[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

საკანონმდებლო ცვლილებით “ქართული ოცნება” ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებაზე უარს ეუბნება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელსაც სისხლის სამართლის მომწესრიგებელ კანონმდებლობაში “პროცესუუნარობის” ცნება შემოაქვს. არსებული ცვლილებები, მისი შინაარსის გათვალისწინებით, უგულებელყოფს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის (შემდგომში - “კონვენცია”) დანაწესებს. იგი სრულიად უსვამს ხაზს წლების წინ მიმდინარე ქმედუნარიანობის რეფორმას, რომელიც კონვენციის რატიფიცირების შემდეგ, შშმ პირთა უფლებების დაცვის ნაწილში ქვეყანაში ერთადერთ ძირეულ ცვლილებას წარმოადგენდა.

საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, ერთი მხრივ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, ხოლო, მეორე მხრივ, “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონში. ცვლილების შედეგად, საკანონმდებლო სივრცეში შემოვიდა ახალი ტერმინი - “პროცესუუნარო პირი”. აღნიშნულმა ტერმინმა მოიცვა ბრალდებული, რომელსაც ფსიქიკური აშლილობის გამო უნარი არ შესწევს, შეასრულოს ისეთი საპროცესო მოქმედება, რომელიც მისი უშუალო მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. ცვლილებები ითვალისწინებს საქმის არსებითი განხილვის პროცესში “პროცესუუნარო პირის” მონაწილეობისა და მის მიერ სასჯელის მოხდის პირობებს.

ცვლილებების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ე.წ. “პროცესუუნარო” გახდა, ტარდება ექსპერტიზა და მისი შინაარსისა და მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, მკურნალობის მიზნით, მოსამართლე არ იწყებს საქმის არსებით განხილვას ან აჩერებს მას 3 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ პირი “პროცესუნარიანი” გახდა, ან 3 თვე გავიდა, საქმის არსებითი განხილვა დაიწყება/გაგრძელდება. თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, ხოლო მისი ჩადენის შემდგომ “პროცესუუნარო”, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებაში გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი ინიცირების საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლის მიხედვითაც, არაკონსტიტუციურია იმ პირის დამნაშავედ ცნობა, რომელსაც არ შესწევს უნარი, განახორციელოს ისეთი საპროცესო მოქმედებები, რომლებიც ექსკლუზიურად მისი გასაკეთებელია და მას ადვოკატი სრულყოფილად ვერ ჩაანაცვლებს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აცხადებს, რომ ბრალდებულისთვის თავის დაცვის შესაძლებლობის წართმევა სამართალწარმოებას უსამართლო პროცესად აქცევს, ამიტომ სამართალწარმოების პროცესში ბრალდებულის მონაწილეობისთვის სათანადო შესაძლებლობები უნდა შეიქმნას. ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას, საკონსტიტუციო სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე მიუთითა, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ საკანონმდებლო ცვლილების ფარგლებში კვლავ ბუნდოვანი დარჩა და ინდივიდუალური მიდგომის გამოყენების შესაძლებლობას კვლავ არ იძლევა.

სისხლის სამართლის საქმეზე, რომელზეც საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელა, ე.წ. შეურაცხადობა იყო დროებითი და, გარკვეული პერიოდის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა პროცესის ჩატარება. ხსენებულ ფაქტორზე დაყრდნობით, წარდგინების ავტორი აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში უნდა არსებობდეს სისხლის სამართლის საქმის განხილვის გადადების საპროცესო შესაძლებლობა. ამავე დროს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების არაერთგვაროვნებიდან გამომდინარე, თითოეულ შემთხვევასთან მიმართებით უნდა შექმნილიყო რეაგირების ინდივიდუალური მექანიზმები. ხსენებული საქმის ფარგლებში, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა “პროცესუუნარო” პირის დამნაშავედ ცნობის კონსტიტუციასთან შეუსაბამობა, თუმცა საკონსტიტუციო სასამართლომ იქვე მიუთითა, რომ სასამართლოში საქმის განხილვას შესაძლოა შედეგად მოჰყვეს როგორც ბრალდებულის დამნაშავედ ცნობა, ისევე მისი გამართლება და ამიტომ სახელმწიფოს საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგების დროს, შესაბამისი ბალანსი უნდა ენახა.

