[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / თვალსაზრისი

სასამართლოს საკადრო და ორგანიზაციული განახლების ისტორია

სოფო ვერძეული 

ცოტა ხნის წინ, გამოქვეყნდა სამი, სხვადასხვა თაობის, მოსამართლის მოსაზრება სასამართლოს წარსულსა და დღევანდელობაზე. სისტემის შიგნით დაგროვილი ისტორიების, გამოცდილებებისა და ემოციების გაცნობა, ყოველგვარი თანმდევი ანალიზის გარეშეც საჭირო და საინტერესო იყო, რადგან თავად მოსამართლეები იშვიათად საუბრობენ განვლილი გზის, მიღწევების, სირთულეების თუ გადაულახავი პრობლემების შესახებ. როგორც წესი, მათი დიდი ნაწილი შეფასებების თუ პოლიტიკური გადაწყვეტილებების პასიური მიმღებია. მათი ხმა, სასამართლო დარბაზებს მიღმა, კი თითქმის არ ისმის. ამდენად, განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სხვადასხვა დროის, სამი  მოსამართლის გამოცდილების თავმოყრას, რამაც ისტორიის და დღევანდელობის ერთობლიობაში დანახვის შესაძლებლობა მოგვცა.

ეს დოკუმენტი არის ერთგვარი მცდელობაა წარმოადგინოს მცირე რეფლექსია მოსამართლეთა მონათხრობზე და მათი პირადი გამოცდილებები სასამართლოს ინსტიტუციური და ორგანიზაციული გარდაქმნების ისტორიას დაუკავშიროს.

გასათვალისწინებელია, რომ რესპონდენტ მოსამართლეებს გამოარჩევთ და ერთმანეთთან აკავშირებთ ძალაუფლებასთან კონფლიქტში ყოფნის გამოცდილება, რის გამოც სამივე მათგანს სხვადასხვა ტიპის სირთულესთან მოუწია შეჯახება. გამოქვეყნებულ სტატიაში მოსამართლეები აღწერენ იმ გარემოსა და კონტექსტს, რომელშიც მათ უწევდათ საქმიანობა. საუბრობენ მოსამართლეთა განწყობებზე, მათ თავდაცვით თუ აქტივისტურ გამოცდილებებზე, მძიმე წარსულზე და დღევანდელობის ასევე მძიმე სურათზე, რომელიც შესაძლოა კიდევ უფრო რთული და კომპლექსურია. სამი მოსამართლის მოყოლილი ისტორია, ერთი მხრივ, აჩვენებს მათ განსხვავებულ გამოცდილებებს, თუმცა ასევე წარმოაჩნეს მათ კავშირს სასამართლოს ინსტიტუციურ და ორგანიზაციული გარდაქმნების ისტორიასთან  და გამოკვეთს იმ საერთო პრობლემებს, რომელიც დღესაც კრიტიკულ გამოწვევად დგას სასამართლოსთვის.  

თუკი 90-იანი წლების სასამართლოსთვის, ისევე როგორც მაშინდელი სახელმწიფო აპარატისთვის, გამოწვევა სისტემური და ფესვგამდგარი კორუფცია იყო, პოსტ-რევოლუციურ საქართველოში მოსამართლეებს პოლიტიკური ზეწოლის უპრეცედენტო ფორმებთან მოუწიათ შეხება, სასამართლო კი რეპრესიული აპარატის გაგრძელებად იქცა. დღევანდელი სასამართლოს პრობლემები კიდევ უფრო კომპლექსური და მრავალწახნაგიანია. პოლიტიკური ხელისუფლებისა და სასამართლოს ინტერესები ერთმანეთს შეეზარდა, მათი ძალაუფლებები კი ერთმანეთს კვებავენ და აძლიერებენ. კორპორატივიზმი, კლანურობა და არაფორმალურობა სასამართლოს მართვის მოდელად იქცა. სწორედ ასეთ სისტემაში მიღებული გადაწყვეტილებებით მოსამართლეთა უდიდესმა ნაწილმა თანამდებობები უვადოდ დაიკავა.  მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები სხვადასხვა “თაობის” მოსამართლეები არიან და მათი მოსამართლეობის წლებს განსხვავებული გამოწვევები ახასიათებდა, ყველასთვის საერთო და ნაცნობია მთავარი პრობლემა - სასამართლოს დამოუკიდებლობის და საზოგადოებრივი ნდობის მწვავე კრიზისი. ეს კრიზისი ვერ დაძლია სხვადასხვა ხელისუფლების მიერ, 90-იანი წლებიდან დღემდე, გატარებულმა ინსტიტუციურმა თუ საკადრო რეფორმებმა. მიუხედავად ამისა, ამ რეფორმების გახსენება საყურადღებოა, რამდენადაც მას შეუძლია სასამართლოში დღეს შექმნილი ვითარების უკეთ გაგებაში დაგვეხმაროს.

