საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შესავალი
ხელმომწერი ორგანიზაციები - კავშირი “საფარი”, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) და სოციალური სამართლიანობის ცენტრი, ვეხმიანებით ნინოწმინდის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის ყოფილ აღსაზრდელთა უფლების სისტემური დარღვევის უმძიმეს გამოცდილებას და გამოვხატავთ შეშფოთებას, რომ პანსიონატში შექმნილი კრიზისიდან 1 წლის შემდეგაც, ბავშვთა მიმართ ინსტიტუციური ძალადობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია და არც რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების რეფორმის პროცესი დაიწყო.
ხელმომწერი ორგანიზაციები ნინოწმინდის პანსიონის 11 ბენეფიციარის ინტერესებს ვიცავთ გამოძიების წინაშე და სწორედ ამ საქმეებიდან გამომდინარე, ვაფასებთ გამოძიების პროცესს.
ჩვენს წარმოებაში არსებული საქმეების გამოძიების პროცესზე დაკვირვება აჩვენებს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიება ფორმალურ და ილუზორულ ხასიათს ატარებს და იგი ვერ აკმაყოფილებს ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების ბაზისურ სტანდარტებსაც კი. ამ დრომდე საქმის გამოძიება არ მიმდინარეობს რელევანტური სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციით, ცალკეული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა დაგვიანებით, ამ დრომდე არ მომხდარა პანსიონის აღსაზრდელთა დაზარალებულად ცნობა და მათთვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გადაცემა.
პრობლემურია ისიც, რომ ნინოწმინდის პანსიონის კრიზისის შემდეგ, სახელმწიფომ არ დაიწყო რელიგიური პანსიონების დეინსტიტუციონალიზების ფართე რეფორმა და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონში, ისევე, როგორც ძალადობის გამოცდილების მქონე სხვა რელიგიურ პანსიონებში, ისევ რჩებიან აღსაზრდელები.
1. ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები
როგორც ცნობილია, 2021 წლის აპრილის თვეში, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები არ შეუშვეს და არ მისცეს მონიტორინგის შესაძლებლობა, საქართველოს საპატრიარქოს ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში.
აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების პარალელურად კი, პანსიონის ყოფილმა აღსაზრდელებმა, სხვადასხვა მედიასაშუალებებით, ღიად ისაუბრეს პანსიონში ცხოვრების პერიოდში მათ და სხვა აღსაზრდელების მიმართ პანსიონის აღმზრდელების მხრიდან ჩადენილი ძალადობის ფაქტების შესახებ.
ყოფილი აღსაზრდელების ინფორმაციით, პანსიონის აღმზრდელები წლებში განმავლობაში აღსაზრდელების დასჯის უკმაცრეს მეთოდებს მიმართავდნენ. კერძოდ, ადგილი ჰქონდა საკვების მიღებისა და ძილის აკრძალვას, დასჯის მიზნით აიძულებდნენ მეტანიების კეთებას, საათების განმავლობაში არ აძლევდნენ დაჯდომის უფლებას, აჩოქებდნენ ხორბლისა და სიმინდის მარცვლებზე, აყენებდნენ ცალ ფეხზე და აიძულებდნენ ხელში სკამის ჭერას, ურტყამდნენ სახაზავებს. გარდა ამისა, აღმზრდელები მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და აიძულებდნენ, მომხდარის შესახებ სხვა პირებთან არ ესაუბრათ.
