საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ჩვენი თანამოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საარსებო შემწეობის სისტემა უსამართლოა.
ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საარსებო შემწეობის დანიშვნის დროს სარეიტინგო ქულის დათვლის სისტემა პრობლემურია. მეთოდოლოგიური ხარვეზების გამო, სიღარიბეში მცხოვრები ბევრი ოჯახი დახმარების გარეშე რჩება.
ჩვენი კანონმდებლობით, სარეიტინგო ქულის შეცვლა, მისი მინიჭებიდან, სულ ცოტა, 1 წლის გასვლის შემდეგ არის შესაძლებელი. გამონაკლისს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილება ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ინიციატივა წარმოადგენს. ამ საფუძვლების არარსებობის შემთხვევაში კი ოჯახი ერთი წლის განმავლობაში მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე რჩება.
საარსებო შემწეობა სიღარიბეში მცხოვრები ოჯახების მხარდაჭერის ერთ-ერთ მთავარ მექანიზმს წარმოადგენს. იმ შემთხვევაში თუ ოჯახს 65 000 და ნაკლები ქულა აქვს, მის ზრდასრულ (16 წლის და ზემოთ) წევრებს თვეში 30-60 ლარის ოდენობის შემწეობა ეძლევათ. სოციალურად დაუცველის ქულა არაერთ სხვა მუნიციპალურ პროგრამაში ჩართვის წინაპირობაა.
სარეიტინგო ქულის ცვლილება 1-წლიანი ვადის გასვლამდეც უნდა იყოს შესაძლებელი.
სარეიტინგო ქულის დათვლის პროცესში კომუნალურ გადასახადებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება - თუ ოჯახს მაღალი ხარჯი უფიქსირდება, მისი ქულაც მატულობს, ხოლო შემწეობის დანიშვნის შანსები მცირდება.
სამწუხაროდ, ქულის დათვლის სისტემისთვის მაღალი კომუნალური ხარჯი ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ოჯახს კარგი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.
სარეიტინგო ქულის გამოთვლაზე კომუნალურ გადასახადებს დიდი ზეგავლენა არ უნდა ჰქონდეს.
სარეიტინგო ქულის დათვლის პროცესში ხდება არაერთი იმგვარი ფაქტორის გათვალისწინება , რომელსაც, შესაძლოა, კონკრეტული ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდეს.
შეფასებისა და ქულის მინიჭების მეთოდოლოგიის სირთულის გამო, ოჯახებისთვის ბუნდოვანია, თუ რატომ მოსდით უარი საარსებო შემწეობის გაცემაზე ან რატომ ენიჭებათ იმაზე მაღალი ქულა, ვიდრე ამის მოლოდინია. ეს არის მიზეზი, რატომაც ამ ადამიანებს უსამართლობის გრძნობა და სისტემის მიმართ უნდობლობა უჩნდებათ.
სახელმწიფომ უნდა შეიტანოს ცვლილებები ქულის გამოთვლის მეთოდოლოგიაში და ფულადი დახმარების მიღებისათვის სამართლიანი და გამჭვირვალე პირობები დაადგინოს!
კვლევები აჩვენებს, რომ საარსებო შემწეობის სისტემის მიღმა სიღარიბეში მცხოვრები არაერთი ოჯახია დარჩენილი. ნაწილი იმის გამო, რომ სახელმწიფოსთვის შეფასებისა და ქულის მინიჭების მიზნით არ მიუმართავს, ხოლო ნაწილი კი იმიტომ, რომ სარეიტინგო ქულის გამოთვლის სისტემა მის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ვერ ხედავს.
ამის გამო, გვაქვს მოცემულობა, როდესაც გაჭირვებული ოჯახი სახელმწიფოსგან მინიმალურ დახმარებას ითხოვს, თუმცა ვერ იღებს, რადგან ქულის დათვლის მეთოდოლოგია ყველა შინამეურნეობის საჭიროებისადმი მგრძნობიარე არ არის.
სახელმწიფომ უნდა გაატაროს სოციალური დაცვის სისტემის ძირეული რეფორმა, რომელიც მოსახლეობის რეალურ მდგომარეობასა და გამოწვევებს დაინახავს!
ღირსეული სოციალური შემწეობის სისტემა ჩვენი უფლებაა!
პროექტი ხორციელდება USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ინსტრუქცია