საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„არემჯი“ (Rich Metals Group – RMG) საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სამთო-მომპოვებელი კომპანიაა, რომელიც ქვემო ქართლში ძვირფას ლითონებს მოიპოვებს. მისმა წინამორბედმა საწარმომ - „მადნეულმა“ 1975 წელს დაიწყო სპილენძის მოპოვება, ხოლო 1994 წელს ოქროს მომპოვებელი სააქციო საზოგადოება „კვარციტი“ ჩამოყალიბდა. 2012 წელს ორივე კომპანია „არემჯის“ მფლობელობაში გადავიდა და „მადნეულს“ ეწოდა “RMG cooper”, ხოლო „კვარციტს“ – “RMG gold”. მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია მეწარმეთა რეესტრში წარმოდგენილი არ არის. კვლევებით არაერთხელ დადასტურდა, რომ საწარმო არ იცავს სახელმწიფოს მიერ დაწესებულ მინიმალურ სტანდარტებს. მისი მოპოვების ტერიტორია ნელ-ნელა ფართოვდება და მის მიერ ადგილობრივ დასახლებებსა და ბიომრავალფეროვნებაზე მიყენებული ზემოქმედებაც იზრდება. მისი სოციალური ზემოქმედების შესახებ ვრცლად იხილეთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები.
ადამიანების ცხოვრებისეული ისტორიები ჭიათურაში, კაზრეთში, ტყიბულსა და მათ მიმდებარე სოფლებში ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ჩვენ თითქოს ერთმანეთისგან განვსხვავდებით, თუმცა, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს.
გოგი
გოგი[1] კაზრეთთან ახლოს ერთ-ერთ სოფელში[2] დაიბადა, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში გაიზარდა და ახსოვს, როგორი მდიდარი იყო მისი სოფელი, ბევრ რამეს აწარმოებდნენ ადგილობრივად და სოფლის პროდუქტები სომხეთშიც კი გაჰქონდათ. უნივერსიტეტში წარჩინებით სწავლობდა, ამ პერიოდში გაიხსნა კაზრეთში ე.წ „კვარციტი“ და იქ დასაქმდა. მოწინავე მუშა იყო, რამდენი ოქრო გამოადნო, ვინ იცის. თუმცა მისმა ორგანიზმმა ვერ გაუძლო მავნე ზემოქმედებას, გულის შეტევა მიიღო და სამსახურისთვის თავის დანებება მოუწია. პენსია კი აქვს, თუმცა გულის წამლებში ეხარჯება.
მანანა
მანანამ დაზარდა შვილები, გაჭირვებით ასწავლა, თუმცა შვილები დღემდე სამსახურის ძიებაში არიან. კომპანია „არემჯიში“ არ უნდათ მუშაობა, პრინციპის საკითხიაო, იქ მუშაობის გამო დაავადნენ და დაიღუპნენ მათი ბებია და ბაბუა. მიწაც ძალიან მცირე ზომისღა დარჩათ, კომპანიამ შეისყიდა სოფლის მიწების დიდი ნაწილი და თვითონაც გაყიდვა მოუწიათ. უმძიმთ ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ სახლ-კარს მალე დატოვებენ და ემიგრაციაში მიდიან.
ზაზა
ზაზა 30 წლისაა. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, სულ კომპანიის წინააღმდეგ გამოდიოდა და ხმამაღლა საუბრობდა მის მიერ დაბინძურებულ გარემოზე. მეზობლებს, ნათესავებს, მეგობრებსაც ასე მოუწოდებდა. მალევე, ოჯახს ძალიან გაუჭირდა, დაემატა ოჯახის წევრის ავადმყოფობა და ზაზა იძულებული გახდა იმ სამსახურს დათანახმებოდა, სადაც ყველაზე მალე შეძლებდა დასაქმებას. ეს კომპანია „არემჯი“ იყო. დასაქმდა და მას შემდეგ კომპანიის წინააღმდეგ ხმა აღარ ამოუღია.
