საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვების დაწესების საწყის ეტაპზე, როდესაც სამომხმარებლო პროდუქტების შესაძლო დეფიციტით შეშინებული მოქალაქეები სურსათის მაღაზიებს მიაწყდნენ, ციურიხში პარადპლაცის ე.წ. ბანკების მოედანზე უჩვეულოდ დიდი რიგი დადგა იმ ადამიანების, ვისაც ოქროს შესყიდვა სურდათ და რაც შეიძლება დროულად. როგორც ოქროს დილერები აღნიშნავენ, განსაკუთრებით მაღალი მოთხოვნა ოქროს ზოდებზე იყო, რაც უპრეცენდენტოა.
დღეს უკვე არაერთი საერთაშორისო გამოცემა წერს კოვიდ 19-ის პირობებში გაჩენილ "ოქროს ციებ-ცხელებაზე". ოქროზე განსაკუთრებულად გაზრდილი მოთხოვნა, როგორც წესი, აჩენს მოლოდინს მის სავარაუდო დეფიციტზე, რაც ოქროს მომპოვებლიდან მის საბოლოო მყიდველამდე კიდევ უფრო ზრდის როგორც მოთხოვნას, ასევე ფასს[1]. აღსანიშნავია, რომ გლობალური პანდემიისას ოქრო წარმოადგენდა ერთადერთ მეტალს, რომლის ფასი კი არ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ოქრო იყო ის ერთ-ერთი ძვირფასი ლითონი (პალადიუმთან ერთად), რომლის ფასმაც 2012 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია. კორონავირუსის მომავალი ტალღების პირობებში დილერები ფასის კიდევ უფრო მეტად ზრდას ვარაუდობენ.
ბოლო ათწლეულებში ოქროს ფასის ცვლილებაზე დაკვირვება მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების გამოხშირვის საშუალებას იძლევა. მაშინ, როდესაც თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებში შედიოდა ან მოულოდნელად თავსდატეხილი გარემოებები ცვლიდა განვითარების ტრაექტორიებს, ოქრო იყო ის მეტალი, რომლიც მგრძნობიარედ რეაგირებდა პოლიტ-ეკონომიკურ შეშფოთებებზე და მისი ფასი მყისიერად ინაცვლებდა მაღალი ნიშნულებისკენ. ამის მაგალითია 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ოქროს ფასის ნახტომისებური ზრდა[2], ისევე როგორც ოქროს ფასის ზრდა 2008 წლის სექტემბერში Lehman Brothers-ის გაბანკროტების შემდეგ, რაც მასშტაბური ფინანსური კრიზისის წინაპირობა გახდა[3].
ის, რაც ოქროს ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციად აქცევს ყველაზე ქარიშხლიან პერიოდებშიც კი, ერთი მხრივ არის მისი მჭიდრო ისტორიული კავშირი კაპიტალიზმის საწყისებთან - კოლონიალიზმთან, თავისუფალ ვაჭრობასთან, საბანკო სისტემის განვითარებასთან და შემდგომ უკვე გლობალური სტრუქტურების ფინანსიალიზაციასთან[4], ხოლო მეორე მხრივ კი მისი ფიზიკური მახასიათებლები, რაც ერთგვარ მატერიალურ ბაზისს უქმნის მის სოციო-კულტურულ სტანდარტს, როგორც ყველაზე სტაბილური და უსაფრთხო ინვესტიციის. მაგალითისთვის, ჯერ კიდევ მე-13 საუკუნეში სახელმწიფოებს შორის სავაჭრო ურთიერთობების დაწყებისას და შემდგომ თანამედროვე საბანკო სისტემების გაჩენისას მე-17 საუკუნის ადრეულ პერიოდში, როდესაც უფრო დახვეწილი და სტანდარტიზებული ფინანსური სისტემის ჩამოყალიბების აუცილებლობა გაჩნდა ევროპულ ქვეყნებს შორის, ოქრო იყო ის სტანდარტი, რომლის დაწესებითაც კაპიტალმა მიმოცვლა და კიდევ უფრო გაფართოება დაიწყო[5]. რაც შეეხება მის ფიზიკურ მახასიათებლებს - მარაგების სიმცირე, მოპოვების პროცესის სირთულე და თანმდევი მასშტაბური სოციო-ეკოლოგიური ნაკვალევები, თავად მეტალის უჟანგაობა და დროის მიმართ გამძლეობა, ასევე მისი ფერი თუ ბზინვარება - აქცევს ოქროს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად და ძვირადღირებულ ლითონად, რაც კრიზისებისა თუ პოლიტიკური არასტაბილურობის ჟამს მდიდარი და შეძლებული ფენის ფინანსური სტაბილურობის გარანტი ხდება.
