[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / თვალსაზრისი

ყოველდღიური ცხოვრების ფინანსიალიზაცია საქართველოში

ია ერაძე 

ილუსტრაცია:მიგელ გალარადო

ბოლო დროს, ჩვენ ირგვლივ ხშირად საუბრობენ საპროცენტო განაკვეთებზე, სესხებზე, ანაბრებზე, ჯარიმებსა და შავ სიებზე. საუბრობენ ყველგან: სახლში, ტრანსპორტში, პარკში, რესტორანში, სამსახურში. ეს თემები ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოიჭრა, მოიკალათა ჩვენს სავარძლებზე, საჭესთან, ტელეფონთან, ჩაის ფინჯანთან, ტელევიზორთან და თანდათან ხდება ჩვენი ყოფის ნორმალური და განუყოფელი ნაწილი. თუ ჩემი მშობლების თაობას ჩემს ასაკში არც საბანკო ანგარიში გააჩნდა და ვერც ტელევიზორს იყიდდა სესხით, ახლა უკვე აღებული კრედიტით მივდივართ დასასვენებლად, ვყიდულობთ ბინას, მანქანას ან ახალ მობილურ ტელეფონს, ვარემონტებთ სახლს, ვიხდით დაბადების დღეს, ვმკურნალობთ ოჯახის ავადმყოფ წევრებს, ვიძენთ შვილებისთვის სასკოლო წიგნებს ან შეგვაქვს უნივერსიტეტის გადასახადი – ვცხოვრობთ კრედიტით, ანუ ფულით, რომელიც არ გვაქვს და რისკით, რომელიც ჩვენს ყოველდღიურობას განკარგავს! სწორედ ეს გახლავთ ფინანსიალიზაციად წოდებული პროცესის ერთ-ერთი გამოძახილი – ყოველდღიურობის ფინანსიალიზაცია.

რა არის ფინანსიალიზაცია? ფინანსიალიზაცია ფინანსური ინსტიტუტების, ინსტრუმენტების და ელიტების გაძლიერებაა, მათი ძალაუფლების მოზღვავებაა, ეკონომიკის რეალურ სექტორზე (წარმოება) გაბატონებაა, სახელმწიფოს ძალაუფლებასა და ინტერესებთან შეჯახებაა, ფინანსური ბაზრების სოციალურ სფეროებში (მაგ. ჯანდაცვა, განათლება, საბინაო პოლიტიკა) შეჭრა და ჩვენი ყოველდღიურობის და მომავლის რისკებზე დაქვემდებარებაა. როგორც ჰოლანდიელი მკვლევარი მარიკე დე ხოდე აღნიშნავს, ფინანსური სექტორი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მის მთავარ მიზნად და ფუნქციად აცხადებს, მაშინ როცა იგი თავად ქმნის ახალ რისკებსა და საფრთხეებს ‘ინოვაციური‘ ინსტრუმენტებით.

ფინანსიალიზაცია ამერიკასა და ევროპაში, განსაკუთრებული ინტენსიურობით 1970-იანი წლებიდან, დერეგულაციისა და ნეოლიბერალური პოლიტიკის ფონზე ვითარდება. სწორედ ამიტომ, დევიდ ჰარვი ნეოლიბერალიზაციას „ყველაფრის ფინანსიალიზაციას“ უწოდებს. დღეს სრულიად ლეგიტიმურად და ნორმალურად მიჩნეული ფინანსური საქმიანობების ნაწილი, როგორიცაა, მაგალითად, დერივატივებით[i]: ოფციონებით[ii],  ფიუჩერსებით[iii] ვაჭრობა, მე-18 და მე-19 საუკუნის ევროპასა და ამერიკაში სპეკულაციად მიიჩნეოდა და იკრძალებოდა. ამ სახის საქმიანობამ დროთა განმავლობაში ლეგიტიმაცია შეიძინა; ფინანსურმა თეორიამ კი სამეცნიერო აღიარება მოიპოვა, როგორც ‘ობიექტურმა‘ დისციპლინამ. დერეგულაციის ტალღის დროს არა მარტო ეკონომიკა გამოეყო პოლიტიკის სფეროს, არამედ ფინანსების დეპოლიტიზირებაც მოხდა; თითქოს მას არაფერი ჰქონდეს საერთო პოლიტიკასთან ან ძალაუფლებისთვის ბრძოლასთან და მხოლოდ რიცხვებსა და მათემატიკურ გამოთვლებზე დაფუძნებული ღაღადებდეს სიმართლეს. თუმცა, როგორც ფრანგი ფილოსოფოსი მიშელ ფუკო წერს, არ არსებობს უმანკო სფერო, რომელშიც სამეცნიერო ცოდნის განვითარება შესაძლებელია ძალაუფლების სტრუქტურებს მიღმა. აქედან გამომდინარე, არც ფინანსების აკადემიური დისციპლინაა ობიექტური და არც იქ დაგროვებული ცოდნა – ძალაუფლებისა და პოლიტიკისგან გამიჯნული.

