[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

პოლიტიკური ფანტაზია, რომლის გარეშეც შეუძლებელია

რეჟისორი და სცენარისტი ვარ და თითქმის 20 წელი ვიმუშავე პეტერბურგის ერთ-ერთ თეატრში. ჩემი ნამუშევრების უმეტესობას სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი ჰქონდა და ხშირად, მათ აქტივისტებთან ერთად ვაკეთებდი. ალბათ ცოტა ირონიულიცაა, მაგრამ ბოლო ნამუშევარი, რომელიც პეტერბურგში დავტოვე, „ვეფხისტყაოსანი“ იყო, რომელიც სწორედ პოლიტიკური მიზეზებით არ დამასრულებინეს, ხოლო დეკორაციები ჯერ კიდევ ელიან თავიანთ დროს.

2010 წლიდან აქტივისტთა ჯგუფებთან ერთად ვდგამდი პოლიტიკურ პერფორმანსებს. მინდოდა, საზოგადოების ყურადღება მიმემართა ამა თუ იმ პრობლემისკენ. ადამიანებმა, რომლებიც სწორ რაღაცებს ამბობენ, ყოველთვის არ იციან, როგორ გააკეთონ ეს ცხადად და თვალნათლივ. შესაბამისად, ჩემი მიზანი იყო, შემექმნა ისეთი სურათი, რომელიც გასაგები იქნებოდა ფართო მასებისთვის და საზოგადოებაში ხმაურს გამოიწვევდა.

2015 წლიდან ვხელმძღვანელობდი ფემინისტურ პროექტს „ევას ნეკნები“. ვმუშაობდით, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია ან როგორც საინიციატივო ჯგუფი. ბოლო დროს ოფიციალურად აღარ ვარეგისტრირებდით ორგანიზაციას, რათა „აგენტების შესახებ“ კანონი არ შეგვხებოდა. ჩვენი საქმიანობა ისედაც განიხილებოდა, როგორც ე.წ. პოლიტიკური. სერვისებს კი არ ვთავაზობდით, არამედ ვცდილობდით, საზოგადოების ყურადღება მიგვეპყრო გენდერულ უთანასწორობასა და ანტისაომარ დღის წესრიგზე.

სანამ რუსულ წინააღმდეგობის მოძრაობაში ვიყავი, ვაკვირდებოდი ბევრ ქვემოდან წამოსულ ინიციატივას, ოპოზიციურ ჯგუფებს და ათასობით ადამიანს, რომელსაც სურდა, რაღაც შეეცვალა, მაგრამ ისინი დამარცხდნენ.

ახლა, როცა მსგავს სიტუაციას, სამწუხაროდ, საქართველოში ვხედავ, მნიშვნელოვანი მგონია, მივყვეთ რუსული პროტესტის რეტროსპექტივას და გავიგოთ, რა იყო ამ მარცხის მიზეზი.

----

უნდა აღვნიშნოთ, რომ პოლიტიკური ინდოქტრინიზაცია ბავშვობიდანვე იწყება. ნარატივი, რომ პოლიტიკა ბინძურია და ასევე, ჩვენი საქმე არ არის, სკოლიდან იღებს სათავეს და უმაღლეს სასწავლებლებში გრძელდება. პოლიტიკური პასიურობა ინერგება, როგორც ცხოვრების სტილი, როგორც კულტურული კოდი. რუსებს თავიდანვე, თანამიმდევრულად უნერგავენ აზრს, რომ 1) ისინი უფრო მაღლა დგანან; 2) და ისინი, ვისაც ევალება, მათ გარეშეც გაერკვევიან. ეს დასწავლილი უსუსურობაა, რომელიც იმალება პათეტიკური მოსაზრების ქვეშ, რომ ეს ყველაფერი შენი პირადი გადაწყვეტილებაა.

ეს ოჯახების მეხსიერებაცაა, რადგან რეპრესიები, როცა შეეძლოთ პოლიტიკური ანეკდოტის გამო დაეპატიმრებინე ან დაეხვრიტე, ჯერ კიდევ ცოცხალია.