საქართველოს ოქროს მარაგები
არსებობს ვარაუდი, რომ მსოფლიოში უკვე მოპოვებულ და დამუშავებულ ოქროს ერთად რომ მოუყარო თავი, ამ მარაგმა შესაძლოა ორი ოლიმპიური აუზის ავსება შეძლოს[6]. საქართველოს ნედლი ოქროს ყველაზე დიდი მარაგი ბოლნისის მადნიან ველში, სვანეთსა და სამხრეთ საქართველოშია, თუმცა მათგან ყველაზე აქტიურ კერას ბოლნისში, დაბა კაზრეთის მიმდებარედ არსებულ ღია კარიერული მოპოვება წარმოადგენს.
საქართველოში ოქროს მოპოვებას ხანგრძლივი ისტორია გააჩნია. 2004 წელს გერმანელი და ქართველი არქეოლოგების მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს და მიმდებარე ნასახლარების შესწავლამ ცხადყო, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ოქროს მოპოვება ანტიკური პერიოდიდან იღებს სათავეს, და ის ანტიკურ ეგვიპტეში მიმდინარე ოქროს მოპოვების პერიოდს ემთხვევა[7]. რაც შეეხება შედარებით თანამედროვე პერიოდის ოქროს მოპოვებას, არსებული ცნობების თანახმად, დღეს მადნეულის სახელით ცნობილი საბადოს შესწავლა და მისი დამტკიცება 1940-1950-იან წლებში მოხდა, რომელსაც შემდგომ ფერადი ლითონების კომბინატის მშენებლობა მოჰყვა (იხ. ფოტო 1). სწორედ ამ პროცესებს უკავშირდება სამრეწველო დაბა კაზრეთის წარმოშობაც, რომელიც 1975 წელს თავდაპირველად სპილენძის მოპოვებისა და გადამამუშავებელი საწარმოს ამუშავებას დაუკავშირდა. აღნიშნულ წლებში მოპოვებული მადნები გამდიდრების მიზნით ურალსა და სომხეთში გადიოდა, სადაც მოგვიანებით სპილენძის ბარიტებში ოქროს კონცენტრაცია აღმოაჩინეს.
ფოტო 1
დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90-იანი წლების მასშტაბური პრივატიზების ეტაპზე, მადნეულის კომბინატი და მიმდებარე კარიერები ერთ-ერთ პირველ საპრივატიზაციო ქონების ნუსხაში აღმოჩნდა. 90-იანებში და შემდგომ 2000-იანებშიც საწარმომ მრავალი მესაკუთრე გამოიცვალა[8], 2012 წლიდან კი მისი მესაკუთრე “არემჯი” გახდა, რომელიც „არემჯი გოლდსა” და „არემჯი კოპერს” კომპანიებად ჩამოყალიბდა[9].
თავად “არემჯი გოლდის” 2018 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში ვკითხულობთ, რომ კომპანიას მინერალური რესურსების ძიების, მოპოვებისა და დამუშავების ლიცენზია საყდრისის, ბოლნისისა და დმანისის რაიონების ტერიტორიაზე 2042 წლის იანვრამდე გააჩნია. სამთო-გადამამუშავებელი საქმიანობების ვადებთან დაკავშირებით მითითებულია, რომ კომპანიამ მადნეულის ტეროტორიაზე 2020 წლიდან საქმიანობის ლიცენზია 2021 წლამდე გაიხანგრძლივა, ხოლო საყდრისის ტეროტორიაზე 2025-იდან 2028 წლამდე. ამავე ინფორმაციით, კომპანიის სალიცენზიო საბადოებზე წარმოდგენილი მადნეულის რეზერვების საერთო ჯამური რაოდენობა დაახლოებით 23,000 ტონას შეადგენს, რაც 254 ათას უნციად არის დაანგარიშებული (1 უნცია 31.1035 გრამია)[10]. კომპანიის ამჟამინდელი საქმიანობა, ანგარიშის თანახმად, უკავშირდება საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვებას და გადამუშავებას (მოსალოდნელი შედეგი - 48.9 ათას უნცია ოქრო 2020 წლის ბოლომდე), უკვე გადამუშავებული მადნის მესამედეული გადამუშავებას, რაც დაკავშირებულია 90-იანებში „არემჯი კოპერისგან“ შესყიდული ძველი გროვების გადამუშავებას (მოსალოდნელი შედეგი - 154 ათას უნცია ოქრო 2021 წლის ბოლომდე) და აგლომერაციის პროექტს, რაც მოიაზრებს 1.6 მილიონი ტონა ბარიტის მადნის გადამუშავებას (მოსალოდნელი შედეგი - 24 ათას უნცია ოქრო 2020 წლის ბოლომდე)[11]. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ოქროს მარაგების ეს შეფასება თავად კომპანიის დაანგარიშებაა, თუმცა ის მაინც შთამბეჭდავ რაოდენობაზე მიუთითებს.
