[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ქალთა უფლებები / სტატია

სახელმწიფოს პასუხისმგებლობები ბავშვთა ქორწინების აღკვეთისთვის

ანი ისაკაძე 

ქორწინების საერთაშორისოდ აღიარებული დეფინიცია იმ ორი ადამიანის რეგისტრირებულ ქორწინებას ან არაოფიციალურ კავშირს გულისხმობს, რომელთაგან ერთ-ერთი მაინც  არასრულწლოვანია.[1] კერძოდ, იგი განიმარტება, როგორც ნებისმიერი ფორმალური ან არაფორმალური  კავშირი 18 წლამდე ასაკის ბავშვსა და ზრდასრულ ადამიანს, ან სხვა არასრულწლოვანს შორის. თავის მხრივ, არაფორმალური კავშირია, როდესაც წყვილი გარკვეული დროის განმავლობაში ერთად ცხოვრობს, ანუ იმყოფება ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, აპირებს ხანგრძლივი ურთიერთობის დამყარებას, მაგრამ არ ჰქონია ოფიციალური სამოქალაქო, ან რელიგიური ცერემონია.[2]

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით: “დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე დასაქორწინებელი მხარის თავისუფალი თანხმობის პირობებში“.[3]  შეუძლებელია, ქორწინების შესახებ არსებობდეს თავისუფალი ნება მაშინ, როდესაც  დასაქორწინებელი პირი არასრულწლოვანია, რადგან ნაგულისხმებია, რომ ბავშვი მოკლებულია გააზრებული თანხმობის გაცხადების შესაძლებლობას. შესაბამისად, ადრეულ ასაკში ქორწინება იმთავითვე, როგორც ზოგადად ადამიანის უფლებების, ისე,  უშუალოდ ბავშვთა უფლებების დარღვევადაა მიჩნეული, რადგან ითვლება, რომ თითოეული ნაადრევი ქორწინების შემთხვევა, იძულებით ქორწინებად უნდა იქნას განხილული.[4] ამდენად, არასრულწლოვანთა ქორწინება მიიჩნეულია იძულებით ქორწინებად, ვინაიდან ერთ ან/და ორივე მხარეს არ გამოუხატავს სრული, თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობა.[5]

ნიშანდობლივია, რომ ადრეული ქორწინება გენდერულ ჭრილში განსახილველი ფენომენია, ვინაიდან, მისი შედეგები განსხვავებულ გავლენას ახდენს ბიჭებსა და გოგონებზე,  რასაც ისიც ადასტურებს, რომ მსოფლიო მასშტაბით ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონების რაოდენობა ექვსჯერ აღემატება ბავშვთა ქორწინების მსხვერპლი ბიჭების საერთო მაჩვენებელს.[6] შესაბამისად, ცალსახაა, რომ ბავშვთა ქორწინება ხშირად  ფესვგადგმული გენდერული უთანასწორობის შედეგია, რაც გოგონებს ფიზიკურ, ინტელექტუალურ, ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზიანს აყენებს, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ გოგონებისთვის ქორწინება პირდაპირაა დაკავშირებული ნაადრევი ორსულობისა და მშობიარობის, შინშრომისა და სექსუალური მორჩილების რისკებთან.[7]  

 

ადრეული ქორწინების მსხვერპლი გოგონები „უხილავი ბავშვები“ ხდებიან და ვერ უმკლავდებიან მათზე დაკისრებულ ტვირთს.

 გოგონებისათვის ქორწინება არის პროცესი, რომელიც მათთვის აქამდე ნაცნობ ცხოვრების წესს არსებითად ცვლის. ამ დროს გოგონები ხშირად უარს ამბობენ თავიანთი სოციალური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებზე, რაც საბოლოოდ იწვევს მათ სოციალურ და უფლებრივ გარიყვას. [8] მათ უწევთ საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, მშობლიური და ნაცნობი სოციალური კავშირების უეცარი წყვეტა და შინშრომასთან დაკავშირებული ვალდებულებების აღება, რის გამოც ისინი ვეღარ ახერხებენ საგანმანათლებლო პროცესში აქტიურ და თანმიმდევრულ მონაწილეობას და საბოლოოდ სკოლების მიტოვება უწევთ.[9]

