[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შერჩევა დაიწყო/Ջավախքում մեկնարկել է Քննադատական ​​քաղաքականության դպրոցի մասնակիցների ընտրությունը

 

Տե՛ս հայերեն թարգմանությունը ստորև

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს მიღებას ჯავახეთის რეგიონში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეების შესარჩევად. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა, ჩვენი ხედვით, ნახევრად აკადემიური და პოლიტიკური სივრცეა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური სამართლიანობის, თანასწორობის და დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებულ ახალგაზრდა აქტივისტებსა და თემის ლიდერებში კრიტიკული ცოდნის გაზიარებას და კოლექტიური მსჯელობისა და საერთო მოქმედების პლატფორმის შექმნას.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლა თეორიული ცოდნის გაზიარების გარდა, წარმოადგენს მისი მონაწილეების ურთიერთგაძლიერების, შეკავშირებისა და საერთო ბრძოლების გადაკვეთების ძიების ხელშემწყობ სივრცეს.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის მონაწილეები შეიძლება გახდნენ ჯავახეთის რეგიონში (ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში) მოქმედი ან ამ რეგიონით დაინტერესებული სამოქალაქო აქტივისტები, თემის ლიდერები და ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მონაწილეობენ, ან აქვთ ინტერესი და მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიული, თანასწორი და სოლიდარობის იდეებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობაში.  

პლატფორმის ფარგლებში წინასწარ მომზადებული სილაბუსის საფუძველზე ჩატარდება 16 თეორიული ლექცია/დისკუსია სოციალური, პოლიტიკური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, რომელსაც სათანადო აკადემიური გამოცდილების მქონე პირები და აქტივისტები წაიკითხავენ.  პლატფორმის მონაწილეების საჭიროებების გათვალისწინებით, ასევე დაიგეგმება სემინარების ციკლი კოლექტიური მობილიზაციის, სოციალური ცვლილებებისთვის ბრძოლის სტრატეგიებსა და ინსტრუმენტებზე (4 სემინარი).

აღსანიშნავია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრს უკვე ჰქონდა ამგვარი კრიტიკული პოლიტიკის სკოლების ორგანიზების კარგი გამოცდილება თბილისში, მარნეულში, აჭარასა  და პანკისში.

კრიტიკული პოლიტიკის სკოლის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ფორმატი:

  • თეორიული ლექცია/დისკუსია
  • გასვლითი ვიზიტები რეგიონებში
  • შერჩეული წიგნის/სტატიის კითხვის წრე
  • პრაქტიკული სემინარები

სკოლის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებული ორგანიზაციული დეტალები:

  • სკოლის მონაწილეთა მაქსიმალური რაოდენობა: 25
  • ლექციებისა და სემინარების რაოდენობა: 20
  • სალექციო დროის ხანგრძლივობა: 8 საათი (თვეში 2 შეხვედრა)
  • ლექციათა ციკლის ხანგრძლივობა: 6 თვე (ივლისი-დეკემბერი)
  • ლექციების ჩატარების ძირითადი ადგილი: ნინოწმინდა, თბილისი
  • კრიტიკული სკოლის მონაწილეები უნდა დაესწრონ სალექციო საათების სულ მცირე 80%-ს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სრულად დაფარავს  მონაწილეების ტრანსპორტირების ხარჯებს.

შეხვედრებზე უზრუნველყოფილი იქნება სომხურ ენაზე თარგმანიც.

შეხვედრების შინაარსი, გრაფიკი, ხანგრძლივობა და ასევე სხვა ორგანიზაციული დეტალები შეთანხმებული იქნება სკოლის მონაწილეებთან, ადგილობრივი კონტექსტისა და მათი ინტერესების გათვალისწინებით.

მონაწილეთა შერჩევის წესი

პლატფორმაში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ უმაღლესი განათლების მქონე (ან დამამთავრებელი კრუსის) 20 წლიდან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. 

კრიტიკული პოლიტიკის სკოლაში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გამოგვიგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია.

დოკუმენტაცია გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ: "კრიტიკული პოლიტიკის სკოლა ჯავახეთში"

ჯავახეთში კრიტიკული პოლიტიკის სკოლის განხორციელება შესაძლებელი გახდა პროექტის „საქართველოში თანასწორობის, სოლიდარობის და სოციალური მშვიდობის მხარდაჭერის“ ფარგლებში, რომელსაც საქართველოში შვეიცარიის საელჩოს მხარდაჭერით სოციალური სამართლიანობის ცენტრი ახორციელებს.

 

Սոցիալական արդարության կենտրոնը հայտարարում է Ջավախքի տարածաշրջանում բնակվող երիտասարդների ընդունելիություն «Քննադատական մտածողության դպրոցում»

Քննադատական մտածողության դպրոցը մեր տեսլականով կիսակադեմիական և քաղաքական տարածք է, որի նպատակն է կիսել քննադատական գիտելիքները երիտասարդ ակտիվիստների և համայնքի լիդեռների հետ, ովքեր հետաքրքրված են սոցիալական արդարությամբ, հավասարությամբ և ժողովրդավարությամբ, և ստեղծել կոլեկտիվ դատողությունների և ընդհանուր գործողությունների հարթակ:

Քննադատական մտածողության դպրոցը, բացի տեսական գիտելիքների տարածումից, ներկայացնում  է որպես տարածք փոխադարձ հնարավորությունների ընդլայնման, մասնակիցների միջև ընդհանուր պայքարի միջոցով խնդիրների հաղթահարման և համախմբման համար։

Քննադատական մտածողության դպրոցի մասնակից կարող են դառնալ Ջավախքի տարածաշրջանի (Նինոծմինդա, Ախալքալաքի, Ախալցիխեի) երտասարդները, ովքեր հետաքրքրված են քաղաքական աքտիվիզմով, գործող ակտիվիստներ, համայնքի լիդեռները և շրջանում բնակվող երտասարդները, ովքեր ունեն շահագրգռվածություն և պատրաստակամություն՝ կառուցելու ժողովրդավարական, հավասարազոր և համերաշխության վրա հիմնված հասարակություն։

Հիմնվելով հարթակի ներսում նախապես պատրաստված ուսումնական ծրագրի վրա՝ 16 տեսական դասախոսություններ/քննարկումներ կկազմակերպվեն սոցիալական, քաղաքական և հումանիտար գիտություններից՝ համապատասխան ակադեմիական փորձ ունեցող անհատների և ակտիվիստների կողմից: Հաշվի առնելով հարթակի մասնակիցների կարիքները՝ նախատեսվում է նաև սեմինարների շարք կոլեկտիվ մոբիլիզացիայի, սոցիալական փոփոխությունների դեմ պայքարի ռազմավարությունների և գործիքների վերաբերյալ  (4 սեմինար):

Հարկ է նշել, որ Սոցիալական արդարության կենտրոնն արդեն ունի նմանատիպ քննադատական քաղաքականության դպրոցներ կազմակերպելու լավ փորձ Թբիլիսիում, Մառնեուլիում, Աջարիայում և Պանկիսիում։

Քննադատական քաղաքականության դպրոցի շրջանակներում նախատեսված հանդիպումների ձևաչափը

  • Տեսական դասախոսություն/քննարկում
  • Այցելություններ/հանդիպումներ տարբեր մարզերում
  • Ընթերցանության գիրք / հոդված ընթերցման շրջանակ
  • Գործնական սեմինարներ

Դպրոցի կողմից ծրագրված հանդիպումների կազմակերպչական մանրամասներ

  • Դպրոցի մասնակիցների առավելագույն թիվը՝ 25
  • Դասախոսությունների և սեմինարների քանակը՝ 20
  • Դասախոսության տևողությունը՝ 8 ժամ (ամսական 2 հանդիպում)
  • Դասախոսությունների տևողությունը՝ 6 ամիս (հուլիս-դեկտեմբեր)
  • Դասախոսությունների հիմնական վայրը՝ Նինոծմինդա, Թբիլիսի
  • Քննադատական դպրոցի մասնակիցները պետք է մասնակցեն դասախոսության ժամերի առնվազն 80%-ին:

Սոցիալական արդարության կենտրոնն ամբողջությամբ կհոգա մասնակիցների տրանսպորտային ծախսերը։

Հանդիպումների ժամանակ կապահովվի հայերեն լզվի թարգմանությունը։

Հանդիպումների բովանդակությունը, ժամանակացույցը, տևողությունը և կազմակերպչական այլ մանրամասներ կհամաձայնեցվեն դպրոցի մասնակիցների հետ՝ հաշվի առնելով տեղական համատեքստը և նրանց հետաքրքրությունները:

Մասնակիցների ընտրության ձևաչափը

Դպրոցում մասնակցելու հնարավորություն կնձեռվի բարձրագույն կրթություն ունեցող կամ ավարտական կուրսի 20-ից-35 տարեկան ուսանողներին/երտասարդներին։ 

Եթե ցանկանում եք մասնակցել քննադատական քաղաքականության դպրոցին, խնդրում ենք ուղարկել մեզ ձեր ինքնակենսագրությունը և կոնտակտային տվյալները մինչև հունիսի 30-ը։

Փաստաթղթերն ուղարկել հետևյալ հասցեով; [email protected]

Խնդրում ենք վերնագրի դաշտում նշել «Քննադատական մտածողության դպրոց Ջավախքում»:

Ջավախքում Քննադատական մտածողության դպրոցի իրականացումը հնարավոր է դարձել «Աջակցություն Վրաստանում հավասարության, համերաշխության և սոցիալական խաղաղության» ծրագրի շրջանակներում, որն իրականացվում է Սոցիալական արդարության կենտրոնի կողմից Վրաստանում Շվեյցարիայի դեսպանատան աջակցությամբ ։

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

პოლიტიკური ტრანზიციები აფხაზეთში და დღევანდელობა - ინტერვიუ აფხაზ სამოქალაქო აქტივისტთან

თამთა მიქელაძე 

ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვიუების ციკლს აფხაზ და ოს საზოგადო მოღვაწეებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან. ჩვენს ყოფაში აღნიშნული საზოგადოებების პერსპექტივა თითქმის არ იკვეთება; არც ამ რეგიონებისა და საზოგადოებების რეალობით დაინტერესება ვლინდება მედია თუ პოლიტიკური აქტორების მხრიდან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კონფლიქტის რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს საკუთარ მოქალაქეებად მოიაზრებს და აღიარებს, საკუთარი ინტერესის დემონსტრირებას სახელმწიფო სუსტად ახდენს და ძირითადად სამედიცინო და ბიზნეს პროექტების მხარდაჭერის პროგრამებით შემოიფარგლება. ქართულ დომინანტურ სიმბოლურ ველში და ენაში ეს საზოგადოებები თითქმის გამქრალია. სიმბოლური და პოლიტიკური პასუხი, რასაც ისინი ქართული სახელმწიფოსგან იღებენ ეს არაღიარების და იზოლაციის პოლიტიკა და აქტებია, რომელიც აგვისტოს ომიდან 14 წლის შემდეგაც, როცა ამ რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის პოლიტიკური აღიარების რისკები გადაილახა, არ შეცვლილა. ხელისუფლების ნარატივში და ინსტიტუციურ პოლიტიკაში ნდობის აღდგენაზე მიმართული ხედვების გაჩენის მიუხედავად, მას რეალური დიალოგის, საერთო ინტერესის შენებისა და სტატუს ნეიტრალური თანამშრომლობის ფორმები არ მიუღია. მეტწილად გულგრილია ჩვენი საზოგადოების ინტერესი და წარმოდგენაც ამ რეგიონების მიმართ. ჩვენ სულ უფრო ნაკლები სიმართლე ვიცით ამ საზოგადოებების შესახებ და ისინი ან ძველ ნაცნობ ძმებად წარმოგვიდგენია, ან ძველ მტრებად. კონფლიქტიდან 30 წლის შემდეგ კი ძმობის და მტრობის აღქმებიც სულ უფრო იკუმშება და ფერმკრთალდება.

ჩვენი მიზანი ამ დაცარიელებული რეალობის და აღქმების შევსება და საჯარო სივრცეში აფხაზი და ოსი საზოგადოებების პერსპექტივის, ომის შემდგომი კონტექსტებისა და რეალობის შესახებ ცოდნის შემოტანა და დისკუსიის წამოწყებაა.

წინამდებარე სტატიაში წარმოგიდგენთ ინტერვიუს აფხაზ საზოგადო მოღვაწესთან და სამოქალაქო აქტივისტთან, რომლის ვინაობასაც კონფიდენციალურად ვტოვებთ. ეს სიფრთხილე შედეგია იმ მძიმე რეალობისა, რომლის წინაშეც დღეს აფხაზური სამოქალაქო აქტორები დგანან. რუსეთის გავლენის ქვეშ მოქმედი ადგილობრივი საგარეო საქმეთა მინისტრი რეგულარულად ზრდის კონტროლს აფხაზურ სამოქალაქო ორგანიზაციებზე და თითქმის შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობას. ცხადია, რომ კონტროლის ეს პრაქტიკა ისედაც მყიფე აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებაზე დამანგრეველ გავლენას მოახდენს და ის, პირველ რიგში, საერთაშორისო და ქართულ ორგანიზაციებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ხიდებს ჩახსნის.

ჩემს რესპოდენტს ადრე პირადადაც შევხვდი. შთამაგონებელი იყო მისი თვითკრიტიკულობა, გაბედულობა და საზოგადოებაში პოზიტიური სოციალური ცვლილებების მიღწევის ინტერესი. საგულისხმოა, რომ პირველი ინტერვიუ სწორედ ამ შესანიშნავ ადამიანთან ჩავწერე.

  • როგორ ვითარდებოდა აფხაზური საზოგადოება 90-იანი წლების კონფლიქტის შემდეგ, განვითარებისა და რყევების რა ფაზებს გამოყოფდით? როგორი იყო ის შიდა კრიზისები, რომელსაც აფხაზური პოლიტიკური სისტემა გადიოდა და როგორ მოახერხა მან არსებობა წლების განმავლობაში შექმნილი გლობალური იზოლაციის პირობებში?

მას შემდეგ რაც 1993 წლის სექტემბერში შეიარაღებული კონფლიქტის აქტიური ფაზა დასრულდა, აფხაზურ საზოგადოებაში დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა გამარჯვების ნარატივი და ეიფორია. ხალხს ჰქონდა განცდა, რომ ომის შემდეგ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ჩვენ შევძლებდით ახალი საზოგადოების და სახელმწიფოს აშენებას, მაგრამ ჩვენ აღმოვჩნდით სასტიკი რეალობის წინაშე. იმ დროს საქართველო შევიდა დსთ-ს შემადგენლობაში, რუსეთის პრეზიდენტს, ბორის ელცინს შევარდნაძესთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა და აშკარა იყო, რომ ელცინი აფხაზეთის კონფლიქტში სწორედ საქართველოს უჭერდა მხარს. იმ დროს რუსეთმა აფხაზეთზე ზეწოლისთვის მიიღო ჩვენი ბლოკადის გადაწყვეტილება და 6 წლის განმავლობაში, 1993 წლიდან 1999 წლამდე, აფხაზეთი ოფიციალურ ბლოკადაში იმყოფებოდა რუსეთის მხრიდან. ამის შესახებ მაშინ დსთ-ს ქვეყნების გადაწყვეტილებით გაფორმდა. წარმოიდგინეთ, 6 წლის განმავლობაში 16-60 წლამდე ასაკის მამაკაცებს აფხაზეთის დატოვება ეკრძალებოდათ, რამაც მძიმე გავლენა მოახდინა ჩვენს საზოგადოებაზე. საქართველოს მხრიდან გადაადგილება მაშინ შეუძლებელი იყო, რადგან ხალხებს შორის კონტაქტი იმ პერიოდში არ იყო, საზღვარზე იდგნენ შეიარაღებული ძალები და დაძაბული მდგომარეობა სუფევდა. ეს ვითარება იყო საქართველოსთან 1998 წლის ჩათვლით, როცა კონფლიქტის ესკალაცია ისევ მოხდა. რუსეთის გამშვები პუნქტის გავლით გასვლა მხოლოდ ქალებს და ბავშვებს შეეძლოთ. იმ დროს აფხაზეთის ეკონომიკა ფაქტობრივად არ მუშაობდა, არ მუშაობდა არც ფოსტა, არც ტრანსპორტი. ფსოუს გამშვები პუნქტის გავლით ქალები ვაჭრობდნენ. სწორედ ქალები ამარაგებდნენ მაშინ მთელს საზოგადოებას.