მოპოვების სივრცითი და დროითი მწკრივები
პოტოსის ვერცხლის საბადო, რომელიც ერთ დროს მდიდარი იყო მადანით, დღეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ზომის მიტოვებულ კარიერს წარმოადგენს, რომელიც ბოლივიაში მაღალი ტოქსიკურობის მქონე ადგილად მიიჩნევა სახიფათო ვერცხლის ქარების, მომწამვლელი მიწისქვეშა წყლებისა და დეგრადირებული ეკოსისტემების გამო. ცნობილი ამბავია, რომ საბადოები არ წარმოადგენენ დროში სტაბილურ ან უცვლელ ერთეულებს. ისინი დროის მსვლელობის პარალელურად იფიტებიან და სიცოცხლისუნარიანობას კარგავენ. გამოფიტული და მარაგ ამოწურული საბადოები კი დედამიწაში უზარმაზარ ღრმულებს, განსაკუთრებულ ტოქსიკურ კუდსაცავებს თუ სანაყაროებს იტოვებენ უკან. თავის მხრივ, საბადოების სიცოცხლისუნარიანობას მარაგების რაოდენობა და მოპოვების ტემპი განაპირობებს. მოპოვების დროითი და სივრცითი დინამიკა ერთგვარ საწარმოო მეტაბოლიზმს ქმნის, რომელსაც სამთომოპოვებით საქმიანობაში შებრუნებული მასშტაბურობა გამოარჩევს - რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო იზრდება მოპოვების ხარჯი და იკლებს წარმოების პროდუქტიულობა, რაც განპირობებულია ნაჯერი მადნის ნიადაგის ფენების გამოლევით, ნაკლებკალორიულ მარაგებზე გადასვლით და ძნელად მისადგომი კარიერების საწარმოო პროცესში შემოყვანის აუცილებლობით. ამასთან, დარგის ექსპერტები მიუთითებენ, რომ ტექნოლოგიური პროგრესი და მაღალი მექანიზაცია შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო აჩქარდეს მოძიება-მოკვლევის ფაზები, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მდგრად მოპოვებას, უბიძგებს რა წიაღის მოპოვებაზე ლიცენზიის მქონე კერძო მფლობელებს უმოკლეს დროში შეძლონ მაქსიმალური რაოდენობა წიაღის ამოღებას და გადამუშავება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ანგარიშის თანახმად, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 29,452 მლნ დოლარის ღირებულების ოქრო, რაც 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 8,132 მილიონი დოლარით აღემატება[12]. ყველაზე მსხვილ ექსპორტიორებს შორის “არემჯი გოლდის” კომპანიაც გვხვდება. ნაკლებ სავარაუდოა, რომ კომპანიამ ოქროს მოპოვების და ექსპორტის ზრდა ტექნოლოგიების გაუმჯობესების თუ გადაიარაღების ხარჯზე მოახერხა. ამის საპირისპიროდ, უნდა ვივარაუდოთ, რომ 2020 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში კომპანიის გაყიდვების ზრდა მოპოვება-გადამამუშავებელი საქმიანობის ტემპის აჩქარებასთან უფრო არის დაკავშირებული. სწორედ აქ ჩნდება კითხვა, თუ რა გარემოებებმა განაპირობა სამთომოპოვებითი საქმიანობის ესეთი აჩქარება და ინტენსიფიკაცია?
როგორც ცნობილია, კაპიტალისტურ სისტემაში ბაზარზე წარმოქმნილი მოთხოვნის ზრდა, მიწოდების ზრდასაც იწვევს, ხოლო ეს დინამიკა კი თავის მხრივ (მცირე გამონაკლისების გარდა) ფასის ცვლილებასაც განაპირობებს. ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე პერიოდში ოქროს მოთხოვნასა და მიწოდების დინამიკაზე გავლენა გლობალურმა პანდემიამ იქონია, ხოლო ოქროს, როგორც ყველაზე უსაფრთხო ინვესტიციის შესახებ ისტორიულად კონსტრუირებულმა წარმოდგენამ და მისმა ფიზიკურმა თვისებებმა, პანდემიის დროსაც კი ის ყველაზე მოთხოვნად მეტალად აქცია. შესაბამისად, მაშინ, როდესაც პანდემიამ საყოველთაო პანიკა წარმოქმნა გლობალურ სამყაროში, რამაც თავის მხრივ საფონდო ბირჟებზე ოქროს ფასი მაღალი ნიშნულებისკენ დაძრა, ამ ეფექტმა ბოლნისის რაონის დაბა კაზრეთამდეც ჩამოაღწია და აქ დასაქმებული ადამიანის სხეულებს უბიძგა უფრო სწრაფი ტემპით და მეტი ინტენსივობით ემუშავათ.
