[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / სტატია

მედია საფრთხის წინაშე: ანტიმედია პოპულიზმი

ანა ჭიაბრიშვილი 

მოკლე შინაარსი

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა დაუფარავად ავლენს არალიბერალურ ხასიათს.  მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში თავისუფალი არჩევნები ასე თუ ისე ტარდება, აშკარაა მთავრობის მიზანი, დაასუსტოს ე.წ შუამავალი ინსტიტუტები, რაც პარტიის ძალაუფლების გახანგრძლივების ინტერესს ატარებს.  სასამართლოების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა ინსტიტუტებს შორის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამიზნედ მედიაც იქცა. მედიის დელეგიტიმაციის მცდელობის გზაზე მმართველი ძალა იყენებს  ანტიმედია პოპულიზმის ისეთ ნაცად ტაქტიკებს, როგორებიცაა: ახალი „ობიექტური“ მედია საშუალებების შექმნა; სახელმწიფო რესურსებით რეკლამის მიკერძოებული შეძენა პროსამთავრობო არხების სასარგებლოდ; საზოგადოებრივი მაუწყებლის სათავეში მმართველი გუნდისთვის ერთგული ადამიანების ჩაყენება; სასამართლო დავების წამოწყება კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ; დამოუკიდებელი და კრიტიკული ორგანიზაციის ჟურნალისტებისთვის ბოიკოტის გამოცხადება; მედიის წინააღმდეგ ვერბალური თავდასხმის კამპანიის წარმოება; სახელმწიფოს ინერტულობა, დასაჯოს მედიაზე თავდამსხმელები; სახელმწიფოს ინდიფერენტულობა ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ; ფარული თვალთვალი მედიის წარმომადგენლებზე და სხვა.

ნაშრომის მიზანია, წარმოაჩინოს, რომ ხელისუფლების ქმედებები მედიის წინააღმდეგ არ არის ქაოტური, პირიქით, „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად აზიანებს მას. ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი მედიის დელეგიტიმაციისთვის სხვა ქვეყნების პოპულისტი ლიდერების მიერ უკვე მრავალჯერ ნაცად ხერხებს იყენებს. ის ჟურნალისტებს ნათლავს პროპაგანდისტებად, ხოლო შეუზღუდავი რესურსით გაძლიერებულ, მთავრობის მიერვე ობიექტურად დაკვალიფიცირებულ მედიას - სამთავრობო პროპაგანდის ეფექტიან მექანიზმად აქცევს. 

ამ მტკიცების დასასაბუთებლად ნაშრომი შესავალში მიმოიხილავს მედიის თავისუფლების ხარისხის მკვეთრი გაუარესების შესახებ გლობალურ ტენდენციას, 1.1 თავის ფარგლებში მოგითხრობთ აღნიშნულ ტენდენციაზე პოპულიზმის შესაძლო გავლენების შესახებ, ხოლო 1.2 და 1.3 თავები მიმოიხილავს ანტიმედია პოპულიზმის მიზნებს და გავლენების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე. ნაშრომის მეორე ნაწილი განიხილავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ანტიმედია პოპულიზმის მექანიზმების გამოყენების შემთხვევებს.

1. შესავალი

„[...] მედიას, როგორც საზოგადოებრივ დამკვირვებელს [watchdog], დემოკრატიულ საზოგადოებაში სასიცოცხლო ფუნქცია აკისრია, მიმდინარე პოლიტიკური და სოციალური ლანდშაფტის აღქმის უნარის გაძლიერებითა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ცნობიერი მონაწილეობის ხელშეწყობით, ის აძლიერებს და ეხმარება მოქალაქეებს, იყვნენ ინფორმირებულები“.[1] ინფორმირებული საზოგადოება მეტად კრიტიკული და ძლიერი ამომრჩეველია. შესაბამისად, არალიბერალური რეჟიმებისთვის მედია ყოველთვის წარმოადგენდა სამიზნეს. თუმცა, დრო, როდესაც მედიას მასობრივად მხოლოდ ავტოკრატი მმართველები ავიწროვებდნენ, წარსულს ჩაბარდა. ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც, პოლიტიკური აქტორები სულ უფრო მზარდად მიმართავენ რეპრესიების სახეცვლილ ფორმებს და ჟურნალისტების დაკავების, დაპატიმრებისა, თუ ლიკვიდაციის ნაცვლად, მედიას ზიანს აყენებენ რეპუტაციის შელახვით, მისი სანდოობის ძირის გამოთხრით, მარგინალიზაციით, ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისას დისკრიმინაციული მოპყრობით, შეურაცხყოფითა თუ ცენზურით.[2] „მტკივნეულად ცხადი გახდა, რომ მედიის თავისუფლება ვერასოდეს ჩაითვლება გარანტირებულ სიკეთედ, იქაც კი, სადაც დემოკრატიული მმართველობა ათწლეულების განმავლობაში ფუნქციონირებს“.[3]

ამ მკაცრ რეალობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2016 წლის რეკომენდაციაც მიუთითებს - „[...] ევროპაში ჟურნალისტებს და სხვა მედია აქტორებს სულ უფრო ხშირად ემუქრებიან, ავიწროებენ, უქვემდებარებენ ფარულ თვალთვალსა და მიყურადებას, აშინებენ, თვითნებურად ართმევენ თავისუფლებას, ფიზიკურად უსწორდებიან, აწამებენ და კლავენ კიდეც მათი საგამოძიებო საქმიანობის, მოსაზრებების ან საკითხის გაშუქების გამო, როდესაც მათი მუშაობა ფოკუსირებულია ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაზე, კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევაზე, კრიმინალურ ქმედებებზე, ტერორიზმსა და ფუნდამენტალიზმზე“.[4]

ევროპაში მიმდინარე ტრენდი გლობალურ დონეზე მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების ნაწილია. მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, Freedom House-ის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის თანახმად, ხუთი წლის განმავლობაში (2014-2019) თავისუფლი ქვეყნების 19%-ში (16 ქვეყანა) მნიშვნელოვნად გაუარესდა მედიის თავისუფლების ინდექსი. Reuters Institute-ის 2022 წლის ანგარიშის მიხედვით, საერთო ფონი არც თუ ისე ოპტიმისტურია, „[...] ახალი ამბებისადმი ინტერესი და, ზოგადად, ახალი ამბების მოხმარება მნიშვნელოვნად შემცირდა ბევრ ქვეყანაში, ხოლო ნდობა თითქმის ყველგან დაეცა [...]“.[5]  წინა წლების მსგავსად, კიდევ ერთხელ დაადასტურა მედიისადმი ნდობის დაღმასვლის განგრძობადი ტრენდი - კერძოდ, საშუალოდ, 10-დან მხოლოდ 4 ადამიანი (42%) ენდობა ახალ ამბებს. ხოლო, ინტერესი ახალ ამბებისადმი 2017 წლის 63% მაჩვენებლიდან დაეცა 51%-მდე. გარდა ამისა, მკვეთრად გაზრდილია ახალი ამბების მომხმარებელთა წილი, რომლებიც ახალ ამბებს გამიზნულად არიდებს თავს.[6]

უნდობლობის და ახალ ამბებთან გაუცხოების ზემოაღნიშნული „ტრენდი“ მეტად საყურადღებოა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ მედია, როგორც წესი, არ არის ის მედიუმი, რომელიც ელექტორალური ავტორიტარიზმის გზაზე ხელისუფლების პირველივე სამიზნეა, მისი შევიწროვება მეტყველი სიმპტომია, რომ სხვა პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებებიც საფრთხეშია.[7] „[...] ამ ფენომენთან ბრძოლა არა მხოლოდ ადამიანის უფლებათა სფეროსთვისაა რელევანტური, არამედ ევროპის კავშირში სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის დაცვის გზაზე არსებითი ფაქტორია“.[8]

1.1. მედიის თავისუფლების ხარისხის გაუარესება:  პოპულიზმის გავლენა

მკვლევართა ნაწილის აზრით, გლობალურად, და განსაკუთრებით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის დემოკრატიულ ქვეყანებში მედიის თავისუფლების მაჩვენებლის სწრაფი გაუარესება, რეგიონში პოპულისტური (ძირითადად ულტრამემარჯვენე) ნარატივებისა და აქტორების პოპულარობის ზრდას უკავშირდება.

პოპულიზმის ამომწურავი განმარტება ამ ნაშრომის მიზანი არ არის. მარტივად - პოპულიზმი იდეოლოგია ან/და ოპერაციული სისტემაა, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკური ლიდერი საზოგადოებას ჰყოფს ორ ანტაგონისტურ, პოლარიზებულ ჯგუფად - ელიტად და „ნამდვილ ხალხად“.[9]  პოპულისტურ დისკურსში, ელიტის ცნება ცვალებადია და დამოკიდებულია ქვეყნის კონტექსტზე, ისტორიულ გამოცდილებასა თუ სხვა სოციოლოგიურ-ანთროპოლოგიურ ასპექტებზე. ელიტის ცნების კომპონენტები კონტექსტურად განსხვავდება, მუდმივა კი ერთია -  „ნამდვილ ხალხში“ იმ განცდის კულტივირება და გამყარება, რომ მათი ხმა უგულებელყოფილია, მათი ხმა არავის ესმის.

პოპულისტურ ოპერაციულ სისტემაში მასების მობილიზებისათვის ელიტის, როგორც „კოლექტიური ნების“ წინააღმდეგ მოქმედი ძალაუფლების სტრუქტურის ნაწილის, დაპირისპირებულ მხარედ წარმოჩენა საკვანძო ელემენტია.[10] პოპულისტები ეფექტურად, თუმცა კი შერყვნილად იყენებენ სახალხო სუვერენიტეტის ფიქციას.

როგორც აღინიშნა, ელიტის მიღმა ფიქსირებული ‘მასა’ არ დგას, ის ცვალებადია. ამიტომ, შეცდომაა ელიტის მხოლოდ  პოლიტიკურ ასპარეზზე ძიება, ამ დისკურსისთვის რელევანტურია ეკონომიკური და კულტურული ელიტებიც. სტრატეგიული ან/და იდეოლოგიური მიზეზების გამო, პოპულისტი ლიდერები ისტაბლიშმენტის ნაწილად წარმოაჩენენ მედიასაც.[11] როგორც ევროპარლამენტი 2020 წლის 25 ნოემბრის რეზოლუციაში უსვამს კიდეც ხაზს, „[...] მედიის ხელში ჩაგდება, ინსტიტუციური გამჭვირვალობის ნაკლებობა, სიძულვილის ენა და დეზინფორმაცია [...]“ გამოიყენება როგორც სოციალური პოლარიზაციის გაძლიერების ინსტრუმენტები.[12]

კულტივირებული ნარატივის მიხედვით, მედია თანამშრომლობს ელიტებთან და „ნამდვილი ხალხის“ ინტერესებისა და საჭიროებების წარმოჩენა მის დღის წესრიგში არ ჯდება[13]:   მედია „დამნაშავეა“ მიკერძოების, მოსახლეობით მანიპულირების,  ხალხის ნების ღალატის, ტყუილისა და ორმაგი სტანდარტების გამოყენების, უთანასწორო სარედაქციო პოლიტიკის და სხვა „ცოდვებში“.

ფენომენის საუკეთესო ილუსტრაცია უნგრეთსა და პოლონეთშია, სადაც ხელისუფლებაში საპარლამენტო უმრავლესობით პოპულისტური პარტიების  მოსვლის შემდგომ „[...] დაიწყო კონსერვატული ნაციონალისტური პროექტი, აღმასრულებელი ძალაუფლების კონცენტრირება, ოპოზიციის ასპარეზიდან მოშორება და პარტიული კონტროლი საჯარო ინსტიტუტებსა და მედიაზე“.[14]  ორბანის მთავრობამ 10 წელში გაანადგურა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები და მედია სამთავრობო პროპაგანდის იარაღად აქცია. 2010-2022 წლებში ორბანის ხელისუფლების პირობებში პრესის თავისუფლების ინდექსში უნგრეთის მაჩვენებელი 62 პოზიციით გაუარესდა. როგორც 2019 წელს, პრესის თავისუფლების საერთაშორისო მისიამ[15] აღნიშნა, რომ უნგრეთში მედიის კონტროლი ევროკავშირის წევრ ქვეყანათა შორის უპრეცედენტოა.[16] პოლონეთში, ახლანდელი მმართველი პარტიის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებამდე, პოლონეთი ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა იყო. 2015 წლის შემდგომ მან 39 ნიშნულით უკან გადაინაცვლა.

1.2. ანტი-მედია პოპულიზმის მიზნები: რატომ არის მედია „ნამდვილი ხალხის“ მტერი?

პოპულისტი ლიდერის დღის წესრიგს, შეარყიოს არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტების რეპუტაცია, არამედ დააზიანოს მთლიანად მედიის სანდოობა, ანტიმედია პოპულიზმის სახელით მოვიხსენიებთ. ანტიმედია პოპულიზმის პოლიტიკური სტიმული ძნელად გამოსაცნობი არაა.

ჟურნალისტიკის ლეგიტიმაცია უმნიშვნელოვანესი ფაქტორია მედიის როლის დამაჯერებლად შესრულებისთვის. ინფორმაციის მიმღებსა და ინფორმაციის გამცემს შორის უნდა არსებობდეს ნდობა, თუკი მოქალაქე არ ენდობა ჟურნალისტს, ის ხშირ შემთხვევაში ჟურნალისტის, ან მედიის მომზადებულ მასალას უბრალოდ არ გაეცნობა, ან არ დაიჯერებს. ლეგიტიმაცია უმნიშვნელოვანესია პოლიტიკურ აქტორებთან მიმართებითაც. თუკი მედიას მოპოვებული აქვს მოსახლეობაში ლეგიტიმურობა, ეს ირიბად აიძულებს პოლიტიკურ აქტორებს ჩაერთონ მედიის მიერ შექმნილ საჯარო დისკურსში, მისი ძალისა და გავლენის გამოისობით უპასუხონ არსებულ შეკითხვებს, წარმოადგინონ არგუმენტები და, ზოგადად, იყვნენ ანგარიშვალდებულნი. პირიქით, თუკი ხალხის თვალში მედია დისკრედიტირებულია, პოლიტიკური აქტორების მიერ კითხვებზე თავის არიდება არ ფასდება ანგარიშვალდებულებისგან დამალვად.[17]

სწორედ ამ კავშირის, ლეგიტიმურობის და მედიის როლის აღქმის მორღვევაა ანტიმედია პოპულიზმის მიზანი - დონალდ ტრამპმა, რომელიც ჟურნალისტებს გამუდმებით „ხალხის მტრების“ სახელით მოიხსენიებს[18], CBS-ის ჟურნალისტის, ლესლი სტალის გადმოცემით მას უთხრა,, იცით რატომ ვაკეთებ ამას? მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დისკრედიტირდეთ და დაგამციროთ, რადგან ჩემზე რომ დაწერთ ცუდად, არავინ დაგიჯეროთ“.[19]

ეს სტრატეგია შესაძლოა არაკეთილშობილურია, თუმცა პრაგმატული თვალსაზრისით, შედეგიანია, რადგან ლიდერი, რომელსაც შეუძლია წარმატებით გამოიყენოს ანტიმედია პოპულიზმი „[...] კრიტიკის ტრადიციული ფორმების მიმართ თითქმის იმუნური ხდება, ვინაიდან ინტელექტუალ ექსპერტთა მიერ მისი კრიტიკა სწრაფად ითარგმნება [პოპულისტის] ეპიკური მისიის წარმატების მტკიცებულებად: ის იხსნის საზოგადოებას კორუმპირებული ისტაბლიშმენტისგან, და დააბრუნებს ხალხთან [რაც ხალხს ეკუთვნის]“.[20]

პოპულისტების მიერ თავის ელიტის „მსხვერპლად“ წარმოჩენას ხელს უწყობს ფაქტი, რომ პოპულისტური კრიტიკის სხვა სამიზნეებს შორის, მედია განსაკუთრებით უხერხულ მდგომარეობაშია. სწორედ მას უწევს ეთერში გააშუქოს საკუთარი შეურაცხყოფა, დაიცვას თავი და დაუთმოს საეთერო დრო ანტიამედია პოპულიზმს, ანუ მისი დელეგიტიმაციის მცდელობას, წინააღმდეგ შემთხვევაში „ნამდვილი ხალხისთვის“ დადასტურდება სავარაუდო მიკერძოება პოპულისტის მიმართ.[21]

ცხადია, მედიის კრიტიკა თავისთავად პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, მედიის კრიტიკას, რომლის მიზანიცაა მედიის ხარისხის შეფასება და კონტროლი, ასრულებს თუ არა მედია თავის როლს საზოგადოებაში, დემოკრატიული ფუნქცია აქვს.[22]  შესაბამისად, ჯანსაღი დისკუსიის წარმოებისთვის, მოქალაქეთა ინფორმირებისთვის და შედეგად, ხელისუფლების კონტროლისთვის ხარისხიანი კონტენტის მისაღებად, აუცილებელიც კია მედია კრიტიკა. ცხადია, აღნიშნული აუცილებლობას წარმოადგენს საქართველოს რეალობაშიც. თუმცა, ამ ნაშრომის მიზანი არის არა უშუალოდ მედია კრიტიკა (ხშირად დამსახურებულიც, გაშუქების სტანდარტებისა თუ საზოგადოებრივი ინტერესების დაუბალანსებელი გაშუქების გამო), არამედ იმის გამოვლენა, რომ სახელისუფლებო გუნდი ცდილობს მოსახლეობას რწმენა დაუკარგოს ამ შუამავალი ინსტიტუტიც მიმართაც.

