საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ნეოექსტრაქტივისტული მოდელის მიმოხილვა
ეკონომიკური მოდელი, რომელიც ბუნებრივი რესურსების მოპოვებასა და რეალიზაციაზეა დაფუძნებული და რომელსაც სამეცნიერო ლიტერატურაში ექსტრაქტივიზმის ტერმინით მოიხსენიებენ, ლათინური ამერიკის ქვეყნების უმრავლესობის მემკვიდრეობას წარმოადგენს.
ბოლო წლებში ტერმინ ექსტრაქტივიზმს დაემატა წინსართი „ნეო“, რაც რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული. უპირველეს ყოვლისა, ნეოექსტრაქტივიზმი მკვლევრების მიერ განისაზღვრება ეკონომიკურ მოდელად, რომელიც ბუნებრივი რესურსების ზე-ექსპლუატაციაზეა დაფუძნებული და რომელშიც სახელმწიფო არანაკლებ როლს თამაშობს, ვიდრე კერძო კომპანიები. ეს გამოიხატება ექსტრაქტივისტული საქმიანობიდან მიღებულ შემოსავლებში სახელმწიფო ბიუჯეტში. მიღებული სახსრების ნაწილი მიდის სოციალური პროგრამების რეალიზაციაზე, რაც იძლევა ამ რეჟიმების მხარდამჭერთა ბაზის ფორმირების საშუალებას.[1] არგენტინელი სოციოლოგის მარისტელა სვამპას აზრით, ხშირად ნეოექსტრაქტივიზმი „გულისხმობს სასარგებლო წიაღისეულის ექსპლუატაციას, გიგანტური ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას, თევზჭერის გაფართოებას, ტყეების მასშტაბურ გაჩეხვას და აგრო-ბიზნესის ზრდას (გენეტიკურად მოდიფიცირებული ისეთი პროდუქტების ხარჯზე, როგორიცაა სოიო, პალმის ზეთი, ბიოსაწვავი)”.[2]
მეორე მხრივ, ლათინური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში ძალაუფლება აქცენტს ნეოექსტრაქტივისტული სისტემის უპირატესობებზე აკეთებს. ამით ადგილობრივი ელიტები ცდილობენ დამალონ უთანასწორობის ახალი ფორმები, რაც შრომის საერთაშორისო გადანაწილებამ მოიტანა. კერძოდ, ამ სახელმწიფოების ნაწილისთვის გამწვავდა დაპირისპირება ცენტრსა და პერიფერიას შორის, რომელიც შეიძლება „შიდა კოლონიალიზმის“ კონცეფციით აიხსნას. ეს კონცეფცია ამერიკელმა მკვლევარმა მაიკლ ჰეჩტერმა ჩამოაყალიბა, რომელმაც აღწერა ელიტებსა და მოშორებული რაიონების მოსახლეობას შორის ურთიერთობის არსებული გამოცდილება.[3] სახელისუფლებო მოხელეები უყურადღებოდ ტოვებენ ნეოექსტრაქტივისტული მოდელის კრიტიკას და შესაძლო ნეგატიურ შედეგებს და არ ითვალისწინებენ საზოგადოებაში მზარდ რეზონანს. მესამე მხრივ აუცილებელია აღინიშნოს, რომ სასარგებლო წიაღისეულის ზემოპოვება გაფართოვდა ჩინურ ბაზარზე ლათინოამერიკულ რესურსებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად. პეკინი იქცა არგენტინის, პერუს, კოლუმბიის და კუბის პროდუქტების მეორე, ხოლო მექსიკის, ურუგვაის და ვენესუელას პროდუქტების მესამე იმპორტიორად.
