[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

შრომის უფლება / თარგმანი

ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი: ერთი და იმავე წყევლის ორი მხარე

ტატო ხუნდაძე 

პროექტის „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“ ფარგლებში, რომლის მიზანია შეისწავლოს და გააანალიზოს ბუნებრივი რესურსების თუწიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიურისაკითხები, გთავაზობთ თარგმანების სერიას. იმისთვის, რომ თარგმანების მნიშვნელობა და მათი კავშირი ქართულ რეალობასთან უფრო ცხადი გამხდარიყო, პროექტში ჩართულმა მკვლევარებმა მოამზადეს თარგმანების სინთეზური შესავლები

გთავაზობთ ალბერტო აკოსტას “ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი: ერთი და იმავე წყევლის ორი მხარე"

სტატიისთვის სინთეზური შესავალი მოამზადა ტატო ხუნდაძემ

 

 

სინთეზური შესავალი

ალისა ეკითხება კატას, თუ რომელი გზით უნდა წავიდეს. კატის პასუხი ლოგიკურია: „გააჩნია, სად გინდა რომ მოხვდე“. ალისამ არ იცის საით მიდის, ამიტომაც ბუნებრივია მისთვის მნიშვნელობა არა აქვს თუ რომელ გზას აირჩევს. ლუის კეროლის მიერ დასმული პრობლემა, არ შემოიფარგლება მხოლოდ ინდივიდთა ქცევების დილემურობით, ეს პასაჟი კარგად გამოსახავს ბროუნის მოძრაობის მსგავს ქაოსურ მოძრაობას, რომელიც ახასიათებს განვითარებად ქვეყნებს. თუმცა, ქაოსშიც არსებობს გარკვეული მოწესრიგებულობა, რომელიც ზღვრებს უწესებს მოქმედებათა ერთობლიობას. სწორედ ამ საზღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს ასახავს ალბერტო აკოსტას სტატია  „ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი, ერთი და იმავე წყევლის ორი მხარე“. შემთხვევითი არ არის რომ აკოსტამ ლუის კეროლის („ალისა საოცრებათა ქვეყანაში“) ეს სიტყვები წაუმძღვარა საკუთარ სტატიას.[1]

კითხვები, რომელსაც ის ამ სტატიაში სვამს ცხადია მას არ ეკუთვნის. ეს კითხვები საკმაოდ ძველია. რატომ ვრჩებით სიღარიბეში, მაშინ როცა სხვები მდიდრდებიან? ეს კითხვა ხომ ჯერ კიდევ ანტონიო სერას და შემდეგ ადამ სმიტს აწუხებდათ, როცა ისინი სხვადასხვა დროს იკვლევდნენ ხალხთა სიმდიდრისა და სიღარიბის მიზეზებს. თუმცა, თანამედროვე კაპიტალისტურ სისტემაში, ყველაზე მძაფრად სახელმწიფოთა დონეზე (და არა მხოლოდ კლასობრივ დონეზე),  ეს საკითხი დასმულია  ე.წ. დამოკიდებულების თეორიაში (dependecia school), რომელიც ჯერ კიდევ 1950-იან წლებში იღებს სათავეს.  ამ თეორიის სათავეებთან იდგნენ ისეთი გამორჩეული მეცნიერები, როგორიცაა რაულ პრებიში და ჰანს ზინგერი, რომელთაც ეკუთვნით ე.წ. პრებიშ-ზინგერის სინთეზი.  პრებიშ-ზინგერის სინთეზი გვეუბნება, რომ მსოფლიო სისტემაში, არსებობს წინასწარ განსაზღვრული ურთიერთმიმართება. ეს ურთიერთმიმართება, აყალიბებს ვაჭრობის იმგვარ პირობებს (terms of trade), რომლებიც ტოვებენ მდიდარ ქვეყნებს მუდმივად მდიდრებად, და ღარიბებს, ღარიბებად. ღარიბი ქვეყნებიდან მდიდარ ქვეყნებში გაედინება ნედლეული, ხოლო მდიდარი ქვეყნები ღარიბ ქვეყნებზე ყიდიან სამრეწველო (მეტწილად მაღალტექნოლოგიურ ნაწარმს). დროთა განმავლობაში, ვაჭრობის პირობები უარესდება და ღარიბი ქვეყნები სულ უფრო ნაკლებ სამრეწველო პროდუქციას იძენენ, მათ მიერ მოპოვებული, ნედლეულის სანაცვლოდ.[2]

