[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ანგარიში

მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემა

ანა პაპუაშვილი 

სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღამ“ დისციპლინური პასუხისმგებლობის განახლებულ სისტემას ჩაუყარა საფუძველი, რომლითაც მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რიგი ინსტიტუციური, საპროცესო თუ შინაარსობრივი გარანტიები. თუმცა კანონმდებლობასა და პრაქტიკაში მაინც რჩებოდა გარკვეული პრობლემები, რომლებიც შემდგომ დახვეწას საჭიროებდა. ამისგან განსხვავებით, 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებები ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იყო, როგორც დისციპლინურ სამართალწარმოებაში მონაწილე ორგანოების ინსტიტუციური მოწყობის, ისე სისტემის გამჭვირვალობისა და ქმედითობის და ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობის გარანტიებთან მიმართებით. ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით, ფართო საზოგადოებრივი ჩართულობის გარეშე მიიღო, ვერ პასუხობს კანონმდებლობასა და პრაქტიკაში არსებულ რეალურ გამოწვევებს და ვერ უზრუნველყოფს ინდივიდუალურ მოსამართლეთა დამოუკიდებლობასა და ანგარიშვალდებულებას შორის სწორი და გონივრული ბალანსის მიღწევას.

წინამდებარე დოკუმენტი კრიტიკულად აანალიზებს სასამართლო სისტემის რეფორმის „მეოთხე ტალღისა“ და 2021 წლის 30 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, სტატისტიკურ მონაცემებს, ასევე დისციპლინურ სამართალწარმოებაში მონაწილე ორგანოების დაკომპლექტების დინამიკას და ამ ორგანოების მიერ განვითარებულ პრაქტიკას.

ანგარიში რიგით მესამეა და 2020 წლის პირველი იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის სხვადასხვა პერიოდში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები ერთმანეთისგან არსებითად არ განსხვავდება და მათ შორის შემდეგ პრობლემებს მოიცავს:

  • დისციპლინურ საკითხებზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ახალი წესი, რომლის თანახმად, საბჭო ამგვარ გადაწყვეტილებებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (სრული შემადგენლობის 2/3-ის ნაცვლად) იღებს, უკან გადადგმული ნაბიჯია და ზრდის ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო გავლენების რისკებს;
  • დისციპლინური სამართალწარმოება, კვლავ ვადების დარღვევით მიმდინარეობს; ამასთანავე, სამართალწარმოების ვადები განახევრდა, რაც სრულიად უგულებელყოფს დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაში ვადების დაცვის თვალსაზრისით არსებულ რეალობას;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭო დისციპლინურ საკითხებზე სხდომებს კვლავ არასაკმარისი სიხშირით ატარებს, რაც დისციპლინური სამართალწარმოების გაჭიანურების დამატებით განმაპირობებელი ფაქტორია;
  • გამჭვირვალობის კუთხით, კვლავ პრობლემურია მოსამართლის დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემის შესახებ საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, ასევე დამოუკიდებელი ინსპექტორის დასკვნების გამოუქვეყნებლობის პრაქტიკა;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სადისციპლინო კოლეგიის გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია;
  • მოსამართლეები არ სარგებლობენ დისციპლინური სხდომების გასაჯაროების მოთხოვნის უფლებით, საბჭოს წევრები კი შესაძლებლობით - დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში, საკუთარი განსხვავებული აზრი წერილობით დააფიქსირონ, რაც სისტემის ჩაკეტილობასა და მის შიგნით კრიტიკული აზრის ნაკლებობაზე მიუთითებს.

წინამდებარე დოკუმენტი მომზადებულია პროექტის - „დამოუკიდებელი და სამართლიანი სასამართლო სისტემის მხარდაჭერა“ ფარგლებში, რომელსაც „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. დოკუმენტის შინაარსზე პასუხისმგებელია სოციალური სამართლიანობის ცენტრი. დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაცია და შეფასებები შესაძლოა არ გამოხატავდეს საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

მოსამართლეთა_დისციპლინური_პასუხისმგებლობის_სისტემა_GEO_1657113197.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“