[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები / განცხადება

“ქართული ოცნება” კვლავ აგრძელებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტიგმატიზებასა და გარიყვას

15 დეკემბერს, საჯაროდ გამოქვეყნდა “ქართული ოცნების” დეპუტატების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ასევე, ნარკოტიკული ნივთიერებებისა და ალკოჰოლის მომხმარებელთა ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნასაც ეხება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს, ჯანმრთელობის მდგომარეობის საფუძვლით აყალიბებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას და არღვევს პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის პრინციპს. მისი შინაარსის გათვალისწინებით, ცვლილებები,

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჯერ კიდევ 2024 წელს, საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდა და 15 კანონში ცვლილებებს გულისხმობს.[1] იგი რამდენიმე დღის წინ, 9 დეკემბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. განმარტებითი ბარათის მიხედვით, საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის არარსებობა და შესაბამისი მონაცემების არქონასთან დაკავშირებული სირთულეები.

ცვლილებებით გათვალისწინებულია 2026 წლის 1 მარტამდე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - “სამინისტრო”) მიერ “ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა” ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა. მასში ინფორმაციის ასახვა შესაბამისი სახელმწიფო და კერძო სამედიცინო დაწესებულებების მიერ მოხდება. ინფორმაცია, თავის მხრივ, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისთვის იქნება მისაწვდომი. მონაცემების შეტანის კრიტერიუმებს სამინისტრო მომავალში გაწერს. უწყება, დიდი ალბათობით, გაწერს იმ პირთა წრესაც, რომელზეც ზემოაღნიშნული წესები გავრცელდება.

საკანონმდებლო ცვლილებების პროექტით გათვალისწინებული ბაზის შექმნის ძირითად მიზეზად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა დასახელდა. სახელმწიფოს მითითებით, გამოწვევას წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისობის დადგენა იარაღის ტარების ლიცენზიის გაცემის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭების, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭების და სხვა პროცესებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნიშნულ ბაზაში პირის შესახებ ინფორმაციის მოხვედრა გამოიწვევს უკვე გაცემული ნებართვების (მაგ., იარაღის ლიცენზიის) შეჩერებასაც.  

არსებულ ცვლილებებს უკვე გამოეხმაურნენ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ადიქციის სფეროს პროფესიონალები, სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და თემის წარმომადგენლები. მათ ინიციატივა უარყოფითად შეაფასეს და განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები, დაანონსებული შეზღუდვების მიღმა, წაახალისებს ადამიანების სტიგმატიზაციას, იქნება მნიშვნელოვანი ბარიერი სერვისების მიღებისას და ადამიანების შევიწროებისა და დასჯის მექანიზმი გახდება.

საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზისას ნათელი ხდება, რომ მისი შინაარსი ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ძირითად პრინციპებს:

