[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / ანგარიში

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში

ანა პაპუაშვილი 

საერთო სასამართლოებში საქმეთა შემთხვევით, ელექტრონულად განაწილების სისტემა, რომელიც სასამართლო რეფორმის „მესამე ტალღის“ ფარგლებში დანერგილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური სიახლე იყო. ახალ წესს საქმეთა განხილვის მიუკერძოებლობა, პროცესის გარე ჩარევებისგან დაცვა და მართლმსაჯულების დროული და ეფექტიანი განხორციელება უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, როგორც 2020-2021 წლების პერიოდზე დაკვირვება მოწმობს, არაერთი ხარვეზის და ბუნდოვანების არსებობის მიუხედავად, სისტემის გაუმჯობესება საქართველოს პარლამენტისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის პრიორიტეტული აღარ არის და, ამ მიმართულებით, სისტემური ხედვა არ არსებობს.

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემაში არსებული ხარვეზები კვლავ ვერ უზრუნველყოფს სისტემის შექმნისას დასახული მიზნების სრულფასოვნად მიღწევას, საფრთხეს უქმნის ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებელ საქმიანობას და მიუკერძოებელ და გამართულად ფუნქციონირებად მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას, თავად სისტემის ჩაკეტილობა კი მისი სრულფასოვანი მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობებს ამცირებს.

წინამდებარე ანგარიში რიგით მესამეა და 2020 წლის 1-ლი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. დოკუმენტი კრიტიკულად აანალიზებს საანგარიშო პერიოდში საქმეთა ელექტრონული განაწილების წესში შესული ცვლილებებს, განახლებულ სტატისტიკასა და ამ მხრივ სასამართლო სისტემაში კვლავ არსებული გამოწვევებს. ანგარიშში მიმოხილულია საქმეთა ელექტრონული განაწილების წესთან დაკავშირებული ის ხარვეზებიც, რომლებიც წინა საანგარიშო პერიოდებში გამოვლინდა და მათ აღმოსაფხვრელად ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ძირითადი მიგნებები, მათ შორის, შემდეგ საკითხებს მოიცავს:

  • საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემის შემდგომი დახვეწა პრიორიტეტული აღარ არის. სამართლებრივ ჩარჩოში შეტანილი ცვლილებები უმეტესად ტექნიკური ხასიათისაა და სასამართლო სისტემაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ვერ პასუხობს;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის არსებული მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე არასათანადო გავლენების რისკების მინიმუმამდე შემცირებას;
  • რიგ შემთხვევებში, ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი საქმეთა განაწილების პროცესში;
  • სასამართლოს თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს და, შესაბამისად, არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის ფონზე, დიდია მათ მიერ რიგი უფლებამოსილებების არაკეთილსინდისიერად, თვითნებურად გამოყენების რისკები. პრობლემას წარმოადგენს თავმჯდომარეებისთვის ისეთი ფართო უფლებამოსილებების მინიჭება, რომლებიც სუბიექტური შეფასების და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არალეგიტიმური ზეგავლენის შესაძლებლობას იძლევა.
  • საქმეთა მესამედზე მეტი ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება და წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ, გაუმჯობესება არ შეინიშნება;
  • საქმეთა განაწილების მიმართულებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტები მნიშვნელოვნად გაუარესებულია;

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

საქმეთა_ელექტრონული_განაწილების_სისტემა_სასამართლოში_GEO_1657114396.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“