საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მე-12 წელი იწურება. მმართველი პარტიის როგორც კონფიგურაცია, ისე ძალაუფლების შენარჩუნების სტრატეგიები ამ ხნის მანძილზე არსებითად შეიცვალა (შეიძლება ითქვას, დრამატულადაც). მანამდე არნახული პოლიტიკური სიჭრელით მოსული ხელისუფლება თანდათან ჩამოყალიბდა ერთპარტიული კონფიგურაციის მქონე ძალად, რომელსაც უკვე გამოარჩევს ძალაუფლების ნებისმიერ გზით შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილი და, რაც ყველაზე მძიმეა, ქვეყნის განვითარების თითქოს ხელუხლებელი პარადიგმატული სიკეთეების რევიზიისკენ სწრაფვაც კი (აქ, პირველ რიგში, დასავლეთთან ინტეგრაციის გრანდნარატივი იგულისხმება).
უფრო კონკრეტულად, ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ძალაუფლების შენარჩუნებისა და მართვის ახალი სტრატეგიები გამოკვეთა, რომლებიც ანალიზსა და სახელდებას საჭიროებს. ქვემოთ შემოთავაზებულია ზოგიერთი მათგანი:
როგორც ცნობილია, მემარჯვენე პოპულიზმი არის იდეოლოგია, რომელიც მხარს უჭერს ნეონაციონალიზმს, სოციალ-კონსერვატიზმს და ეკონომიკურ ნაციონალიზმს (იმპორტის და ინვესტიციების შემცირებას). ხელისუფლებამ არაორაზროვნად აირჩია მემარჯვენე პოპულიზმი და ამ სტრატეგიის გამოხატულებაა ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების მუდმივი აპელირება იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ პირდაპირ დემოკრატიას, რომელიც წარმომადგენლობით დემოკრატიას სჯობია.
„ნაციონალური მოძრაობა“, თავის პოზიტიურ გამოვლინებაში, მიმართავდა ე.წ. „დემოკრატიის პროზელიტიზმის“ გზას, ანუ დემოკრატიის პრინციპები „ზემოდან“ შეჰქონდა საზოგადოებაში და ხალხს არწმუნებდა, რომ ეს კარგია. აქ მას ხელს უწყობდა სწორედ წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპი და ხელისუფლებაში უმრავლესობით ყოფნა, როდესაც პარლამენტს შეეძლო მიეღო ხელისუფლების ნებისმიერი ინიციატივა, იმის მიუხედავად, ამ ინიციატივას ხალხი ეთანხმებოდა თუ არა. შეიძლება პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, წარმომადგენლობითი დემოკრატია საზოგადოებრივ განწყობებთან წინააღმდეგობაშიც კი მოვიდა (მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ სეკულარული სახელმწიფოსკენ თუნდაც ზიგზაგებით გადადგმული ნაბიჯები, რაც შეუსაბამოდ გამოიყურებოდა იმ ფონზე, როდესაც, კვლევების თანახმად, საზოგადოების უმრავლესობა სწორედ ანტისეკულარულ განწყობებს ამჟღავნებდა და დღესაც ამჟღავნებს).
დღევანდელი ხელისუფლება განსხვავებულად იქცევა: ის ცდილობს უმრავლესობის ვნებები და ნება გაითვალისწინოს მაშინ, როდესაც ეს ნება დემოკრატიას არსებითად ეწინააღმდეგება. ამით ის ორ კურდღელს იჭერს: ა) ერთი მხრივ, უმრავლესობის გულს იგებს და ბ) მეორე მხრივ, აძლიერებს ავტორიტარიზმს ქვეყანაში. ორივე „კურდღელი“, საბოლოო ანგარიშით, „ქართული ოცნების“ ძალაუფლების შენარჩუნებას ემსახურება. ამის თვალსაჩინო მაგალითია ხელისუფლების ინიციატივა თითქოსდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონის მისაღებად (რომელიც სინამდვილეში ლგბტი ადამიანებისთვის უფლებრივ და საარსებო გარემოს დრამატულად აუარესებს). ხელისუფლებამ იცის, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ამას მხარს უჭერს და ცდილობს ამ განწყობაზე კაპიტალიზებით გაიმყაროს მხარდაჭერა (შესაბამისად, ძალაუფლება) და შეასუსტოს ორიენტაცია ევროინტეგრაციისკენ.
