საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვეხმიანებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ნარკოპოლიტიკის გამკაცრების შესახებ და მივიჩნევთ, რომ უკიდურესად პრობლემურია პრემიერ-მინისტრის მხრიდან რეპრესიასა და დასჯაზე ორიენტირებულ რიტორიკის გამოყენება. პრემიერ-მინისტრის განცხადება, ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკის წახალისების ნაცვლად, ნარკომომხმარებლების სტიგმატიზებას და საზოგადოებისგან კიდევ უფრო გარიყვას იწვევს, ხოლო ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ჭრილში გამოთქმული მოსაზრებები პრობლემის საფუძვლების აღმოფხვრისკენ არ არის მიმართული.
გუშინ, 23 ნოემბერს, ირაკლი ღარიბაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რომ მისი აზრით, „მიმდინარე ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არის აბსოლუტურად მავნებლური და ჩვენი საზოგადოებისთვის, შვილებისთვის, მოქალაქეებისთვის დამაზიანებელი.“ მან აქვე აღნიშნა, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის გადახედვის მომხრეა.
უნდა ითქვას, რომ პრემიერ-მინისტრის მიერ დასმული აქცენტი, თითქოს ნარკოპოლიტიკა დღეს საქართველოში ლიბერალურია, არ გამოხატავს რეალობას. მართალია, 2015 წლიდან დღემდე, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების დამსახურებით, ნარკოპოლიტიკა საქართველოში უფრო მეტად ჰუმანური გახდა ვიდრე მანამდე იყო, თუმცა, არსებითად ის კვლავაც დასჯის და სისხლისსამართლებრივ მექანიზმებს ეყრდნობა. ცალკეული მიმართულებებით (მაგალითად, მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი სანქციების გაუქმება) სასჯელის შემსუბუქება, ან გაუქმება ვერ ჩაითვლება ზოგადად ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციად. მით უფრო, რომ სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს ქმედითი ღონისძიებები გატარებული ნარკოტიკის მოხმარების პრევენციის კუთხით და კვლავაც ფრაგმენტული და არასაკმარისია ზიანის შემცირების და მკურნალობის მიმართულებით არსებული პროგრამები. შესაბამისად, ის, რომ ნარკოტიკის მოხმარება (განსაკუთრებით მოზარდებში) დღეს მნიშვნელოვან სოციალურ გამოწვევას წარმოადგენს, თავისთავად არ უნდა აიხსნას იმით, რომ ბოლო წლებში ცალკეულ ქმედებებზე მოხდა სასჯელების შემსუბუქება. არსებული პრობლემების უპირველესი განმაპირობებელი ფაქტორი სწორედ პრევენციის, ზრუნვის და ზიანის შემცირების მექანიზმების არასაკმარისობა, ან არარსებობაა.
არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა და კანონმდებლობის ანალიზი ცხადყოფს (მაგალითად Human Rights Watch-ის 2018 წლის ანგარიში), რომ საქართველოში ფაქტობრივად მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული პოლიტიკის გატარება. გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრის განცხადებები არ ავლენს ნარკომომხმარებლების მიმართ სტიგმის შემცირების სურვილს. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების მიზნებისთვის გამოიყენება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა იმ ნაწილში, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ნარკოდამოკიდებული ადამიანების შრომაზე საუბრობს.
პრემიერ-მინისტრმა კონკრეტულად ყურადღება გაამახვილა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიაზეც, კერძოდ ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაცემის საკითხზე. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა საქართველოში მართლაც დგას, თუმცა საკითხის ისე დასმა, თითქოს ეს ნაკლებად მკაცრი კანონმდებლობის გამო ხდება, ვერ ჩაითვლება გამართლებულად. რეცეპტით გასაცემი საშუალებების და სააფთიაქო ქსელების კონტროლი მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა, ამ შემთხვევაში, არსებული სანქციების არაეფექტურობაზე მეტად აშკარაა აღსრულების პრობლემები. ამასთანავე, სანქციების კიდევ უფრო გამკაცრება გამოსავალი ვერ იქნება ნარკოდამოკიდებული პირებისთვის - მათთვის, ვინც არსებული ნარკოპოლიტიკის გამო იძულებულია კანონსაწინააღმდეგო გზებით სცადოს ფსიქოტროპული საშუალებების მოპოვება. ჩვენ ვიაზრებთ, რომ ამ სფეროს მომწესრიგებელ კანონმდებლობას თავისთავად შეიძლება ჰქონდეს გამოწვევები, თუმცა სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის კანონმდებლობის სიმკაცრის პრიზმიდან დანახვა, ნარკომომხმარებლებთან კვლავაც „ომის პერსპექტივით“ მოქმედებაა. რეალურად, ყურადღება არ ექცევა იმ მიზეზებს, რაც მკურნალობის შესაბამისი სერვისებისა და სახელმწიფოს მხარდაჭერის არარსებობის პირობებში, ნარკომომხმარებლებს ნივთიერებების არალეგალური გზებით მოპოვებისკენ უბიძგებს.
ზემოთქმულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, არ გამოიყენონ ეს თემა პოლიტიკური მიზნებისთვის და დაიწყონ მსჯელობა რეალურად ჰუმანური, ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ნარკოპოლიტიკის შექმნისთვის.
ინსტრუქცია