ლათინური ამერიკის სახელმწიფოების ხელისუფლებათა უმრავლესობამ მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა დაამყარა კერძო ტრანსნაციონალურ კაპიტალთან. შედეგად ბუნებრივი რესურსების ჭარბად მოპოვების პროექტები ხშირად მსხვილი საინვესტიციო ჯგუფების მონაწილეობით ხორციელდებოდა, რამაც 2000-2010-იან წლებში ამ პროცესის ზრდას შეუწყო ხელი. მაგალითად ბრაზილიის ტერიტორიაზე დაგეგმილი იყო ამაზონზე რამდენიმე დამბის აშენება. მეზობელ ბოლივიაში პროცესი, რომელმაც სახელად „დიდი ინდუსტრიული ნახტომი“ მიიღო, გულისხმობდა სათბური ენერგიის, ლითიუმის, რკინის მოპოვებით გამდიდრებას.[4] ვენესუელას სტრატეგიული გეგმა მოიცავდა ნავთობის მოპოვების გაფართოებას ორინოკოს აუზში. არგენტინის მაგალითიც მიუთითებს ნეოექსტრაქტივისტული ქმედების გაფართოებაზე სოფლის მეურნეობის სექტორში და ბუნებრივი რესურსების აქტიურ ათვისებაზე. 2010-2020 წლების ეროვნული სტრატეგიული გეგმა გულისხმობდა სოიოს წარმოების 60%-ით გაზრდას, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას. 2013 წელს YFP, Chevron-ს და არგენტინის პროვინცია ნეუკენის ადმინისტრაციას შორის დადებულმა ხელშეკრულებამ სათავე დაუდო ქანების ჰიდრავლიკური გახეთქვის ტექნოლოგიის გამოყენებით ვაკა მუერტას ფიქლის სათბური რესურსების საბადოს დამუშავების დაწყებას, რომლის რეზერვებიც 22,5 მილიარდ ბარელ ნავთობს შეადგენს.[5]
მწვანე გეოპოლიტიკა და ნეოექსტრაქტივიზმი
უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ეკოლოგიური დღის წესრიგი მსოფლიოში აქტუალური გახდა (ლათინური ამერიკის ქვეყნები ამ შემთხვევაში გამონაკლისს არ წარმოადგენენ). გარემოს დაცვა მოიცავს მრავალ ქვეპუნქტს. მათ შორის არის განვითარების მოდელი, მოსახლეობის ზრდა, მსოფლიოში უთანასწორობის სტრუქტურა და ა.შ. დისკურსის ახალი ობიექტი, კერძოდ კი „გლობალური გარემო“, რომელსაც რამდენიმე ათწლეულის წინ არავინ ახსენებდა, დღეს საერთაშორისო პრაქტიკულ კონფერენციებზე განიხილება. დღევანდელი დებატები გლობალურ კლიმატურ ცვლილებებზე ადამიანის ბუნებასთან ურთიერთობის გადააზრებას პოსტსტრუქტურული გეოპოლიტიკის ტრადიციებში ახდენს და შესაბამისად ახალ „მწვანე (ეკოლოგიურ) გეოპოლიტიკას“ ქმნის.
დისკუსიები ე.წ. მწვანე გეოპოლიტიკაზე, სადაც ეკოლოგია ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც გეოპოლიტიკური ხედვის ფორმირებას ახდენს, XX საუკუნის 60-იან წლებში დაიწყო. დაიწყო განვითარების არსებული მოდელის გადახედვაც. ოდესღაც პოპულარული „დაწევითი განვითარების თეორია“ (catching-up development) ეყრდნობოდა პროგრესის ცნებას. თუმცა ეკონომიკურ მეცნიერებაში „განვითარების“ ზუსტი დეფინიციის არარსებობის გამო, იგი ხშირად იცვლებოდა ეკონომიკური ზრდის ცნებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინები ერთმანეთის შესატყვისი არ არის. მსგავსი არეულობა საზრისებში იქცა ყველა განვითარების თეორიის „აქილევსის ქუსლად“. ამ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა მოდერნიზაციის თეორია, რომლის ავტორებსაც მიაჩნდათ, რომ ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა დაჩქარებულად უნდა გაიარონ ის სტადიები, რაც უფრო განვითარებულმა სახელმწიფოებმა გაიარეს.