ფინანსიალიზაცია, როგორც პროცესი, ბაზრის გაღმერთებულ ინსტიტუტზე დგას, რომელმაც თითქოს ყველაფერი იცის და ყველაფერს თავად არეგულირებს. ამიტომ, შემთხვევითი არ არის, რომ ფინანსიალიზაცია სწორედ ბაზრების დერეგულაციის პროცესს ემთხვევა. ბაზარი ნებისმიერი ეკონომიკური თუ არაეკონომიკური საკითხის ორგანიზების და გადაჭრის დომინანტური ინსტიტუციური ფორმა გახდა. სტეფან გილი ამას „ბაზრის ცივილიზაციას“ უწოდებს. სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს ევროპის ბევრი საავადმყოფო თუ მოხუცებულთა სახლი სამედიცინო მომსახურებით სააქციო საზოგადოების სახით არსებობს, სადაც აქციონერების ფინანსური მოგება უმთავრესი მიზანია,  პაციენტების ჯანმრთელობა და ექიმების სამუშაო პირობები კი – მეორეხარისხოვანი. საპენსიო ფონდები ინსტიტუციურ ინვესტორებად გვევლინებიან, რომლებიც მზად არიან, სარისკო ინვესტიციები განახორციელონ, იმის მიუხედავად რომ მათ წარუმატებლობაზე მილიონობით ადამიანის სიბერის უზრუნველყოფაა დამოკიდებული. ისევ მიშელ ფუკოს რომ დავესესხოთ, ბაზარმა შეიძინა სიმართლის თქმის ფუნქცია, რომელიც „გვიბრძანებს“, როგორ უნდა ვმართოთ (govern). სახელმწიფო, ამ პროცესებში, თითქოს, არ უნდა ჩაერიოს და მხოლოდ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ბაზრის სრულფასოვან ფუნქციონირებას ხელი არ შეეშალოს. ეს ერთი შეხედვით აბსტრაქტული თეზები პირდაპირ კავშირშია ჩვენს ეკონომიკურ მოწყობასთან, განათლების თუ ჯანდაცვის სისტემასთან და საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჯერ კაპიტალის ბაზარი არ არის განვითარებული, ფინანსიალიზაციის პროცესი დაწყებულია და ის, მოსახლეობის მასობრივი დაკრედიტების ფონზე, ყოველდღიურად წინ მიიწევს. ცხადია, არც ვალია ახალი ხილი კაცობრიობისათვის და არც ამ ვალისთვის ამა თუ იმ სახის გირაოს გაღება. თუმცა, დღეს, ეს პროცესი ინსტიტუციონალიზებულია და თუ ერთ დროს ბანკები მხოლოდ შუამავალს წარმოადგენდნენ მეანაბრესა და მსესხებელს შორის, დღეს ისინი უკვე  აქტიურად არიან ჩართული საინვესტიციო, სადაზღვეო, საპენსიო და უძრავი ქონების სფეროებში. ამასთან, ნეოლიბერალურ იდეოლოგიას ამოფარებული სახელმწიფოები თავს არიდებენ მოსახლეობის სოციალურ დაცვას, მათი ჯანდაცვით, განათლებით, შრომის უსაფრთხოებით, საცხოვრებლით უზრუნველყოფას და არ ერევიან ბაზრის (მისი ფართო გაგებით) მოქმედებაში, რაც კიდევ უფრო ზრდის კრედიტის აღების საჭიროებას.

