[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

პოლიტიკა და ადამიანის უფლებები კონფლიქტის რეგიონებში / სტატია

მშვიდობის, მილიტარიზმისა და სოლიდარობის გადააზრება უკრაინაში მიმდინარე ომის კონტექსტში

ომის საწინააღმდეგო  ფემინისტურ აქტივიზმსა და ანტიმილიტარისტულ მოძრაობებს შორის მჭიდრო კავშირების, კოლაბორაციის არაერთი მაგალითი არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა კონტექსტში. ფართო ფემინისტური ღირებულებები და ხედვა არასდროს ყოფილა შესაბამისობაში პატრიარქალურ გენდერულ წესრიგთან და ისეთ იდეოლოგიებთან, როგორებიცაა ნაციონალიზმი და მილიტარიზმი. პატრიარქატს, მილიტარიზმსა და ნაციონალიზმს ფემინისტური თეორია ერთმანეთთან გადაჯაჭვულ იდეოლოგიებად განიხილავს. ფემინისტები უპირისპირდებიან გენდერული ურთიერთობების ისეთ სისტემებს, რომლის წიაღშიც ომების წარმოქმნის შესაძლებლობა არსებობს. ფემინისტი აქტივისტები და მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ის იარაღი, რაც ფემინისტურ აზროვნებას ხელთ აქვს პატრიარქატთან საბრძოლველად სასარგებლოა მილიტარიზმთან დასაპირისპირებლადაც.

ფემინისტი თეორეტიკოსები ხშირად უპირისპირდებიან ფემინისტური მშვიდობის იდეის ესენციალისტური, ბუნებრივი არგუმენტით ახსნას, ვინაიდან მხოლოდ ქალად ყოფნა, ან დედობა არასოდროს ყოფილა არაძალადობრივი ეთიკის ერთგულების განმსაზღვრელი. შესაბამისად, ომების ისტორია კარგად ინახავს ომის მხარდამჭერი, როგორც კაცი, ასევე ქალი ლიდერების სახელებს.

2022 წლის თებერვლის შემდეგ, ომის შედეგად ლტოლვილად 8 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა, ხოლო უკრაინის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა რიცხვი 5 მილიონს აჭარბებს. მათი უმრავლესობა ქალები და ბავშვები არიან[1]. როგორც ეს დამახასიათებელია შეიარაღებული კონფლიქტებისა და პოსტკონფლიტური რეალობისთვის, 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის და ომის შედეგად იძულებითი გადაადგილების შედეგები განსხვავებულად აისახა სხვადასხვა ჯგუფზე. ომის გენდერულად სპეციფიკურ შედეგებზე არაერთი ანგარიში მიუთითებს. ქალების ზრუნვის ტვირთი მკვეთრად გაიზარდა. ომის დროს ორსულ ქალებს შეეზღუდათ წვდომა სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე, მათ შორის უსაფრთხო აბორტზე, რამაც განსაკუთრებით ტრავმული გამოცდილების პირისპირ დატოვა ომის დროს რუსი ჯარისკაცების მიერ გაუპატიურებულ ქალები. ომის პირველი დღეებიდან უკრაინაში სექსუალური ძალადობის ბევრი ფაქტი დაფიქსირდა. არაერთი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ კონფლიქტთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევები ჩადენილია რუსეთის შეიარაღებული ძალების, სამართალდამცავი ორგანოების ან სასჯელაღსრულების პერსონალის მიერ, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე თავად რუსეთის ფედერაციაში. ანგარიშის მიხედვით, „უმეტეს შემთხვევაში, რომელიც თავისუფლების აღკვეთის კონტექსტში მოხდა, სექსუალური ძალადობა წამების ან არასათანადო მოპყრობის ფორმად გამოიყენებოდა’’[2]. ანგარიშში აღნიშნავენ, რომ სექსუალური ძალადობის შემთხვევების რეალური სტატისტიკა გაცილებით მაღალია, ვინაიდან შემთხვევათა დიდი ნაწილი არ არის დოკუმენტირებული[3]

ქალებს ამ მიმდინარე ომში ვერ დავინახავთ, როგორც მხოლოდ მოწყვლად ჯგუფს, კატეგორიას აგენტობის გარეშე. ომის დაწყების დღიდან ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ, როგორც უშუალოდ შეიარაღებულ წინააღმდეგობაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, ასევე სხვადასხვა მოხალისეობრივ აქტივობაში[4]. ომის მიმდინარეობისას, ადგილობრივ თუ  საერთაშორისო მედიის წყაროებში ქალები ხშირად ჩანან, როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების აქტიური მონაწილეები. 2022 წლის სოციოლოგიური გამოკვლევის მიხედვით „ქალების 27 პროცენტმა განაცხადა უკრაინულ ძალებში მებრძოლებად ჩართულობის მზაობა (მათ შორის ფრონტის ხაზზე მონაწილეობის), ხოლო ქალების 69 პროცენტი აპირებდა წინააღმდეგობა არასამხედრო მხარდაჭერით გაეწიათ, რაც უკრაინული ძალებისთვის არასამხედრო დახმარებით  - საკვების, ინფორმაციის ან საბრძოლო მასალის მიწოდებით გამოიხატებოდა’’[5].

