საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ყოველი წლის ზაფხულის ცხელ დღეებს ძირითადად, დასავლეთ საქართველოს ნოტიო და თბილ კლიმატში ვატარებ, რის გამოც აღმოსავლეთ საქართველოს საზაფხულო მოგზაურობებს ჩამოვშორდი. ამიტომ მე და ჩემმა მეგობრებმა, გადავწყვიტეთ რომ ეს შეცდომა გამოგვესწორებინა და ჩვენი ცოდნაც საქართველოს ამ კუთხის შესახებ გაგვეღრმავებინა.
ამგვარად, ჩვენი თავგადასავალი სვანეთის ზიგზაგობრივი გზით დავიწყეთ (სამხრეთ-დასავლეთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი) და, გზადაგზა, ულამაზესი ლანდშაფტების გარდა, რაზეც აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის სიმრავლე გვხვდებოდა: აჭარელი მუსლიმები, აფხაზეთიდან დევნილები, წალკელი ბერძნები, ჯავახეთის სომხები, ოსები, იეზიდები, წოვათუშები, ხუნძები (ავარები) და უდიები. ყოველი ახალი სოფელი უფრო და უფრო მეტად დამაინტრიგებელ ამბავს გვთავაზობდა. შესაბამისად, ჩვენნაირი მოგზაურებისთვის, რომელთათვისაც ქვეყნის ეთნიკური უმცირესობები, სუბეთნიკური ჯგუფები და მათი ენები ინტერესის სფეროა, საქართველოში მოგზაურობამ ეთნოლოგიის ახალი სამყაროს კარი გაგვიღო, რამაც მეტად გვაგრძნობინა თუ რამდენად პატარა და ამავდროულად, მრავალფეროვანია ეს ქვეყანა.
სადღეისოდ მთელი თუშეთი კახეთის რეგიონს, კერძოდ კი ახმეტის მუნიციპალიტეტს მიეკუთვნება და ოდითგანვე რამდენიმე თემად იყოფოდა. დღეს კი თუშეთში ძირითად ოთხ თემს გამოყოფენ: პირიქითა, გომეწრის, წოვათა და ჩაღმა-ჭანჭახოვანის თუშეთს. თელავიდან ჩრდილო-დასავლეთით, ახმეტის მუნიციპალიტეტში მდებარეობს სოფელი ზემო ალვანი, რომელიც პანკისის ხეობას ესაზღვრება და აქ 1700-მდე წოვათუში - იგივე ბაცბი ცხოვრობს. სოფელი თბილისიდან სულ რაღაც ორი საათის გზაზე მდებარეობს. მისი ბინადრების ვინაობის შესახებ ინტერნეტ რესურსები და სხვადასხვა სალიტერატურო წყარო ფაქტების სიმრავლეს გვთავაზობს. იმისთვის რომ უკეთ გამეგო რა იდენტობის მატარებლები არიან წოვები, გადავწყვიტე რომ სოფელში ჩავსულიყავი, რის შემდეგაც ვეზიარე ამ ხალხის სტუმართმოყვარეობას, სითბოს, მთის სიყვარულს და პირველად მოვისმინე წოვათუშური ენაც.
როგორც სხვა მთიან რეგიონებში, აქაც ქრისტიანობასთან ერთად ღვთისმსახურების ფორმაში დღემდე არის შემორჩენილი წარმართული რიტუალები, როგორც თავად ზემო ალვანის მაცხოვრებლებმა ამიხსნეს. დღეობებზე, იგივე ათნიგენობებზე, რაც ჯვარ-ხატთა მოლოცვის რელიგიური დღესასწაულია, ისინი საკლავს კლავენ, ხარშავენ ალუდას და სტუმრებს უმასპინძლდებიან. მიუხედავად საბჭოთა კავშირის მიერ ამ დღესასწაულების ნიველირებისა, ამ ტრადიციას დღემდე აღნიშნავენ წოვათუშები (და მთელი თუშეთი) ივლისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე.