პარალელურად ლათინოამერიკელი მკვლევრები, მათ შორის რაულ პრებიში, ანდრე გუნდერ ფრანკი, როდოლფო სტავენჰაგენი და სხვები მოდერნიზაციის თეორიის მწვავე კრიტიკით გამოდიან და ხაზს უსვამენ, რომ მსგავსმა პარადიგმამ შეუძლებელია „მესამე სამყაროს“ ქვეყნები ჩამორჩენილობიდან გამოიყვანოს. მოჰყავდათ რა ლათინური ამერიკის ქვეყნების მაგალითები, მეცნიერები აღნიშნავდნენ, რომ ტრადიციული ინსტიტუტების და ცხოვრების წესის განადგურება სოციალურ დეზორგანიზაციას და დევიანტური ქცევის ზრდას იწვევდა, მათ შორის კონტინენტის ძირძველ მოსახლეობაში. ამ პროცესებმა გამოიწვია (მეოცე საუკუნის 70-იან წლებში) მიდგომების ცვლილება ლათინოამერიკული საზოგადოების ავტოქტონური მოსახლეობის წარმომადგენლების ინტეგრაციის საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც „ეთნოგანვითარების კონცეფციის“ სახელითაა ცნობილი. ამ კონცეფციის თანახმად, საკუთარი განვითარებისთვის რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობა ყველა საჭირო შიდა რესურსებს ფლობდა.
უწყვეტი ზრდის დოგმისადმი კრიტიკული დამოკიდებულება, რომელიც გლობალიზაციის პროცესების საფუძველში დევს, „ანტიზრდის“ (Degrowth) სოციალური და ეკონომიკური კონცეფციის ჩარჩოში განიხილებოდა („ზრდის შეკავება კეთილდღეობის შენარჩუნების პირობებში“),[6] რომლის თანახმადაც ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში საზოგადოებაში კეთილდღეობის უზრუნველყოფა აუცილებელია ეკონომიკის ზომების შემცირებით. კერძოდ „ანტიზრდა“ გულისხმობს მიზანმიმართულ ეკონომიკურ და სოციალურ ტრანსფორმაციას, რომლის თანახმადაც შესაძლებელი იქნება ბედნიერების და კეთილდღეობის დონის მაქსიმიზება. ეკოლოგიური პრობლემებისადმი გაზრდილმა ყურადღებამ და ფართო დისკუსიის გაგრძელების აუცილებლობამ ავტოქტონური საზოგადოებების სამომავლო განვითარების საკითხებზე 2000-იან წლებში გამოიწვია კიდევ ერთი კონცეფციის - „ბუენ ვივირის“ გაჩენა, რომელშიც მკვლევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ნეოექსტრაქტივიზმის და „დაწევითი განვითარების“ თეორიის ალტერნატივა დაინახეს.
ამ მიდგომის ფორმირება, როგორც ურუგვაელი მკვლევარი ედუარდო გუდინასი აღნიშნავს, 2007-2008 წლებში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების და, უპირველეს ყოვლისა, ეკვადორის ადგილობრივი საზოგადოების წარმომადგენლების საქმიანი მონაწილეობით მიმდინარეობდა.[7] თავად ცნება Buen Vivir (ბუკვალურად - „კარგი ცხოვრება“) ნასესხები იქნა ინდიელი ხალხების ძველი ცხოვრებისეული მსოფლმხედველობისგან. ცხადია მნიშვნელოვანია, რომ Buen Vivir აისახა ეკვადორის (2008) და ბოლივიის (2009) კონსტიტუციებში და იქცა საზოგადოებრივი დისკურსის ნაწილად. მისი იდეის თანახმად ადამიანები დედამიწის განუყოფელი ნაწილი არიან. ეს კონცეფცია, რომელიც ლათინური ამერიკის ძირძველი მოსახლეობის არქაულ ტრადიციებს ეფუძნება, მიმართულია ბუნებასთან ჰარმონიის ძიებისა და აუცილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ. როგორც გუდინასი აღნიშნავს, ძირძველი მოსახლეობის კულტურულ ტრადიციებთან დაბრუნებამ ხელი შეუწყო განვითარების კონცეფციის შექმნას და მის ადაპტაციას თანამედროვე პირობებთან.[8]
