[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

როგორ უნდა შესრულდეს „დეოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია?

ანა პაპუაშვილი 

ევროკავშირის წევრობის შესახებ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის განაცხადების პასუხად, ევროკომისიის მიერ მიღებულ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებში ერთ-ერთ პუნქტად „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობისადმი ერთგულებაა გათვალისწინებული. სამივე ქვეყანამ ამ მიზანს ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით უნდა მიაღწიოს. ევროკომისიის შეფასებით, უკრაინა ამ პროცესში დაწინაურებულია, რადგან 2021 წლის ნოემბერში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. „ანტი-ოლიგარქიულ“ კანონს. შესაბამისად, უკრაინისთვის „დე-ოლიგარქიზაციის“ რეკომენდაციის შესრულების გზად სწორედ ამ კანონის დანერგვაა დანახული (რაც ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს). საქართველოსა და მოლდოვასთვის კი ამ რეკომენდაციის შინაარსი ბუნდოვანია, რადგან ევროკომისიის მოსაზრების შეფასებით ნაწილში ამ ქვეყნებში ოლიგარქიის არსებობაზე მითითებას, ფაქტობრივად, ვერ ვხვდებით.

2022 წლის 05 ოქტომბერს, მმართველმა გუნდმა პარლამენტში დააინიცირა კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ, რომელიც ფაქტობრივად უკრაინის კანონის ანალოგია. ინიციატივას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ადგილობრივი მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. სამოქალაქო სექტორი კი „დე-ოლიგარქიზაციის“ პირობის შესრულების გზად ყველა იმ რეფორმის თანადროულად და კეთილსინდისიერად განხორციელებას მიიჩნევს, რომელიც ევროკომისიის დანარჩენ რეკომენდაციებშია მითითებული.

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს მცდელობას, პასუხი გასცეს კითხვას: როგორ უნდა შეასრულოს საქართველომ „დე-ოლიგარქიზაციის“ რეკომენდაცია და სწორია თუ არა ის გზა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეარჩია.

ამ მიზნით, დოკუმენტში, პირველ რიგში, კრიტიკულადაა გაანალიზებული, როგორია უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონი და ზოგადად რას გულისხმობს „ოლიგარქია“ როგორც არაფორმალური ინსტიტუტი, რა დამაზიანებელი ეფექტი აქვს მას სახელმწიფოს ნორმალურ ფუნქციონირებაზე და რა არის ამ ინსტიტუტის წარმოშობის მიზეზები პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში. ამასთან, ნაშრომში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ოლიგარქიასთან დაკავშირებული გამოცდილებებისა და იმ ისტორიული, სოციალური, ეკონომიკური ფაქტორების ანალიზს, რომელიც ამ სამ ქვეყანაში განსხვავებულ კონტექსტებს ქმნის. შედეგად, ნაშრომი შემდეგი დასკვნების შესაძლებლობას ქმნის:

  • „ოლიგარქია“, როგორც არაფორმალური ინსტიტუტი, გულისხმობს არაფორმალურ გავლენებს, სიმდიდრისა და ძალაუფლების მოპოვების და შენარჩუნების მეთოდებს, სახელმწიფოს მმართველობაში აუცილებელი მონაწილეობის გარეშე. ოლიგარქია, თავისი არსით, განუყოფელი კავშირია სიმდიდრესა და ძალაუფლებას შორის. შესაბამისად, საკუთარი სიმდიდრის დაცვა და მისი დამატებით აკუმულირება ოლიგარქიის ძირეული მიზანია და ეს მიზანი აქცევს უბრალოდ მდიდარ ადამიანებს ოლიგარქებად;
  • სახელმწიფო ინსტიტუტებზე ოლიგარქიის საზიანო ეფექტები გულისხმობს თუმცა არ შემოიფარგლება ისეთი პრობლემებით, როგორიცაა: პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა, სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება, სისტემური კორუფცია, რეფორმებისა და სახელმწიფო ინსტიტუციების მოდერნიზაციის მნიშვნელოვანი ხელშეშლა და სხვ. თუმცა რადგან ოლიგარქების გავლენები არაფორმალურია, მათი სამართლებრივი თუ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ პროცესში უკიდურესად რთულდება;
  • პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებში ოლიგარქების წარმოშობა სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობის პირობებში უეცარ ლიბერალიზაციას, ქონების პრივატიზაციას, მასობრივ კორუფციასა და პოლიტიკური პარტიების განუვითარებელ სისტემას უკავშირდება. თავის მხრივ, ოლიგარქია არსებულ ინსტიტუტებს კიდევ უფრო ასუსტებს;
  • „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნებში ოლიგარქიასთან დაკავშირებული როგორც ისტორიული, ასევე თანამედროვე კონტექსტები განსხვავებულია. ამიტომ ოლიგარქიისთვის მახასიათებელი საზიანო გავლენების შემცირების სტრატეგია ამ ქვეყნებისთვის მსგავსი ვერ იქნება;
  • უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონი, ისევე როგორც მისი ქართული ანალოგი სამართლებრივად ბუნდოვანია და, შესაძლოა, არაკონსტიტუციური შინაარსიც აქვს. ამასთან, კანონი ხელს უწყობს პოლიტიკური ხელისუფლების ხელთ გადამეტებული ძალაუფლების თავმოყრას, მის აღსრულებაზე საზოგადოებრივ ან სასამართლო კონტროლის მექანიზმებს არ ითვალისწინებს და მისი შერჩევითად გამოყენების შესაძლებლობებს ქმნის;

შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის „ანტი-ოლიგარქიული“ კანონის ანალოგის მიღება, როგორც კონტექსტუალური, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, არ უნდა ჩაითვალოს გონივრულ ნაბიჯად. ამასთან, ერთი კონკრეტული კანონის მიღება სისტემურ ცვლილებებს ნაკლებად მოიტანს იმ პირობებში, როდესაც ოლიგარქია, საკუთარი არსით, არაფორმალური ინსტიტუტია, რომლის წარმომადგენელთა სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უკიდურესად რთულია. შესაბამისად, ოლიგარქების გავლენების რეალური შემცირებისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, მინიმუმ თანადროული, სისტემური და სიღრმისეული რეფორმების გატარებაა აუცილებელი, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს ოლიგარქების ჩვეულებრივ ეკონომიკურ მოთამაშეებად ტრანსფორმაციას და საბოლოოდ, სახელმწიფოს „დე-ოლიგარქიზაციას“.

დეოლიგარქიზაცია_1668068720.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“