ანტიმედია პოპულიზმში კრიტიკის მიზანი დიამეტრალურად განსხვავებულია და გამოიყენება არა იმისთვის, რომ დაიცვას მედიის ხარისხის სტანდარტი, როგორც დემოკრატიული საზოგადოებისთვის უპირობო ღირებულება, არამედ ჟურნალისტიკის დელეგიტიმაციისთვის. პოლიტიკური აქტორების მიერ კრიტიკად შეფუთული თავდასხმა არის არგუმენტებისგან დაცლილი, აგრესიული, მტრული და უცენზურო. საბოლოო მიზანი ღია, პროდუქტიული და საჯარო დებატების ხელისშეშლაა.[23]

მედიის ‘კრიტიკა’ ანტიმედია პოპულიზმის ნარატივში ძირითადად ფოკუსირებულია ჟურნალისტების არაპროფესიონალიზმზე და მიკერძოებულობაზე, თუმცა, მათი შეცდომები დაუდევრობის ან არაკომპეტენტურობის მიზეზებით არ აიხსნება. აქ პროფესიული ჩავარდნაც შეთქმულების ნაწილია - ჟურნალისტები, მიკერძოების გამო, ფაქტებს განზრახ ამახინჯებენ.[24] „შესაბამისად, ჟურნალისტებს მოეთხოვებათ არამხოლოდ „შეინარჩუნონ ჟურნალისტების საზოგადოებრივი სახე [...] არამედ, შეინარჩუნონ ლეგიტიმაცია, როგორც საზოგადოების წევრებმაც“.[25]

ანტიმედია პოპულიზმის მიზანი ცალსახად თავდასხმაა, რაც კრიტიკისგან აბსოლუტურად განსხვავებული ცნებაა, შესაბამისად, ამგვარ ქმედებას ვერ დავარქმევთ დემოკრატიული მიზნების მქონე კრიტიკას. გარდა ამისა, ანტიმედია პოპულიზმი ნაცადი ხერხია, ოსტატურად დაუძვრე არახელსაყრელ კითხვებს - „[...] ჟურნალისტების სანდოობაზე თავდასხმა ეფექტური გზაა საზოგადოებრივი ინტერესის რეალური საკითხების დღის წესრიგიდან გაქრობის მიზნით - იქნება ეს კორუფციის გამოვლენა, თუ ჟურნალისტების მიერ წამოყენებული სხვა სერიოზული ბრალდებები“.[26]

1.3. ანტიმედია პოპულიზმის ენის  შესაძლო გავლენა ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე

როგორც მრავალი ავტორიტეტული წყაროს მიერაა ხაზგასმული,[27] საჯარო პირების მიერ ჟურნალისტების დამცირება, სიტყვიერი თავდასხმა, მათთვის მოღალატეებისა თუ მტრების სტატუსის მინიჭება, მათი პროფესიული სტატუსის დამცრობა, სავარაუდოდ წაახალისებს სხვა პირებს, ჟურნალისტების მიმართ მტრული დამოკიდებულება გამოხატონ, იქნება ეს სიტყვიერად თუ სხვაგვარი ქმედებით.[28] „ქცევის ასეთი ნიმუშები ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ნებადართული გარემოს შექმნას; მას ასევე შეუძლია სერიოზულად შეარყიოს საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისა და თავად მედიისა და ჟურნალისტების მიუკერძოებლობის მიმართ“.[29]

Reuters Institute-ის 2020 წლის ანგარიშის ფარგლებში, რომელიც შეეხებოდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ჟურნალისტებისთვის შექმნილ საფრთხეებსა და გამოწვევებს, ანგარიშის ავტორმა, სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ახლა მედიის თავისუფლების ხარისხის  გაუარესება ფიქსირდება, შესაძლო კავშირები დაინახა დამდგარ შედეგსა და პოლიტიკური ლიდერების ანტიმედია რიტორიკას შორის.[30]  ანტიმედია პოპულიზმის პოტენციური შედეგები მერყეობს საინფორმაციო მედიის შესახებ საზოგადოების აღქმაზე ზემოქმედებიდან, ჟურნალისტებზე ძალადობის წაქეზებამდე.[31] შესაბამისად, ანგარიშში განხილული ენა შეიძლება მართლაც ქცეულიყო მედიის მიმართ მტრული განწყობების ლეგიტიმაციის წყაროდ.

აღნიშნულ ანგარიშში განხილულია სლოვაკეთის, ინდოეთის, ჩეხეთის შემთხვევები. პარალელების გავლებისთვის საინტერესოა კონკრეტული შემთხვევების აქ მოხმობა:

  • კორუფციასთან დაკავშირებული შეკითხვების საპასუხოდ სლოვაკეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიკომ, ჟურნალისტებს ბინძური ანტისლოვაკი მეძავები უწოდა.[32] ყოფილი პრემიერი და ახლა უკვე პარლამენტის წევრი ჟურნალისტებს („სრიალა გველებს“[33]) გამუდმებით ახსენებს, რომ მათ პატივს არ სცემს და არც მათი ეშინია.[34] გარდა ამისა ის აცხადებს, რომ სლოვაკეთის მედია დემოკრატიისთვის ყველაზე (!) დიდი საფრთხეა.[35] საგულისხმოა, რომ სლოვაკეთი ფიკოს (მეორეჯერ) გაპრემიერების (2012- 2016) დასაწყისში დადებითად ფასდებოდა. მაშინ, როდესაც 2011-2012 წლის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში ის 27-ე ადგილს იკავებდა, 2014 წლის მონაცემებით ის მე-20 ადგილზე დაწინაურდა. ფიკოს პრემიერობის დასასრულს ის ისევ 27-ე პოზიციას დაუბრუნდა, ხოლო 2021 წლის მონაცემებით მდგომარეობა გაუარესდა და 35-ე ადგილზე გადაინაცვლა. დადებითი ტრენდია, რომ 2022 წლის ინდექსში ის ისევ 27-ე ადგილს იკავებს. აღსანიშნავია, რომ ფიკო წარმოადგენდა პარტიას, რომელიც 2012 წელს საპარლამენტო არჩევნებში ადგილთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიპოვა და მმართველი პარტია იყო 2020 წლის არჩევნებამდე. ფიკო 2018 წელს გადადგა საგამოძიებო ჟურნალისტის იან კუჩიაკის და მისი საცოლის მკვლელობასთან დაკავშირებული პოლიტიკური კრიზისის გამო. კუჩიაკი მმართველი პარტიის რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსის საგადასახადო თაღლითობის სქემაში ჩართულობას იძიებდა.
  • ინდოეთის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა თავის ტვიტერ ექაუნთზე ჟურნალისტებს presstitutes [press+prostitutes] უწოდა. ტერმინი ფართოდ გავრცელდა. როგორც წესი, ჟურნალისტი თუ მედია, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ნაციონალურ-პოპულისტურ იდეოლოგიას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, სწრაფად ედებათ “presstitutes” და “sickular” სტატუსი [sick+secular] და ხდებიან ონლაინ თავდასხმის ობიექტები.  ნარენდრა მოდი 2014 წლიდან იკავებს პრემიერის თანამდებობას. ამ წელს ინდოეთი პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში 140-ე ადგილს იკავებდა, 2022 წლის მონაცემებით მან 150-ე ადგილზე გადაინაცვლა.
  • ჩეხეთის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა 2017 წელს ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას გამოთქვა გაღიზიანება ჟურნალისტების რაოდენობის გამო და „იხუმრა“, რომ მათი ლიკვიდაცია კარგი გამოსავალი იქნებოდა.[36] ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვეში გამართულ პრესკონფერენციაზე ზემანი ჟურნალისტებს სათამაშო კალაშნიკოვით დახვდა.[37] 2018 წლის 25 ოქტომბერს პრეზიდენტმა თავის თავს გადააჭარბა, როდესაც სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში გამართულ შეხვედრაზე მან მორიგ ჯერზე იხუმრა „მე მიყვარს ჟურნალისტები, ამიტომ ამ საღამოს შეიძლება მათთვის სპეციალური ბანკეტი მოვაწყო საუდის არაბეთის საელჩოში“ - მინიშნებით არაბ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგზე, რომელიც 2018 წლის 2 ოქტომბერს იმავე საელჩოში მოკლეს.[38] ზემანი 2013 წლიდან იკავებს პრეზიდენტის თანამდებობას. საგულისხმოა, რომ ჩეხეთი 2013 წლის მონაცემებით პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში მე-16 ადგილს იკავებდა, 2021 წლის მონაცემებით კი მან მე-40 ადგილი დაიკავა. უცნაური, მაგრამ დადებითი ცვლილებაა, რომ 2022 წლის ინდექსში ჩეხეთის რესპუბლიკა მე-20 ადგილს იკავებს.

ამ ქვეყნების სიას აუცილებლად უნდა ერთვოდეს უნგრეთის და პოლონეთის შემთხვევებიც, რომელთა შესახებად მოკლედ ზემოთაც აღვნიშნეთ.

  • მას შემდეგ რაც, 2010 წელს ორბანმა ახალი ტიპის, გაცხადებულად არალიბერალური დემოკრატიის მშენებლობა დაიწყო [„ახალი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, არის არალიბერალური სახელმწიფო“[39]], მისი სამიზნე, ყველა სხვა მედიატორ ინსტიტუტთან ერთად, მედიაც გახდა.  დღეს უნგრეთში კრიტიკული და დამოუკიდებელი მედია, ბაზრის უმცირეს წილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მათი ხმა ძირითადად მხოლოდ დედაქალაქში ისმის, რაც უნგრეთის მოსახლეობის ძირითად ნაწილს საინფორმაციო სიბნელეში ტოვებს.[40]  ბუდაპეშტს გარეთ  დამოუკიდებელი მედია გაქრა. თუმცა, ორბანი ამომრჩევლებში ინარჩუნებს მედიაპლურალიზმის ილუზიას, აცოცხლებს იმდენ დამოუკიდებელ მედიას, რაც მის მტკიცებას, რომ თავისუფალი მედია არსებობს, ბოლომდე ხელწამოსაკრავს არ ხდის. მართლაც, უნგრეთის მაგალითი ცხადყოფს, როგორ შეუძლია ხელისუფლებას ფსევდო-მრავალფეროვნების ილუზიის შექმნა, მაშინ, როდესაც „მრავალფეროვნება“ სინამდვილეში ერთფეროვანი სამთავრობო ნარატივია. კვლავ აღვნიშნავთ, რომ თუკი ორბანის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 2010 წლის მონაცემებით პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში უნგრეთი 23-ე ადგილს იკავებდა[41], 2022 წელს უნგრეთმა 85-ე ადგილზე გადაინაცვლა.[42]
  • 2015 წელს, სამთავრობო პარტიის, PiS-ის არჩევნებში გამარჯვებამდე, პოლონეთი მედიისთვის ერთ-ერთ საუკეთესო გარემოდ ფასდებოდა და ინდექსში მე-15 ადგილს იკავებდა. სულ რაღაც შვიდ წელში პოლონეთმა შეძლო და 66-ე ადგილზე გადმოინაცვლა. ორგანიზაცია, რომელიც ქმნის ამ ინდექსს, 2021 წელს პოლონეთში „პრესის თავისუფლების შესახებ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს“.[43]

2. ანტიმედია პოპულიზმის ტაქტიკები: საქართველო.

უნდა აღინიშნოს, რომ 2011-2012 წლის ინდექსში საქართველო 105- ადგილს იკავებდა, თუმცა 2021 წლის ჩათვლით ის აფიქსირებდა პროგრესს. 2021 წელს ინდექსში საქართველო მე-60 პოზიციას იკავებდა. თუმცა, 2022 წლის მონაცემებით საქართველომ ერთ წელში 29 პოზიციით დაიხია უკან და 89- ადგილს იკავებს.

ანტიმედია პოპულიზმის ყველაზე გავრცელებული მეთოდები მოიცავს მედიის მესაკუთრეების ცვლილებას ერთგული კადრებით, მედიის რეგულაციის კანონმდებლობის მორგებას საკუთარ ინტერესებზე, ზეწოლისთვის მარეგულირებელი ინსტიტუტებისა და საგადასახადო პოლიტიკის გამოყენება, ჟურნალისტების საჯარო შეურაცხყოფა, ბიუჯეტის მიმართვა პროსამთავრობო მედიებში რეკლამის განთავსებაზე, შეზღუდვა სახელმწიფო ინსტიტუტებში დაცულ საჯარო ინფორმაციაზე დაშვებაზე, კრიტიკული ჟურნალისტების დაუშვებლობა ინტერვიუებზე და პრესკონფერენციებზე, ფარული მიყურადება, სასამართლო დავები ცილისწამების კუთხით და ა.შ.

Freedom House-ის 2019 წლის ანგარიშის ფარგლებში, გაანალიზებულია ერთგვარი ‘toolkit’, რომელსაც დემოკრატიული წესით არჩეული არალიბერალი ლიდერები მედიის შთანთქმისთვის იყენებს. სტატიის ავტორი, Zselyke Csaky აჯგუფებს  მედიაზე დომინაციის მოპოვების გზებს ეკონომიკური, სამართლებრივი და სამართალსმიღმა კატეგორიებში. მაგალითად, კრიტიკული მედია საშუალებების შევიწროვების ეკონომიკური საშუალებაა, მედიების სამთავრობო (მთავრობასთან დაკავშირებული პირების მიერ) შესყიდვა, ფინანსურად წამგებიანი სამართალწარმოების დაწყება. ერთგული მედიისთვის ეკონომიკური საშუალებები, პირიქით, სასიკეთოდ მოქმედებს. მაგ: სახელმწიფო რეკლამის მიკერძოებული გადანაწილება, ახალი მედია საშუალებების დაფინანსება, და ა.შ.[44]

ამაზე დაყრდნობით, უკვე ნიუ იორკის ოლბანის უნივერსიტეტის პროფესორმა, რონალდ ჯეიკობსმა,  თავის სტატიაში „ვირუსულობა, ალგორითმები და არალიბერალური თავდასხმები პრესაზე: ლეგიტიმაციის სტრატეგიები ახალი სამყაროსთვის“ განავრცო ანტიმედია პოპულიზმის ყველაზე ხშირად გამოყენებული ტაქტიკები. ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური ლიდერები ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლისთვის შემდგომ ძირითად სტრატეგიებს ეყრდნობიან:

  • ახალი მედია საშუალებების შექმნა, ფინანსურად შეჭირვებული ორგანიზაციების ხელში ჩაგდება, სახელმწიფო რესურსებით რეკლამის მიკერძოებული შეძენა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლების სათავეში მმართველი გუნდისთვის ერთგული ადამიანების ჩაყენება.
  • სასამართლო დავები კრიტიკული მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ.
  • მეტად დამოუკიდებელი და კრიტიკული ორგანიზაციის ჟურნალისტებისთის უარის თქმა ინტერვიუებზე.
  • მედიის წინააღმდეგ ვერბალური თავდასხმის კამპანია.
  • სახელმწიფოს ინერტულობა დასაჯოს მედიაზე თავდამსხმელები.
  • სახელმწიფოს ინდიფერენტულობა ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის კამპანიის წინააღმდეგ.[45]

ანტიმედია პოპულიზმის პრაქტიკაში განხორციელება, სამწუხაროდ, არც თუ ისე რთული გამოდგა. გამონაკლისი არც საქართველოს მთავრობაა,  რომელიც დაუფარავად ავლენს რბილი ავტორიტარიზმის ხასიათს. მმართველი ძალა კოორდინირებულად, წინასწარგათვლილი დღის წესრიგით ცდილობს მედიის დელეგიტიმაციასაც, მათ შორის უნგრული მოდელისა და ჯეიკობსის მიერ ჩამოთვლილი ტაქტიკების გამოყენებით. ამიტომ, მნიშვნელოვნია პარალელები გავავლოთ ქართულ რეალობასთან.