თავად დისკუსიამ, თუ რას წარმოადგენს Buen Vivir, მოიცვა ეკვადორის საზოგადოების ფართო ფენები. მაგალითად, 2009 წელს ეროვნული განვითარების პირველმა სახელმწიფო გეგმამ გააუქმა არსებული დომინანტური პარადიგმა და აღიარა „სამხრეთის ქვეყნების ექსტრაქტივისტული განვითარების გზის დამანგრეველი ხასიათი“. ამავდროულად ზოგიერთი მკვლევარი ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ Buen Vivir არა იმდენად ძველი ინდური ტრადიციისადმი დაბრუნებაა, არამედ გააზრებული სტრატეგია, რომელიც ეკვადორის ექს-ლიდერის რაფაელ კორეას პოლიტიკურ პროექტს აკანონებს.[9] საინტერესოა, რომ ეკვადორის ახალ კონსტიტუციაში ეს პარადიგმა ასახულია ფართო სპექტრით „Buen Vivir-ის უფლებები“, როგორიცაა კვება, გარემოს დაცვა, წყლის რესურსებზე წვდომა, განათლება და ა.შ.[10]
Buen Vivir-ის კონცეფციის პრაქტიკული რეალიზაციის მაგალითად იქცა იასუნის ეროვნული პარკი, რისთვისაც ეკვადორის ლიდერმა რაფაელ კორეამ 2007 წელს დაიწყო პროგრამა „ინიციატივა იასუნი“. აღნიშნულმა კამპანიამ დიდი ინტერესი გამოიწვია. მას შეეძლო ამაზონის ნავთობის საბადოების დამუშავების ალტერნატივად ქცეულიყო და მის მიზანს რეგიონის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება წარმოადგენდა.
ბოლივიაში Buen Vivir-ის კონცეპტი ინდიელმა ინტელექტუალებმა შემოიტანეს.[11] გუდინასას აზრით, ბოლივიური „ბუენ ვივირის“ ვარიანტი უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს ეთიკურ-მორალური პრინციპების ნაკრებს, რომლებიც პოლიეთნიკურ საზოგადოებაში მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ ამ კონცეპტის შესახებ დისკუსია გასცდა ეკვადორის და ბოლივიის ეროვნულ საზღვრებს. მასში ჩაერთნენ არა მხოლოდ ავტოქტონური, არამედ კონტინენტის აკადემიური წრეებიც. ეს უკანასკნელნი დაკავებული იყვნენ Buen Vivir-ის ინდიკატორების შემუშავებით და აქცენტს მოქალაქეთა კეთილდღეობასა და სოციალურ სამართლიანობაზე აკეთებდნენ. შესაბამისად, იგულისხმება უარის თქმა უკვე დამკვიდრებულ განვითარების ანთროპოცენტრულ მოდელზე ადამიანისა და ბუნების დაბალანსებული ურთიერთობის სასარგებლოდ. ყველაფერი ეს ახდენდა დისკუსიის სტიმულირებას მომავალზე „მტაცებლური“ ექსტრაქტივიზმის გარეშე.[12]
ეკოსისტემაზე დამანგრეველი ზემოქმედების გამო ნეოექსტრაქტივისტული ტრენდისთვის წინააღმდეგობის გაწევა ახალი სოციალური მოძრაობების პოლიტიკური დღის წესრიგის საკვანძო საკითხად იქცა. ეკვადორსა და ბოლივიაში საპროტესტო კამპანიები ე.წ. ეკოტერიტორიული ძვრის ნაწილია, რაც თამამად შეიძლება ლოკალური „მწვანე“ გეოპოლიტიკის გამოვლინებად მივიჩნიოთ. ამ თავისებურებამ შესაძლებლობა მისცა ადგილობრივ თემებს გავლენა მოეხდინათ დისკუსიებზე კლიმატის ცვლილებისა და განვითარების ალტერნატიული მოდელების შესახებ.