პანსიონის ყოფილი აღსაზრდელების მიერ აღწერილი ძალადობის ფაქტების შესახებ, აგრეთვე, მითითებულია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში.[1] სახალხო დამცველის ინფორმაციით, წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები აღსაზრდელების უფლებების სისტემურ დარღვევებს და მათ მიმართ ძალადობას, წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან გათანაბრებულ ქცევას. კერძოდ, აღსაზრდელების აღზრდის მეთოდებში ინტეგრირებული იყო დასჯის ღირსებაშემლახავი, მატრავმირებელი მეთოდები, მათ შორის - ძილის აკრძალავა, საკვების გარეშე დატოვება, სხვადასხვა ქმედების, მათ შორის აღმზრდელებისთვის ფეხზე მასაჟის გაკეთების იძულება, არასრულწლოვნების მოხსენიება ,,დედისგან მიტოვებულად“ და ა. შ. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის პანსიონის ადმინისტრაციას არ ჰქონდა შემუშავებული ბავშვის ძალადობისგან დაცვისა და ძალადობაზე რეაგირების ეფექტური მექანიზმი, პანსიონში არ ხდებოდა ძალადობრვი ფაქტების წერილობით დოკუმენტირება, რისი ვალდებულებაც პანსიონს კანონით გააჩნდა.
პანსიონის ადმინისტრაციის წინააღმდეგობის პირობებში, სახალხო დამცველის შესვლა დაწესებულებაში შესაძლებელი გახდა 2021 წლის 7 მაისს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის გადაწყვეტილებისა და მოგვიანებით კომიტეტის გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, 2021 წლის 5 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ივანე ღლონტის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკის და არაჯანსაღი გარემოს გამო, მათი პანსიონიდან გადაუდებელი გამოყვანა მოსთხოვა სახელმწიფოს. აღნიშნულ დავებს ბავშვთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის, აწარმოებდა და სწორედ მათი ძალისხმევის შედეგი იყო დამდგარი შედეგი.
სახალხო დამცველის ანგარიშებში წამორდგენილი ინფორმაცია სრულად დაადასტურეს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ადამიანებმაც (იხ. ქვემოთ ქვეთავი 2.1.).
2. გამოძიების პროცესის აღწერა
2.1. გამოძიების დაგვიანებული დაწყება
პანსიონის აღსაზრდელების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ფაქტებზე, გამოძიება ამ ეტაპზე მიმდინარეობს შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, პანსიონში ბავშვთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, საგამოძიებო უწყებას ჯერ კიდევ 2016 წელს და 2021 წლის 9 თებერვალს მიმართეს, თუმცა გამოძიება ფორმალურად დაიწყო და რაიმე სამართლებრივი შედეგი არ დამდგარა. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, პანსიონში ძალადობის ფაქტებზე 2016, 2019 და 2020 წელს სამართალდამცავ უწყებებს აგრეთვე მიმართა სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ, თუმცა ამ შემთხვევაშიც საგამოძიებო ორგანოს რაიმე ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.[2]
აღსანიშნავია, რომ 2016 წელს დაფიქსირდა პოლიციის თანამშრომლების ზეწოლა აღსაზრდელების მიმართ. პოლიციელები ემუქრებოდნენ ბავშვებს, რომ მათ არ ეთქვათ სიმართლე ნინოწმინდის პანსიონში ძალადობის შესახებ. აღნიშნულ საქმეზე, თბილისის პროკურატურაში 2016 წელს დაიწყო გამოძიება. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა შემოწმება, თუმცა არათუ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება, არამედ დისციპლინური გადაცდომაც კი არ გამოვლენილა პოლიციელების მხრიდან.