როცა ამ ჰომოგენურ დღის წესრიგში ვინმეს მაინც უღვივდება ინტერესი − ეს ყოველთვის დიდი ძალისხმევის შედეგი და დიდი ნაბიჯია.

შემდეგ ადამიანები თანამოაზრეთა ძიებას იწყებენ.

იწყებენ საინიციატივო ჯგუფებში გაწევრიანებას, მიტინგებზე სიარულს და იქ სხვა ადამიანების გაცნობას.

თანამოაზრეები არც ისე ბევრნი არიან. თუკი რუსულ ოპოზიციურ სპექტრს გადავავლებთ თვალს, რომელსაც 2022 წლის შემდეგ მოუწია ქვეყნის დატოვება, ის ასე გამოიყურება:

- მემარცხენეები და კომუნისტები, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან საბჭოთა წარსულში დაბრუნება სურთ;

- მემარჯვენეები. მათ სურთ, გაწმინდონ ქვეყანა არასლავური გარეგნობის ადამიანებისგან, მაგრამ ამავდროულად, ყველა იმ რესურსისა და დოვლათის გამოყენება უნდათ, რომელიც სწორედ ამ ხალხებს ეკუთვნის;

- ლიბერტარიანელები − მათ ბაზრის დერეგულაცია და მთელი სოციალური სისტემის მოშლა სურთ და არად აგდებენ იმ ეკონომიკურ კრახს, რომლის წინაშეც აღმოჩნდა იმ ქვეყნების მოსახლეობა, სადაც ამგვარი რეფორმები განხორციელდა;

- ლიბერალები − ისინი დღევანდელ ხელისუფლებას კორუმპირებულად მიიჩნევენ და მის დამხობაზე ოცნებობენ. ამავდროულად, მილიტარიზმის, გენდერის, ეკოლოგიისა და კოლონიალიზმის საკითხები ნაკლებად ან საერთოდ არ აღელვებთ;

- და ასევე, არსებობს რაღაც სამოქალაქო ინიციატივები, სადაც კარგი საქმეების კეთება შეიძლება: მაგალითად, პოლიტიკით დაინტერესებულ ადამიანებთან ერთად ცხოველების დახმარება.

თანაც, ყველა „დიადი ქვეყნის“ ალმით გამოდის. თავად იმპერიის ფორმა არავის უჩენს კითხვებს და პრობლემად არ აღიქმება. ესაა კულტურული კოდი, რომელიც ძალიან რთული დასაძლევია. თვით ის რუსებიც, რომლებიც უკრაინას მხარეს იბრძვიან ლეგიონში − „თავისუფალი რუსეთი“, სრულიად მემარჯვენე დღის წესრიგს იზიარებენ „ძლიერი, თავისუფალი ქვეყნის შესახებ“. ომის მიზეზთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს იმპერიის კოლონიალურ აზროვნებას, მაგრამ ამას, როგორც წესი, არავინ აანალიზებს.

ნაციონალური, დეკოლონიალური ინიციატივები, როგორიცაა „თავისუფალი ბურიატია“ და „თავისუფალი იაკუტია“, მხოლოდ 2022 წლის შემდეგ გახდა ხილული. თუმცა, მალევე ექსტრემისტულ ორგანიზაციებად ცნეს და აკრძალეს.

ამგვარი განსხვავებული საზოგადოებები მაინც ახერხებდნენ გაერთიანებას და მრავალათასიან საპროტესტო მიტინგებზე გამოსვლას. ყველაზე დიდი აქციები 2011 და 2012 წლებში იმართებოდა - საპარლამენტო არჩევნების დროს, როცა საპრეზიდენტო პარტიის, „ერთიანი რუსეთის“ სასარგებლოდ გაყალბდა არჩევნები და საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როცა პუტინმა გადაწყვიტა, მესამედ ეყარა კენჭი.

ყოველ კვირა დღეს დიდ ქალაქებში მიტინგები და მსვლელობები იმართებოდა, ხშირად, ძლიერი ყინვების დროსაც. პეტერბურგში, როცა ტემპერატურა -24 გრადუსამდე ჩამოდის, მსვლელობა სასიამოვნო ნამდვილად არაა, მაგრამ ადამიანები მაინც გამოდიოდნენ.