როგორც უკრაინელი სოციოლოგი, თამარა მარცენიუკი აღწერს, სხვადასხვა ასაკის ქალები მრავალფეროვანი მოხალისეობრივი აქტივობების ინიციატორები იყვნენ: „ისინი უზრუნველყოფდნენ მედიკამენტების ან დამცავი ხელსაწყოების დამზადებას, საწვავის მიწოდებას, საკვების მომზადებას და ტანსაცმლით მომარაგებას, მოწყვლადი პირების იდენტიფიცირებას და მათ დახმარებას, საჭირო ლოჯისტიკის ან ინფორმაციის მიწოდებას; ასევე, ქალები მონაწილეობდნენ სამხედრო დანაშაულების დოკუმენტირების პროცესშიც“[6].

ზოგადად, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომი, გაცხარებული დებატის საგნად იქცა არაერთ სფეროში - აკადემიურ სივრცესა თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან, ომის საწინააღმდეგო ფემინისტური მოძრაობების კონტექსტში ყველაზე მძაფრი კრიტიკა იმ დასავლელი ექსპერტების მსჯელობამ დაიმსახურა, რომელიც ადგილობრივი ხმების უგულებელყოფის ფონზე მიმდინარეობდა და უკრაინულ ადგილობრივ ცოდნასა თუ პერსპექტივას აბსოლუტურად გამორიცხავდა.[7]

უკრაინელი  აქტივისტების, ფემინისტების ერთ-ერთ მთავარ გულისწყრომას ის ფაქტი იწვევდა, რომ დასავლელი ფემინისტები უკრაინის ბედზე, ხშირად, ამ ქვეყნის წარმომადგენლების პერსპექტივების და ადგილობრივი გამოცდილების გააზრების გარეშე მსჯელობდნენ. ფემინისტური, ანტიმილიტარისტული დებატი ამ ომის ირგვლივ, მათ შორის სოლიდარობის მიზნით შექმნილი მანიფესტები თუ ღია წერილები, ადგილობრივი პერსპექტივების და ხმების ამგვარი უგულვებელყოფის მკაფიო მაგალითია.   

ერთ-ერთი ანტიმილიტარისტული მანიფესტი[8], რომელმაც მძაფრი გამოხმაურება და კრიტიკა გამოიწვია, გერმანულმა ფემინისტურმა ჟურნალმა „ემა“ 2022 წლის აპრილში გამოაქვეყნა. ღია წერილს გერმანული კულტურის გამოჩენილი  მოღვაწეები, მათ შორის ცნობილი ფემინისტი და ჟურნალისტი, ალის შვარცერი აწერდა ხელს და მისი ადრესატი კანცლერი ოლაფ შოლცი გახლდათ. ხელმომწერები ითხოვდნენ, გერმანიას უარი ეთქვა უკრაინისთვის მძიმე იარაღის მიწოდებაზე, რაც მესამე მსოფლიო ომის თავიდან ასაცილებლად მნიშნელოვანი იყო.  წერილს კრიტიკულად გამოეხმაურნენ, როგორც უკრაინული, ასევე გერმანული საზოგადოების წევრები. მათი აზრით, წერილის პათოსი ვერ გასაღდებოდა, როგორც მშვიდობისმომხრე პაციფისტური პოზიცია, ვინაიდან ძლიერი აგრესორის წინააღმდეგ უკრაინის ეროვნული თავდაცვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერის ნაცვლად, ის ძლიერი აგრესორის  მხარეს ყოფნას ამჯობინებდა, რითიც მას ქედს უხრიდა.[9]

დასავლურ კონტექსტში რამდენიმე ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მანიფესტი გამოქვეყნდა. მანიფესტებში გამოკვეთილი იყო ფემინისტების პოზიცია. მათი აზრით, დამნაშავე რუსეთი არ გახლდათ სათანადოდ  დაგმობილი.

საგულისხმოა, რომ დასავლურ ანტიმილიტარულ მანიფესტში მხარდაჭერილი არ იყო უკრაინელების თავდაცვითი ბრძოლა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, მშვიდობიან მოსახლეობაზე რუსეთის აგრესიის მძიმე შედეგების მასშტაბების მიუხედავად. როგორც ტერეზა ჰენდლი[10] აღნიშნავს, ეს მანიფესტები ეპისტემური უსამართლობის და იმპერიალიზმის კვლავწარმოებას უწყობდნენ ხელს.

ომის საწინააღმდეგო კიდევ ერთ გახმაურებულ ფემინისტურ მანიფესტში,[11] ხელმომწერები უკრაინისთვის თავდაცვისთვის საჭირო იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ვინაიდან ეს მილიტარიზაციას უწყობდა ხელს. მანიფესტს საერთაშორისოდ აღიარებული, როგორც დასავლელი ფემინისტი თეორეტიკოსები (მათ შორის სილვია ფედერიჩი და ნენსი ფრეიზერი),  ასევე გლობალური სამხრეთის წარმომადგენელი სწორედ ის ავტორები აწერდნენ ხელს, რომელთაც მნიშვნელოვანი ფემინისტური თეორიული ნაშრომები ეკუთვნით გენდერზე, რასაზე, კლასზე, ძალაუფლებაზე, სამართლიანობასა და დეკოლონიზაციაზე[12]

