[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ!

სხვა / სტატია

საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების ასახვა მმართველი პარტიის დისკურსში

ლია წულაძე

აღმასრულებელი დირექტორი, სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი

ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

დღეს, როცა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების ისტორიული შესაძლებლობა მიეცა, რაც მისი დემოკრატიული განვითარების გარანტია, უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროპეიზაციის პროცესში ქვეყანა თანმიმდევრული იყოს. მკვლევრები ევროპეიზაციის სამ ასპექტზე საუბრობენ: საკანონმდებლოზე, დისკურსულსა და ქცევითზე (Schimmelfenning & Sedelmeier 2005, 8). საკანონმდებლო ასპექტი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ადგილობრივის ჰარმონიზებას გულისხმობს; დისკურსული ასპექტი - რიტორიკის დონეზე ევროკავშირის მხარდაჭერას; ქცევითი ასპექტი კი - ევროკავშირის ნორმების ქმედების დონეზე ინტერნალიზაციას. აღმოსავლეთ გაფართოების ქვეყნების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ კანონმდებლობის და რიტორიკის დონეზე ევროპეიზაციის პროცესის მიმდინარეობის მიუხედავად, ევროკავშირის ნორმების ინტერნალიზაცია, შესაძლოა, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩებოდეს (იქვე). საქართველოს შემთხვევის ამ კონტექსტში განხილვა ცალსახად გვაჩვენებს, რომ 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, საქართველო კანონმდებლობის დონეზე ევროკავშირთან დაახლოებას ცდილობდა; რიტორიკის დონეზეც, ხელისუფლების დისკურსი პროევროპული იყო და „ქართული ოცნება“ მუდმივად მიუთითებდა საკუთარ მიღწევებზე ევროინტეგრაციის გზაზე, უახლოეს წარსულში ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ჩათვლით. რაც შეეხება ევროკავშირის ნორმების ქმედების დონეზე გადმოტანას, ეს ნაკლებად იგრძნობოდა ქართულ რეალობაში, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, კანონი ქაღალდზე რჩებოდა და ყოველდღიურ პრაქტიკას ნაკლებად არეგულირებდა. ამის თვალსაჩინო ნიმუშია თუნდაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც 10 წელია, რაც საქართველოს კანონმდებლობის ნაწილია, თუმცა ქვეყანაში კვლავაც ღიად ილახება ეთნიკური, რელიგიური და სექსუალური უმცირესობების უფლებები.

თუ დღემდე ხელისუფლება ევროკავშირთან და საკუთარ მოსახლეობასთან თავს იწონებდა თავისი მიღწევებით საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და მთავარ პოლიტიკურ ოპონენტს („ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“) საყვედურობდა, რომ მან ვერ უზრუნველყო თვალსაჩინო პროგრესი ქვეყნის ევროინტეგრაციის მიმართულებით, ბოლო პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის ივლისიდან, როცა „ქართულმა ოცნებამ“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ხელშეკრულება დატოვა და ამის გამო ევროკავშირის კრიტიკა დაიმსახურა (ამ პერიოდში ევროკავშირმა პირველად გააჟღერა დისკურსი, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული კურსიდან უხვევდა), მმართველი პარტიის დისკურსი ევროკავშირის მიმართ სულ უფრო მტრული გახდა (Tsuladze et al. 2023). მართალია, თავდაპირველად, მმართველი პარტიის მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა შედარებით მოკრძალებული იყო და უფრო „თავდაცვით“ ხასიათს ატარებდა („ქართული ოცნება“ გამუდმებით მიუთითებდა, რომ საქართველო ევროპულ სახელმწიფოდ ფორმირების პროცესშია), უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მისი მხრიდან ევროკავშირის კრიტიკა სულ უფრო თვალსაჩინო გახდა და „თავდასხმითი“ ხასიათი შეიძინა (იქვე). კერძოდ, როცა უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეერთებოდა, ხელისუფლებამ „მშვიდობის დამცველის“ როლი მოირგო და ჯერ ადგილობრივ დონეზე რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების ყველა მამხილებელს „ომის პარტიას“ უწოდებდა, შემდეგ კი სტრატეგიულ პარტნიორებსაც გადასწვდა და მათ „ომში ჩათრევის მცდელობაში“ დასდო ბრალი. ხელისუფლების დისკურსის ესკალირება განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსზე უარის თქმის შედეგად, 2022 წლის ივნისში, როცა მან ევროკავშირს უსაყვედურა, რომ ის საქართველოს მხოლოდ პირობებს უყენებდა, თუმცა სანაცვლოდ ჯილდოს მიცემაზე უარს ეუბნებოდა. მოგვიანებით, 2023 წლის მაისში, „გლობსეკის“ სამიტზე ბრატისლავაში, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ღიად განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებით იყო გამოწვეული და რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე მეტად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა დაუმსახურებლად „გამოტოვეს“ (GLOBSEC 2023). იმავე თვეს, კონსერვატიული პოლიტიკური ძალების კონფერენციაზე, ბუდაპეშტში, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ლიბერალური ღირებულებები ოჯახური ტრადიციებისა და ღირებულებებისთვის საფრთხეს წარმოადგენდა (Agenda.ge 04.05.2023). მისი რიტორიკა მმართველი გუნდის სხვა წევრებმაც აიტაცეს და ლიბერალური ღირებულებები ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის მატარებლად გამოაცხადეს (მაგ.: თავდაცვის მინისტრის განცხადება, Civil.ge 12.05.2023). მიუხედავად მსგავსი რიტორიკისა, მმართველი გუნდი მუდმივად იმეორებდა, რომ საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მისი პრიორიტეტი იყო და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა.