ზემო და ქვემო ალვანი, ის სოფლებია, სადაც წოვა და ჩაღმა თუშები მთიანი თუშეთიდან ჩამოვიდნენ სხვადასხვა მიზეზების და გამო და შემდეგ აქ დაიწყეს ერთობლივი ცხოვრება.
„წოვათი თვითონ ისეთი ადგილია, სულ მეწყერი და ნიაღვარი ჩამოწვებოდა და უწევდათ ჩვენებს ბარში ჩამოსვლა. ზოგადად თუშებს, ამ გეოგრაფიიდან გამომდინარე უწევდათ ადგილსამყოფლის შეცვლა. აქ ნიაღვარი, მეწყერი, იქ ჩეჩნების შემოსევებისგან უნდა დაეღწიათ თავი. მკვლელობაც ხდებოდა ხშირად და ამიტომ რამდენიმე ოჯახი სრულად აყრილა კიდეც მთიდან და ბარში გადმოსახლებულან...შავი ჭირიც, ხო, შავმა ჭირმა ხალხი გაწყვიტა! როგორ გადარჩნენ მაშინ არ ვიცი!..ჩვენ თუშები ძირითადად მეცხვარეები ვართ და საძოვრების ძიებაში, ხან ჩამოდიოდნენ ჩვენი წინაპრები მთიდან, ხან ისევ ადიოდნენ და ასე ყოველთვის. ბოლოს, ალბათ აი აქ დასახლდა ჩემი პაპის პაპა (იცინის). ერეკლე მეორეს მიუცია ეს მიწა წოველებისთვის ერთგულების სამადლობელოდ“ - გვიყვება სოფელი ზემო ალვანის ერთ-ერთი მოსახლე, ბატონი ზაზა.
როგორც კი ზემო ალვანის ცენტრს მივუახლოვდი, ჩემი ყურადღება სტალინის ძეგლმა მიიქცია, რომელიც ამ სოფლიდან სამამულო და აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრების მემორიალის წინ დგას. ძალიან გამიკვირდა, მაგრამ ვიფიქრე, რომ აქამდე არ მოუღწევია კანონს საბჭოთა მემორიალების დეკონსტრუქციის შესახებ. თუმცა აღმოჩნდა, რომ ძეგლს დეკონსტრუქცია წინა მთავრობის მმართველობის ბოლო თვეებში გაუკეთდა, ხოლო ახალმა მთავრობამ ის თავის ადგილს დაუბრუნა. მოსახლეობას კი ამ ძეგლთან დაკავშირებით ერთმანეთისგან განსხვავებული შეხედულებები აქვთ.
ზემო ალვანელებს, როგორც ცენტრისგან მოშორებულ ადგილის მკვიდრებს, ძალიან ბევრი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა გააჩნიათ. სოფელი მოსახლეობისგან ნელ-ნელა იცლება: ზოგი ქალაქში, ზოგი კი საზღვარგარეთ მიდის სამუშაოდ ან საცხოვრებლად. ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა სოფლის განუვითარებლობა და მივიწყებულობაა. არსებობს ტრანსპორტი - მიკროავტობუსი, რომელსაც თელავში და ახმეტაში დაჰყავს მგზავრები. სოფელში არ არის საავადმყოფო. სასწრაფოს მანქანას, ახმეტიდან იძახებენ ხოლმე, და პაციენტი ან ახმეტაში ანდა თელავში გადაჰყავთ. ხალხს სოფელში, სოფლის ექიმიც ემსახურება.
ცენტრში სკოლა, სოფლის ადმინისტრაციის შენობა, მუსიკალური სკოლა, რამოდენიმე მაღაზია და ერთი რესტორანი შეგხვდებათ, სადაც დიასახლისები უხვად და გემრიელად გაგიმასპინძლდებიან თუშური ხინკლითა და ხაჭაპურით. ამასთან ერთად, ცოტას თავიანთი წარმოშობის შესახებაც მოგითხრობენ. აუცილებლად გასინჯეთ ალუდა (თუშური ლუდი), რომელსაც ადგილობრივები ხარშავენ. აღსანიშნავია რომ, მათთან პირველივე კონტაქტისთანავე მიხვდებით, რამდენად მეგობრული და მშვიდი გარემოა აქ.
