საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ფოტო: კახა მჭედლიძე/რადიო თავისუფლება
საქართველოში მძიმე ინდუსტრიული დარგების გარდა, შრომის უფლებების დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოგროვებას დღეს თითქმის არსად არ აქვს სისტემური ხასიათი.EMC სამკერვალო ფაბრიკებში არსებული შრომის პირობების კვლევით დაინტერესდა, სადაც მსგავსი მონაცემების მოპოვება მხოლოდ სხვადასხვა დასაქმების ადგილზე ერთეულ თანამშრომლებთან ინტერვიუების გზით თუ არის შესაძლებელი. მშრომელთა ორგანიზების შეუძლებლობის გამო საკმერვალო ფაბრიკაში დასაქმებულებს შორის დაბალია ცნობიერება შრომითი უფლებების შესახებ და ძირითად წილად უცნობია ინფორმაცია შრომის ინსპექტირების მექანიზმის არსებობის შესახებაც. თუმცა კვლევის მიზნებისთვის გამოკითხული რესპონდენტები სამუშაო გარემოს შესახებ არა ერთ სარწმუნო ფაქტს აწვდიან ორგანიზაციას, რომელზე დაყრდნობითაც კაბალური პირობების შესახებ შეგვიძლია მსჯელობა.
აქ განსაკუთრებით იკვეთება არასრული და პრეკარიატული დასაქმების პრობლემა. ეს კი პირველ რიგში იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა ან ერთ დასაქმების ადგილებზე განმეორებით მუშაობის მიუხედავად, დასაქმების ეპიზოდურობა გამორიცხავს მკერავებს შორის ხანგრძლივვადიან თუ უვადო ხელშეკრულებების არსებობას. კიდევ უფრო მძიმეა გარემოებები იქ, სადაც მსგავსი შეთანხმებები საერთოდ არ არსებობს. ამასთან დასაქმებულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, რომელთა ანაზღაურებაც არასათანადოა, არ წარმოადგენს მათი შინამეურნეობებისთვის ძირითად საარსებო საშუალებას და მხოლოდ დამხმარე ხასიათი აქვს. ეს კი თავის მხრივ, ზღუდავს მკერავებისთვის შრომის სოციალური გარანტიების არსებობას.
კვლევამ ასევე გამოავლინა არანორმირებული, ზეგანაკვეთური შრომის პრობლემაც, რაც ამგვარი წესით არ ანაზღაურდება. ბრიგადას მჭიდრო ვადებში გამომუშავებაზე მუშაობა უწევს (კოლექტიურად, და არა ინდივიდუალურად). დასაქმებულებმა იციან, რომ შეკვეთის დროულად შეუსრულებლობა მათსავე დაჯარიმებას განაპირობებს, რის გამოც ხშირია სამუშაოს ზეგანაკვეთური დატვირთვით შესრულების გარდაუვალობა.
ნიშანდობლივია, რომ სამუშაო გარემოზე საუბრისას ქალები აღნიშნავენ, რომ მანქანა-დანადგარების სათანადოობის საკითხი დასაქმებულებს შორის პრობლემურად არ დგას, თუმცა სხვადასხვა დასაქმების ადგილზე შრომისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის ოთახის ტემპერატურისა და განათების რეგულირების შეუძლებლობა, ასევე, დამტვერიანების პრობლემა.
მკერავები წინააღმდეგობის ერთეულ შემთხვევებზეც ყვებიან, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ ორგანიზებული სახე ან განგრძობითი ხასიათი. საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა საწარმოებში დასაქმებულებს არ ჰქონიათ არც „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებასთან“ თანამშრომლობის წარმატებული გამოცდილება.
შრომა არასტაბილური სამუშაოსა და არასათანადო ანაზღაურების პირობებში
საქართველოს მასშტაბით ცალკეულ სამკერვალო ფაბრიკებში შრომითი ურთიერთობები ეპიზოდურია, რადგან ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს პერიოდულად ეძლევათ დაკვეთის მიღების შესაძლებლობა. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობების პერიოდულობას საწარმოების მიერ შეკვეთის მიღების ვადა და რაოდენობა განსაზღვრას. აღნიშნული პირობა შესაძლებლობას აძლევს მკერავ ქალებს, ჰყავდეთ სხვადასხვა დამსაქმებელი, თუმცა მათი სურვილია ჰქონდეთ სტაბილური სამუშაო.