2.1. პრესის სიტყვიერი შევიწროების კამპანია

ყველაზე მარტივი და ცხადი ტაქტიკა პოლიტიკური აქტორების მიერ მათი აგრესიისა და მტრული განწყობის საჯაროდ დაფიქსირებაა. მტრული განწყობა ხშირად სიძულვილის და შეურაცხყოფის ენითაა გადმოცემული. სიტყვიერი თავდასხმა ანტიმედია პოპულიზმის ‘გაშავების ტაქტიკის’ ნაწილია. ამ ტაქტიკასთან გამკლავება ურთულესი ამოცანაა: მაშინაც კი, როდესაც კამპანია დაუსაბუთებელია, ‘გაშავების ტაქტიკა’ ეფექტურია, რადგან სამიზნის რეპუტაცია რეალური ფაქტების დადგენამდე მაინც ზიანდება“.[46]  

საქართველოში უკანასკნელი წლებია გახშირებულია მედიის მიმართ გამოვლენილი ვერბალური თუ ფიზიკური აგრესიის ფაქტები. მმართველი პარტია, მასთან აფილირებული პირები და სასულიერო პირებიც კი, ხელს უწყობენ აგრესიული განწყობების გაძლიერებას, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მიმართ. პოლიტიკურ ველზე მედიის მიმართ აგრეგირებული აგრესიული რიტორიკა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზეც.

ამ განწყობების საილუსტრაციოდ საკმარისია უკანასკნელ პერიოდში გაკეთებული საჯარო განცხადებებიც. მაგალითად, „ქართული ოცნების“  იმ დროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი, რომელიც ახლა  პარლამენტის თავმჯდომარეა, წუხს, რომ „[...] ჩვენთან ჟურნალისტიკა ნაკლებადღა არსებობს [...] მედია პირდაპირ გახდა პროპაგანდის იარაღი, ხოლო ჟურნალისტი - პროპაგანდისტი [...]“.[47]

თბილისის მოქმედმა მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს რადიკალები, უბინძურესი ადამიანები და სიძულვილისა და ბოროტების თავი და თავი უწოდა.[48] კალაძემ საკითხს ფეისბუქ პოსტიც მიუძღვნა, სადაც წერს, რომ „დეზინფორმაცია, ტყუილი, ცილისწამება-ამ სიტყვების სინონიმად, სამწუხაროდ, დაარსების დღიდან იქცა „მთავარი არხი“ და მისი სულისჩამდგმელი ნიკა გვარამია“.[49]

„ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ,  საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობად და პოპულარულ ჟურნალისტებს „გარყვნილები“, ანტი-სახელმწიფოებრივად და ანტი-ეკლესიურად განწყობილნი უწოდა.[50]

კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს უთხრა:  „[...] ქალის სახე დაკარგე და პირი მოიწმინდე. სააკაშვილივით გაქვს პირი [...] სახე დაკარგე ნაცმოძრაობის გულისთვის, სამარცხვინოშენ ხარ [დავით] არახამიაროგორც ის არ არის კაცი, ასევე შენ არ ხარ ქალი […]“.[51]

ჟურნალისტის კომპეტენციის დისკრედიტაცია რომელიმე უკვე დისკრედიტებულ ორგანოსთან ან ორგანიზაციასთან ასოცირების ბრალდებით, ძალიან ხშირად გამოყენებული ტაქტიკაა. მკითხველს ამ კონტექსტში გაახსენდება „ქართული ოცნების“ მტკიცება, რომ კრიტიკული მედიის წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები არიან. მაგალითად, „პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თვლის, რომ „მთავარმა არხმა“, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი, ისინი წარმოადგენენ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ფინანსდებიან და პირდაპირ მართულები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი რადიკალური ძალების მიერ და ჩართული არიან პოლიტიკურ კამპანიაში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ.”[52]  ასევე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციურ არხებზე განაცხადა, რომ - „[...] მათ აქვთ პარტიული ამოცანები, ისინი მთლიანად არიან აგებული სიცრუის გავრცელებაზე, დეზინფორმაციაზე“.[53]

ჟურნალისტის კითხვას, ხომ არ აღრმავებს მმართველი გუნდის ბოიკოტი გარკვეული მედიების მიმართ პოლარიზებას,შალვა პაპუაშვილი შემხვედრი კითხვით პასუხობს- „კითხვა უნდა დაისვას - სად მივდივართ? მივდივართ ტელევიზიაში თუ მივდივართ პარტიაში?“.[54] 

2.2. ბოიკოტი კრიტიკულად განწყობილ მედიას

საქართველოში ჩვეულებად იქცა მმართველი ხელისუფლების მიერ კრიტიკულ მედიისთვის ბოიკოტის გამოცხადება, და შესაბამისად, უარის თქმა ამ არხის მაყურებლების წინაშე ანგარიშვალდებულებაზე. მაგალითად, ტელეკომპანია მთავარზე, რომელსაც ქართველი მაყურებლის არც თუ ისე უმნიშვნელო ნაწილი უყურებს, ხელისუფლების წარმომადგენელი იშვიათი გამონაკლისის (წინასაარჩევნო პერიოდი) გარდა, არასდროს მიდის. აღნიშნული ‘ტრენდი’ სიახლეს არ წარმოადგენს - 2014 წელს პარლამენტის მაშინდელი ვიცე-სპიკერის, მანანა კობახიძის მიერ „რუსთვი 2“-თვის გამოცხადებული ბოიკოტი ეტაპობრივად მთლიანად მმართველი პარტიის ბოიკოტში გადაიზარდა.[55] მმართველი პარტიის წევრს, გია ვოლსკის მიაჩნია, რომ კრიტიკულად განწყობილი მედია დემოკრატიული სამყაროსთვის შეუფერებელ მორალურ-ფსიქოლოგიურ ტერორს აწყობს, შესაბამისად, „[...] სწორი დემარშია, რომ საერთოდ კომენტარი არ მივცეთ კონკრეტულ ტელევიზიებს“.[56]

შალვა პაპუაშვილთან 2021 წლის 19 ნოემბრით დათარიღებულ ინტერვიუში კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა პარტიის პოზიცია. აღიარებს რა რომ პარტია წლებია ბოიკოტის რეჟიმშია, პაპუაშვილი განმარტავს, რომ მისი გუნდის ხედვაა, რომ ზოგიერთი ტელევიზია არის პარტიის ნაწილი, პარტიის საინფორმაციო განყოფილება. შესაბამისად, მათი სტუმრომა ამ არხზე მათივე პროპაგანდის სქემაში ჩართვაა.[57]

პაპუაშვილმა განმარტა, რომ „[...] როდესაც რაღაც განსაკუთრებული დაშავდება [...]“, მაშინ ქართული ოცნებაბოიკოტს ერთგვარ სოციალური სანქციად იყენებს. საინტერესოა, რომ „განსაკუთრებულის დაშავება“ ხშირად მედიის კრიტიკა, მწვავე რეაქციაა. მაგალითად, 13 ივლისს, ოპერატორი ლექსო ლაშქარავას დაკრძალვის დღეს პროტესტის ნიშნად ოთხმა კრიტიკულად განწყობილმა არხმა 24 საათით მაუწყებლობა შეწყვიტა. შალვა პაპუაშვილმა მაშინაც ეს „სანქცია“ გამოიყენა და განაცხადა, რომ „ოცნების“ წევრები ტელევიზიებს კომენტარს მანამ არ მისცემენ, სანამ „უზნეო კამპანია“ იქნება.[58] მედიისა თუ საზოგადოების ლეგიტიმური და კრიტიკული შეკითხვების არსებობა 5 ივლისის მოვლენებსა თუ ლაშქარავას გარდაცვალებაზე, სამწუხაროდ, პარტიამ უზნეობაში გადათარგმნა.

ალბათ, „სოციალურ სანქციებში“ უნდა გავიყვანოთ ის შემთხვევებიც, როდესაც კრიტიკულ მედიას ფიზიკურად აეკრძალა ან შეეზღუდა უფლება, გაეშუქებინა ახალი ამბები კონკრეტული ღონისძებებიდან. მაგალითად,  2021 წლის 17 ივლისს ღარიბაშვილის მონაწილეობით გამართულ საჯარო ღონისძიებაზე კრიტიკულად განწყობილი მედია საშუალებები არ მიიწვიეს.[59] იგივე განმეორდა 2021 წლის 11 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის,[60] ხოლო 22 ნოემბერს კულტურის მინისტრის მიერ დაგეგმილ  მიერ დაგეგმილ ბრიფინგზეც.[61] ტელეკომპანიების გადამღები ჯგუფები არ დაუშვეს 7 დეკემბერს კასპის საკრებულოს სხდომაზე,[62] ხოლო 2022 წლის 8 თებერვალს- ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში.[63]

2.3. კრიტიკული მედიების ბაზრიდან განდევნა სასამართლო პროცესების გზით

დასაწყისშივე უნდა აღინიშნოს, რომ ნაშრომის ფარგლებში არ შეფასდება გადაწყვეტილებების სამართლებრივი დასაბუთებულობა, მიზანშეწონილობა თუ, სამართლიანობა. ამ ნაწილის მიზანია მხოლოს აღწეროს, პროცესების მასშტაბი და მიზანმიმართულობა.

2017 წელს დასრულდა იმ დროისთვის ყველაზე კრიტიკულად განწყობილი არხის -  „რუსთავი 2“-ის გარშემო 2015 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე დაწყებული მიმდინარე სასამართლო პროცესები. საბოლოო გადაწყვეტილებით,  უზენაესმა სასამართლომ არხი ქიბარ ხალვაშს გადასცა, რომელიც ამტკიცებდა რომ არხი მას 2006 წელს „ამორალური წესით“ წაართვეს. რეალურად, ეს პროცესი, სასამართლო დარბაზს გარეთ ჯერ კიდევ 2012 წელს, ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო.[64]

სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ტელევიზიამ ბევრი სირთული გამოიარა, მათ შორის, ყადაღა წილებსა და საბანკო ანგარიშებზე, ქონების გასხვისების აკრძალვა, მმართველ პირთა უფლებამოსილებათა შეზღუდვა, უკიდურესად ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი დროებითი მმართველის დანიშვნა და ა.შ. მიმდინარე პროცესებს, მათ შორის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მუდმივ რეჟიმში კრიტიკულად აფასებდა სამოქალაქო საზოგადოება. გარდა ამისა, ბრალი წარუდგინეს „რუსთავი 2“-ის ყოფილ და ახლა უკვე „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას.  2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა. დაკავება პოლიტიკურად მოტივირებულად შეფასდა.[65] გვარამიას საქმეები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, რურუა რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდგომ, პრეზიდენტმა შეიწყალა.

ხელისუფლება არც უარყოფდა საქმეში საკუთარ ინტერესს, როგორც მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა „“რუსთავი 2 ეკუთვნოდა ქართველ ხალხს, ეკუთვნოდა მის მესაკუთრეს. ამაში იუსტიციის სამინისტროს ტიტანური შრომა დევს [...]“.[66]

გარდა რუსთავი 2-სა, საყურადღებო პროცესები წარიმართა ტელეკომპანია მაესტროს მიმართაც. არც აქ იყო დავაში მონაწილე პირთა სუბიექტური განზრახვები ძნელად გამოსაცნობი, როგორც მაესტროს დირექტორმა, ლევან გაჩეჩილაძემ 2015 წელს  გვაცნობა „მთავარი ლოზუნგია გადმოვრთოთ ადამიანები რუსთავი 2-დან. რუსთავი 2-ის რეიტინგს მინდა ვაჯობო“.[67] ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2014 წელს, არხი დატოვეს წამყვანმა ჟურნალისტებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა. ვახო სანაიამ განაცხადა, რომ არხის გენერალურმა დირექტორმა ერთ-ერთი გადაცემის შემდგომ, რომელიც ხელისუფლების ნეპოტიზმსა და შეუსრულებელ წინასაარჩევნო დაპირებებს შეეხებოდა, უთხრა რომ მის გადაცემებს „[...] შესაძლოა, მაესტრო დაპირისპირებაში შეეყვანა ხელისუფლებასთან და პრობლემები შეექმნა.“[68] ჟიჟილაშვილმა მიზეზად მაესტროს შეცვლილი სარედაქციო პოლიტიკა დაასახელა, კერძოდ, არხის ერთ-ერთი მფლობელის განცხადება, რომ მაესტრო იდეოლოგიზებული და „პროქართული“ უნდა გამხდარიყო.[69]

2019 წელს ბრალი წარედგინა „TV პირველის“ დამფუძნებლის მამას. 2019 წლის დეკემბერში „რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო, დაგროვებული გადასახადების გადაუხდელობის გამო. მაშინ კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის ხელისუფლება კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შერჩევით  საგადასახადო პოლიტიკის წარმოებაში და ამით მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა.[70] მაგალითად დეკემბერში, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის[71] დავალიანებას შეადგენდა 28 მილიონი ლარი, ხოლო მედიაჰოლდინგი „იმედის“[72] - 27 მილიონი ლარი. ინკასოდადებული „კავკასიის“, და „TV პირველის“ 24 000 და 100 000 ლარი შესაბამისად.[73] 2020 წლის მარტშიც გავრცელდა ინფორმაცია „TV პირველის“ და „მთავარი არხის“  ანგარიშებზე საგადასახადო ინკასოს დადების შესახებ. 2020 წლის ივლისში კიდევ ერთხელ დაედო ინკასო „კავკასიას“. როგორც ტელეკომპანიის დირექტორმა განაცხადა,  „[...] ელექტრონული ფორმით გაგზავნილი მოთხოვნა დავალიანების [29 000 ლარი], მათ შორის ქონების გადასახადის ერთწლიან განწილვადებაზე უარყოფილია. სამაგიეროდ, იმედის და რუსთავის 2–ის 55 მილიონი გადანაწილებულია 5 წელზე“.[74]

2021 წელს, არჩევნებამდე 1 თვით ადრე,  ტელეკომპანია ფორმულას 51%-ის მესაკუთრის, დავით კეზერაშვილისთვის მიმართ უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა, რომლის თანახმადაც მას განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 1 წლით და 6 თვით ჩამოერთვა დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.[75]

2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” ყოფილ დირექტორს, ამჟამად “მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურს დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამავე წელს სააპელაციო სასამართლოს  2 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასჯელი უცვლელი დარჩა, თუმცა მისი ბრალი დამძიმდა.[76]

როგორც ზემოთ აღინიშნა, არ შევალთ გადაწყვეტილებათა შინაარსობრივ ანალიზში, თუმცა, ამ უკანასკნელ საქმესთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველმა ამ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა სასამართლოს, რადგან მიიჩნევს, რომ „განხილული კანონმდებლობებისა და სასამართლო პრაქტიკის ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება არათუ სისხლის, არამედ საკორპორაციო-სამართლებრივ პასუხისმგებლობასაც კი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება“.[77]

2.4. საზოგადოებრივი მაუწყებლების სათავეში ერთგული ინდივიდების დაყენება

საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლზე ბრძოლა „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან ძალიან მალე დაიწყო. 2013 წელს პარლამენტმა ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესი, რაც იწვევდა საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტას. დაკომპლექტების ახალი წესი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია.[78] მას შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დანიშვნის პროცესები მუდმივად ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.[79]

2017 წლის იანვარში  საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ვასილ მაღლაფერიძე შეირჩა. მაღლაფერიძე წარსულში ივანიშვილების კუთვნილ ტელეკომპანიებში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე.[80] საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს მაშინდელი შეფასებით „ახალი გენერალური დირექტორის არჩევა, რომელიც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილშვილის უახლოეს გარემოცვის წევრის რეპუტაციით არის ცნობილი და კავშირშია ივანიშვილის მიერ წამოწყებულ ყველა სატელევიზიო პროექტთან, გვაფიქრებინებს, რომ სავარაუდოდ ის მაუწყებელზე მთავრობისთვის მისაღებ პოლიტიკას გაატარებს.“[81] მართლაც, მაღლაფერიძემ კადრების ოპტიმიზაციის სახელით საინფორმაციო გადაცემა „მოამბის“ გარდა დახურა ყველა გადაცემა. ამის საპირისპიროდ, „[...] არხზე დასაქმებული ადამიანების რიცხვი გაიზარდა [...] “.[82] აღსანიშნავია, რომ 2021 წლის იანვარში მაღლაფერიძე „ქართული ოცნების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა, თუმცა მარტში ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზით გადადგა.