საქსტატის იგივე ანგარიშში ნახსენებია, რომ 2020 წლის იანვარ-აპრილში ქართული ოქროს მთავარი შემსყიდველი ქვეყანა შვეიცარია იყო (27,941 მლნ დოლარის ოქროს ექსპორტით). შესაბამისად, არც ისეთი სპეკულაციური იქნება თუ ვივარაუდებთ, რომ პანდემიით დაშინებული ადამიანები ციურიხის პარადპლაცზე, სხვა დანარჩენთან ერთად, საქართველოდან იმპორტირებულ ოქროსაც ყიდულობდნენ.
როდესაც კოვიდ 19-ის გლობალური პანდემია მსოფლიო მოსახლეობის ყველა წარმომადგენელს თითქმის ერთნაირად შეეხო და აიძულა უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, რადიკალურად შეენელებინათ მათი ცხოვრების რიტმი, კაზრეთის ოქროს მოპოვებაზე დასაქმებული ადამიანები აღმოჩდნენ იმ მცირე გამონაკლსს შორის, რომელთა ცხოვრების რიტმი (რაც უპირობოდ დაკავშირებულია მათ სამუშაო რიტმთან) შენელების ნაცვლად კიდევ უფრო აჩქარდა და გაინტენსიურდა.
ოქროს მოპოვება, როგორც აუცილებელი შრომა თუ შრომის აუცილებლობა?
27 მაისს საპარლამენტო გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ პანდემიის პირობებში სახელმწიფოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, სადაც საკითხი სახელმწიფოსა და კერძო კომპანიებს შორის მიმართების ცვლილებებს შეეხო. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისთვის და ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობისთვის, სახელმწიფომ გარკვეულ შემთხვევაში ე.წ. ინტერვენციულ პოლიტიკას მიმართა და კომპანიების მუშაობის სპეციფიკიდან თუ მასშტაბიდან გამომდინარე, გარკვეული ღონისძიებები გაატარა მათი დროებითი დახურვისთვის თუ საწარმოო პროცესის შეუფერხებლობისთვის - “შერჩევითობის საკითხი, თუ კომპანიებზეა საუბარი, როგორ იყო ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული” განმარტავს გიორგი გახარია საპარლამენტო გამოსვლის კითხვა-პასუხის დროს - “როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და შტაბი შეიქმნა, იმ წუთში გამოჩნდა ის მსხვილი, სისტემური კომპანიები, რომელთა გაჩერება შემდგომი ერთი თვით თუ ერთი კვირით, და შემდგომ მათ ამუშავებას შეიძლება გამოეწვია ათობით მილიონი ზარალი - ეს არის მეტალურგია, ეს არის მოპოვებითი საქმიანობები... მაგალითად გეტყვით, რომ ერთ-ერთი საწარმო რომ არ გაგვეჩერებინა, უბრალოდ ქალაქი მოვაქციეთ კარანტინში, რომ ვინც მუშაობს, შიგნით დაგვეტოვებინა და რომ არ შეგვეტანა ეს ინფექცია”. როგორც შემდგომში გაირკვა, პრემიერი ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთზე და სოფელ ბალიჭებზე საუბრობდა, რომლის მოსახლეობის დიდი ნაწილი “არემჯი გოლდისა” და “არემჯი კოპერის” მასშტაბურ მოპოვებით და გადამუშავებით ფრონტებზე არიან დასაქმებულნი.
მაშინ, როდესაც აუცილებელი შრომა მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოების კვლავწარმოებისთვის, გადარჩენისთვის თუ შენარჩუნებისთვის აუცილებელ სამუშაოს ეწევა ექიმი, სურსათის გამყიდველი, აფთიაქის მომსახურე და სხვა საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანი, მათ გვერდით მოულოდნელად გამოჩნდნენ მოპოვებით და გადამუშავებით სექტორში დასაქმებული მუშებიც, როგორც საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის აუცილებელი შრომის შემსრულებელები. საინტერესოა, როგორ უკავშირდება “არემჯის” როლი ქვეყნის გადარჩენის და ეკონომიკის მხარდაჭერის ინტერესს? რა წვლილი შეაქვს ოქროს და სპილენძის მოპოვებას საჯარო დოვლათის დაგროვებაში? რატომ აქცია სახელმწიფომ აქამდე არაღიარებული და მისი ზრუნვის პოლიტიკიდან გასული, წიაღის მოპოვებაში ჩართული ადამიანები - ფინანსური სისტემის გადარჩენის აუცილებელ მსახურებად?
