საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ინტერვიუს საქართველოსთვის გარდამტეხ, მნიშვნელოვან არჩევნებამდე სამი დღით ადრე ვატარებთ. თითოეული ჩვენგანი აცნობიერებს 26 ოქტომბრის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ქვეყნის მომავლისთვის. ვფიქრობ, საზოგადოებაში, ერთი მხრივ, არის რადიკალური, მოულოდნელი ცვლილებების მოლოდინი და მზაობაც, თუმცა, ამავე დროს, შიში და შფოთვაც, ქვეყნის ბუნდოვან მომავალზე.
არჩევნების შემდგომ დამდგარი რეალობა ორმაგად რთული აღმოჩნდა. ხელისუფლებამ მოულოდენლად ღიად თქვა უარი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე, ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ორგანიზებულ მასობრივ მშვიდობიან პროტესტს კი სასტიკი ძალადობით და რეპრესიებით უპასუხა. ბოლო დღეებში 500-მდე ადამიანი დააკავეს. სახალხო დამცველი და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები დაკავებული პირების მიმართ სასტიკ მოპყრობას და ძალადობას წამებად აფასებენ.
ანტიევროპული პოლიტიკის და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის დამყარების მცდელობის საპასუხოდ საქართველოს მოქალაქეები თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და სხვა ქალაქებში უნიკალურ თვითორგანიზებას აჩვენებენ და უწყვეტ პროტესტს მიმართავენ. პროტესტის დეცენტრალიზებული სტრატეგია და შემოქმედებითობა ამაღელვებელია და დღითიდღე სულ უფრო საინტერესო შინაარსს, სიმბოლურობასა და ფორმებს იძენს.
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს მოქალაქეების ამ საყოველთაო პროტესტის და წინააღმდეგობის დელეგიტიმაცია და ზოგჯერ ისტორიული ალუზიებიც გამოიყენოს საამისოდ, მოქალაქეები ხედავენ და გრძნობენ, რომ ამ პროტესტში იბადება ახალი გამოცდილებები, რომლებიც საინტერესოდ ეპასუხება, სძლევს და კურნავს წარსულის ტრავმებსა და გამოცდილებებს.
მეხსიერების მკლევართან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთან, ნინო ჩიქოვანთან ჩაწერილი ეს ინტერვიუ საინტერესოდ ეხმიანება მიმდინარე მოვლენებს და იძლევა საინტერესო პასუხებს პოლარიზაციასთან, სამოქალაქო დაპირისპირებასთან, მეხსიერებასთან, თაობებთან დაკავშირებულ კითხვებზე.
- თქვენ იკვლევდით 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების გამოცდილებას საქართველოში. პოლარიზაციაზე მინდა გკითხოთ, როგორც პროცესზე, ფენომენზე.
რა იწვევს მას და რა გამოარჩევს საქართველოს ამჟამინდელ პოლარიზებულ კონტექსტს? რით განსხვავდება ის საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის ღრმა დაპირისპირების ადრინდელი გამოცდილებებისგან?
- 90-იანი წლების დასაწყისის და ახლანდელი პერიოდის შედარება ძალიან საინტერესო იქნება. პირველი, რითაც განსხვავდება, ის არის, რომ მაშინ ამ ვითარებაში ცხოვრების არანაირი გამოცდილება არ გვქონია. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან ერთბაშად გაჩნდა მრავალპარტიულობა. დიდი ტეხილისკენ მიმავალი ეს გზა სწრაფი და ხანმოკლე იყო და ადაპტაცია ვერ მოესწრო. როდესაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს რეალობა თავს დაგვატყდა, ვერ დაიძლია ურთიერთუნდობლობა. საერთოდ ყველაფერი უჩვეულო იყო: ის, რომ უნდა მოგეხერხებინა გელაპარაკა სხვასთან. სხვას რომ ელაპარაკო, ამისთვის პირველ რიგში უნდა მოუსმინო. თუ იმისთვის ლაპარაკობ, რომ შენ ილაპარაკო - ასე საუბარი არ შედგება. და ეს მაშინ ძალიან ხშირი იყო. ის თაობა, ვინც ამას თვალს ვადევნებდით, ძნელად ვიაზრებდით, რა ხდებოდა. მართლაც ძალიან სწრაფად იცვლებოდა ყველაფერი. იყო მეორე ფაქტორიც, რომელიც მაშინ ძალიან მძლავრად მუშაობდა. ეს იყო მუდმივად მტრის ძიება. სხვა, როგორც მტერი. ანუ ის, ვინც შენგან განსხვავდება რაღაცით - შეხედულებით, მოსაზრებით, გამოხატვის ფორმით, ცხოვრების წესით და ა.შ., - მტერია. ამას საბჭოთა ტრადიცია უწყობდა ხელს. თითქოს ათწლეულების მიღმა დარჩენილი - „ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია“ - სულ მუშაობდა. ამან, ჩემი აზრით, განაპირობა ის, რომ საქმე მივიდა სამხედრო დაპირისპირებამდე, რამაც მოიტანა წარმოუდგენელი მსხვერპლი და შედეგი, რომელსაც დღემდე ვიმკით.