ალბერტო აკოსტა, სტატიაში  „ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი, ერთი და იმავე წყევლის ორი მხარე“ განიხილავს ეკონომიკური განვითარების სწორედ ამგვარ მოდელს, რასაც ესტრაქტივიზმს უწოდებს. ექსტრაქტივისტული, იგივე მომპოვებლური განვითარების მოდელი, აკოსტას მიხედვით, არის ბუნებრივ წიაღისეულზე დამოკიდებული ეკონომიკა, რომელიც კვლავწარმოებას ახდენს ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციით და შემდეგ მიღებული პროდუქციის საზღვარგარეთ გაყიდვით.  ავტორი ექსტრაქტივისტული ეკონომიკური მოდელის იდეალურ ტიპს შემდეგ სამ მდგენელს უკავშირებს: პირველი, რესურსების (მათ შორის შეიძლება იყოს როგორც ბუნებრივი წიაღისეული, ასევე სასოფლო-სამეურნეო ნედლეული) მოპოვება; მეორე, ამ წიაღისეულის დაუმუშავებელი (ან მცირედ დამუშავებული)  სახით საზღვარგარეთ გატანა; და მესამე, ამ პროცესში მეტწილად უცხოური კომპანიების დომინანტური როლი. აღსანიშნავია, რომ ექსტრაქტივიზმი არ არის თანამედროვე მოვლენა და სამხრეთ ამერიკაში ის ჯერ კიდევ 500 წლის წინ იღებს სათავეს. შეიძლება ითქვას, ექსტრაქტივისტული ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბება, კაპიტალისტური წარმოების წესის აღმოცენების პარალელურად წარიმართებოდა.

აკოსტა გვთავაზობს ზოგად სურათს, თუ რა ტიპის ეკონომიკურ მოდელს ავითარებს ბუნებრივ რესურსებზე დამოკიდებული ქვეყნები. ექსტრაქტივიზმი არსობრივად იმპერიალიზმის კომპონენტია. მდიდარი ქვეყნები ნედლეულს ეზიდებიან ღარიბი ქვეყნებიდან, სანაცვლოდ კი ღარიბ ქვეყნებში ყიდიან მაღალტექნოლოგიურ ნაწარმს. მაღალტექნოლოგიური სამრეწველო პროდუქცია გამოირჩევა მზარდი უკუგებით მასშტაბზე, მაშინ როცა ნედლეულის წარმოებას ახასიათებს კლებადი უკუგება. ამას ემატება ისიც, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოება ქმნის მაღალ ხელფასებს, ხოლო ნედლეულის მოპოვება დაბალკვალიფიციურ და დაბალანაზღაურებად სამსახურებს. ანუ გამოდის რომ ნედლეულის მომპოვებელი ქვეყნები სპეციალიზირებულნი არიან  სიღარიბეზე. ამასთან ექსტრაქტივიზმი თავის თავში მოიაზრებს ეკონომიკის დივერსიფიკაციის დაბალ დონეს, რაც თავის მხრივ კაპიტალისტური ციკლების პარალელურად იწვევს  ეკონომიკის და კონკრეტულად შემოსავლების მწვავე ფლუქტუაციებს. ამგვარ ფლუქტუაციებს ხელს უწყობს ის ფაქტი, რომ ნედლეულის ბაზარი არის მიახლოებული სრულყოფილ კონკურენციასთან (განსხვავებით მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ბაზრებიდან, რომელიც მეტწილად ოლიგოპოლიურია). აკოსტა ამტკიცებს რომ OPEC-ი არის ერთადერთი (წიაღისეულის მოპოვების მხრივ) გამონაკლისი ფასების კოორდინაციის მხრივ, რაც თავის მხრივ ამტკიცებს ზემოთ მოყვანილი კანონზომიერების ვალიდურობას. არაკოორდინირებული ფასები თავის მხრივ საფუძველს უქმნის ფლუქტუაციებით გამოწვეულ ზიანს.