ბოლო კვლევები ცხადყოფს, რომ ადრეულ ქორწინებას გოგონებზე მრავალშრიანი შედეგები აქვს, მათ შორის:

  • მათ ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ხარისხიან განათლებაზე, რის გამოც მნიშვნელოვნად მცირდება, მომავალში, მათი დასაქმებისა და სტაბილური ანაზღაურების შესაძლებლობის შანსები;
  • მცირდება მათი ფიზიკური, ეკონომიკური და სოციალური მობილურობა, ვინაიდან, მსხვერპლი გოგონების ცხოვრების ძირეულ ასპექტებს, ქორწინების შემდგომ უმეტესად, მათი მეუღლეები წარმართავენ;
  • მათ აქვთ ნაკლები შესაძლებლობა, თავად გადაწყვიტონ საყოფაცხოვრებო საკითხები, რადგან, ქორწინების შემდგომ გოგონები ძირითადად მეუღლეთა ოჯახებში აგრძელებენ ცხოვრებას, ამდენად, მათ   უკვე დადგენილ ოჯახურ  იერარქიასა და ცხოვრების წესებზე  უწევთ მორგება;
  • ქორწინებისთანავე გოგონები შინშრომის პროცესში ებმევიან, რის გამოც, მათ ლიმიტირებული დროის რესურსი აქვს, ამიტომ ისინი ვერ ახერხებენ თანამედროვე მედიის   ყოველდღიურ გაცნობას, რაც საბოლოოდ გოგონებს ინფორმაციულ ვაკუუმში აქცევს;
  • ხშირად ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან  ცხოვრების იმ  წესებზე,  რომელიც მათ ქორწინებამდე გააჩნდათ, რის გამოც მნიშვნელოვნად მცირდება მათი სოციალური კავშირები;
  • ადრეული ქორწინება იმთავითვე გენდერული უთანასწორობის შედეგია, ამიტომაც, ბავშვთა ქორწინება გენდერული ძალადობის მომეტებულ რისკებთანაა ასოცირებული;[10]

ადრეული ქორწინების თანხმლებ შედეგებთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, სწორად იქნას შეფასებული მისი გამომწვევი მიზეზები. სამწუხაროდ, ხშირად  მიიჩნევენ, რომ ადრეული ქორწინება კონკრეტული საზოგადოებებისა და თემისთვის დამახასიათებელი ტრადიციული და კულტურული ნორმაა, რაც საკითხისადმი გულგრილობისა და ზედაპირული დამოკიდებულების ნათელი მაგალითია.

მიუხედავად იმისა, რომ ადრეული ქორწინების გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია, ძირითადად იგი სიღარიბითა და მაღალი სოციალური  მოწყვლადობითა არის განპირობებული.   

 

ადრეული_ქორწინება_1712845779.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] United Nations. (2015). Resolution adopted by the Human Rights Council 29/8, Strengthening efforts to prevent and eliminate child, early and forced marriage, A/HRC/RES/29/8.

[2] United Nations International Children's Emergency Fund, სტატია: “Child marriage is a violation of human rights, but is all too common”,ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/muEGK

[3] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილი.

[4] იქვე.

[5]Committee on the Elimination of Discrimination against Women & Committee on the Rights of the Child, Joint general recommendation/general comment No. 31 of the Committee on the Elimination of Discrimination against Women and No. 18 of the Committee on the Rights of the Child on harmful practices, CEDAW/C/GC/31-CRC/C/GC/.

[6]  United Nations International Children's Emergency Fund, სტატია: „Child marriage threatens the lives, well-being and futures of girls around the world“, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/uLSTU

[7] United Nations International Children's Emergency Fund Research Centre, “Early Marriage-Child Spouses”, გვ.2-3. ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/pwBX5

[8] იქვე.

[9] United Nations Population Fund, სტატია: „A world apart: The disadvantage and social isolation of married adolescent girls“, გვ.4-6, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/gJSX4

[10] იქვე. გვ.5

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“