ცხადია, აფხაზეთი არ იყო გამონაკლისი, დამოუკიდებლობის აღდგენას იგივე ეკონომიკური პროცესები მოჰყვა მთელს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. თუმცა, აფხაზეთზე ომს ჰქონდა დამანგრეველი ზეგავლენა. ქალებს გაჰქონდათ ხილი, ბოსტნეული, სხვა ძვირფასი ნივთები და ყიდნენ რუსეთში. დედაჩემიც, რომელიც მასწავლებელი იყო, რუსეთში ბაზარზე ყიდდა ვერცხლეულს, ჭიქებს. ომის შემდეგ რამდენიმე წელი კიდევ ფუნქციონირებდა სოხუმის საკონდიტრო ფაბრიკა, სადაც ამზადებდნენ გოზინაყს თხილისგან და თაფლისგან. ქალები დილით ადრე ყიდულობდნენ გოზინაყს და ადლერში ყიდნენ. ადლერში გვხდებოდა სრულიად სხვა სამყარო. მართალია, იქაც არ იყო ძალიან კარგი მდგომარება, მაგრამ იქაურმა ხალხმა არც კი იცოდა, რომ ჩვენთან ხალხი ფაქტობრივად შიმშილობდა. მათ ისიც არ იცოდნენ, რომ ჩვენთან ომი იყო. არსებობდა დიდი კონტრასტი, რომელიც დიდი ხანი გრძელდებოდა. აფხაზეთს მაშინ შეზღუდული შესაძლებლობები ჰქონდა და საკმაო პერიოდი ბლოკადაში ცხოვრობდა. პოლიტიკური თვალსაზრისითაც აფხაზეთს მანევრირების შესაძლებლობა არ ჰქონია. რუსეთი კატეგორიულად არ უჭერდა მხარს აფხაზეთს. კარგი იყო, რომ მაშინ გაეროს სამშვიდობო ძალები იდგა ჩვენთან. მართალია, მათ დიდ ნაწილს რუსები შეადგენდნენ, თუმცა სამშვიდობო კონტიგენტში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ბუნდოვანია, რა მოხდებოდა, თუ ჩვენთან გაეროს მისია არ იდგებოდა და მხოლოდ რუსი სამშვიდობოები იქნებოდნენ. იმ დროს აფხაზი პოლიტიკოსები ცდილობდნენ გამოენახათ გამოსავალი შექმნილი სიტუაციიდან. რთულია, იცხოვრო იმგვარ პირობებში, როცა ქვეყანა ბლოკადაშია და მოსახლეობის ნახევარი კი მშიერი. სწორედ ამ დროს აფხაზი პოლიტიკოსები ცდილობდნენ აღედგინათ ურთიერთობა საქართველოსთან ფედერაციული მოწყობის მიმართულებით. ეს იყო შეთანხმების პროექტი, რომელიც ეფუძნებოდა იდეას, რომ უნდა შექმნილიყო სახელმწიფო ორი თანაბარუფლებიანი სუბიექტის - საქართველოს და აფხაზეთის მონაწილეობით. იმ დროს პოლიტიკოსები ჩადიოდნენ საქართველოში. ომის შემდეგ ფიზიკური კონტაქტები მაინც არსებობდა, მაგრამ ქართული მხარისთვის ეს ინიციატივა მიუღებელი აღმოჩნდა. 1996 წლის შემდეგ, როცა აფხაზეთის ახალი კონსტიტუცია მიიღეს, რამდენადაც მე ვიცი, ამგვარი ინიციატივები აღარ გამოკვეთილა.

ამის შემდეგ, 1998 წელს გალის რაიონში კონფლიქტის ახალი ესკალაცია გვქონდა, რამაც ნეგატიული გავლენა მოახდინა ხალხთაშორის ურთიერთობებზე. მანამდე ჩვენს ხალხს კიდევ შეეძლო ურთიერთობების ნორმალიზება, მაგრამ 1998 წელმა ეს მცდელობები წაშალა და მან გავლენა მოახდინა, როგორც პოლიტიკურ, ისე პირად კონტაქტებზე. ამ პერიოდმა ნეგატიური გავლენა იქონია გალის მოსახლეობაზეც. მათ მიმართ სინამდვილეში რეპრესიული პოლიტიკა ხორციელდებოდა, რომელიც ოფიციალურად თითქოს ასეთი არ იყო.

1999 წელს, ომიდან 6 წლის შემდეგ კი აფხაზეთში რეფერენდუმი ჩატარდა. რომ არა 1998 წლის მოვლენები, დაახლოების მცდელობები გაგრძელდებოდა და დღეს შეიძლება სხვა რეალობა გვქონოდა. აღსანიშნავია, ამ პერიოდში მიიღეს გაეროს რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, გალის რაიონში ამ დროს 60 ათასი დევნილი დაბრუნდა. თუმცა, ამ ფაქტორს ქართული მხარე არსად ახსენებს. ეს დაბრუნება აფხაზეთის პირველი პრეზიდენტის თანხმობით მოხდა.

1999 წელს ძალაუფლებაში მოდის პუტინი და აფხაზეთთან მიმართებით რუსეთის პოლიტიკა იცვლება; იხსნება ბლოკადა, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა რუსული პასპორტები, მხოლოდ საბჭოთა ძველი პასპორტები გაგვაჩნდა. ამ დროს ფიქსირდება აფხაზი მოსახლეობის მიმართვა გაეროს მიმართ, რომელშიც ისინი გაეროს ნეიტრალურ პასპორტებს, ნეიტრალურ სამგზავრო დოკუმენტებს ითხოვდნენ. ამ გზით ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, შეეძლებოდათ თავისუფალი გადაადგილება და განვითარება. მაშინ ქართული მხარე ამ ინიციატივას კატეგორიულად დაუპირისპირდა და ეს იდეა ვერ განხორციელდა. ამ დროს უკვე იწყება საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამოყენებით, გამარტივებული წესით, საბჭოთა პასპორტების საფუძველზე რუსული პასპორტების გაცემა. რა თქმა უნდა, ხალხს ჰქონდა ინტერესი რუსული პასპორტების მიმართ, მით უფრო, რომ რუსეთის მხარე იმ ადამიანებს, ვინც საბჭოთა კავშირში მუშაობდა, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში, რუსულ პენსიას უნიშნავდა. ამ დროს ჩვენთან, აფხაზეთში პენსიის ოდენობა 300 რუბლს შეადგენდა, ეს მაშინ როცა ერთი პური 15 რუბლი ღირდა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, პენსიით, 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 20 პური შეიძლებოდა გეყიდა. რუსული პენსია ადამიანებს გადარჩენის შესაძლებლობას აძლევდა.