ყველა ერთს ფიქრობდა: „ახლა ვაჩვენებთ, რომ უმრავლესობა ჩვენ ვართ, ხელისუფლება მიხვდება, რომ სწორად არ იქცევა, ბოდიშს მოიხდის და წავა“. როცა საპროტესტოდ პოლიტიკურად სრულიად გამოუცდელი გამოდიხარ, ვერ ვხვდები, რომ რაღაც გეშლება. ველოსიპედს თავიდან იგონებ. თანაც, ცნობილი ოპოზიციონერები გეუბნებიან − გამოდით და გავიმარჯვებთო. თავადაც ჰგონიათ, რომ სწორედ ასე მოხდება, თუმცა ამ მოსაზრებას არაფერი ამყარებს.

მაგრამ მაშინ, როცა პროტესტის ათასობით მონაწილე, და მათ შორის უამრავი რეგიონიდან ჩამოსულიც, მიუხედავად იმისა, რომ მატარებლებიდან ყრიდნენ, თვითმფრინავში არ უშვებდნენ, ბორბლებს უხვრეტდნენ და ა. შ. მოსკოვის მოედანზე იკრიბებოდა, მართლაც ჩნდებოდა განცდა, რომ უმრავლესობა ჩვენ ვიყავით. და ეს მცდარი შთაბეჭდილება იყო.

როგორც ბევრი ჩემი კოლეგა, მეც ვაკვირდებოდი არჩევნებს. ჩემს უბანზე ბიულეტენებიც ჩაყარეს და ხმებიც არასწორად დაითვალეს. საარჩევნო უბნის უფროსი მოვიდა და მკითხა, ხომ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ ოქმში პუტინისთვის ხმები მოემატებინა, ხოლო დანარჩენებისთვის − დაეკლო. უფრო იმისთვის იბრძოდნენ, რომ პროცენტი გამაოგნებელი ყოფილიყო. საარჩევნო ყუთისთვის თვალი რომ არ მოგეცილებინა, ცხადად დაინახავდი, რომ რეალურად, უმრავლესობამ სწორედ მას მისცა ხმა. მართალია 70 პროცენტმა არა, მაგრამ 40-მა − ნამდვილად. ეს გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ყველა დანარჩენი კანდიდატისა. თანაც, საკმაოდ ოპოზიციურად განწყობილ პეტერბურგში.

2012 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბოლოტნაიას მოედანზე ნამდვილი ცემა-ტყეპა გაიმართა. ხალხმა ჯაჭვი შეკრა, OMON-ი აწვებოდა, უმოწყალოდ სცემდნენ ადამიანებს და გაქცევაც შეუძლებელი იყო, რადგან მთელ პერიმეტრზე ალყა შემოგვარტყეს ძაღლებით. თუნდაც ვინმეს ეცადა გაქცევა, ჩანდა, რომ OMON-ის კორდონების იქით ჯარი იდგა. გვახსოვს, როგორ დახვრიტეს 1993 წელს თეთრი სახლის წინ ხალხი და ვიცოდით, რომ რუსულ არმიას არ გაუჭირდებოდა, ტანკებიდან ესროლა.

აქ ისევ გაჩნდა კიდევ ერთი მცდარი შთაბეჭდილება. როცა მოვლენების შუაგულში ხარ, როცა ხედავ ტუალეტებისგან აშენებულ ბარიკადებს, როცა ჯაჭვში დგახარ, როცა პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავენ, გგონია, რომ ეს ყველამ იცის, მთელმა ქვეყანამ. არადა, ასე არ არის.

ელაპარაკები ახალგაზრდებს − სატვირთოების მძღოლებს, კულტურის მუშაკებს, მუშებს და არავინ არაფერი იცის.

ისე კი, მილიონი ადამიანიც რომ გამოსულიყო, მაინც რუსეთის მთელი მოსახლეობის ერთ პროცენტზე ნაკლები ვიქნებოდით.

