საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„სასამართლო აქტივიზმი“ ან „პოლიტიკის იურიდიფიკაცია“ მიუთითებს მოსამართლეთა მიდრეკილებაზე, განსაკუთრებით უმაღლეს სასამართლო ინსტანციებში, გადაიხარონ პოლიტიკური თამაშებისკენ. ბოლო ათწლეულების განმავლობაშიც სამართლებრივი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე დავის საგანი სწორედ პოლიტიკურ ასპარეზზე სასამართლო ორგანოების როლს შეეხება.
დასავლურ ან დასავლურის მსგავს დემოკრატიულ ქვეყნებში, საკონსტიტუციო სასამართლოები სულ უფრო მეტად „აქტიურობენ“ კანონშემოქმედებითი საქმიანობის განვითარების გზითა და მოქმედი კანონების იმგვარი ავტორიტეტული განმარტებით, რაც განსხვავდება სხვა -ინსტიტუციურად კანონშემოქმედებისთვის შექმნილი ინსტიტუტების მიერ მინიჭებული განმარტებისგან. შედეგად, გავრცელებული მოსაზრებით, ისინი უფრო ჩამოშორდნენ სამართლებრივ სფეროს და მეტად მიუახლოვდნენ პოლიტიკურს.
წინამდებარე თარგმანი ცდილობს პასუხი გასცეს შეკითხვებს: საკონსტიტუციო სასამართლოები უნდა განვიხილოთ სამართლებრივ აქტორებად, რომლებიც მხოლოდ აღასრულებენ პოლიტიკური აქტორების მიერ დაწერილ კანონებსა და კონსტიტუციებში გაწერილ შინაარსს, თუ განვიხილოთ მეტწილად პოლიტიკური ბუნების ინსტიტუციურ აქტორებად, რომლებიც განსაზღვრავენ კანონის სათქმელს? რა გავლენას ახდენს მოცემულ კითხვაზე პასუხი სასამართლო აქტივიზმის მიმართ მიდგომების ჩამოყალიბებაზე?
კონსტიტუციურ დონეზე სასამართლო აქტივიზმის შესახებ დებატების ფონზე, დასავლურ დემოკრატიებში საკონსტიტუციო სასამართლოები შეიძლება დავინახოთ სამართლებრივ, თუმცაღა პოლიტიკურ ასპარეზზე ძლიერი კავშირების მქონე აქტორებად. სამართლებრივ სამყაროში ამ განლაგებაზე დაფუძნებით კი, უმაღლესი ინსტანციების აქტივიზმზე ორი ზოგადი დასკვნის გაკეთებაა შესაძლებელი: საკუთარი ფუნქციების შესრულებისას საკონსტიტუციო სასამართლოების (ბუნებრივი) პოლიტიკური აქტივიზმი ყოველთვის უნდა შეფასდეს ექსკლუზიურად სამართლებრივი კრიტერიუმებით. ამასთან, ამ სასამართლოების ფუნქციებში პოლიტიკური სამყაროს შეჭრა თითქმის ყოველთვის შეიძლება შევიწყნაროთ, განსხვავებით სცენარისგან, როდესაც პოლიტიკა მათ სტრუქტურაში იჭრება და თავად ინსტიტუციის პოლიტიზირებას იწვევს.
სტატიის თარგმნა შესაძლებელი გახდა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით.
ინსტრუქცია