ამდენად, მემარჯვენე პოპულიზმი არის არსებითად კვაზი-დემოკრატიული სტრატეგია, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება შესაძლოა მოქმედებდეს უმრავლესობის ინტერესების გათვალისწინებით და აკეთებდეს იმას, რაც უმრავლესობას უნდა.
თუმცა, საინტერესოა, რომ მემარჯვენე პოპულიზმი მაინც ვერ ხარობს საქართველოში, რადგან: ა) კვლევები აჩვენებს, რომ ულტრამემარჯვენე ღირებულებებს თანმიმდევრულად ამომრჩევლების მხოლოდ 11% იზიარებს და ბ) ე.წ. ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და სხვა პოპულისტური თემები ვერ იქნება ხელისუფლების ბონუსი ამომრჩევლების მისაზიდად, რადგან ეს არ არის „ქართული ოცნების“ იდეოლოგიური ექსკლუზივი. ამასთანავე, ასეთი ტაქტიკა ამომრჩევლების ნეგატიური მობილიზაციის ნაწილია, ხოლო ხელისუფლებაში დარჩენას პოზიტიური ინიციატივები სჭირდება (უტრირებულად თუ ვიტყვით, ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა უმუშევრობის და სიღარიბის პრობლემებს ვერ გადაჭრის). შესაბამისად, ლგბტ თემით სპეკულირებას, მართალია, ხელისუფლებისთვის გარკვეული სიმბოლური კაპიტალი მოაქვს, თუმცა, არც იმდენი, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვებისთვის საკმარისი იყოს.
რა არის ავტორიტარიზმის შემაკავებელი მექანიზმი?
ერთი ტერმინით თუ აღვწერთ, ეს არის ანტიჰოლიზმი, როდესაც სახელმწიფოში არსებობს ისეთი ინსტიტუტები, რომლებიც ხელისუფლების უშუალო გავლენას და ზედამხედველობას არ ექვემდებარებიან. სწორედ ასეთი ინსტიტუტებია სასამართლო, კრიტიკული მედია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.
ხელისუფლებამ შეძლო და დაიქვემდებარა ავტორიტარიზმის შემაკავებელი ისეთი ფუნდამენტური ინსტიტუტი, როგორიცაა სასამართლო. ნაწილობრივ შეძლო და დაასუსტა კრიტიკული მედია. ე.წ. „აგენტების კანონის“ დაინიცირებით ეცადა, მაგრამ ჯერჯერობით ხელშესახებ წარმატებას ვერ მიაღწია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მარგინალიზაციის მიმართულებით.
და რატომ „რბილი“ ავტორიტარიზმი?
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ მოქმედებს ძალიან ხისტად. ლენინისეული „ნაბიჯი წინ, ორი ნაბიჯი უკან“, ივანიშვილმა ასე შეცვალა: „ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან“. ქართულმა ოცნებამ ისწავლა უკანდახევა, რომელიც მტკივნეული, მაგრამ მაინც ტაქტიკური ნაბიჯია ძალაუფლების გამტკიცებისთვის. და ისწავლა უკან გადადგმული ნაბიჯების, როგორც მარცხის, „გადადნობა“ საკუთარ უპირატესობად, საკუთარ მიღწევად. ამის მკაფიო მაგალითია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინა და შემდგომი ისტორია: კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე ხელისუფლებამ მხოლოდ ბარიკადები ააგო: თავად ევროკომისიის შეფასებით, სტატუსის მისაღებად აუცილებელი 12 ვალდებულებიდან „ქართულმა ოცნებამ“ მხოლოდ 3 (!) ვალდებულება შეასრულა; ამასთანავე, ევროპულმა სტრუქტურებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება, უპირველესად, ევროკავშირისადმი ქართველი ხალხის თავგანწირულმა ერთგულებამ განაპირობა. მიუხედავად ამისა, სტატუსის მიღება ხელისუფლებამაც „იზეიმა“ და თავის ექსკლუზიურ დამსახურებად მიიწერა.