ამ დროს მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებიც, წითელი ჯვარი, ექიმები საზღვრებს გარეთ, მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ. რასაც ისინი აკეთებდნენ იყო ხელშესახები. მაშინ არ იყო ის რეალობა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მხოლოდ გალის რაიონს ეხმარებოდნენ, როგორც ეს 2008 წლის შემდეგ მოხდა. იმის გამო, რომ მათი მუშაობა თვალშისაცემი იყო, მოსახლეობის დამოკიდებულებაც საერთაშორისო მისიების მიმართ პოზიტიური გახლდათ.

2004 წლამდე აფხაზეთში ადგილობრივი პოლიტიკა მაინც ჩანასახოვან მდგომარეობაში არსებობდა. საზოგადოებას ეშინოდა ნებისმიერი დაპირისპირების, პოლიტიკურისაც კი; პარტიის შექმნაც კი განიხილებოდა, როგორც საზოგადოების დაყოფის მცდელობა. ჩვენი საზოგადოება მაშინ არ იყო მზად პლურალიზმისთვის. მას იმდენად უნდოდა ომის შემდეგ ყოფილიყო შეკრული, მონოლითური, რომ მაშინ ადამიანები ძალიან ახლოს იყვნენ ერთმანეთთან, ადამიანები ერთმანეთს უანგაროდ ეხმარებოდნენ. მაგალითად, რადგან მაშინ ჩვენთან არ იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანის მძღოლს, რომელიც არ გიცნობდა, შეეძლო გაეჩერებინა მანქანა და წაეყვანე ქალაქში. ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთობებიც მჭიდრო იყო.

პირველი პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ჩვენი ხალხი გამარჯვებამდე მიიყვანა, საერთოდ არ ისმოდა კრიტიკა. ეს არა იმიტომ რომ ჩვენს საზოგადოებას რეპრესიით აჩუმებდნენ, არა. უბრალოდ საზოგადოება ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი კრიტიკა დაშვებული იყო. იმ დროს, როდესაც გაჩნდნენ პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, მაგალითად, როგორებიც იყვნენ: ალექსანდრე ანქვამი, ლეონიდ ლაკერბაია, მათ არ ჰქონდათ საზოგადოების მხრიდან მაღალი მხარდაჭერა. ფაქტობრივად ჩვენ გვქონდა უალტერნატივო საპრეზიდენტო არჩევნები და პარლამენტში ასევე არ იყო დიდი კონკურენცია.

ამ დრომდეც ჩვენ გვაქვს მხოლოდ მაჟორიტარული არჩევნები. მართალია, გვყავს პოლიტიკური პარტიები, მაგრამ პროპორციული წესით არჩევნები ისევ არ ტარდება. ამისთვის პოლიტიკური სისტემა მომწიფებული არ არის და არც კანონმდებლობაშია ასახული ეს საკითხი.

2004 წლისთვის პირველი პრეზიდენტის ჯანმრთელობა გაუარესდა და გამოიკვეთა, რომ საჭირო იყო მემკვიდრის ძიება. მას ეძებდნენ პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვაში და შეირჩა ხაჯიმბა. მას ჰქონდა რუსეთის მაღალი მხარდაჭერაც, მაგრამ ამ დროისთვის ჩვენ უკვე გვყავდა 5 ალტერნატიული კანდიდატი. ამ პროცესმა საზოგადოებაში გამოიწვია სერიოზული გახლეჩვა პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით. ეს არჩევნები იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სწორედ მაშინ დაფუძნდა ამომრჩეველთა ლიგა ,,სამართლიანი არჩევნებისთვის“, სადაც მეც ვმუშაობდი. ჩვენ მაშინ შევძელით რომ გვქონოდა გამჭირვალე საარჩევნო ყუთები, დამკვიდრდა დამოუკიდებელი დამკვირვებლების ინსტიტუტი და ამომრჩეველთა მარკირების წესი. მაშინ ჩვენ ოფიციალურ დოკუმენტებთან დაკავშირებით ნამდვილი ქაოსი გვქონდა. ამომრჩეველი ხმას აძლევდა საბჭოთა პასპორტებით, რუსული პასპორტებით, გალის რაიონში ქართული პასპორტებით. ჯერ კიდევ არ იყო აფხაზური პასპორტები. აფხაზური პასპორტები 2005 წელს გაიცა. მართალია, როგორც აღვნიშნე, დოკუმენტებთან დაკავშირებით იყო ქაოსი, მაგრამ არჩევნები მაინც სამართლიანად ჩატარდა. ჩვენ გვყავდა 200 დამკვირვებელი და მათ მოიცვეს ყველა საარჩევნო უბანი. ეს იყო უზარმაზარი შრომა და ერთადერთი შტაბი, რომელსაც არ უნდოდა მისი დამკვირვებლებისთვის ტრენინგები, ეს იყო ხელისუფლების ფავორიტი კანდიდატის შტაბი. ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ გაიმარჯვებდნენ, რადგან პირველი ხაჯიმბა პრეზიდენტის მემკვიდრედ იყო დასახლებული. მაგრამ ასე არ მოხდა. ხაჯიმბამ წააგო და თანაც დიდი სხვაობით. 51 % აიღო მისმა ოპონენტმა სერგეი ბაღაფშმა, და ხაჯიმბამ მხოლოდ 36 %, თუ არ ვცდები, დანარჩენმა სამმა კი ხმების მცირე პროცენტი მიიღო. ეს რა თქმა უნდა, იყო მოულოდნელობა და ისევ დაიწყო სპეკულაცია ქართული საკითხით. ზოგადად, როცა ჩვენთან პოლიტიკოსის დისკრედიტირება უნდათ, ცდილობენ აჩვენონ, რომ ის საქართველოსთან არის დაკავშირებული, ჰყავს ნათესავები, ან საქართველოსთან სურს მოლაპარაკებები. მაშინ ბაღაფშს დაუპირისპირდნენ იმ ბრალდებით, რომ მას ქართველი ცოლი ჰყავდა. ბაღაფშის ცოლი არასდროს გამოჩენილა საჯარო სივრცეში, იგი დიასახლისი იყო და მისი ეროვნული კუთვნილების მიუხედავად, არა მგონია, მას რაიმე გავლენა ჰქონოდა პრეზიდენტზე. საბოლოოდ ამ არჩევნებმა საზოგადოება ორად გაყო. ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით იმასთან, რომ შეირაღებული დაპირისპირებები მომხდარიყო. ცხადია, რომ ეს არჩევნები მოულოდნელი იყო ჩვენი მოკავშირისთვისაც. რუსეთში დარწმუნებულები იყვნენ, რომ სწორედ მათი მხარდაჭერილი კანდიდატი გაიმარჯვებდა და ურთიერთობების ფორმატიც კი შეთანხმებული იყო. მათთვის მოულოდნელად კი გაჩნდა ახალი ფიგურა, რომელიც არავინ იცოდა, რას მოიმოქმედებდა. ამ დროს ისევ გამოცხადდა ბლოკადა, ჩვენ 1 თვით ისევ ჩაგვკეტეს. მაშინ კრასნოდარის მხარის გუბერნატორმა განაცხადა: - არ მოგცემთ პურს, რომ შიმშილით დაიხოცოთო! არ შემოვუშვებთ ფქვილს საზღვარზე და არც თქვენს მანდარინებს გავიტანთ, იმიტომ რომ ჩვენ თქვენთან ვნახეთ მავნებლები, რომლებიც საშიშები არიან. ის ფიქრობდა, რომ მისი ეს განცხადება ჩვენზე გავლენას მოახდენდა, მაგრამ ამაზე ჩვენი ხალხი უფრო გაბრაზდა და თქვა: - წაიღეთ თქვენი პური, ჩვენ გვაქვს სიმინდი, ომის დროს სიმინდზე ვცხოვრობდით და ამის შემდეგაც სიმინდით გადავრჩებითო.