თავისი შინაარსით, მიღებული ცვლილებები რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს. პირველ რიგში, ესაა კონვენციის მე-12 მუხლი, რომელიც შშმ პირთა კანონის წინაშე თანასწორობასა და ქმედუნარიანობას განამტკიცებს. არსებული სტანდარტის მიხედვით, “უუნაროდ” მიჩნევა, კანონმდებლობით თუ ფაქტობრივად ქმედუნარიანობის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია, მათ შორის, სისხლის სამართლის სფეროში. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფომ წარმოების მიმდინარეობისას უზრუნველყოს ადამიანების ეფექტიანი მხარდაჭერა, იგი ავტომატურად, ფსიქიკური ჯანმრთელობის დიაგნოზის საფუძველზე, “პროცესუუნაროდ” ცნობს ამ პირს და მას იძულებით ღონისძიებებს უქვემდებარებს.

საკანონმდებლო ცვლილებები საკმაოდ ბუნდოვანიცაა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. მაგალითისთვის, ბუნდოვანია, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე უნდა დადგინდეს ადამიანის “პროცესუუნარობა”. თავის მხრივ, ცვლილებები, “პროცესუუნარობის” განსაზღვრის მიზნით ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ისევე როგორც თემაზე მომუშავე სხვა ორგანიზაციები, წლების განმავლობაში აკრიტიკებდა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ბიუროს მუშაობას და მას თვითნებურად და კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნევდა. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ექსკლუზიურად ექსპერტიზის ბიუროს დასკვნებს ეფუძნება, რაც, თავის მხრივ, საექსპერტო დაწესებულების (რომელიც სსიპ-ს წარმოადგენს) მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს არ აზღვევს.

საკანონმდებლო ცვლილებების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ადამიანების იძულებითი სტაციონირება და იძულებითი მკურნალობის განხორციელებაა. იძულებითი მკურნალობის ინსტიტუტს საქართველოს სისხლისსამართლებრივი კანონმდებლობა იცნობს და პრაქტიკაშიც აქტიურად იყენებს. თუმცა, იძულებითი ფსიქიატრიული დახმარება, თავისი არსით, ეწინააღმდეგება კონვენციის არსსა და მის არაერთ დებულებას. კონვენციის 25-ე მუხლის მიხედვით, ნებისმიერი ტიპის სამედიცინო ინტერვენცია ადამიანის თავისუფალ და ინფორმირებულ თანხმობას უნდა ეფუძნებოდეს, რაც, ამ შემთხვევაში, სრულად უგულებელყოფილია. დამატებით, აღსანიშნავია, რომ იძულებით მკურნალობაზე მყოფი ადამიანები არათუ ვერ იღებენ შესაბამის მხარდაჭერას, არამედ არიან მძიმე პირობებში - ექვემდებარებიან ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის პრაქტიკებს, და ცხოვრობენ იზოლაციაში, ეფექტიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიღმა, იმ გარემოში, რომელიც აღდგენაზე ნაკლებადაა ორიენტირებული.

უმნიშვნელოვანესი რისკები, რაც საკანონმდებლო რეგულაციებს უკავშირდება, ადამიანების განუსაზღვრელი ვადით პატიმრობასთანაა დაკავშირებული. კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, თუ დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას შერაცხადი იყო, მაგრამ მისი ჩადენის შემდეგ “პროცესუუნარო” გახდა, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში სასამართლო განსაზღვრავს მსჯავრდებულის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მის გამოჯანმრთელებამდე მოთავსებას, რის შემდეგაც მის მიერ სასჯელის მოხდა საერთო წესით გაგრძელდება. აღნიშნული ქმნის უფლებამოსილების ფართოდ და ბოროტად გამოყენების რისკებს და იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადამიანი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში განუსაზღვრელი ვადით დარჩეს, მხოლოდ იმიტომ, რომ “მისი გამოჯანმრთელება” არ იქნა მიღწეული. აღსანიშნავია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დიდი ხნით დაყოვნება საქართველოში წლების განმავლობაში გავრცელებული და პრობლემური პრაქტიკაა.

საკანონმდებლო ცვლილების შემდეგ დასაშვები რჩება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა იმ პირის მიმართ, რომელიც, კანონმდებლობამ “პროცესუუნაროდ” მიიჩნია. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი არ პასუხობს კითხვას, 3-თვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში, თუ პირის “პროცეუნარიონობის” აღდგენა ვერ მოხდება, როგორ იქნება მისი უფლებები დაცული სასამართლოში, საქმის განხილვის გაგრძელების პირობებში. ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რადგან ცვლილებები მხედველობის მიღმა ტოვებს მსგავს შემთხვევებს და პირის იძულებითი მკურნალობის დაუსაბუთებელ და სახიფათო პრეცედენტს ქმნის. ამასთან, “ქართული ოცნების” მიზანი, რომ პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისი ცვლილებები მიეღო, ვერ გაამართლებს პირის კონსტიტუციური უფლებების უხეშ დარღვევას.

