[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პროკურატურის გადაწყვეტილება ვერ პასუხობს 2024 წლის საპროტესტო აქციებზე გამოვლენილი ძალადობის სისტემურ ბუნებას და მასშტაბს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმიანება აქციების დროს სამართალდამცავი პირების ძალადობის ფაქტებზე 5 პირის დაკავების შესახებ პროკურატურის გუშინდელ განცხადებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ვერ პასუხობს საპოლიციო ძალადობის სისტემურ ბუნებასა და წარმოუდგენლად მაღალ მასშტაბს, რომელიც 2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომით გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ ზვიად მაისაშვილის ინტერესებს გამოძიების წინაშე სოციალური სამართლიანობის ცენტრი იცავს.

2026 წლის 7 მაისს გავრცელებული განცხადებით,[1] თბილისის პროკურატურამ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ზვიად მაისაშვილის, ლევან ხაბეიშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 5 პირი დააკავა. დაკავებული პირებიდან  სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელია.

მიგვაჩნია, რომ გამოძიების ფარგლებში მიღებული ეს გადაწყვეტილება პოზიტიურია, თუმცა ის სათანადოდ ვერ პასუხობს 2024 წლის გაზაფხულსა და შემოდგომით გამოვლენილი საპოლიციო ძალადობის მასშტაბს და ბუნებას და არ ჩანს, რომ საგამოძიებო უწყება ნამდვილად არის ორიენტირებული დაზარალებული პირების ინტერესების რეალურ დაცვაზე. უფრო მეტიც, როგორც  უახლესი საგამოძიებო პროცესების ანალიზი აჩვენებდა (მათ შორის, 10 დღის წინ ჩვენს მიერ საქმის მასალების გაცნობის შედეგები) გამოძიება არ გეგმავდა კონკრეტული დამნაშავე პირების იდენტიფიცირებას და ეს გადაწყვეტილება ჟურნალისტურ გამოძიებაზე პასუხად, მოულოდნელად და დაჩქარებულად იყო მიღებული, რაც მისი პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო მიღების ეჭვებს აჩენს. 

ამასთან, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ სახელმწიფოს რეაგირება დღემდე არ ასახავს იმ კონსტიტუციური კრიზისის სიღრმეს, რომელიც წარმოიშვა მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკრების თავისუფლების შეზღუდვის მიზნით ძალის გამოყენება პრაქტიკულად ადმინისტრაციული მართვის ინსტრუმენტად აქცია. ასეთ პირობებში, ცხადია, რომ ძალადობის ცალკეული ეპიზოდების იზოლირებულად შეფასება ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და ვერც ინსტიტუციური პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტას. კერძოდ,

  1. გამოძიების არაეფექტურობას აჩვენებს ის, რომ გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე არ არის გამოკვეთილი შსს-ს ხელმძღვანელი რგოლების პასუხისმგებელ პირთა წრე, რომლებმაც დაგეგმეს, განახორციელეს და შეიწყნარეს ძალადობის პრაქტიკები პროტესტის მონაწილეების მიმართ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მხოლოდ 2024 წლის 28 ნოემბრიდან, 10-დღიან ინტერვალში, საპოლიციო ძალებმა მანიფესტაცია 7-ჯერ დაარბიეს. [2] პროტესტის დარბევის შვიდი დღიდან ოთხი დღის განმავლობაში შსს-ს ძალები რუსთაველის გამზირზე იყენებდა სამ ან მეტ აქტიურ სპეციალურ საშუალებას (წყალსატყორცნი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და, ზოგიერთ შემთხვევაში, რეზინის ტყვია) თანადროულად. [3] აღნიშნული შვიდი დარბევიდან ექვს შემთხვევაში რუსთაველის გამზირზე აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებამდე პროტესტის ადგილზე წინასწარი გაფრთხილება არ გამოცხადებულა, ამასთან ჩანდა მათი დამიზნებით გამოყენების არა ერთი შემთხვევა.[4] ამასთან არსებობს აკრძალული ქიმიური აგენტის გამოყენებასთან დაკავშირებული ეჭვები. [5] ცრემლსადენი გაზის, წიწაკის სპრეის, წყლის ჭავლისა და სხვა, ამ ეტაპზე დაუდგენელი, საშუალებების ინტენსიურმა გამოყენებამ დემონსტრანტებს ჯანმრთელობის მწვავე პრობლემები შეუქმნა. იმწუთიერი ზიანის გარდა, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები მიუთითებენ მოსალოდნელ გრძელვადიან შედეგებზეც. [6] 2024 წლის 28 ნოემბერი - 8 დეკემბრის პერიოდში რამდენჯერმე (მათ შორის, 1-2 დეკემბრის ღამით) გამოვლინდა აქციის დარბევის დროს სპეცრაზმის მიერ მოქალაქეების ალყაში მოქცევის შემთხვევა, რაც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს. [7]