შეიძლება თქვენი ისტორიაც რომელიმე ამ ადამიანისას ჰგავდეს. ამ მცირე ისტორიების გარდა, სხვა ბევრი რამე შეიძლება გვქონდეს საერთო მათთან. დიდი საერთო ნიშანი ისაა, რომ საწარმოს დაბინძურება ძალიან ბევრ ადამიანს გვწამლავს. ძალიან ბევრი ადამიანი იჩაგრება იმის გამო, რომ თავისი შრომა სათანადოდ არ არის ანაზღაურებული, დაფასებული და არც მათი უსაფრთხოებაა დაცული სამუშაო ადგილზე. ასეულობით ადამიანის ჯანმრთელობის ფასად მიღწეული მოგებით კი ერთული ინდივიდები მილიონებს აგროვებენ და დაგროვილი ქონებით სხვა მდიდარ ადამიანებს ეჯიბრებიან ფუფუნების ნივთებითა თუ უფრო დიდი ქონების დაგროვებით.
შესახლოა, ეს ისტორიები არ გეცნოთ, შესაძლოა თქვენს გარშემო ასეთი ადამიანები არ ცხოვრობენ თუმცა, მეც, თქვენც და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის დიდ ნაწილსაც მაინც ძალიან ბევრი გვაქვს საერთო: წუხილები, სიხარული, შიში, იმედები, გამოწვევები. ჩვენ ვართ საზოგადოების წევრები, გვაქვს ვალდებულებები ოჯახის, სამეზობლოს, სოფლის, თემის, სამშობლოს და პლანეტის წინაშე. მაგრამ, საინტერესოა მსგავსებები რამდენად ფართოა და მსოფლიოს მასშტაბით რამდენ ადამიანს შეიძლება ეხებოდეს?
გლობალურ დონეზე ჩვენი ქვეყანა საერთოდ არ წარმოადგენს გამონაკლისს და ის, რაც ჩვენს თავს ხდება, გაზიარებული ტრაგედიაა ჩვენნაირი საზოგადოებებისთვის, ანუ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც წლების განმავლობაში დიდი იმპერიების მსხვერპლი ვიყავით. კაპიტალიზმი სულაც არ არის უცხო ტერმინი, ალბათ ყველას ახსოვს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როგორ ყველას ჰქონდა უკეთესი წესრიგის შეიქმნის იმედი. რა შედეგი გვაქვს დღეს? შედეგი არის ის, რომ კეთილდღეობა ჩვენს თავებზე ჯერ ვერ გამოვცადეთ, გარშემო ბევრი ადამიანი სიღარიბეს ებრძვის. სახელმწიფოს ძალიან მცირედის გაკეთება თუ შეუძლია ჩვენთვის. ხელისუფლება იმასაც კი ვერ უბედავს ინვესტორებს, რომ მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვა მოსთხოვოს. კომპანიები კი ამას ბოროტად იყენებენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შუამავალი პირებიც კი არიან და მაშინაც კი, როდესაც მოსახლეობას მოთხოვნები კომპანიის მისამართით აქვთ, კომპანია საჯარო პირებს სთხოვს სიტუაციის გარკვევას და ადგილობრივების წინააღმდეგობრივი პროტესტის დარეგულირებას:
„ვის უნდა მივაწვდინოთ ხმა, ის ქართველიშვილი (კომპანია „არემჯის“ კორპორაციული დირექტორის მოადგილე) რომ ბევრს ლაპარაკობს, გამგეობასთან რატომ აქვთ ხელშეკრულება და კავშირი? მოსახლეობას შეხვდნენ, ჩვენი გასაჭირი რომ ვუთხრათ“. (ქალი, დიდი დმანისი)
კომპანია „არემჯი“ სოფელ ბექთაკარში ძვირფასი მეტალების მოპოვებას იწყებს და ამ სამუშაოებისთვის სჭირდებოდა ე.წ. სალექარი, რომლისთვისაც კანონმდებლობის მიხედვით, მას გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადება ევალებოდა, რის საფუძველზეც შესაბამისი ორგანო გადაწყვეტდა მისი მოწყობისთვის ნებართვის გაცემის საკითხებს. ნებართვის გაცემამდე კი საჭირო იყო პროექტთან დაკავშირებით საჯარო განხილვების ორგანიზება. 2019 წლის აპრილში მოეწყო ერთი ასეთი განხილვა ამავე სოფელში, განხილვის დასრულებისთანავე დამსწრეებმა ვნახეთ ის ადგილი, სადაც სალექარის განთავსება იყო მითითებული არსებულ დოკუმენტში. მივედით და სალექარი ამ ადგილზე უკვე გაკეთებული დაგვხვდა. კომპანიის წარმომადგენლებიც იქ იყვნენ. ფაქტია, რომ კომპანია ატყუებს სახელმწიფოს, ნებართვას სთხოვს იმ ნაგებობის აშენებაზე, რომელიც უკვე გამზადებული აქვს.