ამის გასარკვევად საინტერესო იქნება კომპანია “არემჯის” და სახელმწიფო ორგანოების ურთიერთმიმართების უახლესი ისტორია გავიხსენოთ. კერძოდ, პანდემია პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როდესაც სახელმწიფოს ინსტიტუციებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის ლოიალური კავშირები გამოვლინდა. ჯერ კიდევ 2014 წელს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქების შემთხვევამ ცხადყო სახელმწიფოსა და კომპანიას შორის არსებული ‘ინტიმური კავშირი’[13], რომელიც გასცდა სახელმწიფო დონეზე გაცხადებულ “ჩაურევლობისა” თუ “მიუმხრობლობის” პოლიტიკას[14]. აღნიშნული კავშირები კოვიდ 19-ის პანდემიამ კიდევ უფრო გააფორმა და მეტად ცხადი გახადა.
სახელმწიფო უწყებების მობილიზებულობა კომპანიის საქმიანობის ირგვლივ ყოველთვის თვალსაჩინო იყო ბოლნისის მუნიციპალიტეტში. 2019 წელს “არემჯის” საქმიანობის სოციალური და ეკონომიკური გავლენების შესახებ კვლევამაც[15] გამოავლინა, რომ ძალოვანი სტრუქტურები ამ დასახლებებში განსაკუთრებულად მობილიზებულები არიან და ადგილობრივებში პროტესტის ჩასახშობად დაშინების გზებიც გამოუყენებიათ. ეს სტრუქტურები ხელისუფლებას ემორჩილებიან, ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მობილიზება ხელისუფლების ნებართვით ხორციელდება. გამოდის, რომ ამ დასახლებებში სახელმწიფო უწყებები (მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც) არა თუ ადამიანების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და მათი უფლებების დაცვის სამსახურში არიან, არამედ მათი კონტროლითა და დისციპლინირებით არიან დაკავებულნი.
მეორე მხრივ, ადგილობრივებში მუდმივად არის ნიჰილიზმი, რომ კომპანია მოსახლეობისა და ბუნებრივი გარემოს მიმართ სათანადოდ პასუხისმგებლიანი შორეულ მომავალშიც კი ვერ გახდება, რადგან მთავრობის მხრიდან კომპანიის შესაბამისი კონტროლის პოლიტიკური ნება არ არსებობს. საგანგებო მდგომარეობის განმალობაში მთავრობის მიერ კომპანიის მიმართ გამოვლენილმა “კეთილგანწყობამ” შესაძლოა კიდევ უფრო გააღრმავა ადგილობრივების ნიჰილიზმი და ჩააცხრო კომპანიასთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვის პოტენციალი/მოტივაცია.
ფინანსურ სტაბილურობას შეწირული ადამიანები და ბუნებრივი გარემო
სამთავრობო გამოსვლებზე ზედაპირული დაკვირვებაც კი ცხადყოფს, რომ მთავრობა კომპანიის ღია მხარდაჭერას სახელმწიფო ინტერესებითა და კომპანიისგან მიღებული ფინანსური სარგებლით ამართლებს, რაც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინაპირობით უნდა დაგვირგვინდეს. თუმცა, საინტერესოა, ვინ მოიაზრება სახელმწიფო ინტერესის უკან მდგარ მოსახლეობაში და ვისთვის არის საჭირო ფინანსური სტაბილურობა? “არემჯის” საქმიანობის სოციალური და ეკონომიკური გავლენების შესწავლამ ცხადყო, რომ ოქროს მოპოვების არეალში მცხოვრები მოსახლეობის აღქმით, საჯარო მოხელეებისა და პოლიტიკოსებისთვის კომპანიის ინტერესების ხელშეწყობა უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მოსახლეობაზე ზრუნვა. ადგილობრივები, ერთი მხრივ, საუბრობენ კომპანიის მიერ მათთვის მიყენებულ ზიანზე, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის დეფიციტსა და უმოქმედობაზე. პანდემიის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში კი ამას თან დაერთო ადამიანთა მართვის და კონტროლის ის უპრეცენდენტო მასშტაბი, რამაც შესაძლებელი გახადა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან კაზრეთის და სოფელ ბალიჭების ჩაკეტვის ლეგიტიმურობა, რათა საფრთხე არ დამუქრებოდა სამთომოპოვებითი საქმიანობას.