ომის საწინააღმდეგო მანიფესტის პასუხად ადგილობრივმა, უკრაინელმა ფემინისტებმა გამოსცეს ,,ფემინისტური მანიფესტი - წინააღმდეგობის უფლება“[13], სადაც ავტორები ფემინისტური სოლიდარობის გადააზრების საჭიროებაზე წერდნენ: ,,სოლიდარობა არის პოლიტიკური პრაქტიკა, რომლის დროსაც იმ ადამიანების ხმას უნდა მოუსმინო, რომელსაც უშუალოდ ეხება იმპერიალისტული აგრესია. ფემინისტური სოლიდარობა სწორედ იმას გულისხმობს, რომ დაიცვა ქალების უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვრონ საკუთარი საჭიროებები, პოლიტიკური მიზნები და სტრატეგიები, რომლითაც ამ მიზნებს მიაღწევენ. აბსტრაქტულ პაციფიზმს, რომელიც გმობს ომის ყველა მხარეს, რეალობაში უპასუხისმგებლო შედეგამდე მივყავართ. ჩვენ ვაცხადებთ, რომ არსებობს ფუნდამენტური სხვაობა ძალადობას, როგორც ჩაგვრის საშუალებასა და ძალადობას, როგორც თავდაცვის ლეგიტიმურ გზას შორის.

პაციფისტურ პოზიციაზე უკრაინელი აქტივისტების და მკვლევრების კრიტიკული გამოხმაურება სხვადასხვა სივრცეში გამოქვეყნდა[14]. მაგალითად, უკრაინელი მკვლევრები ციმბალიუკი და ზამურუიევა წერილში ცდილობენ ახსნან, თუ რატომ არის დამღუპველი პაციფისტური პოზიცია. მათი სიტყვებით[15], ისინი იზიარებენ მილიტარიზაციის კრიტიკას, თუმცა რუსეთის მხრიდან ჩადენილმა ომის არაერთმა დანაშაულმა მათ არჩევანი არ დაუტოვა. პაციფიზმისკენ მოწოდება კი საბოლოოდ მათ განადგურებას გამოიწვევს:

„სამხედრო მხარდაჭერისკენ მოწოდება ჩვენთვის მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა. თუმცა, ამ ეტაპზე, პაციფისტური პოზიცია იწვევს ძალადობის დროში გახანგრძლივებას. პაციფიზმი კლავს. უმოქმედობა კლავს. ომის ყოველი დღე ნიშნავს სულ უფრო მეტი სიცოცხლის დაკარგვას, და არა მხოლოდ ადამიანების, არამედ მთელი ეკოსისტემების [...] უკრაინისთვის შეიარაღების მხარდაჭერაზე ყოყმანი ნიშნავს სამხედრო დანაშაულების გაგრძელების მხარდაჭერას, საკუთარი უსაფრთხოების პრივილეგიის პერსპექტივიდან“. ამ ეტაპზე არასამხედრო დახმარება საკმარისი არ არის. ახლა უკრაინის შემთხვევაში, მილიტარიზაციის მხარდაჭერა არ არის აბსტრაქტული ეთიკური საკითხი. ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ადგილზე მყოფ ადამიანებს საშუალება მისცენ დაიცვან თავი და დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა რუსეთის მხრიდან უწყვეტი დაბომბვისგან. ფემინისტური ეთიკა მოითხოვს კოლექტიურ პასუხისმგებლობას მსხვერპლის დასახმარებლად“.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ანტილიმიტარისტული მოძრაობა ძალზე სუსტია, ცალკე უნდა აღინიშნოს ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მოძრაობის აქტივიზმი. დაახლოებით 30-მდე ქალაქში ფემინისტების ადგილობრივი ჯგუფები, პუტინის ხელისუფლების მძლავრი რეპრესიების კონტექსტში მაინც სხვადასხვა გზით და სივრცეებში გარკვეულწილად  ახერხებენ ომის საწინააღმდეგო პოზიციის გაჟღერებას.

2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ რუსმა ფემინისტებმა გამოსცეს მანიფესტი[16], რომლითაც მათ დაგმეს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული აგრესიული ომი და ოკუპაცია. გთავაზობთ ამონარიდს რუსეთის ფემინისტური ომის საწინააღმდეგო მოძრაობის [Feminist Anti-War Resistance] მანიფესტიდან:

„რუსეთმა მეზობელს ომი გამოუცხადა. რუსეთი უარყოფს უკრაინის თვითგამორკვევის უფლებას და არც მშვიდობიანი ცხოვრების იმედს ტოვებს. ჩვენ ვაცხადებთ, და არა პირველად, რომ ომი ბოლო რვა წლის განმავლობაში რუსეთის მთავრობის ინიციატივით მიმდინარეობს. ომი დონბასში ყირიმის უკანონო ანექსიის შედეგია. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთს და მის პრეზიდენტს არასდროს აწუხებდა ლუგანსკისა და დონეცკის ხალხის ბედი, ხოლო რვა წლის შემდეგ რესპუბლიკების აღიარება მხოლოდ საბაბი იყო უკრაინაში შეჭრისთვის მათი გათავისუფლების მოტივით. ჩვენ, როგორც რუსეთის მოქალაქეები და ფემინისტები, ვგმობთ ამ ომს. ფემინიზმი, როგორც პოლიტიკური ძალა, შეუძლებელია აგრესიული ომის და სამხედრო ოკუპაციის მხარეს იყოს. მოვუწოდებთ რუსეთის ფემინისტურ ჯგუფებს და ცალკეულ ფემინისტებს შემოუერთდნენ ფემინისტურ ომის საწინააღმდეგო მოძრაობას და გაერთიანდნენ, რათა აქტიურად დაუპირისპირდნენ ომს და მთავრობას, რომელმაც ის წამოიწყო“. 