„ქართულ ოცნებას“ ყურადღებიდან არც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლობა გამორჩენია. მართალია გავლენისთვის ბრძოლა ცოტა გვიან, თუმცა საკმაოდ აგრესიული ფორმით დაიწყო. 2019 წელს „თვითნებური და პოლიტიზირებული იმპიჩმენტის პროცესით“ გაათავისუფლეს მაუწყებლის დირექტორი.[83] ახალ დირექტორად გიორგი კოხრეიძე დაინიშნა. რის შემდეგაც დაიწყო კრიტიკულად განწყობილი და განსხვავებული შეხედულებების მქონე ჟურნალისტების დევნა. აღნიშნულის საფუძველზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას კოხრეიძის მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით.[84]

ახალი მენეჯმენტის პირობებში „აჭარის მაუწყებელში თანამშრომლების დევნა გრძელდება მათი კრიტიკული პოზიციების გამო. მენეჯმენტის პოლიტიკასთან შეუგუებლობა ხშირ შემთხვევაში აჭარის მაუწყებლის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის, სხვა პოზიციებზე გადაყვანისა და მტრულ და სტრესულ გარემოში მუშაობის ფასად უჯდებათ“.[85] სახალხო დამცველის რეკომენდაციის ფარგლებში დადგინდა სხვადასხვა დარღვევები, მათ შორის პირდაპირ დისკრიმინაციას განსხვავებული მოსაზრების გამო.[86]

აქვე უნდა აღინიშნოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიის შემთხვევაც. როგორც კომისიის ვებ-გვერდი გვამცნობს, ის არის „სატელეკომუნიკაციო სფეროს არქიტექტორი, ხელისუფლების ყველა შტოსგან დამოუკიდებელი უწყება, რომელიც იცავს მომხმარებლის უფლებებს,  არეგულირებს მაუწყებლობისა და ელექტრონული კომუნიკაციების სფეროებს, უზრუნველყოფს  კონკურენციას ამ ბაზრებზე და ზრუნავს ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაზე.“[87]

კომისიას ხშირად ადანაშაულებენ შერჩევით და არათანმიმდევრულ გადაწყვეტილებებში.[88] არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ „კომისიის  თვითნებური და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებ[ები] ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების დისციპლინირებას მიემართება“.[89]

კომისიას  2017 წლიდან კახა ბექაური თავმდჯომარეობს. ბექაური 2020 წელს 6 წლის ვადით ხელმეორედ დაინიშნა. მისი დანიშვნიდან მალევე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ განაცხადა, რომ კახა ბექაური კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის/თავმჯდომარის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.[90] გარდა ამისა, რადიო თავისუფლების მტკიცებით, კახა ბექაური თანამდებობაზე მუშაობის დროს მილიონერი გახდა.[91] ბექაურს უკავშირდება რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებისთვის საზიანო და ხელისუფლებისთვის სასარგებლოა.[92] ბექაურის სახელს უკავშირდება კომუნიკაციების კომისიის მიერ 2018 წელს დაფუძნებული ა(ა)იპ მედიააკადემიაც, რომლის გაცხადებული მიზანიც ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ხელშეწყობაა. თუმცა, ფაქტები სხვა მიზნისკენ მიუთითებს, რის შესახებაც 2.6 ნაწილში ვისაუბრებთ.

2.5. ახალი მედიების შექმნა

გლობალური ტრენდია, რომ პოპულისტი აქტორები იაზრებენ რა, მედიის, როგორც მედიუმის პოტენციალს, ცდილობენ საზოგადოებას შეუქმნან ინფორმაციის მიღების ალტერნატიული წყაროები, რომლებიც, ერთი შეხედვით, პროპაგანდისტულ მიზნებში არაა ჩართული. მთავრობის ინტერესით მოქმედი „ობიექტური“ მედიები ცდილობენ წარმოჩინდნენ ნეიტრალურ აქტორებად, ხოლო მათ ფუნქციად დასახონ საზოგადოებრივი დისკუსიის წარმოება ობიექტურად, ანუ დისკუსია დააფუძნონ ფაქტებს „[...] რომლებიც შერჩეულია პროფესიონალი აქტორების მიერ და გამოქვეყნებულია პროფესიული წესების შესაბამისად“.[93] ეს ახალიობიექტური აქტორებიდროსა და ენერგიას ხარჯავენმედიის შეცდომებისგასარჩევად, ინდივიდუალური ჟურნალისტების გამორჩევასა და შერცხვენაშიგამორჩეული მოღვაწეების მიერ მეინსტრიმ მედიის კრიტიკის გავრცელებაში.

ქართულმა ოცნებამ ამ პროექტს 2015 წელს ტელეარხ GDS-ზე გადაცემა 20/30-ით ჩაუყარა საფუძველი. გადაცემის წამყვანმა ბიძინა ივანიშვილმა მაშინ გააჟღერა მისი წუხილი, რომ „რუსთავი 2“-ის პროპაგანდისტული სიცრუის მანქანის დომინირების გამო მოსახლეობას უჭირს, აღიქვას რეალობა. გადაცემის მიზნად მოსახლეობისთვის კვალიფიციური ანალიზის მიწოდება დასახელდა.[94] GDS 2017 წელს მაესტროსთან ერთად მედიაჰოლდინგ იმედში გაერთიანდა.

ამ ეტაპზე მოწინავე პოზიცია უკავია POSTV-ს. ის, რომ არხი სამთავრობო პროექტია, დიდი ხანია ეჭვის საფუძველს წარმოადგენს. ეჭვს ამყარებს 2022 წლის 19 აგვისტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული მიმართვის შინაარსიც. გოგაშვილი აღნიშნავს, რომ POSTV სუს-ის სპეციალური დანაყოფია და მის შექმნაში თავად მონაწილეობდა.[95]

არხი ფსევდო ობიექტურობის საფარსქვეშ აღვვივებს მედია სკეპტიციზმსა და უნდობლობას, ამისთვის „ინტერესზე დაფუძნებული კრიტიკის ტაქტიკას“ იყენებენ. მაგალითად, POSTV-ს ვებსაიტზე გვხვდება განყოფილება - „მხილება“.[96] ნორმალურ ვითარებაში მედიის მხილების ობიექტი ხელისუფლება და ინსტიტუტებია, POSTV-ს სამიზნე კი მედიაა, უფრო კონკრეტულად ის მედია, რომელიც ხელისუფლების თავის ტკივილია. აბსოლუტურად საკმარისი და მეტყველია „მხილების“ ფარგლებში მომზადებული მასალის სათაურებიც: „„მთავარი არხის“ „ფეიკ ნიუსების“ ტალღა ბიძინა ივანიშვილზე“[97], „გამოგონილი ფაქტები, დარღვეული ეთიკის ნორმები და ბავშვთა უფლებების დარღვევა - „TV პირველის“ მხილება“[98], „პოლიტიკურად ანგაჟირებული ტელევიზიების სიცრუე რაჭაში ხეების სანიტარულ ჭრასთან დაკავშირებით“[99], „ერთ ხმაში მოლაპარაკე TV პირველი და მთავარი არხი“[100], „ნოდარ მელაძის ფეიკომანია“[101] და ა.შ.

POSTV აქვს ასევე გადაცემა „ანალიტიკა“,[102] რომლის მიზანიც სახელმწიფო ინსტიტუტებში ჯერ კიდევ კანტიკუნტად შემორჩენილი დამოუკიდებელი აქტორების დელეგიტიმაცია და წინა ხელისუფლების შეცდომების მუდმივი აქტუალიზირებაა. აქაც, მრავლისმეტყველია „ანალიტიკის“ ფეისბუქგვერდის გავრცელებული მასალის სათაურები - „#18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის განცხადება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე“[103], „რამდენი წელი მოუწევდა სასჯელის მოხდა მიშას მისი კანონებით რომ გაესამართლებინათ“, „ციხის საავადმყოფოს დადგმული ბუნტი“, „რატომ აგინებენ პატიმრები ნინო ლომჯარიას?!“ და ა.შ. 

2022 წლის 30 ივნისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ფიზიკურად გაუსწორდა ტვ პირველის დირექტორს, ვატო წერეთელს. ამავე დღეს, ინფორმაციის გაჟღერებიდან ძალიან მალევე, „POSTV - ანალიტიკის“ ფეისბუქ გვერდმა გაავრცელა სიუჟეტი სახელად „როგორ მოკლა 15 წლის ბავშვი “ტვ პირველის” დამფუძნებელმა ვატო წერეთელმა და როგორ იყიდა სამართალი!“.[104]

გარდა ამისა, გადაცემის „სამნი & co“ წამყვანები მუდმივ რეჟიმში ეწევიან კონკრეტული ჟურნალისტების გამორჩევას და მათ შერცხვენას. გადაცემის ფარგლებში ხშირად ნახავთ კონკრეტულ „სამარცხვინო“ ჟურნალისტებზე მომზადებულ ვიდეო რგოლებს.

2.6. ნეიტრალური და კვალიფიციური კრიტიკა

ქართულმა ოცნებამ კონსტიტუციური ორგანოს, ეროვნული მარეგულირებლის წიაშღიც შექმნა „მესამე ხმა“. „დამოუკიდებელმა“  მედიააკადემიამ არგუმენტებზე დაფუძნებული კვალიფიციური კრიტიკით მედიის ხარისხის ასამაღლებლად 2019 წელს შექმნა პლატფორმა  Mediacritic.ge.[105] ერთი შეხედვით, ზედაპირულად მედიაკრიტიკა კრიტიკის იმ ფორმატს იღებს თამასად, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ - დემოკრატიული ფუნქციის კრიტიკა, რომლის მიზანიცაა მედიის ხარისხის შეფასება და კონტროლი, ასრულებს თუ არა მედია თავის როლს საზოგადოებაში.

ობიექტურობის საფარქვეშ, მედიაკრიტიკის პლატფორმის ავტორები მედიაკონფლიქტში არ ებმებიან[106] და განზე დგანან, თუმცა, მეორე მხრივ, კრიტიკულ მედიას პოლიტიკურ აქტივისტებად ნათლავენ.  

კრიტიკის პროფესიონალური ელფერისთვის ავტორები რომელიმე წესის დაღვევაზე მიუთითებენ, მაგალითად, პირადი ინფორმაციის გავრცელების დაუცველობაზე, ბავშვთა უფლებების გაუთვალისწინებლობაზე. თუმცა, გაანალიზებული კონტენტი საშუალებას გვაძლევს, ვთქვათ, რომ დარღვევებზე მითითების მიზანი არ არის მედიის ხარისხის კრიტიკა. მიზანი არის მედიის, კონკრეტულად, კრიტიკულად განწყობილი არხების პროფესიული რეპუტაციის განადგურება და შედეგად, ამ მედიების დელეგიტიმაცია. დემოკრატიული მიზნის მქონე კრიტიკა არამხოლოდ უნდა მოიცავდეს სტანდარტების არტიკულირებას, არამედ, თავის თავში უნდა მიესწრაფოდეს მედიის გაძლიერებას, მის სიკეთედ შენარჩუნებას, და არა ყველა აქტორისადმი უნდობლობის გაღვივებას.

კრიტიკის არადემოკრატიული ხასიათი კონტენტის მიზანშეწონილობისა თუ პროპორციულობის ანალიზითაც ცხადდება. მაგალითად, მაშინ, როდესაც 13 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მინიმუმ 55 ჟურნალისტის სატელეფონო ზარებს აკონტროლებს, მედიაკრიტიკის პლატფორმა მთავარ აქცენტს მედიის მიერ საზოგადოების დეზინფორმაციის საფრთხეებზე  სვამს და მედიას შეახსენებს „[...] ხელმძღვანელობდეს რეალური საზოგადოებრივი ინტერესით და არა ვიწროპოლიტიკური სარედაქციო დღის წესრიგით“. აქვე, მედიაპლატფორმა გვაუწყებს, რომ ფარული ჩანაწერებისადმი მედიის მიდგომები კონკრეტულ პოლიტიკურ მიზანს ემსახურება და რომ ‘ოპოზიციური სარედაქციო პოლიტიკით გამორჩეული მედიასაშუალებები’ უგულებელყოფენ სიფრთხილისა და პასუხისმგებლობის ნაწილს. მედიაპლატფორმა შეგვახსენებს, რომ დაზარალებულ ჟურნალისტებს სიტყვაზე არ ვენდოთ და ხელისუფლება ნაადრევად არ დავადანაშაულოთ -  „[...] საუბრის ფაქტი ცხადია, თავისთავად არაფერს გვეუბნება იმის შესახებ, თუ ვინ მოიპოვა ან გაავრცელა ინფორმაცია ამ საუბრების შესახებ“.[107]

5 ივლისს 53 ჟურნალისტის მძიმედ დაშავების შემდგომ, მედიასკოლა მომხდარის გაანალიზების აუცილებლობის საფუძვლით, იწყებს ხელისუფლების როლის მინიმიზირებას არგუმენტით, რომ მმართველი გუნდის მიზანი მედიის დასჯა რომ ყოფილიყო, პროსამთავრობო იმედისა და საზოგადოებრივი მაუწყებელის ჟურნალისტები არ დაშავდებოდნენ. [108] მოვლენებიდან 10 დღეში, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდგომ გამოქვეყნებული ბლოგში, რომელიც „ალტ-ინფოს“ შესაძლო პასუხისმგებლობას მიეძღვნა, ვკითხულობთ:  „[...] ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ, [...] უკიდურესი რადიკალიზაციის რეჟიმში გადაიყვანა მედიაც, რომელმაც ოპოზიციურ ფლანგზე, ფაქტობრივად, ჩაანაცვლა პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, თუმცა რადიკალიზაცია შეინიშნება „საპირისპირო ფლანგზეც“ [...] რაც შეეხება ძალადობის გაღვივების საფრთხის შემცველსა და აგრესიულ რიტორიკას, განვლილი ორი კვირის განმავლობაში „ალტ-ინფოს“ ეთერში მართლაც ხშირად იყენებდნენ აგრესიულ ლექსიკას. ამ მხრივ, სამწუხაროდ, სხვა მედიასაშუალებებიც სცოდავენ, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, რამდენად საშიში შეიძლება იყოს ემოციებით მანიპულირება.[109] მედიაკრიტიკა იგივეს აკეთებს, რასაც ხელისუფლება - საქართველოს ისტორიაში ჟურნალისტების მიმართ გამოჩენილი ყველაზე მასობრივ ძალადობაზე პასუხისმგებლობა გაუნაწილოს თავად მსხვერპლს.