საბოლოოდ, 2021 წლის აპრილი-მაისის თვეში ძალადობის ფაქტების შესახებ ინფორმაციის გასაჯროების შემდგომ შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ნინომწინდის პანსიონში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის 2016, 2019 და 2020 წლებში გამოვლენილ ფაქტზებზე, ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განაგრძო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილით (ძალადობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
აღნიშნული გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხა ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი ყოფილი აღსაზრდელი, რომელთაც საგამოძიებო ორგანოს მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია მათ მიმართ წლების განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით. კერძოდ, ხელმომწერი ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფმა აღსაზრდელებმა საგამოძიებო ორგანოს მიუთითეს, რომ კონკრეტული აღმზრდელები მათ მიმართ წლების განმავლობაში დასჯის უმკაცრეს ფორმებს იყენედნენ: აიძულებდნენ საათების განმავლობაში ფეხზე დგომას, მეტანიების კეთებას, უკრძალავდნენ ძილს, საკვების მიღებას, დღის საათებში ძილის მიზნით თვალებს უხვევდნენ "რეიტუზებით". ერთ-ერთი არასრულწლოვანი აღმზრდელის მითითებით, სხვა აღსაზრდელებმა იგი ფეხებით გადაკიდეს პანსიონატის შენობის მეორე სართულიდან, რის შემდგომაც აღსაზრდელმა გონება დაკარგა და საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია. ამასთან ერთად, აღსაზრდელებს გამუდმებით აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და სხვადასხვა დამამცირებელი ფრაზებით მოიხსენიებდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი პირების გამოკითხვასთან ერთად, დაინიშნა და ჩატარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, მიყენებული ზიანისა და განცდილი ფსიქოლოგიური ტანჯვის შესაფასებლად.
2.2. დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარი და საქმის მასალებზე წვდომის შეზღუდვა
გამოძიების მიმდარეობის მიუხედავად, ორგანიზაციებს არ გვაქვს შესაძლებლობა, შევაფასოთ საქმეზე ჩატარებული/მიმდინარე/დაგეგმილი საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები და მათი სამართლებრივი შედეგები, ვინაიდან ჩვენი არაერთი მიმართვის მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა ამ დრომდე არ სცნობს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს დაზარალებულებად, რის გამოც ყოფილ აღსაზრდელებს და მათ ადვოკატებს არ აქვს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა და ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, წლების განმავლობაში რა სახის საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებს ატარებს საგამოძიებო ორგანო, რა სამართლებრივი შედეგებით და რატომ ვერ ხერხდება პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა.
საქართველოს პროკურატურამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი პანსიონის აღსაზრდელს, თუმცა, ამ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გადაცემაზე დაუსაბუთებელი უარი განაცხადა, ხოლო გადაცემული სისხლის სამართლის საქმის მასალებით შეუძლებელია გამოძიების ეფექტურობის შეფასება.
საქართველოს პროკურატურის განმარტებით, დაზარალებულად ცნობაზე უარის თქმა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოფილ აღსაზრდელთა მიმართ დანიშნული ფსიქოლოგიური ექსპერტიზის პასუხები ამ დრომდე არ არის ცნობილი, რის გამოც ვერ ხერხდება განცდილი ფსიქოლოგიური ტანჯვის განსაზღვრა და აღსაზრდელებისთვის მიყენებული ზიანის დასაბუთება, რაც დაზარალებულად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს.
პროკურტურის აღნიშნული მითითება არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან პირის დაზარალებულად ცნობისთვის მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩადენისა და ზიანის მიყენების ვარაუდი, რაც, ამ შემთხვევაში, არაერთი აღსაზრდელის ჩვენებით დასტურება. სხვაგვარი განმარტების პირობებში, მსხვერპლს, მის მიმართ უშუალოდ დანაშაულის ჩადენის დადასტურებამდე, არ ეძლევა სისხლის სამართლის საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, რაც გამორიცხავს გამოძიების პროცესში დაზარალებულის სათანადოდ მონაწილეობის უფლებას და წარმოადგენს ეროვნული თუ საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას.