ცხადია, რომ მსგავსი დისკურსი საკმაოდ ამბივალენტურად ჟღერდა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო საზოგადოებისთვის, თუმცა ხელისუფლების გათვლაც ეს იყო. მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გაცხადებული „პრაგმატული პოლიტიკის“ (Interpressnews 29.01.2023) კონცეფციას თუ გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლების მიერ ეროვნული ღირებულებებით და სუვერენიტეტით მანიპულირება ერთდროულად სამი „კურდღლის დაჭერას“ ემსახურებოდა: 1. მოსახლეობაში, რომლის „აბსოლუტური უმრავლესობა“ კონსერვატიული ხედვის მქონედ მიაჩნია (რაც ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში გააჟღერა 2023 წლის 4 მაისს), მისი შესუსტებული მხარდაჭერის გაზრდას, განსაკუთრებით მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ; 2. ევროკავშირისთვის იმის ჩვენებას, რომ მიუხედავად ევროკავშირის მიმართ მოქალაქეების მაღალი მხარდაჭერისა, მათი კონსერვატიული განწყობების ინსტრუმენტალიზება მარტივად შეუძლია, რასაც ევროკავშირთან „ვაჭრობის უნარის“ გაზრდის სტრატეგიად იყენებდა, განსაკუთრებით კანდიდატის სტატუსის მოლოდინისას; 3. და ბოლოს, რუსეთთან ე.წ. „არგაღიზიანების პოლიტიკის“ გატარება, განსაკუთრებით, რუსეთზე საქართველოს მზარდი ეკონომიკური დამოკიდებულების გათვალისწინებით (European Values Center for Security Policy 2021), რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 