კომისიის მიერ შექმნილი პლატფორმის რეალური მიზნების კიდევ ერთი კარგი ილუსტრაცია არის ბლოგი „რატომ არ აშუქებს მედია სასამართლო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს?“. ერთი შეხედვით, ავტორის წუხილი მედიაში სენსაციური სათაურების ხარჯზე მნიშვნელოვანი, საჯარო ინტერესების საკითხების ჩაკარგვაა. ასეთად მას „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი მიაჩნია, რომლის გაშუქებითაც მედია არ დაინტერესდა. ბლოგის თითქმის ნახევარი ეძღვნება სასამართლო სისტემის მიხეილ სააკაშვილის მიერ დაზიანებას, მის შეცდომებს. ავტორს მედიის მიერ მნიშვნელოვანი თემის გამოტოვებით მიყენებული გულისტკივილის გამოძახილად დაწერილ ბლოგში არც ის ავიწყდება, რომ აღნიშნოს, იუსტიციის უმაღლეს სკოლას 2013 წლამდე მიხეილ სააკაშვილის ძმა ხელმძღვანელობდა, და რომ ნაციონალური მოძრაობის დროს გამამართლებელი „გამამართლებელი განაჩენების სტატისტიკა (0,04%!)“ იყო. აქვე, ავტორი გვეუბნება, რომ „[...] საზოგადოებისთვის იოლი არ არის მედიაში გავრცელებულ ფრაგმენტულსა და, ხშირად, პოლიტიკურად მიკერძოებულ ცნობებში გარკვევა და იმის გაგება, სად მთავრდება ობიექტური კრიტიკა და სად იწყება პოლიტიკური პროპაგანდა „ოცნების“ ხელისუფლებისა და, კერძოდ, მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ“. სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ავტორი ბოლო წინადადებით ახსენებს, რომ პრობლემა მხოლოდ მედიის მიკერძოებით არ შემოიფარგლება, დამნაშავეა იუსტიციის საბჭოს მუშაობის არასათანადო გამჭვირვალობაც.

 „სამართლიანობისთვის“ უნდა ითქვას, რომ ეს პლატფორმა ტელეიმედსა და POSTV-ს სამთავრობო მედიებად მოიხსენიებს, განიხილავს მათ მიერ დაშვებულ შეცდომებსაც, თუმცა მცირე პროპორციით და გაცილებით მიმტევებელი ტონით. ილუსტრაციისთვის გთვაზობთ მონაკვეთებს ბლოგიდან „POS TV – მედლის მეორე მხარე?“.

„ [...]ტელეკომპანიაიმედი[...]“, [...] დაუფარავად ატარებს ანტიოპოზიციურ, პროსახელისუფლებო პროპაგანდას.

განსხვავება მხოლოდ ისაა, რომიმედი“, როგორც წესი, არ ავრცელებს ყალბ ამბებს და საზოგადოებრივ განწყობაზე ზემოქმედების მიზნით არ მიმართავს ფაქტების უხეშ დამახინჯებას.

მაგრამ იმედი“, [...]ოპოზიციური მედიისპირდაპირ პოლიტიკურ კონკურენტად იქცევა მაშინ, როდესაც საგანგებო რეჟიმში მაუწყებლობს და, [...] მაინც განსხვავდებამთავარი არხისათუ ტვპირველისგან, რომლებიც მუდამსაგანგებო რეჟიმშიარიან.

საინტერესოა, არსებობს თუ არა მედიასაშუალება, რომელიც ასევემუდმივ საგანგებო რეჟიმშიმუშაობს, ოღონდ მაუწყებლობს არანაციონალური მოძრაობისსასარგებლოდ, არამედ მის წინააღმდეგ? დიახ, ასეთი მედიასაშუალება არსებობს: [...] POS TV[...]

POS TV-ის სასარგებლოდ თავიდანვე შეიძლება ითქვას, რომ . . „კრიტიკული ტელევიზიებისგანგანსხვავებით, მისი მესვეურები არ აცხადებენ რომ მიუკერძოებელ, „ზეპარტიულჟურნალისტიკას გვთავაზობენ და არ ცდილობენ, ობიექტური მედიასაშუალების იარლიყი მიიკრან.

[...]ნაციონალურ მოძრაობასთანპაექრობის პროცესში POS TV ხშირად იყენებს სწორედ ამ პარტიის მხარდამჭერი მედიასაშუალებების სტრატეგიასა და მეთოდებს. განსხვავება ის არის, რომ POS TV, „იმედისარ იყოს, როგორც წესი, ერიდებაფეიკ ნიუსისგავრცელებას.

მიუხედავად იმისა, რომ ბლოგი „ობიექტურობისთვის“ POS TV-ს აკრიტიკებს როგორც ბრალდებების გახმოვანების მექანიზმს, არ ერიდება მისთვის ანგაჟირებულის სტატუსის მინიჭებას, ხაზებს შორის იკითხება, რომ „იმედი“ ოპოზიციურად განწყობილი არხებისგან განსხვავები ფეიკნიუსებს მაინც არ ავრცელებს, ხოლო POS TV გულწრფელია, რადგან კრიტიკულ მედიებად შეფუთული ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგის გამტარებლებისგან განსხვავებით (ეს არხებიც იდენტიფიცირებულია: „მთავარი არხი“, ტვ „პირველი“ და „ფორმულა“) არ გვატყუებს, რომ პოლიტიკურ აქტივიზმში არაა ჩართული.

სხვათაშორის, ეს ხედვა სრულ უნისონშია „ქართული ოცნების“ მნიშვნელოვანი ფიგურის, შალვა პაპუაშვილის ხედვასთან. თუმცა, სხვაობა ისაა, რომ პაპუაშვილი პროსამთვრობო მედიის არსებობას არ აღიარებს - „ხელისუფლების მხარე არ არსებობს“. მისი განმარტებით,  „მთავარი პრობლემა [...] ფარისევლობაშია. ის, რომ ადამიანი ამბობს ჟურნალისტი ვარო და სინამდვილეში პროპაგანდისტია; აქ პრობლემა ის კი არ არის, რომ ვიღაც პროპაგანდისტია, პრობლემა ის არის, რომ სხვად გასაღებს თავს“.  პაპუაშვილიც გვთავაზობს ანალიტიკას - „[...]  “იმედის” სტანდარტთან ახლოსაც არ მივიყვანდი “მთავარს”, “ფორმულას” და “ტვ პირველს”. “მთავარი”, “ფორმულა” და “ტვ პირველი” აღარ არის არათუ ეთიკური ჟურნალისტიკა, არამედ, რიგ შემთხვევებში გადის  ადამიანური ეთიკის მიღმაც. “იმედში”, მაგალითად, არ არის უხამსობა. ადამიანური ეთიკის დარღვევა, ძალიან იშვიათად”.[110] ეს და ზემოთგანხილული მაგალითები, ჩვენთვის ცხადყოფს, რომ მედიააკადემიის მიზანი თანხვედრაშია ხელისუფლების მიერ წარმოებულ ანტიმედია პოპულიზმის მიზნებთან.

2.7. სახელმწიფო რეკლამის მიკერძოებული განთავსება

ზოგიერთი სახელმწიფო  მედიის თავისუფლებას ისეთი ეკონომიკური მექანიზმით ზღუდავს, როგორიცაა სახელმწიფო რეკლამის პროსამთავრობო მედიაში გამრუდებული ალოკაცია. ცხადია, ეს აისახება საზოგადოებრივი თუ პროსამთავრობო მედიის სარედაქციო გადაწყვეტილებებზე და პროსამთავრობო ლოიალობის უზრუნველსაყოფად გამოცდილი იარაღია.[111]

საქართველოში საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით მედია საშუალებებთან უკანასკნელი წლებში დადებული კონტრაქტების ანალიზი ცხადყოფს, რომ ბიუჯეტის თანხას იღებს ის, ვინც ნაკლებს ისაუბრებს ხელისუფლების შეცდომებზე - ანუ „იმედი“ და უკვე პროსამთავრობოდ ქცეული „რუსთავი 2“. დანარჩენი ტელევიზიების მიერ მიღებული თანხა უმცირესია ამ ორი ტელევიზიის მიერ მიღებულ თანხების წილთან შედარებით.

მედიის განვითარების ფონდის ანგარიშის  მიხედვით, ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებთან საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით 2016 წელს 2 416 232 ლარის ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს (გრაფიკი 1). აქედან ყველაზე მეტი [34.01%],  821 801 ლარის ღირებულების ხელშეკრულება რუსთავი 2-თან გაფორმდა,  მას მცირედით - 816 005 ლარი, ჩამორჩება იმედი [33.77 %].[112]

გრაფიკი 1.

მომზადებულია მედიის განვითრების ფონდის მიერ , მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016

2017 წლის 15 ნოემბრის მონაცემებით, იმავე მიზნებში საბიუჯეტო ორგანიზაციებმა 3 800 606 ლარი დახარჯეს (გრაფიკი 2). ყველაზე დიდი წილი - 64.44% (2 449 383 ლარის ხელშეკრულება) “იმედმა“ მიიღო, მას მოსდევს რუსთავი 2-13.43%- (510 544 ლარი).[113]

გრაფიკი 2.

მომზადებულია მედიის განვითრების ფონდის მიერ , მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2017

2018 წლის მონაცემებით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებთან 3 433 661 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს (გრაფიკი 3). საიდანაც, თავის მხრივ, ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი 1 737 387 ლარის ხელშეკრულება “იმედთან” გაფორმდა (50.59%_, მას მოსდევს რუსთავი 2 724 060 ლარის ხელშეკრულებებით (21.08%).[114]

გრაფიკი 3.

მომზადებულია მედიის განვითრების ფონდის მიერ , მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2018

2019 წლის ანგარიშით, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებთან 2 038 526 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს (ცხრილი 1). ყველაზე მეტი ღირებულების საბიუჯეტო კონტრაქტი - 48.93%- (997 616 ლარი) “იმედთან” გაფორმდა,    მას მოსდევს რუსთავი 2 (667 894 ლარი)- 32.76%.[115]

ცხრილი 1.

მომზადებულია მედიის განვითრების ფონდის მიერ , მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2019

2020 წლის ანგარიშის თანახმად, საბიუჯეტო ორგანიზაციებმა სარეკლამო და საინფორმაციო მომსახურების მიზნით ნაციონალური და შერეული დაფარვის ტელევიზიებთან 1 479 230 ლარის ღირებულების მომსახურების კონტრაქტი გააფორმეს, საიდანაც თავის მხრივ, ყველაზე მეტი ღირებულების - 47.46%- 702 045 ლარის ხელშეკრულება “იმედთან” გაფორმდა, მას მოსდევს რუსთავი 2 – 22.87% ( 338 428 ლარი).[116]

გრაფიკი 4.

მომზადებულია მედიის განვითრების ფონდის მიერ , მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2020

გარდა ამისა, მნიშვნელოვან სურათს ქმნის ინფორმაცია ფასიანი პოლიტიკური რეკლამების შესახებ. კომუნიკაციების კომიისიის თანახმად, 2021 წელს  ყველაზე დიდი შემოსავალიქართული ოცნებისდაკვეთებიდანრუსთავი 2“-მა დატელეიმედმამიიღეს. „რუსთავი 2“-მა პოლიტიკური რეკლამიდან 769 461 ლარი მიიღო, საიდანაც 87.2% ქართული ოცნების კონტრაქტებმა შეადგინა. „იმედმა“ მიიღო 640 132 ლარი, 100% ქართული ოცნების კონტრაქტებიდან.  „POSTV“-მ მიიღო 245 333 ლარი, ძირითადი შემსყიდველი (88%)  აქაც „ქართული ოცნება“ იყო. ე.წ. კრიტიკულად  განწყობილი მედიების ძირითადი დამკვეთები არიან პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“, კერძოდ „TV პირველის“ შემოსავლის [606 773 ლარი] 90%, ხოლო „მთავარი არხის“ შემოსავლის [467 364 ლარი] 61.3% „ლელოს“ ეკუთვნის. „ფორმულას“ შემოსავლის [194 477 ლარი] (63%) მთავარი დამკვეთი კი „ნაციონალური მოძრაობაა“.[117]

2.8. ჟურნალისტების მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიების ნების არარსებობა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიაჩნია, რომ „[...] ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებლობის უზრუნველყოფა მომავალი თავდასხმების პრევენციისთვის მთავარი ელემენტია“.[118] ბუნებრივია, რომ გარემო, სადაც ხელისუფლება ჟურნალისტებზე ძალადობრივ თავდასხმებსა და შეურაცხყოფაზე პასუხისმგებელ პირებს სამართლებრივი პასუხიმგებლობის წინაშე არ/ვერ აყენებს, ახალისებს დაუსჯელობასაც, რადგან საჯარო მოხელეებს იცავს მედიისა და საზოგადოებრივი კონტროლისაგან.[119] ევროპული პარლამენტი შეშფოთებულია ფაქტით, რომ გარდა ჟურნალისტებზე ძალადობისა, დაშინებისა და შევიწროებისა, პრობლემაა დანაშაულის ჩამდენი პირების დევნის ნაკლებობა, და ამ დაუსჯელობას მსუსხავი ეფექტი აქვს; ეუთოს ანგარიშების თანახმად, დაუსჯელობის მაჩვენებელი ჭარბობს ისეთი მძიმე დანაშაულების დროსაც კი, როგორიცაა ჟურნალისტების მკვლელობა ეუთოს რეგიონში (57 ქვეყანა) , სადაც მხოლოდ 15% არის მკვლელობათა გახსნილი.[120]

თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში უკანასკნელ წლებში მომხდარ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაზე (დანართი იხილეთ დოკუმენტის ბოლოს) ხელისუფლების სამართლებრივი რეაგირება ან უბრალოდ არ მოჰყოლია ან არაეფექტურად დასრულდა, რამაც ცხადია წაახალისა და მომავალშიც წაახალისებს, აგრესორი ჯგუფების მიერ ჟურნალისტებსა თუ მედიაზე ფიზიკურ თუ ვერბალურ თავდასხმას.  დღემდე დაუსჯელები არიან 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გაშუქებისას 40-მდე ჟურნალისტის დაზარალებაში დამნაშავე პირები. მათი თქმით, სამართალდამცავებისთვის ცხადი იყო, რომ ისინი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, თუმცა ისინი დამიზნებით ესროდნენ რეზინის ტყვიებს.[121]

არამხოლოდ დაუსჯელები არიან 5 ივლისის ჟურნალისტებზე მასობრივი ძალადობის ორგანიზატორები (დაშავდა 53 ჟურნალისტი), არამედ ხელისუფლების საჯარო განცხადებებში იკითხებოდა განწყობა, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორები პროვოკატორები არიან.

შალვა პაპუაშვილმა ინტერვიუში შეაფასა 5 ივლისის მოვლენები. პირველ რიგში აღსანიშნია, რომ  ის არ ეთანხმება ფაქტს, რომ დაშავებულთა რიცხვი 53-ია. მისი ინფორმაციით 21 ჟურნალისტი დაშავდა. ეს მაჩვენებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ მონაცემზე სულ მცირე ორჯერ ნაკლებია. საინტერესოა, რომ დაზარალებულთა იმავე რაოდენობას ასახელებს ირაკლი კობახიძეც - „[...] 6 ჟურნალისტი იყო მძიმედ დაშავებული, [...] 15 ჟურნალისტს დამატებით ჰქონდა ზედაპირული დაზიანებები.“[122]

მმართველი პარტიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის მდივანი ასევე არ ეთანხმება შეფასებას, რომ ხელისუფლების წევრთა მხრიდან გამოხატულმა აგრესიამ შესაძლოა წაახალისოს აგრესიული გარემო. პაპუაშვილი  გმობს ნებისმიერ ძალადობას, თუმცა, მიაჩნია, რომ „[...] მეორე მხრივ, უნდა დაისვას კითხვა, რატომ არის ძალადობა და აგრესია. [...] რამდენად გამომწვევია თავად ჟურნალისტი სხვა ადამიანის მიმართ?“.

გარდა ამისა, აფასებს რა 5 ივლისის შემთხვევას ნორმალური შემთხვევიდან ამოვარდნილ ინციდენტად, პაპუაშვილი მიიჩნევს რომ ჟურნალისტებისთვის  არამხოლოდ უსაფრთხო გარემოა, არამედ თავად ჟურნალისტებიც უსაფრთხოდ გრძნობენ თავს - „[...]მე რასაც ჟურნალისტებს ვაკვირდები [...] არა მგონია, ვინმე თავს საფრთხეში გრძნობდეს [...] საფრთხის შეგრძნების ქვეშ მყოფი ჟურნალისტები ასე არ იქცევიან.“ პაპუაშვილი მიიჩნევს რომ ჟურნალისტები რომ ფრთხილად არ არიან გამოხატულია შემდგომ ქცევებში „ის, რომ თავისუფლად იქცევიან, ის, რომ არ ერიდებიან სტატუსებს, კითხვის დასმის შინაარსს, გამომწვევობას, პროვოკატორობას“[123].