შემთხვევითი არ არის, რომ საქართველოში არსებული კომერციული ბანკების არაპროფილური საქმიანობა (მისი აკრძალვის მიუხედავად) ჯანდაცვის, განათლების და უძრავი ქონების სფეროებს მოიცავს. შემთხვევითი არც ისაა, რომ ჩვენთან, განათლებაზე საუბრისას, ხაზს უსვამენ მოთხოვნა-მიწოდებას, განათლებას კი პროდუქტად მოიხსენიებენ, რომელსაც, ჭკუა თუ გვეყოფა, ოდესმე მოხერხებულად შევფუთავთ, ჩვენს კონკურენტებს მოვუგებთ და შრომის ბაზარზე ‘კარგ ფასად‘ გავყიდით; მოგება ჩვენი ხელფასი იქნება; ამ განათლების დასაფინანსებლად კი ბევრ ოჯახს სესხის აღება უხდება. შემთხვევითი არც ისაა, რომ დღეს, უმეტესობისთვის, სესხის აღების გარეშე საცხოვრებელი ბინის შეძენა წარმოუდგენელია; ვაგროვოთ ხელფასიდან თანხა რამდენი წელიც გვინდა – მაინც ვერ ვიყიდით ბინას. თუ არ გაგვიმართლა და ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა შეგვექმნა, დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაშიც დაგვჭირდება სესხის აღება. ჩვენი საცხოვრებლით უზრუნველყოფა, ჯანმრთელად ცხოვრება და განათლების მიღების გზა ხშირად კრედიტზე გადის. თუმცა, ნუ ვიდარდებთ, სესხის აღება სულ არ არის რთული – აუცილებლად დაგვირეკავენ რომელიმე ფინანსური ინსტიტუტიდან და გვეტყვიან, რომ ჩვენ უკვე გვაქვს საკრედიტო ბარათი გარკვეული თანხით, რომელიც არასოდეს მოგვითხოვია, ან მოგვწერენ პირად შეტყობინებას და შემოგვთავაზებენ აქციას ‘უპროცენტო‘ სესხზე, რადგან არავინ დაიცვა ჩვენი პირადი მონაცემები და რატომღაც, ჩვენი მობილურის ნომერი აქვს ყველა ბანკს, მაღაზიასა თუ სხვა ტიპის კომპანიას. თუ ავად გავხდით, ან სამსახური დავკარგეთ, ვერავინ დაგვეხმარება კრედიტის დაფარვაში და თუ ვერ შევძელით ვალის გასტუმრება, დიდი შანსია, დავკარგოთ საცხოვრებელი ბინა, რომელიც გირაოდ ჩავდეთ. დიდია ალბათობა, დავრჩეთ უსახლოდ ქვეყანაში, სადაც სახლი ყველაზე დიდ ეკონომიკურ უსაფრთხოებას წარმოადგენს ისედაც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის.