ოპოზიციას ქალაქელი ინტელიგენციის იმედი ჰქონდა. ძირითადად − დედაქალაქის მაცხოვრებლების და ოპოზიციური მედიისა. ქალაქელი ინტელიგენცია და რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა კი ორი სრულიად განსხვავებული სამყაროა.

ქალაქელ საზოგადოებას ეს ხშირად არ ესმის.

ერთი წლის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის ფრონტიდან დაბრუნებული რუსი ჯარისკაცები იძულებულნი გახდნენ, მოსკოვი დაეტოვებინათ და ნოვოსიბირსკში წასულიყვნენ. მოსკოვში ფორმიანებს ზიზღით უყურებდნენ. ციმბირში კი გმირები არიან.

პეტერბურგელ ქალებს ხშირად არ სჯერათ, რომ ისეთ რეგიონებში, როგორებიც ვოლგოგრადი ან პენზაა, მილიონი ან მილიონნახევრიანი მოსახლეობით, ომის მხარდაჭერა თითქმის 100%-მდეა. ესეც კიდევ ერთი მცდარი შთაბეჭდილებაა, რომელიც სოციალურ „ბუშტში“ ჩნდება.

ეს განსხვავება საქართველოშიც შესამჩნევია. თბილისელ ახალგაზრდებს რომ გაიცნობ, გიჩნდება განცდა, რომ პროევროპული განწყობები საყოველთაოა. აქ ინგლისურად საუბრისას არაერთ თანამოსაუბრეს აღუნიშნავს, რომ რუსულიც იცოდა და იმიტომ ისწავლა, რომ მშობლებმა უთხრეს − „მტრის ენა უნდა იცოდე“.

მაგრამ თუ ბათუმში ან ქუთაისში ხარ, მაშინ მოვლენ და რუსულად გეტყვიან, რა მშვენიერი ქვეყანაა რუსეთი და რომ ის მალე გაიმარჯვებს. ამას არ ელი და ყოველთვის შიში გეუფლება.

კურტ ვონეგუტის ანტისაომარ რომანში „იავნანა კატისათვის“, ყველაფერი, რასაც წყალი ეხება, ყინულად იქცევა. და ასევე ემართება ყველაფერს, რაც რუსულად გესმის − იქიდან მხოლოდ რუსული პროპაგანდა მოედინება. ზიხარ საქართველოში, თავისუფალ, დემოკრატიულ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქის პირით რუსეთი გელაპარაკება. შეუძლებელია, ეს იმპერიული ენა რაიმეში აგერიოს.

იმპერიულ იდეას საერთოდ არ ამუშავებენ რუსი ოპოზიციონერები. უფრო მეტიც, გიჩნდება განცდა, რომ ამ ყველაფერს მხარს უჭერენ და ღიად საუბრობენ რუსეთის ამჟამინდელ საზღვრებში დარჩენის აუცილებლობაზე, რადგან ის მაინც „დიადი ძალაა“. გარდა ამისა, მოსწონთ ელცინი, რადგან მან „ჩეჩნური სეპარატიზმი ჩაახშო“. ეს ჩანს ცალკეულ რეპლიკებშიც, როცა, მაგალითად იულია ნავალნაია ღიად უარყოფს ქვეყანაში დეკოლონიური რიტორიკის შესაძლებლობას.

თუმცა ყველაზე დიდი საშინელება, რაც, ჩემი აზრით, არ ეპატიებათ ლიბერალური ოპოზიციის რუს ლიდერებს, ის ქმედებებია, რომლებსაც პროტესტის კულტს ვუწოდებ, ანუ იმ ქმედებების დაუსრულებელ გამეორებას, რომლებსაც ცვლილებები არ მოჰყვება,

არის ერთი მემი სტუდენტის ოცნებების შესახებ, სადაც მის ცხოვრებისეულ გეგმებში პირველი წერტილი დიპლომია, შემდეგ რამდენიმე ცარიელი ადგილია, ბოლოს კი, ის საკუთარ ვილაში ზის, ბევრი ფული აქვს და ოკეანის ხედით ტკბება. ეს ყველაფერი მხოლოდ დიპლომის დამსახურება ხომ არ არის?