 

1997-1998 წლების სასამართლო რეფორმა და პირველი საკადრო განახლება

მოსამართლეთა საყოველთაო დათხოვნა არ უნდა ხდებოდეს პოლიტიკური მოსაზრებით, ხელისუფლების თვითნებობით ან ხელისუფლების შეცვლის მოტივით[1]სასამართლო კოლეგია ვერ დაეთანხმება მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ასამართლებს სასამართლო რეფორმას.”[2] ეს შეფასება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სასამართლოს ერთ-ერთ პირველ რეფორმას ეხება. ამ არგუმენტით, 1998 წელს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, პარლამენტის მიერ მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა არაკონსტიტუციურად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, მაშინდელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ რეფორმის მიმართულებაზე უარი არ თქვა.

1997 წლის ივნისში, სასამართლო სისტემის შესახებ, მიღებული კანონით და შემდეგი თვეების განმავლობაში, ამავე კანონში შეტანილი ცვლილებებით, საქართველოს პარლამენტმა შეცვალა მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნის მოდელი და მხარი დაუჭირა მოსამართლეების საკონკურსო წესით დანიშვნას.[3] საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ კი, ძველი წესით დანიშნული მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების ვადამდე ავტომატური შეწყვეტის ნაცვლად, მათ საკვალიფიკაციო ატესტაციის გავლის ვალდებულება დააკისრა, რაც პრაქტიკულად მნიშვნელოვან საკადრო განახლების შესაძლებლობას უთანაბრდებოდა. სისტემური კორუფციის მძიმე გამოცდილების ფონზე, ამგვარი ფართომასშტაბიანი რეფორმის მიმართ პოზიტიური მოლოდინი შეიქმნა. თუმცა, რეფორმის მიმართ თავდაპირველი ოპტიმიზმი მალევე გაქრა, რადგან გაჩნდა ეჭვები ახალ საგამოცდო პროცესში კორუფციული გარიგებების შესახებ.[4] მალევე, ნათელი გახდა, რომ ამ ნაბიჯით, სასამართლოს რეფორმა და კორუფციული გავლენებისგან მისი გათავისუფლება ვერ მოხერხდებოდა. როგორც თამარ ლალიაშვილი აღნიშნავს, კორუფციის აღმოფხვრის მიმართ მოლოდინები თავიდანვე არარეალისტური იყო იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფო ადეკვატურ ხელფასს არ სთავაზობდა მოსამართლეს.[5]

 