  • კანონში ცვლილებები უგულებელყოფს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ მიდგომებს - საკანონმდებლო ცვლილებები ადამიანებს ბლანკეტურად აჯგუფებს მათი ჯანმრთელობის პრობლემების, და არა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, და მათ უფლებებით სარგებლობას ბლანკეტურადვე უზღუდავს, რაც საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციას, ეწინააღმდეგება. მაგალითისთვის, კონვენციის მე-8, მე-12, 22-ე მუხლები უთითებენ, რომ ყველა პირი კანონის წინაშე თანასწორია და მათი უფლებების ბლანკეტური ჩამორთმევა დაშვებული არ არის, ამასთან, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მათი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და ებრძოლონ შშმ პირთა მიმართ არსებულ სტერეოტიპულ და სტიგმის შემცველ დამოკიდებულებებს. ამასთან, კანონი უფლებაში ჩარევის ინტენსივობას თვითონ არ ადგენს, შესაბამისად, ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, თუ რა კრიტერიუმების მიხედვით და რა ვადებით შეიძლება მოხვდნენ ადამიანები წინამდებარე ბაზაში. ეს, თავის მხრივ, ადამიანის უფლებებში უხეში და არაპროპორციული ჩარევის ერთ-ერთი საფუძველიც შეიძლება გახდეს, რადგან აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან თვითნებობის რისკებს ზრდის. დამატებით, საკანონმდებლო ცვლილებები იყენებს ისეთ ტერმინოლოგიას, რომელიც შორსაა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომებისგან - იგი სხვადასხვა ნივთიერებების მომხმარებლებს უწოდებს “ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ” პირებს, რაც ამ ადამიანების მიმართ სტიგმის შემცველ განწყობებს აძლიერებს. მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები ამ ადამიანებს უყურებს არა როგორც თანაბარუფლებიან მოქალაქეებს, არამედ როგორც “რისკის შემცველ” სუბიექტებს, რაც უკიდურესად პრობლემურია;
  • საკანონმდებლო ცვლილებების გატარების აუცილებლობა საკმარისად არ არის დასაბუთებული - შესაბამის კანონპროექტსა და მის განმარტებით ბარათს არ მოჰყავს არგუმენტები, რომელიც დაასაბუთებდა ამგვარი რეესტრის ჩამოყალიბების აუცილებლობას. მაგალითისთვის, არ არის მოყვანილი სტატისტიკური მონაცემები, რომლითაც ნაწილობრივ მაინც გამართლდებოდა შესაბამისი ცვლილებები, ასევე, არაა საუბარი უფლებების უფრო ნაკლებად მზღუდავი მექანიზმების (მაგ., ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ე.წ. ფორმა 100-ის) გაცემის პროცესზე ეფექტიანი ზედამხედველობის დაწესება, რომლის ხარვეზებიც რეესტრის შექმნის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა) გამოყენების მცდელობებზე.
  • საკანონმდებლო ცვლილებას დასახული მიზნის უკუშედეგი მოჰყვება - საკანონმდებლო ცვლილებები, თავისი შინაარსის გათვალისწინებით, დიდი ალბათობით, უკუშედეგს გამოიწვევს - კიდევ უფრო მცირე რაოდენობის ადამიანი მიმართავს ფსიქიკური ჯანმრთელობისა თუ სხვა ტიპის სერვისებს, რათა შეამცირონ ბაზაში მოხვედრისა და დამატებითი სტიგმატიზაციის ალბათობა. ამ ადამიანებისათვის განსაკუთრებით პრობლემური იქნება მართვის მოწმობით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, რადგან იგი მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროც კი შეიძლება იყოს. ამ შემთხვევაში, ისინი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით ისარგებლებენ, თუმცა, შეიქმნება მათი მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესების რისკები, რადგან მათი მხარდაჭერის ის ნაკლოვანი სისტემაც კი, რომელიც ძირითადად პირთა ობიექტივიზაციაზე, სტაციონირებასა და ინსტიტუციონალიზაციაზეა ორიენტირებული და მათ მწირ სერვისებში ჩართვას ჰპირდება, ამ ადამიანებს უბრალოდ ვეღარ დაინახავს.
  • საკანონმდებლო ცვლილება მნიშვნელოვან უკუსვლას წარმოადგენს კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის მიმართულებით -
  • ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემების დაცვასა და მისი კონფიდენციალურობის უზრუნველყოფას მოითხოვს “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონიც. კანონის შესაბამისად, ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მონაცემთა სამართლიანად, გამჭვირვალედ, კანონიერად, მიზნობრივად და უსაფრთხოდ დამუშავება და, ასევე, კონფიდენციალურობის დაცვა. ჯერ კიდევ მოქმედი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თავად გასცემდა რეკომენდაციებს  ამ კატეგორიის მონაცემების დაცვის განსაკუთრებულ საჭიროებაზე. არსებული კანონი კრძალავს ამ ტიპის მონაცემების გადაცემას პაციენტის თანხმობის გარეშე, მაშინაც კი, თუ  მესამე პირი ოჯახის წევრია. ამასთან, თავად ჯანდაცვის პერსონალი ვალდებულია, კონფიდენციალურობა დაიცვას გასაუბრების პროცესშიც კი. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებს ასევე სპეციალურ/განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს ევროპის საბჭოს კონვენცია „პერსონალური მონაცემების ავტომატური დამუშავებისას ფიზიკური პირების დაცვის შესახებ”. საგულისხმოა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთი საქმის განხილვისას გაუსვა ხაზი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მონაცემების მნიშვნელობას და განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული პირადი ცხოვრების ცნება ამგვარ მონაცემებზეც ვრცელდება. მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი ტიპის ბაზის და პერსონალიზებული სისტემების შექმნის დროს  დასაშვები იყოს არა მხოლოდ სასამართლო კონტროლის შესაძლებლობა, არამედ ასევე გაწერილი იყოს ის კრიტერიუმებიც, რომელსაც სასამართლო ხელისუფლება იყენებს თავისი საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელებისას, მათ შორისაა ადამიანის პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემის შენახვის ვადაც.
  • კანონპროექტი შეიქმნა არაინკლუზიური პროცესის შედეგად - კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, მისი შემუშავების პროცესში არ მომხდარა ექსპერტებისა თუ თემატური ორგანიზაციების ჩართულობა, ასევე, არ განხორციელებულა სხვა ქვეყნების გამოცდილების მიმოხილვა მსგავსი რეგულაციების იმპლემენტაციის მიმართულებით. აღნიშნული მოცემულობა ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს, რომელიც გულისხმობს თემის ჩართულობასა და აქტიურ მონაწილეობას ნებისმიერი ტიპის გადაწყვეტილების მიღების დროს, მათ შორის, საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავების, განხორციელებისა და ზედამხედველობის მიმართულებით.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფრთხე, რასაც მიღებული კანონი ქმნის, ფსიქიკური ჯანმრთელობასა თუ ადიქციასთან დაკავშირებული საკითხების პოლიტიკური ნიშნით ინსტრუმენტალიზებაა. კერძოდ, “პოლიციის შესახებ” კანონში ცვლილების მიხედვით, პოლიცია უფლებამოსილი ხდება, სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში პირის განთავსებისას მის შესახებ საინფორმაციო ბაზიდან მონაცემები მოიპოვოს. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ამ ცვლილების მიზანი იზოლატორში მოთავსებულ პირთა საჭიროებების გათვალისწინებაა. თუმცა, რეალურად, ნორმა, რომელიც მკაფიო დათქმების გარეშე პოლიციას ინფორმაციის გამოთხოვის უფლებამოსილებას აძლევს, შესაძლებელია, ხელისუფლების მიმართ იმ ოპოზიციურად განწყობილი აქტივისტების წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, რომელთაც პოლიცია დააკავებს. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ მსგავსი კანონის მიღება მოხდა რუსეთის ფედერაციაშიც. საქართველოს მსგავსად, 2026 წლის 1 მარტიდან რუსეთშიც ამოქმედდება სპეციალური რეესტრი, რომელშიც ადამიანების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია იქნება მოცემული და რომლის შექმნის მიზეზებიც საქართველოში არსებული ცვლილებების მიზეზების მსგავსი იყო.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომების ჩამოყალიბებისა და დანერგვის მიმართულებით მრავალწლიანი ადვოკატირების მიუხედავად, საკანონმდებლო ჩარჩო და პრაქტიკა მნიშვნელოვნად უარესდება. იმის ნაცვლად, რომ მხარდაჭერის სერვისში ჩართვა იყოს წახალისებული, რის საჭიროებასაც, რამდენიმე წლის წინ თვითონ პარლამენტი აღნიშნავდა, ხოლო სერვისის მიმღებებს ჰქონდეთ უსაფრთხოების განცდა, რისი ერთ-ერთი განმაპირობებელიც კონფიდენციალურობაა, სისტემა ჯანმრთელობის ცალკეულ მდგომარეობას სტიგმატიზაციის წყაროდ აქცევს და კიდევ უფრო მეტად უშლის ადამიანებს ხელს, მიიღონ მათთვის მნიშვნელოვანი სერვისები. ამასთან, მიღებული ცვლილებები ერთმნიშვნელოვნად გაზრდის აქტივისტებსა და პოლიტიკურ ოპონენტებზე ზეწოლისა და მათი შევიწროების რისკებს და ფსიქიკურ ჯანმრთელობას პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ იარაღად აქცევს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი დააკვირდება სამინისტროს მიერ ერთიან რეესტრთან დაკავშირებული რეგულაციების მიღების პროცესსა და მათ შინაარსს, ასევე, კანონმდებლობის პრაქტიკულ აღსრულებას და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას ამ მიმართულებით გამოვლენილი რისკებისა და უფლებადარღვევების შესახებ.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] “იარაღის შესახებ”, “ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ”, “საგზაო მოძრაობის შესახებ”, “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ”, “სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ”, “სახელმწიფო ქონების შესახებ”, “პოლიციის შესახებ”, “საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ”, “სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ”, “კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ”, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ”, “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ”, “საექიმო საქმიანობის შესახებ”, “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” და “ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონებში ცვლილებები.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“