კომპანიის მხრიდან სახელმწიფოს მიმართ ასეთი დამოკიდებულებაც მხოლოდ საქართველოსთვის არაა დამახასიათებელი. ზოგადად, პრობლემურია ბუნებრივი რესურსების და სხვა ნედლეულის მოპოვების პრაქტიკა ჩვენნაირ პერიფერიულ სახელმწიფოებში. იმის ნაცვლად, რომ მიღებული ნედლეული საბოლოო პროდუქტად გარდავქმნათ, უფრო მეტი ადამიანი დასაქმდეს ამ პროცესში და პროდუქტიც შემდეგ უფრო ძვირად გაიყიდოს, სხვა ლიდერ, ჩრდილოეთის ქვეყნებს ჩვენგან იაფად მიაქვთ იაფი მუშა ხელის მიერ წარმოებული ნედლეული. ადგილობრივ დონეზე კი რა ხდება? ამას ეწირება გარემო, ადამიანების ჯანმრთელობა, ადგილობრივი დასახლებები, სხვა ეკონომიკური აქტივობები და ა.შ.
კომპანია „არემჯის“ ზემოქმედება ადგილობრივ თემზე
„ბალიჩ“ - თაფლს ნიშნავს და სოფელში (ბალიჭში) დიდი რაოდენობით თაფლი იწარმოებოდა. თითქმის ყველა ოჯახი მისდევდა მესაქონლეობას.ცხვარიც ჰყავდათ, ქათმები... ახლა კი სოფელში სულ რამდენიმე ოჯახს თუ ჰყავს ძროხა, ფუტკრები.. ზოგადად, სოფლის მეურნეობით ძალიან ცოტა ადამიანია დასაქმებული. რას ნიშნავს ეს? კომპანია „არემჯის“ საქმიანობა ნელ-ნელა აქრობს მუნიციპალიტეტში სხვა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობებს. ადამიანები ძირითადად საწარმოში საქმდებიან. ეს კი ადგილობრივი თემის საწარმოზე მაღალ დამოკიდებულებას იწვევს და თემს მოწყვლადს, ანუ დაუცველს ხდის, ისე რომ ის შესაძლოა საერთოდ გაქრეს. მთელ ამ პროცესში მოწყვლადია სახელმწიფო, რომელიც ამგვარი კაპიტალიზმისა და მსოფლიო წესრიგის მსხვერპლია, დასახლებები, რომლებიც მიბმულია საწარმოსთან, დასაქმებული ადამიანების სახით, ოჯახები, რომელთაც სხვა შემოსავლის წყარო არ აქვთ და ინდივიდები, რომლებსაც დასაქმების სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ.