ცალკე თემაა ე.წ. „რუსული კანონის“ ხელახალი გაცოცხლება - 2023 წელს ხელისუფლებამ უკან დაიხია, მაგრამ ერთი წლის შემდეგ ახალი შეტევა წამოიწყო და, ამ ჯერზე, კანონპროექტის უთუოდ მიღებას აპირებს. კანონპროექტი არსებითად იგივეა, მაგრამ სახელისუფლო პროპაგანდამ აქცენტები გადაალაგა - „აგენტის“ ცნებიდან „გამჭვირვალობის“ ცნებაზე გადაინაცვლა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს გამჭვირვალობის დემოკრატიული (ევროპული) პრაქტიკის პოზიციებიდან შეუტია. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ასეთი დემაგოგიური რევერანსები არ სჭირდებოდა, ის თავის ავტორიტარულ მისწრაფებებში გაცილებით გულწრფელი იყო. „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმი უფრო გადღაბნილია და ამბივალენტური, მაგრამ სწორედ ასეთი „შემოვლითი“ გზებით იმყარებს ძალაუფლებას არსებული ხელისუფლება.
ხელისუფლების შენარჩუნებისთვის უკომპრომისო ბრძოლაში „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია, რომ არცერთი მისი ამომრჩეველი არ დაკარგოს. ხელისუფლებას ჰაერივით სჭირდება ამომრჩევლების გამრავლება, ან, სულ მცირე, არსებული ამომრჩევლების შენარჩუნება, რადგან როგორც საზოგადოებრივი აზრის მეტ-ნაკლებად სანდო გამოკითხვები რეგულარულად აჩვენებს, მისი ლეგიტიმაციის „ჭერი“ 40%-ია, რაც უმრავლესობის მოპოვებისთვის საკმარისი არ არის. იგივე გამოკითხვები, უფრო სიღრმისეულად, აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების დაახლოებით მესამედი მყარი ან თანმიმდევრული მედასავლეთეა. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლება იძულებულია ანგარიში გაუწიოს ამ ნაწილს და მუდმივად მიაწოდოს საზრდო იმის გაცხადებით, რომ ის ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ და ყველაფერს აკეთებს ამისთვის (ამას აჩვენებს თუნდაც ის, რომ ხელისუფლებამ უაპელაციოდ მიიწერა საკუთარ თავზე ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვება, მიუხედავად იმისა, რომ, თავად ევროკომისიის ფორმალური შეფასებით, ხელისუფლებამ 12-დან მხოლოდ 3 რეკომენდაცია შეასრულა სრულად).
ანუ, „ქართულ ოცნებას“ სურს ერთი ხელით თავის რიგებში შეინარჩუნოს ნაციონალისტურად განწყობილი ულტრამემარჯვენე ამომრჩევლები, ხოლო მეორე ხელი გაუწოდოს საკუთარ პროევროპულად განწყობილ ამომრჩევლებს. ეს საკმაოდ რთული ამოცანაა და სწორედ ამ ამოცანის შესრულების მცდელობას უნდა მივაწეროთ ის მეინსტრიმული სიმბიოზური საკომუნიკაციო მესიჯები, რასაც ხელისუფლება იყენებს შემდეგი კრებითი სახელდებით - „ღირსებით ევროპისკენ“.
საინტერესოა, რომ თვით 29 აპრილის ხელოვნურად ორგანიზებული მასობრივი მანიფესტაციის ყველაზე უფრო ანტიდასავლურ გამოსვლაშიც კი, ბიძინა ივანიშვილმა არ შეცვალა „ორი კურდღლის მადევრის“ ტაქტიკა, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ტაქტიკა მის გამოსვლაში აბსურდულობამდე და კომიკურობამდეც კი გაშიშვლდა. კერძოდ, ივანიშვილმა, ერთი მხრივ, განაცხადა, რომ ევროკავშირი და აშშ „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილები არიან, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემტერებიან; ხოლო, მეორე მხრივ, თქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი 2030 წლისთვის. დიდი ალბათობით, შეუთავსებლის შეთავსების ასეთი აბსურდული მცდელობა ხელისუფლებას წარმატებას ვეღარ მოუტანს და ის დადგება იმ რისკის წინაშე, რასაც ანდაზა გვეუბნება - „ორი კურდღლის მადევარი ვერცერთს ვერ დაიჭერსო“.