ერთ-ერთი ასეთი ზიანი არის სამხრეთ ამერიკაში ექსტრაქტივიზმზე დამყარებული ეკონომიკების ვალების ეკონომიკად ქცევაა. როცა ნედლეულზე ფასები იზრდება, ქვეყანაში შემოდის დიდი რაოდენობით ფინანსური კაპიტალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახითაც და ასევე ჩნდება ფინანსიალიზაციის პროცესი. ნედლეულზე ფასების ზრდის პარალელურად იზრდება ნედლეულის მწარმოებელი კომპანიების დაკრედიტება და ჩნდება სპეკულაციური ბუშტები. ეს ბუშტები გათვლილია იმ ფსონზე, რომელიც ამბობს რომ ამ თუ იმ ნედლეულზე ფასები იქნება მუდმივად მზარდი. შესაბამისად, როცა ფასები ეცემა და კომპანიების მომგებიანობაც მცირდება, იწყება ფინანსური კაპიტალის გადინება. აკოსტა ამტკიცებს, რომ სწორედ ეს იწვევს შემდგომში, ექსტრაქტივიზმზე დამყარებულ სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში,  მიმდინარე ანგარიშების და ფისკალური დეფიციტების პრობლემებს.

აკოსტა ასევე ყურადღებას ამახვილებს ნეოექსრაქტივიზმზე, რომელიც ზემოთ აღწერილი ექსტრაქტივიზმის თანამედროვე ფორმაა. აქ მხოლოდ ერთი განსხვავება შეიძლება დავინახოთ, ეს არის მფლობელობის ფორმა: ნეო-ექსტრაქტივიზმის პირობებში არა უცხოური კომპანია, არამედ ადგილობრივი მთავრობები ეწევიან კაპიტალის აკუმულაციას  ნედლეულის მოპოვების გზით. თუმცა, აკოსტა სხვა ავტორებზე დაყრდნობით, ამტკიცებს რომ ექსტრაქტივიზმი და ნეოექსტრაქტივიზმი არსობრივად ერთმანეთისგან არ განსხვავდება, რადგან ორივე შემთხვევაში ხდება ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მაქსიმალური ექსპლუატაცია. გარკვეულწილად, ნეოექსტრაქტივიზმის პირობებში,  ნედლეულის გაყიდვით მიღებულ შესამოსავლებს მთავრობები უფრო სამართლიანად ანაწილებენ საზოგადოებაზე. ამის მაგალითად, მას მოჰყავს ჰუგო ჩავესის მმართველობა ვენესუელაში. ჩავესის მმართველობის პერიოდში, მართლაც ხდებოდა რესურსებიდან მიღებული შემოსავლების ხარჯვა, საჯარო განათლებაზე, ჯანდაცვაზე და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურაზე. თუმცა, ეკონომიკური სიღარიბის კვლავწარმოების ჯაჭვი კვლავ უცვლელი რჩებოდა, როგორც ვენესუელაში,  ასევე სხვა ნეო-ექსტრაქტივისტულ სახელმწიფოებში: დამატებით მიღებული თანხები იხარჯებოდა არა ახალი პროდუქტიული დარგების შექმნაში, არამედ მიმდინარე ხარჯების დაფარვაზე.