2.9. გულგრილობა ყალბი ამბების და დეზინფორმაციული კამპანიების მიმართ

ბუნებრივია, რომ ხელისუფლება გულგრილია ყალბი ამბების გამავრცელებლებისა და დეზინფორმაციული კამპანიების აღკვეთის მიმართ, რადგან ამგვარად მედიისადმი საერთო უნდობლობა იზრდება, რაც ცხადია, ხელისუფლების ინტერესებს ემთხვევა. „ქართული ოცნება“ არამხოლოდ გულგრილია, არამედ იკვეთება ყალბი ამბებისა და დეზინფორმაციის ორგანიზატორებთან მისი კავშირიც. მაგალითად,  ფეისბუქის მიერ 2020 წელს ქართული ოცნების PR-კონსულტანტის კოკა ყანდიაშვილის გამოცემასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა მოტივივით, რომ ისინი დადასტურებულად ეწეოდნენ აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების   დისკრედიტაციას.[124]

დისკრედიტაციის მცდელობა განსაკუთრებით აქტიურდება მედიის მიერ მწვავე ინფორმაციის გავრცელებისს, მაგალითად, გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” მომზადებული მასალით იკვეთება, რომ ჟურნალისტების “გასაშავებლად” ფეისბუქში შექმნილი ორი გვერდის მიერ ნოდარ მელაძისა და TV პირველის სამიზნედ ამოღება დროში ემთხვევა სწორედ ამ ჟურნალისტის მიერ ამ ტელევიზიით  პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშილის სატელეფონო ფარული ჩანაწერების გავრცელებას.[125]

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანმა არჩევნებმა“ ფეისბუქის მონიტორინგის მეშვეობით, 2020 წელს გამოავლინა  მჭიდრო კოორდინაციის ნიშნების მქონე ცრუ მედია გვერდების ქსელი. ორგანიზაციის შეფასებით იდენტიფიცირებყლი გვერდები ემსახურება  პროსახელისუფლებო გზავნილების გავრცელებას, კრიტიკულად განწყობილი საჯარო პირებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დისკრედიტაციას  და კრიტიკული აზრის დემონიზებას.[126] გამოვლინდა კრიტიკული მედიის მიმართ უარყოფითი, ხოლო პროსახელისუფლებო მედიების მიმართ დადებითი განწყობა.[127] მსგავსი მონიტორინგი „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2018 წელსაც განახორციელა. მაშინაც, ცრუ მედია გვერდების მიზანი ანტისახელისუფლებო პროცესების, არასამთავრობო სექტორისა თუ სხვა კრიტიკული აზრის მქონეთა დისკრედიტაცია და პროსამთავრობო პროპაგანდა იყო.[128]

თუმცა ხელისუფლება არათუ გულგრილი არაა იმ ამბების მიმართ, რაც უშუალოდ მათ პოლიტიკას ან ქართული ოცნების წარმომადგენლებს შეეხებათ, არამედ იხარჯება მნიშვნელოვანი დრო და რესურსი, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ ჟურნალისტები ელიტად ან ელიტასთან კავშირში მყოფ პირებად. ამისთვის, სახელისუფლებო პარტიამ შექმნა პლატფორმაც - „სინამდვილეში“, რომლის გაცხადებული მიზანია პარტიის წინააღმდეგ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის მხილება.[129]

მაგალითად, 8 მაისს განთავსებულ პოსტში ვკითხულობთ - „“ნაციონალური მოძრაობისმედიასაშუალებებმა [...] პარტიული და მიკერძოებული ტელევიზიების მხრიდან მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება და მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობა მკაფიო მაგალითია, თუ როგორ უწყობს ხელს მედიის ნაწილი ბულინგის წახალისებას, დამახინჯებული ინფორმაციის გავრცელებასა და ყველაზე მტკივნეული, ოკუპაციის თემით მანიპულირებას. მხოლოდ ამ კონკრეტული ფაქტითად დასტურდება, რომ პარტიული მედიების მთავარი მიზანი არა ობიექტური თუ კრიტიკული ინფორმაციის გავრცელება, არამედ პოლარიზაცია, საზოგადოების გაღიზიანება და შუღლის გაღვივებაა.“[130]

20 სექტემბრით დათარიღებულ პოსტში, პლატფორმა წერს -„[...] დასტურია, თუ სინამდვილეში რა ინტერესი აქვს “ტვ პირველს“ და რამდენად შორს არის ნანუკა ქაჯაია ჟურნალისტიკისგან“.[131]

2 ოქტომბრით დათარიღებული პოსტში, „მთავარი არხის“ წამყვანის ბრალდებას პლატფორმა შემდეგნაირად აფასებს -„“სინამდვილეში“, ეს არის „მთავარი არხის“ ანტიქართული დეზინფორმაციული კამპანიის მორიგი მაგალითი“.[132]

გარდა ამისა, ხელისუფლება ჟურნალისტებისა და მედიის დელეგიტიმაციის მიზნებისთვის აქტიურად იყენებს საჯარო უწყებებსაც. მაგალითად, უცხო ქვეყნებისგან მომდინარე ჰიბრიდული ომის საფრთხეების ნაცვლად, ხელისუფლება Stratcom-ებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ იყენებს. ამის კარგი მაგალითია თავდაცვის სამინისტროს Stratcom-ის ფეისბუქ გვერდი. გვერდის ზედაპირული დათვალიერებაც კი ცხადს ხდის, რომ მთავრობა ე.წ fakenews-ის მთავარ მწარმოებლად აღიქვამს ე.წ ოპოზიციურ მედიას და არა რუსეთს. აბსოლუტურ უმცირესობას წარმოადგენს პოსტები, რომლებიც რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს შეეხება, მაშინ, როდესაც მრავლად იძებნება პოსტები შინაარსით:

  • „გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, [...] რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას“.[133]
  • „ცალკეული პოლიტიკურად ანგაჟირებული მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ბოლო პერიოდში, განსაკუთრებულად გააქტიურდა დეზინფორმაციული კამპანია[...]“.[134]
  • „ტელეკომპანია პირველი კვლავ აგრძელებს დეზინფორმაციულ კამპანიას თავდაცვის ძალების წინაღმდეგ. აღნიშნული ტელევიზია ამჯერად სრულიად გასცდა საღ აზრს.“[135]

აღნიშნული წყრომა მედიისადმი დამსახურებულია თუ არა, ცალკე საკითხია. ის თუ რა ტერმინებს იყენებს „ქართული ოცნება“, რა ფორმით გამოხატავს „კრიტიკას“, და რა საშუალებით ცდილობს დალექოს ეს ყველაფერი საზოგადოების გონებაში, კრიტიკას არადემოკრატიულად აქცევს. ესაა კრიტიკად შეფუთული თავდასხმა, რომლის მიზანიცაა არა ჯანსაღი მედია გარემოს დანერგვა და მედიის ხარისხის სტანდარტის დაცვა, არამედ მედიის დელეგიტიმაცია.

2.10. სასამართლო დავები ცილისწამების სარჩულით

რონალდ ჯეიკობსის ზემოთ განხილულ სქემას დავამატებდით ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ კანონის ბოროტად გამოყენებასა და ფარულ თვალთვალს.

ჟურნალისტების წინააღმდეგ ცილისწამების შესახებ კანონების ბოროტად გამოყენების პოტენციალი დიდია. მედიის როლის გაუკუღმართებულ აღქმასა და სასამართლოთი მედიის დაფრთხობის მცდელობას  პრემიერ ღარიბაშვილის მიერ პირველი ვადის დროს ჟურნალისტისთვის ნათქვამი სიტყვები წარმოაჩენს - „თქვენ ბრალს სდებთ სახელმწიფოს რწმუნებულს, გუბერნატორს კორუფციაში. ნორმალურ სახელმწიფოში თქვენ გიჩივლებდნენ და აგიკრძალავდნენ საქმიანობას სასამართლოს ძალით“.[136] „ნორმალურ ქვეყანაში“ ჟურნალისტების როლი სწორედ მმართველი ძალის შესაძლო გადაცდომებზე საზოგადოების ინფორმირებაა, მათ შორის კორუფციაზე და მათ შორის ვარაუდებზე.

2019 წელს ნინო წილოსანმა შოთა დიღმელაშვილს უჩივლა ღირსებისა და პატივის შელახვისთვის, ამ უკანასკნელის მიერ მის შესაძლო კორუფციაში მონაწილეობაზე. დიღმელაშვილი წერდა, რომ  შპს სანო, რომლის დამფუძნებელიც ნინო წილოსანის პარტნიორია სხვადასხვა კომპანიებში, ბიუჯეტიდან დაუსაბუთებლად ორი მლნ ლარით მეტი აიღო, დაკვეთა კი არასათანადოდ შეასრულა.[137] თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ  დიღმელაშვილის გავრცელებუ;ი განცხადება ცილისმწამებლური და პატივისა და ღირსების შემლახავია და, შესაბამისად, წილოსანის სარჩელი დააკმაყოფილა.[138]

ნინო წილოსანმავე 2021 წლის 17 ნოემბერს ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც „ფორმულას“ მოუწოდებს რეაგირება ჰქონდეს ამ ტელევიზიაში დასაქმებულ ჟურნალისტის, ვახო სანაიას, ქმედებებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეწყვეტს კომუნიკაციას ტელეარხთან. წილოსანის მტკიცებით, სანაია მისი დისკრედიტირებისთვის ავრცელებს „მდაბიო ტყუილს“. უფრო მეტიც, ვახო სანაიას ქმედებები „ნათლად ემსგავსება ადევნებას“.[139] საქმე შეეხება სანაიას მიერ წილოსანისთვის მეილზე გაგზავნილ შეკითხვებს ამ უკანასკნელის მიერ დავით გარეჯის საკითხის შესახებ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

წელს გორის მერმა „TV პირველს“ ცილისწამებისთვის უჩივლა სიუჟეტის გამო, რომელშიც ჟურნალისტი საზოგადოებას აწვდიდა ინფორმაციას მერის მიერ  ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან  სამშენებლო ფილები უსასყიდლოდ მიღების შესახებ.[140]

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატის განცხადებით პატივისა და ღირსების შემლახავი ინფორმაციის გავრცელებისთვის ტელეკომპანია „მთავარ არხს“, მის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და ჟურნალისტ ეკა გაგუას სასამართლოში უჩივის და ითხოვს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებს დაეკსიროთ საერთო ჯამში, 55 555 ლარი [თანხის ოდენობა სავარაუდოდ უკავშირდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ნომერს].[141] იდენტური მოთხოვნით მიმართეს სასამართლოებს ჭიათურისა და ქარელის მერობის კანდიდატებმაც.[142]

ცილისწამების შესახებ დავა წამოიწყო ირაკლი კობახიძის დედამ, თამარ ზაალიშვილმა, მას შემდეგ რაც TV პირველის ეთერში 2022 წლის 10 ივლისს გასულ სიუჟეტში ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გაიცემა თეატრალური უნივერსიტეტის გაიცემა ყალბი დიპლომები. სიუჟეტში ამ უნივერსიტეტის ყოფილი თანამშრომელი ზაალიშვილს ადანაშაულებს გაყალბებულ დოკუმენტებზე ხელმოწერაში და სისტემურ დანაშაულებებზე დუმილში.[143] ინფორმაცია სასამართლო დავის შესახებ 17 სექტემბერს გავრცელდა, რეკორდულად სწრაფად, 20 სექტემბერს სასამართლოს უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული. დავა ზაალიშვილმა მოიგო. ის, არსებულ ტრენდს არ ჩამორჩენია და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიამ  5 555 ლარი უნდა გადაუხადოს, ჟურნალისტმა და პროდიუსერმა კი - 5-5.

  • ფარული თვალთვალი

ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე სამართლის მეცნიერებში დამკვიდრდა ტერმინი “securitisation” - ანუ პროცესი, რომლის დროსაც ეროვნული უსაფრთხოების სახელით გადაილახება  ნებისმიერი სხვა ინტერესი, და ფართოდ გამოიყენება განსხვავებული აზრისა და წინაღობის შეზღუდვის მიზნით. აღნიშნული გამოიყენება ჟურნალისტებზე თვალთვალის გასამართლებლადაც: ჟურნალისტებს და, განსაკუთრებით, გამომძიებელ ჟურნალისტებს სამართალდამცავი ორგანოები რეგულარულად ეპყრობიან ისე, თითქოს ისინი თავიანთი საქმიანობით საფრთხეს უქმნიან ქვეყნის უსაფრთხოებას.[144] თვალთვალით ინფორმაციის მოპოვება შეიძლება არა მხოლოდ ჟურნალისტურ, პროფესიულ საქმიანობაზე, მედიის წყაროებზე, ინტერესის სფეროზე, არამედ კონკრეტული ჟურნალისტების პირად ცხოვრებასა და კავშირების შესახებ. თავის მხრივ, ეს მოგროვებული ინფორმაცია შესაძლოა შანტაჟში გადაითარგმნოს. „გარდა ამისა, ჟურნალისტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად, თვალთვალი შეიძლება დაერთოს დაშინების სხვა მეთოდებს. ეს შეიძლება ჩაითვალოს შევიწროების უკიდურეს ფორმად“.[145]

 

2021 წლის 13 სექტემბერს გასაჯაროვებული მასალები ადასტურებს რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტოტალურ კონტროლს აწარმოებს მედიაზეც. მინიმუმ 55-მა ჟურნალისტმა დაადასტურა, რომ საჯაროდ გავრცელებული ფაილების შინაარსი ავთენტური და ნამდვილია. საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ხელისუფლების შეფასება ამ ფაილების ნამდვილოსა თუ მასშტაბებზე მხოლოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მეორე დღეს გავრცელებული განცხადებით საზოგადოებას მოუწოდა გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავცელების თავშეკავებისკენ სუსის პატივისა და ღირსების დაზიანების პრევენციის მოტივით.[146]

დასკვნა

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე მედიის თავისუფლების ხარისხისა და მედიისადმი ნდობის ინდექსის შემცირება თავისთავად შემაშფოთებელია, ყველაზე სახიფათო ამ მოვლენის დემოკრატიაზე გავლენაა, ვინაიდან თავისუფალი მედიის უნარი, მმართველი ხელისუფლება ანგარიშვალდებულებას დაუქვემდებაროს  „[...] ისეთივე მნიშვნელოვანია მდგრადი დემოკრატიისთვის, როგორიც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები“.[147]

საზოგადოებამ უნდა გაიაზროს მედია პლურალიზმის მნიშვნელობა.  წარმომადგენლობითი დემოკრატიის გამართული ფუნქციონირება  არსებითადაა დამოკიდებული ინფორმირებულ მოქალაქეზე. ინფორმირებული მოქალაქე აკვირდება რა ხელისუფლებას, შეისწავლის მის ნაბიჯებს, სვამს კითხვებს მისი ქმედების თუ უმოქმედობის მიზანშეწონილობის შესახებ. ინფორმირებულობის წინაპირობა, ცხადია, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობაა. ინფორმაციას გადამუშავებული სახით კი უმთავრესად მედიიდან ვიღებთ. მედია ხელისუფლებას და პოლიტიკურ აქტორებს არამხოლოდ მუდმივად აკონტროლებს, არამედ ასტიმულირებს, მოიქცეს საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად. სწორედ მედია ხდება ხშირად პოლიტიკური დებატების ინიციატორი. ამიტომ, ის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის მოქმედებისთვის მნიშვნელოვანი ფასილიტატორია.