ჩვენთან ამ დრომდე არსებობს ანეკდოტი. მოგიყვებით. ხაჯიმბას მხარდასაჭერად ჩამოვიდნენ რუსი მსახიობები და როცა გაზმანოვი სცენაზე ავიდა დიდი აუდიტორიის წინაშე, თქვა: -საღამო მშვიდობისა, აჭარა! მოდით, მივესალმოთ აფხაზეთის მომავალ პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას! და ეს მოხდა არჩევნებამდე 3 დღით ადრე. ახლაც ჩვენ ვამბობთ ხოლმე ფრაზას: „საღამო მშვიდობისა, აჭარა!“, როცა ჩვენთან ჩამოდის ვინმე, ვინც არც იცის სად ჩამოვიდა, რისთვის და ზუსტად რას უჭერს მხარს.

  • რესპონდენტმა განაგრძო საუბარი:

და 1 თვე მაშინ ჩაგვკეტეს, რთული იყო მგზავრობა, არ შემოდიოდა პროდუქტი, ვერ გადიოდა მანდარინი, არადა ჩვენთან ბევრი ადამიანი სწორედ მანდარით ცხოვრობს. მათ მოჰყავთ მანდარინი, სეზონის დროს ყიდიან და ნახევარი წელი ამ თანხებით ცხოვრობენ. მაშინ ჩვენ ღიად ვთქვით, რომ არ მივცემთ არავის ჩვენზე ბატონობის უფლებას, თუმცა საბოლოოდ, ჩვენ კომპრომისებზე წასვლა მოგვიწია. მაშინ ითქვა, რომ წინა არჩევნების დროს იყოს დარღვევები და ჩატარდა განმეორებითი არჩევნები. ეს უკვე იყო ფიქცია. ხაჯიმბა ბაღაფშის ბლოკში შევიდა ვიცე-პრეზიდენტის კანდიდატად და მას ჩააბარეს ძალოვანი ბლოკი, თუმცა ამან არ იმუშავა. მეორეჯერ კი, ბაღაფს მარტოს მოუწია არჩევნებში მონაწილეობა.

ამის შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. ამბობენ, რომ მაშინ ბაღაფშზე იყო ზეწოლა, დაეწყო სამხედრო მოქმედებები, მაგრამ მან უარი განაცხადა და თქვა: - მე არ შემიძლია ამის გაკეთება, ჩვენ ვდგავართ საზღვარზე, თუ ჩვენთან არავინ შემოიჭრება, ჩვენ არსად წავალთ და მე ვერავის წავიყვან სიკვდილზე. ბაღაფში გამოცდილი პოლიტიკოსი არ იყო, ის სპორტსმენი გახლდათ, თუმცა ის იყო კარგი ადამიანი. მას ადამიანები უყვარდა და ისიც ბევრს უყვარდა ჩვენს საზოგადოებაში. იგი უარს ვერაფერზე ეუბნებოდა სხვებს და ნებას რთავდა ბევრ რამეზე, მაგრამ მას ამისთვის არაფერი აუღია, არ აუშენებია სასახლე, არც სასტუმრო. პირველი პრეზიდენტის ნათესავებისგან განსხვავებით, ის მოკრძალებულად ცხოვრობდა. სამწუხაროდ, იგი მალე გარდაიცვალა. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი დანაკლისი იყო.

2004 წლის მოვლენების შემდეგ პოლიტიკური მოსაზრებები ბაღაფშისტებად და ხაჯიმბისტებად იყოფა. ახლა პოლიტიკოსების დაყოფა რთულია, რადგან ისინი მოსაზრებებს ხშირად იცვლიან, ახალი თაობის განათლებული პოლიტიკოსები კი ჩვენთან იშვიათობაა. პოლიტიკოსისთვის დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა, ის მონაწილეობდა თუ არა საომარ მოქმედებებში. თუ ის ომში არ მონაწილეობდა, ეს ნიშნავდა, რომ დეზერტირი იყო და მას არც საკუთარი ხალხის წარმომადგენლობის ლეგიტიმაცია ჰქონდა. ახლა ძველი თაობა მიდის, ახალ თაობას კი, რომელიც მათ ნაცვლად მოდის, ომში მონაწილეობა ფიზიკურად არ შეეძლო და ეს არგუმენტიც პოლიტიკაში ისე მწვავედ აღარ მუშაობს, როგორც ეს 15 წლის წინ იყო.

  • შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბაღაფშისტებსა და ხაჯიმბისტებს შორის განსხვავება იმაშია, რომ ბაღაფში უფრო დამოუკიდებლობაზე ორიენტირებული იყო, ხაჯიმბა კი - უფრო პრორუსული. ქართული პერსპექტივიდან აფხაზეთში თითქოს ორი პოლიტიკური ძალა არსებობს - დამოუკიდებლობის მომხრეები და უფრო რუსეთზე ორიენტირებულები.

ვერ ვიტყოდი ასე. როცა ხაჯიმბა იყო ძალაუფლებაში, მას არაფერი დაუთმია, თუ მას თუნდაც დღევანდელ პრეზიდენტს შევადარებთ. მის მიმართ სხვა ტიპის პრეტენზიები არსებობდა. მაგალითად, ის, რომ მან ძალაუფლების კრიმინალიზება მოახდინა და კრიმინალური ქსელების გავლენებს ვერ გაუმკლავდა. არც ერთი პროექტი, რომელსაც რუსები ლობირებდნენ მაშინ, მაგალითად, გზის გახსნა ჩრდილოეთ კავკასიასთან, რუსებისთვის უძრავი ქონების განსხვისება, მან არ დათმო. თუ ის პრორუსი იქნებოდა, მაშინ ამ ინტერესებს დათმობდა, მით უფრო, რომ პარლამენტში მას ბევრი მომხრე ჰყავდა. მე ვფიქრობ, რომ ორივე ლიდერი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი გახლდათ და ამავდროულად, რუსეთთან ურთიერთობის დალაგების, მაგრამ ბაღაფში უფრო ღია ადამიანი იყო, ის ცდილობდა ალტერნატივების შექმნას, მათ შორის კონტაქტების დამყარებას საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნებთან, ამავე დროს, საქართველოსთან. იგი გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი გახლდათ და საუკეთესო იყო მოლაპარაკებების პროცესში, ხაჯიმბა - უფრო რადიკალური და ნაციონალისტურად განწყობილი. ბაღაფშს გარემოცვაში სხვადასხვა ეროვნების ხალხი ჰყავდა, ხაჯიმბას კი - მხოლოდ ეთნიკურად აფხაზები.

  • და როგორ აფასებთ ბატონ ბჟანიას და ახლანდელ მმართველობას იმავე კლასიფიკაციებში?

ჩვენ ახლა ურთულეს პერიოდში ვართ და შემიძლია ვთქვა, რომ ამას არ მოველოდით. ჩვენ ბატონ ბჟანიას ხმა მივეცით, როგორც ხაჯიმბას ალტერნატივას, იმიტომ რომ ეს უკანასკნელი არ უკმლავდებოდა კრიმინალს, არ ხდებოდა ძალადობისა და მკვლელობის გახმაურებული საქმეების გამოძიება. ხალხმა ხმა მისცა იმისთვის, რომ კრიმინალი შემცირებულიყო. მას კრიმინალურ ძალებთან კავშირები არ ჰქონდა. თუმცა, ჩვენ ვერ შევაფასეთ ის იმ კუთხით, თუ ამ კანდიდატს რამდენად აქტიური კავშირები ჰქონდა რუსეთთან. ომის შემდგომ ჩვენს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როცა პრეზიდენტი მაგალითად ისეთ განცხადებას აკეთებს, რომ ჩვენ გვაქვს ორი სამშობლო დიდი და პატარა. ბჟანია დროის დიდ ნაწილს რუსეთში ატარებს, თითქმის ყოველთვიურად ის რუსეთშია. ხალხს ეს არ მოსწონს. ყველანი ვხვდებით, რომ იგი მზად არის უფრო მეტად შორსაც წავიდეს ჩვენი სუვერენიტეტის დათმობის გზაზე, მაგრამ მაშინ, როცა ჩვენ არჩევანის წინაშე ვიდექით, ბევრი ალტერნატივა არც გვქონდა.