ამ სიმშვიდეში, გამორჩეულად ისმოდა მოცარტის მუსიკა, მუსიკალური სკოლის ძალიან პატარა შენობიდან. როდესაც გავიგე, რომ ეს შენობა მუსიკალური სკოლაა, გული შემეკუმშა. ნახევრად ჩამონგრეული ჭერი, ძველი კარ-ფანჯარა, ორმოცდაათი წელია, რაც ინვენტარი არ განახლებულა: მერხები და სკამები, დაფა, ნოტები, წიგნები, პიანინოზე ზედმეტია ლაპარაკი. როგორც მუსიკალური სკოლის პედაგოგებმა თქვეს, მათი ხელფასი ძალიან დაბალია და მათი საქმიანობა და არსებობა, ცენტრისგან მივიწყებულია. მათ შესაბამისი უწყება არც წლიური გამოცდების ჩაბარებას სთხოვს და ინვენტარიზაციაც წლებია არ ჩატარებულა. ის მერხები და სკამები რაც ამჟამად ზემო ალვანის მუსიკალურ სკოლას გააჩნია, არის ზემო ალვანის სკოლის ძველი ინვენტარი, რომელიც მათ მუსიკალურ სკოლას აჩუქეს, მუსიკალური სკოლის პედაგოგების თხოვნით. ძალიან სევდიანი იყო იმის ნახვა, თუ როგორ პირობებში უწევთ პედაგოგებს და ბავშვებს გაკვეთილის ჩატარება. როგორც ერთ-ერთმა პედაგოგმა მითხრა, ისინი პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ მოსწავლეებისა და მათი მშობლების წინაშე. არც ხელფასი და არც პოსტი მათ სამსახურში არ აკავებს.
ჩემი ყურადღება წოვათის თუშებმა (ბაცბებმა/წოვათუშებმა) იმით მიიქციეს, რომ მათ, თუშეთის დანარჩენი თემების მცხოვრებთაგან, თავიანთი ენა - წოვათუშური - განასხვავებთ. ეს ენა არ არის ქართველურ ენათა ოჯახის წევრი. იგი შედის კავკასიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ენათა ოჯახის, ნახური ჯგუფის ენების სიაში, ჩეჩნურსა და ინგუშურთან ერთად, ამიტომ ამ ენებს შორის ბევრი საერთოა. ზემო ალვანელებს, მათ მეზობელ დუისელებს და ჯოყოლოელებს ერთმანეთის ესმით, რაც მიგვითითებს იმაზე, რომ ურთიერთობა და კავშირი თუშებსა და მათ ჩრდილოეთ მეზობლებს შორის საკმაოდ ინტენსიური იყო. მიუხედავად ამისა, როგორც თვითონვე აღნიშნავენ განსხვავებული კილო აქვთ, რაც წოვათუშების კახეთთან მჭიდრო კავშირს და წოვურ ენაზე ქართული ლექსიკის გავლენას უკავშირდება.
წოვათუშები დღეს ერთი დიდი გამოწვევის წინაშე დგანან - წოვათუშური ენა გაქრობის პირასაა. „ენა ცოცხალი ორგანიზმია. იგი არის, ვითარდება ან კვდება. ახლა ჩვენ ვიძახით, რომ რეანიმაციის პროცესშია ჩვენი ენა. ბაღში კი დაიწყეს სწავლება, მაგრამ პანდემიის პირობებში ისიც არ მუშაობს, ამიტომ არ ვიცი რა ფაზაშია ენის სწავლების პროცესი.“ - გვიამბო სოფლის მკვიდრმა დალი ვეშაგურიძემ.