ფემინისტური სოლიდარობის, ფემინისტური მშვიდობის პოლიტიკაზე, გლობალური ფემინისტური  მოძრაობების დღის წესრიგზე, მილიტარიზმსა და ანტი-მილიტარისტულ ფემინისტურ ეთიკას შორის თავსებადობის შესაძლებლობაზე ვესაუბრეთ ადგილობრივ უკრაინელ ფემინისტს, მკვლევარს, გალინა კოტლიუკს[17], რომელიც ამავე დროს კიევის ჰაინრიჰ ბიოლის ოფისის გენდერული დემოკრატიის პროგრამის კოორდინატორია. 

  • ფემინისტები უარყოფენ მასკულინური, მილიტარისტული იდეოლოგიის ძალადობრივ ლოგიკას და ალტრნატივის სახით  გვთავაზობენ ანტი-მილიტარისტულ ფემინისტურ ხედვას, რომელიც ფართო ფემინისტურ ღირებულებებს ეფუძნება. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა პერსპექტივა ამ ტიპის ფემინისტურ ხედვას, შეაჩეროს ომები, ძალადობა და დაგვეხმაროს გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევაში?

საინტერესო კითხვაა. ჩემი პასუხია - არა. ამგვარ მიდგომას შესაძლოა ემუშავა ისეთ უნაკლო საზოგადოებაში, სადაც ყველა ქვეყანა და ქვეყნის ლიდერი პატივს სცემს სხვა ქვეყნის სუვერენიტეტს, თვითგამორკვევის უფლებასა და საერთაშორისო სამართალს. სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვცხოვრობთ ამგვარ იდეალურ სამყაროში. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც პუტინის მსგავს „ლიდერს“ შეუძლია გამოიყენოს ძალაუფლება და აწარმოოს ომი მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ, დახოცოს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქე და მილიონობით ადამიანი აიძულოს დატოვოს საკუთარი სახლი. მიუხედავად იმისა, რომ მე ანტიმილიტარისტული ფემინისტური ხედვის დიდ პოტენციალს ვხედავ უკეთესი მომავლის შექმნაში, მჯერა, რომ ასეთი მიდგომა თავისთავად ეფექტური ვერ იქნება.

ანტი-მილიტარისტული ფემინისტური თვალსაზრისი, რომელიც ფემინისტურ ღირებულებებს ეფუძნება, ომის ლოგიკას უარყოფს, მაგრამ არ გააჩნია ხელშესახები გეგმა ომთან დაპირისპირების მიღმა. დემოკრატიულ სახელმწიფოთა შიდა პოლიტიკის კონტექსტში ფემინისტებს შესაძლოა საკმარისი გავლენა გააჩნდეთ, რამდენადაც ისინი ამომრჩეველთა მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენენ, თუმცა სამხედრო ძალაუფლების მქონე აგრესორი სახელმწიფოები ამგვარ ხედვას უგულებელყოფენ. მათ შეუძლიათ ეს პოზიცია უბრალოდ არაფრად ჩააგდონ და ძალადობას მიმართონ შედეგების გათვალისწინების გარეშე. რუსეთი ამგვარი პოლიტიკის კარგი მაგალითია.

რასაკვირველია, კონფლიქტების მოგვარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ჩარჩოებში ფემინისტური პრინციპების ხაზგასმამ შეიძლება ღირებულ მიგნებებამდე და პრობლემების გადაჭრის გზის დასახვამდეც კი მიგვიყვანოს,
მაგრამ ომის პრევენციისა და გრძელვადიანი მშვიდობის დამკვიდრების საქმეში მხოლოდ ეს დისკურსი ვერავითარ გარანტიას ვერ მოგვცემს. მშვიდობის დამყარება გულისხმობს მრავალმხრივ მიდგომას, რომელიც დიპლომატიურ ძალისხმევას, საერთაშორისო თანამშრომლობასა და სტრატეგიულ მოლაპარაკებებს მოიცავს. დიახ, ამ პროცესში ფემინისტურ ღირებულებებს ნამდვილად შეაქვთ თავიანთი წვლილი ემპათიის, დიალოგისა და კონფლიქტების არაძალადობრივი გადაჭრის გზის მხარდაჭერით, თუმცა ომების პრევენცია და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება, სხვადასხვა აქტორთან ერთად უფრო ფართო ჩართულობას გულისხმობს საერთაშორისო პლატფორმაზე.

მნიშვნელოვანია, ფემინისტური ხედვის  და წარმოსახვის ცნებები არ დავუპირისპიროთ ჯარს და იარაღს,  რადგან ,,ტანკსა“ და ,,წარმოსახვას“ შორის დიალოგში ტანკის გამარჯვება გარდაუვალია, ამის მოსმენა შესაძლოა უსიამოვნო იყოს, მაგრამ ეს სიმართლეა და ეს მათაც შეუძლიათ დაადასტურონ, ვინც უსაფუძვლო სამხედრო აგრესიით იჩაგრება. სხვაგვარი ხედვა უბრალოდ ნაივური პრივილეგიაა, რომლითაც დასავლური სახელმწიფოების მოქალაქეთა ნაწილი სარგებლობს, იქ, სადაც ძლიერი სამხედრო ძალა არსებობს.

  • უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად შეიარაღებულ ძალებს უამრავი ქალი შეუერთდა. იმ მოსაზრების საპირისპიროდ, რომლის მიხედვითაც ქალები ომის მხოლოდ მსხვერპლები შეიძლება იყვნენ, უკრაინელი ქალები აქტიურად ერთვებიან შეიარაღებულ წინააღმდეგობაში სამშობლოს დასაცავად. რას ნიშნავს ეს ფაქტი თქვენთვის, როგორც ფემინისტისთვის? ახდენს თუ არა ეს მოცემულობა გავლენას საზოგადოებრივ აღქმაზე? შეგიძლიათ, მეტი ინფორმაცია გაგვიზიაროთ თავად ამ ქალებზე, პირობებზე, რომლებშიც ისინი ომის დროს იმყოფებიან და იმაზეც, თუ რამდენად ხედავს და აღიარებს სისტემა მათ როლს ამ პროცესში?

ამ დროისთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებში 60 000 ქალი ირიცხება და მათგან 5 000 ფრონტის ხაზზე იბრძვის. მნიშვნელოვანია ისიც განვმარტოთ, რომ კაცებისგან განსხვავებით, ქალებისთვის სამხედრო პროცესში ჩართვა არ არის სავალდებულო, ამრიგად, უკრაინულ არმიაში გაწევრიანებულმა ქალებმა ეს არჩევანი გააზრებულად გააკეთეს, რათა ქვეყანა რუსული ოკუპაციისგან დაეცვათ. მათი აქტიური ჩართულობა უკრაინის დაცვაში, რუსეთის ბრუტალური, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმის წინააღმდეგ, შეიძლება ცნების „ქალები და ბავშვები“ დეკონსტრუქციად განვიხილოთ, რომლის მიხედვითაც ქალები ხშირად ასოცირდებიან დასაცავ, უმწეო არსებებთან.

2022 წელს სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინულ შეიარაღებულ ძალებში არაერთი ,,პირველი“ ქალი გამოჩნდა. მაგალითისთვის პირველი ქალი მესანგრე-მენაღმე, პირველი სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც სპეციალური ოპერატიული ძალების მიერ ორგანიზებული მოსამზადებელი სამხედრო კურსი (,,კურსი Q“) წარმატებით გაიარა და სხვ. ეს ცვლილებები ბზარებს აჩენენ შეიარაღებული ძალების რიგიდულ მასკულინურ გარემოში, რომელიც თანდათან უფრო მეტ ღიაობას იჩენს ქალების მიმართ. რასაკვირველია, პრობლემები ჯერ კიდევ ბევრია - არასაკმარისი რაოდენობის უნიფორმა და თავდაცვისთვის საჭირო ეკიპირება ქალებისთვის (თუმცა ამ პრობლემის გადაჭრაზე წარმატებით მუშაობენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, მოხალისეები და აქტივისტები), სტერეოტიპებს და
დისკრიმინაციას სამწუხაროდ დღესაც უხვად ვაწყდებით უკრაინის არმიის შიგნით, მაგრამ ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ახლა ქალებს არმიაში უკვე გააჩნიათ ის, რაც დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ - ხილვადობა. მათ პრობლემებზე ალაპარაკდნენ და გადაჭრის გზების ძიებაზეც დაიწყეს ზრუნვა. 2016 წლამდე ქალებს, რომლებიც არმიაში მესანგრისა თუ სნაიპერის პოზიციას იკავებდნენ, ოფიციალურ დოკუმენტებში, მზარეულებად“ და ,,მედდებად“ აღრიცხავდნენ (რაც, რბილად რომ ვთქვათ, უსამართლოა). „უხილავი ბატალიონის“ კამპანიამ ეს უსამართლობა გამოასწორა. ამჟამად უკრაინის სახელმწიფო აღიარებს მათ და მათ მიერ შეტანილ წვლილს გამარჯვებაში. რა თქმა უნდა, წინ კიდევ დიდი გზაა გასავლელი და უამრავი პრობლემა ჯერ კიდევ რეაგირების გარეშე რჩება, მაგრამ ჩვენ, ფემინისტები, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა უკრაინელი მებრძოლი ქალების კონტრიბუცია კიდევ უფრო თვალნათლივ წარმოვაჩინოთ.  

  • როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, რომ ფემინისტებმა უკრაინელ ქალებს სოლიდარობა გამოუცხადონ, მხარი დაუჭირონ მათ თავდაცვის უფლებას და ამავდროულად უერთგულონ ანტი-მილიტარისტულ ფემინისტურ ეთიკასა და იდეალებს? შესაძლებელია ამ ორი პოზიციის შეთავსება? თუ კი, როგორ?

მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი ანტი-მილიტარისტულ ფემინისტურ მსოფლმხედველობას. თუმცა, როდესაც 24 თებერვალს მამაჩემმა გამაღვიძა სიტყვებით გალია, გაიღვიძე, ომი დაიწყო”, მივხვდი, რომ ეს პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში დამღუპველია. არ დაგვავიწყდეს, რომ თავდაცვაც ფემინისტური ცნებაა: როდესაც დამნაშავეს მსხვერპლისთვის ზიანის მიყენება, მისი გაუპატიურება ან მოკვლა აქვს განზრახული, ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ მსხვერპლის უფლებას, საფრთხისგან თავი დაიცვას. უკრაინის შემთხვევაში თავდაცვა გულისხმობს პარტნიორების მხრიდან სამხედრო მხარდაჭერასა და იარაღით მომარაგებას.
უკრაინისთვის ამ დახმარების აკრძალვა
თავდაცვის აკრძალვას ნიშნავს კოლონიურ ომში, სადაც ის იბრძვის გადარჩენისთვის. ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა მდგომარეობაა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე - გათავისუფლებულ ბუჩაში, ირპინში, ხოსტომელში, იზიუმში (ამ რამდენიმე მაგალითით რომ შემოვიფარგლოთ). ამ ტერიტორიებზე განვითარებულმა მოვლენებმა მთელ მსოფლიოს აჩვენა, რუსკი მირის“ნამდვილი სახე: გაუპატიურება, წამება, დამცირება, ქალების, კაცების, ბავშვების, ლგბტქ+ ადამიანების, უკრაინელი აქტივისტების მკვლელობა და დევნა რუსეთის არმიის კონტროლქვეშ მოქცეული ქალაქებისა თუ სოფლების
ყოველდღიურობაა. სამწუხაროდ, ანტი-მილიტარისტულ პოზიციას არ ძალუძს, სათანადო დახმარება გაუწიოს ადამიანებს, ვინც ამ ტერიტორიებზე აღმოჩნდა, ან მით უმეტეს, მათ, ვინც რუსული არტილერიის მიერ უკრაინული სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას შეეწირა. მიუხედავად ამისა, ვთვლი, რომ ანტი-მილიტარისტულ ფემინისტურ ეთიკას გააჩნია პოტენციალი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაციის პროცესში უკრაინის გამარჯვების შემდეგ.

რუსეთის დემილიტარიზაცია ერთ-ერთი უპირველესი ნაბიჯია, რომელიც მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის მშენებლობის პროცესში უნდა გადაიდგას და ანტი-მილიტარისტული ფემინიზმის მიდგომები თუ ხედვები ამ
თვალსაზრისით მართლაც მნიშვნელოვანია.

  • რა შეიძლება შეიცვალოს გლობალურ/საერთაშორისო ფემინისტურ მოძრაობებში სტრატეგიის თვალსაზრისით, რათა მომვალში უფრო ძლიერი მობილიზაცია შევძლოთ ომისა და ძალადობის პრევენციის და გრძელვადიანი მშვიდობის მიღწევის კუთხით?

ჩემი აზრით, უმნიშვნელოვანესია სოლიდარობის გაძლიერება იმ გამოცდილების გათვალისწინებით, რაც ომის მსხვერპლებმა საკუთარ თავზე გადაიტანეს, ისევე როგორც პარტნიორობაზე დაფუძნებული ურთიერთობებისა თუ ქსელების ჩამოყალიბება. ეს მიდგომა უნდა ეფუძნებოდეს ინტერსექციურობის პრინციპს და უნდა აღიარებდეს ჩაგვრის სხვადასხვა ფორმის (რასა, გენდერი, კლასი და სექსუალობა) ურთიერთგადაჯაჭვულობას. მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ ერთმანეთის გამოცდილებებისგან მათი პრიორიტეტიზაციის გარეშე და ნაცვლად ამისა გავაძლიეროთ მათი მხარდაჭერა, ვისაც ეს მოცემულ მომენტში ყველაზე მეტად სჭირდება. სხვა სიტყვებით, ამგვარი სოლიდარობის მშენებლობა საჭიროა არა დასავლეთზე კონცენტრირებული პარადიგმის შიგნით, სადაც ომსა და ძალადობას გადარჩენილი სუბიექტები ხშირად დასავლელებისგან შესწავლისა და ქადაგების ობიექტებად არიან წარმოჩენილნი, არამედ იგი უნდა აშენდეს ჩარჩოში, სადაც ომგამოვლილი სუბიექტები ცოდნის წარმოების გაცვლის აგენტებად მოგვევლინებიან, რაც მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი ჩართულობისა და თანამონაწილეობის წინაპირობა იქნებოდა.

ამას გარდა, მნიშვნელოვანია გენდერულად პასუხისმგებლიანი საგარეო პოლიტიკა და სამშვიდობო შეთანხმებები, ისევე როგორც პოლიტიკის ექსპერტებთან მუშაობა ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მეტი ჩართულობის მიზნით. ადგილობრივ კონტექსტზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივათა მხარდაჭერა სასარგებლო გზაა, ხილვადობა და რეპრეზენტაცია შევძინოთ მათ,
ვინც ომი და ძალადობა თავიანთ თავზე გამოსცადეს. დაბოლოს,
უმნიშვნელოვანესია დამნაშავეთა პასუხისმგელობის საკითხის დაყენება, რათა ისინი საკადრისად დაისაჯონ და მსხვერპლებს სამართლიანობის განცდა დაუბრუნდეთ. აუცილებელია მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ ისინი, ვინც პასუხისმგებელნი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების (როგორც კაცების, ასევე ქალების) მკვლელობაში, წამებასა და გაუპატიურებაში, ასევე ტყვედ აყვანილ სამხედროებზე (როგორც მამაკაცებზე, ასევე ქალებზე). ამ კუთხით გლობალური ფემინისტური მოძრაობების დიდ პოტენციალს ვხედავ, იმ თვალსაზრისით, რომ სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინას და მოითხოვონ სამართლიანობა გადარჩენილთათვის.