იმ მოვლენების შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა. ამ წლების განმავლობაში რაღაც გამოცდილება დაგვიგროვდა, ავად თუ კარგად, ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო. 30 წელი თითოეული ჩვენგანის ცხოვრებისთვის ძალიან ბევრია, მაგრამ ზოგადად ისტორიის თვალსაზრისით არცთუ საკმარისი იმისათვის, რომ ახალი ცოდნა და გამოცდილება შეიძინო, რაღაც დაძლიო, გაიაზრო.
როგორც ჩანს, არ გვეყო ეს დრო, რაღაც ნახტომებითაც ვიარეთ, წინ წავედით, ეს ქვეყანა აღარ არის ისეთი, როგორიც 90-იანი წლების დასაწყისში იყო, მაგრამ ეს კონფრონტაციული პათოსი არსად წასულა, სულ თან მოგვყვება, ბოლო დროს კიდევ უფრო გაღრმავდა.
- ბოლო წლების განმავლობაში პოლარიზაცია გლობალურად იზრდება პოლიტიკური, გეოპოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევების ფონზე, თუმცა საქართველოსთვის ეს არ არის უცხო. ჩვენმა საზოგადოებამ 30 წლის წინ სამოქალაქო დაპირისპირების მძიმე პერიოდი გამოიარა, რომელმაც ათწლეულებით დააზიანა სოციალური კავშირები. ის შეეხო ოჯახებს, მეგობრებს, ნათესავებს, ღრმად გახლეჩილი საზოგადოების მეხსიერება ჯერ კიდევ ცოცხალია. დღეს, სხვა გეოპოლიტიკურ, ისტორიულ კონტექსტში, ეს გამოცდილება გარკვეულწილად დაბრუნდა - ახლებური ფორმებით და შინაარსებით.
მიუხედავად იმისა, რომ პოლარიზება მთელი მსოფლიოს სენია, საქართველოს სპეციფიკური გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რამდენად საშიშია არსებული დაპირისპირება, რა საფრთხეს შეიცავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მომავალი თანაცხოვრებისთვის? როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა ეს საფრთხე საზოგადოებას სათანადოდ გააზრებული?
- მე მგონია, რომ საფრთხე, რომ დიდხანს გაგვყვეს დაპირისპირების ეს შედეგი, ნამდვილად არსებობს. მაშინდელი დაპირისპირებიდან დიდხანს ვერ გამოვედით და დღესაც, პირდაპირ ყურს და თვალს ჭრის მოწინააღმდეგე მხარეების მუდმივი ურთიერთმტრობა, რომლიდანაც ვერა და ვერ გამოვსულვართ. კარგად მესმის მათი იმიტომ, რომ ბევრი მათგანის ცხოვრება ისე შეცვალა იმ დაპირისპირებამ, რომ ძალიან უჭირთ პატიება. მაგალითად, პრეზიდენტ გამსახურდიას მხარდამჭერი, ერთ-ერთი ძალიან გონიერი ადამიანი, წლების შემდეგ ამბობდა, - ვერასდროს გაპატიებთ, რომ 15 წელი ამომიგლიჯეთ ცხოვრებიდანო. როგორია? ცხოვრების 15 წელი ზოგმა მართლა მიმალვაში გაატარა, იმის გამო, რომ ვიღაცას შური არ ეძია. ზოგის ოჯახის წევრები შეეწირნენ ამას. ვიტყოდი, რომ ზოგადად ქვეყანა შეეწირა, რადგან რომ არა ეს დაპირისპირება, ალბათ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოვლენებიც სხვანაირად წარიმართებოდა.