ამ ღირებულების გაუაზრებლობას, შესაბამისი თავდაცვითი ნაბიჯების გადაუდგმელობას სავალალო ვითარებამდე მივყავართ: ჟურნალისტიკის გადაფასება და მისთვის ახალი განსაზღვრების მიცემა, მისი როლის პროსამთავრობო ნარატივის გამავრცელებლობამდე დაყვანა. „ქართული ოცნების“ მიზანი, მედიის როლის გადააზრებაზე, კარგად იკითხება ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე, უნდა იყოს თუ არა მედია ხელისუფლების მიმართ კრიტიკული, შალვა პაპუაშვილის პასუხში: არა. [...] ზოგადად, სამყაროს მიმართ უნდა იყოს კრიტიკული. ხელისუფლების მიმართაც, ოპოზიციის მიმართაც, სკოლის მიმართაცრატომ უნდა იყოს თვითმიზანი, მაინც და მაინც [ხელისუფლების კრიტიკა]?

უნგრეთის მაგალითმა ცხადყო, რომ დემოკრატიული ტრადიციები ერთ დეკადაში შეიძლება შეიცვალოს. კარგი ჟურნალისტები, ობიექტური მედია კი უძლური აღმოჩნდეს. ორბანმა არამხოლოდ საკუთარ ქვეყანაში დააზიანა მედიის თავისუფლება, არამედ შექმნა ე.წ უნგრული მოდელი. უნგრული მოდელი ერთ-ერთი სახელმძღვანელოა ანტიმედია პოპულიზმის. იქცა რა შთაგონებად, ნიჭიერი მასწავლებლის ნიჭიერი მოსწავლე გამოდგა პოლონეთი: რეგიონში მეორე საარჩევნო ავტორიტარიზმის მიდრეკილებების პოპულისტური დემოკრატია.

Media Freedom Rapid Response (MFRR) თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში პოლონეთი აქტიურად იყენებს უნგრეთის მოდელს.[148] კერძოდ,  ჟურნალისტური საზოგადოების დაყოფა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლი, მედია საკუთრების ერთგულ ადამიანებზე გადასვლა, სახელმწიფო ინსტიტუტებსა და ფინანსური რესურსების გამოყენება. პირველ რიგში, პოლონეთშიც, უნგრული ანტიმედია პოპულიზმის სტრატეგიით, დაიყო ჟურნალისტური საზოგადოება პოლიტიკური და იდეოლოგიური ხაზების გავლებით. კრიტიკულად განწყობილი მედია წარმოჩენილია  ანგაჟირებულ, სახელმწიფო ინტერესების დამაზიანებელ აქტორად.  პოლონეთმა მეხუთე ყველაზე დაბალი, 66-ე ადგილი დაიკავა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში 2022  წელს. მასზე უარესი მაჩვენებელი აქვთ საბერძნეთს, მალტას, უნგრეთსა და ბულგარეთს. პოლონეთის გზას იმეორებს სლოვენია. პრესის თავისუფლების ირგვლივ მომუშავე ორგანიზაციები მუდმივ რეჟიმში ახსენებენ ევროპის კავშირს, გაამახვილონ ყურადღება სლოვენიაში მიმდინარე მოვლენებზე, რათა თავიდან იქნეს აცილებული უნგრეთისა და პოლონეთის მსგავსი შემთხვევა.

თავად ქართულმა საზოგადოებამაც, მწვავე პოლარიზაციის პირობებშიც კი უნდა აჯობოს თავის თავს და არ დაივიწყოს, რომ მედიაა ის შუამავალი ხალხსა და მმართველ პოლიტიკურ ძალას შორის, რომელიც რიგით ადამიანებს უთმობს პლატფორმას და ხალხს აძლევს ხმას, გვაცნობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, გამოავლენს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტებს, გვიყვება ხელისუფლების იმ ნაბიჯებისა და ქმედებების შესახებ, რაც მმართველ ძალას აწყობს მიჩქმალულად დარჩეს. მას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ჩვენთან, გარემოში, სადაც პოლიტიკური სპექტრი და საჯარო ინსტიტუციები სრულყოფილად ვერ მუშაობს და მთავრობა ღიად არადემოკრატიულ და არალიბერალულ ბუნებას ავლენს. პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება თავად მედიაც, არსებული სოციალური გამოწვევების წინაშე, შექმნას დაბალანსებული საინფორმაციო ბადე, მიადევნოს თვალი საზოგადოების ნამდვილ ინტერესებს, დაიცვას მედია სტანდარტები, ფინანსებისა თუ მედიის მენეჯმენტის გამჭვირვალობის მოთხოვნები და სხვ.

საქართველოში, სადაც მმართველი გუნდის მიერ ყველა ის ტექნიკა გამოიყენება მედიის წინააღმდეგ, რაც ანტიმედია პოპულიზმის მიზნებს ემსახურება, სასიცოცხლოდ აუცილებელია, ჟურნალისტებს ხელი არ შეეშალოთ საქმიანობაში. აღნიშნულს ადასტურებს ზემოთ განხილული  ვრცელი და მასშტაბური, მაგრამ მოკლედ თქმული ამბები. ხელისუფლების მიერ ანტიმედია პოპულიზმის ტაქტიკების გამოყენება სიმპტომატურია და მედიის წინააღმდეგ მიზანმიმაართული, დამაზიანებელი პოლიტიკის არსებობაზე მეტყველებს.

დანართი_1669896161.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1]European Parliament resolution of 25 November 2020 on strengthening media freedom: the protection of journalists in Europe, hate speech, disinformation and the role of platforms; ხელმისაწვდომია: https://www.europarl.europa.eu/doceo/document/TA-9-2020-0320_EN.html

[2] A Mission to Inform: Journalists at risk speak out, Council of Europe, September 2020, 17; ხელმისაწვდომია: https://rm.coe.int/prems-021220-gbr-2018-a-mission-to-inform-journalists-at-risk-speak-ou/16809ff1e2

[3]Freedom and the Media 2019: A Downward Spiral, Freedom House, 2019, 2 ხელმისაწვდომია: https://freedomhouse.org/sites/default/files/2020-02/FINAL07162019_Freedom_And_The_Media_2019_Report.pdf

[4] Recommendation CM/Rec (2016) 4 of the Committee of Ministers to member States on the protection of journalism and safety of journalists and other media actors; ხემისაწვდომია: https://search.coe.int/cm/Pages/result_details.aspx?ObjectId=09000016806415d9#_ftn1

[5] Supra note 3, 10

[6] Reuters Institute, Digital News Report 2022, 10;  https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/sites/default/files/2022-06/Digital_News-Report_2022.pdf,

[7] Supra note 3, 4

[8]European Parliament resolution of 25 November 2020, supra note 1

[9] Kendall-Taylor, Andrea, and Carisa Nietsche. “Combating Populism: A Toolkit for Liberal Democratic Actors.” Center for a New American Security, 2020. ხელმისაწვდომია:

[10] Prashanth Bhat & Kalyani Chadha (2020): Anti-media populism: Expressionsof media distrust by right-wing media in India, Journal of International and InterculturalCommunication

[11] ibid

[12] European Parliament resolution of 25 November 2020, supra note 1

[13] supra note 10, 1

[14] Fighting Words: Journalism Under Assault in Central and Eastern Europe, Reuters Institute for the Study of Journalism, 2020, 9; ხელმისაწვდომია: https://reutersinstitute.politics.ox.ac.uk/sites/default/files/2020-01/MSelva-Journalism_Under_Assault_FINAL_0.pdf

[15] პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI), მუხლი 19, ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი (CPJ), პრესისა და მედიის თავისუფლების ევროპული ცენტრი (ECPFM), ჟურნალისტთა ევროპული ფედერაცია (EFJ), შეუზღუდავი თავისუფალი პრესა  (FPU) და რეპორტიორები საზღვრებს გარეშე (RSF). ამ დასკვნებს დამატებით მხარს უჭერს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მედია ორგანიზაცია (SEEMO);

[16] Conclusions of the Joint International Press Freedom Mission to Hungary, 2019, 1; ხელმისაწვდომია: https://ipi.media/wp-content/uploads/2019/12/Hungary-Conclusions-International-Mission-Final.pdf

[17] Jacobs, R. N. (2020). Virality, Algorithms, and Illiberal Attacks on the Press: Legitimation Strategies for a New World. Sociologica, 14(2), 219

[18] The FAKE NEWS media (failing@nytimes, @NBCNews, @ABC, @CBS, @CNN) is not my enemy, it is the enemy of the American People!” (@realDonaldTrump 1:48 p.m.; February 17, 2017).

[19] Trump admitted mission to “discredit” press. (2018, May 23). CBS. https://www.cbsnews.com/news/lesley-stahl-donald-trump-said-attacking-press-to-discredit-negative-stories/

[20] Supra note 17, 222

[21] Panievsky, Ayala. “Covering Populist Media Criticism: When Journalists’ Professional Norms Turn Against Them.” (2021). 2137

[22] Jana Laura Egelhofer & Sophie Lecheler (2019) Fake news as a two- dimensional phenomenon: a framework and research agenda, Annals of the International Communication Association, 43:2, 10

[23] Prochazka, F., Weber, P., & Schweiger, W. (2018). Effects of civility and reasoning in user comments on perceived journalistic quality. Journalism Studies, 19(1), 66

[24]supra note 21, 2138

[25] Idem.

[26] A Mission to Inform, supra 2

[27] მათ შორის, ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ 2018 წლის 27 სექტემბერს მიღებული რეზოლუცია ჟურნალისტების უსაფრთხოების შესახებ; ხელმისაწვდომია: https://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/RES/39/6

[28] A Mission to Inform, supra 2, 90

[29] Idem

[30] Fighting Words, supra note 14, 9

[31] Supra note 21, 2136

[32] Slovakia's PM calls journalists 'dirty anti-Slovak prostitutes'; https://www.theguardian.com/world/2016/nov/23/slovakias-pm-calls-journalists-dirty-anti-slovak-prostitutes

[33] Fico threatens media again;  https://spectator.sme.sk/c/22081108/fico-media-freedom-threats-attack.html

[34] idem.

[35]Fico: I did not speak with Vadala on the phone; https://spectator.sme.sk/c/22080250/robert-fico-antonino-vadala-phone-call.html

[36]Czech Leader’s Call to ‘Liquidate’ Journalists Was a Joke, His Office Says; https://www.nytimes.com/2017/05/15/world/europe/milos-zeman-journalists.html

[37]Czech Republic: Czech president threatens journalists with mock Kalashnikov; https://rsf.org/en/news/czech-republic-czech-president-threatens-journalists-mock-kalashnikov

[38]Czech president jokes he will 'organise banquet for journalists at Saudi embassy'; https://www.euronews.com/2018/10/26/czech-president-jokes-he-will-organise-banquet-for-journalists-at-saudi-embassy

[39] Full text of Viktor Orbán’s speech at Băile Tuşnad (Tusnádfürdő) of 26 July 2014;  https://budapestbeacon.com/full-text-of-viktor-orbans-speech-at-baile-tusnad-tusnadfurdo-of-26-july-2014/

[40] Conclusions of the Joint International Press Freedom Mission to Hungary, 2019, 2

[41] https://rsf.org/en/world-press-freedom-index-2010

[42] https://rsf.org/en/ranking/2021

[43]RSF declares “press freedom state of emergency” in Poland; https://rsf.org/en/rsf-declares-press-freedom-state-emergency-poland

[44] Freedom and the Media 2019, supra 3, 21

[45] Jacobs, R. N. (2020). Virality, Algorithms, and Illiberal Attacks on the Press: Legitimation Strategies for a New World. Sociologica, 14(2), 218

[46] A Mission to Inform, supra 2, 48

[47]“რისგანაც ვწუხდები, იმას ვაკრიტიკებ” - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით; https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/90237-interviu-shalva-papuashviltan-natsili-pirveli

[48]კახა კალაძის განცხადება დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველია; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/89635-kakha-kaladzis-ganckhadeba-demokratiisthvis-safrthkhis-shemcvelia

[49]https://www.facebook.com/kala.kaladze/posts/pfbid02PeN3ju2x2Tvwvzdxo8DUvFr7GgQ8xjLwBiAoC9xfJUyi8TaKNz12B8FzsHC6UMLjl

[50]ეს იყო თქვენი ბოლშევიკი გენპროკურორი დირექტორის, გარყვნილი ნიკა გვარამიას გეგმა - კობახიძე ჩანაწერებზე;  https://mtavari.tv/news/56468-es-iqo-tkveni-bolsheviki-genprokurori-direktoris

[51] https://fb.watch/gTjAdB_zXn/

[52]“გადაკვეთეს ყველანაირი წითელი ხაზი” – მთავრობამ ღონისძიებაზე 3 ტელევიზია არ მიიწვია; https://netgazeti.ge/news/554771/

[53] Supra note 51

[54] Supra note 48

[55] მაგალითად, პარლამენტის მაშინდელმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ 2014 წელს პირდაპირ დასდო ბრალი „რუსთავი 2“-ს ნაციონალურ მოძრაობასთან შეკვრაში - „ეს არ არის ტელევიზია, ეს არის მხარე“, შესაბამისად, აღარ მივიდოდა ამ ტელევიზიის ეთერში. 2015 წელს მანანა კობახიძემ სოციალური ქსელის საშუალებითაც დააფიქსირა თავისი პოზიცია და ირიბად სხვებსაც მოუწოდა ბოიკოტისკენ - „კი ბატონო, ემსახურონ, იყვნენ ოპოზიციაში, გვებრძოლონ, გვაკრიტიკონ, ბევრჯერ ცილი დაგვწამონ! [...] მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, კიდევ ფიქრობთ, რომ ამათ ეთერებში უნდა მივიდეთ და შოუები ვაკეთებინოთ, თანაც ადამიანების ნერვების ფასად?! მოვა ისევ სექტემბერი, გამოგვიძახებს გაბუნია ან მისი მსგავსი, ხოდა ჩვენც არ დავაყოვნოთ, გავიქცეთ, ეს ხომ მაინც „რუსთავია“!“- წერდა მანანა კობახიძე.

[56]"არ ვართ განწყობილი" - ვოლსკის თქმით, ოცნება კრიტიკულ მედიასთან კომუნიკაციას სრულად წყვეტს; https://formulanews.ge/News/53623

[57]პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ არჩევნების წინ მის მიერ პროპაგანდისტებად მონათლულ არხებზე მაინც მიდიოდა ხელისუფლება, რადგან მაყურებლის პოლარიზების რეჟიმში, ამ არხის მაყურებელსაც უნდა ესაუბრონ. თუმცა, ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ ესაუბრება ოცნება ამავე პოლარიზებულ მაყურებელს სხვა დროს, გარდა წინასაარჩევნო პერიოდისა, ქართული ოცნების საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი პასუხობს, რომ ხელისუფლება ვერ ლახავს „უხამსობის“ ზღვარს. უხამსობა კი გინება და შეურაცხყოფაა. ჟურნალისტის შეკითხვაზე თმენის ვალდებულების შესახებ („ზოგადად, თმენის ვალდებულება ხომ გაქვთ მეტი, ვიდრე რიგით მოქალაქეს?“), პაპუაშვილის პასუხია: „არა, როგორ გეკადრებათ?!“.

[58]“ოცნება” პროტესტის გამო 4 ოპოზიციურ ტელეარხს ინტერვიუს აღარ მისცემს; https://netgazeti.ge/news/554318/

[59]კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” განცხადება; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/88756-koalicia-mediis-advokatirebisthvis-ganckhadeba

[60]კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის” მოუწოდებს იუსტიციის სამინისტროს შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/90157-koalicia-mediis-advokatirebisthvis-moutsodebs-iusticiis-saministros-shetsyvitos-zhurnalisttha-diskriminacia

[61]კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს კულტურის სამინისტროს შეწყვიტოს ჟურნალისტთა დისკრიმინაცია; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/90279-koalicia-mediis-advokatirebisthvis-moutsodebs-kulturis-saministros-shetsyvitos-zhurnalisttha-diskriminacia

[62]დაუშვებელია, მედიას შეეზღუდოს საკრებულოს სხდომებზე დასწრების უფლება ; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/90639-2021-12-20-14-03-26

[63]დაუშვებელია, მედიას შეეზღუდოს საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების უფლება https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/91019-daushvebelia-medias-sheezghudos-sazogadoebisthvis-informaciis-mitsodebis-ufleba

[64] ეროსი კიწმარიშვილი, რუსთავი 2-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რომელიც ასევე გამოთქვამდა პრეტენზიას ტელევიზიის წილებზე, 2012 წელს საჯაროდ მიმართავდა ბიძინა ივანიშვილს და შეახსენებდა, რომ „[...] ძალიან ბევრი რამ ვიცით მეც და მან ისეთი, რისი გამომჟღავნებაც ბევრ ადამიანს დააზარალებს.“ სასამართლო პროცესების დაწყებამდე ერთი წლით ადრე, 2014 წლის 15 ივლისს ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. მოგვიანებით, ეს ფაქტი თვითმკვლელობად შეფასდა, თუმცა დღემდე არსებობს ეჭვები ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის თაობაზე.