ხელმომწერი ორგანიზაციების დაცვის ქვეშ მყოფი პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მიუნიჭებლობა პრობლემურია იმ მხრივაც, რომ გამოძიების ფარგლებში უკიდურესად გაჭიანურებულია ექსპერტიზის დასკვნების მომზადება. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზათა უმეტესობა 2021 წლის ივნისი-ივლისის პერიოდში განხორციელდა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ცალკეულ შემთხვევებში ექსპერტიზის დასკვნები ამ დრომდე არ მომზადებულა, ერთ შემთხვევაში კი საგამოძიებო ორგანოს ინფორმაციით საექსპერტო დაწესებულებისგან მიღებული დასკვნით, (რომელიც 2022 წლის 29 მარტს გადაეცა გამოძიებას) დგინდება, რომ ექსპერტს დასმულ კითხვებზე პასუხის გასაცემას სჭირდება სტაციონალური ექსპერტიზის განხორციელება, რაც მოითხოვს ბენეფიციარის მოთავსებას საექსპერტო დაწესებულებაში. სამწუხაროდ, აღნიშნულ ბენეფიციარს და მის ადვოკატს დაზარალებულის სტატუსის არარასებობის პირობებში არ ეძლევათ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის გაცნობის შესაძლებლობა და ჩვენთვის უცნობია, რა საჭიროებას წარმოადგენს სტაციონალური ექსპერტიზა და რატომ ვერ შეძლო ექსპერტმა დასკვნის მომზადება იმ პირობებში, როდესაც აღნიშნულ ბენეფიციარის კვლევა არაერთხელ განხორციელდა.
2.3. არასათანადო სამართლებრივი კვალიფიკაციის პრობლემა
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საკმაოდ პრობლემურია აღსაზრდელების მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის საკითხი. გამოძიება მიმდინარეობს ძალადობის ფაქტზე, მაშინ როდესაც აღსაზრდელების მიერ საგამოძიებო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის დანაშაულის ჩადენაზე მიუთითებს. მიუხედავად იმისა, რომ ხელმომწერმა ორგანიზაციებმა არაერთხელ მიმართს საქართველოს პროკურატურას საქმეზე სისხლისსამართლებრივი კვლიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით, პროკურატურამ არცერთ შემთხვევაში არ გაიზიარა ჩვენი მოთხოვნა და გამოძიება კვლავ ძალადობის კვალიფიკაციით გრძელდება. საქმეზე მინიჭებული არარელევანტური სამართლებრივი კვალიფიკაცია კი ჰქმნის ეჭვს, რომ ვინაიდან ძალადობის დანაშაულს გააჩნია სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადა, რომელიც ამ დროისათვის უკვე გასულია, სახელმწიფო აღნიშნულის კვალიფიკაციის ფარგლებში გეგმავს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებას და გამოძიების შეწყვეტას სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის მოტივით, რაც დამნაშავე პირთა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
2.4. სახალხო დამცველის შეფასება მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობაზე
უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე გამოძიების არაეფექტურობაზე უთითებს საქართველო სახალხო დამცველის ანგარიშიც. სახალხო დამცველის წარმომადგენლები 2021 წლის ივლისი-აგვისტოს თვეში გაეცნენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების პროცესში არ არის ჩატარებული ან დაგვიანებით არის წარმართული მნიშვნელოვანი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებები. კერძოდ, სახლახო დამცველის ინფორმაციით საგამოძიებო პროცესში არა არის გათვალისწიებული ბავშვის საუკეთესო ინტერესები, ცალკეულ შემთხვევებში გამომძიებელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობაზე მითითებით დაშინების შედეგად არასრულწლოვნის დაყოლიებას შეეცვალა ჩვენება (გამომძიებლების მიმართ მიმდინარეობს გამოძიება), რამდენიმე შემთხვევაში საჭიროების მიუხედავად საგამოძიებო მოქმედებას არ დაესწრო არასრულწლოვნის საპროცესო წარმომადგენელი და გამოკითხვას ესწრებოდა პანსიონატის თანამშრომელი, რაც გამორიცხავდა აღსაზრდელისგან ობიექტური ჩვენების მიღეებას. საგამოძიებო ორგანომ ძალდობის ფაქტის შეტყობინების მიუხედავად 2 თვის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება, პანსიონატში არ ჩაატარა ამოღების საგამოძიებო მოქმედება, 2016 წლიდან დანაშაულებრივი ქმედბების შესახებ ინფორმაციის მიუხედავად არ გამოკითხა რელევანტური პირები, არ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის ინფორმაციით შეუსაბამოა სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია, ვინაიდან აშკარაა რომ აღსაზრდელების მიმართ ხორციელდებოდა არაადამიანური და დამამცირებელი მოყრობა, რაც თავის შინაარსით, სცდილება ძალადობის დანაშაულებრივ ქმედებას. სახალხო დამცველმა გამოძიების პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშრებით რეკომენდაციით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს.[3]
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, გამოძიება მიმდინარეობს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რაც გულისხმობს საქმესთან დაკავშირებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების გონივრულ ვადაში ჩატარებას იმ უწყების მიერ, რომელსაც არ გააჩნია გამოძიების შედეგების მიმართ პირადი ინტერესი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სტანდარტებით, სახელმწიფოს გააჩნია არასათანადო მოპყრობის საქმეებზე დამნაშავე პირთა გამოვლენისა და ეფექტური გამოძიების ჩატარების ვალდებულება.