კოლექტიური ტრავმის თეორიაში ასე ხსნიან, თუ ტრავმა არ დაიძლია, ის სულ მოგდევს და ისეთ დროს აქტუალიზდება, როდესაც შეიძლება არც ელი. ძალიან ცუდია ეს აქტუალიზაცია. ვფიქრობ, ჩვენ არ ვართ გამოსული იმ ტრავმული მდგომარეობიდან და ახლა, როდესაც ახალი საფრთხის წინაშე ვდგავართ, კიდევ იქით ვიყურებით, და იმის მიხედვით ვცდილობთ შევაფასოთ ჩვენი დღევანდელი ქმედებები, განზრახვები, ან იარლიყები მივაკეროთ ერთმანეთს.
დღეს ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ახალი დღევანდელობაში ახალგაზრდობის ჩართულობაა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში. ისე ჩანდა, რომ ისინი თითქოს გულგრილები იყვნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ახალგაზრდებს არ ამძიმებთ წარსულის ის ტვირთი, ისინი არ იწყებენ ქექვას, თუ ვინ სად იყო 10, 20, 30 წლის წინ. ეს ახალგაზრდობა ბევრად უფრო თავისუფალი და ლაღია. ამ სილაღეს ისიც აძლიერებს, რომ ისინი სხვაში - თანატოლში, უფროსში, უმცროსში, მტრის ძიებას არ იწყებენ.
-ახალგაზრდებზე მინდა გკითხოთ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველად ვართ მოწმე ისეთი ფართომასშტაბიანი დემონსტრაციებისა, სადაც პროტესტის წამყვანი ძალა ახალგაზრდები არიან. საინტერესოა, ამ პროტესტზე დაკვირვება, რეპრეზენტაციები, ერთი მხრივ, პატრიოტული სულისკვეთებისაა - მრავლადაა ეროვნული დროშები, ტრადიციული ქართული ცეკვები, მაგრამ, მეორე მხრივ, პროტესტის სიმბოლიკა, რომელსაც ახალგაზრდები ეყრდნობიან, ისეთი ღირებულებებითაა გაჟღენთილი, როგორიცაა თანასწორობა, თავისუფლება, მრავალფეროვნების პატივისცემა, და ა.შ.ზოგადად, 2023 და 2024 წლებში ახალგაზრდების მასობრივი მობილიზება სრულიად ახალი.
თქვენი აზრით, რა არის საქართველოში მიმდინარე წინააღმდეგობის მოძრაობაში ახალგაზრდების ჩართვის მთავარი მოტივატორი? რამ გამოიწვია დღევანდელი პროტესტის მონაწილე ახალგაზრდების პოლიტიკურ ცნობიერებაში ეს მნიშვნელოვანი გარდატეხა?
- ერთი სტერეოტიპი ახალგაზრდებმა უდავოდ დაამსხვრიეს: სტერეოტიპული წარმოდგენა, რომ გულგრილნი არიან წარსულის მიმართ, რომ მათ არაფერი აინტერესებთ, არ კითხულობენ, რაც იწერება დღეს. თავი აქვთ ჩარგული ამ ე.წ. გაჯეტებში და არც ურთიერთობა შეუძლიათ ერთმანეთთან - ერთმანეთის გვერდით სხედან და ერთმანეთთან საუბრის ნაცვლად ამ წარმოსახვით სამყაროში არიან - აი ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა. ეს ახალგაზრდები თითქოს უცბად, არსაიდან გაჩნდნენ, ყოველგვარი დაგეგმილი, წინასწარ ორგანიზებული მომზადების გარეშე და რაღაცნაირად დაიკავეს უმრავლესობის ადგილი. ის სიმბოლიკა გააცოცხლეს, რომელიც მივიწყებული იყო იქამდე - 9 აპრილის გოგონა დროშით. შარშანდელი მარტის აქციაზე ვნახე ბანერი, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ერთ-ერთი გოგონას გაკეთებული ნახატი იყო, არაპროფესიონალურ დონეზე შესრულებული, მაგრამ ბანერისთვის სრულიად ნორმალური და კარგი: გოგონა შავი დროშით 9 აპრილის აქციიდან და ქალი ევროკავშირის დროშით. ეს ხიდი გადებული იყო ძალიან საინტერესოდ. ზოგი