კომპანიის საქმიანობა გარემოზე მავნე ზემოქმედებას იწვევს. არაერთი კვლევაა ჩატარებული ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებში გარემოს დაბინძურების შესახებ და ვლინდება, რომ მძიმე მეტალები: სპილენძი, მანგანუმი, კადმიუმი და თუთია საგანგაშოდაა მომატებული არაერთ სოფელში, წყალსა და ნიადაგში, და არამხოლოდ კომპანიის სამუშაო არეალთან ახლოს მყოფ ტერიტორიებზე. მაგალითად, „სოფელ რატევანში სპილენძის შემცველობა ზღვრულად დასაშვებ ნორმასთან შედარებით გაზრდილია საშუალოდ 1300%-ით, თუთიის – 979%-ით, კადმიუმისა კი – 3760%-ით. სოფელ ნახიდურში სპილენძი 143%-ით, თუთია 379%-ით, კადმიუმი 1875%-ითაა გაზრდილი“[3]. ციანიდი, რომელიც ბოროტების სინონიმადაა ქცეული, იფრქვევა ჰაერში. ჰაერის და წყლის დაბინძურება გადადის ნიადაგზე, მცენარეებზე, ცხოველებზე, თევზებზე და ადამიანებზე. გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის 2018 წლის ანგარიში ადასტურებს, რომ სამთომოპოვებითი კომპანიების მიერ „გარემოზე მიყენებული ზიანის შეფასებიდან გენერირებული თანხები არ მიემართებოდა მიზნობრივად გარემოს აღდგენის ღონისძიებებისაკენ. შესაბამისად, არსებული პრაქტიკა იწვევს იმას, რომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროცესში გარემოზე მიყენებული ზიანის აღმოფხვრა არ ხდება“[4]. ამ საწარმოებს შორის კომპანია „არემჯის“ მიერ გარემოზე მიყენებული ზიანი რომ დიდია, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმაც დაადასტურა და აღნიშნული კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის შესწავლის მიზნით 2018 წლის ივნისში სამუშაო ჯგუფი შექმნა.[5]
ერთი საინტერესო თვისება აქვს სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და სხვა სისტემებს. მედეგობას უწოდებენ ამ თვისებას და ეს ნიშნავს, ერთობაზე, სისტემაზე მოქმედი გარე ფაქტორების/წნეხების დაძლევას და ფუნქიონირების გაგრძელებას. მასზე ზემოქმედების შემთხვევაში, სისტემა არ უნდა დაიშალოს, არ უნდა დაკარგოს ფუნქცია ან ნელ-ნელა არ უნდა დეგრადირდეს. თუ ეს მოხდა, ვამბობთ, რომ ერთობა/სისტემა ნელ-ნელა მოწყვლადი ხდება და საჭიროა სწორი ჩარევების განხორციელება. დღევანდელი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში ბევრი სისტემის მოწყვლადობაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. თუმცა, ამ შემთხვევაში საინტერესოა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ერთობის მედეგობა და როგორ გავლენას ახდენს მასზე იქ მოქმედი გიგანტური საწარმო.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ინტერვიუების ჩატარების გზით სხვადასხვა სოფელში ვიკვლიე ეს საკითხი და ალბათ შედეგები გასაკვირი სულაც არაა. ვეცდები მედეგობის თეორიის ჭრილში წარმოვაჩინო არსებული მდგომარეობა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ყველაზე მთავარი და გავლენიანი აქტივობა კომპანია „არემჯის“ სამთო-მოპოვებითი საქმიანობაა. მოსახლეობაც ძირითადად აქ საქმდება (ბოლნისის მუნიციპალიტეტის აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი დასახლებების გარდა, რადგან ამ სოფლებში ადამიანები ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევენ). მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აგრარული სახლემწიფოა, კაზრეთის მიმდებარე დასახლებებში სოფლის მეურნეობას ფაქტობრივად ძალიან უჭირს კონკურენციის გაწევა სამთო-მოპოვებითი დარგისთვის და ნელ-ნელა თმობს პოზიციებს:
„პატარა კახეთს ეძახდნენ ბალიჭს კოლმეურნეობის დროს. პირველი მარქსის სახელობის კოლმეურნეობა გვქონდა, მოწინავეები ვიყავით. სავსე იყო ცხვრით, ვენახით, საქონლით, ხილით, მაშინ ავაშენეთ სახლები. მერე ნელ-ნელა ხალხმა შეიძინა ქონება და კარგად ვცხოვრობდით. დღეს მიწაზე მოსავალი აღარ მოდის, თავსაც ვეღარ ვირჩენთ“. (სოფელ ბალიჭის მცხოვრები)
სოფლებში გახშირებულია დაავადებები, დასნეულებული ადამიანებით შემდგარი სოციუმის ფუნქციონირება თავისთავად ფერხდება. მედიკოსებიც საუბრობენ რაიონში არსებული საწარმოს მიერ მოსახლოების ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების შესახებ: „როდესაც ორგანიზმზე ამდენი უარყოფითი ზემოქმედებაა (იგულისხმება საწარმოს მიერ გარემოს დაბინძურება), პირველ რიგში ქვეითდება იმუნური ფუნქცია, როგორც წესი, ეს უტყუარია. ორგანიზმს წინააღმდეგობის უნარი უქვეითდება და ნებისმიერი დაავადება, ინფექციური თუ არაინფექციური, კიბო თუ ჩვეულებრივი გრიპი, აუცილებლად ასეთ გარემოში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანის ორგანიზმში უფრო განვითარდება, ვიდრე ჯანსაღ გარემოში მყოფ ჯანსაღი ორგანიზმის მქონე ადამიანში“. (ეპიდემიოლოგი)
ზოგიერთი სოფლიდან მაღალია მიგრაცია, სოფელ ბალიჭში სკოლაც კი დაიხურა, რადგან საკმარისი კონტიგენტი არ იყო. სოფლის დაცარიელება მის სოციალურ სტრუქტურას არღვევს, თემს ასუსტებს და მედეგობის უნარს უქვეითებს.
მედეგობის უნარი აუცილებლად მოიზარებს ერთობის და მისი წევრების წინააღმდეგობის უნარს, შეეწინააღმდეგონ გარე სტრესებს, მოახდინონ მობილიზება და ეცადონ მდგომარეობის გამოსწორებას. აქ შეიძლება გავიხსენოთ 2014 წლის დიდი გაფიცვა კაზრეთში. იმის ნაცვლად, რომ ამ პროტესტს წინააღმდეგობის მუხტი გაეძლიერებინა, იკვეთება, რომ დღეს მოსახლეობას უფრო ნიჰილისტური განწყობა აქვს და არ სჯერა, რომ მისი პროტესტი შედეგს გამოიღებს. მნიშვნელოვანია შიშის ფაქტორიც - შიში იმისა, რომ სამსახურის გარეშე არ დარჩნენ თვითონვე, ან საფრთხე არ შეუქმნან მათ ნათესავებს თავიანთი წინააღმდეგობის გამო. ეთნიკური უმცირესობების სოფლებში შიშის განცდა კიდევ უფრო მაღალია. ძირითადად, ზეწოლის შიში აქვთ და ქართული ენის არცოდნის გამო კიდევ უფრო რთულდება მათ მიერ პროტესტის გამოხატვა. ბოლო დროის პროტესტი გვახსოვს სოფელ ტანძიაში, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც სურს კომპანია „არემჯის“ კარიერის გახსნა, სამუშაოები დაწყებული ჰქონდა (გაჩეხა ტყის ნაწილი) და მოსახლეობის პროტესტმა გააჩერა. რა თქმა უნდა, აქ არაფერი დამთავრებულა, მაგრამ მოსახლეობის პროტესტს და სოლიდარობას ნამდვილად დიდი ძალა აქვს, თუ ეს გადაწყვეტილება გააზრებულია და თუ ჩვენთვის ღირებულის დათმობას გვაიძულებენ.