აკოსტა სწორად აღნიშნავს სტატიაში, რომ ნეოექსტრაქტივიზმი არათუ განიცდის მარცხს პროდუქტიული დარგების შექმნის მხრივ, არამედ წარმოქმნის არადემოკრატიული რეჟიმების განმტკიცების რისკებს. ნედლეულის გაყიდვით მიღებული რესურსები მიემართება არსებული რეჟიმების განმტკიცებისთვის. ამ შემთხვევაშიც სახეზე გვაქვს კაპიტალისტური ციკლების ზეგავლენა. როცა ნედლეულზე ფასები მაღალია, ეს აყალიბებს მოხმარების კონსიუმერისტულ სტრუქტურას. ეკონომისტებისთვის კარგად არის ცნობილი რომ მოხმარებას არ ახასიათებს ფლუქტუაცია და ადამიანი ცდილობს შეინარჩუნოს მოხმარების დონე, მაშინაც კი როცა კრიზისის გამო მისი შემოსავლები მცირდება. მოხმარების დონის შესანარჩუნებლად, კლებადი შემოსავლების პირობებში, გამოიყენება ვალი, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო დონეზეც. როცა ნედლეულზე ფასები მცირდებოდა, ლათინური ამერიკის ქვეყნები იძულებულნი იყვნენ აეღოთ ვალები სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებისგან, რასაც მოჰყვა ჭარბვალიანობა და შემდგომში ვალების კრიზისი ლათინური ამერიკის არაერთ ქვეყანაში. ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ხშირად იმიტომ იღებდნენ ვალს, რომ შეენარჩუნებინათ მოხმარების პრე-კრიზისამდელი დონეები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს მთავრობები დაკარგავდნენ ლეგიტიმაციას.

რა შეიძლება საქართველომ ისწავლოს ექსტრაქტივიზმისა თუ ნეოექსტრაქტივიზმის კრიტიკიდან? არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ საქართველო არის მდიდარი ბუნებრივი წიაღისეულით (მოცულობის მხრივ). თუმცა თუ დავაკვირდებით, საქართველოს საექსპორტო კალათას დინამიკურ ჭრილში, დავინახავთ რომ მეტწილად დომინირებს სპილენძის მადნები და ფეროშენადნობები (ეს შეიძლება ჩაითვალოს ექსტრაქტივისტულ საქმიანობად, ნედლეულის მცირე დამუშავების გამო), რაც მაგალითად 2018 წელს მთლიანი ექსპორტის 25.6%-ს შეადგენდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, ქართულ საექსპორტო კალათაზე დასაკვირვებლად არის, ექსპორტის სირთულე (export sophistication). საერთაშორისო სავალუტო ფონდის ანგარიშები ადასტურებს რომ საქართველოს საექსპორტო კალათა მეტწილად ნაკლები სირთულის მქონე პროდუქტებითაა შევსებული.[3] ანუ საქართველო კონცენტრირებულია ისეთ ეკონომიკურ აქტივობებზე, რომელიც წარმოშობს მცირე დამატებით ღირებულებას და საჭიროებს დაბალ კვალიფიციურ კადრებს (რაც ისახება დაბალი ხელფლასების სახით). აკოსტას ტერმინი რომ გამოვიყენოთ, საქართველო არ არის რესურსებით მდიდარი „დაწყევლილი“ ქვეყანა, მაგრამ   იგი „დაწყევლილია“ არსობრივად სიღარიბის მსგავსი მიზეზის და გამო: ნაკლები სირთულის პროდუქტების და ნედლეულის მაწარმოებელი ეკონომიკის არსებობით. ამიტომაც, საქართველომ ყურად უნდა იღოს აკოსტას და ექსტრაქტივიზმის სხვა თეორეტიკოსების რჩევები, რომლებიც გვასწავლიან რომ ეკონომიკური აქტივობების მაღალ საფეხურზე აყვანისა და სირთულის გაზრდის გარეშე, მუდმივად დავრჩებით სიღარიბისა და იმპერიალიზმის ტყვეობაში.

 

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) გთავაზობთ თარგმანების და სინთეზური შესავლის ტექსტების ციკლს, რომელიც მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.

 

 

ალბერტო-აკოსტა_1557128941.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 

[1] Alberto Acosta, “Extractivism and neoextractism: two sides of the same curse”, in Beyond Development Alternative visions from Latin America,  ed. Imre Szűcs (Transnational Institute), 61.

[2] Dialogues on Development, ed. Ushehwedu Kufakurinani, https://www.ineteconomics.org/uploads/downloads/Dependency-theory-e-book-online.pdf

[3] IMF, Georgia : Third Review Under the Extended Fund Facility Arrangement, 2018, https://www.imf.org/en/Publications/CR/Issues/2018/12/19/Georgia-Third-Review-Under-the-Extended-Fund-Facility-Arrangement-Press-Release-Staff-Report-46484

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“