[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / კვლევა

საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში

Library Thumbnail Image

გვერდების რაოდენობა:  84

გამოცემის წელი:  2020

ISBN:  978-9941-8-2159-2

მკვლევრები: 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ანგარიშს „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა სასამართლოში“. ანგარიშში გაანალიზებულია, თუ როგორ მოქმედებს საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი პრაქტიკაში, რამდენად სრულყოფილია საქმეთა განაწილების წესი და როგორია ამ მხრივ არსებული სტატისტიკური მონაცემები. დოკუმენტში ასევე განხილულია საქმეთა განაწილების წესთან დაკავშირებული ის ხარვეზები, რომლებიც პირველ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა, თუმცა მათ აღმოსაფხვრელად რაიმე ნაბიჯები არ გადადგმულა.

წარმოდგენილი ანგარიში რიგით მეორეა და მოიცავს 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს. კვლევის შედეგად შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოვლინდა:

  • პირველ საანგარიშო პერიოდთან შედარებით, შეიმჩნევა საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის სტანდარტების გაუარესების ტენდენცია;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს კვლავაც შეუძლია სასამართლოს ვიწრო სპეციალიზაციის შემადგენლობის განსაზღვრა. ამ გზით, თავმჯდომარეს რჩება შესაძლებლობა, განსაზღვროს იმ მოსამართლეთა წრე, რომელთა შორისაც განაწილდება კონკრეტული საქმე; არსებული რეგულირება პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ სპეციალიზაციების შემადგენლობის განსაზღვრისას, თავმჯდომარე არაა ვალდებული, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. საბოლოო ჯამში, მოქმედი კანონმდებლობა სასამართლოს თავმჯდომარეებს აძლევს შესაძლებლობას, სპეციალიზაციის შემადგენლობის ცვლილებით თვითნებური გავლენა მოახდინონ საქმეთა განაწილებაზე;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს აგრეთვე დასაბუთების გარეშე შეუძლია შეცვალოს მოსამართლეთა მორიგეობის დადგენილი გრაფიკი. საკითხის ერთპიროვნულად გადაწყვეტის შესაძლებლობა აჩენს რისკებს, ამ უფლებამოსილების არაჯანსაღი ინტერესებისთვის გამოყენებისთვის;
  • სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის მოადგილეს და კოლეგიის/პალატის თავმჯდომარეს კვლავაც აქვს განაწილებული საქმეების ხედვის უფლებამოსილება; სასამართლოს თავმჯდომარეს ასევე შეუძლია მოსამართლეთა დატვირთულობის პროცენტული მაჩვენებლის გაზრდა/შემცირება; ამ ფონზე, თავმჯდომარეები კვლავაც აღიქმებიან მოსამართლეთა უფროსებად;
  • იმ პირობებში, როდესაც მართლმსაჯულების ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად მუდმივად სახელდება მოსამართლეთა გადატვირთულობა, სასამართლოს/კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე და მოადგილე, აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები, სარგებლობენ პრივილეგიით სხვა მოსამართლეებთან შედარებით, რადგან საქმეთა ელექტრონული განაწილების წესი ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის შეღავათიან დატვირთულობას. კონკრეტული მოსამართლის დატვირთულობა განსაკუთრებით მცირდება, თუკი ის ერთდროულად არის საბჭოს წევრიც და იკავებს ზემოაღნიშნულ რომელიმე ადმინისტრაციულ თანამდებობას;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა სააპელაციო და უზენაეს სასამართლოებში კოლეგიური შემადგენლობიდან ირჩევს მხოლოდ ერთ მოსამართლეს, დანარჩენ მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა და წესი კი კვლავაც ბუნდოვანია; გაურკვეველია, სამი წევრით დაკომპლექტებულ კოლეგიაში ელექტრონული პროგრამის საშუალებით შერჩეული ერთი მოსამართლის გარდა, როგორ შეირჩევა დანარჩენი ორი მოსამართლე;
  • ბუნდოვანია მოსამართლის აცილების/თვითაცილების დროს საქმეთა ხელახალი განაწილების პროცედურა და ვადები. კერძოდ, ცხადად არ არის განსაზღვრული, საქმის განაწილებასთან დაკავშირებული რა ქმედებები და ვინ უნდა განახორციელოს მოსამართლის აცილების/თვითაცილების შემთხვევაში. ასევე, პრობლემურია საპროცესო კანონმდებლობის რეგულირება, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს თავმჯდომარის მონაწილეობას აცილების/თვითაცილების შემთხვევაში საქმის ხელახალი განაწილების პროცესში;
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების პროგრამა მოსამართლეებს შორის საქმეთა განაწილებისას კვლავაც არ ითვალისწინებს კონკრეტული საქმის სირთულესა და წონას, რაც აუცილებელია მოსამართლეთა თანაბარი და სამართლიანი დატვირთულობისთვის;
  • ზოგიერთ სასამართლოში მოსამართლეთა სიმცირე გამორიცხავს ამ სასამართლოებში საქმეთა განაწილების დროს შემთხვევითობის პრინციპის დაცვას; მაგალითად, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქმეები შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით არ ნაწილდება 34 მუნიციპალიტეტში, ვინაიდან შესაბამის მუნიციპალიტეტში მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილებას მხოლოდ ერთი მოსამართლე ახორციელებს;
  • ბუნდოვანია საქმეთა შემთხვევითი განაწილების წესის საგამონაკლისო შემთხვევების სამართლებრივი რეგულირება.

ანგარიში მომზადებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის (FAIR)“ ფარგლებში.

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ორწლიანი პროექტის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის რეალური რეფორმირების ხელშეწყობა მონიტორინგის, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების, ინდივიდუალური მოსამართლეების გაძლიერებისა და მათთან დიალოგის ხელშეწყობის გზით. პროექტი ასევე მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობის გაზრდას მართლმსაჯულების სფეროში მიმდინარე რეფორმებში, მათი ცნობიერების ამაღლების და მობილიზაციის გზით.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“