ექსტრაქტივიზმის ახალი შემოტევა
დისკუსიები პრობლემებზე, რომლებიც ლათინური ამერიკის ქვეყნების განვითარებას ეხება და სადაც ეკონომიკურ ბაზად კვლავ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება რჩება, დღესაც აქტუალურია, ახალ ფორმებს იძენს და ახალ მონაწილეებს აერთიანებს. შესაბამისად აქტუალურია კითხვაც - რამდენად მოახერხეს მემარცხენე რეჟიმებმა (ბოლივიაში, ვენესუელასა და ეკვადორში) წარმატების მიღწევა დასახული მიზნების რეალიზაციაში?
Buen Vivir-ის პოლიტიკური ინიციატივის რეალიზაციის დაწყებიდან რამდენიმე წლის შემდეგ საინტერესოა ვნახოთ მისი პრაქტიკული შედეგები. ბოლო მანდატის განმავლობაში (2013-2017) ეკვადორის სახელმწიფოს მეთაური რაფაელ კორეა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების გაფართოების პროექტებს დადებითად უყურებდა. მაგალითად, ამაზონის ნაწილში ნავთობის მოსაპოვებლად ახალ კონცესიებს გადაეცათ 3 მილიონ ჰექტარზე მეტი ფართობი. FLASCO-ს მკვლევრების აზრით, დღეს „სპილენძის და ოქროს მოპოვების მრავალი პროექტი აგრძელებს ფუნქციონირებას, მიუხედავად იმისა, რომ მოპოვება ხდება ისეთ სენსიტიურ ადგილებში, სადაც ძირძველი მოსახლეობა ცხოვრობს, ხოლო ადგილები ბიოლოგიური მრავალფეროვნებით და წყლის რესურსებით გამოირჩევა“.[13] ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტები ეკუთვნით მსხვილ კორპორაციებს. ხელისუფლებამ გაზარდა სახელმწიფოს შემოსავლები წიაღისეულის გაყიდვის კონტრაქტების გადახედვის და ეროვნული მოთამაშეების მონაწილეობის გაზრდის შედეგად. მიუხედავად ამისა მოპოვების ახალი რაიონები ძირითადად განსაზღვრულია ნავთობის სექტორის უცხოელი მონაწილეებისთვის. ზახერის და ბაესის ინფორმაციით, ნავთობის და სამთომოპოვებითი საქმიანობის ტერიტორიაზე კომპანიები და სახელმწიფო ადმინისტრაცია ადგილობრივ მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს ართმევენ, ხოლო საშუალო მომპოვებელ კომპანიებს ხელსაწყოებს, რაც აუცილებელია მატერიალური საქმიანობის განსახორციელებლად. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფართო ნეოესტრაქტივისტული კამპანიის რეალიზაციას. აღსანიშნავია, რომ სამთო და ნავთობის მოპოვების ტერიტორიებზე ხდება საპოლიციო და სამხედრო კონტინგენტის გაზრდა, რაც ადგილობრივი მოსახლეობის აღშფოთებას იწვევს. აღნიშნული ფაქტორი, სვამპას აზრით, რესურსების მოპოვების საწინააღმდეგო პროტესტების კრიმინალიზაციასთან ერთად წარმოადგენს დემოკრატიის უარყოფას, როდესაც ხელისუფლება გადადის „უფრო ტრადიციულ ბატონობის რეჟიმებზე ეროვნული განვითარების კლასიკური პოპულისტური მოდელების შესაბამისად“.[14]
სამართლიანია ისიც, რომ ექსტრაქტივისტული პროექტების ბევრი მონაწილე არ მოითხოვს ყველა წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს დახურვას. მაგალითად, ნეოექსტრაქტივიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ ლოკალურ თემებში, შეინიშნება განსხვავებული შეხედულებები. რეგიონში ამ პარადიგმის კრიტიკოსები, რომელთა შორისაც ურუგვაელი მკვლევარი ედუარდო გუდინასიც არის, აქტიურად უსვამენ ხაზს, რომ აუცილებელია საზღვრის გავლება „მტაცებლურ“, „ზომიერ“ და „აუცილებელ“ ექსტრაქტივიზმს შორის. ჯერჯერობით არცერთი შემოთავაზებული ალტერნატივა (ეკოტურიზმი, მოპოვება მცირე მასშტაბებში და ა.შ.) არ იძლევა სოციალური დიფერენციაციის დასრულების საშუალებას, რადგანაც აღნიშნული ბიზნეს-გეგმები არ წარმოადგენენ გარკვეულ სიცოცხლისუნარიან ალტერნატივას ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის.