ფიქრობს, რომ ეს 9 აპრილი რაღაც ბედისწერად გვექცა, მას სულ ვუბრუნდებით, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც მას არ ახსენებდნენ ახალგაზრდები, ვამბობდით, არ იციან, არ აინტერესებთ და გულგრილები არიანო. ახლა, როდესაც გააცოცხლეს, ამბობენ - რა უნდათ იმ 9 აპრილთან, ის ხომ უკან დარჩაო. ცოტა წინააღმდეგობრივი იყო ეს დამოკიდებულებები. აღმოჩნდა, რომ არც გულგრილნი არიან, არც იმ ამბების ცოდნა დაეწუნებათ. ისინი ახერხებენ ერთმანეთთან დალაპარაკებას, არც იმ მემკვიდრეობით არიან დამძიმებულები, მეორე მხრივ, არც მემკვიდრეობას არიან მოწყვეტილები. ჩემი აზრით, ეს არ არის ცუდი. იმიტომ, რომ ზოგადად, საზოგადოება ამ განგრძობადობის გარეშე ვერ იქნება მყარი და სტაბილური. რამდენჯერ შეიძლება წინა საფეხურს მოწყდე და ნულიდან დაიწყო?! საბჭოთა წარსული უკან მოვიტოვეთ, ყოველ შემთხვევაში, დროის თვალსაზრისით უკან მოვიტოვეთ კარგა ხანია. დიდი ხნით ადრე, პოლიტიკაში ჩართულ ერთ-ერთ ადამიანს ნატვრასავით აღმოხდა, 9 აპრილის მერე საბჭოთა ადამიანი ჰომოსოვიეტიკუსი აღარ იქნებაო... წარსულისგან მოწყვეტის სურვილი იყო და ამიტომ მონუმენტები მოვიშორეთ, ქუჩებს სახელები გადავარქვით, ბევრი რამ შევცვალეთ, ერთი სიტყვით, ახალი მეხსიერების ადგილები შევქმენით, ძველიც გამოვიყენეთ, რა თქმა უნდა, არ გადაგვისვამს ხაზი იმისთვის, რაც მნიშვნელოვანი იყო. 90-იანი წლების ბოლოს მივიჩნიეთ, რომ ისევ უკან მივდიოდით - რომ არა მარტო კორუფცია, არამედ ვერც მმართველობის ის სისტემა, ქვეყანას წინ ვერ წაიყვანდა. ჩემი აზრით, სწორად მივიჩნიეთ. მაგრამ შემდეგ კვლავ წავედით ამ წყვეტის და ტეხილის გზით, შემდეგ დავიწყეთ იმ კარგად გაკეთებულით ტკბობა, ამან, ბუნებრივია, მოიტანა შეცდომაც, უკანდახევაც, და შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ახლა ამასთან უნდა გაგვეწყვიტა კავშირი და დავიწყეთ ისევ თავიდან. რამდენჯერ შეიძლება? გულწრფელად რომ გითხრათ, თუ ახლა გვეშველა და მშვიდობით გადავრჩით, დიდი სიამოვნებით გადავხაზავ ბევრ რამეს ამ პერიოდიდან, თუნდაც ამ ბოლო წლებს. დიდი სიამოვნებით აღარ გავიხსენებ. იმიტომ, რომ მთრგუნავს, მძაბავს და მაშინებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მართლა ყოველთვის ნულიდან უნდა დავიწყოთ.
ამ ახალგაზრდებმა მოახერხეს და თავიდან აირიდეს რაღაცის აბსოლუტიზაციაც და სრულად უარყოფაც. გაიხსენეს ის გოგონა დროშით და რაღაცნაირად გააცოცხლეს. მაგალითად, წელს გაზაფხულზე დაწერა ვიღაცამ და გააკრა 9 აპრილის მემორიალზე - „დედა, მე იქ ვარ, სადაც შენ იდექი 9 აპრილს“. ამ ახალგაზრდამ ასე გამოხატა ემოცია და მიუთითა იმაზე, რომ დედა, მამა, ბებია - მისი წინაპრები იყვნენ აქ და მაშინაც იგივე მიზანი ჰქონდათ, როგორიც მას აქვს ახლა. მე მგონია, რომ ძალიან კარგია ეს მემკვიდრეობითობა და განგრძობადობა. ეს მიანიშნებს არა მიჯაჭვულობაზე წარსულსა და ტრადიციაზე, არამედ იმ ახალ ხედვასა და ფორმაზე, რომელიც მას მიენიჭა რუსთაველზე. დღეს, მაშინაც, და 9 აპრილის წინაც, ცეკვავდნენ და მღეროდნენ კიდეც, მაგრამ ახლა ამ ყველაფერმა სხვა ფორმა შეიძინა.