პოლიტიკური ოპოზიცია (ნაციონალური მოძრაობის გარდა) მხოლოდ 2024 წლის არჩევნებისთვის ახერხებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს მიხეილ სააკაშვილის ორბიტიდან გასვლით. მართალია, ამის მცდელობები წინა წლებშიც იყო, მაგრამ - წარუმატებელი.
ხელისუფლება ამას ხედავს. ამიტომ, მუდმივად ცდილობს, რომ ჩაშალოს ოპოზიციის ჰეტეროგენიზაციის პერსპექტივა და ისინი კვლავ წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური სხეულის ორგანულ გაგრძელებად და მიხეილ სააკაშვილის აპოლოგეტებად. პრაქტიკულად არ არსებობს ისეთი პროდასავლური ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხელისუფლება არ წარმოაჩენს „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტად, მის სახესხვაობად და ა.შ. თუმცა, დღესდღეობით, ასეთ რიტორიკას („ყველა ნაცია“), გარკვეულწილად, ყავლი გაუვიდა და გაცვდა. ამას ორმა ფაქტორმა შეუწყო ხელი: ა) თავად „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა კრიზისმა, რომელმაც გამოიწვია განხეთქილება არა მხოლოდ პოლიტიკურ „ლიდერშიპში“, არამედ პარტიის ამომრჩევლებში და ბ) „ნაციონალურ მოძრაობასთან“ სხვა პატარა პარტიების თანამშრომლობის ნეგატიურმა გამოცდილებამ, როდესაც სხვა პარტიები უფრო დაზარალდნენ, ვიდრე მოგებულნი დარჩნენ ამ თანამშრომლობით და იდენტობის კრიზისიც კი დაუდგათ (საკმარისია გავიხსენოთ „რესპუბლიკური პარტიის“ მაგალითი).
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში უმრავლესობა (60%-მდე) ეთანხმება, რომ მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნების შედეგების მიხედვით, ხელისუფლება არ იყოს ერთპარტიული, ანუ იყოს კოალიციური. თვით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი (ზოგიერთ კვლევაში - მესამედი) ეთანხმება ახალი პროდასავლური ძალის გამოჩენას. ეს პრინციპული სიახლეა: კოალიციური ხელისუფლების მხარდამჭერები 2020 წელსაც (და მანამდეც) იყვნენ, მაგრამ ეს არის მეინსტრიმული იდეა და, რაც მთავარია, „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში ეს იდეა მოღალატეობრივადაც კი განიხილებოდა. ახლა კოალიციური მთავრობის მიმართ ლოიალობამ თვით ამ ჯგუფშიც შეაღწია და ძალას იკრებს.
მეორე მხრივ, არც ისაა სწორი, თითქოს კოალიციური ხელისუფლების მოსვლა აუცილებლად „ქართული ოცნების“ გარეშე მოხდება. კოალიცია შეიძლება შეიკრას დღევანდელი ხელისუფლების ლიდერობით და ეს ერთ-ერთი რეალურად მოსალოდნელი სცენარია არჩევნების შემდეგ. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მნიშვნელოვან ნაწილში კოალიციური მთავრობის მიმართ მხარდაჭერა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ კოალიციურ მმართველობაში „ქართული ოცნების“ მონაწილეობა ერთ-ერთ პერსპექტივად განიხილება. ამდენად, არ უნდა წარმოვიდგინოთ, თითქოს კოალიციური მთავრობის შექმნა აუცილებლად „ქართული ოცნების“ ოპოზიციაში გადასვლას მოასწავებს. თუმცა, მეორე მხრივ, თუ ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები, რომელთა ჯამური საარჩევნო შედეგი ხელისუფლებაზე მეტია, შეთანხმდნენ ერთმანეთთან კოალიციაში შესვლის დიზაინზე, „ქართული ოცნება“ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნის კოალიციურ ფორმატსაც ჩამოშორდეს.
