საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საქართველოს ქალაქებსა და რეგიონებში, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულების გაფიცვა ყოველწლიურად უფრო და უფრო ინტენსიური და მასშტაბური ხდება. ბოლო სამი წლის (2021-2023) ტენდენცია აჩვენებს, რომ დასაქმებულთა გაფიცვის ძირითად მოთხოვნებს ხელფასების მომატება, შრომითი პირობების გაუმჯობესება და გარემოზე ეკოლოგიური ზიანის შემცირება წარმოადგენს. დასაქმებულთა გაფიცვა, უმეტესად, სამუშაოს შეწყვეტასა და სამანქანო გზების გადაკეტვაში ანდა დასაქმების ადგილის პარალიზებაში გამოიხატება. ამ გზით დასაქმებულები ცდილობენ დამსაქმებელი კომპანიების, უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების, პროფესიული კავშირების, მედიის, სახელმწიფო უწყებებისა და საზოგადოების ყურადღების მიპყრობას. შედეგად, იწყება მოლაპარაკებისა და მედიაციის პროცესი. გაფიცულები კომპანიებისგან იღებენ დაპირებებს, თუმცა მათი ნაწილი გაფიცვის დასრულების შემდეგაც შეუსრულებელი რჩება ან დროში იმდენად ჭიანურდება, რომ არაეფექტიანია და ზოგ შემთხვევაში, დასაქმებულები ხელახლა იგივე მოთხოვნებით იფიცებიან.
ანგარიშში წარმოდგენილი გაფიცვები შესაძლოა ორ ძირითად კატეგორიად დაჯგუფდეს. პირველი, ეს არის ტრადიციულ შრომაში ჩართულთა გაფიცვები, რაც მოიცავს მრეწველობის, მედიცინის, განათლებისა და სხვა სფეროებს. მეორე კი შეეხება ე.წ. პლატფორმულ შრომას,[1] რომელიც მოიცავს ტექნოლოგიების, ციფრული აპლიკაციების გამოყენებით არასტანდარტულ, არაფორმალურ შრომაში დასაქმებულთა გაფიცვებს. ამ ორი, განსხვავებული ტიპის შრომაში დასაქმებულებს მსგავსი საგაფიცვო მოთხოვნები აქვთ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ტექნოლოგიური განვითარება აუცილებლად შრომის პირობების გაუმჯობესებას არ გულისხმობს. მოცემული ანგარიში აჩვენებს, რომ პლატფორმულ შრომაში ჩართულთა გამოწვევები, ასევე მოიცავს, მათი, როგორც დასაქმებულის სტატუსის აღიარების სურვილს, რათა დასაქმებულებს შეეძლოთ ისარგებლონ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვადასხვა სარგებლით, როგორიც არის შვებულება, ბიულეტენი, დეკრეტი, ზეგანაკვეთური ანაზღაურება და სხვ.
ანგარიშში მოყვანილი ბოლო სამი წლის (2021-2023) მშრომელთა გაფიცვების დინამიკა ცხადყოფს, რომ დასაქმებულები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესების, პანდემიის გავლენის და ინფლაციის შედეგად იძულებული ხდებიან, შრომის ანაზღაურებისა და პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გაიფიცონ. გაფიცვებისა და მოლაპარაკებების პრაქტიკა კი ასახავს დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგისა და ნდობის ნაკლებობას, ასევე შრომის კანონმდებლობის სუსტ აღსრულებასა და მონიტორინგს.
საქართველოში დასაქმებულთა გაფიცვებს აქვს გარკვეული დადებითი შედეგებიც, როგორიცაა შრომის კანონმდებლობისა და დასაქმებულთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, სოლიდარობის გაძლიერება, საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და მხარდაჭერის მოპოვება, მედიაციის პროცესის დაწყება, დამსაქმებელებთან გარკვეული დათმობების მიღწევა და ქმედითი პროფესიული კავშირების საჭიროების გამოკვეთა. თუმცა, გაფიცვებს ასევე აქვს გარკვეული ნეგატიური ეფექტი, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება, შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე სუსტი მონიტორინგით იმედგაცრუება, დროში გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესი და საბოლოოდ, დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების ზრდის ნელი ტემპი. შრომითი ანაზღაურებისა და პირობების გაუარესება დასაქმებულთა ფრუსტრაციას იწვევს და ახალგაზრდებში, შესაძლოა, მიგრაციული პროცესებიც წაახალისოს.
საქართველოში დასაქმებულთა გაფიცვები შეიძლება გადაიჭრას უფრო ეფექტიანად, თუ დამსაქმებლებსა და დასაქმებულებს შორის დიალოგისა და მოლაპარაკების მეტი მექანიზმი და შესაძლებლობა იარსებებს, როგორიცაა კოლექტიური მოლაპარაკებების ხელშეკრულებები, საარბიტრაჟო პანელები ან სამმხრივი კომისიები. უფრო მეტიც, საჭიროა მეტი ჩართულობა და მხარდაჭერა სხვა აქტორებისგან, როგორიცაა უფლებადამცველები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, პროფესიული ასოციაციები, მედია საშუალებები, სახელმწიფო უწყებები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
მოცემული ანგარიშის მიზანია აჩვენოს 2021-2023 წლებში საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში დასაქმებულთა გაფიცვების ძირითადი ტენდენციები − რა იწვევს დასაქმებულთა პროტესტს და როგორია გაფიცვების შედეგები? რამდენად ეფექტიანია შრომით და ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებელი უწყებებისა და გაერთიანებების ძალისხმევა? რა მექანიზმები არსებობს დასაქმებულთათვის საკუთარი შრომითი უფლებების დაცვისა და პრევენციისთვის და რომელია მათგან ყველაზე ეფექტიანი?
[1] პლატფორმული შრომა არის დასაქმების ფორმა, როცა ორგანიზაციები ან პირები იყენებენ ონლაინ პლატფორმას სხვა ორგანიზაციებთან ან პირებთან წვდომისთვის კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად ან ანაზღაურების სანაცვლოდ კონკრეტული სერვისების მიწოდებისთვის. Eurofound-მა შეიმუშავა ტერმინი „პლატფორმული შრომა “, რომელიც პირველად გამოყენებულია 2018 წელს. ევროპული სამრეწველო ურთიერთობების ლექსიკონი. https://www.eurofound.europa.eu/en/european-industrial-relations-dictionary/platform-work
ინსტრუქცია