[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანალიტიკური დოკუმენტები

"სასამართლოს მეგობრის" მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე

2022 წლის 11 მარტს „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება სახელმწიფო ინსპექტორის საქმეზე  (N1673 კონსტიტუციური სარჩელი - „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). სასამართლოს მეგობრის მოსაზრება მიზნად ისახავს არსებულ კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უმნიშვნელოვანესი როლის წარმოჩენასა და დასაბუთებას და, ამის გათვალისწინებით, სადავო ნორმების კონსტიტუციურობის შეფასებას.

2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის გარეშე, განიხილა და მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.[1] ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს.

2022 წლის 25 იანვარს, ლონდა თოლორაიამ, სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს[2] და მოითხოვა საკანონმდებლო ცვლილებების  არაკონსტიტუციურად ცნობა კონსტიტუციის იმ ჩანაწერთან მიმართებით, რომელიც საჯარო თანამდებობაზე ყოფნისას უფლებამოსილების შეუფერხებლად განხორციელების გარანტიებს განსაზღვრავს (კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველი პუნქტი). საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2022 წლის 28 თებერვლის N1/1/1673 საოქმო ჩანაწერით არსებითად განსახილველად მიიღო სადავო ნორმების ნაწილი.[3]

სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, პირველ რიგში, დეტალურად არის გაანალიზებული სამსახურის დაარსების დროისათვის არსებული სამართლებრივი და ფაქტობრივი რეალობა, რამაც მისი შექმნის საჭიროება დღის წესრიგში დააყენა. ასევე წარმოდგენილია მოკლე შედარებით-სამართლებრივი ანალიზი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის თაობაზე, რომელიც ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციას წარმოადგენს. მოსაზრების ბოლო ნაწილი კი, დასახელებული ფაქტორების გათვალისწინებით, სადავო ნორმებით დადგენილი შეზღუდვების კონსტიტუციურ-სამართლებრივ შეფასებას ეთმობა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, საკუთარი კომპეტენციების, მისი შექმნის საჭიროებისა და ადგილობრივი კონტექსტის, ასევე რელევანტური საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტებისა და ადგილობრივი საკანონმდებლო გარანტიების გათვალისწინებით, კონსტიტუციური მნიშვნელობის ორგანოს წარმოადგენს. შესაბამისად, ამ სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, სახელმწიფოს მხრიდან დასახელებული ლეგიტიმური მიზნებით, ვერ პასუხობს კონსტიტუციით დადგენილ წესრიგს და არაკონსტიტუციურად უნდა იქნას ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლის პირველ პუნქტთან მიმართებით.

დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში

სასამართლო_მეგობრის_მოსაზრება_1648633499.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] „მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი“, განცხადება ხელმისაწვდომია:

https://socialjustice.org.ge/ka/products/movutsodebt-sakonstitutsio-sasamartlos-droulad-ganikhilos-londa-toloraias-sarcheli

[2] კონსტიტუციური სარჩელი N1673, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13074

[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის N1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13251

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“