რეფორმები და საკადრო ცვლილებები პოსტ-რევოლუციურ სასამართლოში

სასამართლომ რეორგანიზაციის და საკადრო ცვლილებების კიდევ ერთი ეტაპი პოსტ-რევოლუციურ პერიოდში გაიარა. 2005 წელს მიღებული ცვლილებებით, საოლქო და ავტონომიური რესპუბლიკების სასამართლოები გაუქმდა. შედეგად, მოსამართლეების დიდმა ნაწილმა, “ლიკვიდაციასთან დაკავშირებით”, თანამდებობები დატოვა.[6]სწორედ ამ პერიოდს იხსენებს ყოფილი მოსამართლე მაია ბაქრაძე, რომელიც საინტერესოდ აღწერს განაწყენებული ძველი მოსამართლეების მიერ საქმეების განზრახ დანაწევრებისა და ახლადდანიშნული მოსამართლეებისთვის მოუწესრიგებელი საქმეების დატოვების ისტორიას. რეფორმის შემდგომ, თანამდებობიდან გათავისუფლებული და რეზერვში ჩარიცხული რამდენიმე მოსამართლის მიერ შეტანილ სარჩელზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ერთდროულად ადგილი ჰქონდა როგორც სასამართლოს წყობილების შეცვლას, ისევე სასამართლოს ლიკვიდაციას, რაც მოსამართლეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.[7] 1998 წლისგან განსხვავებით, 2006 წელს, საკონსტიტუციო სასამართლომ რეფორმის ამ ნაწილში კონსტიტუციასთან წინააღმდეგობა ვერ დაინახა. ამავე პერიოდში საკადრო ცვლილებები “წაახალისა”, უზენაესი სასამართლოს იმ მოსამართლეებისთვის პენსიის დანიშვნამ, რომლებიც ვადაზე ადრე, საკუთარი განცხადებით დატოვებდნენ თანამდებობებს.[8]ამ პერიოდს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის სტატუსით შეხვდა თამარ ლალიაშვილი, რომელიც იხსენებს როგორ იბარებდა საკუთარ კაბინეტში მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მოსამართლეებს და ესაუბრებოდა თანამდებობის დატოვების შესახებ.[9] რევოლუციის შემდეგ წლებში, მოსამართლეების მიმართ გააქტიურებულმა დისციპლინურმა დევნამ და ბუნდოვან გარემოებებში, არაერთი მოსამართლის მიერ, გადადგომის შესახებ დაწერილმა განცხადებებმა, ასევე შექმნა სასამართლოს ახალი კადრებით დაკომპლექტების საფუძველი.[10] მიუხედავად ფართომასშტაბიანი საკადრო და ორგანიზაციული ცვლილებებისა, სასამართლო მაშინდელი პოლიტიკური სისტემის ყველაზე დიდ ჩავარდნად და გამოწვევად დარჩა. სწორედ ამ წლებში არსებითად გაიზარდა სასამართლოს პოლიტიზირების და დაქვემდებარების ხარისხი. მაია ბაქრაძის მონათხრობის მიხედვით, ეს ტენდენცია გამოჩნდა 2007 წლის ბოლოდან, როდესაც პოლიტიკური ტემპერატურის მატებასთან ერთად, არსებითად შეიცვალა განწყობა და დამოკიდებულება მოსამართლეების მიმართ. მისი თქმით, 2008-2012 წლებში, სასამართლო თვითგადარჩენის რეჟიმში გადავიდა.[11]

 

“ქართული ოცნების” სასამართლო რეფორმის ტალღები       

სწორედ ამ მძიმე რეპრესიის გამოცდილებით შეხვდა სასამართლო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ყოფილი მოსამართლე - მაია ბაქრაძე - აღნიშნავს, ამ არჩევნებმა თავისუფლების მცირეხნიანი ფანჯარა გააჩინა სისტემაში.[12] თუმცა, მალევე ხელისუფლებაში მოსულმა “ქართულმა ოცნებამ” სასამართლოსთან მიმართებით საკუთარი სტრატეგიის და გეგმის განხორციელება დაიწყო. საყურადღებოა მაია ბაქრაძის მოსაზრება, რასაც დღევანდელი საკადრო მოცემულობაც ადასტურებს, რომ ხელისუფლებამ მთავარი დასაყრდენი იმ მოსამართლეებში იპოვა, რომლებიც 2012 წლამდე, სასამართლოს პოლიტიკური მორჩილების მთავარი გარანტორები იყვნენ.[13]

ამდენად, მრავალრიცხოვანი საკანონმდებლო ცვლილებისგან განსხვავებით, ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში, სასამართლოს შემადგენლობა ფართომასშტაბიანად არ განახლებულა. სასამართლო რეფორმის ტალღებმა, საწყის ეტაპზე, ვითარების გაუმჯობესების ერთგვარი იმიტაცია შექმნა. თუმცა, მალევე ნათელი გახდა, რომ ხელისუფლებამ უარი თქვა სასამართლოს მართვის მანკიერი ლოგიკის ცვლილებაზე და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის და საზოგადოების ნდობის მიმართულებით ძირეული პრობლემები შეინარჩუნა. როგორც ითქვა, ამ პროცესში ხელისუფლებამ მთავარი დასაყრდენი სასამართლოს ხელმძღვანელებში იპოვა, რომლებიც გასულ წლებში, სხვა პოლიტიკური გუნდისთვის, ანალოგიურ როლს ასრულებდნენ.  