- თქვენ ამბობთ, რომ 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირება არ ყოფილა სათანადოდ არტიკულირებული, ის ‘მოუშუშებელ ჭრილობად, ბოლომდე ჩამოუყალიბებელ და გამოუგლოვებელ ტრავმად დარჩა’. მისი უშუალო მონაწილეები მას წაარსულის სამარცხვინო მოვლენად, ტრაგიკულ ფურცლად, მძიმე ტვირთად აღიქვამენ და თავს არიდებენ მის გახსენებას.
როგორ ფიქრობთ, როგორია წარსულის ამ მოვლენის მნიშვნელობა დღევანდელობისთვის? რა გავლენა აქვს არცთუ ისე საამაყო წარსულის, ან - რთული წარსულის მეხსიერებას დღევანდელობაზე?
- მე მგონია, რომ 90-იანების გავლენა აქ ნაკლებია. უფრო მეტად არის ამის განმეორების შიში. გულწრფელი შიშიც არსებობს, ყოველდღიურად შევდივართ ამ დაპირისპირებაში და ვაითუ მერე იარაღს ვტაცოთ ხელი, მით უმეტეს, როდესაც გვაქვს ამის გამოცდილება. აქ მაინც და მაინც საპოლიციო და სპეციალური დანიშნულების ძალებს არ ვგულისხმობ, მოქალაქეებიც ახერხებენ ერთმანეთის სერიოზულად დაზიანებას და გამეტებას სხვადასხვა საშუალებით. ეს შიში არსებობს, რა თქმა უნდა. მეც მაქვს ეს შიში. მაგრამ, ვფიქრობ, აქ 90-იანების გავლენა არ იკითხება. 90-იანებმა თავისი მძიმე კვალი დატოვა და იქცა მძიმედ მოსაგონარ წარსულად, რაღაც არასასურველ წარსულად, რომლის გახსენებასაც ყველა ერიდება, განსაკუთრებით ერიდება ე.წ. გამარჯვებული მხარე, რომელიც კი არ აღიარებს ამას, მაგრამ მაინც სადღაც დამნაშავედ გრძნობს თავს. იმის მიუხედავად, თუ პირველმა ვინ ისროლა, ვინ ვის მეტი მოუკლა, მან იცის, რომ მონაწილეობდა ამაში და ეს მონაწილეობა არ არის სასახელო ამბავი. ერთ-ერთი მათგანი ამბობს - ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, მეგონა, რომ სწორად ვიქცეოდი, მოვიხადე ამისთვის ბოდიში და მაპატიეთ ბოლოს და ბოლოს, ხომ არ შეიძლება სულ ვბოდიშობდეო. ზოგს მიაჩნია, რომ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე, ვინაიდან შეიძლება ვიღაცას ახალი ჭრილობა მივაყენოთ, ან განვუახლოთ ძველი, ჩვენ ჯერ ცოცხლები ვართ და ამიტომ გადავდოთო. მგონია, რომ ის მოვლენები ჩვენს ურთიერთობებზე, პიროვნულზე თუ კოლექტიურზე, ახდენს გავლენას, მაგრამ ამ კონფრონტაციაზე, მგონი, არა.
ვფიქრობ, ეს კონფრონტაცია ახალია, ახალი სპირალი დაიწყო. ეს ახალი დაპირისპირება მანიპულირებს ბევრი რამით, მათ შორის, იყენებს, მაგალითად, ზვიად გამსახურდიას, ილია ჭავჭავაძის სახელს. ილია ჭავჭავაძე ხომ ყველას „დროშაა“. ყველა ერთმანეთს ილიას „დროშით“ ებრძვის, ყველა ილიას გამგრძელებელი და მომხრეა, ყველაფერს მიაწერენ, რაც შეიძლება თავში მოუვიდეთ. ილია ნამდვილად ყველასია, ოღონდ არა იმისთვის, რომ „დროშად“ აფრიალო სხვის წინააღმდეგ. ზვიად გამსახურდიას სახელი კრიტიკისთვის ტაბუირებულია, მაგრამ იმისთვის, რომ შენი სრულიად აგრესიული მიზანი მისი სახელით გაამართლო, ამისთვის არ არის ტაბუირებული, ეს შეგიძლია გააკეთო. მაგალითად, ამბობენ, რომ როგორც მაშინ ზვიადს ებრძოდნენ, ახლაც ასე უპირისპირდებიან ხელისუფლებასო. ეს სრული აღრევაა. ხელისუფლებას არ უნდა დაუპირისპირდე იარაღით, მაგრამ ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ არის არჩევნები. არჩევნები არის სრულიად ნორმალური, დემოკრატიული (უნდა იყოს) პროცესი, რომელიც ხელისუფლებას ან შეცვლის ან ვერ ცვლის, და თუ ხელისუფლება ბეჯითად ამტკიცებს, მე უნდა ვიყო, ვიყო და ვიყოო - მაშინ უფრო კარგია, რომ შეიცვალოს. მაგრამ ეს ხელისუფლებასთან დაპირისპირება არ არის ის, რაც მაშინ ხდებოდა, ღმერთმა დაიფაროს. ასე, რომ 90-იანები ვინც გაიარა, ის ხალხი მაინც ბევრად უფრო ფრთხილია იმიტომ, რომ ის ტვირთად აწევს, ტკივილადაც და ტვირთადაც.