შეჯამება
რატომ არის საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ლათინური ამერიკის გამოცდილება? მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სასარგებლო წიაღისეულით მდიდარი არ არის, მისი ექსპორტის მეოთხედს მეტალები შეადგენს (სპილენძი და ფეროშენადნობები).[15] მსგავსი საექსპორტო კალათა, რომელიც დიდწილად ნედლეულის გატანაზეა ორიენტირებული, ქვეყნის სიღარიბეში დარჩენის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. ამავდროულად ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული ლოგიკა ახდენს ბუნების და ადამიანების ექსპლუატაციას.[16] საქართველო განიცდის კონკურენტუნარიანობის წნეხს, ხოლო გაბატონებული ეკონომიკური ლოგიკა აიძულებს მას მოიზიდოს ინვესტიციები მოპოვებით სექტორში დერეგულაციის და იაფი სამუშაო ძალის ხარჯზე. მიუხედავად ამისა, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესებზე მისი გავლენა უკიდურესად შეზღუდულია.
ასეთ ვითარებაში ჩვენთან საჭიროა განვითარების და ეკონომიკური ზრდის არსებული ნარატივების გადააზრება. ახალი პოლიტიკის საფუძველში უნდა იყოს სოციალური სამართლიანობა და ეკოლოგიური პასუხისმგებლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ დროს არის ნეოექსტრაქტივისტული მოდელის განვითარების ალტერნატიული ხედვები, რომელიც ოფიციალური პოლიტიკური დისკურსისგან განსხვავდება და ელიტების პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ჰეგემონიისთვის გამოწვევას წარმოადგენს. იგი სამოქალაქო საზოგადოებაში გამოიხატება ეთიკურ, პოლიტიკურ, კულტურულ და სხვა სფეროებში, ხოლო მისი მომხრეები ეჭვქვეშ აყენებენ თეზისს, რომ სახელმწიფოს მმართველი ელიტის და თემის ინტერესები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა. ახალი აქტორები აქტიურობენ რეგიონების მასშტაბით და საერთაშორისო დონეზე. პოლ რუტლეჯის აზრით სწორედ ისინი წარმოადგენენ გამოწვევას ელიტებისთვის, ასევე მმართველობის გლობალური სტრუქტურებისთვის.[17] დისკუსია განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელშიც ბუნებრივი რესურსების ზემოხმარება ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს, ლათინური ამერიკისთვის ჯერ კიდევ აქტუალურია, და მიუხედავად ეროვნული თუ იდეოლოგიური განსხვავებებისა, სულ უფრო ახალ მონაწილეებს აერთიანებს. იგი წარმოადგენს ე.წ. „ეკოტერიტორიული ძვრის“ განუყოფელ ნაწილს, რომელიც რეგიონში შეიმჩნევა. აუცილებელია მსგავსი სახის მოძრაობის საქართველოში გააქტიურებაც.
ურუგვაელი პუბლიცისტის რაულ ზიბეკის აზრით, მსგავსი კამპანიები მიუთითებენ ბრძოლის ახალ ციკლზე, რომელიც საფუძველს ჩაუყრის ახალ ანტისისტემურ მოძრაობებს. კაპიტალიზმის მიმართ უფრო რადიკალურად განწყობილი მოძრაობები ეჭვქვეშ აყენებენ განვითარების დამოკიდებულების თეორიას. ამერიკელი მარქსისტი გეოგრაფის დევიდ ჰარვის აზრით, ლათინური ამერიკის მაგალითზე ჩვენ შეგვიძლია თვალყური მივადევნოთ საზოგადოებების ჰორიზონტალური თვითორგანიზაციის მაგალითს და სიტუაციაზე კონტროლის აღებას იქ, სადაც სახელმწიფო მას ვერ მართავს. საზოგადოებას შეუძლია მოითხოვოს სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიების რეგიონების ეკონომიკის დივერსიფიკაცია, ყურადღების მიქცევა ეკოლოგიისა და სოციალური სამართლიანობისთვის და აიძულოს სახელმწიფო წავიდეს რადიკალურ გარდაქმნებზე.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
[1] Svampa Maristella. Modelo de desarrollo y cuestión ambiental en América Latina: categoríasy escenarios en disputa / El desarrollo en cuestión: reflexiones desde América Latina. La Paz. CIDES. UMSA, 2011. P. 411-441.