2012 წლის შემდეგ, სელექციური და თვითნებური გადანიშვნების, ასევე სადავო დისციპლინური საქმეების გზით, სასამართლო დატოვა კრიტიკულად განწყობილმა მოსამართლეებმა. დღეს უკიდურესაც მცირეა იმ მოსამართლეთა რიცხვი, რომლებიც სასამართლოს გამოწვევების და საკუთარი წუხილების შესახებ საჯაროდ საუბარს ბედავენ. მოქმედი მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი, პირადი გამოცდილების მოშველიებით, ყურადღებას ამახვილებს იმ დაბრკოლებებსა და სირთულეებზე, რაც დამოუკიდებელ მოსამართლეს შეიძლება სისტემისგან შეხვდეს, თუ ის გამოწვევების შესახებ საჯაროდ დაიწყებს საუბარს.[14] განსხვავებული აზრის სიმწირის მიზეზებთან დაკავშირებით, ის დამატებით აღნიშნავს სასამართლოს დაშლის პრობლემურ რიტორიკას. ინტერვიუში ის ხაზს უსვამს იმას, რომ გამოსაცდელი ვადის და სხვა დაბროკლებების პირობებში, ამგვარი რიტორიკა ხელს უშლიდა ჯანსაღი დისკუსიის წარმოებას სასამართლოს რეალურ საჭიროებებსა და რეფორმებზე.[15]  

 

რეფლექსია მოსამართლეთა მონათხრობზე

სხვადასხვა თაობის მოსამართლეთა ისტორიების გახსენება გვეხმარება იმ გზის უკეთ წარმოდგენაში, რაც სასამართლო სისტემამ 90-იანი წლებიდან დღემდე გაიარა. პოლიტიკური კონტექსტის პარალელურად, სასამართლოშიც ბევრი რამ იცვლებოდა ან დროებით იცვლიდა სახეს. ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური ჯგუფების ცვლილების მომენტი აჩენდა მოლოდინს ან მცირეხნიან შესაძლებლობას თავისუფლებისთვის. თუმცა, ეს შესაძლებლობა არცერთ ეტაპზე არ ყოფილა მყარი და საკმარისი დამოუკიდებელი სასამართლოს გამოცდილების შესაქმნელად. გარკვეული დროის შემდეგ, პოლიტიკური ხელისუფლება საკუთარი ერთპიროვნული მმართველობისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საფუძვლის შექმნას სწორედ სასამართლოს დაქვემდებარებით იწყებდა. ამას ხან მოდერნიზაციის, ხან საკადრო განახლების და ხანაც დეპოლიტიზირების სახელი ერქვა. ამიტომაც, ქართული სასამართლოს ორგანიზაციული და საკადრო რეფორმების ისტორია, იმავდროულად დემოკრატიის მარცხისა და ძალაუფლების მონოპოლიზაციის ისტორიაცაა.    

სტატიაში აღწერილი გამოცდილებები, რომელიც ისტორიის მხოლოდ მცირე ნაწილია, კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ამ ქვეყანაში მოსამართლეთა ცნობიერება კონკრეტული გამოცდილებების გავლენით, არაერთი სოციალური, ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური ფაქტორის ფონზე ჩამოყალიბდა: კორუფცია, მოშლილი სამართლებრივი და ინფრასტრუქტურული სისტემა, დევნა და რეპრესია, რომელშიც სასამართლო ერთდროულად თანამონაწილეც იყო და მსხვერპლიც, დუმილის და ლოიალობის სანაცვლოდ პოლიტიკურ ხელისუფლებასთან მიღწეული ზავი, აქტივიზმის და პროგრესული სამოსამართლეო პრინციპების უგულებელყოფა, ძალაუფლების ინტერესებთან შეზრდილი სისტემა, რომელშიც მოსამართლეთა ნაწილმა უსაფრთხოების და კარიერული გადარჩენის შესაძლებლობა დაინახა. დღეს სასამართლოს კოლექტიური ცნობიერება, მათ შორის, ამ ფაქტორებს აირეკლავს. ეს გამოცდილებები კი მოსამართლეთა ძირითადი ნაწილის დუმილის მიზეზი ხდება და ძალაუფლების მქონე, ვიწრო ჯგუფის კორპორაციად ქცეული სასამართლოს იდეას კვებავს. ბუნებრივია, რომ ჩუმად მყოფი მოსამართლეების რიცხვი გაცილებით დიდია იმ მოსამართლეების რაოდენობაზე, რომლებიც მართვის ამ სისტემის სათავეში არიან და მისგან პირად, ძალაუფლებრივ თუ კარიერულ სარგებელს იღებენ. 