  • რუსმა ანტი-მილიტარისტმა ფემინისტებმა მარტის დასაწყისში მანიფესტი გამოსცეს, სადაც პუტინის აგრესიას გმობდნენ. შეგვიძლია ეს ჟესტი უბრალოდ ფემინისტურ სოლიდარობად წავიკითხოთ, ნაცვლად სოლიდარობისა, რომელიც რუსი ფემინისტებისგან მოდის? უნდა ითანამშრომლონ თუ არა უკრაინელმა ფემინისტებმა ომის მოწინააღმდეგე რუს და ბელორუს ფემინისტებთან ისე, რომ მათ ეროვნულ იდენტობას გადააბიჯონ?

ეს კითხვა ადგილობრივ კონტექსტს, ცოტა არ იყოს, უგულვებელყოფს. უკრაინას რუსული კოლონიური ოკუპაციისა და ექსპლუატაციის სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მიმდინარე ომი რუსული იმპერიალისტური პოლიტიკის ხანგრძლივი ტრადიციის შედეგია, სადაც შეგვიძლია უკრაინული ენისა და კულტურის დევნა, ინტელექტუალთა მასობრივი განადგურება და ხელოვნურად შექმნილი შიმშილი - ჰოლოდომორი ამოვიკითხოთ. ეს უკანასკნელი საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინელი ხალხის გენოციდად ცნო. ამ პოლიტიკის ერთ-ერთი ასპექტია სამი მოძმე ერის - რუსეთის, ბელორუსიისა და უკრაინის - მითი, რომელიც სამ ნაწილად გაყოფილ ერთ ერად უნდა ჩამოყალიბდეს. ეს სწორედ ის იდეოლოგიაა, რომელზეც აპელირებს პუტინი, როდესაც ის რუსეთის აგრესიის გამართლებას ცდილობს. დასავლელი აქტივისტები, რომლებიც განუხრელად ცდილობენ სოლიდარობის დიალოგის წარმოებას რუს, უკრაინელ და ბელორუს ფემინისტებს შორის ომის პირობებში, უნებლიედ რუსული პროპაგანდის ამ იდეოლოგიურ კონცეფციას კვალვაწარმოებენ, გულისხმობენ რა, რომ ეს სამი მოძმე ერი ერთად უნდა წარმოჩინდეს ფემინისტურ მოძრაობებსა თუ აქტივიზმის სხვა ფორმებში. მოცემული მიდგომა აფერხებს დისკუსიებს მრავალფეროვნებაზე, ურთიერთდაკავშირებულობასა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის ნამდვილ ისტორიაზე. ამას გარდა, იგი ვერაფრით იაზრებს კონტექსტებსა და გამოწვევებს,
რომელთაც ფემინისტები უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსში აწყდებიან: უკრაინის დემოკრატიულ საზოგადოებასა და დიქტატორულ რეჟიმებს შორის განსხვავებები მრავლისმთქმელია და განსხვავებული მიდგომების შემუშავებას საჭიროებს. დასავლური საზოგადოება და დასავლელი აქტივისტები გამუდმებით ცდილობენ მხარდაჭრის გასაჯაროვებას და ამით თავიანთი შფოთვების მიჩქმალვას ნორმალურობის გათამაშებით.

მიუხედავად იმისა, ურაინელი, რუსი და ბელორუსი ფემინისტები კარგად ხვდებიან, რომ ამჟამად პოლიტიკური კონტექსტი რუსულ ,,სამი მოძმე ერის“ იდეოლოგიას არასასურველად წარმოაჩენს. ამ სიტუაციის მხოლოდ ფემინისტურ სოლიდარობად წარმოჩენა რუსეთის მხრიდან უკრაინის (და აგრეთვე ბელორუსიის) იმპერიალისტური ექსპლუატაციის ისტორიის გააზრების გარეშე ააშკარავებს სიბრმავესა და უვიცობას, რომელსაც მხოლოდ ფემინისტური მოძრაობის კეთილი ზრახვები ვერ გაამართლებენ.

  • ფემინისტური საგარეო პოლიტიკა, განსხვავებით ტრადიციული საგარეო პოლიტიკისგან, ადამიანის უსაფრთხოებას სახელმწიფო უსაფრთხოებაზე წინ აყენებს, ხაზს უსვამს რა ფემინისტურ ღირებულებებს. ის აჩენს პერსპექტივას, რომელიც აკრიტიკებს ძალაუფლების გლობალურ ცენტრებს. ეს უკანასკნელნი კი შეიარაღებული კონფლიქტებისა და ძალადობის შედეგად წარმოქმნილ ადამიანურ ტანჯვას უგულვებელყოფენ. როგორ შეიძლება ფემინისტური საგარეო პოლიტიკის კიდევ უფრო განმკიცება და განვითარება, რათა შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარული განზომილება მთელი თავისი მნიშვნელობით იქნეს გააზრებული? როგორ შეიძლება ფემინისტური საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო ეფექტური გახდეს სამხედრო ესკალაციებისა და ძალადობის პრევენციის კუთხით?