როგორც ცნობილია, „ქართულ ოცნებას“, ყველა წინა არჩევნებზე, უმრავლესობის მოსაპოვებლად, მაშველ რგოლად ჰყავდა მაჟორიტარები. სწორედ მაჟორიტარული ხმებით ავსებდა ის იმ დანაკლისს, რასაც პარტიულ-პროპორციული სისტემით ვერ იღებდა (მაგალითად, 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებში პროპორციული სისტემით ხელისუფლებამ 48% მიიღო და 60 მანდატი მოიპოვა, რაც ხელისუფლებაში ერთპიროვნულად დარჩენას არ ჰყოფნიდა. ამაში მას დაეხმარა მაჟორიტარული ხმების 100%, ანუ დამატებით 30 მანდატი).
როგორც ცნობილია, 2024 წლის არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ტარდება, თუმცა, ამის პარალელურად, პარტიებისთვის დაწესდა მაღალი - 5%-იანი ბარიერი. თუ პარტია არჩევნებში ამ ბარიერს ვერ გადალახავს, მის მიერ მოპოვებული ხმები პროპორციულად გადანაწილდება ბარიერგადალახულ პარტიებზე. ბოლო დროს ჩატარებული პრაქტიკულად ყველა სოციოლოგიური კვლევა აჩვენებს, რომ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი, ამ ეტაპზე, მხოლოდ 3-4 ოპოზიციურ პარტიას აქვს, ხოლო სხვა პატარა პარტიების მიერ ბარიერის მოსალოდნელი ვერგადალახვის გამო, ოპოზიციური ხმების დაახლოებით 10-12% დაიკარგება და ამ ხმების უფრო დიდი ნაწილი „“ქართული ოცნების”“ „ყულაბაში“ გადავა. გველოდება ასეთი პარადოქსული ვითარება: ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლები ხმას მისცემენ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, თუმცა, მათი ხმები „ქართული ოცნების“ აქტივში ჩაითვლება. ის, რასაც წინა არჩევნებზე მაჟორიტარული სისტემა ასრულებდა ერთპიროვნული ძალაუფლების შენარჩუნების სასარგებლოდ, ახლა შეიძლება ოპოზიციური ამომრჩევლების ხელით შესრულდეს.
შეჯამება
2024 წელს საქართველო კიდევ ერთხელ დადგა დემოკრატიისა და ავტორიტარიზმის გზაგასაყარზე, რასაც კიდევ ერთი გზაგასაყარი დაემატა (რომელიც მას შემდეგ, რაც საქართველომ 1991 წელს აღიდგინა დამოუკიდებლობა, არასოდეს გამხდარა აქტუალური) - დასავლეთი თუ რუსეთი. ცხადია, ეს ორი გამოწვევა ერთმანეთთან მჭიდრო კორელაციაშია და არ არსებობს ერთი მეორის გარეშე. ანუ, დემოკრატიის გადარჩენა დასავლეთთან ინტეგრაციაშია შესაძლებელი, ხოლო ავტრიტარიზმის დამყარება - რუსეთთან (ან რუსეთის მსგავს პოლიტიკურ რეჟიმთან) ინტეგრაციაში. დემოკრატიის გზაზე ბევრი დაბრკოლების მიუხედავად (ხელისუფლების ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, მისი ანტიდასავლურობა-დასავლურობის ორმაგი თამაში, მაღალი საარჩევნო ბარიერი, ოპოზიციის დაბალი ლეგიტიმაცია და სხვ.), ქართული საზოგადოების აქტიური ნაწილის მკვეთრად გამოხატული ნება, იაროს დასავლეთთან ინტეგრაციის მიმართულებით, თავის დადებით ნაყოფს გამოიღებს.
ინსტრუქცია