ამდენად, „ქართული ოცნების“ ამბივალენტური დისკურსი ევროკავშირის მიმართ ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისიდან შეინიშნებოდა და 2022 წლის მარტიდან უკვე დაუფარავად კრიტიკული გახდა. თუმცა ევროკავშირზე პირდაპირი თავდასხმა არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, როგორც 2024 წლის 29 აპრილს, როცა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საჯაროდ წარსდგა ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონის კონტრაქციის მონაწილეების წინაშე. ივანიშვილის თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე სიახლე არ ყოფილა. მან ჯერ კიდევ 2015 წლის იანვარში საჯაროდ განაცხადა, რომ არასამთავრობო სექტორი „ძირს უთხრიდა“ ქვეყნის იმიჯს. საპასუხოდ, 45-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ღია წერილით მიმართა ხელისუფლებას, არ დაეშვა ივანიშვილის მხრიდან არასამთავრობო სექტორზე თავდასხმა, რადგან ეს განაცხადი არა კერძო პირის, არამედ ქვეყნის „არაფორმალური მმართველის“ პოზიციას გამოხატავდა. ამდენად, ჯერ კიდევ 10 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ღია განაცხადი გააკეთეს საქართველოში არაფორმალური მმართველობის არსებობის შესახებ. ცხადია, ხელისუფლების მხრიდან მათზე თავდასხმა გაძლიერდებოდა და 2017 წლის აპრილში, პარლამენტმა პირველად განიხილა საკანონმდებლო ინიციატივა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის სამიზნე დასავლეთიდან დაფინანსების მიმღები არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ (Tsuladze et al. 2018). ამ ინიციატივას მაშინვე წინააღმდეგობა შეხვდა, განხილვა შეწყდა და, როგორც ჩანს, უფრო ხელსაყრელი დროისთვის გადაიდო. უფრო ხელსაყრელი დრო კი, 2023 წლის თებერვალი-მარტი აღმოჩნდა. დასავლეთიდან წნეხის და პარლამენტთან მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების ფონზე, მმართველი პარტია იძულებული გახდა, ე.წ. „უცხოური აგენტების“ კანონი სამ დღეში უკან გაეწვია და პირობა დადო, რომ მას დღის წესრიგში აღარასდროს დააყენებდა. თუმცა პირობამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა. დღეს, „ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, აღარც დასავლეთს მოუსმინოს, რომელსაც ან ღიად ესხმის თავს, ან უბრალოდ იგნორირებას უკეთებს (მაგ.: მმართველი პარტია, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოპოვებით იწონებს თავს, არ დაესწრო თბილისში, 2024 წლის 1 მაისს, გაფართოების საკითხებში ევროკომისიის გენერალურ დირექტორთან შეხვედრას) და აღარც საკუთარ მოსახლეობას, რომლის არჩევანის გაყალბება მარტივი იქნება, თუ დასავლეთმა საარჩევნო პროცესებს მონიტორინგი არ გაუწია. ამდენად, როგორც საკანონმდებლო, ისე დისკურსულ დონეზე, თვალსაჩინოა ხელისუფლების გაცხადებული დეევროპეიზაცია (Tsuladze et al. 2023) და საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალება.

ამ ტენდენციის ყველაზე თვალსაჩინო დისკურსული გამოვლენა სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა იყო მთავრობის მიერ ორგანიზებულ აქციაზე, 2024 წლის 29 აპრილს. აქციის ლოზუნგიდან - „მამული, ენა, სარწმუნოება“ - იმთავითვე ნათელი იყო, რომ ხელისუფლება ნაციონალისტურ-პოპულისტური დისკურსებით მანიპულირებას გეგმავდა, რაც ივანიშვილის პირველივე ფრაზიდან, კერძოდ, მერაბ კოსტავას ციტირებიდან გაჟღერდა: „დაიმახსოვრეთ, თქვენ მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება! მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“. მართალია, ამ ფრაზაში არაფერია ნათქვამი დასავლეთსა და ევროკავშირზე, მაგრამ, სინამდვილეში, სამიზნე სწორედ დასავლეთია, რომლისგან „გათავისუფლებაც“ ერის მისიად არის წარმოჩენილი. ის, რომ ამ მოწოდებაში იგულისხმება სწორედ დასავლეთი (და არა რუსეთი, რომელსაც კოსტავა გულისხმობდა), კარგად გამოჩნდება, თუ ამ ამონარიდს დანარჩენი ტექსტის კონტექსტში განვიხილავთ, რომლის უმეტესი ნაწილიც სწორედ დასავლეთის დემონიზებაზეა მიმართული. ეს უკანასკნელი კი რუსულ თარგზეა მოჭრილი როგორც მისი შინაარსის, ისე დისკურსული სტრატეგიების გამოყენების თვალსაზრისით. რა გვაძლევს ამის თქმის შესაძლებლობას?  

ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციის ცენტრმა ყურადღება გაამახვილა პროპაგანდისტულ „მასტერ-ნარატივებზე“, რომელთაც რუსეთი თავის ახლო და შორეულ სამეზობლოში ავრცელებს (Rebegea 2019). დომინანტური 5 ნარატივი, რომელიც ნატოს ანგარიშშია წარმოდგენილი, შემდეგია:

  1. ევროკავშირის საწინააღმდეგო ნარატივი: ევროკავშირი, როგორც მორალური გახრწნის ადგილი. იმისათვის, რათა ამ ნარატივმა კარგად იმუშაოს არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირთან ინტეგრაციისკენ მიისწრაფვიან, არამედ აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის ქვეყნებშიც, რომლებიც თავადაც ევროკავშირის წევრები არიან, ის მკვეთრად მიჯნავს ევროკავშირს და ევროპას, და „ტრადიციული“ და „კარგი“ ევროპის დამცველად გვევლინება „გახრწნილი“ და „ცუდი“ ევროკავშირისგან.
  2. ნატოს საწინააღმდეგო ნარატივი: ნატო, როგორც საფრთხის მომტანი და არა უსაფრთხოების გარანტი. ამ ნარატივის საფუძველზე, რუსეთს, როგორც თავდამსხმელს, კი არ ეკისრება პასუხისმგებლობა თავის მეზობელ სუვერენულ სახელმწიფოებზე თავდასხმისთვის, არამედ, ერთი მხრივ, თავად ამ სუვერენულ სახელმწიფოებს, რომლებიც რუსეთისგან თავდაცვის მიზნით ნატოს ეკედლებიან და, მეორე მხრივ, ნატოს, რადგანაც აღმოსავლეთით გაფართოებას ცდილობს და ამით რუსეთის პროვოცირებას ახდენს.
  3. შიდა წარუმატებლობის ნარატივი: ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, როგორც წარუმატებელი სახელმწიფოები. ეს ნარატივი დაახლოებით ასე ჟღერს: შეხედეთ, რამდენი უბედურება მოუტანა პოსტკომუნისტურ თუ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დასავლეთის და ევროკავშირის გავლენამ! ისინი ახლა დასავლეთის მონები არიან და საკუთარ ღირებულებებსა და სუვერენიტეტს კარგავენ მაშინ, როცა შეეძლოთ „მშვიდობიანად“ და „სუვერენულად“ ეცხოვრათ რუსეთის გვერდით.
  4. ისტორიის გაყალბების ნარატივი: ისტორიული ფაქტების გაყალბება და მათით მანიპულაცია, ყურადღების გასამახვილებლად ისტორიულ და კულტურულ კავშირებზე რუსეთსა და მის მიერ ოკუპირებულ ქვეყნებს შორის. ამ ნარატივის თვალსაჩინო ნიმუშია, რომ ქვეყნებს, რომლებზე გავლენის მოხდენასაც რუსეთი ცდილობს, თურმე, რუსეთთან ბევრად მეტი საერთო აქვთ, ვიდრე დასავლეთთან, იქნება ეს ენის (სლავური ენები), რელიგიის (ერთმორწმუნე რუსეთი) თუ კულტურის (რუსეთმა შეიტანა მათში კულტურა) თვალსაზრისით; ამდენად, „ევროპულ ოჯახში“ კი არა, „საბჭოთა ოჯახში“ დაბრუნებაზე უნდა იზრუნონ.
  5. „უკრაინა არ არის ქვეყანა“ ნარატივი: ამ ნარატივის თანახმად, უკრაინას ვერ ექნება პრეტენზია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ყოფნაზე, რადგან ის ოდითგანვე რუსეთის ნაწილია (ეს ნარატივი მჭიდროდ არის გადაჯაჭვული ისტორიის გაყალბების ნარატივთან). საგულისხმოა, რომ ამ ნარატივს რუსეთი ჯერ კიდევ 2019 წელს ავრცელებდა. ანუ, 2019 წელს უკვე ამზადებდა საფუძველს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისთვის.