მიტინგებზე თუ ვდგავართ, ეს არანაირად არ მოასწავებს იმას, რომ ხელისუფლება წავა. პირველ წერტილსა და მეექვსეს შორის აუცილებლად უნდა იყოს მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წერტილები. სხვანაირად არაფერი შეიცვლება.

რა ხდებოდა რუსეთში? იყვნენ პირობითად „პატიოსანი მოქალაქეები“, რომლებსაც ძალიან უნდოდათ, რაღაც შეეცვალათ, მაგრამ გულუბრყვილობა იყო. ოპოზიციის ლიდერები, მათ მუდმივად უმეორებდნენ: „აი, გავალთ მიტინგზე და ვუჩვენებთ, რომ ვარსებობთ. პირველი წერტილი - ვუჩვენებთ, რომ ვარსებობთ. მეექვსე წერტილი - რეჟიმი დაეცემა. გეგმიდან მთლიანად იყო ამოვარდნილი იყო მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე წერტილები. მარტო ის, რომ გამოვედით და პლაკატებით დავდექით, რეჟიმის დაცემას არ მოასწავებდა. კარგ, მაგრამ გულუბრყვილო ადამიანებს, რომელთაც ოპოზიციის იმედი ჰქონდათ, არასწორი მოლოდინები გაუჩნდათ. ფიქრობდნენ: „გამოვედი, გავრისკე, გავაკეთე ყველაფერი, რაც შემეძლო“. ასე ჩანაცვლდა „პოლიტიკური მიზნის მიღწევა“ „სუფთა სინდისით“.

მაგრამ თუკი ოპოზიციონერი ხარ, წესიერი მოქალაქეების ენერგია იმაზე უნდა დახარჯო, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, და არა იმაზე, რომ ამ მოქალაქეების სინდისი დაამშვიდო. არადა, არავითარი პოლიტიკური სტრატეგია არ შეგიმუშავებია. მოქალაქეთა ენერგია მარტო იმისათვის გამოიყენე, რომ პოლიტიკური ქულები ჩაგეწერა.

რუსეთში ძლიერია ვერტიკალური ურთიერთობები. ამიტომაც, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლიბერალური ოპოზიციის ლიდერებს. საზოგადოებას, რომელსაც თვითორგანიზება არ შეუძლია, ყოველთვის ლიდერის იმედი აქვს. თუკი პრეზიდენტი არასწორად ლაპარაკობს, ოპოზიციონერებს შევყურებთ, აბა, რას იტყვიან. ხოლო თუკი ოპოზიციონერიც შეცდება, მერე აღარავინ იცის, როგორ მოიქცეს. ყველა ისე მოელოდა ცვლილებებს, რომ ადამიანები ვერ იჯერებდნენ, რომ ოპოზიციაც ისევე არასწორად იქცეოდა, როგორც ხელისუფლება.

სამოქალაქო საზოგადოება რუსეთში ექოს პრინციპით მოქმედებდა. ხურავენ საავადმყოფოებს? დავდგებით საავადმყოფოების დასაცავად. დაიჭერენ ვინმეს? დავდგებით პლაკატებით „თავისუფლება პატიმარს!“ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი შეტევაზე არ გადავალთ, თუკი ვერ შევძლებთ საკუთარი დღის წესრიგის შემუშავებას და მუდამ ხელისუფლების ქმედებებს ვუპასუხებთ, ყოველთვის დავმარცხდებით.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორ მუშაობს რუსეთში რეპრესიული მანქანა, როგორ ტრიალებს მისი ბორბალი და რამდენი ადამიანია ციხეში, რამდენი აწამეს ან მოკლეს პოლიტიკური მიზეზებით, როგორც ჩანს, გამარჯვება მაინც შეუძლებელი იყო. მაგრამ, მეორე მხრივ, უცნაურია ბრძოლისას ისეთი მეთოდები გამოიყენო, რომლებიც ნამდვილად არ მუშაობს და სხვა არაფერი სცადო.