როგორც ერთი ყოფილი მოსამართლე ამბობს, დღევანდელი სასამართლოს წყობის და მართვის ლოგიკის მთავარი დასაყრდენი იმ მოსამართლეთა ნიჰილიზმი და უიმედობაა, რომლებიც ფიქრობენ რომ ეს მოცემულობა გარდაუვალი და შეუცვლელია.[16] ეს კიდევ უფრო ასუსტებს მათ კრიტიკულობას, ბრძოლისუნარიანობასა და ორგანიზებულობას. ამდენად, ამ სისტემის ავტორებისა და მათი ძალაუფლებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს ის განსხვავებული ხმები წარმოადგენს, რომელიც დღეს სისტემაში სუსტად ისმის, თუმცა ნიჰილიზმის წინააღმდეგ ძლიერ ბიძგებს ქმნის. პოლიტიკური ნების და დამოუკიდებლობის მხარდამჭერი ინსტიტუციური გარემოს არარსებობის პირობებში, მხოლოდ ასეთი განსხვავებული ხმების გამრავლებითა და ურთიერთშეკავშირებით არის შესაძლებელი დინამიკის ცვლილება სასამართლოში.

თავის მხრივ, ამ დინამიკას დადებითი ცვლილების რესურსი ექნება იმ შემთხვევაში, თუ ის არამხოლოდ არსებულ ძალაუფლებას შეუქმნის დისკომფორტს, არამედ ასევე შექმნის შესაძლებლობას სასამართლოს წარსულსა და დღევანდელობაზე გულწრფელი, კრიტიკული და სამართლიანი რეფლექსიისათვის.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “ავთანდილ ჭაჭუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, 1998 წლის 3 ნოემბერი, მე-9 პუნქტი.

[2] იქვე, მე-11 პუნქტი.

[3] “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი, 13/06/1997, 47-ე მუხლი.

[4] საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, “საქართველოს სასამართლო სისტემის გადახალისება. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო: მეტი დემოკრატია თუ მართლმსაჯულების იმიჯის გამოსწორება”, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3BlcIRj.  

[5] სასამართლო 90-იანი წლებიდან დღემდე - სამი მოსამართლის პერსპექტივა, 07 აპრილი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vaxmRg.

[6]საქართველოს ორგანული კანონი “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, 23/06/2005, 1-ელი მუხლის მე-20 პუნქტი.  

[7] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქეები - თამაზ კილანავა, ნუგზარ კანდელაკი, მანანა ნასარიძე, მადონა ღიბრაძე და ლალი არჩვაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, 2006 წლის 31 მაისი, III ნაწილი.

[8] “საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე, 10/03/2005, 1-ელი მუხლის მე-7 პუნქტი.

[9] სასამართლო 90-იანი წლებიდან დღემდე - სამი მოსამართლის პერსპექტივა, 07 აპრილი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vaxmRg.

[10] “მოსამართლეთა პასუხისმგებლობის სისტემის ანალიზი”, 2014 წელი, გვ. 97, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/36ho2T3.

[11] სასამართლო 90-იანი წლებიდან დღემდე - სამი მოსამართლის პერსპექტივა, 07 აპრილი 2022, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vaxmRg.

[12] იქვე.

[13] იქვე.

[14] იქვე.

[15] იქვე.

[16] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“