სამწუხაროდ,, მოცემულ შეთხვევაში მიმდინარე გამოძიება არსებითად არაეფექტურია, ვინაიდან, მნიშვნელოვანი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები დროში გაჭიანურებულია, 2016 წლიდან მიმდინარე და კიდევ უფრო მაღალი საჯარო ინტერესის და წნეხის ქვეშ 2021 წლიდან გაგრძელებული ერთიანი სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიუხედავად, ამ დრომდე არ არის მიღებული რაიმე შემაჯამებელი გადაწყვეტილება, დანაშაულის მსხვერპლებს არ ეძლევათ სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, საგამოძიებო ორგანო არ ცვლის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას და არ ცდილობს, პანსიონის აღსაზრდელებს გაუჩნდეთ ნდობა საგამოძიებო პროცესის მიმართ.
აღნიშნული გარემოებები და გამოძიების დემონსტრაციულად ფორმალური ხასიათი მიგვანიშნებს, რომ სახელმწიფო არც ამჯერად გეგმავს სამართლებრივი შედეგის დაყენებას, დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენას და აღსაზრდელების ინტერესების დაცვას.
4. დეინსტიტუციონალიზების პროცესი ისევ შეჩერებულია
ნინოწმინდის პანსიონის კრიზისის შემდეგაც კი, სახელმწიფოს არ დაუწყია რელიგიური კონფენსიების დაქვემდებარებაში არსებული, დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის რეფორმა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვისთვის გასატარებელი გადაუდებელი და აუცილებელი ზომაა. სამწუხაროდ, ნინოწმინდის პანსიონში, ისევე, როგორც სხვა პანსიონებში, რომლებთან დაკავშირებითაც ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობისა და კოლექტიური დასჯის შესახებ (მაგალითად, ფერიის პანსიონი), ამ დრომდე რჩებიან აღსაზრდელები [4]. განსაკუთრებული ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სახელმწიფოს არ შეუმუშავებია სისტემური ძალადობის გამოცდილების მქონე ბავშვებისთვის და ზრდასრულებისთვის რეაბილიტაციისა და დაცვის სოციალური, ჯანდაცვის, ფსიქოლოგიური და სხვა პროგრამები, რაც სახელმწიფო გულგრილობის კიდევ ერთი დემონსტრაციაა.
გაეროს არაერთი ორგანოს შეფასებით, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს სახელმწიფომ ოჯახთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვა და მხარდაჭერა უნდა შესთავაზოს. გაეროს გენერალური ასამბლეა, იზიარებს რა აღზრდის პროცესში მიჯაჭვულობის თეორიასა და ინდივიდუალური მიდგომების მნიშვნელობას, მცირე საოჯახო ტიპის დაწესებულებებს დიდი სააღმზრდელო ინსტიტუციების ალტერნატივად განიხილავს და სახელმწიფოებს მოუწოდებს, დაიწყონ დიდი დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზების პროცესი და მოახდინონ ამისთვის საჭირო რესურსებისა და პროგრამების მობილიზება ბავშვების სასარგებლოდ. გაეროს პოზიციაა, რომ ამ პროცესში სახელმწიფოებმა მაქსიმალურად უნდა შეუწყონ ხელი ბავშვების საკუთარ ოჯახებში დაბრუნებასა და კავშირების შენარჩუნებას.