ამ დრომდე კი საზოგადოებისთვის უცნობია, ვინ იღებდა კონკრეტულ ოპერატიულ გადაწყვეტილებებს სპეციალური საშუალებების გამოყენების, შეკრების დაშლისა და სპეცრაზმის მოქმედებების შესახებ. არ არის გამოკვეთილი არც პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ ამ მასშტაბის და ინტენსივობის საპოლიციო ოპერაციები ვერ განხორციელდებოდა მაღალი პოლიტიკური თანხმობისა და კოორდინაციის გარეშე. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გამოძიებამ შეაფასოს არა მხოლოდ უშუალო აღმასრულებელთა ქმედებები, არამედ ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხიც.

  1. სპეციალური საშუალებების გამოყენების მიღმა, შეკრების მონაწილეების დაკავების დროს პოლიცია ხშირად იყენებდა არაპროპორციულ ფიზიკურ ძალას. განსაკუთრებით მძიმე იყო უკვე დაკავებული შეკრების მონაწილეების მიმართ ძალადობის ეპიზოდები, რომელიც ხშირ შემთხვევაში წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება. ძალადობაგამოვლილი პროტესტის მონაწილეები იხსენებენ პოლიციის ფურგონებთან/ში მათი სასტიკი ცემისა ათეულობით შემთხვევას.

ზვიად მაისაშვილის საქმეში, ისევე როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმოებაში არსებულ ათეულობით სხვა საქმეშიც, პოლიციის მხრიდან გამოყენებულ ფიზიკურ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ უმეტესად დემონსტრაციული ფიზიკური ძალადობის სახე ჰქონდა. დაკავებულებზე ფიზიკურ ძალადობას (სხეულის სხვადასხვა ადგილებში მუშტების და წიხლების დარტყმა, თმით თრევა, ძალის გამოყენებით ძირს დაგდება, შეფურთხება და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეები პოლიციის ეფექტური კონტროლს ექვემდებარებოდნენ) სისტემური სახე ჰქონდა.  მოქალაქეების მიმართ გამოყენებულ ძალა არ ემსახურებოდა სამართალდარღვევის აღკვეთას და მხოლოდ დემონსტრაციულ ანგარიშსწორებასა და მოქალაქეების სამაგალითო დასჯას ემსახურებოდა. 

ძალადობის არაერთ ეპიზოდში იკვეთებოდა არა სპონტანური ან ინდივიდუალური გადაცდომა, არამედ დასჯისა და დაშინების მიზანმიმართული პრაქტიკა, რომელიც მიმართული იყო პროტესტის მონაწილეების პოლიტიკური ნების გატეხისა და საზოგადოებაში შიშის დამკვიდრებისკენ.

პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოყენებული ძალადობის მასშტაბს თვალსაჩინოდ აჩვენებს 11 ქართული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ერთობლივი ანგარიში. ანგარიშის მომზადების დროს ინტერვიუ ჩატარდა 117 რესპონდენტთან და  მათი 77.7% მიუთითებდა, რომ ისინი დაექვემდებარნენ ძალადობას და არასათანადო მოპყრობას პოლიციის მხრიდან 19 ნოემბრიდან 28 იანვრის პერიოდში მიმდინარე პროტესტის კონტექსტში.[8] ძალადობაგამოვლილი რესპონდენტების 87.9%-ის შემთხვევაში, პოლიციის მხრიდან ძალადობას თან ახლდა მსხვერპლის დაკავება. სპეცრაზმელები მიზანმიმართულად ცდილობდნენ, აქციის მონაწილეებისთვის სახის არეში მიეყენებინათ დაზიანება.[9]

იგივეს აჩვენებს სახალხო დამცველის ანგარიშის მონაცემები. სახალხო დამცველის ცნობით, 2024 წლის 15 აპრილიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში მან და მისმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 624 პირი. მათგან არასათანადო მოპყრობაზე 360 პირი მიუთითებდა (57.7%). უფრო კონკრეტულად, 2024 წლის აპრილსა და მაისში გამართულ საპროტესტო აქციებზე დაკავებული და დაშავებული 182 მონახულებული პირიდან 93 საუბრობდა არასათანადო მოპყრობის შესახებ (51.1%). ხოლო 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1 მარტამდე მონახულებული 442 პირიდან არასათანადო მოპყრობაზე 267 პირი (60%) მიუთითებდა. მხოლოდ 2024 წლის 29 ნოემბრიდან 2 დეკემბრის პერიოდში - მონახულებული პირებიდან არასათანადო მოპყრობის თაობაზე მიუთითებდა 79.5%. [10]

ძალადობის მასშტაბი, შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების კოორდინირებული მონაწილეობა, წამების მსხვერპლთა ჩვენებების თანხვედრა, სხვადასხვა თარიღში განხორციელებული იდენტური ქმედებები მიუთითებს წამების სისტემურობასა და ამ დანაშაულის ორგანიზებულ ხასიათზე. ამ პირობებში ცხადია, რომ ამ მასშტაბის ძალადობა საჭიროებს სასტიკი ძალადობის ყველა შემთხვევის სათანადო რეაგირებას პროკურატურის მხრიდან და მხოლოდ 5 ადამიანის მიმართ დევნის დაწყება არ არის საკმარისი პასუხი გამოძიების მხრიდან.  

  1. ამასთან აღსანიშნავია, რომ შსს-მ თავად შექმნა სამართალდამცავი ორგანოების დაუსჯელობის ინსტიტუციური წინაპირობები. აქციების მიმდინარეობის დროს შეუძლებელი იყო აქციების დარბევაში მონაწილე სამართალდამცავთა (განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები) ამოცნობა, რადგან არცერთ მათგანს არ ჰქონდა რაიმე ტიპის საიდენტიფიკაციო ნომერი. სამართალდამცავების ნაწილი იყენებდა სამედიცინო პირბადეს ან შავ ნიღაბს. ცხადია, რომ სამართალდამცავებისთვის დაუსჯელობის ეს გარემო შსს-ს ხელმძღვანელობამ განზრახ შექმნა და ის ასევე საჭიროებს სათანადო სამართლებრივ რეაგირებას გამოძიების მხრიდან.

განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ დღემდე არ იკვეთება სახელმწიფოს პოლიტიკური ნება, აღიაროს დარღვევების სისტემური ხასიათი. ამის საპირისპიროდ, ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები ხშირად მიმართული იყო ძალადობის მსხვერპლთა დისკრედიტაციისა და საპოლიციო მოქმედებების ლეგიტიმაციისკენ, რაც დამატებით აძლიერებს დაუსჯელობის გარემოს. უფრო მეტიც, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ძალადობაში ჩართული შსს-ს მაღალჩინოსნები მალევე, 2025 წლის 30 იანვარს  ღირსების მედლებით დააჯილდოვეს.   [11] ამასთან ”ქართულმა ოცნებამ გააუქმა” სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რითაც სამართალდამცავი ორგანოების უფრო დამოუკიდებელი, ობიექტური და ჯეროვანი გამოძიების ინსტიტუციური საფუძვლები განზრახ მოშალა. [12]

დაუსჯელობის კლიმატი სტრუქტურული გამოწვევაა, რომელიც ქმნის ძალადობის გამეორების პირობებს, ხელს უწყობს სახელმწიფოს ძალაუფლების ჭარბ კონცენტრაციას და ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, რაც საბოლოოდ, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოქალაქეებს, არამედ სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს მთლიანობაში.