აღსანიშნავია, რომ კომპანია “არემჯის” რეგიონში კონკურენციას სხვა ვერცერთი ეკონომიკური საქმიანობა ვერ უწევს. წიაღისეულის მოპოვებამ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მიმდებარე სოფლებში, ისევე როგორც დაბა კაზრეთში, მსხვერპლად შეიწირა ყველა სხვა ალტერნატიული დარგი თუ სფერო. მათ შორის სოფლის მეურნეობაც, რომელიც წამყვანი დარგი იყო რეგიონში:
“პატარა კახეთს ეძახდნენ ბალიჭს კოლმეურნეობის დროს. პირველი მარქსის სახელობის კოლმეურნეობა გვქონდა, მოწინავეები ვიყავით. სავსე იყო ცხვრით, ვენახით, საქონლით, ხილით… დღეს მიწაზე მოსავალი აღარ მოდის, თავსაც ვეღარ ვირჩენთ.” - ადგილობრივი.
სოფელი ბალიჭი და კომპანია “არემჯის” ოქროსა და სპილენძის მოპოვების ტერიტორია
კომპანიის ინტერესებს შეეწირა ასევე მსოფლიოში უძველესი საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღარო, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დღემდე ყველაზე მტკივნეული მსხვერპლშეწირვის აქტად რჩება. ადგილობრივების ხედვით, ეს კულტურული მემკვიდრეობა რეგიონს მსოფლიო რანგის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს შორის ათავსებდა და საერთაშორისო ვიზიტორების, არქეოლოგიური კვლევის თუ სამუზეუმო-ისტორიულ ღირებულებას სძენდა:
„საშინელება მოხდა მთავრობის დონეზე. როგორ შეიძლებოდა, სამუზეუმო მთა ააფეთქეს, როცა იქ პირველი ოქრო გამოდნა, ზეზვა და მზიას დროინდელი, საუკუნეების დროინდელი დიდი მუზეუმი ააფეთქეს. დღეს იქ მუზეუმი იქნებოდა და ქვეყანას უფრო მეტი შემოსავალი და სახელი ექნებოდა.“ - ადგილობრივი.
სამთომოპოვების საქმიანობას მსხვერპლად ეწირება სოციალური და ბუნებრივი გარემოც. როგორც ადგილობრივები, ისე სამეცნიერო კვლევები კომპანიის საქმიანობას უკავშირებენ ჰაერის, სასმელი თუ სარწყავი წყლის ხარისხის გაუარესებას, ნიადაგის დაბინძურებას, მოპოვებითი სამუშაოების შედეგად გამოწვეულ ხმაურსა და მტვერს. ეს ყველაფერი კი სერიოზულ გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ სოფლის მეურნეობაზე, ისე მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ამ დასახლებებიდან მაღალია ოჯახების მიგრაციაც. საერთო ჯამში, კომპანიის ყველა ეს ნეგატიური ზემოქმედება ადგილობრივ სოციალურ სტრუქტურებსა და ურთიერთობებს არღვევს, ასუსტებს დასახლებებს და ადგილობრივებს მასზე კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის.
კომპანია „არემჯის“ ზემოქმედების პარალელურად, ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს სახელმწიფო პოლიტიკის ზრუნვიდან მათი გარიყულობა ერთვის თან - „სად არის სახელმწიფო?! გვღუპავენ. ბიზნესზე ფიქრობენ, ხალხზე არა“ - აღნიშნავს სოფელი ბალიჭის მცხოვრები. გარდა ამისა, ადგილობრივებს ნაკლებად მიუწვდებათ ხელი სოციალურ სიკეთეებზეც: მაღალი ემიგრაციის გამო სოფელ ბალიჭში სკოლაც კი გაუქმდა და ბავშვებს განათლების მიღება კაზრეთის სკოლაში უწევთ; სოფლებში საბავშვო ბაღებიც არ აქვთ, ან თუ არის, მძიმე პირობებში უწევთ ფუნქციონირება; ცუდ მდგომარეობაშია ან საერთოდ არ არის სამედიცინო ობიექტებიც; გაუმართავი გზები განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების სოფლებში, სადაც წვიმიან ამინდებში სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ აღწევს და ა.შ. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც კი ვერ გრძნობს მოსახლეობა, რომ მათი პრობლემების მოგვარებას ეს უწყება მაინც ემსახურება. აქ მცხოვრებლების თქმით, გამგებლის ფუნქციაც კი კომპანიის საქმეების მოგვარებად აქციეს. შესაბამისად, არც კომპანიის საქმიანობა ემსახურება საჯარო დოვლათის შექმნას და არც სახელმწიფო უზრუნველყოფს ამ ადამიანების კეთილდღეობას, ამიტომ მთავრობის მიერ კომპანიის მხარდაჭერა, მხოლოდ კომპანიის ინტერესების სამსახურში ყოფნაზე მიუთითებს. ამ ყველაფრის ერთობლიობა კი ქმნის იმ მოცემულობას, სადაც ოქროს მადნის სამთომოპოვებით საქმიანობაზე დასაქმებული ადამიანები მსხვერპლად ეწირებიან „სახელმწიფო ინტერესს“, ხოლო „არემჯის“ სამოქმედო არეალში არსებული დასახლებები ე.წ „მსხვერპლშეწირვის ზონად“ ფორმდებიან[16].