ახლა დავსვათ შეკითხვა, თუ რას ემსახურება ეს ნარატივები. ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტმა, რომელსაც რუსული დეზინფორმაციის გაშიფვრა ევალება, რუსეთის „რბილი“ ძალის (აწ უკვე „მახვილი“ ძალის, რომლის მიზანია ინფორმაციით მანიპულირება, თუნდაც არაერთი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილის გავრცელება, რათა საზოგადოების დეზორიენტაცია გამოიწვიოს (Walker & Ludwig 2017)) სამი ძირითადი სტრატეგია გამოყო: შიშის დათესვა, იმედგაცრუების გაღვივება და ხსნის შეთავაზება (East StratCom 2019). ზემოხსენებულ ნარატივებს რომ მივყვეთ, ცხადია, რომ ევროკავშირის მორალური გახრწნის ადგილად წარმოჩენა, ნატოსი კი - ომის გამჩაღებლად, სწორედ შიშის დათესვის თვალსაჩინო ნიმუშია; შიდა წარუმატებლობის ნარატივი იმედგაცრუების გაღვივებას ემსახურება; ხსნა კი რუსეთთან „მეგობრული“ და „მშვიდობიანი“ ურთიერთობის შენარჩუნებაშია, რადგან მასთან ხომ საერთო ისტორია და რელიგია გვაკავშირებს. ცხადია, მსგავსი პერსპექტივა სულ უფრო გვაახლოებს „საქართველო არ არის ქვეყანა“ მდგომარეობასთან.

გარდა შინაარსობრივი გადაფარვისა - ბიძინა ივანიშვილმა პირველი სამი ნარატივი პირდაპირ გაიმეორა და მთელ მის გამოსვლას ლაიტმოტივად გასდევდა მეოთხე ნარატივი, ანუ ფაქტების გაყალბება, რომელმაც კულმინაციას დასკვნით ნაწილში მიაღწია, როცა 2023 წელს ევროკავშირში გაწევრიანებას დაჰპირდა მოსახლეობას - მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის განცხადებებში ნათლად ჩანდა რუსული პროპაგანდის ზემოხსენებული სამი დისკურსული სტრატეგია:[1]