„მე ვიცი წოვური ენა. ჩემს და-ძმებში ვარ უფროსი, 1964 წელს დაბადებული. და 1966-ში და 1971-ში დაბადებული ორი ძმა მყავს. აი, ამ ორს უკვე უჭირს წოვურად ლაპარაკი და მე ბებია-ბაბუასთან ვსაუბრობდი წოვურად. ქართულიც იცოდნენ, მაგრამ სწყინდათ ქართულად თუ მივმართავდი და ისინი ქვეყანას მერჩივნა, ძალიან მიყვარდა, მშობლებზე მეტადაც კი და რო არ მინდოდა მეწყენინებინა, შესაბამისად მათთან ვურთიერთობდი თუშურ ენაზე. მათ ენაზე...ახლა ისინი აღარ არიან, დედ-მამასთან ქართულად ვსაუბრობ. იყო ასეთი პერიოდიც, ბავშვები ლაპარაკს წოვურად იწყებდნენ და ქართულს მერე სკოლაში სწავლობდნენ...თვითონ წოვები, ძალიან მშვიდები, დინჯები და სწავლა-განათლებისკენ მიდრეკილნი ვართ. სხვადასხვა მიზეზის გამო ადრე მოგვიწია მთიდან ბარში ჩამოსვლა, ამიტომ ადრეულ პერიოდში ათვისებულმა ბარის ცხოვრებამ ბევრი რამ გვასწავლა.“
„მე თვითონ წოვათუში ვარ, მაგრამ არ ვიცი. მესმის, მარა ვერ ვლაპარაკობ. დედაჩემი და მამაჩემი არ მელაპარაკებოდნენ, სკოლაშიც არ გვისწავლია. მესმის...“- ამბობს ზემო ალვანის პირველი საჯარო სკოლის გერმანულის მასწავლებელი.
“სკოლაში რომ წავედი მე და კიდევ ხუთი ბავშვი ვმეგობრობდით მხოლოდ, იმიტომ რომ არ ვიცოდით ქართული...მხოლოდ წოვურად ვლაპარაკობდი და მერე სკოლაში ვისწავლე ქართული. პაპაჩემი მხოლოდ წოვურად ლაპარაკობდა, ჩემი მშობლებიც. ჩემმა გოგომ უკვე აღარ იცის, მხოლოდ ქართულად ლაპარაკობს“ - გვითხრა ადგილობრივმა.
წოვათუშური ენის გადარჩენის მიზნით, 2018 წლის ბოლოს შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც იმსჯელა ენის გადარჩენის გზებზე: წოვათის თუშების სასაუბრო ენის აუდიო-ვიზუალური ლექსიკონის გამოცემა, ბაღებში ენის სასწავლო პროგრამის შექმნა, სკოლებში ენის სწავლების წრის გახსნა.
დღესდღეობით, წოვათუშურ ენაზე მოსაუბრეთა რაოდენობა რამდენიმე ათეულ ადამიანს არ აღემატება და მასზე ძირითადად უფროსი თაობის ხალხი ლაპარაკობს. ხოლო უფრო ახალგაზრდებს კი ან ესმით ან არ ლაპარაკობენ, რადგან ზოგიერთ ოჯახშიც მხოლოდ ქართულია სასაუბრო ენა.
“თავისი დაბადების 100 წლის თავზე აკაკი შანიძე კორესპონდენტის შეკითხვაზე – რას ინატრებდითო, გულნაკლულად იმასაც აღნიშნავს, რომ “წოვათუშური ენის ტექსტები მრჩება გამოუქვეყნებელი”-ო.” - ეს ხდება 1987 წელს, რაც ამ ენის დროულად დაფასებაზე და მისი აღდგენის ეფექტიანი გზების ძიებაზე მიგვითითებს.
ამგვარად, ზემო ალვანის მაცხოვრებლები რამოდენიმე მნიშვნელოვანი და დიდი გამოწვევის წინაშე დგანან: უმუშევრობა, სოფლიდან ხალხის გადინება, მოსახლეობის დაბერება, ენის გაქრობის საშიშროება, რაც მათი იდენტობის მთავარი მახასიათებელია და ამ გამოწვევებთან გამკლავებაში სახელმწიფოს ვალია, რომ მათ ამოუდგეს მხარში.
ინსტრუქცია