ჩვენი მთავრობები უმეტესად ვერ ან არ ხედავენ თავიანთ პასუხისმგებლობას, დაიცვან მოქალაქეები სოციალურად, ხელმისაწვდომი გახადონ ჯანდაცვა, განათლება თუ საცხოვრებელი, დაიცვან დასაქმებულთა უფლებები, მათი სამუშაო პირობები, ხელი შეუწყონ სამუშაო ადგილების შექმნას წარმოების განვითარების გზით და ამ პროცესში აქტიურად ჩართონ საბანკო სექტორი, რომელიც თავისი საქმიანობის სფეროდ უმეტესად არ მიიჩნევს მცირე და საშუალო საწარმოების თუ სტარტაპების დაფინანსებას. და თუ მაინც მივმართავთ ფინანსურ ინსტიტუტებს სესხის ასაღებად, დაცული უნდა იყოს ჩვენი, როგორც მომხმარებლის უფლებები. ნებისმიერი სესხის გამცემი ფინანსური ინსტიტუტი საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში უნდა მოქმედებდეს, რათა აღარც 300%-იანი სესხის აღება მოგვიხდეს და ვერც ე.წ. სესხის ამომღებმა კომპანიებმა დაგვაშინონ მუქარებით და ჩვენი საკრედიტო ვალდებულებების სანათესაო-სამეზობლო-სამეგობროში გასაჯაროებით. „ჯერ განვვითარდეთ და შემდეგ სოციალურ საკითხებსა და მომხმარებლის უფლებებზე ვიზრუნებთ“ პრინციპით, ფინანსური სფეროს აღორძინებას არ უნდა შეეწიროს არც ჩვენი უფლებები და არც ჩვენი კეთილდღეობა; რამ და ვინ გა(მო)ყო ‚განვითარების‘ იდეა ადამიანის სოციალური კეთილდღეობისაგან?

თუმცა, ჩვენ აუცილებლად გვეტყვიან, რომ ძირითადი პასუხისმგებლობა ადამიანს ეკისრება, რომ მას აკლია ფინანსური განათლება. მისი ბრალია, რომ არც სკოლაში ასწავლეს ფინანსების მართვა და არც ის იცოდა, რა არის ბანკის ანაგრიში, საკრედიტო ბარათი თუ ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; სათანადოდ არ გაეცნო კონტრაქტის წვრილი ასოებით დაწერილ მნიშვნელოვან პირობებს; სიხარულით, ნაჩქარევად მოაწერა ხელი კონტრაქტს, (იქნებ სიცოცხლეში პირველად ჰქონდა ურთერთობა ფინანსურ დაწესებულებასთან?). ისიც მისი ფინანსური გაუნათლებლობის ბრალია, სესხი რომ დოლარში დაუმტკიცდა, მაშინ როცა შემოსავალი ლარში აქვს. რატომ ვერ გათვალა, რომ ლარის კურსი ისე დაეცემოდა, სესხის პროცენტის დაფარვის შემდეგ, სხვა საჭიროებებისთვის ხელფასიდან ფული აღარ დარჩებოდა? რა იცოდა, რომ ბანკებიც დოლარში სესხულობენ ფულს და ლიკვიდობის სამართავად დოლარში ურჩევნიათ ფულის გასესხება, ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს სავალუტო რისკი? იმასაც დაგვაჯერებენ, რომ სისტემას ვერ შევცვლით და ამიტომ ჩვენ უნდა შევიცვალოთ – ადამიანები, მსესხებლები. ცხადია, ადამიანს ვერ მოვუხსნით მის წილ პასუხისმგებლობას. როგორც ილია წერდა: კრედიტი ორპირი მახვილია. ვინც კრედიტით მოპოვებულ ფულს საქმეს მოახმარებს და მით საქმეს შემოსავლისათვის გაიძლიერებს, მისთვის კრედიტი მისწრაფებაა, და ვინც გაფლანგავს და ჭერში ქუდის სროლით ლხინს მოანდომებს, მისთვის ყელის გამოსაჭრელია და საფლავის მთხრელია. თუმცა, აუცილებელია სისტემურ პრობლემებსა და ცვლილებებზეც საუბარი.

იმასაც გვეტყვიან, რომ გვინდოდა და ავიღეთ სესხი, არავინ გვაიძულა; მაგრამ რატომ არ ვსვამთ კითხვას: რას მიჰყავს ადამიანები ასეთ გადაწყვეტილებამდე – რატომ იღებენ სესხს? იძულება ხომ მხოლოდ ფიზიკური ფორმებით არ გამოიხატება?! ხშირად ხომ გარემოებები, თითქოს არაპირდაპირ, სინამდვილეში კი პირდაპირ გვაიძულებენ ‘ჩვენი სურვილით‘ ავიღოთ სესხი?