  1. შიშის დათესვა: ივანიშვილის მთელი ნარატივი „შიშის პოლიტიკაზე“ (Wodak 2015) იყო აგებული, თუ როგორ უნდა გვეშინოდეს „რადიკალური ოპოზიციის“, რომელიც „ენჯეოების“ ხელით „რევოლუციას გვიწყობს“. მხოლოდ შიდა დესტრუქციული ძალის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ „გარედან თავს მოხვეული მმართველობის“, რომელმაც „რეპრესიები უნდა ჩაატაროს და სასამართლო სისტემა აგენტურით უნდა დააკომპლექტოს“ (აქ ცალსახაა ევროკავშირზე მინიშნება, რომელიც, წლებია, ხელისუფლებას სასამართლო და საარჩევნო რეფორმის ჩატარებას სთხოვს); ყველაზე საშიში ძალა კი „გლობალური ომის პარტიაა“, რომელიც თავად ევროკავშირის და ნატო-ს გადაწყვეტილებებსაც მართავს („ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატო-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს“). ნიშანდობლივია, მმართველი გუნდის რიტორიკაში „ომის პარტიის“ დისკურსის „გლობალური ომის პარტიის“ დისკურსით ჩანაცვლება: თუ პირველი მხოლოდ შიდა ოპონენტებზე იყო მიმართული, მეორე უკვე გარე ოპონენტებს მიემართება, რომლებიც შიდა ოპონენტებს მართავენ. ამდენად, ივანიშვილის „აგენტურის“ ცნება შემდეგ იერარქიას ეფუძნება: „გლობალური ომის პარტიაა“ -> ევროკავშირი და ნატო -> „რადიკალური ოპოზიცია“ და „ენჯეოები“. შესაბამისად, „აგენტურის“ მხილება და შერცხვენა (blaming & shaming) ივანიშვილის ნარატივის მაგისტრალური ხაზია.
  2. იმედგაცრუების გაღვივება: ივანიშვილი ღიად „არცხვენს“ დასავლეთს, რომ 2008 წელს საქართველო ნატოს წევრად არ მიიღო და „ორპირ ქარში“ დატოვა; დასავლეთისთვის „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“; „აგენტურა“ (ანუ „რადიკალური ოპოზიცია“ და „ენჯეოები“) ფხიზლადაა და „ნურავის ექნება ილუზია, რომ ამ კანონპროექტების გარეშე დიდხანს მოგვასვენებდნენ“ და ა.შ. მსგავსი გზავნილები არაერთხელ მეორდება ივანიშვილის ნარატივში.
  3. ხსნის შეთავაზება: ამ შემთხვევაში, „იდეოლოგიური დისკურსის“ (van Dijk 2013) აქტიური ინსტრუმენტალიზება ხდება - „ჩვენ“ და „ისინი“ ჯგუფებს შორის მკვეთრი დემარკაციის საფუძველზე. დამაჯერებელი არგუმენტების ნაკლებობისას, პოლიტიკოსების მთავარ სტრატეგიად იქცევა ოპონენტზე თავდასხმა და მისი „გაშავება“, რათა ბრალდება აიცილონ და სხვისკენ გაიშვირონ ხელი. ნაციონალისტურ-პოპულისტური დისკურსების მომრავლებასთან ერთად, ამ სტრატეგიას „ხალხის სახელით“ საუბარიც დაერთო, როგორც საკუთარი ქმედებების ლეგიტიმაციის გზა. ამგვარი დისკურსული სტრატეგია „ტოპოსის“ სახელით არის ცნობილი (Wodak 2011). ამ კონტექსტში რომ განვიხილოთ ივანიშვილის გამოსვლა, მთელი ნარატივი დიქოტომიურ წყვილებზეა აგებული, სადაც ერთი პოლუსი „ქართულ ოცნებას“ უკავია („ჩვენ“), რომელსაც უყვარს სამშობლო და ყველაფერს აკეთებს მისი სუვერენიტეტის დასაცავად; ამასთანავე, მისი დამსახურებაა „გრძელვადიანი მშვიდობისა და გაძლიერებული უსაფრთხოების“ უზრუნველყოფა. მეორე პოლუსზე „რადიკალური ოპოზიცია“ და „ენჯეოები“ („ისინი“) ხვდებიან, ანუ „უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილიფსევდოელიტა“, რომელიც „უსამშობლოდ“ და „ღამურად“ არის სახელდებული და რომელსაც სურს, „გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობა“ დააბრუნოს (საგულისხმოა, არასამთავრობო სექტორის პოლიტიზების და ამ გზით მისი მიკერძოებულობის ხაზგასმის მცდელობა). ივანიშვილის სიტყვებით, ის და მისი პარტია ქართველების მხსნელია „გლობალური ომის პარტიისგან“, „აგენტურის“ - ანუ ნებისმიერი პოლიტიკური ოპოზიციის და „ენჯეოების“ - გავლენისგან (ამდენად, ნებისმიერი ალტერნატიული აზრის არსებობისგან) და დასავლეთის მიერ სუვერენიტეტის წართმევის მცდელობისგან (რაოდენობრივი კონტენტანალიზის თანახმად, სიტყვა „სუვერენიტეტი“ ყველაზე ხშირადაა გამოყენებული ამ ნარატივში, რასაც საფუძველი მმართველი პარტიის 2023 წლის გზავნილებიდან ჩაეყარა, როცა „ლიბერალური ღირებულებები სუვერენიტეტისთვის საფრთხედ“ გამოცხადდა). ამ კონტექსტში აღსანიშნავია, თუ როგორ შეეცადა მმართველი პარტია ეროვნული სენტიმენტებით მანიპულირებას და 29 აპრილის სამთავრობო აქციის ლოზუნგად „მამული, ენა, სარწმუნოება“ შეარჩია, რაც ახალგაზრდების დისკრედიტაციას ემსახურებოდა, რომელთაც, თითქოს, ილიას სიტყვები შეცვალეს და ზემოხსენებულ ტრიადაში „სარწმუნოება“ „ერთობით“ ჩაანაცვლეს. მთავრობის გათვლა სწორედ ის იყო, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილში, რომელიც კონსერვატიულად მიაჩნია, ახალგაზრდების მიერ ილიას სიტყვების მოდიფიცირება აღშფოთებას გამოიწვევდა და ამით მოსახლეობის რელიგიურ სეგმენტს პროტესტის მონაწილეების მიმართ უარყოფითად განაწყობდა. თუმცა, მთავრობის მცდელობა, ნაციონალისტური დისკურსის ინსტრუმენტალიზება მოეხდინა ახალგაზრდების დისკრედიტაციისთვის, წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან, პროდასავლური და რელიგიური სენტიმენტების თანაარსებობის ხაზგასასმელად,  სხვა პოზიტიურ გზავნილებთან ერთად, პროტესტის მონაწილეებმა აღდგომის დღესასწაული რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის ეკლესიასთან, ერთად აღნიშნეს გზავნილით: „ენა, მამული, ერთობა, სარწმუნოება”, საქართველოს და ევროკავშირის სიმბოლიკით. შედეგად, ხელისუფლების დისკურსს, რომ ლიბერალური ღირებულებები ტრადიციულ და რელიგიურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნის და რომ „ქართული ოცნება“ ამ საფრთხისგან საზოგადოებას იცავს, საფუძველი გამოაცალეს.