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსიდან გამომდინარე, ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ დებულებას პატიმრობის ვადის დინების შეჩერება წარმოადგენს. ეს დებულება დისკრიმინაციულია - აღკვეთის ღონისძიების სახით პირისთვის პატიმრობის შეფარდების შემთხვევაში, ბრალდების მხარის შუამდგომლობისას, სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადის დინება არ შეჩერდება, ხოლო თუ შუამდგომლობის ინიციატორი დაცვის მხარეა - აღნიშნული ვადის დინება შეჩერდება. ეს ქმნის საფრთხეს ბრალდების მხარის მიერ შუამდგომლობის წარუდგენლობის შემთხვევაში, პირი ორმაგად დაისაჯოს - იძულებით ფსიქიატრიულ მკურნალობას დაექვემდებაროს, და, ამასთან, ერთად, მისი პატიმრობის ვადაც არ შემცირდეს.

აღნიშნული კანონმდებლობის აღსრულების შედეგები მოსახლეობისთვის სავალალო იქნება. მისი მიღებით და იმპლემენტაციით ქვეყანა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში კიდევ ერთხელ იხევს უკან და უგულებელყოფს ქმედუნარიანობის რეფორმასა და მასთან დაკავშირებულ პარადიგმებს, რომელიც წლების წინ განხორციელდა, და რომელიც, აღსრულების სერიოზული ჩავარდნების მიუხედავად, შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ერთ-ერთი უმთავრესი რეფორმა იყო.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქმედუნარიანობის რეფორმის განხორციელების მიუხედავად, სისხლის სამართლის სფეროს რეფორმირება და კონვენციის დებულებებთან მისადაგება არ მომხდარა. Მათ შორის არ მომხდარა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გათვალისწინებაც, რომელიც საკითხის მოწესრიგების ეტაპზე, კანონმდებლის ინდივიდუალურ მიდგომაზე უსვამდა ხაზს. ამ კუთხით, განსაკუთრებულ გამოწვევებზე საუბრობს გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტი და შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალური მომხსენებელი. მაგალითისთვის, კომიტეტი, საქართველოსთან მიმართ გაცემულ დასკვნით რეკომენდაციებში უარყოფითად აღნიშნავდა შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პრაქტიკას და ხაზს უსვამდა იმგვარი კანონმდებლობის არსებობის დაუშვებლობაზე, რომელიც იძლევა იძულებითი მკურნალობისა და სხვა შემზღუდველი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობას. იგივე წუხილი გაიზიარა შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმაც. მან დამატებით განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დებულებები ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების ქმედუნარიანობას ეჭვქვეშ აყენებს. ზემოაღნიშნული საერთაშორისო მექანიზმები საქართველოს მოუწოდებდნენ, გაეუქმებინა კანონმდებლობა, რომელიც იძულებითი მკურნალობის შესაძლებლობას იძლეოდა და გადასულიყო ნებაყოფლობითი მხარდაჭერის მექანიზმებზე, რომელიც შშმ პირთა თავისუფლების უფლებასა და ავტონომიას გაითვალისწინებდა, ასევე, გაეუქმებინა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმები (მათ შორის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიც), რომელიც სამართალწარმოებაში შშმ პირთა მონაწილეობასა და მართლმსაჯულებაზე წვდომას ზღუდავდა.

საერთაშორისო რეკომენდაციების შესრულებისა და იმაზე ზრუნვის ნაცვლად, თუ როგორ მოეხდინა შშმ პირთათვის საპროცესო მისადაგების უზრუნველყოფა და ამ კუთხით არსებული ბარიერების გამოვლენა და აღმოფხვრა, საკანონმდებლო ცვლილებები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სრულ ობიექტივიზაციას იწვევს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისევე, როგორც სხვა არაერთი კანონპროექტის შემთხვევაში, ეს ცვლილებაც დაჩქარებული წესით, შესაბამისი აქტორების, მათ შორის, თემის წევრებისა და ექსპერტების მონაწილეობის გარეშე, სხვა ქვეყნების კარგი პრაქტიკის მიმოხილვის გარეშე განხორციელდა. ხაზგასასმელია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი რატი იონათამიშვილია, რომელიც ფორმალურად თემის უფლებების დამცველად პოზიციონირებდა, თუმცა, რეალურად იმ ინიციატივების თანაავტორია, რომელიც შშმ პირთა უფლებებს მნიშვნელოვნად უკან ხევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოლიდარობას უცხადებს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირებს და მათ წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის აღსრულების პროცესში მხარდაჭერისა და დახმარების მზაობას გამოთქვამს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“