არსებული მოცემულობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა კორონავირუსის პანდემიამ. ბოლნისის მუნიციპალიტეტი კოვიდ 19-ის გავრცელების ერთ-ერთი ცხელი წერტილი აღმოჩნდა. შესაძლოა ამის ერთ-ერთ მიზეზად მუნიციპალიტეტში კომპანიის საქმიანობა და მისი ზემოქმედების შედეგად ადგილობრივ მოსახლეობაში დაქვეითებული ჯანმრთელობის მდგომარეობა მივიჩნიოთ. თბილისში ერთ-ერთი საავადმყოფოს ექიმისა და სამედიცინო უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებლის თქმით, „როდესაც ორგანიზმზე ამდენი უარყოფითი ზემოქმედებაა, პირველ რიგში ქვეითდება იმუნური ფუნქცია. ორგანიზმს წინააღმდეგობის უნარი უქვეითდება და ნებისმიერი დაავადება, ინფექციური თუ არაინფექციური, აუცილებლად ასეთ გარემოში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანის ორგანიზმში უფრო განვითარდება, ვიდრე ჯანსაღ გარემოში მყოფ ჯანსაღი ორგანიზმის მქონე ადამიანში“. სამთომოპოვებით არეალებში კოვიდ 19-ის შემთხვევების განსაკუთრებული ზრდის ტენდენცია მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში შეინიშნა. გარემოსდაცვითმა ორგანიზაციებმა და აქტივისტებმა ამის შესახებ სპეციალური ანგარიშიც კი გამოქვეყნეს[17]. მათი განცხადებით, სამთომომპოვებელმა კომპანიებმა უგულებელყვეს პანდემიის რეალური საფრთეეხები და განაგრძეს მუშაობა ნებისმიერ ფასად, რითაც ადგილობრივი დასახლებებში პანდემიის რისკები და შემთხვევები გაზარდეს. საფრთხის წინაშე განსაკუთრებით ის დასახლებები აღმოჩნდნენ, სადაც წიაღის მოპოვებითი სამუშაოების გამო მავნე ნივთიერებით დაბინძურება ადგილობრივების ჯამრთელობის მდგომარეობას ისედაც აზიანებს.
იგივე სურათია ბოლნისის მუნიციპალიტეტშიც და შესაძლოა, რომ ამ დასახლებებში კოვიდ 19-ის მაღალი გავრცელების მაჩვენებელი შემთხვევითი სულაც არ არის და ის გარკვეულწილად კომპანიის საქმიანობას უკავშირდება. ამის მიუხედავად, კომპანიამ პანდემიის პირობებშიც კი არ შეაჩერა სამთომოპოვებითი საქმიანობა და ამაში მას სახელმწიფოს მიერ შექმნილი საგანგებო მდგომარეობის მართვის პოლიტიკაც უმაგრებდა ზურგს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებების ეს სერია ქვეყნის ინტერესისა და ფინანსური სტაბილურობის მნიშვნელობით დაიტვირთა, სადაც ადგილობრივების უწყვეტი შრომა და მათი ყაზარმული ცხოვრების რეჟიმი გარდაუვალ აუცილებლობად, ქვეყნისთვის საჭირო მსხვერპლად დასახელდა.
შეჯამებისთვის
შვეიცარიის პარაპლაციდან დაბა კაზრეთში გადანაცვლება და პანდემიის პირობებში წარმოქმნილი ‘ახალი წესრიგის’ დაკვირვება ააშკარავებს, თუ როგორ იწარმოება გლობალური ძალაუფლებრივი ასიმეტრიები სხვადასხვა გეოგრაფიულ ერთეულში, და როგორ ცვლის ეს ასიმეტრია ადამიანთა ცხოვრების, შრომის, დასვენების და ყოველდღიური ყოფის რეჟიმებს. გარდა ადამიანების ცხოვრებაზე მიყენებული ზიანისა, აღნიშნული გლობალური დინებები ასევე გავლენას ახდენენ მოპოვების ტემპზე და მის მასშტაბზე, რაც ადგილობრივ ბუნებრივ გარემოსაც მძიმე დარტყმას აყენებს.