ივანიშვილის გამოსვლას რომ დავუბრუნდეთ, მიუხედავად დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმისა, მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მშვენივრად ესმის, რომ არ უნდა გაუცრუოს იმედი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს (CRRC Georgia-ის კვლევებით, მოსახლეობის 80%-ზე მეტს), ვისაც ევროკავშირთან ინტეგრაცია სურს, ამიტომაც გამოსვლის ბოლოს პირობას იძლევა, რომ 2030 წელს „თავისუფალ“ და „სუვერენულ“ საქართველოს ევროკავშირში შეიყვანს. იმ „ცუდ“ ევროკავშირში კი არა, რომელიც ეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებ, კანდიდატის სტატუსს ჩამოგართმევო, არამედ სხვა, „კარგ“ ევროკავშირში, რომელიც, „ქართული ოცნების“ გათვლით (და არცთუ უსაფუძვლოდ[2]), 2024 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, ნაციონალისტ-პოპულისტებით იქნება დაკომპლექტებული.

დასასრულს, მმართველი პარტიის დისკურსში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ცვლილების რეპრეზენტაციაზე რომ ვისაუბროთ, საყურადღებოა, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ 2021 წლის ივლისიდან გახდა თვალსაჩინო, როცა „ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება დატოვა და ევროკავშირმა პირველად გააჟღერა დისკურსი, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროპული კურსიდან უხვევდა. მმართველ პარტიასა და ევროკავშირს შორის დისკურსული დაპირისპირება განსაკუთრებით გამწვავდა ჯერ უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ (როცა ხელისუფლებამ უარი თქვა, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციებს შეერთებოდა და ყველა ოპონენტს, ვინც რუსეთს ღიად ამხელდა, „ომის პარტიის“ სახელით მოიხსენიებდა), შემდეგ კი - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შედეგად (როცა ხელისუფლებამ ევროკავშირს უსაყვედურა, რომ საქართველოსთან მიმართებით ორმაგ სტანდარტს იყენებდა, კერძოდ, პირობებს უყენებდა, მაგრამ ჯილდოს მიცემაზე უარს ეუბნებოდა). თუმცა, ევროკავშირზე საქართველოს ხელისუფლების თავდასხმა არასდროს ყოფილა ისეთი მწვავე, როგორც ბიძინა ივანიშვილის სამთავრობო აქციაზე გამოსვლის დროს, როცა მან განაცხადა, რომ ევროკავშირს და ნატო-ს „გლობალური ომის პარტია“ მართავდა, რომელიც ადგილობრივი „რადიკალური ოპოზიციის“ და „ენჯეოების“ ხელით საქართველოში რევოლუციის მოწყობას გეგმავდა. როგორც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მესამედ ინიცირება (პირველ ორ შემთხვევაში -  ხელისუფლების სატელიტი პარტიების მიერ, მესამედ კი - უკვე თავად ხელისუფლების მიერ), ისე მმართველი პარტიის ფუძემდებლის და საპატიო თავმჯდომარის რიტორიკა თვალსაჩინოს ხდის, რომ საკანონმდებლო და დისკურსულ დონეზე საქმე გვაქვს ხელისუფლების გაცხადებულ დეევროპეიზაციასთან და საგარეო პოლიტიკური ვექტორის რუსეთის სასარგებლოდ შეტრიალებასთან.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“