ერთხელ, როდესაც რუსეთში უკვე სრულიად აკრძალული იყო ლგბტ სიმბოლიკა, რეგიონების სიმბოლიკა (უცებ და, გამოყოფა არ გადაწყვიტონ) და კიდევ ბევრი რამ, ჩვენ გამოვედით ქუჩაში გიგანტური, ოთხმეტრიანი ვაგინით და ბანერით − „ფემინიზმი შთანთქავს ყველას“. მსვლელობა ქალაქის ცენტრში ორი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. არავინ დაუკავებიათ, რადგან ხელისუფლება ვერ მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა. ეს მათთვის ბრმა წერტილი იყო, გაოგნდნენ.

შეიძლება, ეს მცირედია, მაგრამ რომ გვქონოდა წინააღმდეგობის რაღაც ინსტრუმენტები, შეიძლებოდა გვეფიქრა წარმატებულ და მოულოდნელ წინააღმდეგობის მეთოდებზე, რომლებმაც მთელ მსოფლიოში არაერთხელ ჩააგდო საგონებელში სახელმწიფოების რეპრესიული მექანიზმები.

თუ სუსტ წერტილებს გააანალიზებ, თუ პროაქტიულად მუშაობ, მაშინ შეტევაც შეგიძლია. ცხადია, რომ მაჰათმა განდის გამოცდილება 21-ე საუკუნის პოსტსაბჭოთა სივრცეში აღარ მუშაობს.

თუკი რუსულ კონტექსტს მოვწყდებით, ცხადი ხდება, რომ მემარჯვენეები მარტო რუსეთსა და ბელარუსში კი არა, უკვე საქართველოშიც მოვიდნენ. ამგვარი ვითარებაა თითქმის ყველგან. სამოქალაქო საზოგადოებას უფრო და უფრო ნაკლები შესაძლებლობა რჩება თითქმის ყველა ქვეყანაში, ხოლო რეპრესიული კონტროლის მექანიზმები ყველგან ძლიერდება.

იმისთვის, რომ მათ დაუპირისპირდე, საჭიროა სხვადასხვა სტრატეგიის გამოყენება და იმის კეთება, რასაც ხელისუფლება არ მოელის. მაგალითად ისეთი ქმედებები, რასაც პაულო ფრეირი მიმართავს, რომელიც მუშაობს იმისთვის, რომ პოლიტიკური განათლება მისცეს ზრდასრულ გლეხობას.

თავის ნაშრომში „ჩაგრულთა პედაგოგიკა“ ფეირე ამბობს, რომ განათლების მიზანი სტუდენტების ვითომ ცარიელი ცნობიერების შევსება კი არ არის, არამედ მსოფლიოში რეალურად არსებული პრობლემების მათ წინაშე დაყენებაა.

ფრეირის მიზანი მხოლოდ წიგნიერების გავრცელება კი არ იყო, არამედ ის, რომ წერა-კითხვის არმცოდნე ზრდასრულებს გაეცნობიერებინათ საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა სამყაროში, რასაც აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა ცვლილებების სურვილი.

ამ ბრძოლაში, ჩვენს ბრძოლაში − ორ, სამ, ოთხ და ხუთზე მეტი წერტილი კი არა, წერტილთა უსასრულო რაოდენობა გვჭირდება. ბევრი სხვადასხვა რამ უნდა ვცადოთ მანამ, სანამ არ გავიმარჯვებთ. ერთმა ჩემმა უფლებადამცველმა კოლეგამ თქვა: „ახალმა შეზღუდვებმა ბიძგი უნდა მისცეს ჩვენს ფანტაზიას“.

მაგრამ, თუკი არ განვავითარებთ პოლიტიკურ ფანტაზიას, თუკი არ შევიმუშავებთ წინააღმდეგობის ახალ სტრატეგიებს, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, დედამიწაზე აღარ დარჩეს ადგილები, სადაც ემიგრაციაში წასვლა ან გაქცევა შეგვეძლება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“