მოთხოვნები
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში საჭირო ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება;
უზრუნველყოს დანაშაულებრივ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და გამოძიების დასრულება გონივრულ ვადაში.
საქართველოს პროკურატურას
უზურნველყოს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაციის შეცვლა და გამოძიება წარიმართოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 3-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას დამამაცირებელი და არადამიანური მოპყრობისთვის;
დაუყოვნებლივ უზრუნველყოს დანაშაულის მსხვერპლების დაზარალებულად ცნობა და გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები დაზარალებულ პირებს.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს
უზრუნველყოს პანიონის ყოფილი ბენეფიციარებისათვის სპეციალური პროგრამის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს მათი რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის პროცესს;
უზრუნველყოს პანიონის ყველა ყოფილი ბენეფიციარისთვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსის ორგანიზება;
პანსიონის ყოფილი ბენეფიციარებისთვის პროფესიული და უმაღლესი განთლების მიღება გახდეს უფასო;
პანსიონის ყოფილი ბენეფიციარების, რომლებიც არ დაბრუნებულან ბიოლოგიურ ოჯახებში, სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაში რეგისტრაცია მოხდეს განსხვავებული წესით და გამარტივებული ფორმით.
ნინოწმინდისა და სხვა პანსიონში ამჟამად მყოფი ბავშვი უზრუნველყოს ზრუნვის ალტერნატიული ფორმით;
საჯარო განხილვისთვის წარმოადგინოს, რელიგიური კონფენსიების დაქვემდებარებაში არსებული, დიდი ზომის სააღმზრდელო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის კონკრეტული გეგმა და მოახდინოს გეგმის შემუშავების პროცესში სამოქალაქო სექტორის ჩართვა.
[1] სპეციალური ანგარიში, „ბავშვზე ზრუნვის სისტემის მონიტორინგი - ალტერნატიული ზრუნვის ეფექტიანობა“, 2018 წელი, გვ. 45. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2019051414365614815.pdf
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა
საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებულ ბავშვთა პანსიონებში“, 2015 წელი, გვ. 11.
ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2019040514142996306.pdf
საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებსპეციალური ანგარიში, ხელმისაწვდომია : https://www.ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/spetsialuri-angarishi-aip-javakhetis-ninotsmindis-tsminda-ninos-sakhelobis-mzrunvelobamoklebul-bavshvta-pansionis-aghsazrdelta-uflebrivi-mdgomareobis-shesakheb
[2] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებსპეციალური ანგარიში , გვ, 18 -29
[3] საქართველოს სახალხო დამცველის 2021 წლის ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის აღსაზრდელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებსპეციალური ანგარიში , გვ, 25-29
[4] სახალხო დამცველის ცნობით, 2021 წლის 28 მაისის მონაცემებით, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებს არ მიეცათ პანსიონში შესვლის შესაძლებლობა, დაწესებულებაში 56 აღსაზრდელი ირიცხებოდა, მათგან 8 არასრულწლოვანს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი ჰქონდა. 2021 წლის 13 სექტემბრის მდგომარეობით, როდესაც სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მონიტორინგი ჩაატარეს ნინოწმინდის პანსიონში, დაწესებულებაში ფიზიკურად იმყოფებოდა სულ 14 არასრულწლოვანი, 9 ხოლო 22 ნოემბრის მონაცემებით, დაწესებულებაში კვლავ ირიცხება 17 აღსაზრდელი, რომელთაგან 15 ფაქტობრივადაც პანსიონში ცხოვრობს.
ინსტრუქცია