გარდა ამისა, დასაქმებულები არასათანადო ანაზღაურების შესახებ საუბრობენ. რიგ შემთხვევებში, ანაზღაურების სიმწირის გამო, ისინი დასაქმების ნაცვლად უმუშევრობის ალტერნატივას ირჩევენ. დამატებით, პრობლემურია, როდესაც საწარმოებში მკერავთა ხელფასის ოდენობა კოლექტიურად შესრულებული სამუშაოს მიხედვით განისაზღვრება. ამასთან დაკავშირებით მკერავი ქალები ამბობენ, რომ ბრიგადის მიერ გამომუშავებული თანხა თანაბრად ნაწილდება თითოეულ დასაქმებულზე, რაც, მათი აზრით, არ არის სამართლიანი. ისინი ამჯობინებენ შესრულებული სამუშაო ინდივიდუალურად ფასდებოდეს.
გამომუშავებაზე მუშაობისას დასაქმებულები შეკვეთის მჭიდრო ვადებში შესრულების საჭიროების შემთხვევაში ზეგანაკვეთური შრომის იძულებაზე საუბრობენ. საწარმოებში, სადაც შინაგანაწესის მიხედვით სამუშაო კვირა ექვსდღიანია, შვიდ დღეს მუშაობენ და ასევე აჭარბებენ შინაგანაწესით განსაზღვრულ 8-საათიანი სამუშაო დღის ხანგრძლივობას.
შეკვეთის დროულად შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმა მკერავებს ეკისრებათ. ასეთ შემთხვევებში დამსაქმებელს ანაზღაურების თვითნებურად განსაზღვრის შესაძლებლობა აქვს, რამდენადაც დაჯარიმების საფუძველი და პროცედურა გამჭვირვალე არ არის. მშრომელები მიიჩნევენ, რომ შეკვეთის დროულად შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადახდა მხოლოდ დამსაქმებლის პასუხისმგებლობა უნდა იყოს და არ უნდა აზარალებდეს მკერავს.
არასრული დასაქმების შემთხვევა
მკერავი ქალები საუბრობენ სამკერვალოს არასრული დატვირთვით მუშაობის შესახებაც. ისინი დასაქმების სანაცვლოდ უმუშევრობას და სოციალური შემწეობით სარგებლობას არჩევენ, რაც მათ და მათ ოჯახებს სიღარიბეში ტოვებს და მიგრაციისკენ უბიძგებს.
გამოკითხულ პირთა თქმით, არასათანადო მენეჯმენტი განაპირობებს შეკვეთების სიმცირეს, გამომუშავებული ანაზღაურების სიმწირეს და დაქირავებულ მკერავთა რაოდენობის კლებას. „იმაზე ორჯერ მეტი მანქანაა, ვიდრე თანამშრომელი ჰყავს საწარმოს“ - ამბობს ერთ-ერთი საწარმოს დასაქმებული.
აქვე მიუთითებენ, რომ აღნიშნული სამსახურით თითქმის შეუძლებელია უმუშევარი მუშახელის დაინტერესება. „[ქალაქში] არიან ეს [უმუშევარი] ადამიანები, მაგრამ არც ერთს არ უღირს მუშაობა. ზოგი მაღაზიაში, ზოგი არც მუშობს, ზოგს სახლში ყოფნა ურჩევნია,“ - ამბობს რესპონდენტი.
რესპოდენტები აცხადებენ, რომ არასათანადო და პრეკარიატული დასაქმება ხდება ძირითადი მიზეზი, რის გამოც სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახები, უარს ამბობენ მუშაობაზე. დასაქმების შემთხვევაში მათ ეხსნებათ სოციალური შემწეობა.
„ურჩევნია, ის მცირე 50 ლარი აიღოს და ყოველთვე. კონტრაქტი რო იყოს 1-წლიანი ან 6-თვიანი უფრო დათმობდნენ. თან ერთი თვეც რომ აიღოს ხელფასი უხსნიან იმ სოციალურ დახმარებას. მიტომ.... ბევრი არის ისეთი უნდა მუშაობა, მარა იმის შიშით, რომ არ დაკარგოს [საარსებო შემწეობა], არ მოდიან.“ _ ამბობს ერთ-ერთი რესპონდენტი.