მე ვფიქრობ, რომ ფემინისტურმა საგარეო პოლიტიკამ უფრო მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ანტიკოლონიურ და დეკოლონიურ პერსპექტივებს, რათა მდგრადი მშვიდობის მიღწევა და ძალადობის პრევენცია შევძლოთ. ჩემი აზრით, დეკოლონიური ფემინისტური პერსპექტივა მშვიდობის მშენებლობის პროცესში გულისხმობს პირველ რიგში, მათ მოსმენას, ვინც აგრესიის (როგორც კოლონიური, ისე სამხედრო) მსხვერპლი აღმოჩნდა. ამგვარად ფემინისტურ საგარეო პოლიტიკას შეუძლია ინკლუზიური პოლიტიკის ხელშეწყობა, სადაც ქალები და მარგინალიზებული ჯგუფები აქტიურად იქნებიან ჩართული საგარეო პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების საქმეში. პერსპექტივათა ფართო სპექტრის
ინკლუზია გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაგვეხმარება შევიმუშავოთ პოლიტიკები, რომლებიც უკეთ პასუხობენ შეიარაღებული კონფლიქტების ჰუმანიტარულ შედეგებს. გარდა ამისა, ფემინისტური საგარეო პოლიტიკა მხარს უნდა უჭერდეს პასუხისმგებლობისა და სამართლიანობის პრინციპებს. მან უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, რათა გენდერული ძალადობისა და სამხედრო დანაშაულის ჩამდენმა პირებმა კანონის წინაშე აგონ პასუხი. ფემინისტურმა საგარეო პოლიტიკამ, რომელიც სექსუალურ და გენდერულ ძალადობას, როგორც ომის გავრცელებულ იარაღს აღიარებს, მხარი უნდა დაუჭიროს სამართლიანობასა და მსხვერპლებისთვის რეპარაციების უზრუნველყოფასაც. სამხედრო შეიარაღების კონტროლი და ბირთვული განიარაღების ადვოკატირება ფემინისტური საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს.

მასალა მომზადებულია შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) და კვინა ტილ კვინას მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „კონფლიქტების ტრანსფორმაციის წახალისება კონფლიქტებთან დაკავშირებული ისტორიის კრიტიკული გადააზრების და ქალთა პერსპექტივების გაძლიერებით“, ფარგლებში. SIDA და კვინა ტილ კვინა, შესაძლოა, არ ეთანხმებოდნენ აქ წარმოდგენილ მოსაზრებებს. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] UN Office for the Coordination of Humanitarian Affairs (OCHA), Ukraine Humanitarian Response – Key Achievements in 2022, Situation Report, 10 February 2023

[2] UN Office of the Human Rights Commissioner, Report on the human rights situation in Ukraine, 1 August 2022 – 31 January 2023, 23 March 2023

[3] OSCE (2023) “Understanding and Addressing the Gendered Consequences of the War in Ukraine.” Special Representative on Gender Issues Hedy Fry (Canada) has published the 2023 Gender Report on

[5] იქვე.

[6] იქვე

[7] ამ საკითხზე ერთ-ერთი პირველი დეტალური ანალიზი ეკუთვნის ტერეზა ჰენდლს; Hendl Tereza. Towards accounting for Russian imperialism and building meaningful transnational feminist solidarity with Ukraine. Gender Studies 2022; 26:62-90.

[8] „ღია წერილი კანცლერ ოლაფ შოლცს“ https://www.emma.de/artikel/open-letter-chancellor-olaf-scholz-339499  მაისი, 2022.

[9] „Open letter on arms deliveries draws criticism“ https://www.dw.com/en/open-letter-about-weapons-deliveries-to-ukraine-draws-criticism/a-61660104 აპრილი, 2022.

[10] Hendl, 2022. p.65-68

[11] წყარო: Feminist resistance against war: https://spectrejournal.com/feminist-resistance-against-war/ მარტი, 2022.

[12] Hendl, 2022. p.66

[13] წყარო,The right to resist: Feminist Manifesto. https://commons.com.ua/en/right-resist-feminist-manifesto/ ივლისი,2022.

[14] იხილეთ ასევე უკრაინელი ფილოსოფოსის, თამარა ზლობინას კრიტიკული გამოხმაურება: Tamara Zlobina, “A feminist reaction to the senseless anti-war message from feminists” https://www.milwaukeeindependent.com/syndicated/armukrainenow-feminists-reaction-senseless-anti-war-message-feminists/  ივნისი, 2022

[15] Darya TsymbalyukIryna and Iryna Zamuruieva, „Why we as feminists must lobby for air defense for Ukraine“, https://www.opendemocracy.net/en/odr/ukraine-russia-war-feminists-we-must-lobby-for-air-defence/  მარტი, 2022.

[16] „Russia’s feminists are in the streets protesting Putin’s war“ https://www.greenleft.org.au/content/russias-feminists-are-streets-protesting-putins-war. მარტი, 2022.

[17]  იხილეთ გალინა კოტლიუკის სტატია, რომელიც ამ თემას ეხმიანება: Colonization of minds: Ukraine between Russian colonialism and Western Orientalism: https://www.frontiersin.org/articles/10.3389/fsoc.2023.1206320/full

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“