. ქართული ონცების „დრამა“ იმაში მდგომარეობს, რომ მან ინტელექტუალური თვალსაზრისით ვერაფერი ახალი ვერ შემოგვთავაზა (თუმცა ასევე თითქმის ყველა მიმართულებით).
განსხვავება მხოლოდ ერთია - წინა ხელისუფლება ამ პოლიტიკას უფრო აქტიურად და ხმამაღლა ახორციელებდა, ქართული ოცნება კი - ბევრად პასიურად და ფრთხილად. ხშირად - საჩვენებლად.
პაატა ზაქარეიშვილი
ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის ის რომ ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა არანაირი მეტ-ნაკლებად სერიოზული სამხედრო ხასიათის ესკალაცია, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა შეუქცევადი შედეგი მორიგი ტერიტორიების დაკარგვის, სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვისა, ნგრევისა და დევნილობის სახით. თუ ეს პერიოდი გაგრძელდება, ამან შეიძლება ხელი შეუწყოს კონფლიქტის ტრანსფორმაციის ისეთ განვითარებას, რასაც ადგილი ჰქონდა 1993 – 2004 წლებში სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. უკუსვლა გამოხატება იმაში, რომ პრაქტიკულად გაჩერდა პოლიტიკური დიალოგის ყოველგვარი ფორმატი სოხუმთან და ცხინვალთან და მთელი ყურადღება გადატანილია მოსკოვის მიმართულებით, სადაც დინამიკის არანაირი ნიშანი არ ჩანს.
ნათია ჭანკვეტაძე: კონფლიქტის აქტიური ფაზის, ომის არარსებობა მიღწევაა, განსაკუთრებით იმ ფონზე როცა რეგიონში არსებული ერთი გაჭიანურებული კონფლიქტი შარშან უკვე აფეთქდა. თუმცა, ადამიანური უსაფრთხოების სხვა მახასიათებლებს თუ შევხედევთ, ვერ ვიტყვით, რომ ნაკლებ ადამიანს იტაცებენ და აკავებენ, რომ გამყოფ ხაზზე გადაადგილება პრობლემა არაა, ვერც იმას ვიტყვით, რომ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ საზოგადოებებს შორის კომუნიკაცია გახშირდა, ან საზოგადოებებს შიგნით მოიმატა იმ პროექტებმა და პროგრამებმა, რომლებიც კონფლიქტების შესახებ მუშაობენ. უკუსვლაა აბსოლიტური გაუგებრობის შექმნა, რა ხედვაა კონფლიქტების დარეგულირების შესახებ. ქართულ ოცნებას აქვს იგივე სტრატეგია, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს შეიქმნა. არ გვთავაზობენ ახალ, დასაბუთებულ და ადამიანებზე ორიენტირებულ მიდგომებს თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს კონფლიქტ(ებ)ის ტრანსფორმაციის მიმართულებით. გარდა ამისა, ამ წლების განმავლობაში კიდევ უფრო გამყარდა მოსაზრება რომ აფხაზებსა და ოსებთან დავა ავტომატურად გადაწყდება, თუ რუსეთთან კონფლიქტი მოგვარდება.
გიორგი კანაშვილი:
ერთადერთი მიღწევა, არის ის, რომ არ არის ღია ომი. სხვა თვალსაზრისით, დიდ სურათში, ქართული და აფხაზური, ქართული და ოსური საზოგადოებები ერთმანეთს შორდება. არც ტერიტორიული და არც საზოგადოებრივი ერთიანობის აღდგენის არანაირი პერსპექტივა, დღეს, არ იკვეთება.
ინსტრუქცია