[2] Svampa Maristella. Modelo de desarrollo y cuestión ambiental en América Latina: categoríasy escenarios en disputa / El desarrollo en cuestión: reflexiones desde América Latina. La Paz. CIDES. UMSA, 2011. P. 411-441.
[3] Hechter Michael. Internal Colonialism: The Celtic Fringe in British National Development, 1536–1966, London, 1975, 30
[4] http://www2.hidrocarburos.gob.bo/index.php/prensa/noticias/285-bolivia-da-el-gran-salto-industrial.html
[5] http://www.nftn.ru/oilfields/america/argentina/vaka _muehrta/73-1-0-1331
[6] პირველად ტერმინი „ანტიზრდა“ (Degrowth) გამოიყენა ფრანგმა ფილოსოფოსმა ანდრე გორცმა 1972 წელს. სხვა ავტორებმა მისი აქტიურად გამოყენება დაიწყეს რომის კლუბის ანგარიშის „ზრდის საზღვრები“ (1972) და ნიკოლას ჯორჯესკუ-რეგენის კვლევის „ენთროპიის კანონი და ეკონომიკური პროცესი“ გამოქვეყნების შემდეგ
[7] Gudynas Eduardo, Acosta Alberto. “El buen vivir mas allá de desarrollo” // Qué Hacer. DESCO, Lima, Febrero/Marzo, 2011, 70–81
[8] Gudynas Eduardo ,Ecuador. Los derechos de la naturaleza después de la caida de la moratoria petrolera en la Amazonia. http://alainet.org/active/66547
[9] Lemos Andres Ortiz, La desnudez del Sumak kawsay. http://www.planv.com.ec/ ideas/ideas/la-desnudez-del-sumak-kawsay
[10] http://www.asambleanacional.gov.ec /documentos/constitucion_de_bolsillo.pdf
[11] Gudynas Eduardo, “Buen Vivir: Today’s tomorrow” // Development, 2011, 54 (4), 441–447.
[12] Gudynas Eduardo, Acosta Alberto. “El buen vivir mas allá de desarrollo” // Qué Hacer. DESCO, Lima, Febrero/Marzo, 2011, 75-76
[13] Захер Уильям, Баэс Мишель, «Экстрактивизм и Buen Vivir в Эквадоре» // Глобальный диалог ,№ 1, том 6, март 2016, 26–27
[14] Свампа Маристелла. «Бросая вызов неоэкстрактивизму в Латинской Америке» //Глобальный диалог, №1, том 6, март 2016, 25.
[15] ხუნდაძე ტატო. “ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი: ერთი და იმავე წყევლის ორი მხარე“. 30 აპრილი, 2019. https://emc.org.ge/ka/products/ekstraktivizmi-da-neoekstraktivizmi-erti-da-imave-tsqevlis-ori-mkhare?fbclid=IwAR2BaMaOKStIYsqnsAd91j3jTjlTR2n3Wm4p-WH7Ox5DPj8QBkBWVzWgBf8
[16] დევიძე მარიამ. “ოქრო და ციანიდი, ბრძოლა სიმდიდრისთვის თუ გადარჩენისთვის?“. 23 ივლისი, 2019. https://emc.org.ge/ka/products/okro-da-tsianidi-brdzola-simdidristvis-tu-gadarchenistvis?fbclid=IwAR1OGEEJIHOw69KDN24EYBzw-ZtzIhsQh6Ddaws5OYZ-ZWS9T9IZHLnb0hw
[17] Routledge Paul. Anti-geopolitics. Introduction. / The Geopolitics Reader. London, New York: Taylor & Francis e-Library, 2003. P. 245.
ინსტრუქცია