აქვე, მშრომელთათვის დამატებით სირთულეს წარმოადგენს ის, რომ ეპიზოდურად და ნაღდი ანგარიშსწორების გზით მიღებული ანაზღაურება დასაქმებულებს არ აძლევს საბანკო სესხით სარგებლობის შესაძლებლობას.
შრომითი ხელშეკრულებები
სამკერვალოებში, სადაც არ არის უწყვეტი წარმოება, შრომითი ხელშეკრულებების არარსებობის შესახებ საუბრობენ. ეპიზოდური დასაქმებისა და ხელშეკრულებების არქონის გამო, დასაქმებულები ვერასდროს ისარგებლებენ სამუშაო ბენეფიტებით, როგორიცაა: შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტული შვებულება და ა.შ. გარკვეულ საწარმოებში დამსაქმებლები დროებით შეჩერებული წარმოებით აკომპენსირებენ დასაქმებულთა შვებულებით სარგებლობის უფლების შეზღუდვას. ერთ-ერთი მკერავი ქალბატონი ამბობს: „ესაა ჩვენი შვებულება _ ხელშეკრულებებს შორის [პერიოდი]. ეს არის „ვინუჟდენი“ შვებულება, ესე რო გამოგიშვებენ და ეხლა გვითხრეს, არ ვიცით, თვის ბოლოს გეტყვით, როდის დაგიძახებთ.“
მანქანა-დანადგარები და გარემო პირობები
შრომის პირობებზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ მანქანა-დანადგარების სათანადოობის საკითხი დასაქმებულებს შორის არ დგას, თუმცა სხვადასხვა დასაქმების ადგილზე შრომისთვის შეუსაბამო პირობებს ქმნის ოთახის ტემპერატურისა და განათების რეგულირების შეუძლებლობა. ასევე, გარემო პირობებზე საუბრისას დასაქმებულები პრობლემურ საკითხად მიიჩნევენ სხვადასხვა ადგილას ინფრასტრუქტურის სიძველეს და სასადილო ფართების საჭიროებას.
დასაქმებულები ასევე აღნიშნავენ ქსოვილებით გამოწვეულ დამტვერიანებას, რისთვისაც სამკერვალოები შესაბამისი სავენტილაციო სისტემით არ არის აღჭურვილი.
წინააღმდეგობის პრეცედენტები
მკერავები ყვებიან, რომ რამდენჯერმე ყოფილა წინააღმდეგობის შემთხვევა, თუმცა აღნიშნულ გამოცდილებებს არ შეუქმნია ფორმალური გაერთიანებების შექმნისა თუ კოლექტიური დავის პრეცედენტები.
ერთ-ერთი სამკერვალო ფაბრიკის შემთხვევაში რესპონდენტები ჰყვებიან იმგვარი პრეცედენტის შესახებ, როდესაც ანაზღაურების დაგვიანებისა თუ თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის გამო, დასაქმებულებმა შეძლეს კოლექტიური მოთხოვნის წაყენება დამსაქმებლებისთვის. ამავე სფეროში რესპონდენტები იხსენებენ ადმინისტრაციისადმი შრომითი პირობების გაუმჯობესების შესახებ მოთხოვნის წაყენების პრეცედენტსაც, როდესაც საქმე ეხებოდა სამუშაო ოთახების გათბობას, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთ სხვა შემთხვევაში რესპონდენტი იხსენებს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს, რამაც „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისაგან“ დახმარების საჭიროება წარმოშვა, თუმცა ამ უკანასკნელ გარემოებას არ შეუქმნია დასაქმებულებსა და პროფკავშირულ გაერთიანებასთან წარმატებული თანამშრომლობის პრეცედენტი.მიუხედავად ყველაფრისა, შრომით დავაში მონაწილეობის რესურსი და მოტივაცია დასაქმებულისთვის დაბალია: „არა მაქვს ეგ მომენტი რა...არც დრო მაქვს, რომ სასამართლოებში მივდიო და ვაკეთო.“ - ამბობს ერთ-ერთ სამკერვალოში დასაქმებული პირი.
*სტატია მომზადებულია საველე კვლევის ფარგლებში შეგროვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. გაეცანით კვლევას:შრომის ინსპექტირების მექანიზმის შეფასება და დასაქმებულთა შრომითი უფლებების მდგომარეობა საქართველოში.
ინსტრუქცია