  • და როგორ ფიქრობთ, ბჟანიას შემდეგ სოციალური მდგომარეობა, ანდა სიტუაცია კრიმინალის კუთხით შეიცვალა უკეთესობისკენ?

კი სიტუაცია შეიცვალა. გარკვეული საქმეების გამოძიება ხდება, თუმცა არ შემიძლია ვთქვა, რომ დანაშაულის შემთხვევები აღარ ფიქსირდება. მაგალითად, ცოტა ხნის წინ მოხდა საჯარო შეკვეთილი მკვლელობა პირველი პრეზიდენტის ძმიშვილის, რომელსაც დიდი გავლენები ჰქონდა. სნაიპერმა ის მის საკუთარ სახლთან მოკლა. ყოფით დონეზე სიტუაცია გაუმჯობესდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საჯარო ადგილებში ნაკლებად ეშინიათ ადამიანებს. თუმცა, ძალიან უკონტროლო გახდა პრივატიზების პროცესი. ჩვენთან ასე არ იყო, რომ მთელი პარკი ვინმეზე გაესხვისებინათ. მაგალითად, ის რაც ბიჭვინთაში მოხდა, რომ ნახევარი სანაპირო გადასცეს რუსებს და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ჩამოდიან, ისვენებენ აქაურ სანატორიუმებში. ამ ადგილებში ჩვენი იურისდიქციაც კი აღარ ვრცელდება, რადგან ჩვენს მილიციას ამ მონაკვეთში დამნაშავის დაკავებაც კი არ შეუძლია. ეს რეალობა ხალხს აწუხებს. ჩვენთან ახლა ძირითადი წუხილი და უკმაყოფილება უძრავი ქონების გასხვისებას უკავშირდება. მიუხედავად ამისა, მაინც მთავარი პრობლემა ის არის, რომ რეალური ოპოზიციური ლიდერი, ვინც შეიძლება ალტერნატივა იყოს და რომელსაც ენდობოდა ხალხი, არ გვყავს.

როგორც გითხარით, თავიდან ჩვენთვის მოულოდნელი იყო პოლიტიკის ამგვარად შემობრუნება. ბატონი ბჟანია დასაწყისში თითქოს მრავალვექტორული ურთიერთობების მომხრე იყო და საუბრობდა საქართველოსთან დიალოგის აუცილებლობაზეც, თუმცა ოპოზიციის ზეწოლის ქვეშ ეს იდეა უკან წაიღო. ერთადერთი, რაც ამ მიმართულებით ვიხილეთ, ეს საქართველოსთან საზღვარზე დიუთიფირს მშენებლობაა. თითქოს ეს ვაჭრობის დაწესებას უნდა ნიშნავდეს, მაგრამ წინსვლა ამ დრომდე არ ჩანს. ყველა პრეზიდენტი ვინც მოდის, აშენებს დიუთიფრის, ჩვენ აფხაზეთში ამაზე უკვე ვხუმრობთ.

  • როგორ აღიქვამს აფხაზური საზოგადოება საქართველოს და ქართულ საზოგადოებას და როგორ იცვლებოდა ეს ხედვები და განწყობები ბოლო წლებში? რა არის მთავარი, რისი გაკეთებაც საქართველოს სახელმწიფოს შეუძლია ადგილობრივი საზოგადოების ნდობის აღდგენისთვის?

ეს რთული საკითხია. სინამდვილეში კონფლიქტის რეგულირების შანსები არსებობდა 90-იან წლებში, 1998 წლამდე. ამის შემდეგ რაც ხდებოდა ყველაფერი ჩვენს საზოგადოებებს უფრო აშორებდა, იმიტომ რომ ჩამოყალიბდა ორი განსხვავებული პოლიტიკური სისტემა და სხვადასხვა პირობებში განვითარებადი საზოგადოებები. ჩვენი საზოგადოება დიდი ხნის განმავლობაში იყო იზოლირებული და ახალგაზრდებს ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდათ, რამე სხვა ენახათ. ისინი იზრდებიან ომის ნარატივით. ომის მემორიალები და კვალია ყველგან, ყველა დასახლებულ პუნქტში, სკოლებში. აფხაზეთის ომი აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა, გარდა გუდაუთის რაიონისა. ომი თითქმის ყველა ოჯახს შეეხო. მაგალითად, ჩემი ოჯახიდან ომში არავინ იბრძოდა, მაგრამ ჩვენს სახლს ტყვიები მოხვდა. აფხაზეთში არასდროს შეგიძლია ომის დავიწყება, შენ ფაქტობრივად ცხოვრობ გარემოში, სადაც ყველაფერი კონფლიქტს გახსენებს.

მაგალითად, მე შემიძლია ომამდე საზოგადოება გავიხსენო და შევადარო დღევანდელობას, მაგრამ ახალგაზრდა თაობას ეს არ შეუძლია. მან იცის, რომ საქართველო დაესხა აფხაზეთს, აფხაზეთმა ომი მოიგო და ამის შემდეგ ასე ვცხოვრობთ. მათთვის არსებობს არამეგობრული მეზობელი სახელმწიფო, სადაც ჩვენ აღარ მივდივართ. თუმცა ახლა არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც ცდილობენ წავიდნენ საქართველოში, გაიგონ უფრო მეტი იქაურობის შესახებ, თუმცა ისინი საზოგადოების მხრიდან წნეხს განიცდიან. ადრე ახალგაზრდებისთვის შესაძლებელი იყო საერთო ბანაკებში წასვლა, საქართველოში არა, მაგრამ სომხეთში, ბულგარეთში. ახლა ეს შეუძლებელია. ახალგაზრდებს სულ უფრო მცირე შესაძლებლობები აქვთ, გაიცნონ ადამიანები ქართულ მხარეს.

საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ჩვენს საზოგადოებაში ძლიერია საქართველოს მტრის ხატი. ძლიერია წარმოდგენა, რომ ჩვენ ცუდად ვცხოვრობთ, იმის გამო, რომ საქართველოსთან ომი გვქონდა. არ ვიცი, რა უნდა გააკეთოს საქართველომ ნდობის აღდგენისთვის, მაგრამ უნდა იყოს ქმედითი ნაბიჯები და არა მხოლოდ პოლიტიკური განცხადება, რომელსაც ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი არცკი კითხულობს. შეიძლება ეს იყოს აფხაზური დოკუმენტების, როგორც სამოგზაურო დოკუმენტების აღიარება ქართული მხარის მხრიდან, რომელიც ადამიანებს გადაადგილების თავისუფლებას მისცემდა.

  • მინდა დავუბრუნდე გამარჯვებისა და მარცხის საკითხს. აფხაზური მხარე მიიჩნევს, რომ ომში გაიმარჯვა, თუმცა ომს მოჰყვა მისი იზოლაცია, რამაც საბოლოოდ მძიმე გავლენა მოახდინა მის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე. ამის გამო გამარჯვების და მარცხის თანადროული არსებობა გვაქვს სახეზე. ქართულ საზოგადოებაშიც ომთან დაკავშირებული ემოციები ამბივალენტურია - ერთი მხრივ, მსხვერპლობის ნარატივი ძლიერია, როცა დაკარგულ ტერიტორიებზე, დევნილებზე, სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე ვლაპარაკობთ, თუმცა ჩვენს მარცხზე, ჩვენ საჯაროდ არ ვსაუბრობთ. როგორ ხედავს აფხაზური საზოგადოება ქართულ მსხვეპლს, თუნდაც დევნილების საკითხს?