სწორედ ეს არის ფინანსიალიზაციის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი – ფინანსური ელიტების სასარგებლოდ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სესხებად, საპროცენტო განაკვეთებად და რისკებად გადაქცევა. და თუ ეს თითქმის შეგუებული ყოფა ნორმალურ და ბუნებრივ არსებობად მიგვაჩნია, თუ მართლაც დავიჯერეთ ამ ყველაფრის ლეგიტიმურობა და ნორმალურობა, მაშინ მართლაც გაუმარჯვია ბაზრის ‘უხილავ‘ მექანიზმებს თავისი ‘სიმართლით‘ ჩვენზე.

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[i] დერივატივი არის ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშსწორების პირობებს მომავალში. დერივატივის ღირებულება დამოკიდებულია მისი საბაზისო აქტივების (აქციები, სავალუტო ლოტები და სხვა ფასიანი ქაღალდები) ფასისა და მომგებიანობის დინამიკაზე.
[ii] ოფციონი არის დერივატივის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც უფლებას აძლევს მის მფლობელს (თუმცა არ ავალდებულებს), იყიდოს ან გაყიდოს ფასიანი ქაღალდები ან სხვა აქტივები ხელშეკრულებით განსაზღვრულ დროს მომავალში, განსაზღვრულ ფასად.
[iii] ფიუჩერსი არის დერივატივის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ავალდებულებს გამყიდველს და მყიდველს განსაზღვრულ დროში, განსაზღვრულ ფასად გაყიდონ და იყიდონ გარკვეული აქტივები. ეს კონტრაქტი არ გულისხმობს მოცემული აქტივის ფიზიკურ მიწოდებას.
ლიტერატურა
de Goede, M. (2005). Genelaogoy of Finance: Virtue, Fortune and Faith, Minneapolis: University of Minnesota Press.
de Goede, M. (2010). Financial Security. In J. Peter Burgess (Ed.) The Routledge Handbook of New Security Studies. London: Routledge.  100-110.
Epstein, G. A. (Ed.) (2005). Financialization and the World Economy, Cheltenham, Northampton: Edward Elgar Publishing Ltd.
Foucault, M., Burchell, G., Gordon, C & Miller, P. (1991). The Foucault Effect: Studies in Governmentality: with two lectures by and an interview with Michel Foucault, Chicago: University of Chicago Press.
Foucault, M. (2006). Psychiatric Power: Lectures at the Collège de France, 1973—1974, New York: Palgrave Macmillan.
Foucault, M. (2008). The birth of Biopolitics: Lectures at the College de France 1978-1979, M. Senellart, et al. (Eds), New York: Palgrave Macmillan.
Foucault, M. (2010). Kritik des Regierens: Schriften zur Politik Ausgewählt und mit einem Nachwort von Ulrich Bröckling, Berlin: Suhrkamp Taschenbuch-Wissenschaft 1933.
Harvey, D. (2007). A Brief History of Neo-liberalism, Oxford: Oxford University Press.
Langley, P. (2008). The Everyday Life of Global Finance: Saving and Borrowing in Anglo-America, Oxford: Oxford University Press.
Lapavitsas, C. (2011). Theorizing Financialization. Work, Employment & Society, 25(4), 611–626.
Lemke, T. (2012). Foucault, Governmentality, and Critique, London: Paradigm Publishers.
Leyshon, A., & Thrift, N. (2007). The Capitalization of Almost Everything: The Future of Finance and Capitalism. Theory, Culture & Society, 24(7–8), 97–115.
Palley, T. I. (2007). Financialization: What it is and Why it Matters (Political Economy Research Institute Working paper Series No. 153). Amherst.Strange, S. (1986). Casino Capitalism, Oxford: Basil Blackwell.
Strange, S. (1998). Mad Money: When Markets Outgrow Governments, Ann Arbor: University of Michigan Press.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“