- ბოლო კითხვას დაგისვამდით ამ კრიზისიდან გამოსავალზე. დაპირისპირების მწვავე ფორმების თავიდან ასარიდებლად, რა პასუხისმგებლობა და როლი აკისრია, ერთი მხრივ, ხელისუფლებას, პოლიტიკურ კლასს, და, მეორე მხრივ, საზოგადოებას, თითოეულ ჩვენგანს? სხვა სიტყვებით, როგორ შეიძლება დავაღწიოთ თავი დესქტრუქციულ პოლარიზაციას საზოგადოებრივ დონეზე და აღმოვფხვრათ ის დემოკრატიული გზებით?
- ნამდვილად არ ვიცი, რის გაკეთება შეგვიძლია თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ რაღაცის გაკეთება მაინც შეგვიძლია. მე, მაგალითად, როგორც პედაგოგს, შემიძლია ვესაუბრო მას, ვისზეც ხელი მიმიწვდება. სასწავლო აუდიტორია ნამდვილად არ არის პოლიტიკური განსჯის ადგილი, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა ჩვენს სტუდენტებთან და კოლეგებთან აუდიტორიით არ შემოიფარგლება. ეს მოვლენების მშვიდ კალაპოტში გადაყვანის ერთი გზაა. თუ ადამიანს ოდნავ მაინც შეუძლია, რომ მოისმინოს და განუწყვეტლივ თვითონ არ ილაპარაკოს, სადაც კამათს აზრი აქვს, იქ იკამათო. კამათი არ ნიშნავს არც გაწირვას, არც გამეტებას, არც განადგურებას, პირიქით, საინტერესოა ის, რომ განსხვავებულები ვართ, რომ გვაქვს სხვადასხვა მოსაზრება, ეს არ არის ტრაგედია. ტრაგედიად ამას ჩვენ თვითონ ვაქცევთ, როცა შეურიგებლობაში გადაგვყავს. თითოეულ ჩვენგანს ცოტა რამ შეუძლია, მაგრამ ერთად ბევრნი ვართ. არ შეიძლება, რომ მუდმივად დაიმალო და გეშინოდეს. მეშინია, კი - იმის, რომ რაღაც არ მოხდეს. მეშინია, როცა რაღაც ხდება და ჩემი შვილები სახლში არ არიან; ვიცი, რომ დედაჩემსაც ეშინოდა, როდესაც სახლში ვერაფრით გვაკავებდა, არც ცდილობდა, სიმართლე რომ ვთქვათ. არც მე ვცდილობ იმიტომ, რომ ვიცი, ამაოა ეს მცდელობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავიმალოთ, „მოიცა, ვნახოთ, რა მოხდება“.
მიუხედავად ყველაფრისა, არსებობს მშვიდობიანი გზა, არსებობს ნორმალური გზა, არსებობს თანმიმდევრული, დემოკრატიული გზა. დიდი იმედიც მაქვს, რომ ბოლოს და ბოლოს საზოგადოება, მიუხედავად წინააღმდეგობისა, დაპირისპირებისა, კონფრონტაციის დაუსრულებელი გაღვივებისა, მაინც იზრდება. ახლა ვფიქრობ, ამ გამოსვლების დროს: ხომ სულ რუსთაველზე ვართ 1988 წლიდან მოყოლებული, 1988 და 1989-ში რომ ვინმეს ეთქვა, შენი შვილებიც აქ იდგებიანო, არ დავიჯერებდი, მაგრამ ჩვენი შვილების და შვილიშვილების თაობასაც კი მოუწია.
- დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო და გამოიჩინეთ ინტერესი ინტერვიუს მიმართ.
ინსტრუქცია