მესმის, რომ ამის თქმა რთულია, მაგრამ მგონი არანაირიად. განწყობები და მეხსიერება განსხვავებულია. ადამიანების ნაწილი ქართველებთან მათ კეთილმეზობლურ ურთიერთობას პოზიტიურად იხსენებს. მაგალითად, ჩვენ გვყავდა კარგი ქართველი მეზობელი ქალი, რომელიც გვმალავდა და გვიცავდა ქართული სამხედროებისგან, როცა ისინი აფხაზებს ეძებდნენ მოსაკლავად. სამწუხაროა, რომ ჩვენ აღარაფერი ვიცით ამ კარგი ადამიანის შესახებ. სხვები საუბრობენ იმაზე, რომ მათმა მეზობელმა ქართველებმა მათი სახლები დაიკავეს და გაძარცვეს, როცა გუდაუთაში გადავიდნენ და სახლების დატოვება მოუწიათ. ამდენად, ვისაც კარგი ადამიანური ურთიერთობები ჰქონდა ქართველ მეზობლებთან, ისინი ნანობენ მომხდარს, ომს. ზოგი იმასაც ითხოვს ქართველებისგან, რომ ომის დროს აფხაზების გვერდით უნდა დამდგარიყვნენ. მაგალითად, ომის დროს პირველად დაიცხრილა სოფელი ტამიში და აფხაზების ნაწილის თქმით, იმ დროს ქართველები ომის წინააღმდეგ რომ დამდგარიყვნენ, შეიძლება ომი არც მომხდარიყო. ცხადია, მე მესმის, რომ მაშინ ქართველებმა კონფლიქტის მასშტაბი და შედეგები სათანადოდ ვერ შეაფასეს და თავი უსაფრთხოდ იგრძნეს, როცა ქართული ჯარი დაინახეს. თითქოს ქართველები ვერ ხვდებოდნენ, რა ხდებოდა სინამდვილეში და რა იყო არანორმალური მომხდარში. მაგალითად, როცა მე მშობლებმა ომის დროს სანქტ-პეტერბურგში გამიშვეს ნათესავებთან, ჩემი ქართველი მეზობელი კითხულობდა, თუ რატომ წავედი, ხომ ყველაფერი კარგად იყო?! როცა კიტოვანი შემოვიდა, ადგილობრივი კრიმინალური ჯგუფებიც მას შეუერთდნენ. ისინი არაქართულ მოსახლეობას ავიწროებდნენ და ძარცვავდნენ. მძიმე დრო იყო.

დევნილების სახლების გამოყენებაზე განწყობებიც სხვადასხვაა. მაგალითად, ჩემს აფხაზ მეზობელს, რომელსაც ქმარი სომეხი ჰყავს, სახლი დაუწევს. ეს იმის გამო, რომ ის დეპუტატი იყო აფხაზური მხრიდან. როცა ისინი დაბრუნდნენ, იმ სახლში დასახლდნენ, სადაც უნდოდათ. ჩემი აზრით, დევნილების ქონების ნაციონალიზება უნდა მომხდარიყო და სახელმწიფოს კონკრეტული ოჯახებისთვის ეს ბინები დროებით უნდა გადაეცა, სანამ ამის საჭიროება არსებობდა, თუმცა ამის კონტროლი მაშინ რთული იყო.

  • როგორია აფხაზური ნაციონალიზმი დღეს? როგორ იცვლებოდა აფხაზური ნაციონალური პროექტი, თვითიდენტიფიკაცია წლების განმავლობაში და როგორია ამ პროექტში სხვა ეთნიკური უმცირესობების ადგილი?

სამწუხაროდ, რეალობა უარესობისკენ იცვლება. ყოფით დონეზე ეს შედარებით ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ თუ პოლიტიკური ასპექტიდან შევხედავთ, ეთნიკურ უმცირესობებს ადგილობრივ დონეზე და პარლამენტში წარმომადგენლები არ ჰყავთ. ომის შემდგომ პერიოდში სხვა ეთნიკური ჯგუფების მცირე წარმომადგენლობა კიდევ შენარჩუნდა, გვყავდა 2 სომეხი, 1 რუსი და 1 ქართველი წარმომადგენელი გალის რაიონიდან, მაგრამ ახლა ესეც აღარ არის. მე არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი სახელმწიფო ეთნიკურ ნაციონალიზმზეა ორიენტირებული, მაგრამ კონსტიტუციაში წერია, აფხაზი ერი წარმოადგენს სახელმწიფოს დამდგენ ეთნოსს და ქვეყნის პრეზიდენტი შეიძლება იყოს მხოლოდ აფხაზი, ვინც აფხაზური ენა იცის. არააფხაზი მოსახლეობაც ხომ უნდა წარმოადგინოს პოლიტიკურმა სისტემამ, მაგრამ ახლა ასე არ ხდება. აფხაზი პოლიტიკოსები, ვინც ძალაუფლებაში არიან, კარგად ხვდებიან, რომ ეს პრობლემაა, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ამ კუთხით ნაბიჯები იდგმება.

წარმომადგენლობის პრობლემა ჩვენ არა მხოლოდ ეთნიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით გვაქვს. იგივე სიტუაცია გვაქვს ქალებთან დაკავშირებითაც, რომლებიც განდევნილები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან.

  • როგორ არის გალის მოსახლეობა დანახული აფხაზურ საჯარო დისკურსში? ჩვენ ვხედავთ, რომ მათი უფლებრივი მდგომარეობა მძიმეა და მათი ინტერესები გამოტოვებულია ორმხრივად, როგორც სოხუმის, ისე თბილისის მხრიდან. ის ფაქტორი, რომ ისინი დარჩნენ ამ ტერიტორიაზე, ეს როგორ აისახება მათზე შექმნილ პოლიტიკურ წარმოდგენებში სოხუმში?

გალის მოსახლეობასთან დაკავშირებული აღქმები ასევე განსხვავებულია. უფრო დიდი ნაწილის წარმოდგენაა, რომ ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან. მოსახლეობის უმრავლესობა ნამდვილად არ ფიქრობს, რომ ისინი უნდა გავასახლოთ; მხოლოდ მცირე ნაციონალისტური ჯგუფები არსებობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქართული პასპორტები აქვთ და დაე, წავიდნენ საქართველოში. როგორც გითხარით, მოსახლეობის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, რომ მათი პირადი დოკუმენტების საკითხი უნდა მოწესრიგდეს და უსამართლობა იყო, როცა აფხაზური პასპორტები წაართვეს და ამით წაართვეს პოლიტიკაში მონაწილეობის შესაძლებლობა.

ყოფით დონეზე განსხვავება არ ჩანს. გალელები გადაადგილდებიან აფხაზეთში, ბაზარში ქართულ ენაზე საუბარსაც კი გაიგებ, ქართული ენა ისმის ქუჩებში სეირნობის დროსაც. ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მისაღებია. საგულისხმოა აქვე, რომ ერთადერთი აქტორი, ვინც გალის რაიონის საკითხს აყენებს საჯარო სივრცეში, ეს ჩვენი სახალხო დამცველი, ასიდა შაკრილია.

  • როგორ აღწერდით, რა არის მთავარი სოციალური და ეკონომიკური პრობლემები აფხაზეთისთვის?

