საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2021 წლის 30 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და მის ნაცვლად შეიქმნა ორი ახალი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.[1] ცვლილებების თანახმად, 2022 წლის 1-ლი მარტიდან უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელსა და მის მოადგილეებს.
2022 წლის 25 იანვარს, იმ დროისათვის მოქმედმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ, სარჩელი წარადგინა საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლითაც საკანონმდებლო ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას და სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებას მოითხოვდა.[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2022 წლის 28 თებერვლის N1/1/1673 საოქმო ჩანაწერით[3] არსებითად განსახილველად მიიღო სადავო ნორმების ნაწილი. ამასთან, სასამართლომ იმსჯელა სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების საკითხზე და მოსარჩელის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ კრიტიკულად აფასებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საოქმო ჩანაწერში განვითარებულ მსჯელობას სადავო ნორმების მოქმედების შეჩერების თაობაზე და მნიშვნელოვნად იზიარებს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის მიერ გამოთქმულ განსხვავებულ აზრში მოცემულ არგუმენტაციას, რომელიც თან ახლავს საოქმო ჩანაწერს. სასამართლოს მსჯელობა პრობლემურია რამდენიმე მიმართულებით, არსებული, მყარი პრაქტიკისგან განსხვავებულად არის დანახული ნორმის შეჩერების საკანონმდებლო დანაწესი და არასწორად არის განმარტებული სასამართლოს აქამდე არსებული და წინამდებარე საქმისათვის რელევანტური პრაქტიკა. ამასთან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან არაერთი დაჟინებული მოწოდების მიუხედავად,[4] დროულად განხილულიყო სახელმწიფო ინსპექტორის კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლომ საოქმო ჩანაწერი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტამდე 1 დღით ადრე, 28 თებერვალს მიიღო, სადავო ნორმების მოქმედების შეჩერებაზე უარი კი, მათ შორის, ახლადშექმნილი სამსახურების ამ დროისათვის უკვე არჩეულ ხელმძღვანელთა ინტერესების დაცვის არგუმენტაციას დააფუძნა.
წარმოდგენილი დოკუმენტი მიმოიხილავს N1/1/1673 საოქმო ჩანაწერის იმ ძირითად პრობლემურ ასპექტებს, რომლებიც ჩვენი აზრით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას. ვთვლით, რომ სასამართლოს მხრიდან მსგავსი მიდგომები აზრს უკარგავს და ილუზორულს ხდის ადამიანის უფლებათა ეფექტურად დაცვისათვის ისეთ უმნიშვნელოვანეს პრევენციულ მექანიზმს, როგორიც სადავო ნორმის მოქმედების შეჩერების ინსტიტუტია და ზიანს აყენებს ინდივიდთა ლეგიტიმურ მოლოდინებს სასამართლოს საქმიანობისა და პრაქტიკის თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით.
დოკუმენტი სრულად იხ. მიმაგრებულ ფაილში
[1] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება: „მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი“, 11 თებერვალი, 2022, განცხადება ხელმისაწვდომია:
[2] კონსტიტუციური სარჩელი N1673, ხელმისაწვდომია: https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=13074
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 28 თებერვლის N1/1/1673 საოქმო ჩანაწერი საქმეზე „ლონდა თოლორაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ
[4] საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება: „მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სასამართლოს დროულად განიხილოს ლონდა თოლორაიას სარჩელი“, 11 თებერვალი, 2022
ინსტრუქცია