საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
10 ოქტომბერს მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე აღინიშნება. ეს დღე, თავისი შინაარსით, კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოების მიერ ამ სფეროში გასატარებელი რეფორმების, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანების უფლებების დაცვისა და ინკლუზიური პოლიტიკის გატარების აუცილებლობაზე. აღნიშნულის საპირისპიროდ, საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა დაშინებისა და სტიგმის გაღვივების ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად რჩება.
ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემების მიხედვით, 2021 წლის ბოლოს, ფსიქიკური თუ ქცევითი პრობლემების 84 100-ზე მეტი შემთხვევა იყო რეგისტრირებული. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიხედვით, 2015-2024 წლების განმავლობაში, დაახლოებით 164 900 ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ან/და ქცევითი პრობლემები დაუდგინდა. საკითხთან დაკავშირებული სტიგმისა და დისკრიმინაციის გათვალისწინებით, ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, დიდი ალბათობით, გაცილებით უფრო მწვავედ დგას, თუმცა ეს სტატისტიკაში სათანადოდ არ აისახება.
არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის რაიმე მიმართულება, რომელიც გამოწვევებით არ ხასიათდება. წლების განმავლობაში, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის სტაციონარულ დაწესებულებებში ადამიანების ინსტიტუციონალიზაცია, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების წინააღმდეგ არანებაყოფლობითი ღონისძიებების (მაგ., ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვების) გამოყენება, სათემო პროგრამების, ასევე, ფინანსური და ადამიანური რესურსების სიმწირე, სამედიცინო დიაგნოზებზე დაფუძნებული მიდგომების არსებობა და სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ფსიქიკური ჯანმრთელობის კომპონენტზე სახელმწიფოს დაფინანსება იზრდება და 2025 წლის მდგომარეობით 47.5 მილიონ ლარს გადააჭარბა, მისი წილი ჯანდაცვის საერთო პროგრამებში მხოლოდ 2.6%-ის ტოლია. ბიუჯეტის დიდი ნაწილი - 67.5%, არა სათემო სერვისებზე, არამედ ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებზე მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ ფორმალურად მიიღო დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია, არსადაა მითითებული ინსტიტუციების დახურვის ვადები, ხოლო ფსიქიატრიული დაწესებულებების მიღმა, ალტერნატიული თავშესაფრებისა და საცხოვრისის სერვისების მნიშვნელოვანი ნაწილი დეინსტიტუციონალიზაციის მიზანს ვერ ასრულებს და შენიღბულ ინსტიტუციებს ქმნის.
ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ვითარება ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით მოსახლეობის მოწყვლადობის ხარისხს ზრდის. მხარდაჭერას საჭიროებს საქართველოს არაერთი სოციალური ჯგუფი. მათ შორის არიან დევნილები და გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები ოჯახები, რომლებიც ჯერ კიდევ ომისა და განგრძობადი ოკუპაციის ტრავმით ცხოვრობენ, სიღარიბეში მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც თავის გადარჩენისთვის ყოველდღიური ბრძოლა უწევთ, ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლები, რომელთა ფსიქიკურ მდგომარეობაზე ეს უმძიმესი შემთხვევები მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.
მიუხედავად პრობლემის კომპლექსურობისა, იმის ნაცვლად, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა აღიარებულ იქნას, როგორც ქვეყნისთვის მწვავე პრობლემა და დაიგეგმოს მრავალმხრივი ინტერვენციები, იგი ოპონენტებზე თავდასხმისა და სიმბოლური ძალადობის იარაღად გამოიყენება. მაგალითად, ბოლო პერიოდში ამგვარი მეთოდების გამოყენება (ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ არასწორი ინფორმაციის გამჟღავნება) ვიხილეთ აქტივისტ ანუკი ჩრდილელის მიმართ. რეაგირების ნაცვლად, “ქართული ოცნება” უშუალოდ იყენებს ამგვარ რიტორიკას და არა მხოლოდ იარლიყს აკერებს მისთვის არასასურველ ადამიანებს, არამედ კიდევ უფრო მეტად ამწვავებს ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართ არსებულ სტიგმას. აღნიშნული რისკები ასევე ყველაზე მძიმედ ნინო დათაშვილთან მიმართებით წარმოჩნდა. 20 დღემდე ვადით სტაციონარული ფსიქიატრიული ექსპერტიზისა და იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის რისკები როგორც მისი, როგორც აქტივისტის, დასჯასა და დაშინებას ისახავდა მიზნად. ამ საქმეში ასევე გამოჩნდა ფსიქიატრიის სფეროში მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციისა და ბიოგრაფიის პრობლემა და ის რომ, სისტემაში არ გააზრებულა წარსულის მძიმე გამოცდილებები და დანაშაულები.
ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები საბჭოთა კავშირში და საქართველოში ბიოპოლიტიკური კონტროლის სივრცე იყო წარსულში, სადაც სახელმწიფო განსაზღვრავდა ნორმალურობის, ადამიანების ქცევის საზღვრებისა და მორჩილების საკითხებს. ქართული ოცნების მხრიდან ავტორიტარიზმის აგრესიული მშენებლობის პროცესში ჩვენ დავინახეთ მისი პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების უმძიმესი შემთხვევები.
შექმნილი სიტუაცია სულ უფრო მეტად გვაჩვენებს იმ ხელშესახებ რისკებს, რაც ძალაუფლების მქონე სუბიექტების მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს ბოროტად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს. სისტემისა და შესაბამისი რეგულაციების ბუნდოვანი და სტიგმის შემცველი ხასიათი სასამართლო და ფსიქიატრიული სისტემის მიერ არანებაყოფლობითი ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის საფარქვეშ ადამიანის წლების განმავლობაში ინსტიტუციონალიზების შესაძლებლობას ქმნის. ეს კი ფსიქიკური ჯანმრთელობის სისტემის დაშინებისა და ტერორის იარაღად გამოყენების საფუძველს იძლევა.
დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთი სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებების დაცვაზე, ინკლუზიასა და სოლიდარობაზე იქნება დაფუძნებული. არსებითია ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დემედიკალიზაცია და მისი გათავისუფლება იმ დისციპლინური პარადიგმებისგან, რომლებიც ადამიანის ღირსებას სისტემურად აქცევს მორჩილებისა და პოლიტიკური დაქვემდებარების იარაღად. გვჭირდება იმგვარი პოლიტიკა, რომელიც დააზღვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკებს და დასჯისა და ძალადობის ნაცვლად, ადამიანებისთვის ღირსეულ ცხოვრებასა და გათავისუფლებას უზრუნველყოფს.
ინსტრუქცია