ჩვენთან ბევრი ტურისტია, განსაკუთრებით პანდემიისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ, თუმცა ჩვენი სოციალური ინფრასტრუქტურა ამდენ ადამიანზე გათვლილი არ არის და ეს ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის. ვგულისხმობ კანალიზაციას, წყლის მომარაგებას, ნაგვის სისტემებს, რომელიც ჩვენთან ძველი და ჩამორჩენილია. ჩვენ არ გვაქვს ნაგვის გადამუშავების სისტემა და იმის გამო, რომ აფხაზეთი პატარაა, ნაგვის გატანა სადღაც ახლოს გვიწევს მაინც. მით უფრო, რომ ჩვენთან ბევრი მდინარეა და თუ ნაგავი ამ ადგილებში იყრება, ის საბოლოოდ ზღვაში ჩადის და შავ ზღვას აბინძურებს. გარემოსდამცველებს ჩვენთან საკმარისი გავლენა არ აქვთ, რომ დაადგინონ მაგალითად, რამდენი ადამიანის შემოსვლის შესაძლებლობაა აფხაზეთში, იმგვარად რომ ამან ადგილობრივი ეკოსისტემა არ დააზიანოს. შარშან დაახლოებით 3 მილიონი ტურისტი შემოვიდა აფხაზეთში, მათ შორის არიან ადამიანები, ვინც მხოლოდ 1 დღით შემოვიდა ექსკურსიის მიზნით, წელს მგონია, რომ გაცილებით მეტი ტურისტი შემოვიდა აფხაზეთში.

რა თქმა უნდა პრობლემურია ჩვენი ენერგოუსაფრთხოება. ჩვენი ელექტროენერგიის 80 % დამოკიდებულია ენგურჰესზე და როცა ენგურჰესზე პრობლემები წარმოიშობა, ენერგიას რუსეთი გვაწვდის. ჩვენ უნდა ვავითარებდეთ მწვანე ენერგეტიკას, მზის ბატარეებს, მდინარეებზე მცირე ჰესებს.

ჩვენთან აკრძალულია მიწის გასხვისება არააფხაზზე. შეიძლება მხოლოდ მასზე აგებული ნაგებობების გაყიდვა, მაგრამ ადამიანები მაინც ახერხერხებენ, მიმართავენ გარკვეულ ხრიკებს: როგორც წესი, აფხაზის სახელზე აფორმებენ ნასყიდობის ხელშეკრულებებს, თუმცა ხშირად რუსეთის მოქალაქეებიც რისკავენ ამ პროცესში. იყო არაერთი შემთხვევა მათი მოტყუების. მაგალითად, დაფიქსირდა ერთი და იგივე ბინის რამდენჯერმე გასხვისების შემთხვევა.

ჯერ კიდევ გვიმართლებს, რომ ჩვენთან მსხვილი წარმოება არ არის, რაც გარემოს დააზიანებდა. გაგვიმართლა, რომ ჩვენ მოვახერხეთ ნავთობის მოპოვების გაჩერება 4 წლის წინ. უკვე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები და რუსული კომპანია აპირებდა მოპოვების დაწყებას, მაგრამ ხალხმა გააპროტესტა ეს პროცესი და პროექტი გავაჩერეთ.

ზოგადად ჩვენთან პროდუქტები ძირითადად რუსეთიდან და თურქეთიდან შემოდის: სამშენებლო მასალები და ტანსაცმელი ძირითადად თურქეთიდან, საკვები პროდუქტები კი რუსეთიდან. მცირე პროდუქტი შემოდის საქართველოდანაც, ძირითადად ყველი და ყურძენი, მაგრამ ძალიან მცირე ოდენობით.

ჩვენთან მაღალი იყო შრომითი მიგრაცია შუა აზიიდან, მაგრამ ახლა ეს ტენდენცია შემცირდა, რადგან რუბლი გამყარდა და მათთვის მომგებიანი აღარ არის ჩვენთან მუშაობა. მიუხედავად ამისა, შუა აზიიდან შრომითი მიგრანტები ჩვენთან მაინც აქტიურად ჩანან. ისინი მუშაობენ მშენებლობაზე, ალაგებენ ქუჩებს. ახალგაზრდები ადრე რუსეთში მიდიოდნენ სამუშაოდ, მაგრამ ახლა ნაკლებად, ისინი ძირითადად საინფორმაციო ტექნოლოგიების, ასევე მედიცინის სფეროში მიდიან.

  • სოხუმის გარეთ, სხვა პერიფერიულ რეგიონებში როგორია განვითარების ხარისხი? თვალშისაცემია ეკონომიკური უთანასწორობა?

ახლა სიტუაცია მცირედით იცვლება. მაგალითად, გაგრა და ბიჭვინთა ყოველთვის იყო საკურორტო ზონა. ზაფხულობით იქ სიცოცხლე ჩქებს, აფხაზეთის სხვა რეგიონებიდან ხალხი ჩადის სამუშაოდ იქაურ პანსიონატებში, სანატორიუმებში, მაგრამ ზამთარში იქ ადამიანების რაოდენობა მცირდება. აი, აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილი კი მკვდარია. მაგალითად, ტყვარჩელის რაიონში მხოლოდ 3000 ადამიანი ცხოვრობს, განსაკუთრებით მეშახტეების რაიონში ადამიანები თითქმის აღარ დარჩნენ. აღმოსავლეთ აფხაზეთში მხოლოდ სოფლის მეურნეობაა განვითარებული. არსებობს აგროფერმები, რომელიც მათ შორის, თურქული დიასპორის მხარდაჭერით განვითარდა. თურქები ზიანს აყენებენ ჩვენი ზღვის რესურსებს - თევზს ისეთი ტექნოლოგიით მოიპოვებენ, რომ პატარა თევზებსაც ხოცავენ და თევზის ბუნებრივი კვლავწარმოება ირღვევა. ჩაატარეს კვლევა და ამბობენ, რომ 15 წელი მაინც სჭირდება აკვატორიის ნორმალური მდგომარეობის აღდგენას სოხუმთან.

  • როგორია სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობა აფხაზეთში, მაგალითად, შშმ პირების, ქალების?

ჩვენთან შშმ პირების რაოდენობა 25 000-ს აღწევს. ეს ძალიან დიდი ციფრია. მათ შორის, თუ არ ვცდები, 700 არის იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ომის შემდეგ ნაღმზე აფეთქდა. ჩვენთან იყო მნიშვნელოვანი გამოწვევა ჯანდაცვის კუთხით, ბევრი ბავშვი ცერებრული დამბლით (თავის თვინის დაზიანებით) იბადებოდა, რადგან არ იყო ადრეული დიაგნოსტირების საშუალებები და გენეტიკური ტესტები.

ახლა უფრო წამოვიდა მრავალშვილიანობის პრაქტიკა. ჩვენთან ბევრი დაუქორწინებელი ქალია, იმიტომ რომ ომის დროს ბევრი კაცი დაიღუპა და იმ თაობის ქალებისთვის რთულია დაქორწინება, ან მათმა ნაწილმა ადრეულ ასაკში დაკარგა ქმარი. ახლა 35 წლის და უფრო ქვემოთ ქალები ცდილობენ ბავშვები გააჩინონ, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეა და ცხოვრება გაძვირებულია. ვერ ვიტყვი, რომ სახელმწიფო დედებს ხელს უწყობს. ამით აიხსნება თუნდაც ის, თუ რატომ იღებს ხალხი რუსეთის მოქალაქეობას, იმიტომ რომ იქ თუნდაც უკეთესი სოციალური მხარდაჭერაა დედებისთვის და ბავშვებისთვის. ჩვენთან ორმაგი მოქალაქეობა მხოლოდ რუსეთთან არის დაშვებული, მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში არ კარგავს ადამიანი აფხაზეთის მოქალაქეობას. ამ ფაქტორითაა გამოწვეული, რომ ხალხი ამ პროცესში მარტივად ერთვება.

  • დიდ მადლობას გიხდით გულახდილი და საინტერესო დიალოგისთვის.

თქვენც დიდი მადლობა ამ კითხვებისთვის. ზოგჯერ, როცა სხვა ქართველებს ვაძლევ ინტერვიუს, მათ ჩვენი რეალობის მიღება არ შეუძლიათ. კარგია, რომ თქვენ უფრო მეტი რამე გაინტერესებდათ ჩვენი საზოგადოების შესახებ.

მასალა მომზადდა გაერთიანებული ერების საქართველოში ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. მასალის შინაარსი არ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პოზიცია.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“