გლობალური კრიზისების პირობებში, საერთაშორისო ბაზრებზე წარმოქმნილი შოკური დინებებიდან თავის დასაცავად მნიშნველოვანია სახელმწიფო ინსტიტუტების და მარეგულირებელი ჩარჩოების როლი. ისინი ერთგვარ დამცავ ბარიერებს უნდა ქმნიდნენ გლობალურ ბაზრებზე გაჩენილი მოულოდნელი ფასების ვარდნისგან თუ ფასების ზრდისგან ადგილობრივი წარმოების და მშრომელების დასაცავად. თუმცა გლობალურმა პანდემიამ და მის პირობებში წარმოქმნილმა ‘ოქროს ციებ-ცხელებამ’ ცხადყო, რომ ლოკალურად მოქმედი კომპანიები და სახელმწიფოს ინსტიტუციები არა თუ ქმნიან რამე სახის შემაკავებელ ზღუდეებს ადამიანთა დაბალი ფენების დასაცავად თუ ოქროს რეზერვების მდგრადი ათვისების უზრუნველსაყოფად, არამედ პოლიტიკის დონეზე აფორმებენ ე.წ. “შოკურ კაპიტალიზმის” მიდგომას, რაც გულისხმობს კრიზისების დრო უფრო მეტის და უფრო სწრაფად ჩამორთმევას. საქართველოს შემთხვევაში, სადაც ‘შოკურ კაპიტალიზმის’ აუცილებლობა ქვეყნის ეკონომიკური გადარჩენის და ფინანსური სტაბილურობის სახელით ხორციელდება, ამ პროცესის მონაწილე ადამიანები ამ სისტემის კვლავწარმოებისთვის და გადარჩენისთვის გაღებულ მსხვერპლად გვევლინებიან, ხოლო კაზრეთი და ოქროს მარაგების მქონე სხვა გეოგრაფიული ერთეულები კი მსხვერპლშეწირვის ზონებს ემსგავსებიან.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
[1] https://www.kitco.com/news/2020-05-04/Danger-of-second-COVID-19-wave-could-kick-gold-prices-to-new-record-highs-The-Perth-Mint-CEO.html
[2] https://theconversation.com/why-gold-will-still-be-a-safe-haven-in-the-next-financial-storm-53363
[3] A guide to the financial crisis — 10 years later
[4] ფინანსილიზაცია გულისხმობს ფინანსური ინსტიტუტების, ინსტრუმენტების და ელიტების გაძლიერებას, ეკონომიკის რეალურ სექტორზე (წარმოება) გაბატონებას, სახელმწიფოს ძალაუფლებასა და ინტერესებთან შეჯახებას, ფინანსური ბაზრების სოციალურ სფეროებში (მაგ. ჯანდაცვა, განათლება) შეჭრას. უფრო დეტალური განმარტებისთვის იხ. ია ერაძლის სტატია ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაცია საქართველოში
[5] ადამ სმიტი, გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ, ტომი I, სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1938
[6] http://planetaryfutures.net/goldenfutures
[7] Thomas Stöllner, Gold in the Caucasus: New research on gold extraction in the Kura-Araxes Culture of the 4th millennium BC and early 3rd millennium BC, Tagungen des Landesmuseums für Vorgeschichte Halle
[8] ნ. გუჯარაიძე და სხვები, სახელმწიფო ქონების პრივატიზების აგრესიული პოლიტიკა ანუ “პრივატიზება ქართლად”, მწვანე ალტერნატივა, 2007
[9] RMG - კომპანიის პროფილი, მწვანე ალტერნატივა, 2019
[10] შპს „RMG Gold“ 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება
[11] იქვე, გვ: 59
[12] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 2020 წ. იანვარი-აპრილი, 2020
[13] სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის ჩამოყალიბებულ კვაზი-თანამშრომლობით ურთიერთობის ანალიზისას, ტერმინი პირველად გამოიყენა სტეფან ჯონსმა წიგნში “საქართველო - პოლიტიკური ისტორია დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ”, 2013
[14] საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 2015 წლის კვლევა „საყდრისი-ყაჩაღიანი - ნგრევა კანონის სახელით“ www.gyla.ge-ზე
[15] მარიამ დევიძე, ოქროს საბადოსთან ცხოვრების საფასური: კომპანია „არემჯის“ საქმიანობის ეკონომიკური და სოციალური გავლენები მოსახლეობაზე, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, 2019
[16]ტერმინი იმ ადგილებს აღნიშნავს, რომლის სოციალური და ბუნებრივი გარემო საერთო განვითარებისა და პროგრესის სახელით სხვების ეკონომიკურ სარგებელს ეწირება.
[17] Global Solidarity with Communities, Indigenous Peoples and Workers at Risk from Mining Pandemic Profiteers
ინსტრუქცია