[65] არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმეზე; https://transparency.ge/ge/post/arasamtavrobo-organizaciebis-gancxadeba-giorgi-ruruas-sisxlis-samartlis-sakmeze

[66]რის გამო იხდის ბოდიშს ქიბარ ხალვაში; https://netgazeti.ge/news/506569/

[67]სად „რუსთავი 2“ და სად „მაესტრო“ - ნიკა გვარამია გაჩეჩილაძეს პასუხობს; https://primenewsgeorgia.ge/com/news/view/4348?component=news&section=view&value=4348

[68] სანაია: გადაბაძემ მითხრა, რომ არხს ხელისუფლებასთან პრობლემებს შევუქმნიდი; https://tabula.ge/ge/news/570297-sanaia-gadabadzem-mitkhra-rom-arkhs

[69] ჟიჟილაშვილი: გოგელიამ მითხრა, რომ მაესტრო გახდება იდეოლოგიზებული, პროქართული; https://tabula.ge/ge/news/570292-zhizhilashvili-gogeliam-mitkhra-rom-maestro

[70]მედია კოალიცია ხელისუფლებას კრიტიკული მედიის წინააღმდეგ შერჩევით მიდგომებში ადანაშაულებს;https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/78643-media-koalicia-khelisuflebas-kritikuli-mediis-tsinaaghmdeg-sherchevith-midgomebshi-adanashaulebs

[71] რომელშიც ერთიანდებიან რუსთავი 2, მარაო, მესამე და კომედი არხი

[72] რომელშიც ერთიანდებიან იმედი, მაესტრო და GDS

[73]რა არის ინკასო და რისთვის იყენებს მას ხელისუფლება - მთავარი ტელევიზიების პრეტენზიებზე ; https://www.radiotavisupleba.ge/a/30346058.html

[74]“კავკასიის” ანგარიშს ინკასო დაედო – ჯანგირაშვილი; https://netgazeti.ge/news/465114/

[75]კეზერაშვილის განაჩენის შესახებ პროკურატურა განცხადებას აქვეყნებს; https://www.radiotavisupleba.ge/a/31448566.html

[76] ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ; https://www.radiotavisupleba.ge/a/32111762.html

[77] საქართველოს სახალხო დამცველი, სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება; ხელმისაწვდომი: https://ombudsman.ge/res/docs/2019110416234655074.pdf

[78] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 11 აპრილის N1/2/569 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - დავით კანდელაკი, ნატალია დვალი, ზურაბ დავითაშვილი, ემზარ გოგუაძე, გიორგი მელაძე და მამუკა ფაჩუაშვილი საქართველოს პარალამენტის წინააღმდეგ”.

[79] საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო; https://on.ge/about/საზოგადოებრივი-მაუწყებლის-სამეურვეო-საბჭო

[80]https://www.transparency.ge/ge/post/general-announcement/vasil-maghlaperidzis-archeva-sazogadoebriv-mautsqebelze-politikuri-zegavlenis-gadzlierebaze-miutitebs

[81] https://transparency.ge/ge/post/general-announcement/vasil-maghlaperidzis-archeva-sazogadoebriv-mautsqebelze-politikuri-zegavlenis-gadzlierebaze-miutitebs

[82] https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/mimokhilva/article/49494-gasuli-tslis-4-mnishvnelovani-movlena-

[83] აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტების სამთვიანი დევნის ქრონიკა;  https://socialjustice.org.ge/ka/products/acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-zhurnalistebis-samtviani-devnis-kronika

[84]EMC აჭარის მაუწყებლის დირექტორის წინააღმდეგ გამოძიებას მიმართავს;  https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-acharis-mautsqeblis-tanamshromlebis-mimart-gankhortsielebuli-kmedebebi-savaraudod-danashaulis-shemadgenlobas-hkmnis

[85]კოალიცია თანასწორობისთვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს სოლიდარობას უცხადებს;  https://socialjustice.org.ge/ka/products/koalitsia-tanastsorobistvis-acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-tanamshromlebs-solidarobas-utskhadebs

[86] EMC ეხმიანება ომბუდსმენის რეკომენდაციებს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების საქმეებზე;  https://socialjustice.org.ge/ka/products/emc-ekhmianeba-ombudsmenis-rekomendatsiebs-acharis-sazogadoebrivi-mautsqeblis-tanamshromlebis-sakmeebze

[87] https://www.comcom.ge/ge/the-commission/about-commission

[88] მაგალითდ: https://www.qartia.ge/media/1000907/2020/12/11/417d2a47f61cf6ab865a68c3f9755e5c.pdf

[89] კომუნიკაციების კომისია აგრძელებს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას; https://gdi.ge/ge/news/komunikaciebis-komisia-agrdzelebs-mediis-tavisuflebis-winaagmdeg-brdzolas-1.page?fbclid=IwAR0bUnhYYd8_JpghpBuFoa4n1jG6VM_MXXvx-Fqj0t5vix2x5Z_AbF_9sqI

[90] https://transparency.ge/ge/blog/kaxa-bekauri-komunikaciebis-erovnuli-komisiis-cevristavmjdomaris-sakvalipikacio-motxovnebs-ver

[91] https://www.radiotavisupleba.ge/a/კახა-ბექაურის-ორი-ნაბიჯი-მილიონერობამდე/31319214.html  

[92]"ნაბიჯი უკან" — კომუნიკაციების კომისია სიძულვილის ენის კანონით დარეგულირებას ითხოვს; https://on.ge/story/39062-ნაბიჯი-უკან-კომუნიკაციების-კომისია-სიძულვილის-ენის-კანონით-დარეგულირებას-ითხოვს; უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს — ბექაური;

https://on.ge/story/74226-უხამსობის-ტირაჟირებით-გამოხატვის-თავისუფლება-შეიძლება-შეიზღუდოს-ბექაური

[93]Haller, A., & Holt, K. (2019). Paradoxical populism: How PEGIDA relates to mainstream and alternative media. Information, Communication & Society, 22(12), 861

[94]ბიძინა ივანიშვილმა წარმოებაში გაუშვა ტელეპროექტი მოსახლეობის „მიუკერძოებელი და კვალიფიციური“ ინფორმირებისთვის; http://www.media.ge/ge/portal/news/303517/

[95] https://www.facebook.com/GogashviliSoso/posts/pfbid02m8EDrVSE78xn4oCMm6RtHJGR1HMAPiQFkvKDPCe8CqG6xvEj1b5jFMkqJ3D6DQwGl

[96]  https://postv.media/mkhileba  

[97] https://postv.media/gadacema/347/-mtavari-arkhis-feik-niusebis-talgha-bidzina-ivanishvilze

[98] https://postv.media/gadacema/346/gamogonili-faqtebi-darghveuli-etikis-normebi-da-bavshvta-uflebebis-darghveva-es-kvelaferi-ert-siujetshi-TV-pirvelis-mkhileba

[99] https://postv.media/gadacema/371/politikurad-angajirebuli-televiziebis-sicrue-ratchashi-kheebis-sanitarul-tchrastan-dakavshirebit-ivlisi-

[100] https://postv.media/gadacema/1047/ert-khmashi-molaparake-TV-pirveli-da-mtavari-arkhi

[101] https://postv.media/gadacema/1394/nodar-meladzis-feikomania

[102] https://postv.media/analitika

[103] რომ სიცრუეა მისი ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობა

[104] https://www.facebook.com/POSTV.Analytics/videos/1176111843231415/

[105] https://mediacritic.ge/about

[106] პლატფორმაზე განთავსებული ბლოგები და რეცენზიები დაუკვირვებელი მკითხველისთვის შესაძლოა შეიფუთოს წუხილად, მაგალითად, მედიის პოლარიზაციით შეწუხებული ავტორი წერდეს, რომ მედიებს შორის კონფლიქტი აზიანებს მედიას და ნეგატიურად აისახება „უმნიშვნელოვანეს ფუნქციაზე, რომელსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში მედია ასრულებს“, თუმცა იმავე ტექსტში თავადვე ამწვავებდეს პოლარიზაციას და გვაუწყებდეს, რომ აუდიტორიამ კარგად იცის, რომ მაუწყებლების უმრავლესობა პარტიის სასარგებლოდ ან საწინააღმეგოდ მუშაობენ.

[107] „კვლავ „ფარული ჩანაწერები?“, 2021 წლის 15 სექტემბერი, https://mediacritic.ge/article/kvlav-paruli-chanatserebi

[108] „მედია, როგორც დაზარალებული მხარე“, 2021 წლის 10 ივლისი, https://mediacritic.ge/blog/media-rogorts-dazaralebuli-mkhare

[109] „5 ივლისი. „ალტ-ინფოს“ „უხილავი ხელი“?!, 2021 წლის 16 ივლისი, https://mediacritic.ge/blog/5-ivlisi-alt-inpos-ukhilavi-kheli

[110] „რისგანაც ვწუხდები, იმას ვაკრიტიკებ” - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით; https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/90237-interviu-shalva-papuashviltan-natsili-pirveli

[111] European Parliament resolution of 25 November 2020, supra note 1

[112] მედიის განვითარების ფონდი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2016; ხელმისაწვდომია: https://www.mdfgeorgia.ge/uploads/library/63/file/financial_transparency_of_media_2016_GEO.pdf

[113]  მედიის განვითარების ფონდი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2017; ხელმისაწვდომია: http://www.mdfgeorgia.ge/uploads/library/83/file/mediis_finansuri_gamWvirvaloba.pdf

[114] მედიის განვითარების ფონდი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2018; ხელმისაწვდომია: http://www.mdfgeorgia.ge/uploads/library/127/file/mediis_finansuri_gamWvirvaloba_2018.pdf

[115] მედიის განვითარების ფონდი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2019;

[116] მედიის განვითარების ფონდი, მედიის ფინანსური გამჭვირვალობა, 2020; 

[117]ვინ სად მიიტანა წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა? - პარტიები და ტელევიზიები; https://bm.ge/ka/article/vin-sad-miitana-winasaarchevnod-fasiani-politikuri-reklama---partiebi-da-televiziebi-/95795/

[118] გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2018 წლის  27 სექტემბრის რეზოლუცია ჟურნალისტთა უსაფრთხოების შესახებ, https://ap.ohchr.org/documents/dpage_e.aspx?si=A/HRC/RES/39/6

[119] A Mission to Inform, supra 2, 90

[120] European Parliament resolution of 25 November 2020, supra note 1

[121] ჟურნალისტების მიმართვა საქართველოს მთავრობას, შს მინისტრს და დიპლომატიურ კორპუსს; https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/73244

[122] რამდენი ჟურნალისტი დაშავდა 5 ივლისს ირაკლი კობახიძის არითმეტიკით; https://on.ge/story/85510-რამდენი-ჟურნალისტი-დაზარალდა-5-ივლისს-ირაკლი-კობახიძის-არითმეტიკით

[123] „5 ივლისს ხელისუფლებამ ჟურნალისტები სათანადოდ ვერ დაიცვა“ - მედია შალვა პაპუაშვილის თვალით; https://www.mediachecker.ge/ka/mediagaremo/article/90343-5-ivlisi-incindenti-iyo-media-shalva-papuashvilis-thvalith

[124]ყანდიაშვილი 2013 წელს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა

[125] https://www.ifact.ge/zhurnalistebi/

[126] პოლიტიკური მიზნით მოქმედი კოორდინირებული ცრუ მედია გვერდების ქსელი; https://www.isfed.ge/geo/sotsialuri-mediis-monitoringi/politikuri-miznit-moqmedi-koordinirebuli-tsru-media-gverdebis-qseli-Facebook-ze

[127] სოციალური მედიის მონიტორინგის I შუალედური ანგარიში - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები; https://www.isfed.ge/geo/angarishebi/sotsialuri-mediis-monitoringis-I-shualeduri-angarishi-2020-tslis-saparlamento-archevnebi

[128]ალტერნატიული რეალობის შექმნის მცდელობა საქართველოში: ცრუ მედია გვერდები Facebook-ზე;https://www.isfed.ge/geo/angarishebi/alternatiuli-realobis-sheqmnis-mtsdeloba-saqartveloshi-tsru-media-gverdebi-Facebook-ze  

[129]2022 წლის 11 იანვარი, https://www.facebook.com/photo/?fbid=142173168195584&set=a.142173164862251

[130]2022 წლის 8 მაისი, https://www.facebook.com/SinamdvileshiGD/posts/pfbid02G4qigVsMNKuniyDUCuotYMKSSiosfk11vHQUtAPNBcZ5Hoxkfw6wXatTCPNP7RQol

[131] 2022 წლის 20 სექტემბერი, https://www.facebook.com/SinamdvileshiGD/posts/pfbid0sPWkkLCeFDrYCUaLahabanhZH7da2xMo4xSSqevHHVfu8aXBiTHCDzog76PWyiVTl

[132]2022 წლის 2 ოქტომბერი, https://www.facebook.com/SinamdvileshiGD/posts/pfbid02JDEMhLWenPrHV78BKR4xF1N5gLqUnavfK9XiLfv3BkWRNbZJuDCL5rKN5RUeEHjwl

[133]2022 წლის 9 აგვისტო, https://www.facebook.com/MODSTRATCOM/posts/pfbid02P5KZUpzWm6UcCsqth42igS1AotRsFvfKzQoYJWV3sH5hvAWSYr4AiPaK8sUWEYGzl

[134]2022 წლის 12 სექტემბერი, https://www.facebook.com/MODSTRATCOM/posts/pfbid0fjcW1FnaQhNRUjwpAeGcyHSuLzx323Y3UJG9wtTqMMrvLYwzPq7tEdSYhavVdJE2l

[135] 2022 წლის 17 იანვარი, https://www.facebook.com/MODSTRATCOM/posts/pfbid02g4qFuhikNNdgnyG22HT4musipa1TBeLkTPPzMogiK6dLCAedxttJcEyTdAjG3DDFl

[136] პრემიერი ჟურნალისტს: ნორმალურ ქვეყანაში ბრალდებისთვის მუშაობას აგიკრძალავდნენ; https://tabula.ge/ge/news/573424-premieri-zhurnalists-normalur-kveqanashi

[137] https://tabula.ge/ge/news/631932-otsnebis-deputati-nino-cilosani-shota

[138] ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი შოთა დიღმელაშვილს უჩივის;  https://formulanews.ge/News/69662

[139] https://www.facebook.com/tay.to.568/posts/3011344459139105

[140]გორის მერი “ტვ პირველს” სასამართლოში უჩივის;  http://region.kvira.ge/67814/

[141] https://www.radiotavisupleba.ge/a/31520416.html

[142]მთავარ არხს სასამართლოში ქართული ოცნების მერობის კიდევ ორი კანდიდატი უჩივის; https://on.ge/story/92158-მთავარ-არხს-სასამართლოში-ქართული-ოცნების-მერობის-კიდევ-ორი-კანდიდატი-უჩივის

[143] ირაკლი კობახიძის დედა, თამარ ზაალიშვილი TV პირველს სასამართლოში უჩივის; https://tabula.ge/ge/news/691472-irakli-kobakhidzis-deda-tamar-zaalishvili-tv

[144] A Mission to Inform, supra 2, 58

[145] A Mission to Inform, supra 2, 59

[146]სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება;  https://ssg.gov.ge/en/news/717/saxelmtsifo-usafrtxoebis-samsaxuris-gancxadeba-EN

[147] Freedom and the Media 2019, supra 3, 5

[148] https://ipi.media/wp-content/uploads/2021/02/20210211_Poland_PF_Mission_Report_ENG_final.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“