  1. პროკურატურის 7 მაისის გადაწყვეტილებაში პრობლემურია თავად დანაშაულის კვალიფიკაციის საკითხიც. ხუთივე დაკავებულს ბრალდება შედარებით მსუბუქი, ზოგადი სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების[13] მუხლით მოხდა და პროკურატურამ არ გამოიყენა სპეციალური (წამება, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა[14]) კვალიფიკაციები, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით არის განსაზღვრული. მიმდინარე გამოძიების სათანადო მუხლით კვალიფიკაცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ კონკრეტული საქმის ეფექტიანი გამოძიების კუთხით ადამიანის უფლებათა სამართლის პრიზმიდან, არამედ ასევე არსებითია სასჯელის როგორც სპეციალური, ისე გენერალური პრევენციის მიღწევის მიზნებისთვის და მნიშვნელოვან როლს ასრულებს წამების აკრძალვის პრინციპის რეალური და ქმედითი აღსრულებისთვის.

ამდენად აშკარაა, რომ  საგამოძიებო ორგანო პროტესტის მონაწილეების მიმართ ძალადობის ასეულობით საქმის გამოძიების პროცესში  არ ხელმძღვანელობს სამართლის უზენაესობის პრინციპით და განზრახ არ იძიებს სრულყოფილად, ობიექტურად და ყოველმხრივ ძალადობის შემთხვევებს, რაც დაუსჯელობის გარემოს ქმნის, ანგრევს სოციალურ მშვიდობას საზოგადოებაში  და  სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ნდობის სრულ ეროზიას ახდენს.  

არსებული პრაქტიკა აჩენს შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური გავლენების ნიშნებს, როდესაც გამოძიება რეაგირებს მხოლოდ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და მტკიცებულებების საჯარო გავრცელების შემდეგ, ხოლო სისტემური პასუხისმგებლობის საკითხს კვლავ უგულებელყოფს. ეს კიდევ უფრო ასუსტებს საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის მიმართ.

  1. ამასთან გამოძიება თითქმის 1.5 წლის განმავლობაში აჩვენებდა დემონსტრაციულ უმოქმედობას და ის არ ცდილობდა იმ მნიშვნელოვანი მტკიცებულებების მოპოვებასა და შეფასებას, რომელსაც არსებითი გავლენა ჰქონდა გამოძიების შედეგებზე. ეს განსაკუთრებით გამოჩნდა სხვადასხვა სახელმწიფო-საბიუჯეტო დაწესებულების ბალანსზე არსებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერებისა და ასევე ხელის რადიოსადგურების, ე.წ. რაციების მასობრივად მწყობრიდან გამოსვლის პრაქტიკის გამოძიების მხრიდან არასათანადო შესწავლის პროცესში. გამოძიებას არც ერთ ეტაპზე არც კი გამოუკითხავს ამ სისტემების ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირები და ეჭვი არ შეუტანია მათი მასობრივი გაუმართაობის საკითხში. [15]

განსახილველი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების რეალური ინტერესის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად და დაზარალებულების რეალური ინტერესების დაცვის მიზნით მნიშვნელოვანია, საქართველოს პროკურატურამ მიიღოს შემდეგი ზომები:

  • უზრუნველყოს წამების, არასათანადო და დამამცირებელი მოპყრობის ყველა ფაქტზე ყოველმხრივი, სრული, ობიექტური და დროული გამოძიების წარმოება და აღნიშნული საქმეების ქმედების შესაბამისი მუხლებით კვალიფიკაცია;
  • ამასთან შეაფასოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედებების შესაბამისობა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონსტიტუციურ და საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის სპეციალური საშუალებების გამოყენების კანონიერებისა და პროპორციულობის ნაწილში;
  • უზრუნველყოს ძალადობის სისტემური და ორგანიზებული ხასიათის სრულყოფილი შეფასება, მათ შორის შსს- მაღალჩინოსნების, შეკრებების დარბევაზე, მართვასა და კოორდინაციაზე პასუხისმგებელი პირებისა და განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ(ებ)ის შესაძლო პასუხისმგებლობის გამოკვეთა, ბრძანებების გაცემის, ძალადობის წახალისების ან მისი პრევენციის ვალდებულების შეუსრულებლობის ნაწილში, და მოახდინოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება;
  • ყველა იმ ეპიზოდზე, სადაც შესაძლებელია სამართალდამცავი პირების იდენტიფიცირება, მოიპოვოს რელევანტური მტკიცებულებები და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა ყველა შესაბამისი პირის მიმართ;
  • უზრუნველყოს საქმის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ საზოგადოების დროული და სრულყოფილი ინფორმირება, ასევე დაზარალებულ პირთა პროცესუალური უფლებებისა და ინტერესების ეფექტიანი დაცვა;
  • დაიწყოს ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავს ანონიმური და ანგარიშვალდებულებას მოკლებული საპოლიციო ძალების გამოყენებას, მათ შორის სამართალდამცავთა სავალდებულო იდენტიფიკაციისა და ძალადობის პრევენციის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვის გზით.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] საქართველოს პროკურატურის განცხადება, ხელმისაწვდომია: https://l1nq.com/vya5y7g

[2] 11 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ: კოლექტიური ანგარიში. 2025. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebebis-krizisi-sakartveloshi-2024-tslis-saparlamento-archevnebis-shemdgom

[3] იქვე

[4] იქვე

[5] OSCE Fact-Finding Mission on Georgia. Report on Developments in Georgia in Respect of Human Rights and Fundamental Freedoms since Spring 2024, by Professor Patrycja Grzebyk, Sole Rapporteur, under Paragraph 12 of the Moscow Mechanism. 2026. ხელმისაწვდომია: https://odihr.osce.org/sites/default/files/documents/official_documents/2026/03/odgal0009c1%20ODIHR%20NV%2082-2026%20report_Moscow%20Mechanism%20invoked%20in%20respect%20of%20Georgia_0.pdf

[6] 11 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ: კოლექტიური ანგარიში. 2025. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebebis-krizisi-sakartveloshi-2024-tslis-saparlamento-archevnebis-shemdgom

[7] იქვე

[8] 11 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია. ადამიანის უფლებების კრიზისი საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ: კოლექტიური ანგარიში. 2025. ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/adamianis-uflebebis-krizisi-sakartveloshi-2024-tslis-saparlamento-archevnebis-shemdgom

[9] იქვე 

[10] საქართველოს სახალხო დამცველი. საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ: 2024 წლის ანგარიში. 2025. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf

[11] რადიო თავისუფლება, ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა პოლიციის სანქცირებული მაღალჩინოსნები, 2025, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33296959.html

[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, "დაშლილი, მიტაცებული, გაუქმებული": საქართველოს დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტების ბედი ავტოკრატიზაციის პირობებში, 2025, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/dashlili-mitatsebuli-gaukmebuli-sakartvelos-damoukidebeli-sazedamkhedvelo-institutebis-bedi-avtokratizatsiis-pirobebshi

[13] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტი;

[14] საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443- ე მუხლი

[15] სოციალური სამართლიანობის ცეტრი, დაუსჯელი ძალადობა: 2024 წლის პროტესტების დროს საპოლიციო ძალადობის საქმეების გამოძიების კრიზისი, 2025, ხელმისაწვდომია: https://socialjustice.org.ge/ka/products/dausjeli-dzaladoba-2024-tslis-protestebis-dros-sapolitsio-dzaladobis-sakmeebis-gamodziebis-krizisi-shualeduri-angarishi

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“