დასკვნის მაგიერ
იმისათვის, რომ საზოგადოება სრულფასოვნად ფუნქციონირებდეს და ვითარდებოდეს, აუცილებელია მინიმალური საჭიროების ობიექტების არსებობა. დღეს კი კაზრეთის მიმდებარე სოფლების უმრავლესობის ვითარება ასეთია: სასმელი წყალი შეზღუდული რეჟიმით მიეწოდებათ, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განვითარების თუ გართობის შესაძლებლობი ძალიან მწირია – ბევრი სოფელია სადაც სპორტული მოედანი ან სტადიონიც კი არ არის. მიგრაციის გამო სოფელ ბალიჭში სკოლა გაუქმდა და ბავშვები განათლებას კაზრეთის სკოლაში იღებენ. სოფლებში საბავშვო ბაღებიც არ აქვთ, ან თუ არის, მძიმე პირობებში უწევთ ფუნქციონირება. ცუდ მდგომარეობაშია ან საერთოდ არ არის სამედიცინო ობიექტებიც. გაუმართავი გზები განსაკუთრებით პრობლემურია ეთნიკური უმცირესობების სოფლებში, რის გამოც წვიმიან ამინდებში მათთან სასწრაფო დახმარების მანქანაც ვერ აღწევს. სოფლების ნაწილში გზები და გარე განათებები კი რეაბილიტირდა, თუმცა არასრულყოფილად. კომპანია კონკრეტულ სოციალურ აქტივობებს კი უჭერს მხარს, თუმცა მოსახლეობის შეფასებით, ეს მიზერულია. კომპანია „არემჯი“ 2017 წლის საჯაროდ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებების მიხედვით 29-ე ადგილს იკავებს საქართველოს ყველაზე შემოსავლიანი კომპანიების სიაში, წლიური შემოსავლით 199,621,000 ლარი[6], ხოლო ამ წელს 305,356,000 ლარის აქტივებს[7] ფლობდა. სოფლებს კი არ ეტყობათ ის, რომ მათ მიწებზე ამხელა სიმდიდრე მოიპოვება.
გარდა ამისა, არ ხდება კომპანიის მიერ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და არც მათი, მცირედით მაინც, ინფორმირება კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების თაობაზე:
„ციხესიმაგრეა – ვერავინ ვერ შევა, კითხვა რომ გქონდეთ ვინმესთან, ვერ მიხვალ, ვერ შეაღწევ, თუ ვიღაცამ არ დარეკა. პრესსამსახურსაც რომ დაუკავშირდეთ, ეგეც კი გაგიკვირდებათ. ძალიან გასაიდუმლოებული ორგანიზაციაა და ასე არ უნდა იყოს, ხალხთან უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა“. (სოფელი რატევანის მცხოვრები)
მოსახლეობის უიმედო დამოკიდებულება კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილობრივ თემებს და მედეგობის უნარის გამოვლენას აფერხებს. საბოლოო ჯამში, ფაქტია, რომ ტყიბულშიც, ჭიათურაშიც, კაზრეთშიც და არამარტო აქ, გარემოც, ინდივიდებიც და ადგილობრივი დასახლებებიც სუსტდებიან/ეწირებიან საწარმოს საქმიანობას. შესაძლოა, რთულია ამ ეტაპზე კოლექტიური წინააღმდეგობის გამოვლენა და უკეთესი საცხოვრებელი გარემოსთვის ბრძოლა, მაგრამ ყოველდღიურად, ჩვენ და გარემო ერთად ვიბრძვით გადარჩენისთვის არსებული კაპიტალისტური წესრიგის წინააღმდეგ. თუმცა, მთავარი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ გვაქვს.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
[1] ინდივიდების სახლები შეცვლილია ინფორმაციის კონფიდენციალობის მიზნით.
[2] სოფლების სახლები დაკონკრეტებული არაა ინფორმაციის კონფიდენციალობის მიზნით.
[3] წიქარიძე, ნ., ავქოფაშვილი გ., ყაზაიშვილი, ხ., ავქოფაშვილი, მ., ღონღაძე, ა., სამხარაძე, ზ., 2017 წ., ქვემო ქართლის სამთომოპოვებითი სამრეწველო დაბინძურების ანალიზი მწვანე პოლიტიკის პერსპექტივიდან, მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი პლატფორმა, https://bit.ly/2zxczLM
[4] სახელმწიფო აუდიტის სამსახური, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების სფეროს გარემოსდაცვითი მართვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში, 2018 წ, გვ. 5, https://bit.ly/2XC8kZx
[5] საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის განკარგულება №7, 2018, https://bit.ly/2SjIuGw
[6] Forbes Georgia, 2019, https://bit.ly/2QJSoll
[7] Forbes Georgia, 2019, https://bit.ly/2JeAF4r
ინსტრუქცია